ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ
არაბი ისტორიკოსი მასუდი, (გარდ. 957 წელს.) რომელმაც პალესტინაში იმოგზაურა, ღვთაებრივ ცეცხლს თავის ორ ნაშრომში იხსენიებს: (926წ.) „იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, დღესასწაულზე ქრისტიანები მთელი ქვეყნიდან იყრიან თავს, რადგან ამ ტაძარში ცეცხლი გარდამოდის, რომლიდანაც სანთლებს ანთებენ. იქ თავს იყრის აგრეთვე ბევრი მუსულმანი.“ „და აღაშენა ელენემ ტაძარი, რომელსაც აღდგომის ტაძარი ეწოდება. სადაც დიდ შაბათს ცეცხლი ჩნდება, რომლის მომდევნო დილასაც აღდგომა დგება.“
. . .
არაბი მუსულმანი ალ-ჯაზირი (გარდ. 869წ.) თავის ნაწარმოებში „ცხოველების წიგნი“ კრიტიკულად იხსენიებს ღვთაებრივ ცეცხლს: „ტაძრის მცველები მუდმივად ცდილობენ ხალხისთვის სხვადასხვა ეშმაკობების მოწყობას, თითქოს ბერების დამსახურებით იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, კანდელები ღამით მხოლოდ ერთ დღესასწაულზე თავისით ინთებიან“.
. . .
ცნობილი არაბი იურისტის ახმედ ინ ალ-კასსას წიგნში (გარდაიცვალა 936 წელს) „კიბლის ნიშნები“ ნათქვამია შემდეგი: დიდ შაბათს ხალხი საფლავის ადგილიდან გამოდის, რომლის გარშემოც ქორებია მოწყობილი, იქიდან ისინი საფლავის ადგილს უყურებენ. ყველა ლოცულობს და მუხლს იყრის ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, ადრიანი დილიდან მოყოლებული მზის ჩასვლამდე ყველა ლოცულობს. ამ მოვლენას მეჩეთის ემირიც ესწრება. მმართველი საფლავის კარებს რაზავს და იცავს მას. ყველა თავის ადგილზე რჩება მანამ, სანამ არ იხილავენ თეთრი ცეცხლის მსგავს სინათლეს, რომელიც საფლავის შიგნიდან გამოდის. ამის შემდეგ მმართველი აღებს კარს და საფლავში შედის, მას ხელთ სანთელი უპყრია, რომელსაც იგი გარდამოსული ცეცხლისგან ანთებს და გამოაქვს... იგი ამ ცეცხლს იმამს გადასცემს, რომელსაც იგი მეჩეთში მიაქვს... მმართველს კი წერილობით ატყობინებენ, თუ რომელ დღეს და რა დროს გარდამოვიდა ცეცხლი.
როცა ღვთაებრივი ცეცხლი დილის ლოცვის დროს გადმოდის, ამბობენ, რომ წელიწადი არ იქნება ნაყოფიერი, თუმცა არც მშრალი. ხოლო თუკი იგი გარდამოვიდა შუადღისას, თვლიან რომ ის წელი უმოსავლო იქნება.“
. . .
კონსტანტინოპოლის კლირიკოსის ნიკიტას (947წ.) მონათხრობიდან ჩანს, რომ რომელიღაც ემირს (ბაღდადიდან) დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში ღვთისმსახურების აკრძალვა სურდა, რადგანაც ღვთაებრივი ცეცხლის ყოველწლიური გარდამოსვლის გამო ქრისტიანობა არა თუ ნარჩუნდებოდა, არამედ ვრცელდებოდა კიდეც და ბევრი მაჰმადიანი ქრისტეს რჯულზე ინათლებოდა. იერუსალიმის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსი პრეტორიაში დაიბარეს, სადაც ბაღდადის ემირმა აცნობა: „არა გაქვს, არქიეპისკოპოსო, ზეიმის აღსრულების უფლება... რადგანაც შენ ამ საოცრებას ჯადოსნური მანქანებით ჩადიხარ, მთელი სირია ქრისტიანებით გაავსე და თითქმის მოაქციე ეს მიწა რომანიად (ბიზანტიის ტერიტორიად).“ ამ საუბრის დროს სასწაულებრივად აენთო ორი კანდელი იერუსალიმის ტაძართან ახლოს ერთ პატივსაცემ ადგილას. (სადაც, როგორც გადმოცემით ამბობენ, განბანილ იქნა პატიოსანი სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გარდამოხსნის შემდეგ.) ამ ამბის შეტყობისთანავე ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც იმ ადგილისკენ გაეშურნენ; როდესაც ქრისტეს საფლავს მიუახლოვდნენ არქიეპისკოპოსმა ქრისტოდულოსმა და „წარწყმედილმა აგარიანელებმა“ დალუქეს საფლავი, რის შემდეგაც არქიეპისკოპოსმა ლოცვა დაიწყო. ამ დროს ემირიც ტაძარში იმყოფებოდა. ბოლოს, დაახლოებით ექვს საათზე არქიეპისკოპოსმა ღვთაებრივი სინათლე იხილა.“
. . .
ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის დროს, მაჰმადიანი ისტორიკოსის ალ ბირუნის (1000წ.) მოწმობით ლიტანიობის დაწყებამდე ტაძარში მოდიოდნენ მეჩეთის მუეძინები, იმამი და იერუსალიმის ემირი (გუბერნატორი). ისტორიკოსი წერს: „ისინი საფლავთან სხდებიან, მოაქვთ კანდელები, რომლებსაც საფლავზე დგამენ, ხოლო საფლავს კი კეტავენ. ქრისტიანები აქრობენ თავიანთ სანთლებსა და კანდელებს და ასე რჩებიან მანამ, სანამ კანდელი წმინდა, თეთრი ცეცხლით თავისით არ აენთება. იქიდან ცეცხლი ეკლესიებსა და მეჩეთებში გადააქვთ. შემდეგ კი ხალიფატის დედაქალაქში წერილს წერენ, სადაც ცეცხლის გარდამოსვლის დროს ატყობინებენ. გარდამოსვლის სისწრაფის და შუადღესთან სიახლოვის მიხედვით ასკვნიან, თუ როგორი მოსავალი იქნება იმ წელს, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში კი თვლიან, რომ ის წელი უმოსავლო იქნება.“
ი.უ. კრაჩკოვსკი „ღვთაებრივი ცეცხლი“ალ-ბირუნისა და სხვა მუსულმანი მწერლების (X-XIII.ს.) მონათხრობის მიხედვით.
. . .
ორიგინალური ტექსტი: „ვნების შაბათის შესახებ ჰყვებიან ისტორიას, რომელიც აოგნებს მეცნიერებს და რომლის შესახებაც ისინი ძლივს აღიარებენ, რომ შესაძლოა ეს ჭეშმარიტება იყოს. ამას მოწმობს მრავალი ადამიანი, რომელმაც ეს სასწაული თავის თვალით იხილა. მე ამის შესახებ წიგნში წავიკითხე, ასევე მსმენია ალ ფარაგა იბნ სალიხასგან (ბაღდადიდან), რომ ტაძრის ცენტრში, კლდეში, მდებარეობს ქრისტეს საფლავის აკლდამა. მასზე გუმბათია აღმართული, ხოლო ამ გუმბათის ზემოთ კიდევ ერთი, უფრო დიდი გუმბათია. ამ კლდის თავზე ამაღლებაა, საიდანაც მუსულმანები აკვირდებიან ამ მოვლენას. ქრისტიანები ამ დღეს ტაძარში მოდიან, საფლავის გარშემო სხდებან, ლოცულობენ და ევედრებიან უფალს შუადღიდან საღამომდე. მეჩეთის მუეძინი და ქალაქის ემირიც მოდის და საფლავთან ჯდება. მათ თან აქვთ კანდელები, რომლებსაც უშუალოდ საფლავში ტოვებენ, ხოლო საფლავს კი ამ დროს საგულდაგულოდ რაზავენ. ქრისტიანები აქრობენ სანთლებსა და კანდელებს და ელოდებიან სპეტაკი, თეთრი ცეცხლის გარდამოსვლას, რომელიც კანდელებს ანთებს. ეს ცეცხლი სხვა ეკლესიებსა და მეჩეთებშიც მიაქვთ. შემდეგ ცნობას ხალიფასაც უგზავნიან და აცნობებენ გარდამოსვლის ზუსტ დროს. გარდამოსვლის სისწრაფის მიხედვით ასკვნიან, ნაყოფიერი იქნება თუ არა წელიწადი. იგივე წყარო ამბობს, რომ ერთხელ გუბერნატორმა ბრძანა ფითილი ლითონის ბაწრით შეეცვალათ, იმ იმედით, რომ კანდელი არ აინთებოდა და სასწაულიც არ აღესრულებოდა, მაგრამ როგორც კი ცეცხლი გარდამოვიდა, ლითონის კანდელი აენთო. გარდამოსვლა უხსოვარი დროიდან დღემდე აღესრულება და გვაოცებს თავისი სიდიადით.
Cited:Chronology of the Muslim scholar Al-Biruni(973-1048)
. . .
აბუ ელ აბას ახმადი X ს-ის სხვა პოლემისტების მსგავსად დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ ხურავს მაცხოვრის საფლავის კარებს იერუსალიმის მუსლიმანი გუბერნატორი ცეცხლის გარდამოსვლის წინ, ხოლო როცა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის ნიშნები, თეთრი ნაპერწკლები, ჩნდება ჩარაზულ საფლავში, აღებს კარს და იქიდან ანთებენ კანდელებს.
Expending the Frontiers of Medieval Latin Christianity – History – 2002. P. 90.
. . .
კესარია-კაბადოკიის მიტროპოლიტი არეფი დამასკელ ემირს წერს: (Xს-ის დასაწყისი) „იერუსალიმის ემირი წმინდა საფლავთან დგას, რომელიც თავადვე დაბეჭდა, ხოლო ქრისტიანები წმინდა აღდგომის ტაძარში დგანან და გალობენ „უფალო, შეგვიწყალე“. მაშინ უეცრად ელვა ჩნდება და კანდელები თავად ინთებიან; იქიდან კი ცეცხლს იერუსალიმის მაცხოვრებლები იღებენ.“
ი. პაპადოპულო-კარემევსია. – სამეფოკლირიკოსისნიკიტასმონათხრობი. შეტყობინებაიმპერატორკონსტანტინემე-7-სადმი, წმინდაცეცხლისშესახებ, 947 წელი.
. . .
პაპმა ურბან II კლერმონში 1095 წელს, უამრავი ადამიანის წინაშე წარმოთქმულ ქადაგებაში განაცხადა: „ჭეშმარიტად ამ ტაძარში (უფლის საფლავში) სუფევს ღმერთი: ამ ტაძარში მოკვდა ჩვენი სულებისათვის და აქვე დაკრძალეს იგი. დღესდღეისობითაც არ წყვეტს მაცხოვარი სასწაულების მოვლენას ჩვენთვის, რადგანაც თავისი ვნების წმინდა დღეებში, როცა ყოველგვარი ცეცხლი ჩამქრალია საფლავის თავზე და მთელ ტაძარში, უეცრად ყველა კანდელი ინთება. რომელ გულს არ მოალბობს ასეთი სასწაული, რაც არ უნდა გაქვავებული იყოს იგი.
BAldricus, in Gesra Dei Per Franctos p.87
მასალა მოამზადა ნინო რუსაძემ