არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ნარკომანია
ჩვენს მძიმე დროში კიდევ ერთი გზა გაიხსნა ჯოჯოხეთისაკენ – ნარკომანია. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შედეგები მოსდევს ამ ავადმყოფობას ფსიქიური, ზნეობრივი თუ ფიზიკური არსებობისათვის, დღეს ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ მას ქრისტიანობის პოზიციიდან?
ჯერ ერთი, ნარკომანია ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან – თვითმკვლელობასთან, ასევე ჯადოქრობასთან, შავ მაგიასთან, სპირიტიზმთან, ანუ ყველაფერთან, რასაც "მიღმურ სამყაროსთან" – ბნელეთის სულებთან აქვს კავშირი. ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანგს იმისათვის ხმარობდნენ, რომ თავიანთ "ღმერთებთან", ანუ ეშმაკებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობა შეძლებოდათ. თავისთავად ადამიანის სურვილი – დალიოს რაღაც სასმელი, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ, იდუმალ ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზად არის თავისი გრძნობები, მთლიანად სული მათ დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც "საინტერესო", უჩვეულო, სასიამოვნო გამოსცადოს.
ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, თუ რა განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ, მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით, როგორ გვთავაზობენ შხამიან ნაყოფს ნუგბარის სახით, ყოველ ჩვენს კეთილ წამოწყებას ცრუ-სიკეთედ ქცევას უქადიან. მთელ თავიანთ მზაკვრობას, თავიანთ ბადეებსა და ხაფანგებს ისინი მშვენიერ, მომხიბლავ საფარველში ხვევენ. ამიტომაც ვუყურებთ ეჭვით ამ "ტკბილ", "საამო", "ნეტარ" მდგომარეობებს, შეუმოწმებლად არ ვღებულობთ არავითარ "გამოცხადებებს", "ხილვებს", "ჩვენებებს", "განათებებს" და სხვა უჩვეულო მოვლენებს. ჩვენ არც უეცარ "ძლიერ" გრძნობებს ვუჯერებთ, სინანულის თუ ლოცვის დროს რომ გვაკითხავენ, და არც ერთბაშად გაჩენილ მხურვალე მოშურნეობას, რადგან ვიცით – ეშმაკს იოლად შეუძლია გვაცდუნოს. ამიტომაც ვფრთხილობთ: აქ დაშვებულმა შეცდომამ ვაითუ უმძიმეს შედეგამდე – სულის წარწყმედამდე მიგვიყვანოს. და ასეთი სიფრთხილის მიუხედავად ეშმაკი ხშირად გვჯობნის და გვაცდუნებს. მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც თვითონ ეძებს და ეძახის სწორედ ასეთ – ძლიერ, მკვეთრ, საამო გრძნობებს, ახალ-ახალ, უჩვეულო განცდებს, "ჩვენებებს", "გამოცხადებებს?" ასეთი ადამიანი მალე ბოროტ სულთა სრულ მფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონა ხდება. ეშმაკი მას მანამ შეიქცევს, ვიდრე სრულიად ჩაეფლობოდეს ნარკომანიის ჭაობში და დამოუკიდებელი პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად იქცეოდეს. ამიერიდან მის ცხოვრებას ერთადერთი მიზანი აქვს – როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ "სამეფოში", რომლის კარსაც ნარკოტიკი აღებს და "ვარდისფერი ნისლით" მოცულ არარსებულ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ საბრალოს დემონები მალე ამ ნუგეშსაც სტაცებენ – ნარკოტიკის მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უმისოდ არსებობა ძნელდება, საამო შეგრძნებები კი პირვანდელ ხიბლს კარგავენ, ქრებიან და ამ "ვარდისფერი ნისლის" მიღმა თანდათან ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე.
მაშინ კი უკვე უხეშად დასცინის თავის მსხვერპლს, აღარ ეფერება და ეპირფერება, პირიქით, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს – ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი თავის რჩეულებს სთავაზობს.
ნარკოტიკული ცდებისა და როკ-მუსიკის (ან დემონური კულტის რაიმე სხვა ფორმის) შეხამება წარწყმედის უფსკრულის ფსკერზე დაშვების უმოკლესი გზაა. მაგალითად, დასავლეთში გახშირდა ასეთი შემთხვევები: ზოგიერთი ახალგაზრდა "ჰიპების" წრიდან, უმეტესად ნარკომანები, ვინც უკიდურეს ზღვარს აღწევს, უკვე ვეღარ კმაყოფილდება "ნირვანაში ჩვეულებრივი მოგზაურობით" და თავს იკლავს, თანაც როგორ? უზარმაზარი ცათამბჯენის სახურავზე ადის, იქ იკეთებს უძლიერესი ნარკოტიკის სასიკვდილო დოზას და მაშინვე ხტება. წამალი ვარდნის პროცესში იწყებს მოქმედებას, ადამიანს სრულიად ფანტასტიკური განცდები ეუფლება და ჰაერშივე კვდება დოზის სიჭარბის გამო, მიწაზე მხოლოდ მისი უსულო სხეული ეცემა – როკ-სიმღერებიც კი გაჩნდა, ასეთ "თვითგანადგურებას" რომ აქებენ და ჯოჯოხეთში ვარდნის "უმაღლეს პილოტაჟს" ადიდებენ...
და მაინც საიდან იწყება ნარკომანია?
დღეს, როდესაც ყოველი ახალგაზრდა ბავშვობიდანვე ეზიარება მრავალ მძიმე ცოდვას, როდესაც ყველგან ქრისტეს უარყოფას აწყდება, როდესაც ასე შორსაა ეკლესიისაგან, უთუოდ უდგება მძიმე შინაგანი კრიზისი: სულს თითქოს ლოდივით აწევს შეუნანებელი ცოდვები, მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა მას აიძულებს ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისაგან თავის დასახსნელად, მოიშოროს თავიდან მახრჩობელა ძაფები, ანუ შეუნანებელი ცოდვები, გაექცეს მომქანცავ სინდისის ქენჯნას, იპოვოს რაღაც ილუზორული, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი.
მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომელი ქვეყანაა სულისათვის ჭეშმარიტად სანუკვარი, და იგი სავსებით რეალურია, ბევრად უფრო რეალური, ვიდრე ეს, ხილული სამყარო:
"...განუსვენე სულსა... ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქუმა..."
ასეა აღწერილი ეს ადგილი მღვდლის ლოცვაში შესვენებულთათვის. ესაა ცათა სასუფეველი, რომლის მახარებლადაც მოგვევლინა მიწაზე უფალი იესო ქრისტე და რომელიც განცხადდება მისი მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც უფალი მოვა განსჯად ყოველთა ცოცხალთა და მკვდართა. ჩვენც სწორედ ამ საუკუნო სასუფევლის დამკვიდრების იმედი გვაქვს და მისთვის ვემზადებით, წარმავალ წუთისოფელში კი ყოველი ჭირი და მწუხარება მისთვის უნდა დავითმინოთ. ისიც ხომ ვიცით, რომ იქ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ამ ბიწიერ წუთისოფელში შეურყვნელად გამოატარა თავისი სული, ვინც მტკიცედ უარყო ეშმაკის ყველა ხერხი და წინადადება, ისე რომ არც მხნეობას უღალატნია, არც საკუთარი თავის სიბრალულს უძლევია, ვინც ყოველი დაცვით იცავდა მთავარს – თავის გულს, ეძებდა მხოლოდ სიმართლეს – ჭეშმარიტ, მარადიულ ღმერთს, ვისაც სიყალბე ჭეშმარიტებად არ მიუღია და მარადიული ნეტარება ოსპის შეჭამანდში არ გაუცვლია (როგორც ესავმა გაუცვალა თავისი პირველშობილობა ძმას – იაკობს (დაბ. თავი 25).
ნარკომანი კი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას "ოცნების სასახლეზე", "ვარდისფერ ნისლზე". მას უკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტიკური სამყაროდან, მისი "სიმშვიდიდან" აქ, მიწაზე, სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვას და დაძინებას ლამობს, რათა ვერც ვერაფერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს, მაგრამ სულის ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით, და რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბლს, მით უფრო ადრე შეძლებს ჭეშმარიტებისკენ – უფლისკენ მოქცევას.
ამ დემონურ ტყვეობაში მოხვედრილი კაცის მდგომარეობა თავისი სიბნელით, სინათლის წყაროსაგან მოშორებით, იონა წინასწარმეტყველის მდგომარეობას ჰგავს. კაცი თითქოს ცოცხალ-მკვდარია – ხორცით კი მთელია, მაგრამ სული უკვე იმქვეყნადაა, თითქოს ნაწილობრივ ჯოჯოხეთში, ეშმაკებს შორის. და ილოცა იონამ უფლისა მიმართ:
"გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანასკნელმან, დახდა თავი ჩემი ნაპრალებსა მთათასა, შთავხედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხოვრება ჩემი" (იონა, 2, 6-7). ნარკოტიკებს დამონებული კაცი საბრალო ბუზს ჰგავს, ობობას ქსელში გაბმულს – საცაა ობობაც მოვა და სისხლს გამოწოვს. რაც შეიძლება მტკიცედ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ სნეულების განკურნებას.
წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის“