martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ბერი პაისი ათონელი

წმიდა არსენ კაბადოკიელი

შესავალი

მე დიდად მადლიერი ვარ მამა არსენისა, როგორც სახელისათვის, რომელიც მიბოძა წმიდა ლოცვებით სანათლავ ემბაზთან, ასევე მისი წიგნებისათვის, რომლებიც მასაზრდოებდნენ ყრმობის წლებში და რომლებიც მოხუცმა პროდრომოს კორცინოგლუმ (ჰაჯიცინისმა) შემოინახა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ჩემთვის თავად პროდრომოსი წარმოადგენდა. იგი ჭეშმარიტად ცოცხალი წიგნი იყო მამა არსენის შესახებ, რადგან ცხადად დაიმახსოვრა მთელი მისი წმიდა ცხოვრება. სწორედ ამ მოხუცს, რომელიც მამა არსენის მედავითნე და მუდმივი თანამგზავრი იყო, ჰქონდა უდიდესი ბედნიერება, სცოდნოდა მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ. გარდა იმისა, რისი მოწმეც თავად იყო, მას კიდევ ბევრი სმენოდა თავად მამა არსენისაგან, რომელიც მას თავისი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევის შესახებ მოუთხრობდა ხოლმე.

როდესაც მეზობლურად შევივლიდი ხოლმე პროდრომოსთან, ის ყოველ ჯერზე რაიმეს მიამბობდა მამა არსენზე და მეც ბავშვური ცნობისმოყვარეობით ვუსვამდი ხოლმე კითხვებს. მაშინ პატარა ვიყავი და სწორედ ამიტომ, მისი სიტყვები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მგრძნობიარე, ჯერ კიდევ გაუუხეშებელ გულში. 1958 წელს, როდესაც უფლის ნებით კვლავ აღმოვჩნდი კონიცაში, სტომიონის მონასტერში, ამჯერად უკვე როგორც მონაზონი, ჩემი ინტერესი მამა არსენისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. ისევ დავიწყე სიარული მოხუც პროდრომოსთან, რათა მეტი შემეტყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ოთხმოცდაათი წლის იყო, ეს ღვთისმოსავი მოხუცი იყო დაუღალავი და ყოველთვის ხალისიანად მომითხრობდა ხოლმე ყველაფერს, რაც კი იცოდა.

რა თქმა უნდა, შემეძლო შემეტყო მეტი და უფრო დეტალურადაც, მაგრამ მაშინ აზრადაც არ მომსვლია მასალების შეგროვება ცხოვრების აღსაწერად. იმჟამად არ მიფიქრია, რომ მამა არსენი თავისი გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებსა და გამოცხადებებს, რომლებსაც ახდენენ წმინდანები. მაშინ, 1958 წელს, მამა არსენი განისვენებდა სასაფლაოზე კუნძულ კორფუზე[1] და მის საფლავზე იდო ქვა, რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული.

მრავალი ჩვენი თანასოფლელი ვარაუდობდა, რომ მამა არსენის სხეული უხრწნელი იყო, როგორც სხვა მრავალი წმინდანისა, მაგრამ ღვთისმოსაობის გამო ვერ ბედავდნენ მისი საფლავის გახსნას. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო ყველას შეკრება ერთად და ურთიერთშეთანხმება მისი საფლავის გახსნის თაობაზე, რადგან ფარასის დასახლების მაცხოვრებელნი (როგორც მამა არსენმა იწინასწარმეტყველა) მთელ საბერძნეთში იყვნენ მიმოფანტულნი. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მოსახლეობის გაცვლა[2] მოხდებოდა, ის ხშირად ამბობდა: "როდესაც გადავინაცვლებთ საბერძნეთში, ჩვენი დასახლების მაცხოვრებლები მის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან გადასროლილნი, ეს იქნება ნამდვილი არეულობა". ის ამბობდა თავის თავზე: "მე ვიცხოვრებ საბერძნეთში მხოლოდ ორმოცი დღე და მოვკვდები კუნძულზე". მართლაც ასე მოხდა. ჩვენი დასახლების მაცხოვრებლები ისე მიმოიფანტნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნათესავებმაც კი არ იცოდნენ არაფერი ერთმანეთის და არც სხვების შესახებ, ისიც კი, ცოცხლები იყვნენ თუ გარდაცვლილები.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით გადავწყვიტე თავად გავმგზავრებულიყავი კორფუზე, რათა მომეპოვებინა მისი წმიდა ნაწილები. არ ვიცი, რა ჭარბობდა ჩემში, მოწიწება თუ კადნიერება.

მოგზაურობის დროს მაწუხებდა ფიქრი: როგორ მოვიქცე, თუ ვიპოვი მთელ სხეულს უხრწნელად? ძნელი დასაშვები იყო, რომ კორფუს მაცხოვრებლებს მისი გადმოსვენების ნება დაერთოთ. იმაში, რომ ნეშტს აუცილებლად ვიპოვიდი, დარწმუნებული ვიყავი, რადგან 1945 წელს ჩემმა ძმებმა მოძებნეს მამა არსენის საფლავი და გამოგზავნეს საფლავიდან აღებული ცოტაოდენი მიწა. როდესაც ეს მიწა დავაყარეთ ჩვენი თანასოფლელის ცხედარს, რომელიც გაუხრწნელი იქნა ნაპოვნი, ის ამის შემდეგ გაიხრწნა[3] (ეს გაკეთდა პროდრომოსის რჩევით, რომელმაც უხრწნელობის მიზეზზეც მიუთითა).

კუნძულ კორფუზე 1958 წლის ოქტომბერში ჩავედი. გადაუღებლად წვიმდა. სასაფლაოს მღვდელმა წელიწადის სხვა დროს ჩამოსვლა ან წვიმების გადაღებამდე დაცდა მირჩია, ხოლო მე მივუგე: "ხვალ დილით მოვალ სასაფლაოზე და მამა არსენი დამეხმარება".

მომდევნო დღეს დილიდანვე გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ როგორც კი სასაფლაოზე მივედი, თავსხმამ გადაიღო და მზემ გამოიხედა. ასე რომ, საფლავის გახსნა სასურველ ამინდში მიმდინარეობდა. მღვდელმა "წმიდაო ღმერთო" ილოცა, ხოლო როდესაც მე წმიდა ნაწილები მიმქონდა, ისევ დაიწყო ძლიერი წვიმა. მღვდელმა მითხრა: "მამა არსენმა აღასრულა თავისი სასწაული".

დავბრუნდი სასტუმროში და წმიდა ნაწილები ბალიშზე მოვათავსე. ყუთს, რომელშიც ისინი განისვენებდნენ, თავი ავხადე და ლოცვით დავემხე მუხლებზე. როდესაც მოსაღამოვდა, ავანთე შუქი, რათა ღამითაც დამენახა წმიდა ნაწილები და ლოცვა განვაგრძე.

