წერილი ათონიდან
(ნაწ. 1)
წინამდებარე წიგნი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ქრიზოსტომოსისა და მისი დის, იღუმენია ვერონიკას სულიერი დარიგებების კრებულს წარმოადგენს.
მამა ქრიზოსტომოსი თითქმის ორმოცდაათი წელია, რაც ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობს. იგი ფილოთეოს მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, ამჟამად კი ამერიკაში მოღვაწე, არქიმანდრიტ ეფრემის სულიერი შვილია.
მამა ქრიზოსტომოსი, მას შემდეგ, რაც მან ათონის მთის წმინდა კინოტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველო მოილოცა, როგორც თავად ბრძანებს, ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ საოცარი ქრისტესმიერი სიყვარულით განიმსჭვალა.
ეს წიგნიც საქართველოსადმი ამ სიყვარულის ერთგვარ გამოხატულებასა და ლოცვა-კურთხევას წარმოადგენს.
მთარგმნელისაგან
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ
ქართველი ძმებისა და დებისადმი მიძღვნილი მოკრძალებული სულიერი "თაიგული"
ჩემო საყვარელო შვილო, გახსოვდეს, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან... მაგრამ შენ არ შეშინდე, რადგან ისინი კეთილს გვიყოფენ, გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ.., ამიტომ ნუ შეშინდები, სულიერ კლდედ იქეცი... არასოდეს, არასოდეს არ დანებდე ბოროტებას! თუკი იგი შეგეხება, დაგარტყამს, ან სულაც "ჯვარს გაცვამს" და დაგანაწევრებს – არ დაუთმო, ქედი არ მოუხარო... უდრეკად, გამართულად იდექი შენი გულის ზნეობრივ გალავანზე. ჩემო კეთილო შვილო, როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ "კლდეები" მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან... ამიტომ გევედრები, იმ სულიერ "კლდედ" იქეცი, რომელზეც, ღვთის შემწეობით, სატანური ნიაღვრის ყოველი შეტევა დაიმსხვრევა!
ამრიგად, ჩემო საყვარელო ქართველო შვილო, შეიქენ კლდედ და ნუ შეშინდები... უფალი გიმზერს, გაკურთხებს, გვირგვინოსანგყოფს და გელოდება!
ჩემო შვილო! იქეცი ქრისტიანულ "კლდედ"!
(მონაზონი ვერონიკა)
ქრისტესმიერ საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, ამ მრავალგვერდიან წერილში ბევრი დავწერეთ სიყვარულზე... ძალზე სასიხარულო და ამაღელვებელია, რომ აქ ჩემი დის – გერონტისა ვერონიკას სულიერ დარიგებებს წაიკითხავთ... მას ჩემგან თქვენს შესახებ ბევრი სმენია და ძალზე შეგიყვარათ, საკუთარ ძმებად, დებად, შვილებად გთვლით და მუდამ გიხსენიებთ საკუთარ ლოცვებში. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დიდი მადლია, რომ ჩვენი წმინდა გერონტისა მუდმივად თქვენზე ლოცულობს...
ჩემო ძმებო და დებო, წმინდა სახარებაში, იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაში პირველი ადგილი სიყვარულს უჭირავს... ქრისტე თავად არის სიყვარული. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი სათნოება, მან უპასუხა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულიერი ძალით და შეიყვარო მოყვასი როგორც თავი შენი, ვინაიდან კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებას ეფუძნება. ყველა სათნოება კარგია, თუმცა ნებისმიერ კეთილ საქმეს, ნებისმიერ ქველმოქმედებას საფუძველი სიყვარულის გარეშე არ ექნება. სიყვარული, ძმებს შორის ურთიერთობებში, არის და უნდა იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ძალა...
სიყვარულია შენდობის თხოვნის საფუძველი, რადგან სიყვარულმა არ იცის რას ნიშნავს სიძულვილი... სიყვარულია – წყარო მოწყალებისა და ყოველგვარი სიკეთისა. სიყვარულია ის "მარილი", რომელიც ჩვენს ცხოვრებას გემოს აძლევს.
სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუკი იგი სიყვარულით კეთდება...
რა მშვენივრად წერს ერთი წმინდა მამა: "სიკეთე სიკეთეა მხოლოდ მაშინ, როდესაც "კეთილად კეთდება".
სულ პატარა სიკეთეს, რომელიც სიყვარულით კეთდება, დიდი ფასი აქვს. ამ დროს იგი ბრწყინვალე და ძვირფას საჩუქრად გადაიქცევა.
სიყვარული სათნოებების "დედად" არის აღიარებული. სიყვარული სიხარულსა და გულს აფართოვებს... მათ საკუთარ თავში აერთიანებს...
სიყვარულის ხალიჩა კი თავმდაბლობით იქსოვება... ყოველგვარ ცუდს სიყვარული შლის და ანადგურებს.
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის ნაკლს აღმოაჩენს და მის განსაკურნებლად იღვწის... სიყვარული ჩვენს "უფლებებზე" მოყვასის შენობას, მის წინსვლას, მის ცხონებას აშენებს!
სიყვარული კი არ იპარავს, არამედ გასცემს!
ღვთისნიერი სიყვარული კი არ "კლავს", არამედ მსხვერპლს გაიღებს ძმისთვის!
ჭეშმარიტი სიყვარულისთვის სრულიად უცხოა სიძულვილი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე შევიყვაროთ ყოველი ადამიანი! დაე ვიღვაწოთ, რომ საკუთარი "მე" დავივიწყოთ და მის ადგილას "ჩვენ" დავამკვიდროთ!
დაჟინებით ეცადეთ ცხონებას უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სათნოების საშუალებით. თქვენს მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს ის, თუ როგორ გავმდიდრდეთ სიყვარულით. თავად ღმერთია მასში, ვისაც აქვს სიყვარული, რადგან ღმერთი – "სიყვარული არს"...
თუ ფული არა გაქვს, რომ მატერიალური მოწყალება გასცე, იცოდე, რომ ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ძმური სალამი, ლოცვა, ვინმეს მძიმე ხასიათის მოთმინებით ატანა, მოყვასისათვის გასაჭირში პრაქტიკული მხარდაჭერა და ა.შ. – მოწყალების გაცემა და სიყვარულის გამოხატულებაა...
ძალზე საგულისხმოა ამბა ისააკის სიტყვები: "ჭეშმარიტი სიყვარული არის ის, როდესაც ყოველ ქმნილებაზე, ყოველ არსებაზე გული "გეწვის". ასევე, წმინდა აღათონიც ბრძანებს: "ბრაზიანი ადამიანი სამოთხეში ვერ მოხვდება", და კიდევ: "სიყვარული არის ის, რომ ვიპოვო კეთროვანი და, თუკი შესაძლებელი იქნება, სიხარულით მივცე მას საკუთარი სხეული და მისი კი – მე მივიღო" (!)
ღვთისნიერი სიყვარული სხვის ჭირვეულ ხასიათზე თვალებს ხუჭავს, პატიობს შეცდომებს, "გადაეფარება" და მალავს მცირე ნაკლს, უთმობს სიჯიუტეს, არ განიკითხავს, ამსხვრევს ყოველ ეგოისტურ ქმედებას...
რა ბრწყინვალედ ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "ღვთის სიყვარულმა ზეცა მიწასთან შეაერთა...
ღვთის სიყვარულმა ადამიანი მეფის ტახტზე აიყვანა...
ღვთის სიყვარულმა ღმერთი მიწაზე გამოაჩინა...
ღვთის სიყვარულმა მონა ბატონად აქცია...
ღვთის სიყვარულმა მტრების სიყვარულისთვის თავისი საყვარელი ძე გაიმეტა"...
ჭეშმარიტი სიყვარული – გულწრფელი, მსხვერპლის გამღები და საქმით დამტკიცებულია... ის სიყვარული არის ნამდვილი, რომელიც სათავეს ღვთის სიყვარულიდან იღებს.
ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, ხოლო გულქვაობა – გაგვამტყუნებს.
"ღმერთი სიყვარული არს..." როგორი საუცხოო, როგორი დიადი, როგორი გამოუთქმელი და ამავე დროს როგორი ადამიანურია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეს გამონათქვამი: "ღმერთი სიყვარული არს...".
ყოველი ღვთიური ენერგია სიყვარულს მოიცავს, ყოველი მისი ქმნილება სიყვარულის შედეგია. ეცადე, რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც სიყვარულად იქცეს.
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, მოდით, ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილით, ერთი გულისხმიერი, გულღია, კეთილი მოპყრობით ჩვენს მოყვასს მივუახლოვდეთ, რითაც უფლის სიტყვებისადმი: "იყუარებოდით ურთიერთას" – რწმენას გამოვხატავთ.
სადღაც წავიკითხე: "სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!"
იცოდეთ, რომ ვერც სიტყვებით, ვერც ქადაგებით, ვერც მომნუსხველი საუბრით, ვერც სხვადასხვა "საქველმოქმედო" ღონისძიებით და ა.შ. სამყაროს ვერ გადავარჩენთ. სამყარო უკეთესობისაკენ შეიცვლება და გადარჩება მხოლოდ ქმედითი სიყვარულით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შევიცვლებით... გადარჩება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება ერთ ცოცხალ ქრისტიანულ ქადაგებად იქცევა.
და კიდევ ერთი, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო: სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, ლოგიკის ყოველგვარ კანონს არღვევს და საკუთარ გარემოში ღვთიური მადლი შემოჰყავს! დაე, გიყვარდეს არა ანგარებით, არა ანგარიშის გაწევით, არა იმით, რომ "სიყვარული უნდა აჩვენო", არამედ იმიტომ, რომ ღვთის მცნება აღასრულო!
ადამიანები იშვნენ არა იმიტომ, რომ უბრალოდ იარსებონ ერთმანეთის გვერდით (ცხოველთა სამყაროში როგორც ხდება), არამედ იმიტომ, რომ უყვარდეთ ერთმანეთი.
ძალზე საგულისხმოა ის, რაც სოფოკლემ თქვა: "ვიშევ არა უბრალოდ იმისათვის, რომ ვარსებობდე და სიძულვილს შევუერთდე, არამედ ვიშევ, რათა სიყვარულს შევუერთდე!"
დაე ვისწავლოთ, ჩემო კეთილო ძმებო და დებო, რომ სიყვარული უნდა მივუძღვნათ ღიმილით, სულიერი კეთილგანწყობით, და არა ძალდატანებით, "მონურად", იძულებით. სიყვარული უნდა მივუძღვნათ – სიყვარულით!
ხშირად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვიჩვენებენ შთამბეჭდავ კადრებს იმისას, თუ როგორ უკეთებენ ორგანიზებას გაჭირვებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტებს, წვეულებებს და კულტურულ ღონისძიებებს თვალისმომჭრელად, მოდურად შემოსილი საზოგადო მოღვაწეები.
ისინი, (დააკვირდით თვალთმაქცობასა და ირონიას) ძვირადღირებული სამოსლითა და სამკაულებით მორთულები (მათი უმრავლესობა ძალზე მდიდარია) საერო ფუფუნების ცენტრებში იკრიბებიან და აცხადებენ, რომ ყოველივე ამ განცხრომასა და ხარჯებს საქველმოქმედო მიზნებით ეწევიან! მთელი იქაური ატმოსფერო, ხუმრობა, ხვევნა-კოცნა, ჭორაობა, სამკაულებისა და სიშიშვლის წარმოჩინება "საქველმოქმედო მიზნებს" ემსახურება.
ჩემო ძმებო და დებო, თვალთმაქცობა, ფარისევლობა და ეგოიზმი – ზენიტშია!
იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს: ღონისძიება და ბანკეტი რამდენიმე ათასი და როგორც წესი, რამდენიმე ათეული ათასი ევრო ჯდება იმისათვის, რომ შეაგროვონ (თუკი შეგროვდა) 500-700 ევრო!
აკი ვთქვით: თვალთმაქცობა და ფარისევლობა!
ძმებო! მატერიალური ან ფულადი დახმარება (რამდენიც შეგვიძლია) გადაჯაჭვული უნდა იყოს ლოცვასთან და ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულთან და არა ამგვარ თვალთმაქცობასთან...
ერთმა ადამიანმა უფალ იესო ქრისტეს მიმართა: ყველგან მოვიარე, შევიძინე განათლება და სიბრძნე, მაგრამ სადაც კი გეძებე, ვერ გიპოვე!
(მიაქციეთ ყურადღება იესო ქრისტემ რა უპასუხა)
– ადამიანი – შენი მოყვასი უფრო მეტად შეიყვარე და მაშინ მიპოვი!
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, პირველი ქრისტიანების მთავარი დამახასიათებელი თვისება ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარული და ურთიერთთავგანწირვა იყო. ერთმანეთისათვის თავგანწირვის ეს საოცარი გრძნობა აოცებდა კერპთაყვანისმცემლებს და ისინიც, ქრისტიანობის წიაღში მოჰყავდა.
ამრიგად, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ვიტყვით, რომ სიყვარულის მცნების სიტყვითა და საქმით აღსრულება, გაცილებით უფრო მეტად, ფიზიკური დახმარებით და სულიერი სიტყვით გამოიხატება, ვიდრე მხოლოდ მატერიალური ნივთების (ფულის და სხვ.) გაცემით.
ნუ დაგვავიწყდება ჩემო ძმებო და დებო, რომ სიყვარული არის ის, როდესაც ბრმას თვალის ჩინს დაუბრუნებ, როდესაც ერთი პურის ნაჭერი გაქვს, რომ შიმშილი დაიკმაყოფილო და მას გაჭირვებულს გაუყოფ, როდესაც მოყვასისთვის დაიხარჯები, რათა მას ტკივილი შეუმსუბუქო, როცა ყველაფერს გაიღებ სხვებისთვის, და ბოლოს, სიყვარული არის ის, რაც ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა!
ჩემო საყვარელო ძმებო, მოციქული პავლე ქრისტიანობის "ჩემპიონია", იგი – ერთადერთი და განუმეორებელია. დაე გადავავლოთ თვალი მის ეპისტოლეებს, რომლებიც სიყვარულს ეხება და ამით დავასრულოთ, რადგან "სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!"
(ჩემო ძმებო და დებო, ჩვენმა კეთილმა გერონტისა ვერონიკამ მთხოვა, რომ მისი ძველი ჩანაწერებიდან თქვენთვის ზოგიერთი რამ გადამეწერა და თანაც ღიმილით დაამატა: გარკვევით წერე, თორემ შენი ნაწერი ჩინურს ჰგავს და ჩვენს კარგ მეგობარს, რომელიც მის თარგმანს ხელს მოკიდებს, ძალზე გაუჭირდებაო.
მაშ ასე, ღვთის შეწევნით ვიწყებ რასაც შევძლებ...)
საყვარელო ძმებო და დებო, ათონელ მამებთან ერთად ჩემი მოგზაურობა თქვენს ლამაზ ქვეყანაში იმის მიზეზი გახდა, რომ თქვენ ყველანი, ახლოდან გამეცანით და ასე ძლიერ შემყვარებოდით... ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მე თქვენზე ადრე "ვიცნობდი", და აი როგორ:
1947 წელს მაკედონიის ერთ პატარა ქალაქში უპატრონო ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი... იქ ერთი თანამშრომელი – ძია იოანე გვყავდა. მასთან ძალზე დავახლოვდი და სიმპათიით განვიმსჭვალე. იგი ბევრს მიამბობდა თავის სამშობლოზე, მისი ბუნების სილამაზეზე, სხვადასხვა დღესასწაულებზე, დაუჯერებელ ამბებზე და ა.შ. და იცით, სად იყო მისი სამშობლო? მისი სამშობლო იყო საქართველო, ქალაქი გორი!
და აი, 58 წლის შემდეგ გავხდი ღირსი გორის ხილვისა... როგორმა მღელვარებამ შემიპყრო რომ იცოდეთ...
ახლა ხომ გჯერათ, რომ საქართველოს ადრეც "ვიცნობდი"?
ეს ძია იოანე ასევე მისი მეგობრის იოსების (სოსოს) და მისი მეწაღე მამის – ძია ბესარიონის შესახებაც მიამბობდა, რომელიც მას ურჩევდა:
"ეს წაღი იაფია... ეს კი – ძვირიო, ორმაგს გაგატარებსო". ასევე მიამბობდა სოსოს მორწმუნე დედაზეც... დაუჯერებელია, მაგრამ სოსო – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდგომში "ყოვლისშემძლე" სტალინი იყო! ძია იოანე გაოცებული იყო იმით, რომ ბავშვი, რომელსაც მღვდელმსახური უნდოდა გამხდარიყო, ათეიზმის მამამთავრად როგორ იქცა!
ჩვენს ბავშვთა სახლში ასევე ერთი მორცხვი, მოკრძალებული გოგონა – ნინო ლასანი მუშაობდა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე, ხშირად მაძლევდა პურის დამატებით ნაჭერს, რადგან იმ დროს ერთადერთი პრობლემა – შიმშილი იყო.
1955 წელს, როდესაც ბავშვთა სახლიდან გამოვედი, თესალონიკში პირველი სირთულეები მომიგვარა და გვერდში დამიდგა ახალგაზრდობასთან მუშაობის ქრისტიანული გაერთიანების წევრმა ნინო დუმბაძემ. დიდ ქალაქში მარტოდ დარჩენილს რეალური დახმარება ძალზედ მჭირდებოდა და ამ დროს, ქრისტესმიერი და – ნინო დუმბაძე გამომიჩნდა, რომელიც "მფარველი ანგელოზივით" დამიდგა გვერდში.
ორი ნინო, ორი მშვენიერი ქმნილება, ორი უბიწო გოგონა იქცა ჩემს შემწედ და მაგალითად. სახელი ნინო კი თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ხედავთ, რომ საქართველოსთან ჩემს "ნაცნობობას" და სიყვარულს ღრმა "ისტორიული" ფესვები აქვს?
გადატანილი ავადმყოფობის გამო ყურადღებით უნდა ვიყო, და შეძლებისდაგვარად, შევეცდები სულიერ საკითხებზე ცოტ-ცოტა წერილები გიგზავნოთ, რათა ამგვარად გამოვხატო ჩემი უსაზღვრო სიყვარული თქვენდამი – სიყვარული, რომელიც არასოდეს ჩაქრება...
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
თქვენი ძმა ათონის მთიდან.
ამ წიგნს და სულიერი საკითხების შესახებ ზოგიერთ წერილს პატივცემულ არქიმანდრიტ მამა ლ-ს კურთხეულ ძმობას და ასევე, ჩემს საყვარელ ქართველ ძმებს ვუძღვნი.
მხნე და შეუპოვარი ქრისტიანული გულის წინაშე ყოველი დაბრკოლება ირღვევა. გაცილებით მნიშვნელოვანია გქონდეს რაიმე სულიერი, ვიდრე რაიმე მატერიალური. ადამიანის ჭეშმარიტი განათლების ცენტრი და საფუძველი – გულის ქრისტიანული განათლებაა...
კეთილგონიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც იმაზე ნაღვლობს რაც არა აქვს, არამედ ის, ვინც ღმერთს იმისათვის მადლობს, რაც გააჩნია.
ღვთისაგან დაცილება – საშინელი ჯოჯოხეთია...
ჩვენი უპირველესი "მორჩილება" (საქმიანობა) ღვთის დიდება და მისადმი ძალდაუტანებელი მადლიერება უნდა იყოს. ვფიქრობ, უმთავრესს აღვასრულებთ, თუკი მუდმივად გავიმეორებთ: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე.
ის რაც ვიცით, არის უმცირესი, მაშინ როდესაც, ის რაც არ ვიცით, არის უსაზღვრო... ნამდვილი სიბრძნე, ცოდნა და სიმდაბლე მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ რეალურად არაფერი არ იცის.
ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, აქ, ათონის მთაზე, ერთმანეთს ვეუბნებით: კეთილ მოთმინებას გისურვებ!
ამრიგად, მოთმინება!!! ეს არის ჩვენი ცხოვრების ურყევი საფუძველი!
ძმაო, გაწყვიტე ყველაფერთან კავშირი, რათა ქრისტეს "დაუკავშირდე".
ჩემო ძმებო, უარი ვუთხრათ აზრებთან "საუბარს"! უარი – ეშმაკთან "დიალოგს"!
ეს ტრაგიკული შეცდომა ევამაც დაუშვა, როდესაც ეშმაკთან დაიწყო დიალოგი და ხედავთ, რა ფასი დაჯდა და კიდევ რა დაჯდება?
ჩვენ კი, მუდმივად ვიმეოროთ: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!
კარგი მონაზონი სოფელს ხორციელად განეშორება, მაგრამ მასთან სიყვარულითა და ლოცვით რჩება დაკავშირებული... ამიტომ, ჩემო ძმაო, მამა ა-ნ, ლოცვისას, ყველა გულში "ჩაიკარი" და ღმერთს წარუდგინე!
ყველაზე ლამაზი თვალები ისინი არიან, რომლებიც სიყვარულით იმზირებიან...
საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, ეცადეთ შეიყვაროთ და არა – მოიწონოთ...
მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა გასაოცარ განვითარებას მიაღწიეს, "კულტურულმა" ადამიანმა ფრენა კი ისწავლა, მაგრამ ღმერთთან ერთად სიარული – დაივიწყა!
ძმაო, ბოროტება სიკეთით დაამარცხე. "ცხვრად" თუ დარჩები, "მგლებს" ქრისტეს ძალით დაამარცხებ!
ჩვენი უმთავრესი მისია და მოვალეობა – საკუთარი თავის განწმენდისათვის ბრძოლაა, ამით კი სარგებელს სხვებიც მიიღებენ...
ის, რაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულით კეთდება, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, უდიდესი ფასი აქვს...
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ნეტავ იცოდეთ, სხვების მიერ აღვლენილი ლოცვებით რამდენი ჩვენი სირთულე დაიძლევა და საქმე სწრაფად და წარმატებით სრულდება!
(მონაზონი ვერონიკა)
შეიყვარე უპოვარნი, რადგან ამით, ღვთის მოწყალებას მოიპოვებ. გაეცი უპოვრებზე რამდენიც შეგიძლია და ისინი, საშინელი სამსჯავროს დროს, ღვთისაგან შენთვის მოწყალებას გამოითხოვენ.
თუკი ყველასთან სიყვარული და ძმური დამოკიდებულება არ გვექნება, მაშინ სულ ტყუილად ვიღვწით სხვა ქრისტიანული სათნოებების მოსაპოვებლად...
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე დავუტევოთ წარსული – ღვთის მოწყალებას, აწმყო – ღვთის სიყვარულს და მომავალი – მის განგებას. მაშინ ყოველი დღე წინაზე უკეთესი და უბედნიერესი გახდება.
გაიხედე უკან, საუკუნეებს იქით, და ქრისტეს – შენთვის ტანჯულს დაინახავ! აიხედე ზევით და ქრისტეს – ზეციური მამის წინაშე შენთვის შუამდგომელს დაინახავ, ჩაიხედე საკუთარ თავში და ქრისტეს დაინახავ, რომელიც შენი გულის "კარზე" აკაკუნებს! გაიხედე წინ და ქრისტეს – შენთვის მომავალს დაინახავ!
მწუხარება და ზოგადად განსაცდელები, საუკეთესო წამალია იმისათვის, რომ ამაყნი მუხლებზე დააჩოქოს და ცოდვისაგან გაქვავებული გულები დაამსხვრიოს...
მამა ა-ნ, ჩემო დაუვიწყარო ძმაო, შესაძლოა ზოგჯერ გიკვირს, რომ რომელიმე ძმა შენზეა გულნატკენი, მაგრამ გამოიკვლიე საკუთარი თავი, საკუთარი სინდისი..., იქნებ შენ იყავი ამისი მიზეზი.
ყოველი დღე ღვთისაგან იმიტომ გვეძლევა, რომ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე გუშინ ვიყავით.
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, დიდი ყურადღებით იყავით და იცოდეთ, რომ გადამეტებული დარდის უკან, სიღრმეში, ეგოიზმი და სიამაყე იმალება. ამიტომ გევედრებით, არასოდეს, არასოდეს! არ იქნეთ სასოწარკვეთილნი! მუდამ გახარებული იყავით!
დილაობით, "მამაო ჩვენოს" კი ვამბობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ვინაიდან უყურადღებოდ ვართ, "ობლებივით" ვიქცევით!
ჩემო საყვარელო მამა ა-ნ, ტყუილი და განკითხვა მრავლისმეტყველების ტყუპი "შვილები" არიან! ამიტომ, დიდი ყურადღება – ბაგეებს!
სადაც სიყვარული მცირეა, იქ შეცდომები – ბევრია და დიდი.
სიყვარულის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია, ხოლო სიყვარულით – ყველაფერია შესაძლებელი.
საყვარელო ძმებო და დებო, სერიოზული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ჩვენი ძმების ცხონების საქმეში ყველანი პასუხისმგებელნი ვართ!
სიმდაბლის გარეშე ყველაფერი – არაფრად, ხოლო სიმდაბლით არაფერი – ყველაფრად იქცევა!
ჩვენი მიწიერი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით ნახევარი წამიც კი არაა. ჩემო ძმებო, ამას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება! მუდამ ვიბრძოლოთ სარწმუნოებრივი კეთილი ბრძოლით, რათა მარადიული ცხოვრება "ნახევარი წამის" გამო არ დავკარგოთ! ყურადღებით!
ეშმაკს, ადამიანის სულის თანხმობის გარეშე, მისთვის ცუდის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ, უმთავრესად ამიტომ, ნურც ერთ ცოდვილ აზრს ნუ მივიღებთ...
–უარვყოფ ჩემს ცოდვილ წარსულს და ყოველ მავნე ჩვევას,
–მოვიპოვებ "ზეციურ" სიყვარულს ყველას მიმართ,
–გონებით "მივეკვრები" ქრისტეს ჯვარს,
–უწყვეტად ვიმეორებ: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!,
აი ეს არის ნამდვილი სინანული!
(მონაზონი ვერონიკა)
სინანულისა და აღსარების წმიდა საიდუმლო – სულიერი აბაზანაა, სადაც ცოდვილი ცოდვისაგან განიბანება და ღვთის მადლით ზეციურ სასუფეველში შედის...
(მონაზონი ვერონიკა)
ქრისტესმიერ საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, ჩვენთვის, ღვთის ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი – სინანულია. უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით ჩვენთვის მონიჭებული სინანულითა და აღსარებით – მის ნამდვილ შვილებად ვიქცევით.
სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გარეშე ცხონება არ არსებობს. სინანული – დიდი საიდუმლოა! იგი დედამიწისთვის ზეცის ყველაზე დიდი საჩუქარია. სინანული და აღსარება ჩვენ სამოთხის კარს გვიღებენ! სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა, რომელმაც მოწყალება ქრისტესგან რწმენით ითხოვა! იუდა მოციქული იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაივიწყა, არად ჩააგდო ღვთის მოწყალება და დაიღუპა! მოციქული პეტრე – პირველი მოციქულთა შორის, მოღალატე გახდა, მაგრამ სასოწარკვეთას არ მიეცა! შეინანა! – და კვლავ მოციქული და ყველაზე დალოცვილი ადამიანი გახდა დედამიწაზე! ხედავთ, რისი გამოსწორება შეუძლია სინანულს?
ამრიგად, ჩემო კეთილო ძმებო და დებო, ცოდვის წამალი – სინანული და აღსარებაა.
ჭეშმარიტ სინანულზე ერთი მშვენიერი ამბავი გამახსენდა:
ერთი მეფე მონანულ პატიმართა შეწყალების მიზნით ციხეში მივიდა და პირველ პატიმარს ჰკითხა:
– შენ რა ჩაიდინე?
– მე, ჩემო მეფეო, არაფერი, უდანაშაულო ვარ.
შემდეგ მეორეს ჰკითხა და მან უპასუხა:
– ჩემო მეფეო უდანაშაულო ვარ, არაფერი ჩამიდენია.
შემდეგ მესამეს ჰკითხა მეფემ და მანაც თავი იმართლა. ასე გაგრძელდა სხვებთანაც და როდესაც ბოლო პატიმარს შეეკითხა:
– შენ რაღატომ ხარ აქ?
პატიმარმა თავმდაბლად უპასუხა:
– თქვენო უდიდებულესობავ, მე ერთი უბადრუკი ბოროტმოქმედი ვარ და აქ სამართლიანად ვიმყოფები.
მეფე პატიმრის გულწრფელობით მოიხიბლა და ციხის უფროსს უბრძანა: ახლავე გაუშვით ეს აქედან, რა უნდა ამ ერთ ბოროტმოქმედს ამდენ უდანაშაულოსთან ერთად?
აი, ასე გამართლდა ის, ვისაც ეყო ვაჟკაცობა, რომ საკუთარი დანაშაული ეღიარებინა. და ჩვენც, ჩემო ძმებო და დებო, დაე მოგვეცეს ნამდვილი სინანული, დაე მუდამ იმ იმედით ვიყოთ, რომ ღვთის მოწყალება ჩვენს ნაკლთან შედარებით უსაზღვროდ დიდია, და რომ მისი ხელები მუდამ მამობრივად არის გაშლილი, რათა გულში ჩაგვიკრას.
