ხარლამპი ვასილოპულოსი
წმიდა ნექტარიოს ეგინელი
(ნაწ.1)
მძიმე ბავშვობა
წმიდა ნექტარიოსი 1846 წელს სილივრიაში, თრაკიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ანასტასი, ასე დაარქვეს ბიჭს, ოჯახში მეხუთე ბავშვი იყო. მისი ღვთისმოსავი მშობლები, დიმოს და ვასილისა კეფალასები, ცდილობდნენ, შვილები კარგ ქრისტიანებად აღეზარდათ. დაწყებითი განათლება ანასტასიმ მშობლიურ მხარეში მიიღო, მაგრამ მას საღვთისმეტყველო განათლების მიღება და სახარების ქადაგება სურდა, რათა ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა, და მიუახლოვდებოდა სიტყვებს – "ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", იგი ბებიას პირზე ხელს აფარებდა და ეუბნებოდა: "ამ სიტყვებს ნუ წაიკითხავ, ამას მე ვიტყვი, მეც ასე უნდა ვასწავლო ხალხს". შვიდი წლის ასაკში ანასტასიმ ქაღალდის ფურცლები ერთმანეთს მიაკერა. დედის შეკითხვაზე, რად უნდოდა ეს, მან უპასუხა: "წიგნი უნდა გავაკეთო და შიგ უფლის სიტყვები ჩავწერო". ანასტასი იმახსოვრებდა ყველაფერს, რაც ეკლესიაში ქადაგებაზე ესმოდა და შემდეგ სხვებს უყვებოდა. ხშირად თავისი ხელით ამბიონს აკეთებდა, მასზე ადიოდა, თავს მღვდლად წარმოიდგენდა და ქადაგებდა. ერთი მოხუცი მღვდელი, რომელიც სილივრიაში ანასტასის მეზობლად ცხოვრობდა, იხსენებდა: "ძალიან თავმდაბალი ბიჭი იყო, ყველაზე უწყინარ ბავშვურ ცელქობასაც კი თავს არიდებდა. საღამოობით სასეირნოდ მარტო გამოდიოდა, ძირს ჯდებოდა და ზღვას გაჰყურებდა. წირვა-ლოცვას არასოდეს აკლდებოდა, საკურთხეველში მღვდელს ემსახურებოდა. წირვის დროს ძალიან ყურადღებით იყო და ესმოდა ყველაფერი, რაც ეკლესიაში ხდებოდა. ამით უმცროსებს შორის პატივისცემას იმსახურებდა".
მშობლები და ახლობლები ანასტასის გულმოდგინებას ხედავდნენ და ფიქრობდნენ: "ვინ უნდა გამოვიდეს ეს ბავშვი?" სამწუხაროდ, ისინი ღარიბები იყვნენ და ბავშვის შემდგომი სწავლა-განათლებისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდათ.
კონსტანტინოპოლში
სულ ახალგაზრდამ, დაახლოებით თოთხმეტი წლის ასაკში, ანასტასიმ დედის კურთხევა მიიღო და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.
პორტში ის კონსტანტინოპოლში მიმავალი გემის კაპიტანთან მივიდა და წაყვანა სთხოვა; კაპიტანმა დაცინვით უთხრა: "წადი, პატარავ, გაისეირნე, როდესაც დაბრუნდები, წაგიყვან". "პატარა" ადგილიდან არ დაძრულა და გემს ნაღვლიანად გაჰყურებდა. და აი, მოხდა სასწაული. კაპიტანმა ბრძანება გასცა, ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაიძრა, ვერც ხელმეორე ცდამ გამოიღო ნაყოფი. შეშფოთებულმა კაპიტანმა ნაპირზე მდგომ დანაღვლიანებულ ბიჭს თვალი მოჰკრა და ხელით ანიშნა, ამოსულიყო. როგორც კი ანასტასიმ გემბანზე ფეხი დაადგა, გემი მაშინვე დაიძრა.
როდესაც გემზე ბილეთების შემოწმება დაიწყო, ანასტასი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, კაპიტანიც მის გვერდით აღარ იყო. მაშინ მან ძალა მოიკრიბა და კონტროლიორს უთხრა: "მე ღარიბი ვარ, ბილეთის ფული არა მაქვს, სამუშაოს საძებნელად მივემგზავრები, რათა მშობლებს დავეხმარო". კონტროლიორს ბიჭი შეებრალა.
კონსტანტინოპოლში ანასტასიმ სამუშაო დიდხანს ვერ იშოვა, ბოლოს კი თავისი ნათესავის თამბაქოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ჯამაგირი ძალიან პატარა ჰქონდა, ამიტომაც ნახევრად შიშველი და ნახევრად მშიერი იყო. მხოლოდ ტაძარში წირვისას პოულობდა ნუგეშს. ერთხელ მან ზეცაში იესო ქრისტესადმი წერილის გაგზავნა გადაწყვიტა და ასეთი ტექსტი შეადგინა: "იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, გევედრები, შემეწიე". იგი ფოსტაში აპირებდა წერილის წაღებას; ამ დროს მის მეზობლად მცხოვრები ვაჭარიც იქითკენ მიდიოდა. მან ბიჭს წერილი გამოართვა და გაგზავნას შეჰპირდა. როდესაც კონვერტზე უცნაური მისამართი დაინახა –"უფალ იესო ქრისტეს ზეცაში", გახსნა და წაიკითხა. წერილის შინაარსით გულაჩუყებულმა ვაჭარმა კონვერტში დიდი თანხა ჩადო და ანასტასის გაუგზავნა.
მაგრამ ანასტასის ამან ვერ უშველა. როდესაც პატრონმა იგი კარგად გამოწყობილი დაინახა, იფიქრა ყველაფერი მე მომპარაო, გალანძღა იგი და სამსახურიდან გააგდო. საბედნიეროდ, ეს ამბავი მისმა კეთილისმყოფელმა ვაჭარმა შეიტყო, საქმის ვითარება პატრონს აუხსნა და ყმაწვილი ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
ანასტასი დამოუკიდებლად ცდილობდა სწავლას; ღამ-ღამობით იგი სახელმძღვანელოებსა და წმიდანთა ცხოვრებებს კითხულობდა. რა სასარგებლო იყო მისთვის ეს კითხვა! ზოგიერთი გამონათქვამის უკეთ დასამახსოვრებლად იგი ჩანაწერებს თამბაქოს შესაფუთ ქაღალდებზე აკეთებდა, რადგან ქაღალდის საყიდელი ფული არ ჰქონდა. ამ ჩანაწერებს შემდეგ თამბაქოს ნაწარმის მყიდველები კითხულობდნენ. ერთი სიტყვით, ვისაც სხვების დახმარება სურს, ამისთვის უამრავ საშუალებას გამონახავს! ამ ჩანაწერებიდან შემდეგ გამოვიდა წიგნი "წმინდა აზრების წყარო". მის წინასიტყვაობაში შემდგენელი წერს: "ეს წიგნი ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფია. მისი მიზანი სულისთვის სასარგებლო ცოდნის გავრცელებაა. მე გადავწყვიტე ამ "წყაროს" გამოცემა, რათა წმიდა მამათა აზრები ყველასათვის მისაწვდომი გახდეს. წიგნში შევიდა წმიდა მამათა გამონათქვამები, აზრები და ნაწყვეტები მათი ნაშრომებიდან".
ანასტასი თანატოლების მსგავსად თამაშში დროს უქმად არ კარგავდა. ბევრს კითხულობდა, ღვთისმოსავ ქრისტიანებთან მეგობრობდა და ამას მისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. ყველაფერში მოწესრიგებული იყო. ტაძარში ხშირად დადიოდა, ყველა მსახურებას ესწრებოდა. მისი სანუკვარი სურვილი წმინდა მიწის მოლოცვა იყო. ერთხელ მისი სურვილი ასრულდა და იგი პალესტინაში გაემგზავრა. გემი, რომლითაც იგი მიცურავდა, საშინელ ღელვაში მოჰყვა. კაპიტანმა მაშველი ჟილეტებისა და ნავების გამზადება ბრძანა. ყველანი უბედურების მოლოდინში იყვნენ. მაშინ ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო: "უფალო, ამას ნუ დაუშვებ, სიკვდილი არა, ქადაგება მინდა". მან მოიხსნა ჯვარი, რომლითაც ბებიამ ოდესღაც აკურთხა, ქამარს მიაბა და წყალში სამჯერ ჩაუშვა... და მოხდა სასწაული: ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. ყველა ზეიმობდა, ანასტასი კი ნაღვლიანი იყო, რადგან მისი ჯვარი დაიკარგა. გემმა გზა განაგრძო, მგზავრებს კი ბორტის მიღმიდან რაღაც უცნაური ხმა ესმოდათ. მეზღვაურებმა ვერ გაარკვიეს, ეს ხმა საიდან მოდიოდა. პორტში შესვლისთანავე კაპიტანმა წყალში ნავის ჩაშვება და გემის გარედან დათვალიერება ბრძანა. იმ ადგილას, საიდანაც ხმა ისმოდა, მეზღვაურებმა ანასტასის ჯვარი დაინახეს. ამ ჯვარს წმიდანი მთელი შემდგომი ცხოვრება ატარებდა. ის კარგად ჩანს ფოტოზეც და ხატზეც, სადაც წმიდა ნექტარიოსი ბერის კაბაშია გამოხატული.
მასწავლებლობა ქიოსში
მოგზაურობის შემდეგ ანასტასიმ თამბაქოს ქარხანა მიატოვა და კონსტანტინოპოლში, სამონასტრო ეკლესიის სკოლაში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. იგი დიდი მონდომებით ასწავლიდა დაბალ კლასებში, თავად კი უფროს კლასში სწავლობდა. ოცი წლის ასაკში იგი კუნძულ ქიოსზე გაემგზავრა და სოფელ ლიფში სკოლის მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. აქ მან შვიდი წლის მანძილზე დიდი გულმოდგინებით იმუშავა, ბავშვებს წერა-კითხვას და ქრისტეს სარწმუნოებას ასწავლიდა, ცდილობდა, იგი მათ მშობლებშიაც გაევრცელებინა. ხშირად სოფლის ეკლესიაში ქადაგებას ავალებდნენ და ახალგაზრდა მასწავლებელიც ყველას ღვთისმოსაობისკენ მოუწოდებდა. გაკვეთილების შემდეგ უყვარდა განმარტოება თავის ოთახში, სადაც იგი გაკვეთილებისთვის ემზადებოდა და ლოცულობდა. ანასტასი მკაცრად იცავდა მარხვას, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა და აკეთებდა იმას, რაც სულისთვის სასარგებლო და უფლისთვის სათნო იყო. მან სულის ცხონება მიზნად დაისახა და ყველა მცნებას ასრულებდა.
მორჩილი
დროთა განმავლობაში მონაზვნობის სურვილი, რომელზედაც ანასტასი ბავშვობიდან ოცნებობდა, სულ უფრო და უფრო განუმტკიცდა. მას ღვთისმეტყველების შესწავლა სურდა. ასკეტური ცხოვრება უყვარდა, ამიტომაც ხშირად მიდიოდა მონასტერში, სადაც ბერი პახომი ზნეობრივი სრულყოფის მიღწევისა და ღმერთთან ერთობის უმოკლეს გზას, მონაზვნურ ცხოვრებას ასწავლიდა.
1876 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა და ქიოსში "ნეა მონიის" მონასტერში მორჩილად დადგა. ოდესღაც ამ მონასტერს ასობით მონაზონი ჰყავდა. სავანე დღემდე ინარჩუნებს თავის დიდებას და მსოფლიოს ყველა კუთხის მომლოცველს შესანიშნავი მოზაიკებით – ბიზანტიური ხელოვნების შედევრებით ხიბლავს. აქ ახალგაზრდა მონაზონი წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნამუშევრები შესწავლას შეუდგა. სამი წელი მონასტერში ასკეტურად ცხოვრობდა. გულმოდგინებისა და მკაცრი ცხოვრებისათვის ძმებმა იგი ძალიან შეიყვარეს. მაგრამ ის მაინც სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ ეღვაწა მოყვასის სასიკეთოდ.
დიაკვნობა და მღვდლობა
ქიოსის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ახალგაზრდა მონაზვნის შრომა სათანადოდ შეაფასა და 1877 წელს წმინდა მინას სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა და სახელად ნექტარიოსი უწოდა.
ამის შემდეგ ქიოსის ერთმა მდიდარმა მკვიდრმა – იოანე ქორემისმა, რომელსაც ღვთისმოსავი ყმაწვილის შესახებ ბევრი სმენოდა, მისი გაცნობა მოინდომა. მდიდარმა ბერძენმა გადაწყვიტა, ნექტარიოსს განათლების მიღებაში დახმარებოდა. რა დიდი საქმე გააკეთა ამ კაცმა თავისი სულის ცხონებისათვის! ქორემისმა ნექტარიოსი ათენში გიმნაზიის დასამთავრებლად საკუთარი ხარჯებით გააგზავნა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ქორემისმა მას ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონისთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა. პატრიარქი დარწმუნდა, რომ ნექტარიოსი ღვთისმოსავი, სათნო ადამიანი იყო და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სასწავლებლად გააგზავნა. ნექტარიოსი წარმატებით სწავლობდა. პედაგოგები და თანაკურსელები მას სიყვარულით ეპყრობოდნენ. მეორე კურსის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ სტიპენდია დაენიშნა. 1885 წელს მან დიპლომი დაიცვა, რომელიც დღესაც კუნძულ ეგინაზე, მის მემორიალურ ოთახშია გამოფენილი. შემდეგ ნექტარიოსი ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი სიხარულით შეხვდა თავის სულიერ შვილს და მღვდლად დაასხა ხელი. მას დაევალა ქადაგება, საპატრიარქოს მდივნობა და კაიროში პატრიარქის წარმომადგენლობა. მის ქადაგებებს სხვადასხვა კონფესიის ხალხი ესწრებოდა, იგი ზრუნავდა ტაძრების აღდგენაზე, აგროვებდა შესაწირს და შემდეგ ამ თანხებს ტაძრებისა და ხატების რესტავრაციაზე მიმართავდა. მისი მოღვაწეობა შეესაბამებოდა ფსალმუნის სიტყვებს: "რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე" (ფსალმ. 68. 10).
ეპისკოპოსობა
გადის კიდევ სამი წელი, ნექტარიოსი პენტაპოლის მიტროპოლიტი ხდება და ამ ახალ ხარისხშიც იმავე გულმოდგინებით ემსახურება ეკლესიას. მრავალი სათნოების გამო მთელ მართლმორწმუნე მრევლს უყვარდა იგი, ამაყობდნენ მისით და ამბობდნენ: "აი, ჭეშმარიტი მსახური ღმრთისა, აი, ალექსანდრიის პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი". მაგრამ თავმდაბალი ნექტარიოსი ეპისკოპოსობას არ შეუცვლია. აი, რას სწერდა იგი ერთ-ერთ ბერს: "შენ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებაზე მიმითითებ; მართალია, ეპისკოპოსის ხარისხი მაღალი და პატივსაცემია, მაგრამ იგი ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც ამ წოდების მატარებელსა და ქრისტეში მის ძმებს შორის არსებობს. ეს ურთიერთობები უცვლელი რჩება.
მღვდელმთავრის ხარისხის მატარებელი უპირველეს ყოვლისა თავმდაბალი უნდა იყოს. იგი პირველიც არის, მაგრამ უკანასკნელიც. და თუკი უკანასკნელია, მაშ, რაღაშია მისი უპირატესობა? მისი წოდება საპატიოა, მაგრამ არა ქრისტეში ძმებს შორის იერარქიის დასამყარებლად. ქრისტეში ძმებს შორის, წოდების მიუხედავად, მხოლოდ ის ამაღლდება, ვინც ქრისტეს მისდევს, მას ბაძავს, რადგან მის ხატებას და სულიწმიდის მადლს ატარებს.
ვინც სათნოებებში წარმატებას მიაღწევს, ის სრულყოფილებაშიც წარემატება და პირიქით. დაუდევარი მღვდელმთავრებიც არსებობენ და ურჩი მონაზვნებიც. საინტერესოა, სათნოებებში ვინ უფრო მეტს მიაღწევს: ერში მცხოვრები თუ მეუდაბნოე? ვინ უფრო მაღლა დგას, სამსახურეობრივ კარიერაში წარმატებული, თუ ის, ვინც თავი უფალს მიუძღვნა? ძვირფასო ძმაო, ჩემი უღირსობა კარგად მაქვს შეგნებული, შრომასა და დათმენაში მოღვაწე უმცროს მონაზონსაც ვერ შევედრები. გარწმუნებ, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც თავი უფალს მიუძღვნა და მისით ცოცხლობს. სრულებით დარწმუნებული მხოლოდ იმაში ვარ, ჩემო ძმაო, რომ ასკეტი მღვდელმთავარს აღემატება".
წმიდა ნექტარიოსმა მიტროპოლიტის ხარისხი დიდი მორჩილებით მიიღო, როგორც მონამ, რომელიც უფლის ნებას ემორჩილება. ღმრთის ნებას იგი მუდამ უყოყმანოდ ასრულებდა; ღმერთისა და მოყვასის სადიდებლად სამსახური, ეს იყო მისი ერთადერთი სურვილი. ყველა მისი ქმედება აქეთკენ იყო მიმართული.
თავის ერთ-ერთ წერილში მეუფე წერდა: "ღმერთო, რატომ ამომიყვანე ასეთ სიმაღლეზე? მე გევედრებოდი, რომ ღვთისმეტყველი გავმხდარიყავი და არა მიტროპოლიტი. ადრეული ასაკიდანვე ღვთის სიტყვის მსახურება მინდოდა, შენ კი, უფალო, მრავალი საქმით მცდი, მაგრამ მე შენს ნებას ვემორჩილები და გევედრები, აღმოაცენე ჩემში თავმდაბლობა და სხვა სათნოებათა ნერგები. და ღირს მყავ ყოველი დღე პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ გავატარო: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2. 20).
ცილისწამება და დევნა
სამწუხაროდ, შურმა ზოგიერთ ადამიანს უბიძგა, პარტიარქთან მისულიყო და ეთქვა, რომ ნექტარიოსი ასე აქტიურად იმიტომ იღვწოდა, რომ თავად სურდა პატრიარქობა. ახალგაზრდა მიტროპოლიტს მსგავსი რამ აზრადაც არ ჰქონია. მაგრამ პატრიარქმა ეს ცილისწამება დაიჯერა, ნექტარიოსს კათედრა ჩამოართვა და ეგვიპტიდანაც განდევნა. ნეტავ, რა პასუხი ექნებათ ამ ცილისმწამებლებს საშინელი სამსჯავროს დღეს? მეუფე ნექტარიოსმა ეს ყველაფერი როგორც გამოცდა ისე მიიღო და 1889 წელს ათენში გაემგზავრა, ათონის წმინდა მთაზე აპირებდა დასახლებას, მაგრამ პატრის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა ათენში დარჩენა ურჩია, რათა მისი ქადაგებებით ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. მეუფემ რჩევას დაუჯერა, მაგრამ საარსებო სახსრები არ გააჩნდა, მცირედი დანაზოგიც არ ჰქონდა. ყველაფერს, რასაც ეგვიპტეში იღებდა, ღარიბებს ურიგებდა, ან სულისთვის სასარგებლო წიგნების გამოსაცემად ხარჯავდა. ამიტომაც ასეთი ანდაზაც კი იყო გავრცელებული, რომ ფული და პენტაპოლელი მიტროპოლიტი შეუთავსებელი ცნებებია.
ცილისწამება მეუფეს ათენშიც მიყვება. პატიოსანი ადამიანისთვის სახელის შელახვაზე უარესი არაფერია. ნექტარიოსი ყველაფერს ითმენდა. მხოლოდ ერთხელ არ დაეთანხმა პატრიარქს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც განათლების სამინისტრომ კაიროდან დახასიათებები გამოითხოვა. საპატრიარქოდან ცილისწამების დამადასტურებელი პასუხი მოვიდა. საბერძნეთის კონსულმა ალექსანდრიაში სამინისტროს მისწერა: "პენტაპოლელი მიტროპოლიტის ქვეყნიდან წასვლა მისი მხრიდან უპასუხისმგებლო და უზნეო საქციელთან იყო დაკავშირებული". და მაშინ მიტროპოლიტი ნექტარიოსი პატრიარქს წერილს სწერს:
„უნეტარესო პატრიარქო, მე თქვენთვის ცუდი გავხდი, და ახლა, ეგვიპტიდან ჩემი უსამართლოდ გამოდევნიდან ოთხი წლის შემდეგ, ულუკმაპუროდ ვარ, მაგრამ თქვენი მხრიდან ჩემს საწინააღმდეგო გამონათქვამებისადმი ყრუ ვრჩები. თქვენ კი რა ცნობებს იძლევით ჩემს შესახებ? თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ჩემი უპასუხისმგებლობა, სად არის ჩემი უწესობისა და ჭირვეულობის მტკიცებულებები? ცბიერი და მზაკვარი რის საფუძველზე მიწოდეთ? რომელმა საეკლესიო სასამართლომ განმსაჯა და დაასკვნა ჩემი უზნეობა? საპატრიარქოს მოხელეებმა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელს რა მასალებზე დაყრდნობით შეატყობინეს ჩემი მოღვაწეობის შესახებ და ოფიციალურ შეკითხვაზე რის საფუძველზე უპასუხეს, რომ ეგვიპტიდან ამბოხისა და უზნეობისთვის გამომაძევეს? სად არის ჩემი ბრალდების საბუთები, სად არიან ჩემი ბრალმდებლები, მოწმეები? ან რას ეყრდნობა ეს ბრალდება? თქვენს ან თქვენი გარემოცვიდან ვინმეს წინააღმდეგ ასეთი რა ბოროტება ჩავიდინე, რომ ასე მამცირებთ? თქვენს წინაშე რა ცოდვა მიმიძღვის? ღმერთია მოწამე, თქვენთვის არაფერი დამიშავებია. და სიკეთეს ვემსახურებოდი და ვცდილობდი სიკეთე მეკეთებინა, და თქვენ ამის დამადასტურებელი მრავალი საბუთი გაქვთ.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი დევნა უსამართლოა. ღმერთია ჩემი მოწმე და განმსჯელი.
ღრმა პატივისცემით
ნექტარიოს პენტაპოლელი“.
განკითხვა და აბუჩად აგდება
ყველგან ნექტარიოსზე ჭორაობდნენ – ცილისწამება მას აჩრდილივით თან სდევდა. ათენში მთელი წელი უმუშევარი იყო, ძალიან უჭირდა, მაგრამ არავის ეუბნებოდა, არაფერს ითხოვდა, დახმარებას მხოლოდ ღმრთისგან ელოდა.
ბოლოს განათლების მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ რომელიმე შორეულ დასახლებაში მქადაგებლად დაენიშნათ, მაგრამ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას ჯერ საბერძნეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა მიღებული. აცრემლებულ ნექტარიოსს სამინისტროს კიბეზე მოხუცი მღვდელი, სახელად მელასე შეხვდა. მან დამწუხრების მიზეზი ჰკითხა და ნექტარიოსმაც თავისი მწუხარების შესახებ უამბო. მელასემ ნექტარიოსს ხელი ჩაჰკიდა და კვლავ მინისტრთან დააბრუნა, რომელსაც აღშფოთებით უთხრა: "თუ ასეთ ადამიანს არ აძლევ სამსახურს, მაშ ვიღას მისცემ?" მინისტრმა უკან დაიხია და ნექტარიოსს სამსახური გამოუჩინა. ეკლესიის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მღვდელმთავარმა პროვინციაში უბრალო მქადაგებლის ადგილი დაიკავა. ნექტარიოსმა ღმერთს მადლობა შესწირა და ახალი სამსახურის ადგილზე – ქალკიდაში გაემგზავრა.
მაგრამ ცილისწამებამ ჩაასწრო. პირველივე ქადაგებაზე მრევლმა ნექტარიოსისადმი აშკარად მტრული დამოკიდებულება გამოხატა. იგი განიცდიდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა. კვირას კვლავ იქადაგა და კვლავ ქარიშხალი. ლოცვითა და მოთმინებით შეიარაღებული იგი შემდეგ კვირასაც დარჩა საქადაგებლად. მას სურდა გაეგო, რა იყო უფლის ნება: დაეტოვებინა ქალკიდა თუ დარჩენილიყო. მთელი კვირა მტანჯველ ორჭოფობასა და ლოცვაში გაატარა. საბედნიეროდ ყველაფერი მოწესრიგდა და ცილისწამება გაიფანტა. იოანე ოქროპირი ამბობს: "დაფარული ჭეშმარიტება ჩალით დაფარულ გახურებულ ნახშირს ჰგავს. ნახშირისგან ჩალას ცეცხლი ეკიდება და დიდი კოცონი ჩაღდება, რომელიც შორიდანაც კარგად მოჩანს".
წმინდა მღვდელმთავარ ნექტარიოსის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ცილისწამება აორთქლდა და ჭეშმარიტებამ იზეიმა. რა მოხდა? ათენში კაიროდან ასამდე ქრისტიანის ხელმოწერილი წერილი მოვიდა. ისინი თავიანთი მეუფის დაკარგვას გლოვობდნენ, წერდნენ, რომ ალექსანდრიის ეკლესია ღირსეულ იერარქთა ნაკლებობას განიცდის, რომ მეუფის ოთხწლიანმა თავგანწირულმა მსახურებამ ნაყოფი გამოიღო და მორწმუნეებმა მის კეთილ საქმეებს მაღალი შეფასება მისცეს, რომ მისმა მტკიცე ხასიათმა და იშვიათმა მოძღვრულმა თვისებებმა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.
მეუფე ნექტარიოსი ამ წერილს თან ატარებდა და არავის აჩვენებდა. „უფალი თავად მოაგვარებს ყველაფერს", – ფიქრობდა იგი. და მართლაც, მეუფის მოთმინების გამოცდის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდა. მოგვიანებით, ათენში პასუხისმგებელმა პირებმა გაიგეს ამ წერილის შესახებ და ქალკიდას მიტროპოლიაში სპეციალური წარმომადგენელი გააგზავნეს. მან მრევლის ყველა წევრს შეატყობინა, რომ მეუფე ცილისწამებისა და ჭორების მსხვერპლია და რომ იგი სათანადო პატივისცემას იმსახურებს.
ამ სიახლემ მალე მთელი ქალაქი მოიარა. შემდეგ საკვირაო ქადაგებაზე უამრავი მლოცველი შეიკრიბა. ხალხმა ნექტარიოსი მთელი გულით შეიყვარა. ორნახევარი წელი მეუფე დაუღალავად შრომობდა, მორწმუნეთა კეთილგანწყობა მოიპოვა და როდესაც იგი სხვა ეპარქიაში, ლაკონიაში გადაჰყავდათ, ღვთისმოსავი ქრისტიანები ცდილობდნენ, მეუფის გამგზავრებისთვის ხელი შეეშალათ და როგორმე თავისთან დაეტოვებინათ.
ფთიოტიდაში
მაგრამ იგი მაინც გადაიყვანეს – ფთიოტიდის ეპარქიაში, სადაც ისეთივე გულმოდგინებით გააგრძელა შრომა. თავისი ქადაგებებითა და რჩევებით მან მრავალი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ბედნიერი იყო ასეთი მოძღვარ-მქადაგებლის შემძენი ეპარქია. ის ქალაქ ლამიაში, კოსტას სიკოპოლოსის სახლში ქირაობდა ბინას. მეუფის წმინდა ცხოვრებამ ეს ადამიანი ქრისტესთან მიიყვანა. კოსტასმა თავი წმინდა ნექტარიოსის მსახურებას მიუძღვნა და ძალიან შეიყვარა იგი. ჩვეულებრივ, მეუფე ქადაგებისათვის სახლში ემზადებოდა. ერთხელ კოსტასის დედამ დაუკაკუნა, მის ოთახში შევიდა და მაგიდასთან წიგნებში ჩაფლული მეუფე დაინახა.
– სადილად რა მოვამზადო? – იკითხა მან.
– რაც გინდა, ის მოამზადე, უპასუხა მეუფემ, – მაგრამ ახლა შენ აზრი გამაწყვეტინე და ძალიან გთხოვ ასე ნუღარ მოიქცევი.
ერთხელ კოსტასი ყანაში მუშაობდა, მასთან ატირებულმა დედამ მიირბინა.
