წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი
მწყემსების მოვალეობათა შესახებ
მწყემსებში აქ ეპისკოპოსები და მღვდლები იგულისხმებიან. თავად სახელი მწყემსი გვიჩვენებს, როგორები უნდა იყვნენ ისინი: მწყემსავენ ქრისტეს ცხვრებს, ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს, ღვთის ძის – ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებს და არა პირუტყვებს. ამას დაუფიქრდი, საყვარელო მწყემსო!
ა) მწყემსის წოდებას ან პატივს არ უნდა ეძიებდე, არამედ მოწოდებას უნდა ელოდე.
ბ) როდესაც მოგიწოდებენ, განსაჯე: შეძლებ ამგვარი ტვირთის აწევას და ტარებას?
თუ ვერ შეძლებ, ნურც შეეხები, რომ თავი არ დაიმძიმო და უფსკრულში არ ჩაიძირო. ვისაც სხვების გამოსწორება სწადია, თავად უნდა გამოსწორდეს; ვისაც სხვების სწავლება სურს, მან ჯერ საკუთარ თავს უნდა ასწავლოს; ვისაც სხვების დამწყემსვა და გადარჩენა უნდა, თავად უნდა გაფრთხილდეს; ვისაც სხვების დაცვა და დაფარვა სურს, თვითონ კეთილი უნდა იყოს. ვისაც სხვათა წინამძღვრობა, გზის ჩვენება და „სამშობლოში“ წაყვანა უნდა, წინ თვითონ უნდა წავიდეს; მწყემსი უნდა იყოს სოფლის ნათელი, რომელიც ყოველივეს ანათებს, მიწის მარილი და ა.შ. თავად უნდა იყოს სუფთა და უბიწო ის, ვისაც უნდა სხვებისთვისაც იყოს ღვთის წინაშე მლოცველი. ვისაც ცოდვების გამო სხვების მხილება სურს, თავად მას არ უნდა ამხელდეს სინდისი, რომ არ მოისმინოს: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“. იფიქრე ამაზე, საყვარელო, და არ შეეხო იმ ტვირთს, რომელიც შენს ძალებს აღემატება.
გ) მწყემსი ერს გამუდმებით უნდა ასწავლიდეს, მას იგი ჭეშმარიტი სინანულისკენ უნდა მიჰყავდეს, ღვთის შიშსა და სიყვარულს უნდა ნერგავდეს ხალხის გულში, უშიშარ და უნანელ ცოდვილებს ღვთის სამსჯავროთი უნდა აშინებდეს; შეძრწუნებულებს, მერყევებსა და სასოწარკვეთისაკენ მიდრეკილებს ღმერთის მოწყალებითა და სახარებისეული ნუგეშისცემით უნდა ამხნევებდეს; ცრურწმენებს, განხეთქილებებსა და მწვალებლობებს უნდა აღმოფხვრიდეს. ყველა ამ სწავლებას მწყემსი „ისრაელის“ წყაროებიდან, ღვთის სიტყვის წმიდა წიგნებიდან უნდა აღმოკრებდეს და თავის მორჩილ ხალხს აწვდიდეს.
დ) სწავლის ადგილი წმიდა ტაძარია, თუმცა მწყემსს შეუძლია და ვალდებულიც არის იქადაგოს ყველგან, სადაც ხალხია შეკრებილი და ამის შესაძლებლობაც არის. ამ საქმეში ყველა მწყემსისთვის არსებობს მაგალითი – ქრისტე, სოფლის მაცხოვარი, რომელიც მხოლოდ სოლომონის ტაძარში კი არ ასწავლიდა, არამედ – სახლებშიც, უდაბნოშიც და სხვა ადგილებშიც. მონდომებულ და გონებამახვილ მწყემსს ვითარება უკარნახებს, რა და სად ილაპარაკოს, როგორც ამას სახარებაში ვხედავთ. მაგალითად, ტრაპეზის დროს შეიძლება ცათა სასუფევლის ტრაპეზზე ისაუბროს და ა.შ.
ე) რისი თქმაც გინდა ხალხისთვის, ჯერ კარგად უნდა განსაჯო, მოიფიქრო და ასე შესთავაზო მას. საკვებს ჯერ ხარშავენ, მარილით შეაზავებენ და ასე მიაქვთ ტრაპეზზე, მჭამელთათვის საამოდ და სასარგებლოდ; მწყემსმაც ღვთის სიტყვისაგან მომზადებული საკვები ჯერ თავის გულში უნდა მოხარშოს, გონების მარილით შეაზავოს და შემდეგ მიართვას დამშეულ ხალხს სულიერი ტრაპეზი. სხვაგვარად, მწყემსმა თავისდაუნებურად შესაძლოა სიტყვით შესცოდოს.
ვ) ვინაიდან არსებობს ორგვარი ხალხი: უშიშრად მცხოვრებნი და ღვთის სამსჯავროს შიშით შემუსვრილები, რომლებიც ნუგეშს საჭიროებენ, ამიტომ მწყემსმა უშიშრებს ღვთის სჯულზე და ღვთის სამსჯავროზე უნდა უქადაგოს და ამით ჭეშმარიტი სინანული და შემუსვრილება აღუძრას, ხოლო შემუსვრილებს, დამწუხრებულებს და სინდისის მხილებით შეშფოთებულებს სახარებისეული ნუგეში სცეს. „სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხორებად“ (1 ტიმ. 1,15).
ზ) საზოგადო მამხილებელი სიტყვა სხვაგვარად ითქმის, კონკრეტული პირისადმი მიმართული – სხვაგვარად. საზოგადო მიმართვა შეიძლება უფრო მკაცრი და მკვეთრი იყოს, რომ ცოდვილებს გულში შიშის ელდა ეცეთ და ასე გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან. ამგვარ ქმედებას ვხედავთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წიგნებში. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც გინდა ერთი კაცის მხილება, შენთვის და მისთვის ცნობილი ცოდვის გამო, ფრთხილად ილაპარაკე, რომ ერთი იარა მაინც განკურნო და უფრო მეტად არ დააწყლულო. ამისთვის ეძიე დრო და ვითარება. საუკეთესო ვითარება მაშინაა, როდესაც იგი თვითონ აღიარებს ცოდვას შენს წინაშე. მაშინ შეგიძლია უთხრა ყველაფერი, ოღონდ მიმართე ალერსით, დანანებით, და არა მრისხანებით, რათა იგრძნოს, რომ სიყვარულით ესაუბრები და გულწრფელად გინდა მისი გადარჩენა.
თ) როდესაც ადამიანები, ვინც უნდა იყვნენ, სჯულს არღვევენ და შენ ეს ზუსტად იცი, მეტისმეტად ეკრძალე დუმილს, ყველგან ამხილე მათი უსჯულოება, რომ არ მიემსგავსო ძაღლს, რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები თავს ესხმიან სახლს და ძარცვავენ, ან მგლები ფარას რომ დაეცემიან და ანადგურებენ. აქ მტკიცედ დეგ, საყვარელო, და შენი სამწყემსო საქმე აღასრულე, თუნდაც ამ დროს ზიანი მოგადგეს. მაგალითად წინასწარმეტყველები, მოციქულები და ძველ დროში მცხოვრები ქრისტეს მღვდელმთავრები გყავს.
ი) გაფრთხილდი, ფუფუნებასა და ამასოფლის ამპარტავნებაში მცხოვრებ მდიდარ და გამოჩინებულ ხალხს შენი მლიქვნელობით ბიწი არ შეუმსუბუქო, ან კიდევ უარესი – საერთოდ არაფრად ჩაუთვალო; მოძღვრის ნაცვლად მლიქვნელი არ აღმოჩნდე. ყოველი ბიწიერება პირუთვნელად ამხილე და ჭეშმარიტება ყველგან და ყოველთვის დაამოწმე: შენ ხომ ღვთის სიტყვას ამბობ, როგორც ღმერთის მიერ წარგზავნილი. დაე, ყველა მათგანმა იცოდეს, რომ შენ მწყემსი და მათი მასწავლებელი ხარ და მართალი მსაჯულის წინაშე მოგიწევს მათ შესახებ სიტყვისგება.