ქრისტესმიერო ძმებო და დებო: მომავალ, კეთილ შეხვედრამდე ზეციურ სასუფეველში!...
ძმაო, შენ ისევე ვერ შეძლებ ქრისტეს გარეშე ცხონებას, როგორც ქრისტე ვერ შეძლებს შენს გარეშე შენს ცხონებას!
(მონაზონი ვერონიკა)
საქმის გადადება – ეშმაკის მახეა. იგი გვაწვდის აზრს: "დრო კიდევ გაქვს... ხვალ... მოგვიანებით...". ფრთხილად! ნუ მოუსმენ! ჩემო კეთილო ძმაო, იმავე წუთში სულიერ მოძღვართან გაიქეცი...
ადამიანების მთელი "სიკეთე" სულ მცირედითაც ვერ მიუახლოვდება ღვთის სიწმიდესა და მოწყალებას. უფალი ყველას იღებს, მაგრამ მას, ვისაც სინანული არა აქვს, თვით ქრისტეც ვერ უშველის!
იქ, სადაც ყურადღება და ლოცვა არ არის – ეგოიზმი მეფობს!
სიკვდილის ხსოვნა ყველაზე სასარგებლო სულიერი საქმიანობაა...
იგი ქრისტიანს ყოველგვარი ცოდვის ჩადენისგან იცავს.
რამდენადაც ღმერთი გვექცევა მამასავით, იმდენად ძმებივით უნდა მოვექცეთ ადამიანები ერთმანეთს.
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, გულწრფელად მტკივა და მიკვირს, ადამიანთა უმრავლესობა თუ რატომ მსახიობობს (სარგებლისათვის? იდეალების არ ქონის გამო?). იოლად იწყებენ თვალთმაქცობას... ღიმილი... მისალმებები... ხვევნა-კოცნა... პირფერული მაღალფარდოვანი სიტყვები... არარეალური დაპირებები...
დღეს, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა "მასად", "ბრბოდ" გადაიქცა, რომელიც ცდილობს ნელ-ნელა მოიშოროს სიყვარული, მშვენიერი ადამიანური ურთიერთობები, მოვალეობის შეგრძნება და ყოველივე კეთილშობილურის მიმართ გულგრილი გახდეს, განაგდოს ღმერთი და ამგვარად, მოწყენილ, უხალისო და უგულო არსებად გადაიქცეს.
თქვენ კი, ჩემო ძმებო და დებო, მარად კეთილშობილ, ღვთის შვილ და ზეციური სასუფევლისაკენ მლტოლველ ადამიანებად დარჩით!!!
სიკეთე და ბოროტება – ერთმანეთის ორი მარადიული "მოწინააღმდეგეა"...
თუკი ჩანს, რომ ბოროტება იმარჯვებს, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ, "კარგები"(???) – არაფერს ვაკეთებთ!...
კარგია, როდესაც ადამიანი მრავალ ენას სწავლობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რაც გააჩნია ის შეინარჩუნოს!
შეუძლებელია ვისაუბროთ სინათელზე, თუკი ჩვენ თავად არა ვართ განათლებულნი...
ვერ შევძლებთ ვისაუბროთ ღვთის მადლზე, თუკი თავად ჩვენ არ ვიქნებით მადლმოსილნი...
როგორ შევძლებთ ვისაუბროთ სიყვარულზე, თუკი არ გვექნება სიყვარული?
როგორ შევძლებთ გადავცეთ სხვას ის, რაც თავად არ გაგვაჩნია?
საკმეველი იმისათვის რომ სურნელი გამოსცეს, ცეცხლზე უნდა დაიდოს...
თავთავი იმისათვის რომ პურად იქცეს, წისქვილში უნდა დაიფქვას...
მარმარილო იმისათვის რომ ქანდაკებად გადაიქცეს, უამრავ ნაწილებად უნდა დაიმსხვრეს...
ვხედავთ, რომ ყველაფერი ფასეული ცხოვრებაში, მრავალი გამოცდითა და მოთმინებით იქმნება!
იუდა, სიკვდილის ხის ნაცვლად, რწმენითა და სინანულით, ქრისტეს ჯვარცმის ხისკენ რომ გაქცეულიყო, მაშინ ისიც მონანული ავაზაკის მსგავსად, სამოთხეში შევიდოდა.
ჯოჯოხეთი მხოლოდ მისთვისაა, ვინც არ ნანობს...
ქრისტესმიერ საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, ერთ წმინდა ბერს ჰკითხეს: როდის დადგება ქვეყნიერების აღსასრულიო? მან კი უპასუხა: როდესაც ცოდვა და ბოროტი საქმეები ზენიტს მიაღწევენ და ადამიანებს შორის სიყვარული გაქრებაო...
არც ერთი საქმე არ გააკეთოთ წმიდა ჯვარცმის "ბეჭდის" გარეშე!
ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარი გამოისახეთ!
მდუმარება უნდა ვისწავლოთ... ვინც მდუმარება არ იცის, მან არც ლაპარაკი იცის!...
ჭეშმარიტი მონაზვნები ვალდებულნი არ არიან მატერიალური მოწყალება გაიღონ... ისინი ადამიანებს ლოცვით და პირადი კეთილი მაგალითებით უკეთესად ეხმარებიან...
როგორც მონაზვნისგან, ასევე ერის კაცისგან უფალი ერთ დიდ და მნიშვნელოვან საქმეს ითხოვს: არ ვაძაგოთ, არ განვიკითხოთ, არ დავამწუხროთ ჩვენი მოყვასი, რადგან ეს დანაშაულებრივი საქმეა!...
(მონაზონი ვერონიკა)
როგორც ცუდის კეთებაა ცოდვა, ასევე ცოდვაა სიკეთის არ კეთება!...
არ არის აუცილებელი, რომ ქრისტიანმა ილაპარაკოს, საკმარისია მხოლოდ ის, რომ იგი არსებობდეს... ჭეშმარიტი ქრისტიანის დანახვაც კი საკმარისია...
ჯოჯოხეთში შეიძლება მღვდელმთავრები, მღვდლები, მონაზვნები და მეფეებიც მოხვდნენ... მხოლოდ თავმდაბლები არ ხვდებიან ჯოჯოხეთში...
რაც არ უნდა ვქნათ, ცხოვრებას თავისი "სიმწარე" მაინც აქვს, მაგრამ ერთი ღიმილითაც შეიძლება ბევრის მოგება!...
ადამიანო! ბოროტმოქმედს უზნეობით ზნეობას ვერ ასწავლი! ვერ შეძლებ ნათელზე ისაუბრო, როდესაც სრულად ხარ სიბნელეში; არ გაქვს უფლება ილაპარაკო ზნეობრივ საკითხებზე, როდესაც თავად ხარ ჩაფლული თვალთმაქცობაში, ტყუილში, უკანონობაში, ამიტომ – ჩუმად იყავი!
ჩემო ქართველო ძმებო და დებო, უნდა იცოდეთ, რომ ქრისტიანობა სირთულეებისგან კი არ გვათავისუფლებს, არამედ ბრძოლისა და გამარჯვებისათვის გვაძლევს ძალას!...
რომში, საერთაშორისო სიმპოზიუმზე "მწყემსვა და ზრუნვა" აღინიშნა, რომ დეპრესია ჩვენი ცივილიზაციის ავადმყოფობაა! (ზოგიერთები ასეთი ცივილიზაციით ამაყობენ!)
დეპრესია და სულიერი ავადმყოფობები მხოლოდ ქრისტესადმი მხურვალე რწმენით შეიძლება განიკურნოს.
ავსტრალიელმა ანა ხინკინგსმა, რომელიც 70 წლის მანძილზე საწოლს იყო მიჯაჭვული, ადიდებდა რა ღმერთს, თქვა: "შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უფლის დახმარებით ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი, თუნდაც ჩემნაირად ტანჯულსაც... კურთხეულ იყოს სახელი უფლისა უკუნისამდე! ამინ.
ჩემო ძმებო, ჩვენ უძლური ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რომ გარკვეული შეცდომებიც დავუშვათ, მაგრამ ის, რაც შეცდომებს არ ჩადის – მხოლოდ დუმილია!
გასაოცარია ამბა ისაკის სიტყვები: " ერთად აღებული ყველა სათნოება ახლოსაც ვერ მივა მდუმარებასთან!" ამიტომ მოდით შევიყვაროთ მდუმარება...
ქრისტესთან მიახლოებას და მასთან შეერთებას ვერ შევძლებთ, თუკი ჩვენში ადამიანური განდიდებისადმი სიყვარული, განკითხვა, პატივმოყვარეობა, საკუთარი თავის წარმოჩენისაკენ სწრაფვა და სხვა მრავალი მიწიერი მისწრაფება იქნება დამკვიდრებული.
ქრისტესთან ერთობას ვერ შევძლებთ, თუკი სულიერ მოძღვრად ეგოიზმი გვეყოლება!
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში!
ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს,
სიბნელეს – განთიადი და სინათლე,
დასავლეთს – აღმოსავლეთი,
დაცემას – სინანული,
ყოველ "ჯვარცმას" – "აღდგომა",
ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება,
ყოველ ცრემლს – ღიმილი,
ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის!
ამრიგად, გემუდარებით, მუდამ გახარებულნი და ოპტიმიზმით სავსენი იყავით!
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, წარმატება მცდელობის გარეშე არ არსებობს...
არ არსებობს გამარჯვება ბრძოლის გარეშე,
არ არსებობს "აღდგომა" "გოლგოთის" გარეშე,
ჩემო ძმებო და დებო, განაგდეთ თქვენი გულებიდან სიძულვილის ყოველგვარი სახეობა...