საღამოს ცხრა ან ათ საათზე (სამოქალაქო დროით[4] ), მეტანიების აღსრულების დროს, მომესმა მრისხანე ხმა: "რა ნეშტია ეს?" ვიგრძენი, რომ რაღაც ძალა დამესხა თავს, თუმცა ვერ ვხედავდი მთელ სხეულს. ორი შავი და ძლიერი ხელი მიჭერდა და მახრჩობდა. ამ დროს საფრთხეში აღმოჩენილმა ხმამაღლა დავიყვირე: (არ ვიცი როგორ მომივიდა ამგვარი აზრი) "წმიდაო არსენ, შემეწიე მე!" მაშინვე ვიგრძენი, რომ სხვა ძლიერმა ძალამ შეიპყრო ეს საშინელი ხელები, მოისროლა და გამათავისუფლა. სიხარულის გულისცემა დამეწყო და განვაგრძე ლოცვა უდიდესი მოწიწებით მამა არსენისადმი. მაშინ ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ ორ სასულიერო პირს მოვუთხრე, რადგან მეშინოდა, რომ თუ ბევრი შეიტყობდა, განსაკუთრებით კი ქალები, შესაძლოა, არასწორი ღვთისმოსაობის გამო რაიმე ზედმეტს დაამატებდნენ.

მამა არსენი რომ წმინდანია, ჩემში ეჭვს არ იწვევდა. განაგრძობდა თუ არა იგი სასწაულების აღსრულებას გარდაცვალების შემდეგ, მე არ მეხებოდა, რადგან ეს უფლის საქმეა და არა ჩემი. უფალს არ სჭირდება ჩვენი დახმარება თავის საკვირველ საქმეებში, რადგან ის უფალია. სახარებაშიც კი ვხედავთ, რომ ღვთისმშობელი არ ცდილობდა ადამიანთა შემზადებას, არამედ ავლენდა მოთმინებას, სანამ ქრისტე თავად არ აცხადებდა მათ წინაშე თავის თავს სიტყვებითა და სასწაულებით. და თუ მამა არსენმა ერთი ან ორი სასწაული მოახდინა მისი წმიდა ნაწილების მოპოვებისას, მაშინ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი, რათა გავძლიერებულიყავი სულიერად და გავთავისუფლებულიყავი დაუდევრობისაგან.

მე კი მმართებდა დამეწერა იმის შესახებ, რაც ვიცოდი მამა არსენზე. ყოველივე იმის გარდა, რაც მსმენია მოხუცი პროდრომოსისა და, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებისაგან, საჭირო იყო შემეგროვებინა მასალები ფარასის მაცხოვრებლებისგანაც, რომლებიც დასახლდნენ კონიცაში და საბერძნეთის სხვა ადგილებში. უფრო გვიან ამის გაკეთება, დიდი სურვილის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, რადგან მოხუცები ერთი-მეორის მიყოლებით იხოცებოდნენ და ჩვენს მარადიულ სამშობლოში მიდიოდნენ. 1958 წელს, მაშინ, როდესაც მამა არსენის წმიდა ნაწილები კონიცაში ჩამოვასვენე, ფარასის უწინდელ მაცხოვრებელთაგან მხოლოდ ორი მოხუცი კაციღა იყო ცოცხალი, ორივეს პროდრომოსი[5] ერქვა (კორცინოგლუ და ეზნეპიდისი), და ოთხი მეტად ღვთისმოსავი მოხუცი ქალი, რომლებიც ღირსნი შეიქნენ კურთხევა მიეღოთ მისი წმიდა ნაწილებისაგან, როგორც ოდესღაც იღებდნენ მისი ცოცხალი ხელით.

1970 წელს მამა არსენის წმიდა ნაწილები კონიციდან გადავასვენე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ახალაგებულ დედათა მონასტერში, რომელიც სუროტის დასახლებაში მდებარეობს, თესალონიკის მახლობლად. ვინაიდან სასაფლაოზე ჯერ არ იყო აგებული ტაძარი და არ იყო წმიდა ნაწილების აკლდამაში დასვენებისა შესაძლებლობა, ისინი დროებით დავასვენეთ საკათედრო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. სკივრის გასაღები ინახებოდა დედა ფილოთეასთან, დალუქულ კონვერტში, რათა არავის აეღო. მას შეეძლო გასაღების მოცემა მხოლოდ ჩემთვის, როდესაც თავად მოვითხოვდი.

წმიდა ნაწილები განისვენებდნენ სკივრში და ამის შესახებ არავინ იცოდა. იღუმენია და შესამოსელთა მცველი ფიქრობდნენ, რომ იქ სამღვდელო სამოსი ინახებოდა.

მიუხედავად ამისა, იმავე, 1970 წელს რამდენიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი. მამა არსენი ჯერ ერთ დას გამოეცხადა, შემდეგ – მეორეს. როდესაც მათმა მოძღვარმა ეს შეიტყო, თავდაპირველად დააწყნარა დები, რათა დაეცვა ისინი არასწორი აზრებისგან და შემდგომ კი მე მომმართა. ვუპასუხე, რომ ჩვენ უფალს უნდა მივენდოთ.

ზუსტად მოგითხრობთ მომხდარის შესახებ, ისე, როგორც ეს დებმა მომწერეს, ხოლო მოგვიანებით მომითხრეს კიდეც პირადი შეხვედრისას. მამა არსენი პირველად გამოეცხადა მორჩილ ვასილიკა სალიმენის, მისი სიტყვების შესაბამისად შემდეგნაირად: "იყო შობის მესამე დღე, კვირა, 1970 წლის 27 დეკემბერი[6]. მე მთლიანად საღვთო ლიტურგიის ლოცვაში ვიყავი ჩაძირული, როდესაც უცბად, "რომელი ქერუბიმთას" გალობის დროს, ტრაპეზის წინ მლოცველი მღვდლის გარდა, კიდევ ერთი მღვდელი დავინახე, თეთრ სამოსელში, რომელიც ტრაპეზიდან მარჯვნივ ლოცულობდა და მეტანიებს აღასრულებდა. მე გავოგნდი, რადგან ვერ გავერკვიე რა ხდებოდა და როდის მოვიდა მეორე მღვდელი. ისევ გავიხედე და კვლავ დავინახე ის, იმავე მდგომარეობაში, განუწყვეტლივ მეტანიებს აღასრულებდა. მეტი ვეღარ შევძელი იმ საღვთო ხილვის ატანა და დავეშვი ჩემს სტასიდიაში,[7] რათა არ დავვარდნილიყავი". (ზუსტად მარჯვნივ, ტრაპეზის ქვეშ, იყო სკივრი მამა არსენის წმიდა ნაწილებით).

იმავე დას, ვასილიკას შეემთხვა სხვა ამბავიც. აი რა მომითხრო თავად მან: "მომდევნო ჯერზე, 1971 წლის 17 მაისს მე ვიყავი ღამისთევის ლოცვაზე ორ დასთან ერთად და, როდესაც დავიწყეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის გალობა, ბოლო ორი მუხლის აღსრულებისას გაისმა მამაკაცის გალობა. მე გავჩუმდი, რათა უკეთ მომესმინა, ხოლო დებმა იფიქრეს, რომ ტექსტი ამერია და მიმითითეს საჭირო ადგილზე. არაფერი არ მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნიე გაგების ნიშნად, ამ დროს დავასრულეთ კიდეც გალობა".

მეორე დამ, მარიამ პანთელოგლუმ, თავად მომითხრო თუ რა შეემთხვა, მაგრამ არა ცხადად, როგორც ვასილიკას, არამედ სიზმარში. მან იხილა სქელი კვამლი, რომელიც მონასტერს ეხვეოდა. საერთო მღელვარების დროს მან გაიგონა ხმა, რომელიც ამბობდა: "ნუ ღელავთ, რადგან მამა არსენი იქ არის, ის არ დაუშვებს მონასტრის დაწვას". (და მართლაც, იმ დღეებში ბოროტებით შეპყრობილმა ავაზაკმა მონასტრის მიღმა შეშა და ფიჩხი მოაგროვა, რათა ხანძარი გაეჩინა).

ამის შემდგომ მას უთხრეს შემდეგი: "რატომ უკეთესად არ ზრუნავთ მამა არსენის წმიდა ნაწილებზე?" მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა, მარიამმა უპასუხა: "როგორ არ ვზრუნავთ მათზე! ჩვენ ხომ ვინახავთ მათ საკურთხეველში და ვუნთებთ კანდელს". (და მართლაც, ის სკივრი, რომელშიც წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, მეტად უბრალო იყო).

ერთ საღამოს მამა არსენი ისევ გამოეცხადა იმავე მარიამს, რომელმაც უკვე იცოდა წმიდა ნაწილების შესახებ. როდესაც გარშემო არავინ იყო, კანდელის ანთებისას მან დაინახა კარებში მდგარი მღვდელი, რომელიც შემდგომ გაუჩინარდა. ხოლო ერთხელ, თირკმელებში საშინელი ტკივილებით ტანჯვისას მამა არსენს მოუხმო საშველად და განიკურნა.

მას შემდეგ, რაც გავიგე ყოველივე ზემოთქმული, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, რომ სწრაფად შემეგროვებინა რაც შეიძლება მეტი მონაცემი მამა არსენზე და დამეწერა მისი ცხოვრება.

ჯერ კიდევ 1964 წელს დავავალე ჩემს ძმას, ლუკას, რომელიც კონიცაში ცხოვრობდა, მამა არსენის ცხოვრების დეტალების გაგება: ან თანასოფლელებთან პირადი საუბრებით, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ ახლო და შორეულ ადგილებში, ან მიმოწერის გზით, რათა ყველა მასალა ყოფილიყო ჩაწერილი.

ყველაზე მეტი ცნობა ლუკას მამა თეოდოროს თეოდორიდისმა (ფკოსოტისის შვილმა) გამოუგზავნა, რომელმაც შეაგროვა ისინი თანასოფლელებისაგან მოსხათონში (ათენის რაიონში), რადგან თავად ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლიურ დასახლებაში ცხოვრობდა.

მიუხედავად ამისა, ამ კურთხეულმა ადამიანმა არ ახსენა მამა არსენის მიერ სამშობლოში ცხოვრების დროს აღსრულებული მრავალი სასწაული და მხოლოდ ზოგადად გვამცნო, რომ ის კითხულობდა ლოცვებს სნეულთათვის და ისინი იკურნებოდნენ. გარდა ამისა, მისი აღწერა ბევრი პუნქტით არ ემთხვეოდა რეალობას, მან ფარასის ორი მაცხოვრებლის მკრეხელური შენიშვნებიც კი მოიხმო.

როდესაც ლუკამ ჩვენს მოხუც მამას მამა თეოდორეს ნაწერი წაუკითხა, მოხუცმა ზოგიერთი უცნაური ამბის მოსმენისას თავი გააქნია. ის, რა თქმა უნდა, დამწუხრდა, ვინაიდან ძალიან კარგად იცნობდა მამა არსენს და, როგორც ფარასის მამასახლისს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ოცდაოთხი წლის განმავლობაში. კავშირი – "მღვდელი და მამასახლისი" ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენს დასახლებაში, განსაკუთრებით იმ წლებში, თურქებს შორის ცხოვრების მძიმე პირობებში. როდესაც ლუკამ მოხუცის უკმაყოფილება დაინახა, გონივრულად მიიჩნია მთელი მასალიდან ჩემთვის მხოლოდ ამონაკრების გამოგზავნა.

1962 წელს პირადად შევხვდი მამა თეოდორეს ეგალეოში და აგრეთვე სხვა თანამემამულეებს მოსხათონში. მაშინ შევნიშნე სათვისტომოს დიდი ნაწილის სრული გულგრილობა მამა არსენის მიმართ. ეს სათვისტომო აერთიანებდა ფარასიდან მოსხათონში გადმოსახლებულ მცხოვრებლებს. იმ დროს ამას ახსნა ვერ მოვუძებნე. სათვისტომოს წარმომადგენელს მამა არსენის შესახებ ცნობების შეგროვებაში დახმარება ვთხოვე, ხოლო მან მომიგო: "მამაო პაისი, ჩვენთვის საერთოდ არ ღირს მამა არსენზე საუბარი, სჯობს წინ წამოვწიოთ პაისი II, ჩვენი თანამემამულე და ამავე დროს კესარიის მიტროპოლიტი, და მაშინ ჩვენი სათვისტომოს მდგომარეობა გამყარდება". როდესაც ეს გავიგონე, შემძრა ამ ადამიანთა უაღრესად ამსოფლიურმა აზროვნებამ.

1971 წელს გავემგზავრე კონიცაში და მივიღე ლუკასაგან მამა თეოდორეს ყველა წერილობითი მასალა, რაც თან წავიღე ათენში და ისევ შევხვდი მამა თეოდორეს ეგალეოში. მადლობა გადავუხადე შეგროვებული ცნობებისათვის, მაგრამ ამასთანავე გამოვხატე ჩემი გაკვირვება მის დუმილზე მამა არსენის სასწაულების შესახებ. მან თავი აარიდა პასუხს და ნაცვლად ამისა მომცა მიტროპოლიტ პაისი II-ის ბიოგრაფია. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მოსხათონში ფარასიოტების (ფარასელების) სათვისტომოს სხვაგვარი ინტერესი ჰქონდა. მე ამაში მამა თეოდორე დავადანაშაულე და მასში სინდისი ალაპარაკდა. იგი შემპირდა, რომ ამჯერად შეაგროვებდა ცნობებს სასწაულების შესახებ, რომლებიც მამა არსენმა აღასრულა ჩვენს სამშობლოში, და შემდგომ გამომიგზავნიდა მათ. თუმცა აქამდე მას არაფერი გამოუგზავნია. როგორც ჩანს, ის აწყდება ვიღაცის მიერ შექმნილ წინააღმდეგობას. მაგრამ მან მომითხრო იმ სასწაულის შესახებ, რომლის მოწმეც თავად იყო. ეს სასწაული აღსრულდა ეშმაკეულ ქალზე, რომელიც მათ სახლში სტუმრობდა მანამდე და მას შემდეგაც, რაც ის განკურნა ჰაჯიეფენდიმ[8] (მამა არსენმა).

