წმ. ბერი სილუან ათონელი
აღსანიშნავი შემთხვევა
ერთხელ სერბულ მონასტერში, ჰილანდარში მივდიოდი. დამემგზავრა მამა ნიკოლოზი, ჩვენი თებაიდის სკიტის მესტუმრე. მივდიოდით ღამით, ამწვანებულ ტყეში; გზაცა და საუბარიც სასიამოვნო იყო. მოყვასის სიყვარულზე ვსაუბრობდით, და მამა ნიკოლოზმა აღსანიშნავი ამბავი მომიყვა.
რუსეთის სამხრეთში, როსტოვთან ახლოს, ოცი კაცისგან შემდგარი არტელი (ამხანაგობა) მუშაობდა. ერთი მათგანი, სახელად ანდრია, ძალიან ცუდი ხასიათისა და საქციელის კაცი იყო, ძნელი იყო მასთან ერთად ცხოვრება. ხოლო სხვა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, მეტად კეთილი ადამიანი იყო, უყვარდა ღმერთი და მის მცნებებს ასრულებდა. მას ნიკოლოზი ერქვა. როცა ანდრიამ თავის ამხანაგებს ბევრი ბოროტება და უსიამოვნება შეამთხვია, არტელში მისი მოკვლა განიზრახეს, მაგრამ ახალგაზრდა ნიკოლოზი არ თანხმდებოდა ამ ბოროტებაზე და არწმუნებდა მათ, რომ მკვლელობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაედინათ. არტელის წევრებმა არ დაუჯერეს ნიკოლოზს და მოკლეს ანდრია. საქმე პოლიციამდე მივიდა. მაშინ ნიკოლოზმა, ამხანაგების გასაჭირი რომ დაინახა, უთხრა მათ: „ყველა თქვენგანს ცოლი და შვილები ჰყავს, მე კი უცოლო ვარ – მარტოხელა. თქვით, რომ მე მოვკალი და მეც დავადასტურებ; მე არ გამიჭირდება კატორღაში წასვლა და წავალ მარტო, თქვენ კი, თუ გაგასამართლებენ, რამდენი ადამიანი დაიტანჯება“. თავიდან არტელის წევრები პასუხს არ სცემდნენ, რცხვენოდათ ნიკოლოზის, რადგან ის არწმუნებდა, არ მოეკლათ. ბოლოს ნიკოლოზმა მაინც დაარწმუნა ისინი და ყველა დათანხმდა ეთქვათ, რომ მკვლელობა ნიკოლოზმა ჩაიდინა.
მივიდნენ იმ ადგილას უფროსები, პროკურორი, გამომძიებლები, ჟანდარმები; დაიწყო გამოძიება: ვინ მოკლა? ნიკოლოზი ამბობს: „მე მოვკალი“. სხვებს ეკითხებიან და ისინიც პასუხობენ, რომ ნიკოლოზმა მოკლა. ნიკოლოზს უწყინარი სახე ჰქონდა, თავმდაბლური ხასიათი, საუბრობდა მშვიდად და ხმადაბლა. გამომძიებლები დიდხანს ჰკითხავდნენ; ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი უწყინარი და მშვიდი ადამიანი მკვლელია, მაგრამ საქმე სასამართლოს გადაეცა წესის მიხედვით. სასამართლოზეც ყველას უკვირდა, რომ ასეთმა თავმდაბალმა და სასიამოვნო ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინა, არც ერთ მოსამართლეს არ სურდა ამის დაჯერება, ნიკოლოზის მტკიცების მიუხედავად, რომ ის არის მკვლელი. მოსამართლეებს დიდხანს ვერ გამოჰქონდათ განაჩენი. არავის ემორჩილებოდა ხელი მისთვის განაჩენის ხელმოსაწერად. ისევ მრავალჯერ დაჰკითხეს ნიკოლოზი და სხვებიც, რომ საიდუმლო გამოეაშკარავებინათ, და აფიცებდნენ მას, რომ სიმართლე ეთქვა. ბოლოს უდანაშაულო ბრალდებულმა განაცხადა, რომ თუკი ნამდვილ მკვლელს არ დასჯიდნენ, ის სიმართლეს იტყოდა. სასამართლოს მსვლელობისას გამომჟღავნდა, რომ მოკლული ანდრია ცუდი კაცი იყო, და პროკურორიც და მოსამართლეც შეთანხმდნენ, რომ საქმეს შეწყვეტდნენ, თუკი სიმართლეს გაიგებდნენ. მაშინ არა ნიკოლოზი, არამედ სხვები მოჰყვნენ, როგორც იყო საქმე და როგორ დაიბრალა ნიკოლოზმა დანაშაული სხვების სასჯელისგან გადასარჩენად. სასამართლო შეწყდა, განაცხადეს, რომ ნიკოლოზის დანაშაული ვერ დამტკიცდა; ერთმა უფროსმა კი თქვა: „ანდრია ცუდი კაცი იყო, ახია მასზე რაც დაემართა; ესენი კარგი ხალხია, დაე იცხოვრონ მშვიდობით“.
და ჩანს ამ შემთხვევიდან, რა ძალა აქვს მოყვასის სიყვარულს. ღვთის მადლი იყო ახალგაზრდა ნიკოლოზის გულში და მის სახეზეც აისახა, და ყველა სხვაზეც მოქმედებდა.
არქიმანდრიტ სოფრონის წიგნიდან – „ბერი სილუანი“
იხ. აგრეთვე:
წმ. მამები ქრისტიანული სიყვარულის შესახებ
|