კ) გაფრთხილდი, ღვთის სიტყვა კაცთაგან შენი ქება-დიდებისთვის არ იქადაგო; გაფრთხილდი და არ შესცოდავ ღვთის წინაშე იმის მიტაცებით, რაც შენი არ არის. სიტყვა ღვთისა მოგვეცა ადამიანთა ცხონებისა და ღვთის სახელის განდიდებისთვის; ამისთვის არის საჭირო მისი ქადაგება. როდესაც მწყემსის მოვალეობას ჯეროვნად აღასრულებ, შექებასაც მიიღებ, რომც არ გინდოდეს, თუმცა არა ყველასაგან. კეთილნი და საკუთარი სულის ცხონებისათვის მზრუნველნი შეგიყვარებენ და შეგაქებენ, ხოლო ბოროტნი და საკუთარი სულის ცხონებისთვის უზრუნველნი მოგიძულებენ და გაგლანძღავენ: ყველას ხომ ერთი და იგივე არ უყვარს.
ლ) რასაც შენს მორჩილ ადამიანებს ასწავლი, ყველაფერი ჯერ შენ უნდა შეასრულო. ასწავლი სიტყვითაც და საქმითაც, როდესაც შენი ზნე და ცხოვრება შენი სიტყვების შესაბამისი იქნება. ამაღლებულ ადგილას ზიხარ, ყველას წინაშე, ყველანი შენ შემოგცქერიან, ამჩნევენ, რასაც აკეთებ, და ისმენენ, რასაც ამბობ. ასწავლე მათ სიკეთე სიტყვითაც და საკუთარი მაგალითითაც, რომ შენი ბაგეებიდან სასარგებლო სიტყვა მოისმინონ, შენი მართალი ცხოვრება მაგალითად ექცეთ და ამგვარად ისარგებლონ შენი სიტყვით და ცხოვრებით.
საყვარელო! ნათელი იყავ ხალხისათვის, სიტყვითაც და ცხოვრებითაც; მარილი იყავ მათთვის; წაიყვანე „სამშობლოში“ და გზაზე მდგომ ბოძად არ იქცე; უჩვენე მათ გზა და თვითონ წინ წაუძეხი. დაიცავი ისინი, როგორც დარაჯმა, და თავადაც გაფრთხილდი; აუწყე მათ ღვთის ნება, მაგრამ უწინარესად შენ აღასრულე. მოუწოდე მარადიული ნეტარების დიდებულ სერობაზე, მაგრამ წინ შენ წადი.
მ) როგორც თავად მწყემსის, ასევე ხალხის ძალისხმევა და საქმეები ღვთის შეწევნის გარეშე ვერც აღესრულება და წარმატებულიც ვერ იქნება; ამიტომაც მწყემსი ვალდებულია, გულმოდგინედ ევედროს ღმერთს თავისთვისაც და ხალხისთვისაც, რათა შეეწიოს მასაც და ყველა ადამიანს. თუ რა სათნოებები და მონდომება უნდა ჰქონდეს მწყემსს, ამის შესახებ გვეუბნება მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველ და მეორე ეპისტოლესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეში – წაიკითხე და გულისხმაჰყოფ. აღნიშვნის ღირსია მისი სიტყვები: „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყუარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა“ (1 ტიმ. 3, 2-4).
სამწყსოს მოვალეობა მწყემსის მიმართ
პირველი. ვინაიდან მწყემსი ღვთის სიტყვას ქადაგებს, ამიტომ ყურადღებით მოისმინე, რასაც გასწავლის, ქრისტიანო, და ამ სწავლების მიხედვით იმოქმედე. ამის შესახებ ამბობს მოციქული: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქუენთათვის, ვითარ-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა“ (ებრ. 13,17).
მეორე. მწყემსი ღმერთის წარმოგზავნილია, ის გადარჩენის გზას გიჩვენებს და ღმერთის სახელით მის მარადიულ სასუფეველში გიხმობს. ამიტომაც შერაცხე იგი, როგორც ღვთისაგან მოვლენილი, როგორც დიდებული სიკეთეების მაუწყებელი და მათკენ მხმობელი: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (მათ. 10,40), ამბობს უფალი. მიიღე და შერაცხე მწყემსი, როგორც ქრისტესაგან მოვლენილი.