სათვისტომოს თავმჯდომარემაც კი, აბრაამ პსაროპულოსმა, როდესაც ვუსაყვედურე მას, მომითხრო მამა არსენის სასწაულზე, რომელიც იხილა საკუთარი თვალით. ლაპარაკი იყო ბრმა ქრისტიან ქალზე, რომლისთვისაც ჰაჯიეფენდი ლოცულობდა საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, როდესაც მორწმუნეები უკვე წასულიყვნენ და დარჩენილიყვნენ მხოლოდ მედავითნე პროდრომოსი, სამრევლო საბჭოს წევრები და საკურთხევლის მსახურნი. როდესაც ის კითხულობდა მისთვის წმიდა სახარებას აღსავლის კარის წინ, წამიერად გაიელვა ცისარტყელას მსგავსმა ფერადმა შუქმა, რომელმაც გააბრწყინა მამა არსენი და მუხლებზე მდგარი ბრმა ქალი. ზუსტად იმავე წამს მას თვალი აეხილა.

მივხვდი, რომ სათვისტომოს წევრები განზრახ არ მოგვითხრობდნენ მამა არსენზე, რათა განედიდებინათ მიტროპოლიტი პაისი II, რომელიც აქტიური იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველივეს საკუთარი ინტელექტის წყალობით მიაღწია. ხოლო მამა არსენი ღვთაებრივი მადლით იყო დაჯილდოებული; ის აგრძელებს თავის ქმედებებს და ადამიანები ხელს ვერ შეუშლიან საღვთო ხმას.

დამწუხრებულმა დავტოვე მოსხათონი და ვადარებდი სათვისტომოს წევრებს სხვა ყოფილ ფარასელებს, რომლებსაც თესალონიკში 1947 წელს ვხვდებოდი. ისინი გადასახლდნენ იქ დრამის მიდამოებიდან იმ მოვლენათა შემდგომ, რომლებიც მოხდა ბულგარეთთან[9] დაკავშირებით.

დრამის მოსახლეებმა თავისი დიადი უბრალოებით შეინარჩუნეს ანატოლიური[10] კეთილსურნელება და ღვთისმოსაობა. ზოგიერთმა მათგანმა, კონკრეტულად კი იოანე კირკალასმა, მელეტი კელეკიფისმა და სხვებმა, 1971 წელს გამოგზავნეს მეტად მნიშვნელოვანი ცნობები მამა არსენის ცხოვრების შესახებ, რომლებიც შეაგროვა ლაზარე კელეკიდისმა. იმ წელიწადს, როდესაც მე დავბრუნდი დამატებითი ცნობების შესაგროვებლად, სამწუხაროდ, თითქმის ყველა მოხუცი გარდაცვლილი იყო, ხოლო ახალგაზრდები, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ადგილები, უკვე მოხუცებულიყვნენ. სწორედ მათ მიამბეს მამა არსენის ერთ-ერთ ნათესავზე – პროდრომოს არციდისზე (ანნიცალიხოსზე), რომელიც დრამაში ცხოვრობდა. გავემგზავრე დრამაში, მაგრამ მისი შვილების პოვნაც კი ვერ შევძელი (მხოლოდ ისინიღა იყვნენ ცოცხლები), რადგან სხვაგან გადასახლებულიყვნენ.

1971 წელს ხორისტიაში, დრამის შორიახლოს, პირველად შევხვდი ორ მეტად ღვთისნიერ და ღირსეულ მოხუცს: ვასილი კაროპულოსს და მოსე კოგლანიდისს (პანგლოსის ანუ ხუტისის შვილს), რომელიც აგრეთვე მამა არსენის ნათესავი იყო და ამასთანავე ერთ-ერთი მისი თანმხლები ბერძნებსა და თურქებს შორის მოსახლეობის გაცვლის დროს. ამ ორი მოხუცისაგან შევიტყვე მამა არსენის კიდევ ორი თანამგზავრის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, – სარანთის ცოპურიდისი, გარდაცვლილიყო, ხოლო მეორე, – სოლომონ კოსკერიდისი, ცხოვრობდა პელეოხორიში, პანგეოს დასახლებაში. და 1971 წელს მასთან მიმოწერა დავიწყე. 1972 წელს ისევ მოვინახულე დასახლება დრამის მახლობლად და შევიტყვე მისგან ანესტის კარაუსოგლუს შესახებ, რომელიც ცხოვრობდა პეტრუსში. ამ უკანასკნელმა ნათელი მეხსიერება შეინარჩუნა და ბევრი რამ მომითხრო. 1971 წელს პლატიში, თესალონიკის ახლოს, ორ ფარასიოტს შევხვდი, რომელთაც კარგი მეხსიერება ჰქონდათ, კონსტანტინე კულასსა და სვიმეონ კარაუსოგლუსს ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიშ ადამიანებს, რომელთაც საკმაოდ ბევრი ცნობა მომაწოდეს.

პლატიდან გავემგზავრე კონიცაში, რადგან მამა არსენის წიგნების გაცნობას ვაპირებდი, რომლებსაც პროდრომოსის შვილი, დემეტრე ინახავდა. გავესაუბრე მამა არსენის ყოფილ მოსწავლეებსა და აგრეთვე მის მეტად ღვთისმოსავ მედავითნეს, კირიაკოს სეფერიდისს.

სამწუხაროდ, მამა არსენის ჩანაწერების წიგნაკი, რომელიც მის საკუთარ წინასწარმეტყველებებს შეიცავდა, დაკარგული აღმოჩნდა. სწორედ ის იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რადგანაც მათში ლაპარაკი იყო მრავალ მოვლენაზე. ჩვენი გადასახლების წინასწარმეტყველებასთან ერთად მასში ნახსენები იყო, უფრო ზოგადად, მომავალი ომები და კატასტროფები. მაგალითად, მახსოვს, რომ 1937 წელს მოხუცი პროდრომოსი გვიკითხავდა: "1941 წელს კრავები სააღდგომოდ შავები იქნებიან". ყველა, ვინც ამას ისმენდა, მიიჩნევდა, რომ იმ წელიწადს ცხვრები მოიგებდნენ შავ ბატკნებს. ხოლო როდესაც თავს დაგვატყდა 1940-1941 წლების ომი და შავი აღდგომა გადავიტანეთ, მისი წინასწარმეტყველება გასაგები გახდა. ვიღაცამ ჩანაწერების წიგნაკი წასაკითხად აიღო, თავისი გულუბრყვილობის გამო დაანაწევრა და ფურცლებად დაურიგა სნეულ ფარასიოტებს, როგორც სიწმიდე. ფარასიოტები მოწიწებით ითხოვდნენ თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს ჰაჯიეფენდისგან, რათა მისი კურთხევა ჰქონოდათ.

