წმიდა მამები ბოლო ჟამის შესახებ
წმიდა ანტონი დიდი
მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.
P.G. t. XL. p. 1095
საყვარელო შვილებო, მოვა დრო, როცა მონაზვნები უდაბნოებს მიატოვებენ და მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ. იქ ამ გამოქვაბულებისა და ვიწრო სენაკების ნაცვლად მედიდურ შენობებს ააგებენ, რომლებიც სამეფო პალატებსაც არ დაუდებენ ტოლს. სიგლახაკის ნაცვლად სიმდიდრის მოხვეჭის სიყვარული გაიზრდება; სიმდაბლე ამპარტავნებით შეიცვლება; მრავალნი ცოდნით იამაყებენ, მაგრამ ეს ცოდნა შიშველი იქნება, მას არ ექნება თავისი შესაბამისი კეთილი საქმეები; სიყვარული განელდება; თავშეკავების ნაცვლად გემოთმოყვარება გამრავლდება და მონაზონთაგან მრავალი დაიწყებს ზრუნვას მდიდრული საჭმლისთვის ერისკაცების მსგავსად, რომელთაგან მონაზვნებს მხოლოდ შესამოსელიღა განასხვავებს; იმის მიუხედავად, რომ ერში იცხოვრებენ, თავს მაინც განმარტოებულს (ანუ მონაზონს – მარტომყოფს) უწოდებენ. ამასთანავე ისინი თავის განდიდებას დაიწყებენ, იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი (1 კორ. 1,12), თითქოსდა მათი მონაზვნობის ძალა მათი წინაპრების ღირსებაში მდგომარეობდეს; ისე იამაყებენ თავისი მამებით, როგორც იუდეველები – თავისი მამით, აბრაამით. მაგრამ იმ დროში ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან, რადგან ის უფრო ნეტარია, ვისაც შეეძლო დარღვევა და არ დაარღვია, შეეძლო ბოროტების ჩადენა და არ ჩაიდინა, ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ უამრავი მოშურნის შემხედვარე მიიზიდებოდა; ამიტომაც ნოე, აბრაამი და ლოთი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ეწეოდნენ მოშურნე ცხოვრებას, სამართლიანად იდიდებიან საღმრთო წერილში.
Св. Антоний Великий, М. 1906, стр. 121-122.
წმ. იოანე ოქროპირი
აგრეთვე უფალმაც მიუთითა ბოლო ჟამის მრავალ ნიშანზე და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე შემდეგი სიტყვებით: როდესაც ყველა ხალხში ნაქადაგები იქნება სახარება (იხ. მათ. 24,14), და სხვაზე (რომ არ შეცდნენ მის მოსვლასთან დაკავშირებით): თქვა, რომ მოვა „ვითარცა ელვაჲ“ (მათ. 24,27), რომელიც რომელიმე კუთხე-კუნჭულში კი არაა დაფარული, არამედ ყველგან ანათებს. არ იქნება მაცნეს საჭიროება, ისეთი ბრწყინვალე იქნება მისი მოსვლა, – ისევე, როგორც ელვა არ საჭიროებს, რომ ვინმე იუწყებოდეს მის გამოჩენას. სხვა ადგილას უფალმა ანტიქრისტეს შესახებაც თქვა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ“ (იოან. 5,43). მან ასევე თქვა, რომ ამ ბოლო ჟამის ნიშანი იქნება განუწყვეტელი და გამოუთქმელი უბედურებები, და რომ ილია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს.
Св. Иоанн Златоуст, Толкование на второе послание к Фессалоникийцам, глава 1.
„ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა... ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე... ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24,37-39). ქრისტემ ეს იმის დასამტკიცებლად თქვა, რომ ის მოვა უცებ და მოულოდნელად, როდესაც უმეტესობა განცხრომაში იქნება. იმავეს ამბობს პავლე [მოციქული] შემდეგი სიტყვებით: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი“ (1თესალ. 5,3), და ამ მოულოდნელობის ასახსნელად თქვა: „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“. როგორღა ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? (მათ. 24,29). თუკი მაშინ იქნება განცხრომა, „მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, როგორც პავლემ თქვა, მაშ როგორ ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? სიხარულისას რანაირი ჭირი შეიძლება იყოს? აქ იგულისხმება განცხრომა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ უგუნურ და უგრძნობელ ადამიანებს. ამიტომაც, მოციქულს არ უთქვამს: „როდესაც მშვიდობა იქნება“, არამედ: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, და ამით გამოსახა მათი უგრძნობელობა, იმის მსგავსი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ნოეს დროსაც, როდესაც, მიუხედავად უდიდესი გაჭირვებებისა, ისინი განცხრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, ხოლო მართალნი პირიქით, გაჭირვებასა და მწუხარებაში იყვნენ. აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეს მოსვლასთან ერთად უსჯულოთა შორის, რომელთაც ცხონების სასოება დაკარგული ექნებათ, გამრავლდება სამარცხვინო სიამოვნებები, მიეცემიან ნაყროვანებას, განცხრომას, ლოთობას და ყველა სხვა სიბილწეს. ამგვარად, ქრისტეს მოაქვს საქმის გარემოებასთან სრულიად შესაბამისი მაგალითი. როგორც მაშინ, ამბობს იგი, როდესაც კიდობანი მზადდებოდა, ხალხს არ სჯეროდა, და მაშინაც კი, როცა უკვე მზად იყო და წინასწარ აუწყებდა მათ უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად შეჰყურებდნენ მას და განცხრომაში იყვნენ, თითქოსდა არანაირი გასაჭირი არ მოელოდათ; ასევე ახლაც: გამოჩნდება ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება აღსასრული, აღსასრულს მოჰყვება სასჯელი და გამოუთქმელი ტანჯვა; ხოლო ადამიანები, გარყვნილებით მთვრალნი, ვერანაირ საშიშროებას ვერ იგრძნობენ ამ მომავალ გაჭირვებათა წინაშეც. ამიტომაც „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“, მოციქულის სიტყვისამებრ, მათზეც მოიწევა ეს საშინელი და გარდაუვალი უბედურებები. რატომ არ ახსენა ქრისტემ ის უბედურება, რაც სოდომელებს დაატყდათ თავს? მას სურდა მაგალითად წარმოედგინა საყოველთაო ამბავი, რომლისაც ასევე არ სჯეროდათ, როცა ნაწინასწარმეტყველები იყო. ვინაიდან ბევრს არ სჯეროდა მომავალში მოსახდენისა, უფალი უმტკიცებს მათ წარსულში აღსრულებულით და ამით აძრწუნებს მათ გულებს.
მათეს სახარების განმარტებიდან, საუბარი 77
წმ. ნიფონტ კონსტანტინოპოლელი
შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნიცა და სატანის მსახურებიც. უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელს მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება; ასეთივე იქნებიან მონაზონთა წინამძღოლნიც, რამეთუ ყველას დასცემს გემოთმოყვარება და დიდებისმოყვარება. ისინი ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარება იმეფებს მაშინ და ვაი ოქროთი გამდიდრებულ მონაზვნებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცოცხალი ღმერთის სახეს.
Преп. отцев Варсануфия Великого и Иоанна «Руководство к духовной жизни», СПБ. 1905, стр. 494.
წმ. კირილე იერუსალიმელი
მაცხოვარი ამბობს: „და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას“ (მათ. 24,10). თუკი გაიგონებ, რომ ეპისკოპოსები ეპისკოპოსებს დაუპირისპირდნენ, მღვდლები – მღვდლებს, ერისკაცები – ერისკაცებს, და საქმე სისხლამდეც კი მიდის, ნუ შეძრწუნდები, რადგან ამის შესახებ წინასწარაა დაწერილი. იმას კი ნუ მიაქცევ ყურადღებას, რაც ახლა ხდება, არამედ იმას დაუკვირდი, რაც დაწერილია. თუკი მე ვიღუპები, შენი მასწავლებელი, ჩემთან ერთად შენც ნუ დაიღუპები. შეიძლება, რომ მსმენელი მასწავლებელზე უკეთესი იყოს; შეიძლება, ბოლოს მოსული პირველი გახდეს, რადგან მეუფე მეთერთმეტე ჟამს მოსულებსაც იწყნარებს. თუ მოციქულებშიც აღმოჩნდა გამცემლობა, რაღატომ გიკვირს, თუკი ეპისკოპოსებშიც იპოვება ძმათმოძულება? მაგრამ ეს ნიშანი მხოლოდ ზემდგომებს კი არ ეხება, არამედ ერისკაცებსაც, რამეთუ ითქვა: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (მათ. 24,12).
Св. Кирилла архиепископа Иерусалимского, из огласительного слова О Втором Пришествии Христовом.
წმიდა ეფრემ ასური
შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ ვარ, საყუარელნო, დღისა მისთვის ბოროტისა და საშინელისა, რომელი მოწევნად არს ჩუენ ზედა. ძწის ყოველი გუამი ჩემი, განმიშრა ენაჲ ჩემი შიშისა მისგან ბოროტისა და სასასა ჩემსა აექუა. და თუ ვიტყოდი, განხურდების გული ჩემი და მუცელი, და ზრახვასა ჩემსა ცეცხლი აღატყდების; იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი, შოვა მუცელსა ჩემსა. მელმის მუცელი ჩემი, განხდეს ნაწლევნი ჩემნი, განკრთომილ არს გონებაჲ ჩემი, აღძრულ არს სული ჩემი გუამსა შინა ჩემსა, კუნესიან თირკუმელნი ჩემნი, შეშფოთებულ და დაკჳრებულ და ზარ-ხდილ არს ყოველივე ცნობაჲ ჩემი.
ვეშაპისა მისთვის ვიტყვი, რომელსა ეგულების შთათქმად ყოველი სოფელი, რომელი-იგი მოსლვად არს ძალითა და შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითა ნიშებითა და სასწაულებითა ტყუვილისაჲთა, რომელ-იგი განემზადოს და აზმნეს, რაჲთამცა შთათქა ყოველი სოფელი, რამეთუ უშჯულოთა მათ ჰურიათა პირველად არა შეიწყნარეს გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, ვითარცა იტყვის: თვისთა მოვიდა, და თჳსთა არა შეიწყნარეს იგი. ამისთჳსცა მოუვლინოს ღმერთმან შემწედ საცთურებისა მათისათვის. ხოლო ჩუენ ამის ყოვლისათვის განგუაკრძალებს მხსნელი და მაცხოვარი ჩუენი და იტყვის: "იხილეთ, ნუუკუე გაცთუნნეს ვინმე თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, და მრავალნი აცთუნნენ".
ხოლო მე გეტყვი თქუენ, საყუარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამად-ჟამად შეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტეანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, და განქარდეს სარწმუნოებაჲ, მოოხრდენ ეკლესიანი, დაირღუენ საკურთხეველნი, შემცირდენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარული მრავალთაჲ. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყუასა ღმრთისასა და არა ჰპოვებდენ, რამეთუ დაძუელდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუ ვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და ჰმოძღურიდეს, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინნენ და ზღაპრებასა მიექცნენ.
ხოლო ჩუენდა სიფრთხილე ჯერ-არს ამას ყოველსა ზედა, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყვის და ტიმოთეს ასწავებს. ხოლო აწ თქუენ გითხრობ, საყუარელნო, რამეთუ აღდგენ ეპისკოპოსნი ეპისკოპოსთა ზედა, მღდელნი მღდელთა ზედა, მოწესენი მოწესეთა ზედა, ერნი ერთა ზედა, ვიდრე სისხლადმდე. ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ წმიდათა მოციქულთაცა თანა იპოვა შინა-განმცემელი. მაშინ იყუნენ ბრძოლანი ნათესავთანი ნათესავთა ზედა, მეფენი მეფეთა ზედა, და იყუნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილდ-ადგილდ. და ესე ყოველი იყოს...
"ანტისათჳს", საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, ტ. 2, თბ. 1966, გვ. 45.
მეთოთხმეტე საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერი
...ნეტარი ბერი იმასაც ამბობდა, რომ საშინელი ჟამი ახლოვდება. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მტრები დაიპყრობენ ჩვენს მიწა-წყალს და დიდი ეკლესია (აია სოფია) აღარ იქნება ღვთის ტაძარი. დიდი უბედურებები დაატყდება რომეების (ბერძნების) მიწას და იგი შეწყვეტს არსებობას ღვთის დიდი განგებულებით. კვდებიან ცალკეული ადამიანები, კვდებიან ქალაქები, კვდებიან მთელი ერებიც, რამეთუ არაფერია ამ ცისქვეშეთში მუდმივი, გარდა მარადიული ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის მარადიული სულისა. დასავლეთის ქრისტიანების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, – იმის მოლოდინით, რომ ისინი იარაღს აიღებენ და აღდგებიან საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობის დასაცავად. ნუ ელით, რადგან დასავლეთის ქრისტიანები არ არიან ქრისტიანები. ისინი წარმართები არიან.
... ეს ჯერ კიდევ არ იქნება ქვეყნის აღსასრული. იგი მოგვიანებით მოიწევა, და მისი ჟამი ღვთის ხელშია, იმავდროულად – ადამიანთა ხელშიც. საყოველთაო მკის ნამგალს ღმერთი მაშინ გამოგზავნის, როდესაც ადამიანთა სიბოროტე სიმწიფის საზღვარს მიაღწევს. სანამ ქვეყნად ბოროტ ადამიანებთან ერთად მართალნიც ცხოვრობენ და სანამ დგას ქრისტეს ეკლესია, რომელსაც "არა შეუგინებიეს სამოსელი მისი" (გამოცხ. 3,4), მანამდე ქვეყანაზე ბოროტება ვერ მომწიფდება. ხოლო როდესაც აღარ იქნებიან მართალნი და ბოროტების ოკეანე მთელ მსოფლიოს დატბორავს, მაშინ მოიწევა ქვეყნის აღსასრული, იგი დაიწვება და გაქრება, რათა გარდაისახოს ახალ, სრულყოფილ ქვეყნად, რომელშიაც სიმართლე მკვიდრობს (2 პეტ. 3,9-12). ყველა უბედურება, რაც კი ყოფილა ქვეყანაზე, ვერ შეედრება იმას, რაც ბოლო ჟამს იქნება. მაშინ დადგება მწუხარების ჟამი მთელ მსოფლიოში, ადამიანები შეიძულებენ ერთმანეთს, ერთმანეთის შიში ექნებათ, ადამიანი ადამიანს აღარ დაუჯერებს. უბედურებები უფრო საშინელი უბედურებებით შეიცვლება, შიში – შიშით, საშიშროება – საშიშროებით, ტკივილი – ტკივილით, მწუხარება – მწუხარებით. მაგრამ ადამიანები გონს ვერ მოეგებიან და არ შეუვრდებიან ღმერთს, რომელსაც ძალუძს მათი გადარჩენა. პირიქით, ამ მწუხარებებს ის მოყვება, რომ ყოველგვარი სულიერი ცხოვრება განქარდება: ადამიანი იმდენად იქნება გაბოროტებული, გაქვავებული, დაბნელებული და შთანთქმული ერთადერთი საზრუნავით – როგორმე იარსებოს, რომ სულიერი ცხოვრებისათვის აღარც ნებისყოფა ექნება, აღარც ადგილი გულში, და აღარც სულიერი ცხოვრების მასწავლებლები იქნებიან, რადგან ისინიც წუთისოფელს აედევნებიან და ღვთის ეკლესიები ზოგი ცარიელი იქნება, ზოგი დანგრეული, ზოგიც სულიერად შებილწული უღირსი მწყემსმთავრებისა და მწყემსების მიერ. უბედურებებისა და ქაოსის ქარ-ცეცხლში ქვეყნად ანტიქრისტე გამოცხადდება. ის მოვა როგორც დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი, კეთილი მმართველი, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს მოწესრიგება. სინამდვილეში ის იქნება ყველაფრის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე, ტირანი და ბოროტმოქმედი, მისნაირი არც ყოფილა ქვეყანაზე და არც იქნება.
ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება; არა მხოლოდ ყოველი საქმე და ცხოვრება, არამედ სიტყვაც და თვით სულიერი ცვლილებაც მუდმივი ზედამხედველობისა და სასჯელის ქვეშ იქნება, ისე, რომ ადამიანი შიშისაგან ფიქრსაც კი გადაეჩვევა, რომ მის სახეზე უნებურად არ აისახოს ისეთი რაიმე, რაც მსოფლიო მმართველის, ანუ ანტიქრისტეს ხელმწიფებას არ ეთანხმება. ყოველგვარი შრომა, ყოველი გოჯი მიწა და ხორბლის მარცვალი ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იქნება.
მოიწევა სტიქიური უბედურებები და მეტისმეტ სიცხეს მეტისმეტი სიცივე შეცვლის, გვალვას წყალდიდობები; საშინელი გრიგალები დიდ ნგრევას გამოიწვევს; ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, სნეულებები ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში, დედამიწის მაცხოვრებლებს თავზარს დასცემს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. მიწის ნაყოფიერება და მისი დამუშავება აღარ იქნება ღვთისგან ნაკურთხი და ამიტომ საშინელი შიმშილი და ყოველმხრივ სრული სიმწირე დაისადგურებს. მხოლოდ "მხეცის" ნიშნის (ანუ სატანის ნიშნის) მიმღებთ ექნებათ უფლება იარსებონ გარკვეულ დრომდე, თუმცაღა ყველაზე უფრო მონურ და დამცირებულ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში და ღვთისგან ადამიანისთვის მინიჭებული ღირსების შელახვით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქრისტეს სახელი სრულიად აღიხოცოს ადამიანის გულიდან. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთური სამეფო დაისადგურებს დედამიწაზე. ღვთის ადამიანები ძალიან მცირედნი შემორჩებიან. დადგება ჯოჯოხეთის მეუფება დედამიწაზე...
ქრისტეს ეკლესია სასტიკად იქნება დევნილი, რათა სრულიად აღიგავოს მიწის პირისაგან, რადგან სანამ მადლმოსილი მღვდლის მიერ საღვთო წირვა აღესრულება, დედამიწაზე ეშმაკის მეფობა ვერ აღსრულდება. ყოველი საღვთო ლიტურგია არის ღვთის მყოფობა დედამიწაზე და უწყება ქრისტეს გამარჯვებისა ეშმაკსა და სიკვდილზე. ქრისტეს ეკლესიის დევნა იქნება აშკარაც და ფარულიც, საიდუმლო და ხილული, კერძო და საყოველთაო, ყველგან და ყველანაირად. იქნება მოწამეთა გარკვეული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის. მაგრამ იქნება მრავალი განდგომილიც, რომლებიც მხეცის ნიშანს მიიღებენ. ამ განდგომილებს, – სუსტებს, უვარგისებს, დიდი ხანია ამზადებდნენ ბოროტი ძალები. ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში უთხრიდნენ ძირს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ იცოდე, ჯოჯოხეთის ყველაზე მძლავრი ძალები, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი", ვერ მოერევიან ეკლესიას (მათ. 16,8), რომელში ყოფნაც აღგვითქვა უფალმა ქრისტემ ქვეყნის აღსასრულამდე (მათ. 28,20). ეს ეკლესია დაუნდობლად იქნება დევნილი და დაიმალება გამოქვაბულებში, უფსკრულებში და უდაბნოებში, მის მსახურებზე ღვთის მადლი იქნება დავანებული, და ღმერთი არ დაუშვებს, რომ დიდმა მტერმა მოსპოს ისინი. ძმანო, დაუკვირდით ქვეყნის აღსასრულის ნიშნებს, რომლებიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, მისმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა განგვიცხადეს, და ნუ მოუძლურდებით ღვთისადმი სასოებაში.
«Размышление смиренного сердца», перевод Амвросия Погодина, М. 1991.
წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
"ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი" (მათ. 18,7), – წინასწარ გვამცნო უფალმა. უფლის მიერაა დაშვებული საცთურის მოსვლაც და მათგან გამოწვეული ზნეობრივი უბედურებაც. ქვეყნის აღსასრულის წინ საცთურები ისე გაძლიერდებიან და გამრავლდებიან, რომ "განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ" (მათ. 24,12), "ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუყანასა ზედა" (ლუკ. 18,8)? "ქუეყანა ისრაჲლისა", – ეკლესია, იქნება "გარემიქცეულ (აქ: აოხრებული – მთარგმ.) მახჳლისაგან" – საცთურთა მომაკვდინებელი ძალადობისაგან – და "ოჴერ (ცარიელი, აოხრებული) ყოვლითურთ" (ეზეკ. 38,8). ღვთისნიერი ცხოვრება მეტად გაძნელდება, რადგან საცთურთა შორის მცხოვრებმა შეუძლებელია არ განიცადოს მათი ზემოქმედება. როგორც ყინული კარგავს სიმტკიცეს სითბოსგან და ურბილეს წყლად იქცევა, ასევე კეთილი განზრახვით აღსავსე გულიც, – საცთურთა ზემოქმედების შედეგად (მით უფრო, თუკი ზემოქმედება მუდმივია), სუსტდება და იცვლება. ღვთისნიერი ცხოვრება მეტად გაძნელდება განდგომილების საყოველთაოობის გამო. გამრავლებული განდგომილები, გარეგნულად თავს ქრისტიანებად მოაჩვენებენ და ქრისტიანებად იწოდებიან კიდეც. ეს მათ გაუადვილებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა დევნას; გამრავლებული განდგომილები მრავალრიცხოვანი ხრიკებით გარშემოერტყმიან ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მათ კეთილ განზრახვებს – ცხონებისა და ღვთის მსახურებისა, დაუპირისპირებენ ურიცხვ დაბრკოლებებს, როგორც წმ. ტიხონ ვორონეჟელი (ზადონელი) აღნიშნავს, – იმოქმედებენ ღვთის მონების წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობით, ცილისწამებით, ცბიერი ხრიკებით, სხვადასხვაგვარი საცთურებით და სასტიკი დევნით. სოფლის მაცხოვარმა ნაკლებადცნობილი და შორეული ნაზარეთი მოძებნა, რათა დამალვოდა ჰეროდესა და მისდამი სიძულვილით აღსავსე მწიგნობრებს, ფარისევლებსა და იუდეის მღვდელმთავრებს. ასევე, უკანასკნელ ჟამს, ჭეშმარიტი მონაზონი ძლივს იპოვის რომელიმე შორეულ და უცხო თავშესაფარს, რათა მასში გარკვეული თავისუფლებით ემსახუროს ღმერთს და არ მიჰყვეს განდგომილებისა და განდგომილთა ძალადობას ეშმაკის მსახურებისკენ... ჰოი, უბედურებათა უბედურება, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მონაზვნები გულისხმაყოფენ, და შეუცნობელია მათთვის, რომელთაც მოიცავს და დაღუპავს იგი!
Святитель Игнатий Ставропольский «Приношение современному монашеству», М. 2001, стр. 196.
წმ. თეოფანე დაყუდებული
"გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი. ადამიანთა ერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე, მცირე ნაწილი, მწვალებლობაში იქნება, არ გაჰყვება ღვთივმონიჭებულ სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებას გამოიგონებს, თუმცაღა საღვთო წერილის გამოყენებით. ასეთი გამოგონებული სარწმუნოებები უთვალავი იქნება. ისინი ახლაც ბევრია, მაგრამ უფრო მეტად გამრავლდება... ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოების მპყრობელი – იმ სარწმუნოების, რომელიც წმიდა მოციქულებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; მაგრამ ამათგანაც არცთუ მცირე ნაწილი მხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე, გულში კი არ ექნებათ ის წყობა, რომელსაც სარწმუნოება ითხოვს, რამეთუ წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებულნი. აი ამგვარი დიდი განდგომილებაა მოსალოდნელი. მართალია ქრისტიანული სახელი ყველგან გაისმება და ყველგან იქნება საეკლესიო ტაძრები და განწესებები, მაგრამ ეს ყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით – ჭეშმარიტი განდგომილება. ამ ნიადაგზე დაიბადება ანტიქრისტე და ამავე გარეგნული სულით აღიზრდება, საქმის არსის გარეშე. შემდეგ თავს მისცემს სატანას, აშკარად განუდგება სარწმუნოებას და ბოროტის მაცთუნებელი ხრიკებით შეიარაღებული ყველას, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანი არ იქნება, გაიყოლებს უფალ ქრისტესგან ჭეშმარიტ განდგომაში, აიძულებს თვითონ იგი აღიარონ ღმერთად".
Епископ Феофан. Беседовательное толкование Второго Послания к Солунянам, стр. 58-61.
ღირსი ანატოლი ოპტინელი
შვილო ჩემო, იცოდე, რომ მოციქულის სიტყვის თანახმად უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება. კეთილმსახურების სიმწირის გამო ეკლესიაში მწვალებლობები და განხეთქილებები გაჩნდება, და როგორც წმ. მამები წინასწარმეტყველებდნენ, მღვდელმთავართა საყდრებზე და მონასტრებში ვეღარ იხილავენ გამოცდილ და სულიერ ცხოვრებაში დახელოვნებულ ადამიანებს. ამის გამო ყველგან მწვალებლობები გავრცელდება და მრავალს აცთუნებს. კაცთა მოდგმის მტერი მზაკვრულად იმოქმედებს, რათა თუკი შესაძლებელი იქნება, რჩეულნიც ჩააგდოს ერესში. ის არ შეუდგება წმიდა სამების, იესო ქრისტეს ღმერთობისა და ღმრთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლად დაიწყებს სული წმიდის მიერ შთაგონებული წმიდა მამების მიერ გადმოცემული ეკლესიის სწავლების, მისი სულისა და წეს-განგების გამრუდებას. მტრის ცბიერებას და მის ქმედებებს მხოლოდ მცირედნი შეამჩნევენ, სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოცდილნი. ერეტიკოსები ძალაუფლებას მოიპოვებენ ეკლესიაზე და ყველგან თავის მსახურთა დადგენას შეუდგებიან. კეთილმსახურება უგულებელყოფილი იქნება. მაგრამ უფალი არ დატოვებს თავის მსახურებს დაუცველად და უმეცრებაში. მან ბრძანა: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ 7,16). აი, შენც ეცადე ნაყოფით, ანუ მოქმედებით გაარჩიო ერეტიკოსები ჭეშმარიტი მწყემსებისაგან. ისინი სულიერი ქურდები არიან, სულიერი სამწყსოს დამტაცებლები, და, როგორც უფალი ამბობს, ცხვრის ეზოებში – ეკლესიაში – სხვა მხრიდან შევლენ, – ანუ შევლენ უკანონო გზით, ძალადობით შემუსრავენ ღვთის განწესებებს. უფალი მათ ავაზაკებად მოიხსენიებს.
სინამდვილეში მათი პირველი საქმე ჭეშმარიტი მწყემსების დევნა იქნება, მათი დაპატიმრება, რადგან უამისოდ შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომ, შვილო, როდესაც იხილავ ეკლესიაში საღვთო განწესების, მამათა გადმოცემის, ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის შებღალვას, იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩენილან, თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ დრომდე მალონ თავიანთი უსჯულოება, ანდა შეუმჩნევლად ამახინჯონ საღმრთო სარწმუნოება, რათა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ გამოუცდელთა შეცდენითა და ბადეებში გახვევით. იქნება როგორც მწყემსების, ასევე ღვთის მონების (ერისკაცების – მთარგ.) დევნა, რადგან ეშმაკი, მწვალებლობის წინამძღოლი, ვერ ითმენს კეთილმსახურებას. შეიცანი მათში ცხვრის ტყავში გახვეული მგლები მათი ამპარტავნული ზნით, სიამეთმოყვარებით, მთავრობისმოყვარებით, – ისინი იქნებიან ცილისმწამებლები, გამცემლები, ყველგან მტრობისა და სიძულვილის მთესველები; ამიტომაც თქვა უფალმა, მათი ნაყოფით იცნობებიანო. ღვთის ჭეშმარიტი მონები – მდაბალნი, ძმათმოყვარენი და ეკლესიის მორჩილნი არიან.
ერეტიკოსები დიდად შეავიწროებენ მონაზვნებს და მონაზვნური ცხოვრება იმ დროს საძრახისი იქნება. მონასტრები დაცარიელდება, მონაზვნები შემცირდებიან, ხოლო ვინც დარჩება, ძალადობის დათმენა მოუწევს. ეს მონაზვნური ცხოვრების მტრები, რომელნიც მხოლოდ მოჩვენებით იქნებიან კეთილმსახურნი, ეცდებიან მონაზვნების გადაბირებას, დაპირდებიან მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიკეთეებს, ურჩებს კი გაძევებით დაემუქრებიან. ამ მუქარის გამო სულმოკლეებს დიდი ურვა დაატყდებათ თავს. თუკი იმ დრომდე მიაღწევ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, რადგან მაშინ მორწმუნეთათვის, რომელთაც სხვა სათნოებები არ ექნებათ, სარწმუნოებაში მყარად დგომისათვის იქნება გამზადებული გვირგვინები, თანახმად უფლის სიტყვისა: "ყოველმან რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა".
შვილო ჩემო, გეშინოდეს უფლის შეურაცხყოფისა, გეშინოდეს გვირგვინის დაკარგვისა, გეშინოდეს, ქრისტესგან განგდებული არ აღმოჩნდე ბნელ გარესკნელსა და საუკუნო სატანჯველში. მტკიცედ დადექი სარწმუნოებაში და თუ საჭირო იქნება, სიხარულით დაითმინე გაძევება და სხვა მწუხარებები, რამეთუ უფალი და წმიდა მოწამეები იქნებიან შენთან; ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. უბედურება ეწევათ იმ დღდეებში იმ მონაზვნებს, რომლებიც შეიკვრებიან ქონებითა და სიმდიდრით და განსვენების სიყვარულით მზად იქნებიან დაემორჩილონ მწვალებლებს. ისინი სინდისს ამ სიტყვებით დაიმშვიდებენ: "ჩვენ დავიცავთ და გადავარჩენთ მონასტერს".
ერესთან ერთად ეშმაკი შევა მონასტერში და ეს უკანასჯკნელი უკვე წმიდა მონასტერი კი არა, უბრალო კედლები იქნება, მადლი განეშორება ასეთ მონასტრებს. მაგრამ ღმერთი მტერზე ძლიერია და თავის მონებს არასოდეს მიატოვებს, ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნის აღსასრულამდე იქნებიან, ისინი განმარტოებულ ადგილებსა და უდაბნოებს შეაფარებენ თავს.
ნუ შეუშინდებით მწუხარებებს, გეშინოდეთ ერეტიკოსთა თავხედობისა, რომლებიც ადამიანის ღვთისგან განშორებას შეეცდებიან, ამიტომაც ბრძანა ქრისტემ, წარმართებად და მეზვერეებად მივიჩნიოთ ისინი.
ამგვარად, შვილო ჩემო, განმტკიცდი იესო ქრისტეს მადლით. სიხარულით ისწრაფე აღმსარებლობის ღვაწლისკენ და დაითმინე ტანჯვა-წვალება, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მხედარმა; უფალი ბრძანებს: "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამოცხ. 2.10). მისა შვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
“Православный путь”, стр. 146. Джорданвилл, 1992.
მსგავსი წერილი:
ქრისტიანული ესქატოლოგია