გაათავისუფლეთ თქვენი სულიერი სამყარო ყოველგვარი მწუხარებისა და შფოთისაგან, იცხოვრეთ მარტივად... აავსეთ თქვენი ცხოვრება სიყვარულით... მიმოფანტეთ ყველგან სიხარული და სინათლე,
გაუკეთეთ სხვებს ის, რაც გინდათ რომ სხვებმა თქვენ გაგიკეთონ...
(მონაზონი ვერონიკა)
სასოწარკვეთილება – ჯოჯოხეთში შესასვლელი კარიბჭეა! მასზე დიდი ცოდვა ალბათ არც არსებობს... ხოლო ოპტიმიზმი, იმედი ადამიანს მარადიულ ახალგაზრდობას ჩუქნის, სირთულეების დროს კი გულს განამტკიცებს და სულს ფრთებს ასხამს...
საყვარელო ძმებო და დებო, მოდით ვაღიაროთ, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და ყოველთვის "მინიმუმს" ვაკეთებთ, მაგრამ უფალი ჩვენს მცირე მცდელობასაც აფასებს და ამ "მინიმუმსაც" კი "მაქსიმუმად" წარმოაჩენს... ამიტომ, მუდამ შემართულად და იმედიანად იყავით!
სამყარო, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია, გასაოცარი ჰარმონიით მოქმედებს, არც ერთი მოვლენა არ არის "შემთხვევითი", ყოველივე ღვთის შეუცნობელი განგებით ხდება...
მოიგე დრო? მოგიგია ყველაფერი – სიმდიდრე, ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი რამ!
სულიერი დარიგებები გამახსენდა, რომლებიც ნეტარმა მამა ეფრემ "კატუნაკელმა" დაგვიტოვა: ჩემო შვილებო, დრო – ოქროა! არასოდეს, არასოდეს არ დაკარგოთ დრო! ჩემო შვილებო, იჩქარეთ!
რამდენად საგულისხმო და სასარგებლოა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: "...საუკეთესო "მკურნალი" – სიხარული, მარხვა და სინდისის სიმშვიდეა... კეთილდღეობასა და დროსტარებას, როგორც წესი, სიზარმაცისკენ მიჰყავთ... მაშინ, როდესაც განსაცდელებისაგან და იწროებისაგან სარგებელი ძალზე დიდია."
ძალზედ საყვარელო ჩემო მამაო ა-ნ, ჩემო დაუვიწყარო შვილო (ძირითადად შენთვის ვწერ ბევრ რამეს ამ ათონურ წიგნში), მიაქციე ყურადღება შემდეგს:
ჩემო შვილო, გონება მოიკრიფე, "გადაწყვიტე" და შენს თავს უთხარი:
არასოდეს არ ვიტყვი სიტყვას, რომელიც სხვას წყენას მიაყენებს... არასოდეს არ ვისაუბრებ უხეშად და მკაცრად... არასოდეს არ ვიტყვი სხვაზე ცუდს... არ მივეცემი უქმისმეტყველებას... არ ვიყბედებ... ვეცდები მუდამ ვისაუბრო კეთილგანწყობით და არასოდეს – მრისხანებით... ვისაუბრებ როდესაც საჭირო იქნება, რამდენიც საჭირო იქნება და სადაც საჭირო იქნება... და გამუდმებით გავიმეორებ (ხმამაღლა ან გონებაში):
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!
ჩემო საყვარელო ქართველო პატარა ძმებო და დებო, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაგიცანით და ასე ძლიერ შეგიყვარეთ, რეალურად ახლა იწყება თქვენთვის ცხოვრების დიდი მოგზაურობა და ამისათვის სათანადო აღჭურვილობაა საჭირო: კომპასი, მაშველი რგოლი, საკვები, წყალი, რუქა, საფულე; ამდენად, ყურადღებით! ფრთხილად იყავით ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო ხდება. თქვენს სულიერ "მოგზაურობაში" მტერი – ეშმაკი და გახრწნილი სამყარო ჩასაფრებულნი არიან! ჩემო კეთილო ძმებო და დებო! იყავით გონიერნი და ფრთხილნი იმ წინააღმდეგობებისა და ხაფანგების მიმართ, რასაც მტერი დაგიგებთ, რათა ქრისტიანული გეზიდან გადაგახვევინოთ...
ჩემო ძმებო და დებო, დაე გექნეთ მტკიცე სარწმუნოება იესო ქრისტეს, მისი ეკლესიის, თქვენი სულიერი მოძღვრებისა და მშობლების მიმართ...
მაშინ, როცა თქვენი ცხოვრებისეული ხომალდის კაპიტნად და მესაჭედ იესო ქრისტე იქნება, ვერანაირი ქარიშხალი ხომალდს ვერ დაამსხვრევს და უფლის ძალით ყოველთვის გაიმარჯვებთ!
ამრიგად, ჩემო ძმებო და დებო – იმარჯვეთ!... და ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ დედამიწა ჩვენთვის არის "სასტუმრო", ხოლო ზეცა – მარადიული სამშობლო! ეს დროებითი ცხოვრება – მარადიული ცხოვრების ვესტიბიულია. მაშ, კეთილი მგზავრობა! და რადგანაც ქრისტეს ხელმძღვანელობით დაიძარით, გზის დასასრული სამოთხე იქნება! მთელი გულით გისურვებთ ცხონებას!... და კიდევ: მომავალ შეხვედრამდე სამოთხეში! – ამინ.
მომიტევე! ( მაკურთხე!)
რა მშვენიერი, რა ბრწყინვალე სიტყვაა!
რა სილამაზეა!
მთელს ცხოვრებას მოიცავს!
ეს დიდებული სიტყვა ჩვენი წმიდა სარწმუნოების გამოხატულებაა...
ქრისტიანობა – სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა...
მომიტევეთ!... მაკურთხეთ!
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო საყვარელო ძმაო მამა ა-ნ, როდესაც საღამო მოვა, დაჯექი ერთ კუთხეში და დაფიქრდი:
როგორ გავატარე დღე?
გულისხმიერი ვიყავი, თუ – უყურადღებო?
სირთულეების დროს შევინარჩუნე სულიერი სიმშვიდე?
ვისაც შევხვდი, მივანიჭე სიხარული, გავამხნევე, გავუღიმე?
გავაკეთე ან შევქმენი რაიმე ქრისტიანული, ადამიანური, თუ უაზროდ გავფლანგე ძვირფასი დრო?
ხშირად ვაცნობიერებდი მფარველი ანგელოზის უხილავ თანადგომას?
გავაფართოვე ღვთიურზე ფიქრით ჩემი აზროვნება?
ვიზრუნე "ლოცვაზე"?
უკეთესი გავხდი... თუ – "უფრო პატარა"?
...იცი როგორ გვეხმარება ყოველდღიური თვითკრიტიკა?
ჩემო კეთილო ძმაო, ყველას სიყვარულით შეხედე, ყველას სიყვარულით მიესალმე: მიხარია, რადგან შენ – ღვთის ხატს შეგხვდი და ამიტომ პატივს გცემ და მიყვარხარ... მიხარია, რომ შენ შეგხვდი ჩემო თანამოძმევ... ვისთვისაც "ქრისტე მოკვდა"... მიხარია, რომ შენ შეგხვდი თანამოძმევ ჩემო! თანამეგზურო ჩემო! თანამებრძოლო ჩემო! მიხარია, რომ შენ შეგხვდი – ზეცის თანამემკვიდრევ ჩემო! და მთელი გულით ვისურვებ, რომ შევხვდეთ იქ, რისთვისაც ვართ შექმნილნი...
(საყვარელო მამა ა-ნ, ჩვენი კეთილი გერონტისა ვერონიკაც გლოცავს და შენც ნუ დაგვივიწყებ... შენს წმიდა ლოცვებს ვითხოვთ).
მიჯაჭვულობა ყოველგვარ მიწიერზე, ნებისმიერ პიროვნებაზე, ეგოისტურ აზრებზე – მეტად ტრაგიკული მონობაა, რადგან ღვთის დანახვას გვიშლის და სულიერი სიკვდილისკენ მივყავართ.
საყვარელო ქართველო ძმებო და დებო,
ჭრილობებს გაყენებენ მწუხარებები? – ილოცე!
არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულს გტკენენ? – ილოცე!
განიცდი ეკონომიკურ სიძნელეებს? – ილოცე!
განსაცდელების დროს შინაგანად იტანჯები? – ილოცე!
განიცდი სიცარიელესა და მარტოობას? – ილოცე!
გიწევს საკუთარი "ჯვრის" ტარება? – ილოცე!
მლოცველი ადამიანისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს!
ერთი ბრწყინვალე პიროვნება წერდა: "შევიტყვე, რომ გალილეაში სიყვარულს ასწავლიან..., და, რომ გოლგოთაზე ჯვარს ეცვა "ვინმე", რომელსაც ძალზე უყვარდა..."
ეს ყველაფერს ამბობს. სიყვარული ყველაზე ამაღლებული გრძნობაა ადამიანში. სრულყოფილი სიყვარული კი ის არის, რითაც ცხოვრობდა და რასაც გვასწავლის უფალი იესო ქრისტე.
ამერიკის კონგრესში ერთ მეცნიერს, რომელიც პირველი ატომური ბომბის შექმნას ხელმძღვანელობდა, ჰკითხეს: არსებობდა თუ არა შესაძლებლობა ატომური შეტევისგან თავდასაცავად, და მეცნიერმა უპასუხა: რა თქმა უნდა არსებობს – ეს არის მშვიდობა უფლისა!!!...
სადღაც წავიკითხე: "სარწმუნოებისა და სიყვარულის მცირე საქმეები". არა! ტყუილია!... სარწმუნოებისა და სიყვარულის საქმეები, რაც უნდა მცირედ გვეჩვენებოდეს – ყოველთვის დიდია!
თუკი დედამიწაზე ქრისტე არ გამეფდება, ვერც პოლიცია, ჯარი, გამანადგურებელი იარაღი და ომები გაქრება.
უფალო, გევედრები დამეხმარო გავაცნობიერო, რომ ჩემი საქმე არის:
ვიყო გარემო ბუნების კეთილისმყოფელი...,
გავცე სიყვარული ჩემს გარშემო,
ყოველდღე ერთი ცრემლი მაინც შევაშრო მოყვასს,
ლოცვის ორიოდე სიტყვა მაინც ვთქვა ხიფათში მყოფთათვის,
გამოვაცოცხლო სარწმუნოება მოყვასის გულში,
თავგანწირული ვიყო ყველასთვის,
ყველგან და ყოველთვის სიკეთე ვაკეთო!...
ქრისტესმიერ საყვარელო ქართველო ძმაო და დაო, რადგანაც მცდელობა და კეთილი განწყობა "იზომება" (ფასდება), ამიტომ ეცადე, რომ შენი სულ მცირე ნიჭიც გამოიყენო....
ტყე დამუნჯებული იქნებოდა, მასში რომ მხოლოდ კარგი ჩიტები გალობდნენ! ამრიგად, ჩემო კეთილო უცნობო ძმაო, ყველას გვჭირდება და შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა სიკეთის საქმეში, საჭიროა მხოლოდ სურვილი და მონდომება...
საყვარელო ქართველო ძმაო და დაო, შეხედე რა არის ქრისტიანული სარწმუნოება! ნუგეშისა და იმედის როგორი მტკიცე საძირკველია!
სულიერი ძალების როგორი უშრობი წყაროა!
...რაც უნდა მოხდეს, სარწმუნოება გაძლევს ძალას, რომ თქვა: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს – კურთხეულია... და კვლავ, ყველაფერს მომავლის რწმენით იწყებ.
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო კეთილო ძმაო და დაო, განაგდე უიმედობა!
მამა ა-ნ! მინდა, რომ მუდამ გახარებული იყო!
გექნეს გამბედაობა!... ასეთია ცხოვრება... ხან სიმშვიდე... ხან მოულოდნელი სადარდებელი... ზოგჯერ უკუნი, ზოგჯერ ნათელი...
ზოგჯერ ჯანმრთელობა, ზოგჯერ ავადმყოფობა...
განსაცდელში – მოთმინება იქონიე, სიმშვიდისას კი – გზა გააგრძელე!
და კვლავ ხაზს ვუსვავ, კვლავ ვიმეორებ, კვლავ ვწერ და მხურვალედ გევედრები: იყავი მუდამ გახარებული, მუდამ მომავლის რწმენით!
საყვარელო ქართველო ძმებო და დებო, დაე მიმოვფანტოთ ჩვენს ახლობლებში ნათელი ღიმილი და სალამი ისე, როგორც თავად უფალი მოგვესალმა აღდგომის შემდეგ: გიხაროდენ!
ჩვენი ლოზუნგია: მუდამ გახარებულნი! მუდამ მომავლის რწმენით!
ყველაზე ბრწყინვალე და შესანიშნავი გამოთქმა კაცობრიობის ისტორიაში არის: "გიყვარდეს მტერი შენი".
უკეთესია მავანს დაუტოვო ეჭვი იმისა, თუ რატომ არ საუბრობ, ვიდრე იმისა, თუ – რატომ საუბრობ! (ჩემო ძმებო და დებო – ყურადღება მიაქციეთ ენას!)
გაუფრთხილდი... გაფრთხილდი! ნუ მიუთითებ სხვის ნაკლს "დასვრილი" ხელით!... გაფრთხილდი!
ჩემო კეთილო ძმებო და დებო, ჩვენი რწმენა მაშინ უნდა გამოვამჟღავნოთ, როდესაც ყოყმანი გვეუფლება... მოთმინებას უნდა მოვუხმოთ, როდესაც თან გვდევს წარუმატებლობა... ღვთის განგებულება ვიწამოთ, როდესაც უიმედობის ტალღები "გვახრჩობენ"... ლოცვას უნდა მოვუხმოთ, როდესაც მტერს მოწყენილობისა და მარტოობის განცდის ალყაში სურს ჩვენი მოქცევა... სიყვარული მუდამ უნდა გავცეთ, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ ადამიანური ტკივილია გავრცელებული და სიბოროტე სხვადასხვა ფორმებით გვებრძვის.
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო – თამამად!, განსაცდელების დროს – მოთმინება... ცხოვრება მშვენიერია, როდესაც ვიღვწით! აქ, საბერძნეთში ვამბობთ: "კარგი კაპიტანი – ღელვაში გამოჩნდებაო".
დაუვიწყარო ქართველო ძმებო და დებო, განუწყვეტლივ ილოცეთ, იბრძოლეთ სარწმუნოებრივი კეთილი ბრძოლით, ყველგან "სიტყვითა და საქმით" იქადაგეთ ქრისტე, მაგრამ ამავე დროს, მთელი თქვენი ძალებით მოუწოდეთ საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ლექტორებს, მასწავლებლებს: საყვარელნო! თქვენი ათეისტური და უზნეო ცხოვრებით – საქართველოს ბავშვების მკვლელებად ნუ იქცევით!
ის, ვინც სხვას თუნდაც ერთ წვეთ ცრემლს შეაშრობს, უფრო მეტი დიდების ღირსია, ვიდრე ის გმირები, რომლებიც სისხლის მდინარეებს ღვრიან. ხომ წარმოგიდგენიათ, ვინც ღვთიური სიყვარულის სიმაღლეს მიაღწია, რამდენი ცრემლის მდინარეს შეაშრობს!!!
"ილოცე ჩემთვის"... "მომიხსენე შენს სკვნილში"... "თქვი ერთი ლოცვა ჩემთვის"– ხშირად გვესმის ამგვარი სიტყვები... ამას ჩვენც გვთხოვენ ძმები, რომლებიც გარკვეულ სიძნელეებს განიცდიან.
ლოცვა – ეკლესიის ყველაზე მძლავრი იარაღია!
ჩემო კეთილო ქართველო ძმაო და დაო, ჩემი ძმის – მამა ქრიზოსტომოსის წყალობით, მეც განსაკუთრებით შეგიყვარე. დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ზოგადად, ეგოისტური, რთული და პრობლემატურია... მაგრამ შენ, ყველანაირად ეცადე, რომ ისინი შეიყვარო!
შესაძლებელია შენი პატივისცემა, გულწრფელობა, შენი ქრისტიანული მრწამსი უნებისყოფობაში ჩაგითვალონ... მაგრამ ყველანაირად ეცადე, რომ გულწრფელი დარჩე!
შესაძლოა, კეთილი აზრების მქონე კარგმა ადამიანებმა, ზოგჯერ თავდასხმა ცუდი აზრების მქონე უღირსი ადამიანებისაგან განიცადონ, მაგრამ ყველანაირად ეცადე კეთილად დარჩე!
შესაძლებელია ის, რაც შენ დიდი შრომის ფასად ააშენე, მტერმა ერთ ღამეში დაგინგრიოს, მაგრამ ყველანაირად ეცადე უშიშრად გააგრძელო შენება!
მიუხედავად იმისა, რომ გასცემ ყოველივე საუკეთესოს რაც შენშია, შესაძლებელია სანაცვლოდ პანღური, ცილისწამება, უსამართლობა მიიღო, მაგრამ ყველანაირად ეცადე სიკეთის გაცემა გააგრძელო!
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო ძმებო და დებო, დღეს ბევრს ლაპარაკობენ გლობალიზაციაზე... აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო... გლობალიზაციით, განადგურების დიდი საფრთხე ექმნება ყოველი ერის ეროვნულ ღირსებას, რელიგიურ, კულტურულ და სულიერ ტრადიციებს... ეკონომიკური აყვავების საბაბით ყველაფერი ფეხქვეშ ითელება! გლობალიზაციას უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე დადებითი... ჩემო შვილებო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, არასოდეს, არასოდეს დაივიწყოთ საქართველო!
(მონაზონი ვერონიკა)
...ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანი ღმერთად ქცეულიყო...
ამაყს ღმერთი არ ჰყავს...
შურიანს მეზობელი არ ჰყავს...
ბრაზიანს არ ჰყავს – საკუთარი თავი!...
დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდსაც გვსურს ვემსახუროთ უფალს, არა ისე, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვსიამოვნებს!
იმისათვის, რომ გახდე ზეცის "მოსახლე", ჯერ შენში უნდა დასახლდეს ზეცა!...
სინდისი – სუსტი ხმაა, რომელთანაც საუბარს თუ ისურვებ, ჩვეულებრივ ძნელად ისმენ!
"...თუკი მე არ დავიწვები..., თუკი შენ არ დაიწვები..., მაშ უკუნი როგორღა განათდება?"
მამა ა-ნ, ჩემო საყვარელო ძამიკო, ყოველივე ზემოთ თქმული იცი რას გვეუბნება? – გვეუბნება იმას, რომ სიკეთე მხოლოდ მაშინ აღმოცენდება, თუკი ვიღაც მსხვერპლად შეეწირება.
ჩვენი მონაზვნური მსხვერპლი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავი ყოველგვარი მიწიერი უმსგავსოებისთვის მოვკლათ...
და, კიდევ ერთხელ მხურვალედ გევედრები ჩემო დაუვიწყარო ძმაო: მოდი, მსხვერპლად შევეწიროთ ჩვენს ძმებს!
თუკი "ყვავებს" გაიხდი მეგზურად, ისინი მძორთან მიგიყვანენ... (ყურადღებით იყავით მეგობრებთან ურთიერთობაში!)
... ჩვეულებრივ თვალები ღმერთს კარგად ვერ ამჩნევენ, ისინი მას მხოლოდ ტკივილის ცრემლების ქვეშიდან ხედავენ...
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ძალზე დიდი სიფრთხილეა საჭირო ჩვენს სულიერ ცხოვრებაში...
ვამბობთ, რომ "ქრისტიანულად" ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად, ყოველ დღეს "მიწიერად" ვატარებთ...
ვამბობთ, რომ ეკლესიის შიგნით ვიმყოფებით, მაგრამ "ბილიკებს", რომლებსაც ყოველდღიურად ვსერავთ, ეკლესიის გარეთ მივყავართ...
დიდი, დიდი სიფრთხილეა საჭირო ცხოვრებაში...
ჩემო საყვარელო ძმებო, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ.
ქრისტიანი!... უტკბილესი, უბრწყინვალესი და ყველაზე საპატიო სახელია!
ქრისტიანი! ჩვენ ქრისტეს მოწაფენი ვართ! რამხელა პატივია!
მორწმუნენო, მუდამ – უფალთან ახლოს! მუდამ იყავით მართლმადიდებელი ქრისტიანები – "სიტყვით და საქმით"!
ჩემო ძმებო, დღეს ბევრს საუბრობენ "ნიმუშებზე", მაგრამ ჩვენთვის მარადიული "ნიმუში" უფალი იესო ქრისტე უნდა იყოს...
(ზოგიერთი სასარგებლო რჩევა მოსწავლეს):
– სწავლა ჩემთვის მთავარი საქმეა,
– ვუფრთხილდები ტრადიციებს,
– მსურს ვიყო მართალი ადამიანი,
– ვირჩევ კარგ მეგობრებს,
– ვმონაწილეობ სასარგებლო საქმეებში,
– მიყვარს ჩემი სკოლა,
– სასარგებლოდ ვიყენებ ყოველ დღეს,
– სწორად ვანაწილებ ჩემს დროს,
– არ ვაცდენ გაკვეთილებს,
– პატივს ვცემ ჩემს მასწავლებლებს,
– სკოლაში ყოველთვის მომზადებული მივდივარ,
– ყოველივე ცუდს უარვყოფ,
– ყოველ საქმიანობას ლოცვით ვიწყებ.
ერთი სამწუხარო ფაქტი:
წლების განმავლობაში ადამიანები ერთ კორპუსში ცხოვრობენ და ერთხელაც კი არ მისალმებიან ერთმანეთს...
მღვდელი ამბობს: "მშვიდობა ყოველთა", მაგრამ არ იცნობს მათ ვისაც მიმართავს... ადამიანები იღებენ სეფისკვერს, ეზიარებიან და ისე მიდიან ტაძრიდან, ერთმანეთს სალამსაც არ ეტყვიან!... სამწუხარო რეალობაა...
ჩემო დებო და ძმებო, ყურადღება მიაქციეთ კიდევ ერთ რამეს: დაე ნურასდროს დავიწუწუნებთ ჩვენს "სიმართლეზე"(???) "რატომ... რისთვის?... მე ხომ მართალი ვარ..."(???)
სინამდვილეში ეს – ეგოიზმია, ეს არის თავმდაბლობის არარსებობა...
ამრიგად, მსხვერპლად გავიღოთ ჩვენი "სიმართლეც" და "უფლებებიც", რათა შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ ჩვენშიც და... სხვებშიც.
(მონაზონი ვერონიკა)
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!
ჯვარზე ქრისტეს მსხვერპლშეწირვამ, ადამიანი ღმერთს შეარიგა... ქრისტემ საკუთარ პიროვნებაში, როგორც ღმერთკაცმა – ახალი ადამიანი, ახალი პიროვნება შექმნა.
ეს ახალი ადამიანი – მართლმადიდებელი ქრისტიანი – მარადიულობის ანარეკლია. იგი ღვთის "გზავნილია" დედამიწაზე! იგი – მისი "ხატია"!
მართლმადიდებელი ქრისტიანი იესო ქრისტეს "საყვირია" დედამიწაზე!
ჩემო კეთილო შვილებო, დაე ჩვენც ახალ ადამიანებად, ქრისტეს ადამიანებად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შვილებად, მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალ წევრებად ვიქცეთ!
მორჩილება – სიცოცხლეა, ურჩობა – სიკვდილი!
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ძალზე ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ავტორიტეტული ბერძნების თავყრილობაზე, დიდი დისკუსია შედგა თემაზე თუ "რა იძლევა საუკეთესო განათლებას". გამოითქვა სხვადასხვა აზრი, ზოგმა თქვა, რომ საუკეთესო განათლებას ფილოსოფია იძლევა, ზოგმა – ხელოვნება, ზოგმა – რიტორიკა, ზოგმა – პოლიტიკა, ზოგმა – პოლემიკის ხელოვნება და ა.შ. ბოლოს, აზრი ფილოსოფოს ანტისთენეს ჰკითხეს, რადგან მანამდე იგი ერთადერთი იყო, რომელიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა...
...ჩემო შვილებო, ყურადღება მიაქციეთ მის შესანიშნავ პასუხს:
"ჩემთვის საუკეთესო განათლება არის ის, რომ ცუდის კეთება შევწყვიტო!"
ჩემო ძმებო და შვილებო, დაე ყველამ ასეთი "განათლება" მოვიპოვოთ!
მოყვასისადმი კეთილი მოპყრობა, დამწუხრებულისათვის სანუგეშო
სიტყვის თქმა, უსამართლობის მსხვერპლისადმი გამოსარჩლება, ბოროტი აზრების წინააღმდეგ ბრძოლა, ლოცვის ღვაწლი, მოთმინება სირთულეების დროს, ობოლისათვის ცრემლის შეშრობა, პატიმრისადმი თანაგრძნობა, უპოვარისადმი დახმარება და ყველას სიყვარული – არის ის, რაც ღვთისთვის სათნოა და ჩვენს სულებზე მის მადლს მოიწევს.
(მონაზონი ვერონიკა)
საყვარელო ქართველო ძმაო და დაო, იცი რა არის იესო ქრისტე ჩვენთვის? გთხოვ ყურადღება მიაქციო!
– გსურს განიკურნონ შენი ჭრილობები? – იგი არის ექიმი!
– გსურს დამშვიდდეს შენი სული? – იგი არის ნავსაყუდელი!
– დახმარება გჭირდება? – იგი არის ძალა!
– სიკვდილის გეშინია? – იგი არის სიცოცხლე!
– ზეციურ სასუფეველს ეძიებ? – იგი არის გზა!
– გძულს სიბნელე? – იგი არის სინათლე!
– თანასწორობა გწყურია? – იგი არის სამართლიანობა!
– სასოწარკვეთილი ხარ? – იგი არის თავშესაფარი!
– დამწუხრებული ხარ? – იგი არის ნუგეში!
– თავს მარტოდ გრძნობ? – იგი არის სიყვარული!
ქრისტე – ყველაფერია!
ჩემო შვილო, მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ცდუნების, განსაცდელისა და ისეთი ადამიანების არსებობისა, რომლებსაც სურთ ახალგაზრდობა ცოდვილ ვნებებს დაუმონონ, ჩემო შვილო! გემუდარები: ღვთის შემწეობით განიწმინდე გული და აუღებელ ციხედ აქციე! დიახ! მხურვალედ გევედრებით, სიმდაბლითა და სიყვარულით შეიარაღებულები ფხიზელი მცველებივით მტკიცედ იდექით თქვენი გულის ქრისტიანულ გალავანზე! ...და ნუ შეშინდებით! ჩვენს გვერდით უფალი იესო ქრისტე დგას!
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!
(მონაზონი ვერონიკა)
...ღმერთო ჩემო! ყველგან გეძებდი!... დღე და ღამე!... მთელს დედამიწაზე!... მზეზე... მთვარეზე... ვარსკვლავებზე... უკიდეგანო სამყაროში... მაგრამ, ვერ გიპოვე...
ღმერთო ჩემო! ყველგან გეძებდი... ჰაერში... წვიმაში... თოვლში... მთაში... ზღვაში... ადამიანებში... ყველგან! მაგრამ, ვერ გიპოვე... გეძებდი მეგობრებში... სწავლაში... სტუდენტობაში... მუზეუმებში... ზოგიერთ ჩემს "ჰობში"... ხელოვნების "ვარსკვლავებში"... მიწიერი ადამიანების "ნიმუშებში" და "კერპებში"... მაგრამ, ვერ გიპოვე!
ღმერთო ჩემო! შენ გეძებდი უამრავ წიგნში... კანტის ზერელე ფილოსოფიურ ნააზრევში... უძველეს იდეოლოგიებში და მიწიერ თეორიებში... დახლართულ ფილოსოფიურ მოსაზრებებში და სისტემებში... მაგრამ უშედეგოდ!... მე უჭკუო კვლავ ამ "წითელ ქიმერაში", ამ ვეებერთელა ტყუილში გეძებდი!
დავბრუნდი უკან დაღლილი და მოწყენილი იმ გადაწყვეტილებით, რომ შევჩერდე, გავიკითხო შენს შესახებ... და ჰოი საოცრებავ!... ღმერთო ჩემო, გიპოვე მაშინ, როდესაც გულის კარზე მიკაკუნებდი და მიცდიდი, რომ გამეღო! ოჰ! ღმერთო ჩემო!... რა საოცრებაა!... რა ბედნიერებაა რომ გიპოვე! არა! არა! ტყუილია... შენ მიპოვე! შენ გამოჩნდი! შენ დამენახე!... რეალურად და ძირითადად წმინდა მელეტის კურთხეულ მონასტერში...
ოჰ ქრისტე ჩემო! უტკბილესო იესო ჩემო! ახლა უკვე გევედრები: დარჩი მარად ჩემთან!
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო კეთილო შვილებო, სულიერი ტკივილით გაგაცნობთ კონრად ლორენცის სახელობის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ზოგიერთ ტრაგიკულ ფაქტს:
– ავსტრიელები ძაღლებისთვის ყოველწლიურად ერთ მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავენ!
– საფრანგეთში იმაზე მეტი ძაღლი ცხოვრობს ვიდრე – ბავშვი!
– ევროპაში ძაღლებზე და კატებზე 100 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება ყოველწლიურად!
– ევროპელები 12 მილიარდ დოლარს ხარჯავენ წლიურად პარფიუმერიაზე!
– ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში შეიარაღებაზე გაწეული ხარჯი 800 მილიარდ დოლარს შეადგენს!
– ნარკოტიკებით ვაჭრობის ყოველწლიური ბრუნვა – 400 მილიარდი დოლარია!
... და, ამ დროს კი, ყოველ სამ წამში, მსოფლიოში შიმშილისგან ერთი ბავშვი იღუპება!
"...რა ვთქვა, ... რა გითხრათ".
დამუნჯებული და შეძრწუნებული ვარ... იქნებ ჩემო საყვარელო შვილებო, საზოგადოების ამ საშინელ დაცემაში ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობაც არის???
...იფიქრეთ ამაზე სერიოზულად... გაგრძელება აღარ შემიძლია...
...მხოლოდ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს გაგახსენებთ: "ხელის გულები უნდა "გაგვიოფლიანდეს" იმის გასარკვევად, თუ სად უნდა დავხარჯოთ სულ მცირე თანხაც კი!" არა სიძუნწე! არა...! არამედ დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმაში, თუ რაში დავხარჯოთ ფული...
...თუკი შეშფოთებული ხართ თანამედროვე "კულტურული" საზოგადოების საშინელი დაცემით, შეგიძლიათ ამის გამოსასწორებლად რაღაც გააკეთოთ – ჩემო შვილებო, დაეხმარეთ საქართველოს!
(მონაზონი ვერონიკა)
...ვითხოვე უფლისაგან ძალა, რათა წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ ...უძლურება მივიღე, მორჩილება რომ მესწავლა...
...კვლავ ვითხოვე ძალა, მაგრამ მან სირთულეები მომცა, რათა ისინი გადამელახა!
ვთხოვე უფალს სიბრძნე, მაგრამ მან "პრობლემები" მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა!...
ვთხოვე უფალს ეკონომიკური კეთილდღეობა, მან კი შრომის უნარი მომცა!
ვთხოვე უფალს გამბედაობა, მან კი საფრთხეები მომცა, რომ ისინი დამეძლია!
ვთხოვე უფალს სიყვარული, მან კი მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავხმარებოდი!
ვთხოვე უფალს სიხარული, მან კი მომცა შანსი, რომ გამომეყენებინა!
დიდი საქმეების საკეთებლად უფალს ჯანმრთელობა ვთხოვე, მაგრამ მან, საქმის უკეთ საკეთებლად, ინვალიდობა მომცა...
ვთხოვე უფალს სიმდიდრე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი... მან კი სიღარიბე მომცა, რომ დავბრძენებულიყავი...
ვთხოვე უფალს ძალაუფლება იმისათვის, რომ ადამიანებს განვედიდებინე... მან კი უძლურება მომცა, რათა ღვთის საჭიროება შემეგრძნო...
ვთხოვე უფალს ყველაფერი, რათა სიცოცხლეში გამეხარა... მან კი მომცა სიცოცხლე, რომ ყველაფრით გავიხარო!
...რაც კი ვითხოვე – არაფერი არ მომეცა... რაც მსურდა, ვერაფერი მივიღე... თუმცა მივიღე ყველაფერი, რაც ნამდვილად მჭირდებოდა!
ჩემი ლოცვა არსებითად შესმენილ იქნა...
ო! ზეციერო მამაო ჩემო! რაოდენ კეთილი და ბრძენი ხარ! ყველაფრისთვის გმადლობ!
...კურთხეულ არს სახელი უფლისა!...
(მონაზონი ვერონიკა)
ჩემო კეთილო ქართველო შვილო, მხოლოდ ერთი უბრალო "გამარჯობაა" საკმარისი იმისათვის, რომ როგორც შენი, ასევე შენი მოყვასის დღე გაალამაზო.
ერთი ღიმილიც კი საკმარისია, რომ მას შვება მიანიჭო!
საკმარისია მოყვასს ხელი გაუწოდო, რომ მას ტკივილი შეუმსუბუქდეს!
მისთვის ერთი ლოცვაც კი საკმარისია, გაჭირვების დროს რომ სიხარულის ფრთები შეესხას!
საკმარისია, რომ ამ უბრალო რაღაცეებით მას უჩვენო, თუ რა არის ყველაზე მთავარი... რომ ერთ-ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ და რომ მას ნამდვილ ძმად მიიჩნევ!...
...სასოწარკვეთილება ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ის ბნელეთის თავადის ყველაზე ძლიერ იარაღს წარმოადგენს ჩვენს წინააღმდეგ...
ჩემო კურთხეულო შვილებო, დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა მუდამ კეთილგანწობილნი ვიყოთ, არასოდეს არ გამოვიდეს ჩვენი ბაგეებიდან ბილწი სიტყვები, პირიქით, მუდამ გამოვთქვათ კეთილი, მანუგეშებელი და სიყვარულის გამომხატველი სიტყვები, რომლებიც ქრისტესმიერ კეთილგანწყობას და სულიერ კულტურას გამოხატავენ...
ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის ბაგეებიდან მხოლოდ კურთხეული და "ზეციური" სიტყვები უნდა ისმოდეს...
ჩემო ძმებო და შვილებო, ყურადღება მიაქციეთ ერთ "განცხადებას":
"დაიკარგა ორი ოქროს საათი... თითოეულს ჰქონდა სამოცი ბრილიანტის წუთი... ჯილდო არ გაიცემა, რადგან დაიკარგა სამუდამოდ!" გაფრთხილდით, რომ ხელახლა არ დაკარგოთ ეს "ბრილიანტის" წუთები... ისინი ძალზე ძვირფასი და რაც მთავარია აუნაზღაურებელია.
ჩემო ოქროს შვილებო, ოქსფორდში, ერთ მზის საათზე არის წარწერა: "დრო გადის – პასუხს ვაგებთ"!
რა დიდ სიმართლეს შეიცავენ ეს სიტყვები! ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ: არასოდეს დაკარგოთ დრო... არასოდეს! ის ძალზე ძვირფასია!
ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის "საგანძური", რომელიც ათონის მთის თანამედროვე ბერმა – ნეტარმა მამა ეფრემ "კატუნაკელმა" დაგვიტოვა.
მომლოცველებმა, რომლებიც მას სტუმრობდნენ, ჰკითხეს: გერონდა, ბოლოს, წასვლისას, გთხოვთ გვითხრათ ერთი სიტყვა, რომელიც ერთგვარი "სულიერი სამახსოვრო" იქნება ჩვენთვის...
მამა ეფრემმა თვალები დახუჭა... ხელები აიფარა სახეზე და შემდეგ თქვა:
"არასოდეს არ დაკარგოთ დრო"!
ჩემო შვილებო, სერიოზულად მოეპყარით ამ ნამდვილად წმინდანის სიტყვებს... და მე უბადრუკი, ხუმრობითაც და სერიოზულადაც ვიტყვი:
"ოჰ! ნეტავ 24 საათი 48 საათად იქცეს!"... იმდენად ძვირფასია დრო!
ჩემო ძმებო და დებო, გაცილებით უკეთესია ვიყოთ ის, რაც ვართ, ვიდრე ჩვენი სიტყვები და საქმეები ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს... სარგებელი კარგ პირად მაგალითს მოაქვს... სხვაგვარად თავს ვიმასხარავებთ... სირცხვილია ვსაუბრობდეთ სიყვარულზე, მიტევებაზე და ჩვენ თავად სიძულვილს ვინახავდეთ!...
კომიკურია, სხვას მოვუწოდებდეთ თავშეკავებას და ჩვენ კუჭის მონები ვიყოთ!... ის, ვინც ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, ბევრს არ ლაპარაკობს...
არ ამბობს ბევრ "უნდა"-ს!...
არ ამბობს ბევრ "ეს უნდა გააკეთო"-ს!...
არ ამბობს ბევრ "როგორც მე გეუბნები"-ს!...
არ ამბობს ბევრ "ვთქვი და გავათავე"-ს!...
არ იძლევა ბევრ ბრძანებებსა და დარიგებებს, არამედ სხვას ასწავლის და სარგებელს აძლევს პირადი კეთილი მაგალითით...
ჩემო კეთილო შვილებო, დაე ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი "უნარი" არის – არ ვისაუბროთ ჩვენს უნარებზე!... ფრთხილად!, მხოლოდ საკუთარი თავის განკიცხვასა და სიმდაბლეს მოაქვს გულში სიმშვიდე... ფრთხილად!, საკუთარ თავზე – მხოლოდ გონიერი, გამოზომილი, მდაბალი სიტყვები... ფრთხილად!, რადგან მხოლოდ ერთმა ამპარტავნულ-ეგოისტურმა აზრმა აქცია ურიცხვი ანგელოზი – დემონებად! გაფრთხილდით!...
(მონაზონი ვერონიკა)
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საკუთარი დედის – წმინდა ნონას შესახებ ამბობს: "... ლოცვა, ოხვრა, დღე და ღამე, ...ბევრჯერ ტაძრის იატაკი მისი ცრემლებით იყო სველი... სურდა საკუთარი სიცოცხლე ლოცვის დროს დაესრულებინა – და მართლაც, წმიდა საკურთხევლის პირისპირ, ლოცვით, ღვთივ განუტევა სული! მეც ვევედრები უფალს, მომცეს ასეთი ცხოვრება და აღსასრული" – წერს წმინდა გრიგოლი.
...ასევე ნეტარი ავგუსტინეც მიმართავს ღმერთს: "უფალო, შენიანი გავხდი იმიტომ, რომ დედად ერთ-ერთი შენი მხევალი მომეცი!"
"...ჭეშმარიტი დედა ათას მასწავლებელზე მეტად ფასობს!"
(მონაზონი ვერონიკა)
გაგრძელება