დამამწუხრა აგრეთვე მამაჩემის არქივის დაკარგვამაც, რადგან უეჭველად ვიპოვნიდი იქ საჭირო ცნობებს. მაგრამ ყოველივე ამან ვერ შეასუსტა ჩემი ძალისხმევა. უკვე შევაგროვე საკმარისი მასალა და ვხელმძღვანელობდი აზრით, რომ რაც უფრო მეტი იქნებოდა ცნობები, მით უფრო მოეფინებოდა ნათელი ყოველივეს, ხოლო ამ სინათლით ჭეშმარიტება გაცხადდებოდა. ადამიანებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს, რათა როგორმე გამეცრა ინფორმაცია; ასე რომ, შედეგად მხოლოდ სუფთა ხორბალი დარჩა მოწმობათა ხურჯინში, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სკივრში მამა არსენის წმიდა ნაწილებთან ერთად. გაცრამ მოაცილა "ჩენჩო" – ის, რაც ნათქვამი იყო მამა არსენზე იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ ძალუძდათ გაეგოთ წმიდა მამისთვის, ანდა არასწორ ცნობებს ავრცელებდნენ მის პიროვნებაზე და ამის გამო სცოდავდნენ, შესაძლოა, არა ბოროტი განზრახვით.

ჩემს მიერ შეგროვებული ცნობები მეტწილად უბრალო, ღვთისმოსავი ადამიანებისაგან მოვისმინე. ჩემს მიზანს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, არამედ მხოლოდ ის, რომ შემეგროვებინა მოწმობები მამა არსენის სულიერ სიმდიდრეზე, რამეთუ ვწერ ადამიანის სულისათვის. ხოლო წვიმდა მის დაბადების დღეზე, თუ თოვდა, თურქი ჟანდარმი იახ-იალიდან იყო თუ ნიგდიდან მე ეს სრულიად არ მაინტერესებდა.

ამაზე შევჩერდი და მამა არსენის ცხოვრება პირველად 1971 წელს დავწერე, რომელიც ეყრდნობოდა მოწმობათა უფრო მცირე რაოდენობას, და გადავეცი წასაკითხად და შესასწორებლად სტავრონიკიტას მონასტერში წინამძღვარს – მამა ბასილს და მამა გრიგოლს. მათ მირჩიეს ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო, მხოლოდ დამემატებინა მოკლე განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ გავიცანი მამა არსენი. მათ შეასწორეს მხოლოდ ჩემი ურიცხვი ორთოგრაფიული შეცდომა, რომლებიც შეაშფოთებდა მკითხველს.

ახლა, როდესაც შევავსე თხზულება ახალი ცნობებით მამა არსენის ცხოვრებასა და სასწაულებზე, ვწერ წიგნის პირველ ნაწილს.

ვინაიდან მამა არსენის მოქმედება გაუგებარი რჩებოდა ადამიანებისთვის, რომელთაც თავად არ ჰქონდათ სულიერი სიღრმე, ვხსნი მის ზოგიერთ წმიდა თავისებურებას.

გავიგე, როგორ ამბობდა ერთ-ერთი შედარებით ახალგაზრდა ფარასის მაცხოვრებელი: "ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენმა) მრავალი სასწაული აღასრულა ვარასიოში, ანუ ფარასაში, რომლებიც მე საკუთარი თვალით ვიხილე, – ყველა ამბობდა, რომ მის ლოცვებს ქვის დამსხვრევა შეუძლიათ, ქრისტიანებიც და თურქებიც მას წმინდანად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ის მათ ლოცვებს უკითხავდა და კურნავდა სნეულთ. სულო ჩემო, ის ალბათ რაღაც სახის ჯადოქარი იყო, ვინაიდან მათ თილისმებსაც[11] აძლევდა".

მამა არსენს, როგორც მე გაუწყებთ მის ცხოვრებაში, ღვთის მიერ ნაბოძებ სხვა ნიჭებთან ერთად ქალთა უნაყოფობის განკურნების ნიჭიც ჰქონდა. თუ ყველა სხვა დაავადებათა დროს ის ქალებს ლოცვებს უკითხავდა და ისინი იკურნებოდნენ, უნაყოფობის შემთხვევაში მამა არსენი, ჩვეულებრივ, უგზავნიდა მათ ლოცვას, დაწერილსა და დაკეცილს ავგაროზის მსგავსად. ქალები ატარებდნენ მას მოწიწებით და მათი გონება მშვიდდებოდა. მამა არსენი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ გამოეწვია მითქმა-მოთქმა იმ ადამიანთა შორის, რომელთაც არ ძალუძდათ სიწმიდით ფიქრი. ამგვარ ავგაროზს იგი ატანდა რომელიმე ნათესავს ან ოჯახის ნაცნობს. ზოგიერთი უნაყოფო ქალი უგზავნიდა მას თავის თავსაფარს, რათა მამა არსენს ეკურთხებინა იგი, შემდეგ ატარებდნენ მას მოწიწებით და ერთი წლის შემდგომ შობდნენ.

ზოგჯერ ჰაჯიეფენდის თხოვდნენ თოკის კურთხევას, რომელსაც ატარებდნენ როგორც ქამარს უნაყოფობის განსაკურნებლად და მშობიარობის შესამსუბუქებლად. მამა არსენი უგზავნიდა მათ, აგრეთვე, გაცვილულ პატრუქს, რომელსაც იყენებდნენ კანდელისთვის, ან ბაწარს.

ყოველივეს, რის შესახებაც ამჟამად ვილაპარაკე, ის დაუფიქრებელი ადამიანი, რომელიც ვახსენე, მიიჩნევდა ჯადოქრობად და არ ესმოდა წმიდა მამის.

მოსხათონში ერთ-ერთი ფარასაში დაბადებული, ჯერ კიდევ არც ისე მოხუცი ქალი მეუბნებოდა: "ეს სიმართლეა, რომ ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენმა) მრავალი სასწაული აღასრულა ფარასაში, რაც მე ბავშვობაში ვიხილე, და რომელთა შესახებაც მსმენია ჩემი მშობლებისაგან, მაგრამ არ მითხრათ, რომ ის წმინდანი იყო, მან ხომ კორფუზე, საავადმყოფოში მასზე მყოფი ტილის მოკვლის უფლება არ მისცა".

ამგვარი რამ მართლაც მოხდა, მაგრამ როდესაც მკითხველი მივა ბიოგრაფიის ამ მომენტამდე, ის დაინახავს, რაოდენ უსამართლოა ეს შენიშვნა მამა არსენთან მიმართებით.

