ტროპარი:
გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი. იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
|
|
კონდაკი:
საშოჲ რა ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშუენოდა, უსწრვე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაჲ ჩუენი, და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყუარენ, მხოლოო კაცთმოყუარე. |
იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი – უწმიდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამას საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყნისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი. მპყრობელი ცისა და ქვეყნისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლადწმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
|