– შვილო, მეუფე ჩვენგან მიჰყავთ!
– სად მიჰყავთ?
– დეპეშა მოვიდა, ათენში უნდა გაემგზავროს, ძმები რიზარების სახელობის სასულიერო სემინარიის დირექტორად ნიშნავენ.
საღამოს კოსტასმა მეუფეს ჰკითხა:
– მართალია, რომ მიემგზავრებით?
– მისმინე, კოსტას, აქ ხომ ჩემით არ მოვსულვარ. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა.
ცხოვრებაში იგი მხოლოდ უფლის ნებით ხელმძღვანელობდა. და ახლაც უფლის ნებით ახალ ადგილზე მიემგზავრებოდა.
მეუფის გამგზავრების დღეს საეკლესიო ზარები სევდიანად რეკდნენ. სადგურზე მის გასაცილებლად ქალები ბავშვებთან ერთად მივიდნენ და აცრემლებულები ითხოვდნენ კურთხევას.
სასულიერო სემინარიის რექტორი
განათლების სამინისტრომ მეუფე ნექტარიოსის მოღვაწეობა სათანადოდ დააფასა და 1894 წელს იგი სასულიერო სემინარიის დირექტორად დაინიშნა. ახალმა სამსახურმა მეუფე გაახარა. იგი თავის ადგილზე აღმოჩნდა, საშუალება მიეცა მთელი საბერძნეთისთვის კარგ საეკლესიო მსახურთა მომზადებისთვის ხელი შეეწყო. მის მოსვლამდე სემინარიის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი იყო. მრავალი სათნოებით შემკული ახალი დირექტორი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც სულიერი რჩევებით ეხმარებოდა, მან პედაგოგთა წრეში სიყვარული შეიტანა.
ქრიზოსტომოსი, რომელმაც მიტროპოლიტ ნექტარიოსის შემდეგ სემინარიის დირექტორის თანამდებობა დაიკავა და რომელიც შემდეგ ათენის მთავარეპისკოპოსი გახდა, წერდა: "ძმები რიზარების სახელობის სემინარიამ მიტროპოლიტ ნექტარიოსის წყალობით თავის კედლებში კვლავ მშვიდობა დაიბრუნა და შესანიშნავ პედაგოგთა მოღვაწეობით ჭეშმარიტ სასულიერო დაწესებულებად იქცა. წმ. ნექტარიოსი არა მარტო სემინარისტთა სულიერი და ზნეობრივი აღზრდით იყო დაკავებული, არამედ სემინარიის ცხოვრების ყველა დეტალს ადევნებდა თვალს, მათ შორის სემინარიის ბაღზეც კი ზრუნავდა".
მიტროპოლიტი ნექტარიოსი სპეტაკი სულის ადამიანი გახლდათ, გულში ცუდს არაფერს გაივლებდა, ცუდს არავისზე გაიფიქრებდა, ბავშვივით მიმნდობი იყო. აი, ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც სემინარიის კურსდამთავრებული, ღვთისმეტყველი კონსტოდორაკისი იხსენებს:
"არსებული განაწესის მიხედვით, სემინარისტებს ქალაქში გასვლა მხოლოდ დიდ დღესასწაულებსა და განსაზღვრულ საათებში შეგვეძლო. ამ ბედნიერ მომენტებში ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული კაფეში წასვლა და იქ ცხელი ღვეზელების მირთმევა იყო. რადგან ეს გასვლები იშვიათი იყო, ჩვენ ვიგონებდით, როგორ დაგვეყოლიებინა დირექტორი და მისგან ქალაქში გასვლის ნებართვა მიგვეღო. ზაფხულში, კვირაობით ჩვენს დირექტორს სემინარიის ტაძრის ეზოში სეირნობა, დილის სიგრილითა და აქ დარგული იების სურნელით ტკბობა უყვარდა. სწორედ მაშინ ვიხელთებდით ხოლმე დროს წინასწარ მომზადებული გეგმის განსახორციელებლად: ერთი ეტყოდა, რომ ბიძა ჰყავს ავად, მეორე – რომ მშობლებმა ამანათი გამოუგზავნეს, მესამე, რომ კბილი ასტკივდა და ექიმთან უნდა წასულიყო. და ეს ყველაფერი კაფეში წასასვლელად კეთდებოდა. მაშ ასე, ჯერ "მძიმე ავადმყოფის" ძმისწული მივიდა, კურთხევა აიღო, მწუხარე სახით შეატყობინა თავისი გასაჭირი და გაშვება ითხოვა. დირექტორმა არა მხოლოდ ნებართვა მისცა, არამედ ბიძამისს სასწრაფო გამოჯანმრთელება უსურვა და სთხოვა, დაბრუნებისთანავე ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ მოეთხრო. ცოტა ხანში მიდის მეორე, რომელსაც "დედამ ლეღვი და ფუნთუშები გამოუგზავნა", ისიც ადვილად იღებს ნებართვას. ასევე ადვილად თავისუფლდება "კბილმტკივანი სემინარისტიც". ბოლოს მე მივდივარ; მეუფე, როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა და მითხრა: ნუ მოხვალთ და ნუღარაფერს მეტყვით, აღარაფრის გაგონება მსურს. მაგრამ ვერ მოითმინა და ცოტა ხანში დამიძახა. მე ორი მეტანია გავაკეთე და მივმართე:
– თქვენო უწმიდესობავ, მეც სხვებთან ერთად მინდა წასვლა.
– ნუთუ ეს შესაძლებელია, ისინი ხომ სხვადასხვა ადგილას მიდიან?
– მართალს გეტყვით, სხვების არ ვიცი, მე კი ღვეზელების საჭმელად მივდივარ.
– გაძლევ კურთხევას, მაგრამ როცა დაბრუნდები, მომახსენე, დანარჩენებმა მართალი მითხრეს თუ არა.
როდესაც დავბრუნდი, მაღაზიაში ნაყიდი ლეღვი და ფუნთუშები დირექტორის კაბინეტში შევიტანე და ჩემი მეგობრების გულწრფელობაში ეჭვის შეტანისთვის პატიება ვითხოვე. მეუფემ ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ გამომკითხა, მე ვუთხარი, რომ უკეთ იყო. მას სიხარულით სახე უბრწყინავდა, უხაროდა, რომ არ მოგვიტყუებია. ხშირად კარისკაცები ჩვენი ცელქობის ამბებს დირექტორს უყვებოდნენ, მას კი ჩვენი წყენა არ უნდოდა, ძალიან იშვიათად და უმნიშვნელოდ გვსჯიდა".
წმიდა ნექტარიოსმა სემინარიაში თოთხმეტი წელი იღვაწა. ბევრმა სემინარისტმა მისი წმინდა ცხოვრების შესახებ მოგონებები დაწერა. ასეთ ფაქტსაც იხსენებდნენ: თუ რომელიმე სემინარისტი რამეს დააშავებდა, მეუფე საკუთარ თავს ისჯიდა და მარხვას იწესებდა. რაგინდ ცუდი აღსაზრდელი ყოფილიყო, როცა ხედავდა, რომ დირექტორი საერთო ტრაპეზზე მისი უსაქციელობის გამო საჭმელზე უარს ამბობდა, თავს უხერხულად გრძნობდა და გამოსწორებას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე მაღალი პედაგოგიკა? მაგრამ ცხოვრებაში მის გასატარებლად საჭიროა, წმიდა ნექტარიოსი იყო.
