ვერცხლისმოყვარების (ფულისა და სიმდიდრის სიყვარულის) ვნების შესახებ
სიმდიდრის სიყვარულს სამი მიზეზი აქვს: გემოთმოყვარება, დიდებისმოყვარება და ურწმუნოება. მათ შორის ყველაზე ძლიერია ურწმუნოება. გემოთმოყვარეს სიმდიდრე უყვარს სიამოვნებისთვის, დიდებისმოყვარეს – განდიდებისთვის, ხოლო ურწმუნოს – რომ დაფაროს და შეინახოს იგი, – შიმშილის, სიბერისა და სნეულების შიშით; ფულის იმედი უფრო აქვს, ვიდრე ღვთისა... მეურნე კაციც აგროვებს სიმდიდრეს. ის სწორად აგროვებს, იმისთვის, რომ არასოდეს გაღატაკდეს მისი ხელი ყველასათვის საჭიროს მისაცემად. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)
ისინი, ვინც დაიპყრო სიმდიდრის შეგროვების უგუნურმა ვნებამ და სიყვარულმა, ამისთვის მთელ თავის ძალებს ხარჯავენ და ვერასოდეს ძღებიან, რადგან ვერცხლისმოყვარება განუძღომელი სიმთვრალეა. (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარის ქონებას ხშირად მრავალნი ინაწილებენ, ხოლო ის ცოდვები, რომლებიც მან ამ ქონების გამო ჩაიდინა, მხოლოდ მას მიაქვს (იმქვეყნად). (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარენო, შეხედეთ და დაუკვირდით, რა დაემართა გამცემელ იუდას, როგორ დაკარგა ფულიც და დაღუპა თავისი სულიც. ასეთია ვერცხლისმოყვარების ტირანია; ვერც ფულით ისარგებლა, ვერც აწინდელი ცხოვრებით, ვერც მომავალი ცხოვრებით, უცბად დაკარგა ყველაფერი... (წმ. იოანე ოქროპირი)
ფულს ისე უნდა ვფლობდეთ, როგორც ბატონს შეშვენის, – ისე, რომ ჩვენ ვუფლებდეთ მასზე და არა ის ჩვენზე. (წმ. იოანე ოქროპირი)
ვერცხლისმოყვარენი შეიძლება მივიჩნიოთ გონებითა და გულით კეთროვნებად, გეეზის მსგავსად (4 მეფ. 5,27), რომელმაც ამასოფლის განხრწნადი ფული მოინდომა და კეთრის წყლულით განიგმირა. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ყველა სული, ვნებისგან შებილწული, განიგმირება სიბილწის სულიერი კეთრით და ღვთის წინაშე უწმინდური, ექცევა მარადიული წყევის ქვეშ. (ღირსი იოანე კასიანე რომაელი)
ვინც ფულის სურვილითაა შეპყრობილი, განიკითხება როგორც ვერცხლისმოყვარე, თუნდაც რომ სრულიად არაფერი გააჩნდეს. (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)
ეს საცოდავი ვნება (ვერცხლისმოყვარება) სიღარიბისგან არაა გამოწვეული, უფრო სიღარიბის გრძნობაა ამ ვნებისგან გამომდინარე, ხოლო თვით ეს ვნება უგუნურებისგანაა, რადგან ყოველთა მეუფემ – ქრისტემ სამართლიანად უწოდა უგუნური იმას, ვინც თქვა: „დავარღვინე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე“ (ლუკა 12,18). რამეთუ როგორ არაა უგუნური ის, ვინც იმ საგნებისთვის, რომელთაც არანაირი არსებითი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ – „რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან“ (ლუკა 12, 15), – ასეთი საგნებისათვის გასცემს ყველაზე სასარგებლოს (მარადიულ სიკეთეებს). (წმ. გრიგოლ პალამა)
„სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“, – ამბობს წინასწარმეტყველი (ფსალმ. 61,11). დიდი უგუნურებაა გული ოქროს მიაჯაჭვო და დამღუპველ მევახშეობაზე დაამყარო სასოება. ამრიგად, ნუ იქნები განხრწნადი სიმდიდრის იმედზე და ნუ გამოედევნები ოქროს, რადგან, როგორც ნათქვამია: „რომელსა უყუარდეს ოქროჲ, არა განმართლდეს“ (ზირაქ. 31,5), არამედ ცოცხალ ღმერთზე დაამყარე სასოება (1 ტიმ. 4,10), რომელიც მარადიულია და რომელმაც შექმნა ყოველივე.
ნუ გეშინია რაიმეს მოკლებისა, რადგან ადრე არაფერი გქონდა – ახლა გაქვს, და თუ არ გაქვს – გექნება. რამეთუ არ გაღარიბებულა ის, ვინც ყველაფერი შექმნა, და არასოდეს გაღარიბდება. მტკიცედ გწამდეს ეს: არ გაღარიბებულა ყოველივეს არმყოფობიდან მყოფობაში მომყვანი, მშიერთათვის საჭმლის მიმცემი. ყოველი ცოცხალი არსების გამომზრდელი ყველაფერში უხვია. ნუ იქნები ძუნწი მთხოვნელების მიმართ და ზურგს ნუ შეაქცევ მას (ღმერთს), ვისი სახელითაც გთხოვენ, ყველაფერი მიეცი შენთვის მომცემელს (ღმერთს), რათა მისგან ას წილად მიიღო.
ნუ გამოედევნები მრავალს, არამედ მადლობელი იყავი მცირედისთვის. რამეთუ ყველანი მრავალს მისდევენ, მრავალს დაეძებენ, ყველანი ყველაფერზე ზრუნავენ, მაგრამ ყველაფერს ტოვებენ უკანასკნელამდე და აქედან ვერაფერს წაიღებენ. სჯობს მცირედისთვის იყო მადლობელი, ვიდრე უგუნურად ეძიებდე მრავალს. „შჯობს მცირედი მართლისაჲ, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (ფსალმ. 36,16). რადგან ყველაფერი, რასაც აქ მოიპოვებ და შეიძენ, მიწაზე დარჩება, ხოლო შენ, ყველაფრის დამტევებელი, გაშიშვლებული სულით დამკვიდრდები საფლავში. (წმ. დიმიტრი როსტოველი)
ვერცხლისმოყვარება, ისევე როგორც ყველა ვნება, დაბუდებულია ადამიანის გულში და დაპყრობილი აქვს გული. აქედან გამომდინარე, მარტო ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვინც საქმით ყოველგვარი საშუალებით აგროვებს სიმდიდრეს და ინახავს, არ უნაწილებს მთხოვნელებს, არამედ ისიც ვერცხლისმოყვარეა, ვინც მართალია არ აგროვებს და უქონელია, მაგრამ სიმდიდრის განუძღომელი სურვილი აქვს. (წმ. ტიხონ ზადონელი)
ერთი მონაზონი ნიტრიაში, უფრო მომჭირნე, ვიდრე ძუნწი, ტილოებს ქსოვდა და ასი ოქროს ფული დააგროვა – დაივიწყა, რომ ოცდაათი ვერცხლისათვის გაიცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მონაზონი გარდაიცვალა, ოქროები დარჩა. მონაზვნები შეიკრიბნენ იმის განსასჯელად, თუ რა ექნათ ამ ფულისთვის. იქ დაახლოებით ხუთი ათასი მონაზონი ცხოვრობდა, ყველა ცალკე სენაკში. ერთნი სთავაზობდნენ ფულის გლახაკებისთვის დარიგებას, სხვები ეკლესიისთვის მიცემას, ზოგიერთები – ნათესავებისთვის გადაცემას. მაგრამ მაკარიმ, პამბამ, ისიდორემ და სხვა წმიდა მამებმა, მათში დამკვიდრებული სული წმიდის მოქმედებით დაადგინეს: დაემარხათ ფული მეპატრონესთან ერთად და ამასთანავე ეთქვათ გარდაცვლილისთვის: „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა“ (საქმე 8,20). ამ მოვლენამ ისეთი ზარი დასცა ეგვიპტის ყველა მონაზონს, რომ ამ დროიდან ისინი მძიმე დანაშაულად თვლიდნენ ერთი ოქროს ფულის შენახვასაც. ეს მოქმედება შესაძლოა ულმობელად მოგვეჩვენოს, მაგრამ მამები მხოლოდ სული წმიდის იარაღები იყვნენ. (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი – „ოტეჩნიკი“)
სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარება სულის შთანმთქმელი ურჩხულია, რადგან არც ერთი ვერცხლისმოყვარე არასოდეს ყოფილა კაცთმოყვარე, ხოლო ვისაც ადამიანი არ უყვარს, მას არ უყვარს ქრისტე. (წმ. იოანე ოქროპირი)
სიმდიდრე ვერცხლისმოყვარისთვის იგივეა, რაც შეშლილისთვის მახვილი. (წმ. იოანე ოქროპირი)
როგორც ზღვა არასოდესაა ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე კაცის გული ვერ იქნება მწუხარების, ზრუნვის, შიშისა და ამბოხის გარეშე. (წმ. იოანე ოქროპირი)
შეძენის ვნება ხშირად მშობლებში ბუნების ხმას ახშობს, ძმათა შორის შუღლს აღძრავს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს – ავაზაკებით, ქალაქებში ცილისმწამებლებს აჩენს. (წმ. ბასილი დიდი)
ეშმაკი გვირჩევს დავაგროვოთ სიმდიდრე და ჩვენს საკუთრებად ჩავთვალოთ ის, რაც ღმერთმა ყველა ადამიანის საზოგადო მოხმარებისთვის შექმნა, – რომ ამგვარი ანგარების საშუალებით დანერგოს ჩვენში ორი ცოდვა და მარადიული სატანჯველის თანამდები გაგვხადოს; პირველი ცოდვაა – უგულობა და უმოწყალობა, მეორე – საკუთარი ქონების და არა ქრისტეს იმედი. (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)
|