ამო-ს ფენომენის ახსნა
(ამო – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი)
დ-რი ჟაკ ვალე თავის ბოლო წიგნში "უხილავი კოლეჯი" შენიშნავს, რომ დღეს ამო-ს შესახებ ბევრმა მკვლევარმა დაიწყო ფიქრი. მას სჯერა: ახლა უკვე "ძალიან ახლოს" ვართ ამ საიდუმლოს ამოხსნასთან. მეცნიერი წერს, დედამიწის გარეშე გონიერი ცხოვრების არსებობის იდეა უკანასკნელ ხანს ერთობ პოპულარული გახდა როგორც მეცნიერთა წრეში, ისე მკითხავებშიცო, და ეს იმის შედეგია, რომ "ადამიანებს სწყურიათ კონტაქტი გონების უმაღლეს ფორმებთან, რომლებსაც ძალუძთ მიუთითონ გზა ჩვენს უბედურ, გაწამებულ, მძიმედ სნეულ პლანეტას" (გვ.195). დ-რი ვალე ნათლად ხედავს, რომ იდეა კოსმოსიდან მოსულთა შესახებ ჩვენი დროის დიად მითად ანდა "მშვენიერ სიცრუედ" იქცა: "უამრავი ადამიანისათვის კოსმოსელი სტუმრების მოლოდინი საოცრად მნიშვნელოვანი გახდა" (გვ.207).
მაგრამ მას მიამიტობად მიაჩნია ამ მითის დაჯერება: "ეს ახსნა მეტისმეტად გულუბრყვილოა და არ კმარა ამო-ს მკვიდრთა ქცევისა და ადამიანებთან მათი ურთიერთობის განმარტებისათვის" (გვ. 27). დ-რი ჰაინეკი აღნიშნავს, რომ "ამო-ს ფენომენი აშკარად ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ მას ფსიქიკური სამყაროს ნიშნებიც აქვს" ("რეალობის ზღვარზე", გვ. 259). დ-რი ვალე ფიქრობს, რომ ისინი "მოწყობილნი არიან როგორც ფიზიკური საფრენი აპარატები (ეს ფაქტი დიდი ხანია უეჭველად მიმაჩნდა) და იმავე დროს როგორც ფსიქიკური ეკიპაჟები, რომელთა ზუსტი თვისებების განსაზღვრა ჯერ კიდევ წინ გვიდევს" ("უხილავი კოლეჯი", გვ.202).
სხვათა შორის, 50-იანი წლების დასაწყისში ბევრი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ამო საერთოდ არ არის ფიზიკური აპარატი, არამედ "პარაფიზიკური" ან ფსიქოლოგიური მოვლენაა, მაგრამ შემდგომში ეს აზრი უკუაგდეს – ერთი მხრივ, ამო-ს კულტის მიმდევრებმა, რომლებიც დაბეჯითებით მოითხოვდნენ ამო-ს "არამიწიერი" წარმოშობის აღიარებას, მეორე მხრივ კი ოფიციალურმა სამთავრობო განცხადებებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ფართოდ გავრცელებულ აზრს, ყოველივე ეს მხოლოდ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფიაო. და მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს სერიოზულმა მეცნიერებმა, რომ ამო, თუმცა მას ზოგიერთი ფიზიკური თვისება აქვს, შეუძლებელია ვინმეს "კოსმოსური ხომალდები" იყოს – იგი აშკარად პარაფსიქოლოგიური ანუ ოკულტური მოვლენების სფეროს ეკუთვნის.
და მართლაც, რატომაა, რომ ამდენი ამო ჯდება პირდაპირ გზაზე? ან რატომ სჭირდება ასე ხშირად რემონტი ასეთ ფანტასტიურად "სრულყოფილ" ხომალდს? რაში სჭირდებათ ამო-ს მკვიდრთ (აგერ უკვე 25 წელია) გაუთავებლად აგროვონ ქვები და ჯოხები, "გასინჯონ" ამდენი ადამიანი, თუკი, როგორც თვითონ ამტკიცებენ, კაცობრიობისათვის "სხვა პლანეტის გაცნობა" სურთ? დ-რი ვალე სვამს არცთუ უსაფუძვლო კითხვას: იქნებ "კოსმოსელი სტუმრების" იდეას მხოლოდ ყურადღების გადატანის ფუნქცია აქვს და ამით ნიღბავს რეალურ, ბევრად უფრო რთულ პროცესებს, რომლებმაც ეს მოვლენები გამოიწვიეს? ("უხილავი კოლეჯი", გვ.28). იგი ამტკიცებს, რომ "საქმე გვაქვს არა კოსმოსიდან სტუმრობის ტალღებთან, არამედ კონტროლის სისტემასთან" (გვ.195). "ამო-სთან ახლო კონტაქტების საშუალებით ადამიანის რწმენის კონტროლი ხდება" (გვ.3).
"ამო-ს ყოველ ახალ ტალღასთან ერთად მათი გავლენა ადამიანებზე სულ უფრო ძლიერდება. ახალგაზრდობას კოსმოსით, ფსიქიკური ფენომენებით, შემეცნების ახალი ჰორიზონტებით აღტაცება ეუფლება. გამოდის სულ უფრო მეტი წიგნი და სტატია, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის შეცვლას განაპირობებენ" (გვ.197). სხვა წიგნში დ-რი ვალე აღნიშნავს: "შესაძლებელია მოსახლეობის დიდი ჯგუფების დარწმუნება, რომ არსებობს ზებუნებრივი რასები, მფრინავი მანქანები, დასახლებული პლანეტები, თუკი მათ წინაშე დადგამ კარგად დამუშავებულ სცენებს, რომლებიც მოცემული დროისა და ადგილის კულტურას შეესაბამებიან" (ჟ. ვალე, "საშვი მაგონიაში", ჩიკაგო, 1969).
ამ "კარგად დამუშავებული სცენების" ამოხსნის გასაღები შეიძლება ვიპოვოთ თავისებურებებში, რომლებიც ამო-ს მკვლევრებმა შენიშნეს: ყველა სცენა ღრმად აბსურდულია, ანდა იმდენადვე შეიცავს აბსურდულ ელემენტს, რამდენადაც რაციონალურს. ამგვარი აბსურდული დეტალის მაგალითია ოთხი კვერი, რომლებიც ამო-ს მკვიდრმა ვისკონსინის შტატის ფერმერს მისცა (1961წ.). და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, თვითონ ეს კონტაქტები საოცრად უაზროა, მათ არავითარი მიზანი ან ამოცანა არ გააჩნიათ. ერთ-ერთმა პენსილვანიელმა ფსიქიატრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აბსურდულობა, რომელიც დამახასიათებელია ახლო კონტაქტების თითქმის ყველა შემთხვევისთვის, სინამდვილეში ჰიპნოზის ხერხია და სხვა არაფერი. "როდესაც ადამიანები აბსურდულობისა და წინააღმდეგობრიობის გამო სულიერ წონასწორობას კარგავენ და გონებას ძაბავენ, რათა როგორმე ჩასწვდნენ მომხდარის აზრს, მაშინ ისინი განსაკუთრებით იხსნებიან სხვისი აზრების მიღებისათვის, ფსიქიკური კურნებების აღსაქმელად და ა.შ." ("უხილავი კოლეჯი", გვ.115). დ-რი ვალე ამ ხერხებს ძენ-ბუდიზმის ოსტატების ირაციონალურ "კოანებს" ადარებს და აღნიშნავს მსგავსებას ამო-სთან კონტაქტებსა და "ინიციაციის" ოკულტურ რიტუალებს შორის, რომლებიც ამზადებენ შემეცნებას სიმბოლოთა ახალი სისტემის მისაღებად (გვ.117). ყოველივე ეს კი იმის ნიშანია, რასაც მეცნიერი "რელიგიის შემდგომ ფორმას უწოდებს" (გვ.202).
ამრიგად, ამო-სთან კონტაქტები სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე ფორმა ოკულტური ფენომენებისა, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდნენ. ადამიანები განუდგნენ ქრისტეს და ელიან "მხსნელებს" კოსმოსიდან, ამიტომაც გვიჩვენებს ეს ოკულტური ფენომენი კოსმოსური ხომალდებისა და უცხოპლანეტელების სახეებს. მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს ფენომენი, ვინ და რა მიზნით არის დაკავებული მისი "შემუშავებით"?
დღეს მეცნიერებმა უკვე იპოვეს პასუხი სხვა თუ არა, პირველ ორ კითხვაზე მაინც, მაგრამ რელიგიის სფეროში სრული არაკომპეტენტურობის გამო მათ არ ძალუძთ მთლიანად გააცნობიერონ თავიანთი აღმოჩენის მნიშვნელობა. ერთ-ერთი მათგანი, ბრედ სტეიჯერი, "ცისფერი წიგნის" კარტოთეკის შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ "საქმე გვაქვს მრავალპლანიან ფენომენთან, რომელიც ოდითგანვე ახასიათებდა პლანეტა დედამიწას" ("კანადური ცნობები ამო-ს შესახებ", 1977 წლის ზაფხული). დ-რები ვალე და ჰაინეკი "დედამიწელი უცხოების" ჰიპოთეზას ავითარებენ და ურთიერთგანმსჭვალავ სამყაროებზე ლაპარაკობენ, საიდანაც ეს უცხოები დაახლოებით ისევე გვევლინებიან, როორც ბოროტი სულები – მათ შეუძლიათ ფიზიკური ეფექტების მოხდენა და ამასთან თვითონ უხილავნი რჩებიან. ჯონ კილი, ურწმუნო აგნოსტიკოსი, რომელიც თავის კვლევას სკეპტიციზმის პოზიციიდან იწყებდა, წერს: "ამო-ს ნამდვილი ისტორია – ესაა ისტორია სულებსა და მოჩვენებებზე, უცნაურ გონებრივ აშლილობებზე, უხილავ სამყაროზე, რომელიც გარს გვაკრავს და ხანდახან ჩვენს სამყაროშიც იჭრება... ესაა ილუზიების სამყარო, სადაც თვით რეალობა იდუმალი ძალების მიერ მახინჯდება – როგორც ჩანს, ამ ძალებს შეუძლიათ სივრცით, დროითა და ფიზიკური მატერიით მანიპულირება... კაცმა რომ თქვას, ამო-ს გამოვლინებები მრავალი საუკუნის მანძილზე ცნობილი დემონოლოგიური ფენომენის უმნიშვნელო ვარიაციებია" (ჯონ კილი, "ამო: ოპერაცია "ტროას ცხენი", ნიუ იორკი, 1970, გვ. 46-299).
ამო-ს შესახებ გამოცემულ ერთ-ერთ ბიბლიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ "ბევრი ცნობა ამო-ზე საოცრად წააგავს ეშმაკეულთა ისტორიებს და სხვა ფსიქიკურ ფენომენებს, რომლებსაც კარგად იცნობენ ღმრთისმეტყველები და პარაფსიქოლოგები". ამო-ს მკვლევართა უმრავლესობა პრობლემის არსში გასარკვევად დღეს ოკულტიზმისა და დემონოლოგიის სფეროს მიმართავს. პროტესტანტი ევანგელისტები, ამო-ს შესახებ ბოლო რამდენიმე შრომის ავტორები, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ამო-ს ფენომენს აშკარად დემონური ხასიათი აქვს – საეჭვოა, მართლმადიდებელ ქრისტიანს სხვა აზრი გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ცნობა ყალბია ანდა ჰალუცინაციის შედეგი, მაგრამ შეუძლებელია ამით აიხსნას ამო-ს შესახებ არსებული ათასობით ინფორმაცია. თანამედროვე მედიუმების უმრავლესობა და მათი სპირიტისტული სეანსებიც თაღლითობაა, მაგრამ თვითონ მედიუმური სპირიტიზმი თავისი ნამდვილი სახით, უეჭველია, დემონთა ზემოქმედებით რეალურ "პარანორმალურ" ეფექტებს ახდენს. ამო-ს ფენომენიც იგივე წარმომავლობისაა და თანაც არანაკლებ რეალური.
იმ ადამიანების ისტორიებში, ვინც ამო-სთან დაამყარა კონტაქტი, კარგად იცნობა ტიპიური ხერხები, რომლებიც ოკულტურ სფეროში დემონებთან ურთიერთობას ახასიათებს. მაგალითად, კალიფორნიელმა პოლისმენმა ამო პირველად 1966 წელს ნახა და მას შემდეგ ხშირად ხედავდა, ძირითადად ღამით. ამო-ს ერთ-ერთი დაჯდომის შემდეგ მან და მისმა ცოლმა მიწაზე სრულიად აშკარა კვალი ნახეს. "უცნაური ხილვების პერიოდში სრულიად შეპყრობილი ვიყავი ამო-ს იდეით და მეგონა, ჩემს თავს რაღაც "დიდი" უნდა მომხდარიყო. თავი დავანებე ბიბლიის კითხვას და ზურგი ვაქციე ღმერთს, რადგანაც ზედიზედ ვკითხულობდი ყველა წიგნს ამო-ს შესახებ, რასაც კი მოვიხელთებდი... მრავალი ღამე გავათენე ამაო მოლოდინში, ვცდილობდი აზრობრივი კონტაქტი მქონოდა მათთან, ვისაც არამიწიერ არსებებად ვთვლიდი, თითქმის ვლოცულობდი მათ წინაშე, რათა გამოჩენილიყვნენ და რაიმე კავშირი მაინც დაემყარებინათ ჩემთან". ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა – გამოჩნდა 80 ფუტის დიამეტრის მქონე ხომალდი, რომელსაც თეთრი, წითელი, მწვანე მბრუნავი სინათლეები ერტყა გარს. მალე ხომალდი გაქრა და პოლისმენი კვლავ რაღაც "დიდის" მოლოდინში დატოვა, მაგრამ მეტი აღარაფერი მომხდარა – ამო აღარ გამოჩენილა. ამ იმედგაცრუების შემდეგ პოლისმენი ალკოჰოლს მიეტანა, დეპრესია დაეწყო და თავის მოკვლაზეც კი დაიწყო ფიქრი, სანამ ქრისტესაკენ არ მოექცა – ამით დასრულდა მისი ცხოვრების ეს პერიოდი. ადამიანებს, რომლებმაც რეალური კონტაქტი დაამყარეს ამო-ს მკვიდრებთან, კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები ხვდებათ: ეს არსებები ზოგჯერ პირდაპირ "ეუფლებიან" მათ და, თუ ვინმემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მოკვლასაც კი უპირებენ. ეს შემთხვევები თვალნათლივ გვარწმუნებენ, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მნიშვნელობისაა ამო-ს ფენომენი მთლიანობაში, ყოველ "ახლო კონტაქტს" კიდევ თავისი სპეციფიკური მიზანიც აქვს – აცთუნოს ადამიანი, რომელთანაც კონტაქტს ამყარებს, აქციოს იგი ამო-ს კულტის გამავრცელებლად ან პირად სულიერ კატასტროფამდე და სრულ დეზორიენტაციამდე მაინც მიიყვანოს.
ამო-ს ფენომენის ყველაზე იდუმალი ასპექტები, რომლებიც მეცნიერების დაბნეულობას იწვევს – კერძოდ კი ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლების უცნაური აღრევა – სრულიადაც არ აოცებს მართლმადიდებლური სასულიერო ლიტერატურის, მეტადრე წმინდანთა ცხოვრებების მკითხველს. დემონებსაც აქვთ "ფიზიკური სხეულები", მაგრამ მათი "მატერიალურობა" იმდენად ფაქიზია, რომ თვალისთვის უხილავი რჩება, სანამ კაცის "სულიერი აღქმის კარი" არ გაიღება – ან ღმრთის ნებით (წმიდანებისთვის), ან მის საწინააღმდეგოდ (ჯადოქრებისა და მედიუმებისთვის)[1].
მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით დემონთა გამოცხადების შემთხვევებს, რომლებიც მშვენივრად თავსდებიან ამო-ს სქემაში: "ხორციელი" არსებებისა და "ხელშესახები" საგნების გამოცხადება (ამ სახით კაცს ან თვითონ ეშმაკები ევლინებოდნენ, ან მათი ილუზორული ქმნილებები), ამ არსებებისა თუ საგნების უეცარი გაჩენა და გაქრობა ადამიანების შესაძრწუნებლად. წმ. ანტონი დიდისა (IVს.) და წმ. კვიპრიანეს, ყოფილი მოგვის (IIIს.) ცხოვრებები სავსეა მსგავსი მაგალითებით.