მსმენია, თუ როგორ ამბობდნენ ფარასიდან გადმოსახლებულნი, ისინი ვინც უფრო ახალგაზრდები იყვნენ: "ჰაჯიეფენდი იყო წმინდანი, დაე ჩვენზე იყოს მისი კურთხევა. ჩვენს დასახლებაში არ იყო ექიმი, – ის კითხულობდა ლოცვებს სნეულთათვის და ისინი იკურნებოდნენ. ჩვენ ვიხილეთ ეს ყოველივე ბავშვობაში და გვახსოვს, მაგრამ ეს ნეტარი ადამიანი მაინც ძალიან უცნაური იყო, რადგან როდესაც ნათლავდა ჩვილებს, არც კი უსმენდა ნათლიმამას, ისე არქმევდა ბავშვს იმ სახელს, რაც თავად უნდოდა. ის არქმევდა ან სამონაზვნო სახელს ან ებრაულს და არ აძლევდა ნათლიმამას იმის უფლებას, რომ დაერქვა ბავშვისათვის იმ დიდი წმინდანის სახელი, რომლის დღესასწაულიც აღინიშნებოდა".

ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ აქ დაფარულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. მამა არსენი განზრახ არქმევდა ასეთ სახელებს, რათა შეემცირებინა დღეობასთან დაკავშირებული ზეიმების რაოდენობა, რომლებიც გადაიქცეოდნენ ხოლმე ღრეობად. ის ამჯობინებდა დაერქმია ისეთი სახელები, რომლებსაც არ ჰქონდათ აღსანიშნი საზეიმო დღე – აბრაამი, ისააკი, იოსები, ამბერკი და სხვა ამის მსგავსი. ამ გზით მამა არსენმა ბოლო მოუღო ხალხთა შეკრებებს, რაც ლოთობაში გადაიზრდებოდა ხოლმე და სიმშვიდეს ძალიან არღვევდა, რადგანაც ყველა იარაღს ატარებდა. ამგვარად, ფარასის მაცხოვრებელნი სადღესასწაულო დღეებში საღვთო ლიტურგიის შემდეგ შინ რჩებოდნენ, არ იყო საჭირო ვინმესთან წასვლა დღეობის აღსანიშნავად. მცირე დასვენების შემდეგ მოხუცები თავს იყრიდნენ მამა არსენის სახლში, მისი სენაკის გვერდით. ის უამბობდა მათ იმ დღის წმინდანის ცხოვრებაზე, სახარების იგავებს და ძველი აღთქმის ამბებს აბრაამის, ისააკის, იაკობისა და იოსების შესახებ. მის გადმოცემას ძალიან ცოცხალი ფორმა ჰქონდა, რათა უკეთ დაემახსოვრებინათ. როდესაც ის ხედავდა ხოლმე, რომ გრძელი თხრობის დროს მოხუცები ნერვიულობას იწყებდნენ, რადგან მოწევა უნდოდათ, დგებოდა და თავად მოჰქონდა თამბაქო, რათა მათ თავისუფლად ეგრძნოთ თავი. ამიტომ ისინიც ხალისით ისხდნენ და ყურადღებით ისმენდნენ. ხოლო შემდგომ, ნაცვლად სხვადასხვა გამონაგონისა, მოსმენილს ოჯახის წევრებსა და მეზობლებს მოუთხრობდნენ. საღამოობით, როდესაც ხალხი ერთად იკრიბებოდა, კეთილი მამა არსენი ზრუნავდა, რათა ქრისტიანებს მიეღოთ სარგებელი დღესასწაულებისაგან და არ შეეცოდათ ლოთობით ან რაიმე მსგავსით.

უფლის წყალობით ფარასის მაცხოვრებლებს ყოველგვარი სიკეთე ჰქონდათ: ზამთარში ისხდნენ სახლებში და შეეძლოთ აღენიშნათ დღესასწაულები. ამასთანავე, მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, შეიარაღებულნი, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ (იმ შემთხვევაში, თუ გაისმებოდა სტვენა – ამგვარი იყო პირობითი ნიშანი), რათა დაეცვათ თავისი დასახლებები ჩეტელერებისგან (თურქთა არალეგალური ლაშქრისგან). იმ ოლქში არ იყო პოლიცია, რადგან თურქებს არ სურდათ, რომ ვინმეს შეეშალა ხელი ჩეტელერების თავისუფალი მოქმედებისათვის. ეს უკანასკნელნი იმ თურქთა იარაღს წარმოადგენდნენ, რომელნიც იღვწოდნენ გაენადგურებინათ ფარასის ექვსი ქრისტიანული დასახლება, ეს არც ისე დიდი ბერძნული კუნძული თურქულ გარემოცვაში.

მამა არსენი ბრძენი იყო, მან სწორი საშუალება იპოვა ამ ბოროტების გასამკლავებლადაც. ფარასაში იმ დროისათვის შეწყდა ღრეობები და მაცხოვრებელთა შორის დაისადგურა მშვიდობამ, სიყვარულმა და თანხმობამ. მამა არსენი ცდილობდა მიემართა ახალგაზრდა კაცების მხურვალება თურქთა წინააღმდეგ საბრძოლველად. წმიდა მამა ხშირად ეუბნებოდა ფიცხ ახალგაზრდებს: "მიმართეთ თქვენი სიფიცხე ჩეტელერებზე, რათა მათ არ დაიპყრონ ჩვენი დასახლება".

და ეს მართლაც მოქმედებდა ახალგაზრდებზე. "გამოჩნდებოდნენ თუ არა ჩეტელერები", ხშირად მეუბნებოდა ხოლმე მამაჩემი, – "მაშინვე მრავალი აღშფოთებული ჭაბუკი ეშურებოდა, რათა მონაწილეობა მიეღო შეტაკებაში, თითქოს ეს იყო ჩხუბი თოვლის გუნდებით, და მე ვერ ვახერხებდი მათ გაჩერებას". წარმოიდგინეთ რამდენ უბედურებას მოიტანდნენ თურქები (ჩეტელერები) ფარასაში, თუკი მისი მაცხოვრებლები იხეტიალებდნენ მთვრალები დღეობიდან დღეობაზე, იჩხუბებდნენ ერთმანეთთან და ყოველი შელაპარაკებისას ხანჯალს დაავლებდნენ ხელს. ეს შესაძლებელს გახდიდა მათ დამარცხებას და სირცხვილით შემოსავდა ფარასას. რამეთუ თურქები ვერასოდეს სძლევდნენ ბერძნებს, თუკი ბერძნები არ "შეჭამდნენ" ერთი-მეორეს. აქედან გამომდინარე, მართებულად იქცეოდა მამა არსენი, როდესაც არქმევდა სახელებს, რომლებიც მაცხოვრებლებს ხალხმრავალ დღეობებს მოარიდებდა, თუნდაც რომ ნათლიას სხვაგვარი სურვილი ჰქონოდა. მამა არსენის ამგვარ სიბრძნეს ჭკუამოკლე ადამიანები, სამწუხაროდ, უცნაურობად მიიჩნევდნენ.

ზუსტად ასევე იქცეოდა ის ქალთა სახელებთან დაკავშირებით და ისწრაფოდა, რომ მათაც ჰქონოდათ სულიერი სიღრმე. იმ სახელთა შორის, რომლებსაც ის არქმევდა ქალებს, იყო: იერუსალიმა, გეთსიმანია, ათინა და ასე შემდეგ. მამა არსენს აქაც ჰქონდა თავისი მიზანი: ბერძნებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კაბადოკიის სიღრმეში, არ უნდა დავიწყებოდათ თავიანთი ბერძნული სამშობლოს დედაქალაქი.