მესამე. ვინაიდან მწყემსი ყველას სასიკეთოდ იღვწის და შენთვისაც ზრუნავს, რათა ყველამ საუკუნო ხსნა ჰპოვოს, ამიტომ გიყვარდეს იგი, როგორც მამა და შენი კეთილისმყოფელი, მადლიერი იყავი მისი. კარგია, მამას რომ უწოდებ; როგორც სხვებს, ასევე შენც მწყემსი გშობს არა წარმავალი, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის. შენც ღვიძლი მამასავით შეიყვარე იგი. გიყვარს ხორციელი მამა? მით უმეტეს ეს მამა უნდა გიყვარდეს.
მეოთხე. მწყემსი როგორც ყველასთვის, შენთვისაც ზრუნავს და ფიქრობს; ნურც შენ მიატოვებ მას გასაჭირში, დაეხმარე საჭიროების მიხედვით, შეავსე მისი ნაკლულევანება, რათა ჰქონდეს დრო საყოველთაო სარგებლობისთვის ზრუნვისა და ფიქრისა. საჭიროა, მასზე, ვინც ყველასათვის ზრუნავს და ფიქრობს, ყველამაც იზრუნოს. ამგვარად, ურთიერთსიყვარულითა და ქველმოქმედებით საერთო სარგებელიც წარმატებული იქნება.
მეხუთე. ხალხში მრავალია სიკეთის არმოსურნე, არ უყვართ მწყემსისაგან მხილება, თავისი ნებისამებრ სურთ ცხოვრება; ისინი მრავალ ბრალობას უგონებენ და უვრცელებენ მწყემსს. როდესაც მის შესახებ ცილისწამებასა და ავსიტყვაობას მოისმენ, არ დაიჯერო და დაიხშე ბაგენი, რომ არავის უთხრა გაგონილი, თუ არა და მძიმე ცოდვას ჩაიდენ, სიკეთეს ბოროტებით მიაგებ, რაც დიდი უსჯულოებაა. მძიმეა უბრალო კაცის ცილისწამება და სახელის გატეხა, მით უმეტეს მწყემსისა. ამის გამო ჩნდება ხალხში დიდი უთანხმოება, მწყემსი შეურაცხყოფილი იქნება, აღარ დაემორჩილებიან და მისი შრომა, შესაძლოა, უსარგებლო აღმოჩნდეს. კარგად მიაქციე ამას ყურადღება – მოერიდე მწყემსზე ბოროტი ხმის გავრცელებას, რათა საკუთარ თავზე ღმერთის შურისმგებელი ხელი არ განიცადო.
მეექვსე. თუკი მწყემსში შენიშნავ ისეთ სისუსტეებს, რისგანაც კეთილი ადამიანებიც არ არიან თავისუფალნი, ნუ დაბრკოლდები და ნუ განიკითხავ – გახსოვდეს, რომ მწყემსი ისეთივე ადამიანია და ისეთივე სისუსტეები ახასიათებს, როგორიც შენ ან სხვებს.
მეშვიდე. ვინაიდან მწყემსს მრავალი განსაცდელი მოელის და ყველაზე მეტად მას ებრძვიან ეშმაკი და ბოროტი ადამიანები, ამიტომაც საჭიროებს ღვთის განსაკუთრებულ შეწევნასა და გაძლიერებას. როგორც ყველა ადამიანს, ასევე შენც გევალება მისთვის ლოცვა, რათა ღმერთი შეეწიოს და გააძლიეროს. სახლის კეთილდღეობა კეთილ მეპატრონეზეა დამოკიდებული, მეომართა კეთილდღეობა – კეთილ მხედართმთავარზე, ხოლო ხომალდის კეთილდღეობა – კეთილ მესაჭეზე. ილოცე, რომ მწყემსი იყოს ბრძენი და კეთილი, მაშინ ქრისტიანული საზოგადოებაც კეთილდღეობით იცხოვრებს.
მერვე. თუკი მწყემსი თვითონ არ ასრულებს იმას, რასაც სხვებს ასწავლის, არამედ მოძღვრების საპირისპიროდ ცხოვრობს, ყურადიღე ქრისტეს სიტყვა, რომელიც ასეთ მწყემსებზე ამბობს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან“ (მათ. 23,2-3).
მსგავსი წერილი:
მთავარეპისკოპოსი ამბერკი – ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მოძღვრობის თავისებურებანი ჩვენს დროში
|