1889 წელს ალექსანდრიაში საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. ბევრმა ბერძენმა და ეგვიპტელმა, რომელთაც წმ. ნექტარიოსის პოპულარობა ახსოვდა, მეუფეს მისი კანდიდატურის წამოყენება შესთავაზა. თავიდან მეუფე დათანხმდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ კლირიკოსები ფოტიოსის კანდიდატურას ემხრობოდნენ, მან, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერდა, თავისი კანდიდატურა მოხსნა. ის მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო და არანაირ ბრძოლაში არ ერთვებოდა.
სემინარიის კედლებს მიღმა
მეუფეს მრავალი ადამიანის სულიერი სარგებლისთვის დიდი ღვაწლი მიუძღვის. დირექტორობის გარდა მას ბევრი სხვა მოვალეობაც ჰქონდა. სემინარიის ტაძარში ხშირად ატარებდა წირვას, ქადაგებდა. ხალხი სპეციალურად ჩამოდიოდა მისი მხურვალე სიტყვის მოსასმენად. მას ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა. მეუფე ათენისა და პირეის სხვა ტაძრებშიც მსახურობდა და ქადაგებდა, იქ ზღვა ხალხი იკრიბებოდა.
ადამიანები ხედავდნენ, რომ მეუფე წმინდა ადამიანი იყო, ისმენდნენ მის სიტყვას და მისკენ ისწრაფოდნენ. მისი ნათქვამი ადამიანთა სულებზე კეთილად მოქმედებდა და მათ ქრისტესთან აერთებდა. ათენსა და პირეაში მეუფე ნექტარიოსის მოღვაწეობა ამ ქალაქებისთვის ღვთის წყალობა იყო. უსაზღვრო იყო ხალხის პატივისცემა თავიანთი მწყემსისადმი. ვინც მის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას დასწრებია, აღუნიშნავს იქ გამეფებული სულიერი ამაღლება და საზეიმო განწყობილება, განსაკუთრებით ქადაგებისას. მეუფე ძალიან კარგი მოძღვარი იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ადამიანები ღვთისმოსაობისკენ მიჰყავდა.
ერთხელ მან ახალგაზრდა მღვდელს ასეთი სიტყვები უთხრა: "როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ ზეციური მამის შვილია, ის წუთისოფლის ყველა სიკეთეს გულგრილად შეხედავს. რა თქმა უნდა, ცდუნებები მასაც სტანჯავს, მაგრამ მის გულში სიხარული და სიმშვიდეა".
მეუფეს საზოგადოებრივი მოვალეობებიც ჰქონდა, მას ავალებდნენ ექსპერტობას განათლების სხვადასხვა საკითხებში. მაშინდელი ათენელი დეკანოზები მას კონფერენციებზე იწვევდნენ, სადაც ის თავის გამოსვლებში სოციალურ საკითხებს ეხებოდა. ათასი საქველმოქმედო ორგანიზაცია და საზოგადოება დახმარებას სთხოვდა და საპატიო თავმჯდომარედ ირჩევდა მას.
მწერლობა
მეუფე ნექტარიოსის სიყვარული ღვთის სიტყვის მიმართ კარგად გამოჩნდა წიგნში "ქრისტოლოგია", სადაც ის წერს: "ჩვენი მთავარი მიზანი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენის განმტკიცებაა, მათი, ვისაც რწმენა აქვს, აღზრდილია სახარებაზე, კეთილმსახურებით ცხოვრობს ამ საუკუნეში და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს სასოება აქვს".
ღამღამობით მეუფე ძირითადად ლოცულობდა და წერდა. იგი მეტად ნაკითხი ადამიანი იყო. მისი წიგნები ეკლესიისა და მორწმუნეების საკითხებს ეხებოდა. მეუფე შეიძლება იმ ციხე-სიმაგრეს შევადაროთ, რომლის აღებაც ეკლესიის მტრებმა ვერ მოახერხეს. იმ პერიოდში პოზიტივიზმი იყო მოდაში, უნივერსიტეტში სულ ჰეგელსა და ბიუჰნერზე საუბრობდნენ. ადამიანებმა ღმერთის რწმენა დაკარგეს. სწორედ ანტიპოზიტივიზმის პათოსით იყო გაჟღენთილი მეუფის წიგნი "ღვთის გამოცხადება". ამ წიგნით მეუფეს ღვთისგან დაშორებული ხალხის რწმენაში დაბრუნება სურდა. სასწაულები – ეს ხალხისადმი ღვთის ზებუნებრივი გამოცხადებაა. ღმერთს სამყარო არ მიუტოვებია. ის მას ჩვენთვის უხილავი კანონით მართავს. და მაინც მოიძებნებიან "ბრძენი ადამიანები", რომლებიც ამას უარყოფენ. რა ამპარტავანი და ეგოისტური არიან ისინი!
მოყვასისადმი სიყვარული
მეუფე ნექტარიოსს მოყვასისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: სემინარიაში დამლაგებლად მომუშავე კაცი მოულოდნელად ავად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ექიმებმა კიდევ რამდენიმე თვე მუშაობის დაწყება არ ურჩიეს. სამუშაო ადგილი რომ დაეკარგა, თავი რითი უნდა ერჩინა? მაშინ მეუფემ უთხრა: "ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, დანარჩენი როგორღაც მოგვარდება". და მართლაც, ყოველ დილას მთელი სემინარია – კლასები, ტუალეტები, ეზო სისუფთავით ბრწყინავდა, და არც ახალი დამლაგებელი აუყვანიათ!.. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ერთ საღამოს ეს კაცი სემინარიაში მივიდა, რომ ენახა, იქაურობას ვინ ასუფთავებდა. და რა დაინახა? მიტროპოლიტი ნექტარიოსი თვითონ ალაგებდა ყველაფერს. დამლაგებელი შეწუხდა:
– თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ჩემს მაგივრად მუშაობთ, ამას ვერ ავიტან!
– შვილო ჩემო, წადი, შენს ჯანმრთელობას მიხედე და ნურაფერზე იდარდებ, – უპასუხა მეუფე ნექტარიოსმა. შენს ადგილზე სხვა რომ ავიყვანო, ადგილს დაკარგავ. მე უბრალოდ მინდა დაგეხმარო, ოღონდ ამის შესახებ ნურავის ეტყვი!
ერთხელ მეუფესთან გაჭირვებული კაცი მივიდა და უთხრა:
– 25 დრაჰმა ვალი მაქვს, ფულის დაბრუნების ვადა იწურება.
– კოსტას! – დაუძახა მეუფემ სემინარიის ხაზინადარს, – ფული გვჭირდება.
კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან სულ 25 დრაჰმა ჰქონდათ, თვე ახალდაწყებული იყო და თუ ამ ფულს გასცემდნენ, სემინარია მთელი თვე უფულოდ დარჩებოდა.
– კოსტას, – გაიმეორა მეუფემ, მიეცი ამ კაცს 25 დრაჰმა.
– თქვენო უწმინდესობავ, არ მაქვს... თვე ახლახან დაიწყო, შეუძლებელია...
– არა, უნდა მივცეთ, უფალი შეგვეწევა!
და კოსტასმა მთელი ფული გამოიტანა. ზუსტად ერთ საათში სემინარიაში მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან დარეკეს და მოითხოვეს: მეუფე ნექტარიოსმა წამოიყვანოს სემინარისტთა გუნდი და მდიდარი წყვილის ჯვრისწერაზე გაემგზავროსო. ჯვრისწერის ბოლოს ყველას კონვერტები დაურიგეს. ეპისკოპოსის კონვერტში ასი დრაჰმა აღმოჩნდა, მგალობლებს კი ოც-ოცი დრაჰმა შეხვდათ.
– აიღეთ ეს ფული, კოსტას, – უთხრა მეუფემ ხაზინადარს. ხედავ, 25 დრაჰმა გავეცით და 180 მივიღეთ. მომავლისთვის ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
ერთხელ მეუფე პანაშვიდზე დიაკვანთან ერთად მივიდა. დიაკვანმა ფულის აღებაზე უარი თქვა, მეუფემ უთხრა: "როდესაც ფულს გაძლევენ, აიღე, თუ არ გაძლევენ – ნუ მოითხოვ".
ერთხელ მიტროპოლიტ ნექტარიოსთან საავადმყოფოდან კაცი მივიდა და რეცეპტი მიუტანა:
– თქვენო უწმინდესობავ, ექიმმა ეს წამალი გამომიწერა და თანაც ორი კვირით სამსახურიდან გამათავისუფლა, დამეხმარეთ.
– ცოტა დაიცადე, – უთხრა ნექტარიოსმა და ხაზინადარს დაუძახა.
მაგრამ, ამჯერად კოსტას მართლაც არც ერთი დრაჰმა არ აღმოაჩნდა. მაშინ მეუფემ ეგვიპტიდან გამოგზავნილი თეთრეულის ამანათი მოითხოვა.
– თუ ამას მთლიანად გასცემთ, გამოსაცვლელი აღარ დაგრჩებათ!
მეუფემ უხმოდ აიღო ამანათი, მთხოვნელს მიაწოდა და უთხრა: – წაიღე, ბაზარში წადი, გაყიდე, ფული წამლისთვისაც გეყოფა და იმისთვისაც, რომ ორი კვირა არ იმუშაო.
მონასტრის დაარსება
მეუფე ნექტარიოსი საკუთარი მონასტრის დაარსებაზე და იქ განმარტოვებაზე ოცნებობდა. ჭეშმარიტი მონასტერი იქ მოღვაწეს წმინდანობასთან აახლოებს, უფალთან აკავშირებს. ჭეშმარიტი მონასტერი საუკეთესო ქადაგებაა, დიდი და რთული გმირობაა. წმ. ნექტარიოსმა ეს ღვაწლი მიზნად დაისახა და მიაღწია კიდეც ამ მიზანს. ჩანაფიქრის აღსასრულებლად მრავალი წელი ეკონომიურად ცხოვრობდა, ჯერ კიდევ სემინარიის დირექტორობისას კუნძულ ეგინაზე ძველი მიტოვებული პატარა მონასტერი, სახელად "მაცოცხლებელი წყარო", იყიდა. ოდესღაც, ბიზანტიის დროს, ამ მონასტერში წმიდა ათანასია მოღვაწეობდა (ხსენება 19 აპრილს). ამიტომაც ეს სახელი მან თავის ერთ-ერთ მონაზონს დაარქვა. მეუფემ მიტოვებული მონასტერი თანდათან ააღორძინა, აღადგინა და გააფართოვა მისი შენობა-ნაგებობები. ათენში მის სულიერ შვილთა შორის რვა ქალწული იყო, რომელიც მის ქადაგებებს უსმენდა და აღსარებას აბარებდნენ. ერთხელ ისინი აღსარებაზე ერთ ცნობილ ბერთან, მართლმადიდებელი საძმო "სიცოცხლის" დამაარსებელ მამა ევსები მატთოპოლოსუსთან, მოხვდნენ. იმ ხანად მამა ევსები თავის ცნობილ წიგნს "ადამიანის დანიშნულებას" წერდა. როგორც კი შეიტყო, რომ გოგონები მამა ნექტარიოსის სულიერი შვილები იყვნენ, აღტაცებით წარმოთქვა: "მის უწმინდესობასთან სიარული არ შეწყვიტოთ, მასზე სულიწმიდის მადლია გადმოსული". შემდეგ მათ უამბეს მეუფე ნექტარიოსს, რომ მამა ევსებისთან იყვნენ. როგორც კი მეუფემ ეს გაიგონა, სახე გაუბრწყინდა და თქვა: "ეცადეთ, ხშირად იაროთ ამ ღვთის კაცთან". კურთხეული იყო ის პერიოდი საბერძნეთისთვის, როდესაც იქ ასეთი წმიდა მამები ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ ღვთის სადიდებლად და სულის საცხონებლად მოღვაწეობდნენ და არასდროს – მომხრეებისა და მრევლის შესაძენად. მათ არ იცოდნენ, რა არის შური, ან მღვდელმსახურისთვის შეუფერებელი რომელიმე სხვა თვისება. მეუფის რვავე სულიერმა შვილმა მონაზვნობა გადაწყვიტა. აღკვეცა ეგინის კუნძულზე, წმინდა სამების სახელობის მონასტერში აღსრულდა. აღდგენილი სავანის პირველი იღუმენია სათნოებით სავსე ბრმა ქსენია გახდა. მეორე მონაზონი იყო ნათესავი ღირსმოწამე ფილოთეა ათენელისა, რომელმაც 1680 წელს ათენში მოწამებრივი აღსასრული მიიღო და ამ ქალაქის მფარველად ითვლება. თავიდან მეუფემ მონასტერში წასასვლელად მხოლოდ სამნი აკურთხა. დიდი მარხვა იყო. ფილოთეამ, რომელიც დედების მიმართ მკაცრი იყო, მათ ღამის სათევად ისეთი ოთახი მიუჩინა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. დებს წყლის მოსაგროვებლად ქილები დაურიგეს, დღის მანძილზე მათ მხოლოდ ჭიქა ყავა და ერთი ნაჭერი პური ეძლეოდათ. დედებს ძალიან შივდებოდათ, ასაკით 19-20 წლისანი იყვნენ; ისინი სხვა ოთახში გადაყვანას და ცოტა მეტ პურს ითხოვდნენ, რაზეც ღირსი ფილოთეა პასუხობდა: "მონასტერში მოხვედით, თუ სადმე სხვაგან? როგორი მონაზვნები გამოხვალთ, თუკი უდარდელი ცხოვრება გექნებათ?"
იმ დღეებში ერთ ღვთისმოსავ ათენელ ქალს, რომელიც კარგად იცნობდა მეუფესაც და დედებსაც, დაესიზმრა დიდი გალია, რომელშიც სამი ჩიტი იტანჯებოდა და გალიიდან გაფრენას ლამობდა. ქალი მიხვდა, რომ დედებს მონასტერში უჭირდათ. იყიდა ბევრი პური, ხალვა, ზეთისხილი და მონაზვნებს ჩაუტანა. შემდეგ კი მონასტერში ნანახის შესახებ მეუფეს უამბო და მალე სამი მონაზვნიდან ერთ-ერთმა, კასიანამ ძველი იღუმენია შეცვალა.
მეუფე ნექტარიოსი კვლავ სემინარიის დირექტორად რჩებოდა, თან მონასტერს ეხმარებოდა, ცდილობდა, ახალაღდგენილ სავანეში ცხოვრება წმიდა მამათა მკაცრი წესდების მიხედვით მოეწყო. ამიტომ ზოგჯერ მკაცრიც იყო, მაგრამ მკაცრი, როგორც მოსიყვარულე მამა. ეს მონაზვნებისადმი მიწერილი შემდეგი წერილიდანაც ჩანს: "მივიღე თქვენი წერილი, მივხვდი, რომ დამწუხრებულები ხართ. ეს წერილი თქვენი სულიერი ცხოვრების დონესა და თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. მინდა, რომ იცოდეთ: წმიდა მამების წესდების დასაცავად და თქვენი თავდადებისა და მოთმინების გამოსაცდელად ყველანაირ ღონეს ვიხმარ. დრო მოვიდა, მონაზვნური ცხოვრების სიმძიმე ვიტვირთოთ".
შეიძლება მისი ბევრი წერილი ძალიან მკაცრი მოგვეჩვენოს, მაგრამ ვიმეორებთ, ეს იყო კეთილი მამის სიმკაცრე. ერთ-ერთ წერილში მან ის წესებიც ჩამოაყალიბა, რომელიც მორჩილმა უნდა დაიცვას, რათა გაიგოს, რას მოითხოვენ მისგან და მომავალი მონასტრული ცხოვრება ლაღი და უდარდელი არ ეგონოს: "რაც შეეხება ხსენებულ მორჩილს, უნდა გავარკვიოთ, თავნებობაზე უარის თქმას თუ შეძლებს, დაემორჩილება თუ არა სხვათა ნება-სურვილს, რამდენად ძალუძს თავგანწირვა და რჩევების მიღება. გაუძლებს თუ არა ცდუნებას, მიუტევებს თუ არა დედებს მაშინვე, გულში წყენას ხომ არ ჩაიდებს. თუ ყველა ეს ღირსება აქვს, მონასტერში დაიტოვეთ".
პირველი ჩასვლა კუნძულ ეგინაზე
ეგინაზე მეუფე ნექტარიოსის პირველი ჩასვლისას უცნაური რამ მოხდა. ამ კუნძულზე ერთი შეპყრობილი ბიჭი, სახელად სპიროსი, ცხოვრობდა. იგი თვალებს ხუჭავდა და რაღაცებს წინასწარმეტყველებდა, ხან მართალს ამბობდა და ხან ტყუილს. იმ დღეს, როდესაც კუნძულზე ნექტარიოსი უნდა ჩასულიყო, თვალდახუჭული სპიროსი ყვიროდა:
– ჩვენთან პენტაპოლელი მიტროპოლიტი მოდის, სწორედ ის გადაარჩენს კუნძულს! წმიდანი მოდის! ის გადაგვარჩენს! მის შესახვედრად მოემზადეთ!
ხალხი უსმენდა სპიროსს და ვერაფერს იგებდა. შემდეგ პროტოპრესვიტერ მიქაელთან მივიდნენ. მამა მიქაელმა გადაწყვიტა, თავად მოესმინა, რას ამბობდა ბაზრის მოედანზე წამოწოლილი სპიროსი:
– პენტაპოლის წმინდა მიტროპოლიტი ჩვენს კუნძულზე მობრძანდება! ის გადაგვარჩენს! მას ღმერთი გვიგზავნის, რადგან ჩვენი კუნძული ებრალება.
მამა მიქაელმა ვერაფერი ახსნა და პორტში წავიდა. ამ დროს ნავსადგურში გემი შემოვიდა, ანძაზე დროშით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მგზავრებს შორის ოფიციალური პირი უნდა ყოფილიყო. მართლაც, გემზე პენტაპოლის მიტროპოლიტი ნექტარიოსი აღმოჩნდა. მამა მიქაელი შეხვდა მას და უთხრა:
– თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვერ ავხსენით ერთი ბიჭის სიტყვები, რომელიც სულ იმას იმეორებდა, რომ თქვენ ჩვენთან მოდიოდით.
– ახლა სად არის? – იკითხა მეუფემ და იგი მოედანზე წაიყვანეს.
სპიროსი კვლავ თვალდახუჭული იწვა მიწაზე და იმავეს ყვიროდა. მაშინ მეუფე ნექტარიოსი მიუახლოვდა, თავისი კვერთხით ჯვარი გადასახა, ბაგეებზე შეეხო და ეშმაკს მისგან გამოსვლა უბრძანა. სპიროსი მაშინვე წამოდგა, ეპისკოპოსს ხელზე ეამბორა და მას შემდეგ აღარც უწინასწარმეტყველებია, სკოლაშიც დაბრუნდა, რომელიც ავადმყოფობის გამო მიატოვა, და სწავლა განაგრძო. როდესაც გაიზარდა, დაცოლშვილდა, კუნძულზე დარჩა და ღვთისმოსავი ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. სპიროსის განკურნების ამბავი სწრაფად გავრცელდა და ყველამ მეუფის გაცნობა მოინდომა. მივიდა მასთან ერთი ქალი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა და ვერავინ მოარჩინა. იგი, სახარების სისხლმდინარე დედაკაცის მსგავსად, მეუფის კაბის კალთას ეამბორა და სისხლდენაც მაშინვე შეუწყდა. შემდეგ წმიდანთან ეგინის მერი და დეპუტატები მივიდნენ, მათ გვალვის შესაწყვეტად პარაკლისის გადახდა ითხოვეს.
– პარაკლისს შემდეგ კვირას საკათედრო ტაძარში გადავიხდით, მანამდე კი მთელი კვირა უნდა ვიმარხულოთ და ზიარებისთვის მოვემზადოთ.
მართლაც, შემდეგ კვირა დღეს პარაკლისი გადაიხადეს, საღამოს კი წვიმა წამოვიდა. და შემდეგი ორი თვის მანძილზე წვიმდა. გლეხებმა თესვა ვერ დაიწყეს და ამიტომაც კვლავ მეუფეს ეახლნენ და ახლა პარაკლისის გადახდა წვიმის შესაწყვეტად სთხოვეს.
შვილებო, – უპასუხა მათ ნექტარიოსმა, – უფალმა უკეთ იცის, რა გააკეთოს.
და მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ ნალექი შეწყდა, თესვაც მოესწრო და იმ წელს ძალიან უხვი მოსავალიც მოვიდა.
თავიდან მეუფეს მიძინების მონასტრის იღუმენი, მამა თეოდოსი ეხმარებოდა. წმიდა სამების მონასტრის ასაშენებლად შესაფერისი ადგილიც მან აჩვენა და მონასტრის სურსათით მომარაგებაც მანვე იკისრა. ის აგზავნიდა მონასტერში წირვის ჩასატარებლად მღვდლებს, სანამ კუნძულზე მეუფე თავად არ ჩამობრძანდა და სამუდამოდ თავის მონასტერში არ დასახლდა.
თარგმნა ნინო ახალაძემ მცირედი შემოკლებით
გაგრძელება
|