მამა არსენის ამგვარი განსაკუთრებულობანი და კიდევ ბევრი მოჩვენებითი უცნაურობა მას სათნოებათა დაფარვის საშუალებას აძლევდა. იგი ცდილობდა ამ თვისებების წარმოჩენას სათნოებათა საპირისპიროდ, რათა არ გამოეწვია ადამიანებში აღფრთოვანების გრძნობა.

გულწრფელად გამოგიტყდებით, რომ მისმა ამგვარმა "აუტანელმა" მოქმედებებმა უფრო მეტად ამაღელვა, ვიდრე მრავალმა წმიდა სასწაულმა, რომელიც მან უფლის ნებით აღასრულა. როდესაც ის თავს გაღიზიანებულად ან გაუმაძღრად აჩვენებდა, სულის სისუფთავეს იცავდა ადამიანთა თვალთაგან და ფუჭი ქება-დიდებისგან. მას ერჩია მიეჩნიათ ახირებულ, თავშეუკავებელ ან შეშლილ ადამიანად, ვიდრე წმინდანად.

სრულიად ნათელია, რომ მამა არსენი იყო ერთ-ერთი იმ ჭეშმარიტ მოღვაწეთაგანი (მონათესავე ადრინდელი წმიდა კაბადოკიელი მამებისა), რომელთაც ჰქონდათ უდიდესი სათნოებანი. არსენ კაბადოკიელმა სხვადასხვა საშუალებით შეძლო თავისი სათნოებების დაფარვა. იყვნენ "ვერ დამნახავი" ადამიანები, რომელთაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე მისი გარეგნული თავისებურებებისა და მოქმედებების ხასიათის გამო.

მამა არსენი სხვა მსგავსი გზებითაც მალავდა თავის სათნოებებს. ჩემი სულიერი ხელები შეკრულია მრავალი ცოდვით და არ ძალმიძს ჯერ-ჯერობით მისი სათნოებების გაგება, ილოცეთ ჩემთვის. მომიტეოს გულმოწყალე მამა არსენმა ესეც და მის მიერ მოცემული სახელის შებღალვაც. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ არაფერში არ მიმიბაძავს მისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ უღირსად ვიქცეოდი, მომთმენმა მამა არსენმა, ქრისტეს ჭეშმარიტმა მიმდევარმა, დამასაჩუქრა თავისი სიყვარულით. თითქოს იგი თავის სიყვარულს მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა, რათა ერთიანად მოეცა ჩემთვის, შევეძარი და გამოვეფხიზლებინე მე უდარდელი და უგრძნობი.

ორი წმიდა თეოდორეს ხსენების დღე იყო – 21 თებერვალი 1971 წლისა, ხორციელის შაბათი. მე დავწერე ცხოვრება იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მაშინ მქონდა და ხელმეორედ ვკითხულობდი, რათა მეპოვნა მოხუცებულთაგან მოსმენილი ფარასული კილოს გადმოცემისას გაპარული შეცდომები.

ორი საათი იყო დარჩენილი მზის ჩასვლამდე, როდესაც ამ კითხვის დროს მამა არსენი მომევლინა და ისე მომექცა, როგორც მასწავლებელი, თავზე ხელის გადასმით რომ ეფერება თავის მოსწავლეს, რომელიც კარგად ასრულებს დავალებას. ამასთანავე, გამოუთქმელი სიტკბოებით და საღვთო სიხარულით აღსავსე გულით დამტოვა. მე არ შემეძლო ამის გაძლება, გამოვვარდი კალივიდან[12] და შეშლილივით დავიწყე სირბილი გარშემო, ყოველ წუთს ვუხმობდი, რამეთუ მეგონა რომ ვიპოვიდი მას (საბედნიეროდ არავინ მოსულა ამ დროის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი განცვიფრდებოდნენ და მე ვერ ავუხსნიდი ამ საღვთო სიგიჟის მიზეზს და ვერ დავაწყნარებდი). დროდადრო ხმამაღლა ვყვიროდი: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო!" ზოგჯერ კი უფრო ჩუმად ვამბობდი: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, განამტკიცე გული ჩემი, რათა ვიხილო ის, რაც ამ საღამოს მოხდება!" რადგან უფლის დახმარების გარეშე ჩემი სუსტი გული ვერ გაუძლებდა ამ სამოთხის სიტკბოებას.

როდესაც სულ დაბნელდა და ჩემი იმედები გაქარწყლდა, – მე ხომ მეგონა, რომ ვიპოვიდი მას, – ჩემი მზერა ცისაკენ მივმართე. უფლის ამაღლების დღის გახსენებამ მაიძულა სენაკში დაბრუნება. უფალი ეჩვენებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და თავის მოწაფეებს ორმოცი დღის განმავლობაში, ხოლო ამაღლების დღეს მათ წამიერად იხილეს იგი, ოდეს მათ თვალწინ ზეცაში უჩინარდებოდა. სენაკში ყოფნისას მთელი ღამის განმავლობაში ვგრძნობდი იმავე სიტკბოებას. ამან მაიძულა დავფიქრებოდი, იქნებ მოწყალე და სამართლიანმა უფალმა იმისთვის მოავლინა მამა არსენი, რათა ამ ცხოვრებაში დავეჯილდოებინე სამოთხის სიტკბოებით, იმ არც ისე ბევრი მონაზვნური ლოცვებისათვის, რომლებითაც ვინანიებდი ჩემს მრავალ და დიდ ცოდვებს? – არ ვიცი, ამიტომ გთხოვთ, ქრისტეს სიყვარულისათვის ილოცეთ, რათა უფალი მოწყალე იყოს ჩემს მიმართ.

მოწყალე მამა არსენი კვლავ მომევლინა, მხოლოდ ამჯერად ღამით, ღამისთევის ლოცვისას.

ეს მოხდა 1971 წლის 29 მარტს – იმ დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ღირსმოწამეთა ბარაქისეს და იონას ხსენებას, ბზობის კვირის წინ. შუაღამით მე დამჯდარი ვამბობდი იესოს ლოცვას. არ მახსოვს ვთვლემდი თუ ვფხიზლობდი, როდესაც მოსული ხორბლის უკიდეგანო ყანა და მრავალი მომკალი დავინახე, რომელნიც გულმოდგინედ მუშაობდნენ ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. უზარმაზარი ყანის საპირისპიროდ, ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმული იყო მამათა სასაფლაო, ხოლო ყანის მეორე ბოლოში იდგა შენობა, სადაც კავშირგაბმულობის მუშაკები იყვნენ, რომელთაც ხელმძღვანელობდა ოფიცერი. დროდადრო ოფიცერი გამოდიოდა და შეაგონებდა მათ, ვინც არ მონაწილეობდა მკის პროცესში, სიტყვებით: "ქრისტე ხომ დაგაჯილდოებთ, რატომ არ მკით?"