წმ. მარტინ ტურელის (397წ.) ცხოვრება, რომელიც მისმა მოწაფემ, სულპიციუს სევერუსმა აღწერა, შეიცავს დემონური ძალის მოქმედების საინტერესო ნიმუშს – იგი უცნაურ "ფიზიკურ" მოვლენასთანაა დაკავშირებული და ძალიან წააგავს დღევანდელ "ახლო კონტაქტებს" ამო-სთან. ერთი ჭაბუკი, სახელად ანატოლი, წმ. მარტინის მონასტრის ახლოს მოღვაწეობდა, მაგრამ ცრუ მორჩილების გამო ეშმაკის საცთურის მსხვერპლი გახდა: მან წარმოიდგინა, რომ ანგელოზებს ესაუბრებოდა. რათა სხვებიც დაერწმუნებინათ მის "სიწმიდეში", "ანგელოზები" დათანხმდნენ, რომ მიეცათ "ბრწყინვალე ზეციური სამოსელი", როგორც ნიშანი, რომ ამ ჭაბუკში "ღმრთაებრივი ძალა" იყო დამკვიდრებული. და აი ერთხელ, ნაშუაღამევს, მისი სენაკის მახლობლად მოცეკვავე ფეხების ბაკუნისა და უამრავი ადამიანის ჩურჩულის ხმა გაისმა. ანატოლის სენაკი თვალისმომჭრელი შუქით აივსო, მერე სიჩუმე ჩამოვარდა და იგი იქიდან "ზეციურ" შესამოსელში გამოწყობილი გამოვიდა. "მოიტანეს სანთლები და ყველამ გულმოდგინედ გასინჯა ტანისამოსი. ეს იყო საოცრად რბილი, არაჩვეულებრივად ბრწყინვალე, ღია ალისფერი კაბა, მაგრამ თვითონ ქსოვილის რაობა ვერავინ გაარკვია. ამავე დროს გულმოდგინე დაკვირვებებმაც და ხელით გასინჯვამაც დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ ტანისამოსია და სხვა არაფერი". მეორე დღეს ანატოლის სულიერმა მამამ ხელი მოჰკიდა მას და წმ. მარტინთან წასვლა შესთავაზა – მოდი, გავარკვიოთ, ყოველივე ეს ეშმაკის ფანდები ხომ არ არისო. ანატოლი სასტიკ უარზე დადგა, ხოლო "როდესაც ძალით წაიყვანეს, ტანისამოსი გაქრა". გადმოცემის ავტორი (რომელიც ან თვითონ იყო ამ შემთხვევის მოწმე, ან მოწმეთა სიტყვები მოჰყავს) დაასკვნის, რომ "ეშმაკს არ შეეძლო თავისი ილუზიების გაგრძელება ან მათი ნამდვილი ბუნების დამალვა წმ. მარტინის წინაშე. წმიდანს ისეთი უნარი ჰქონდა სატანის ხედვისა, რომ ნებისმიერი ნიღბის ქვეშ სცნობდა მას – სულ ერთია, თავისი სახით ევლინებოდა ადამიანს თუ "სულიერი არაწმინდების" სხვა ფორმით: წარმართული ღმერთების ან თვით "ქრისტეს" სახით, როდესაც "ქრისტე" სამეფო შესამოსელში, თავზე გვირგვინით, მკვეთრი წითელი შუქით განათებული ეცხადებოდა"[2].
რა თქმა უნდა, დღევანდელი "მფრინავი თეფშების" გამოცხადებები დემონური "ტექნიკის" ფარგლებს არ სცილდება – და მართლაც, ამ მოვლენებისათვის ეს საუკეთესო ახსნაა. მართლმადიდებლურ ლიტერატურაში აღწერილი ეშმაკის საცთურის სხვადასხვა სახე კოსმოსის მითოლოგიასთან იყო მისადაგებული. ზემოხსენებული ანატოლი დღეს უბრალო "მეკონტაქტედ" ჩაითვლებოდა. სრულიად აშკარაა "ამოუცნობი ობიექტების" მიზანიც ყველა ამ შემთხვევაში: იდუმალების განცდის გამოწვევა, "უმაღლესი გონიერი არსებების" რეალურობის დამტკიცება (ეს არსებები მსხვერპლს ან "ანგელოზებად" წარმოუდგებიან, ან, თუ იგი ჩვენი თანამედროვეა, "კოსმოსელ სტუმრებად"). ამგვარად, ამო-ს მკვიდრნი ცდილობენ უფრო სარწმუნო გახადონ ის ეპისტოლე, რომლის გადაცემაც მათ სურთ ადამიანებისთვის. რას წარმოადგენს ეს "ეპისტოლე", ამას ქვემოთ განვიხილავთ.
ეშმაკის მიერ ადამიანის გატაცება, რომელიც ძალიან წააგავს ამო-სთან დაკავშირებულ გატაცებებს, აღწერილია XV საუკუნის წმ. მამის ნილოს სორელის ცხოვრებაში. წმიდანის გარდაცვალებიდან მცირე ხანი იყო გასული, მის მონასტერში ცხოვრობდა ერთი მღვდელი თავისი ვაჟიშვილით. ერთხელ, როდესაც ყმაწვილი რაღაც დავალების შესასრულებლად გაგზავნეს, "მას ვიღაც უცნობი დაესხა თავს, რომელმაც ხელი სტაცა და, თითქოს ქარმა წაიღოო, დიდი სისწრაფით გააქანა უღრანი ტყისკენ, თავის სახლში შეიყვანა და დიდ ოთახში, ფანჯარასთან დასვა". ამ დროს ბავშვის მამა და სხვა ბერები ევედრებოდნენ წმ. ნილოსს, შესწეოდა დაკარგული ბავშვის მოძებნაში. ღირსი მამა "მივიდა სახლთან, რომელშიც ბავშვი იყო და ფანჯარას კვერთხი დაარტყა. მაშინ მთელი შენობა შეირყა და ყველა არაწმიდა სული მიწაზე განერთხა". წმიდანმა უბრძანა დემონს, ბავშვი იმავე ადგილას დაებრუნებინა, საიდანაც მოიტაცა, და თვალს მიეფარა. ეშმაკები ერთხანს სიმწრისაგან ყმუოდნენ, მერე ისევ იმ უცნობმა აიყვანა ბავშვი და ქარის უსწრაფესად სკიტეში დააბრუნა... ბოლოს თივის ზვინზე დატოვა და გაქრა". იქვე იპოვეს იგი ბერებმა. "ბავშვმა მათ უამბო, რაც ნახა და მოისმინა. ამის შემდეგ იგი ძალიან ჩუმი და წყნარი გახდა, თითქოს გამოლენჩდა. მღვდელი დიდხანს ვერ მოვიდა გონს გადატანილი შიშის შემდეგ და მალე შვილთან ერთად დატოვა სკიტე". ამგვარივე შემთხვევაა აღწერილი უკვე XIX საუკუნეში: საკუთარი დედისაგან დაწყევლილმა ერთმა ჭაბუკმა 12 წელი ეშმაკის – "ბაბუის" – ტყვეობაში გაატარა. მას მიეცა უნარი უხილავი გამხდარიყო და დემონს ადამიანების შეშინებაში დახმარებოდა.
ამგვარი ნამდვილი ამბები დემონების შესახებ შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენი დროის სულიერი კრიზისის ნიშანია, რომ თანამედროვე ადამიანი მთელი თავისი "განათლებისა" და "სიბრძნის" მიუხედავად კვლავ აქცევს ყურადღებას ასეთ მოვლენებს, მაგრამ ამჟამად მას უკვე აღარა აქვს ის ქრისტიანული საფუძველი, რომელიც მათ ახსნაში დაეხმარებოდა. ამო-ს თანამედროვე მკვლევრები ამ ფენომენის განსამარტავად (იგი მეტისმეტად თვალშისაცემი გახდა საიმისოდ, რომ მისი იგნორირება შეიძლებოდეს) დღეს ფსიქოლოგებთან ერთად ცდილობენ შეიმუშაონ "ერთიანი ველის თეორია", რომელმაც უნდა მოიცვას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ფენომენები. მაგრამ ეს მეცნიერები მხოლოდ თანამედროვე "განათლებული" ადამიანების კვალს მისდევენ, ცდილობენ რა პასუხი გასცენ შეკითხვებს სულიერი სფეროდან, თუმცა ამ სფეროს არ შეიძლება "ობიექტურად" მიუდგე, აქ მხოლოდ რწმენაა საჭირო. მატერიალური სამყარო ზნეობის მხრივ ნეიტრალურია, ამიტომ ობიექტურმა მკვლევარმა მის შესახებ შეიძლება საკმაოდ ბევრი რამ იცოდეს. მაგრამ უხილავი სამყარო კეთილი და ბოროტი სულებითაა დასახლებული და "ობიექტური" დამკვირვებელი ვერ შეძლებს მათ გარჩევას მანამ, სანამ არ ირწმუნებს იმ გამოცხადებას, რომელიც ადამიანს უხილავმა ღმერთმა მიანიჭა. ამო-ს დღევანდელი მკვლევრები ერთ სიბრტყეში აქცევენ ბიბლიის ღმრთაებრივ გამოცხადებას და სატანისაგან შთაგონებულ ავტომატურ სპირიტულ ჩანაწერებს – ისინი ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ ანგელოზებისა და ეშმაკების მოქმედებას. დღეს მეცნიერებმა უკვე იციან (მატერიალისტური ცრურწმენების ხანგრძლივი ბატონობის შემდეგ), რომ არამატერიალური სამყარო არსებობს და იგი სავსებით რეალურია. ისინი ხედავენ მის გამოვლინებას ამო-ს ფენომენში, მაგრამ ვიდრე ამ მეცნიერების მიდგომა ამო-ს პრობლემისადმი "მეცნიერული" რჩება, უხილავ სულებს ისევე იოლად შეუძლიათ მათი ცთუნება, როგორც ყველაზე გულუბრყვილო "მეკონტაქტისა". ყოველთვის, როცა მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, ვინ ან რა დგას ამო-ს ფენომენის უკან და რა მიზანს ემსახურება ეს უკანასკნელი, ისინი სრულიად აბსურდულ ვარაუდებს გამოთქვამენ. მაგალითად, დ-რი ვალე აღიარებს, რომ ჩიხში მოემწყვდა და არ იცის, რა ძალა ვლინდება ამო-ში: ზნეობრივად ნეიტრალური "თვითმართვადი მექანიზმი" ან კეთილგანწყობილ "ბრძენთა საზეიმო კრებული", რაშიც ჩვენს დარწმუნებას ცდილობს მითი "უცხოპლანეტელთა" შესახებ, თუ "საზარელი, ზეადამიანური სისასტიკე, რომელსაც ვგონებ კაცთა მოდგმის ჭკუიდან შეშლა განუზრახავს", ანუ ეშმაკთა მოქმედება ("უხილავი კოლეჯი", გვ.206).
ამო-ს ფენომენის სწორი შეფასება მხოლოდ ქრისტიანული გამოცხადებისა და სულიერი გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი, მისი შეცნობა ძალუძს მდაბალ, მორწმუნე ქრისტიანს, რომელიც ამ ორ წყაროს ეყრდნობა. ცხადია, კაცისთვის მიუწვდომელია ანგელოზებისა და დემონების სამყაროს სრული "ახსნა", მაგრამ ქრისტიანობის იმდენი ცოდნა კი მოგვცა ღმერთმა, რომ მივხვდეთ, როგორ მოქმედებენ ეს ძალები სამყაროში და როგორ ვუპასუხოთ ამ მოქმედებას ჩვენ, განსაკუთრებით, როგორ გავექცეთ ეშმაკის მახეს. და თუმცა ამო-ს მკვლევრები უკვე მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი კვლევის საგანი თავისი ხასიათით ემთხვევა იმ სფეროს, რომელსაც ჩვეულებრივ "დემონურს" უწოდებენ, მაგრამ ამ დასკვნის მთლიანად გააზრება მხოლოდ ქრისტიანს შეუძლია – მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელიც საღმრთო წერილის წმ. მამებისეული განმარტებებითა და უხილავ სულებთან წმიდანთა კონტაქტის 2000-წლიანი გამოცდილებითაა განათლებული.
ამო-ს ფენომენის მნიშვნელობა
და მაინც, რამ გამოიწვია ამო-ს ფენომენის წარმოშობა ჩვენს დროში? რატომ გამოჩნდნენ ისინი სწორედ მოცემულ ისტორიულ პერიოდში? რომელი მომავლისაკენ მიგვითითებენ?
ჯერ ერთი, ამო-ს ფენომენი მხოლოდ ნაწილია "პარანორმალური" მოვლენების წამლეკავი ლავისა, რომლებსაც სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანების უმრავლესობა "სასწაულად" ჩათვლიდა. დ-რი ვალე თავის წიგნში "უხილავი კოლეჯი" ამ ფაქტის ამსოფლიურ ხედვას გადმოგვცემს: "ჩვენს სამყაროში უცნაური ობიექტების შემოჭრამ მოულოდნელად საშიში მასშტაბები მიიღო" (გვ.187), "რამაც ადამიანების რწმენაზეც კი მოახდინა გავლენა" (გვ.114). "ადამიანების ცნობიერებას რაღაც დაემართა"; "იგივე ძალა, რომელმაც წარსულში დიდი გავლენა მოახდინა კაცთა მოდგმაზე, დღესაც იწყებს მოქმედებას" (გვ.14). ქრისტიანულ ენაზე ეს შემდეგს ნიშნავს: კაცთა მოდგმას თავს დაატყდა ეშმაკების ახალი შემოსევა. ქრისტიანული აპოკალიფსური შეხედულებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალა, რომელიც აქამდე აკავებდა დემონური მოქმედების უკანასკნელ და ყველაზე საზარელ გამოვლინებას დედამიწაზე, უკვე აღიხოცა (2 თეს. 2,7), ქრისტიანული მთავრობა და საზოგადოებრივი წყობა (რომლის მთავარი წარმომადგენელი დედამიწაზე მართლმადიდებელი მეფე იყო) აღარ არსებობს, აღარ არსებობს აგრეთვე ქრისტიანული მსოფლმხედველობა, როგორც ერთი მთლიანობა. და აი, სატანა გათავისუფლებულ იქნა საპყრობილიდან, სადაც მას ღმრთის მადლი აკავებდა, რათა "გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა" (გამოცხ. 20,7-8) და მოამზადოს ისინი ანტიქრისტეს მისაღებად უკანასკნელ ჟამს. ქრისტეს ერის დაწყებიდან ეშმაკებს ასე აშკარად და საყოველთაოდ ალბათ არასოდეს უმოქმედიათ. "კოსმოსელი სტუმრების" თეორია მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია, რომლის საშუალებითაც ისინი ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ, თითქოს "უმაღლესი არსებები" ამიერიდან თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას კაცობრიობის მომავალ ბედზე[3].
მეორეც, ამო სხვა არაფერია, თუ არა უახლესი მედიუმური ხერხი, რომლის მეშვეობითაც სატანა თავისი ოკულტური სამყაროს მომხრეებს აგროვებს. ეს საზარელი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი მისაწვდომი გახდა დემონური გავლენისათვის – ისე, როგორც არასდროს ქრისტიანობის დასაწყისიდან. XIX საუკუნეში დემონებთან კონტაქტის დასამყარებლად აუცილებელი იყო ბნელი ოთახის გამონახვა სპირიტული სეანსისათვის, დღეს კი საამისოდ საკმარისია ცაში აიხედოს კაცმა. ამჟამად კაცობრიობამ იმ ცოდნის ნარჩენებიც დაკარგა, რაც მას ქრისტიანული მოძღვრების შესახებ გააჩნდა, და ახლა პასიურად ექვემდებარება ციდან დაშვებულ ნებისმიერ "ძალას". ფილმი "III სახის ახლო კონტაქტები" საოცარი მხილებაა იმისა, თუ რა ცრუმორწმუნე გახდა თანამედროვე "პოსტქრისტიანული" ადამიანი, რომელიც მზად არის უყოყმანოდ ენდოს თითქმის შეუნიღბავ დემონს და გაჰყვეს მას, საითაც არ უნდა გაუძღვეს[4].
მესამეც, ამო-ს "ეპისტოლე" ანტიქრისტესათვის გზის მომზადებას ისახავს მიზნად – განდგომილი სამყაროს "მხსნელი" მოვა მის სამართავად. შესაძლოა, იგი ჰაერიდანაც მოგვევლინოს, რათა უფრო სრულად მიემსგავსოს ქრისტეს (მათ.24,30; საქმ.1,11); იქნებ "კოსმოსელი სტუმრები" საჯაროდ გადმოსხდნენ, რათა "კოსმიური თაყვანისცემა" მიაგონ თავიანთ ხელმწიფეს, ხოლო "ცეცხლი ზეცით" (აპოკ.13,13) ბოლო ჟამის დიდი დემონური სანახაობების მხოლოდ ნაწილი გახდეს. ასეა თუ ისე, თანამედროვე კაცობრიობისადმი მიმართული "ეპისტოლე" ღაღადებს: "ელოდეთ ხსნას, მაგრამ არა ქრისტიანული გამოცხადებისა და უხილავი ღმერთის რწმენის გზით, არამედ კოსმოსელი სტუმრებისაგან".
სწორედ ეს არის ბოლო ჟამის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც "საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ" (ლუკ.21,11). ჯერ კიდევ ასი წლის წინ ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა თავის წიგნში "სასწაულებისა და ნიშების შესახებ" (Соч. епископа игнатия Брянчанинова, т.4, стр. 292) თქვა: "შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ დღევანდელ ქრისტიანულ საზოგადოებაში გავრცელებული მისწრაფება სასწაულების ხილვისა და მათი ქმნისკენაც კი... ასეთი მისწრაფება ამჟღავნებს, რომ სული ხიბლის მდგომარეობაშია, ეს ხიბლი კი ემყარება სულში დამკვიდრებულ თავისმოყვარებასა და დიდებისმოყვარებას" (გვ.312). ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი მამების რიცხვმა იკლო, დღეს ისინი თანდათან ქრებიან, მაგრამ "ადამიანებს უფრო გაშმაგებით სწყურიათ სასწაულები, ვიდრე ოდესმე... ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით იმ ხანას, როდესაც ურიცხვი და საკვირველი ცრუ სასწაულები დაიწყება, რომლებიც წარწყმედისაკენ გაუძღვებიან ხორციელი ზრახვის ბედკრულ შვილთ, ამ სასწაულების მიერ ცთუნებულთ" (გვ.323).
ამო-ს მკვლევრებს განსაკუთრებით ალბათ მაინც ეს დააინტერესებს: "ანტიქრისტეს სასწაულები უფრო მეტად ჰაერში მოხდება, რადგან სატანის მთავარი სამფლობელო სწორედ ჰაერია. ისინი განსაკუთრებით მხედველობაზე იმოქმედებენ, მოხიბლავენ და მოატყუებენ ადამიანებს. როდესაც წმ. იოანე ღმრთისმეტყველი თავის "აპოკალიფსში" სოფლის დასასრულის წინ მოსახდენ მოვლენებს აღწერს, ამბობს, რომ ანტიქრისტე "იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა" (აპოკ. 13,13). ამ ნიშანზე წმ. წერილი მიუთითებს, როგორც ანტიქრისტეს უდიდეს სასწაულზე. ესეც ჰაერში მოხდება, და იქნება დიდებული და საშინელი სახილველი" (გვ.298). წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამაზე ამბობს, რომ "ლოცვის ღვაწლს შედგომილმა ძალიან იშვიათად უნდა იყუროს ცაში – ჰაერის ბოროტ მცველთა შიშით, რომლებიც იქიდან ათასგვარ საცთურს გვივლენენ" (ფილოკალია, "ყურადღებისა და ლოცვის სამი სახისათვის"). "ვერ მიხვდებიან კაცნი, რომ ანტიქრისტეს სასწაულებს არავითარი კეთილი და გონივრული მიზანი ან გარკვეული აზრი არ გააჩნიათ, რომ მათთვის უცხოა ჭეშმარიტება, რომ ტყუილით არიან სავსენი, რომ ესაა რაღაც თავიდან ბოლომდე საზარელი, უბოროტესი, უაზრო "მსახიობობა", რომელიც ყოველ ღონეს ხმარობს, რომ გააოცოს, თავდავიწყება აგრძნობინოს, მოხიბლოს, მოატყუოს ადამიანი, გაიტაცოს იგი ფუჭი, მდიდრული, სულელური ეფექტებით" ("სასწაულებისა და ნიშებისათვის", გვ.296). "ყველა დემონურ მოვლენას ერთი საერთო თვისება აქვს: მათ მიმართ გამოჩენილი თვით უმცირესი ყურადღებაც კი დიდ საფრთხეს უქმნის კაცს. მხოლოდ ამ ყურადღებამ, არავითარი სიმპათიაც რომ არ ახლდეს თან, სულს შეიძლება ყველაზე მავნე შთაბეჭდილება დაამჩნიოს და მძიმე განსაცდელის მიზეზად ექცეს" (იქვე, გვ.324). ათასობით "მეკონტაქტემ" და ამო-სთან შეხვედრის უბრალო მოწმემაც კი თავის თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება და ცოტამ თუ შეძლო გათავისუფლება მას შემდეგ, რაც სერიოზულად ჩაება ასეთ კონტაქტებში.
ამო-ს მკვლევრებმაც კი თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს გაეფრთხილებინათ ადამიანები ამ კონტაქტების მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მაგ., ჯონ კილი წერს; "ამო-სთან ხუმრობა ისევე საშიშია, როგორც შავ მაგიასთან. ეს ფენომენი თავის მსხვერპლს გულუბრყვილო, ნევრასთენიულ და უმწიფარ ადამიანებს შორის ეძებს. ამგვარ კონტაქტებს შედეგად შეიძლება მოჰყვეს (და არაერთხელ მოჰყოლია) პარანოიდული შიზოფრენია, დემონომანია და თვითმკვლელობაც კი. ამო-ს მიმართ მსუბუქი ცნობისმოყვარეობა დამანგრეველ ვნებად იქცევა, ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევ მშობლებს, ხელი შეუშალონ შვილების გატაცებას ამ სფეროთი. არც სკოლის მასწავლებლებმა და უფროსებმა უნდა წაახალისონ ასეთი დაინტერესება" ("ამო: ოპერაცია "ტროას ცხენი", გვ.220).
სხვა ადგილას ძრწოლით და უსიამო წინათგრძნობით განმსჭვალული ეპისკოპოსი ეგნატე გადმოგვცემს უბრალო რუსი მჭედლის ხილვას, სადღაც პეტერბურგის მახლობლად, ურწმუნოებისა და რევოლუციების ხანის გარიჟრაჟზე (1817 წელს). შუადღისას მან უეცრად დაინახა უამრავი ეშმაკი ადამიანების სახით, ისინი ხის ტოტებზე შემომსხდარიყვნენ, უცნაური ტანისამოსი ეცვათ და წვეტიანი ქუდები ეხურათ, თან რაღაც უცნობ, უცნაურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და მღეროდნენ: "ჩვენი დროა! ჩვენი ნება!" (ს. ნილუსი, "ცხრაკლიტულში გამოკეტილი სიწმინდე", მოსკოვი, 1911, გვ. 122).
ჩვენ უკვე ეშმაკის ზეიმისა და განცხრომის ამ საშინელი საუკუნის მიწურულს ვცხოვრობთ, როდესაც საზარელ "ჰუმანოიდებს" (ეშმაკის კიდევ ერთ ნიღაბს) ათასობით ადამიანი ხედავს და როდესაც ისინი აბსურდული "კონტაქტების" მეშვეობით იპყრობენ ღმრთის მადლისაგან უცხოქმნილ ადამიანთა სულებს. ამო-ს ფენომენი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო ფრთხილად და შეგნებულად იაროს ცხონების გზაზე. მას უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა აცთუნოს და მოხიბლოს არა მარტო ცრუ რელიგიებმა, არამედ ერთი შეხედვით სრულიად მატერიალურმა საგნებმაც, რომლებიც უბრალოდ თვალში გვხვდებიან. ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანები, იცოდნენ რა ეშმაკის უკიდურესი მზაკვრობა, სიფრთხილით ეკიდებოდნენ ყოველ ახალ და უცნაურ მოვლენას, მაგრამ ახალი "განათლებული" ერის დადგომის შემდეგ ადამიანები ცნობისმოყვარეობას იჩენენ ასეთი საგნების მიმართ, ის კი არა, ეტანებიან კიდევაც – ეშმაკი მათ ნახევრად ფანტასტიკურ სფეროს მიაკუთვნეს. ამიტომ ამო-ს ნამდვილი ბუნების შეცნობამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი ქრისტიანების გამოღვიძებას შეგნებული სულიერი ცხოვრებისათვის და საერთოდ, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რომელიც იოლად არ აჰყვება დროის მოდურ იდეებს.
საღად მოაზროვნე მართლმადიდებელ ქრისტიანს კარგად ესმის, რომ იგი აშკარად დაცემულ სამყაროში ცხოვრობს: ქვევით, მიწაზეც და ზევით, ვარსკვლავებს შორისაც, ყოველივე ერთნაირად შორსაა დაკარგული სამოთხისაგან, რომელიც მას ენატრება. იგი ტანჯული კაცობრიობის ნაწილია – იმ კაცობრიობისა, ერთი წინაპრის, პირველი კაცის, ადამისაგან რომ იშვა; მან იცის, რომ ყველას ერთნაირად სჭირდება გამოხსნა, რომელიც უსასყიდლოდ ენიჭება ადამიანს მაცხოვრის მხსნელი სიკვდილით ჯვარზე; იცის, რომ ადამიანისათვის არ არის წინასწარ განსაზღვრული რაღაც "უმაღლეს" არსებად განვითარება ევოლუციის გზით, და რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი იმის დასაჯერებლად, თითქოს სხვა პლანეტებზე "მაღალგანვითარებული" არსებები ცხოვრობენ. მაგრამ მან ისიც იცის, რომ სამყაროში მის გარდა მართლაც არიან "უმაღლესი გონიერი არსებები", რომლებიც ორ სახედ იყოფიან, ამიტომ ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მათთან იყოს, ვინც ღმერთს ემსახურება (ანგელოზებთან) და გაექცეს კონტაქტს მათთან (ეშმაკებთან), ვინც უარყო ღმერთი, ვინც შურისა და ბოროტების გამო ცდილობს თავის უკუღმართ ყოფას ადამიანებიც აზიაროს. მან იცის, რომ ადამიანი თავისი ეგოიზმისა და უძლურების გამო ადვილად ცდება და იჯერებს "ჯადოსნურ ზღაპრებს", რომლებიც "უმაღლეს მდგომარეობას" ან "უმაღლეს არსებებთან კონტაქტს" ჰპირდებიან, თანაც ქრისტიანული მოღვაწეობის გარეშე – ფაქტიურად, ეს ქრისტიანული ცხოვრებისაგან გაქცევაც არის. ის არ ენდობა თავის უნარს – გაარჩიოს ეშმაკის მზაკვრობა, ამიტომ მტკიცედ ეჭიდება წმ. წერილს და წმ. მამათა სწავლებას, რომლებიც მას ქრისტეს ეკლესიამ უბოძა. ასეთ ადამიანს ძალუძს წინ აღუდგეს მომავლის რელიგიას, ანტიქრისტეს რელიგიას, რა ფორმითაც არ უნდა მოევლინოს იგი; დანარჩენი კაცობრიობა კი, თუ ღმრთის სასწაული არ იხსნის, დასაღუპავადაა განწირული.
[1] მართლმადიდებლური მოძღვრება დემონებსა და ანგელოზებზე, მათ გამოცხადებებსა და ჩვენებებზე, რომელიც შეაჯამა XIX საუკუნის დიდმა მართლმადიდებელმა მამამ, ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა, განხილულია წიგნში "სული გარდაცვალების შემდეგ". წმ. გერმანეს ძმობის გამოცემა, პლატინა, კალიფორნია, 1979 წ.
[2] ფ.რ. ჰორი, "დასავლელი მამები", ჰარპერ ტორჩბეკსი, ნიუ იორკი, 1965,
გვ. 36-41.
[3] მრავალი ცნობა "დიდფეხა" და სხვა სახის "მონსტრებზე" იმავე ოკულტურ თავისებურებებს შეიცავს, რასაც ამო-სთან შეხვედრები. ამას გარდა, "მონსტრების" გამოჩენა ხშირად ამო-ს გამოჩენას ემთხვევა.
[4] ახლახან აღმოჩენილი ორი "პარანორმალური" მოვლენა გვიჩვენებს, თუ რა თავხედურად იყენებენ დემონები მატერიალურ საშუალებებს (კერძოდ, თანამედროვე ტექნიკას) ადამიანებთან კონტაქტის დასამყარებლად. 1) ერთ-ერთმა ლატვიელმა მკვლევარმა (მერე კი სხვა მეცნიერებმაც) აღმოაჩინა, რომ მაგნიტოფონის ფირზე იდუმალი ხმები გაისმოდა – მაშინაც კი, როდესაც ჩაწერა ლაბორატორიულ პირობებსა და სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა. შედეგები მედიუმური სეანსის შედეგებს წააგავს. ოთახში მედიუმის ყოფნა თითქოს ამძაფრებს ეფექტს. 2) "უცხოპლანეტელები", რომელთა ხმაც ლითონივით ჟღერდა, კარგა ხანს იყენებდნენ ტელეფონს ორ "მეკონტაქტესთან" და ამო-ს ერთ მკვლევართან კავშირისათვის. ცხადია, ამ შემთხვევაში არსებობს მისტიფიკაციის ალბათობა, მაგრამ ბოლო წლებში აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც მიცვალებულთა ხმები (სრულიად დამაჯერებელი მათთვის, ვისთანაც კონტაქტს ამყარებდნენ) ტელეფონით ესაუბრებოდნენ ახლობლებს. ძნელია იმის უარყოფა, რომ, როგორც ამ ინფორმაციის ავტორი შენიშნავს, "შორეული წარსულის დემონები ჩვენს შორის დასეირნობენ" და თანაც ისეთ მასშტაბებში, უწინ რომ ვერავინ წარმოიდგენდა (ჯ. კილი, "ამო: ოპერაცია "ტროას ცხენი", გვ. 306).
თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.