მეც მქონდა ჩემი ნაკვეთი ამ უზარმაზარ ყანაში და აგრეთვე ადგილი კავშირგაბმულობის შენობაში, სადაც ვასრულებდი რაღაც სამუშაოს. ამიტომ ხან ყანაში ვმუშაობდი და ხან შენობაში გავრბოდი, იმისათვის, რომ გადამეცა მოსული ცნობები, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხედავდი, რომ ოფიცერი იჯდა და თავად გადასცემდა ჩემს ცნობებს. ეს მაყენებდა რთულ მდგომარეობაში, რადგან მე ვერ ვბედავდი მეთხოვა მისთვის შეეწყვიტა სამუშაო და ჩემთვის მოეცა გასაგრძელებლად, მაგრამ არც ის მიმაჩნდა ჯეროვნად, წავსულიყავი და მას გაეკეთებინა საქმე ჩემს ნაცვლად. მე ვამჯობინე მოკრძალებით ვმდგარიყავი ადგილზე მანამ, სანამ ის არ დაამთავრებდა, და შემდეგ წავსულიყავი მკის გასაგრძელებლად. ამგვარად განმეორდა მრავალჯერ.

ერთხელ, როდესაც კავშირგაბმულობის შენობისკენ გავრბოდი, შენობასთან ახლოს ოფიცერი დავინახე, რომელიც ისევ შენიშვნას აძლევდა მათ, ვინც არ მონაწილეობდა მკაში: "ქრისტე ხომ დაგაჯილდოებთ, რატომ არ მკით?".

იმის შიშით, რომ მეც შენიშვნას მომცემდა, ვუთხარი: "მაპატიეთ, მე მხოლოდ ნახევარი ფილტვი მაქვს და მეტი მუშაობა არ შემიძლია". მან მიპასუხა: "მე ვიცი, რომ შენ მხოლოდ ნახევარი ფილტვი გაქვს და მე მიყვარხარ უფრო მეტად იმიტომ, რომ არ იღებ საფოსტო გზავნილებს. მე თვალყურს გადევნებ ფოსტაში".

შემდეგ ოფიცერმა თან წამიყვანა უცნაურ მანქანაში, რომელიც მიფრინავდა, როგორც ელვა, თუმცა არ ჰქონდა არც ფრთები და არც ბორბლები. როდესაც ჩვენ მანქანაში გვერდიგვერდ ვიდექით, მან მკითხა სახელი და წარმოშობის ადგილი. ვინაიდან ეს იყო ოფიცერი, ვიფიქრე, რომ უმჯობესი იქნებოდა საერო მონაცემები მომეხსენებინა და ვუპასუხე: "მქვია არსენი და დავიბადე ფარასაში, კაბადოკიაში". მან მითხრა: "მეც ფარასიდან ვარ, ცაპარისების გვარიდან" (ეს იყო ფრანგუს ანუ ფრანგოპულუს გვარის მეტსახელი). მან ისევ მკითხა: "შენ იცნობ ჰაჯიეფენდის?" მე ვუპასუხე: "როგორ შეიძლება რომ არ ვიცნობდე?" როგორც კი ეს ვუპასუხე, ოფიცერი გადაიქცა ჰაჯიეფენდიდ (ანუ მამა არსენად), გულში ჩამიკრა და მაკოცა.

მანამდე, სანამ მის კარგად შეთვალიერებას მოვასწრებდი, ხმამაღლა დაიყვირა: "გაჩერდი, გაჩერდი!"

მანქანა გაჩერდა და მამა არსენმა მითხრა: "შენ ჩახვალ აქ, მე ჩავდივარ თესალონიკში, რადგან იქვე ახლოს ვცხოვრობ".

 

თარგმნა თეა იაკობაშვილმა

 

გაგრძელება

 

[1] კუნძულ კერკირას ბერძნული სახელწოდება. (წიგნის შენიშვნები მამა პაისის არ ეკუთვნის, ძირითადად აღებულია რუსული გამოცემიდან).

 

[2] ლოზანის შეთანხმების შესაბამისად, 1923 წელს მცირე აზიის ბერძნები უნდა გადასახლებულიყვნენ საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები თურქები ბრუნდებოდნენ თურქეთში.

 

 

[3] უხრწნელი სხეული ყოველთვის სიწმიდის ნიშანი არ არის. მოცემული შემთხვევა – ცოდვილი ცხოვრების მოწმობაა (მიწა არ იღებს).

 

[4] ძველი საეკლესიო ტრადიციით დროის ათვლა ხდება მზის მოძრაობის მიხედვით. საბერძნეთის მონასტრები ძველი ტრადიციით, ანუ ბიზანტიური დროით ცხოვრობენ.

 

[5] პროდრომოსი ბერძნულად ნიშნავს წინამორბედს. ანუ ამ ადამიანებს ნათლობის სახელი დაარქვეს იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემლის პატივად.

 

[6] თარიღი მოცეულია ახალი სტილით.

 

[7] სტასიდია – სკამი მაღალი ზურგით და სახელურებით, გასაშლელი დასაჯდომით, გამოიყენება სამონასტრო ტაძრებში.

 

 

[8] ჰაჯიეფენდი – თურქეთში იმ ადამიანის საპატივცემულო ტიტული, რომელმაც წმიდა ადგილები მოილოცა (სიტყვებისაგან: "ჰაჯი" – მომლოცველი და "ეფენდი" – ბატონი).

 

[9] რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბერძნებსა და ბულგარელებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდათ. 1941-1944 წლებში საბერძნეთი ოკუპირებული იყო გერმანიისა და მისი მოკავშირეების – ბულგარეთისა და იტალიის მიერ. ბულგარელებმა დაიპყრეს აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია და გაანადგურეს ბევრი რამ, რაც მცირე აზიიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა შექმნეს 20 წლის განმავლობაში, 1919-1922 წლების ბერძნულ-თურქული ომის შემდეგ.

 

[10] ანატოლია (როგორც კაბადოკია) – ერთ-ერთი ცენტრალური მხარე მცირე აზიაში, სადაც ბიზანტიის დროიდან რჩებოდნენ მჭიდროდ დასახლებული ბერძნული კოლონიები ქალაქებსა და სოფლებში 1924 წლამდე.

 

 

[11] ბერძნულ მონასტრებში მიღებულია ე. წ. "ფილაკტის" მიცემა – ეს არის ნაჭერი (სამკუთხედი ფორმის), მასზე ამოქარგული ჯვრით, რომელშიც ჩაკერილია ფსალმუნის ან ლოცვის ტექსტი. მუსულმანების თვალთახედვით, რომლებიც ქრისტიანთა სასწაულებს ჯადოქრობით ხსნიან, "ფილაკტა" აღიქმევა როგორც ამულეტი ან თილისმა.

 

 

  

[12] სამონაზვნო სახლი, სენაკი.

 

  

 

  

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა