ბერი პაისი ათონელი
წმიდა არსენ კაბადოკიელი
წმიდა არსენის (ჰაჯიეფენდის) ცხოვრება
ღირსი მამა არსენი დაიბადა დაახლოებით 1840 წელს ფარასაში (იგივე ვარასიოში) – კაბადოკიის ფარასის ოლქის ექვს ქრისტიანულ დასახლებათა შორის უმთავრესში.
მისი მშობლები მეტად სათნო, საშუალო შეძლების ადამიანები იყვნენ. მამა, სახელად ელეფთერი, მასწავლებელი იყო. მას ჰაჯიელეფთერის ეძახდნენ, რადგან მომლოცველად იყო ნამყოფი წმიდა მიწაზე. მისი გვარი იყო ანიცალიხოსი, ხოლო მეტსახელი – არციდისი. დედას ერქვა ბარბარე, იგი ფრანგუს (ფრანგოპულუს) გვარიდან იყო, მისი ოჯახის მეტსახელი კი ცაპარისი გახლდათ.
მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ: ვლასი და თეოდორე (მამა არსენი). ბავშვები ადრე დაობლდნენ, ჯერ მამა გარდაეცვალათ და ცოტა ხანში დედაც. ობლებზე ზრუნვა ფარასაში მცხოვრებმა დეიდამ ითავა.
ერთხელ ვლასიმ უმცროსი ძმა, თეოდორე, მამისეულ ველზე წასასვლელად დაითანხმა. ეს ველი ჩქარ ნაკადულთან მდებარეობდა. ნაკადულს ევკასისი ერქვა. როდესაც ძმები წყლის ნაკადს კვეთდნენ, თეოდორე დინებამ წაიღო. ვლასიმ ცრემლებით მოუხმო წმიდა გიორგის, რომლის სამლოცველოც შორიახლოს იდგა. ვლასის სინდისი აწუხებდა, რადგან ძმა მის გამო აღმოჩნდა განსაცდელში. როდესაც ის ტიროდა და წმინდანს დახმარებას სთხოვდა, მოულოდნელად გვერდით თეოდორე დაინახა, რომელმაც სიხარულით მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა მონაზვნის მსგავსმა მხედარმა, ამოიყვანა წყლიდან, დასვა თავის ცხენზე და გამოიყვანა ნაპირზე. ამ ამბის შემდეგ თეოდორე ხშირად იმეორებდა, რომ მასაც მონაზვნობა სურდა. ამგვარად, უფალმა იზრუნა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დამდგარიყო სწორ გზაზე.
მომხდარმა ვლასიზეც იმოქმედა, რომელმაც აგრეთვე ღმერთს მიუძღვნა თავი და თავისი გზით ადიდებდა მას. იგი ბიზანტიური მუსიკის მასწავლებელი გახდა. მოგვიანებით სიცოცხლე კონსტანტინოპოლში დაასრულა.
როდესაც თეოდორე წამოიზარდა, დეიდამ ფარასიდან ნიგდიში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც მისი მამიდა ცხოვრობდა, რომელმაც ყმაწვილზე ზრუნვა იტვირთა. მამიდამ დაინახა, რაოდენ ნიჭიერი იყო თეოდორე და მოელაპარაკა სმირნაში მცხოვრებ ნათესავებს, დახმარებოდნენ განათლების გაგრძელებაში ნიგდიში სწავლის დასრულების შემდეგ.
არდადეგებზე თეოდორე ფარასაში ჩადიოდა ხოლმე. იგი მამის სახლში კრებდა ბავშვებს და ასწავლიდა მათ იმას, რასაც თავად სწავლობდა. ის საკმაოდ მკაცრად ექცეოდა მათ, რათა ბავშვებს არ ეცელქათ. ისინი ცუდად იყვნენ აღზრდილნი, რადგან მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ ენახათ მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თეოდორე არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოდიოდა, მისი დასვენება ფაქტობრივად ის იყო, რომ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა საეკლესიო ტექსტებით.
ერთხელ, როდესაც იგი დასახლებაში ჩავიდა, კინაღამ სამუდამოდ მოუწია დარჩენა, რადგან დეიდამ მისი გაჩერება და დაქორწინება გადაწყვიტა. იგი ფარულად ცდილობდა მის დანიშვნას. ერთხელ მან უთხრა თეოდორეს: "ამბაროგლისის ქალიშვილს, ვასილიკას შევთავაზე, რომ შენი ცოლი გამხდარიყო, მაგრამ იუარა და მიპასუხა: "თეოდორე ყველაფრით კარგია: კარგი ოჯახიდანაა, განათლებულია, მაგრამ ის ხომ მონაზონია. თქვენ გინდათ, რომ მონაზონზე გავთხოვდე?"
როდესაც თეოდორემ ეს ყოველივე მოისმინა, მეტად დამწუხრდა და წყენით უთხრა დეიდას: "ხომ ხედავ, უცხო ადამიანებიც კი მიხვდნენ, რომ მონაზვნობა მსურს, და შენ ჯერაც ვერ ხვდები?" თეოდორე მეორე დღესვე, დროის დაუკარგავად გაემგზავრა სმირნაში, სადაც ბერძნული ენისა და საეკლესიო საგნების გარდა შეისწავლა სომხური, თურქული და ცოტაოდენი ფრანგული ენები. სწავლის დასრულებისთანავე იგი ფარასაში ჩავიდა, დაემშვიდობა დეიდას, შემდეგ – მამიდას ნიგდიში და გაემართა კესარიისკენ.
თეოდორე დაახლოებით 26 წლის იყო, როდესაც წმიდა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემლის სახელობის საერთო საცხოვრებელ მონასტერში შევიდა ფლაბიანაში (ზინსიდერში); იქ იგი მონაზვნად აღკვეცეს და სახელად არსენი დაარქვეს.
სამწუხაროდ თეოდორე დიდხანს არ დამტკბარა სიმშვიდით. იმ დროში მეტად ჭირდა მასწავლებლები და მიტროპოლიტმა პაისი მეორემ, რომელიც იმ ხანად ცოცხალი იყო, ხელი დაასხა მას დიაკვნად (კორცინოგლუს ცნობის თანახმად) და ფარასაში გაგზავნა, მიტოვებული ბავშვებისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად. ამგვარად, დიაკონი არსენი დაბრუნდა მშობლიურ დასახლებაში და საღვთო შურით აღვსებულმა მოღვაწეობა დაიწყო უმეცრების სიბნელის გასაფანტად. სიბნელის გამომწვევნი, რა თქმა უნდა, თურქები იყვნენ; ისინი ყოველთვის გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ფარასის ქრისტიანულ დასახლებებს, რომლებიც ერთად ბერძნული მემკვიდრეობის პატარა ნაწილს წარმოადგენდნენ. ამის გამო მამა არსენმა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მოკრძალებითა და დიდი სიფრთხილით დაიწყო საქმიანობა. მან სკოლა ოთახში გააკეთა, სადაც მერხების ნაცვლად თხისა და ცხვრის ტყავები დააგო, ბეწვით ზემოთ, რათა გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვები მუხლებზე მდგარიყვნენ. ამგვარი წინდახედულობით ის თურქებთან[2] უსიამოვნებას არიდებდა თავს. როდესაც თურქები ბავშვებს ხედავდნენ, ეგონათ, რომ ისინი ლოცულობდნენ.
დროის დიდ ნაწილს მამა არსენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოში ატარებდა ბავშვებთან ერთად, გამოქვაბულში, მაღალ კლდეზე. სამლოცველოში მას საიდუმლო სკოლა ჰქონდა. ამგვარ პრაქტიკას იგი მოგვიანებითაც მიმართავდა, მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანებს მეტი თავისუფლება მიანიჭეს, თურქეთზე მართლმადიდებლური რუსეთის ზეწოლის შედეგად. ფარასაში, კაბადოკიის სიღრმეში, ყოველთვის შიშის ატმოსფერო სუფევდა, რადგან იგი მოწყვეტილი იყო მსოფლიოსაგან.
ოცდაათ წლამდე მამა არსენი ასწავლიდა დიაკვნის ხარისხში. შემდეგ კესარიაში იგი მღვდლად აკურთხეს, არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს და სულიერი მოძღვრობის[4] კურთხევა მისცეს. ხელდასხმის შემდეგ მამა არსენი კესარიიდან წმიდა მიწაზე გაემართა მომლოცველად, რის შემდგომაც ფარასაში დაბრუნდა და ფარასის მაცხოვრებლებმა ჰაჯიეფენდი შეარქვეს.
ამის შემდგომ მამა არსენის სულიერი მოღვაწეობა იზრდება და ფართოვდება. მას შესაწირის შეგროვებაც დასჭირვებია ახლო დასახლებებსა და მოშორებით მდებარე ქალაქებში. შესაწირის შეგროვებისას მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურთიერთობის დამყარება თურქების გვერდიგვერდ მცხოვრებ ქრისტიან ბერძნებთან და მათი სულიერი მხარდაჭერა იმ მძიმე დროში.
დაშინებულ ქრისტიანებს მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა როგორც მამა არსენის გამამხნევებელი სიტყვები, ასევე სასწაულები და სნეულთა სულიერი და ხორციელი კურნებები, რომელთაც ის ღვთის მიერ ბოძებული მადლით აღასრულებდა. როდესაც ქრისტიანები ამ სასწაულების მომსწრენი ხდებოდნენ, კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდნენ რწმენაში, რადგან ჩვენი სარწმუნოების დიდ ძალას ხედავდნენ. და თუ სასწაულებს თურქები ადევნებდნენ თვალს, ისინი ან ქრისტიანდებოდნენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაცილებით უფრო რბილად ეპყრობოდნენ ქრისტიანებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა მისულიყო მამა არსენი და როდესაც არ უნდა მიეყვანათ მასთან სნეული ლოცვების წასაკითხად, ის არ არკვევდა, ქრისტიანი იყო იგი, თუ თურქი, მხოლოდ იმას გამოიკითხავდა, რისგან იტანჯებოდა ადამიანი, რათა შესაბამისი ლოცვა შეერჩია. ღვთის მადლით სნეულთა კურნებისას მამა არსენი აიძულებდა თურქებს, რომ გაეცნობიერებინათ მართლმადიდებელი სარწმუნოების უდიდესი ძალა და პატივი ეცათ მისთვის.
ერთხელ, როდესაც მამა არსენი თავის მედავითნე პროდრომოსთან ერთად მოგზაურობდა, ისინი სინასოსის დასახლებაში მივიდნენ. თურქებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მამა არსენს ქრისტიანებთან ურთიერთობის დამყარებაში. მამა არსენი გაჩუმდა და მხოლოდ ეს უთხრა პროდრომოსს: "წავიდეთ აქედან და შენ დაინახავ, რომ თურქები თავად გამოიქცევიან ჩვენს მოსაბრუნებლად". ნახევარი საათის შემდეგ ჰაჯიეფენდი მუხლებზე დადგა და ცისაკენ აღმართა ხელები, – ის ლოცულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი დღე იყო, მოულოდნელად მოიღრუბლა და დაიწყო ნამდვილი თავსხმა, რომელსაც ქარიშხალი ერთვოდა. სინასოსის მთელი დასახლება ირყეოდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავის დანაშაულს და ორი მხედარი გამოგზავნეს მამა არსენთან. როდესაც ისინი ჰაჯიეფენდის მიუახლოვდნენ, მის ფერხთით დაემხნენ და პატიებას ევედრებოდნენ მთელი დასახლების სახელით. მამა არსენმა აპატია მათ, სინასოსის დასახლებაში დაბრუნდა და ჯვარი გადასახა დასახლებას ქვეყნიერების ოთხივე მხარეს – მოულოდნელად ყოველივე დამშვიდდა, ისევ მშვენიერი ამინდი დადგა.
მძიმე მორჩილების გამო მამა არსენი მეტად იღლებოდა ხოლმე: – რთულია ასწავლო ბავშვებს წერა-კითხვა საეკლესიო ტექსტებით, შეასრულო ახლო და შორეული სამოძღვრო მოგზაურობები და ამასთანავე არ დატოვო სამღვდელო და სამონაზვნო მოვალეობანი. მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა ძალ-ღონის მომატებას, როდესაც ხედავდა, რომ შვება მოჰქონდა სხვებისთვის და ეხმარებოდა მათ. მას ჰქონდა უდიდესი სიყვარული ღვთისა და მისი ხატის – ადამიანის, მაგრამ არა თავისი თავის, რამეთუ როდესაც ის თურქთა უღელქვეშ ტანჯვა-წამებას ხედავდა, მაშინვე ივიწყებდა საკუთარ თავს და სიყვარულით მოიცავდა არა მხოლოდ მშობლიურ დასახლებას, არამედ გარშემო მყოფ სხვა დასახლებებსაც.
ვინაიდან მამა არსენი მეტად თავგამოდებული იყო მართლმადიდებლობისათვის, ის დიდ პასუხისიმგებლობას გრძნობდა თავისი მრევლის წინაშე, დარაჯად ედგა და იცავდა მას "ცხვრის ტყავში მყოფი მგლებისგანაც" – პროტესტანტებისგან, რომლებიც მასწავლებლების მეშვეობით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას აღმოსავლეთში. ამ მიზეზით მამა არსენი იძულებული იყო სკოლაში სამი დამხმარე მასწავლებელი აეყვანა, – დასახლების ყველაზე განათლებული ადამიანები, რათა არ მიეღო უცხო მასწავლებლები.
თუ თავდაპირველად დიდი საფრთხე თურქთა მხრიდან მოდიოდა და მამა არსენი სკოლის არსებობას საიდუმლოდ ინახავდა, მოგვიანებით უფრო დიდი საფრთხე პროტესტანტების მხრიდან წამოვიდა, რადგან ამ უკანასკნელთ სურდათ პატარა ბავშვების მართლმადიდებლური სარწმუნოება შეებღალათ. ერთხელ ფარასაში პროტესტანტი მასწავლებელი გამოგზავნეს. მან ჩამოსვლისთანავე იკითხა, თუ სად იმყოფებოდა პროტესტანტ კუპსისის სახლი, რომელსაც ფულს უხდიდნენ სხვების მოსაქცევად და რომელთანაც მას ბარგის გადმოზიდვა და გაჩერება სურდა. მამა არსენმა ეს რომ გაიგო, უმალვე გაემართა პროტესტანტთან შესახვედრად და უთხრა: "ახლავე დაბრუნდი უკან შენი ბარგიანად! არ გვჭირდება ფარასაში კიდევ ერთი პროტესტანტი. ის ერთიც კმარა, რომელიც გვყავს, და კიდევ ის თურქი, რომელიც მრავალი წელია აქ ცხოვრობს". ამის შემდეგ მამა არსენმა ტაძარში მყოფ თემის წევრებს მიმართა: "ყველამ, ვინც კი დროს კუპსისთან ერთად ატარებს, უნდა იცოდეს, რომ როდესაც მის სხეულს საფლავიდან ამოიღებენ, ის გაუხრწნელი იქნება"[5].
ეს იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ იზოლაციაში მოექცია აბეზარი "ბზიკი" კუპსისი, რომელიც თავისი ერესის შხამს ნაზ და ახალგაზრდა სულებში ასხამდა. იგი ხალხს მამა არსენის წინააღმდეგ ამხედრებდა და ჰაჯიეფენდის იმაში ადანაშაულებდა, რომ ის იშორებდა მასწავლებლებს, რათა ბავშვები უცოდინარები დაეტოვებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველამ შეწყვიტა მასთან ლაპარაკი, იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი შეცდომა. კუპსისი მივიდა მამა არსენთან, ითხოვა შენდობა და დაუბრუნდა მართლმადიდებელ მრევლს. ამგვარად იქნა განადგურებული პროტესტანტ "ბზიკთა" ბუდე.
პროტესტანტებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენეს აღმოსავლეთში კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს, ვიდრე თურქებმა. ეს უკანასკნელნი ქადაგებდნენ მაჰმადიანობას და მართლმადიდებლები გაურბოდნენ მათ, ხოლო პროტესტანტები მოდიოდნენ სახარებით, თავის ცდომილებაში ითრევდნენ გულუბრყვილოებს და ანგრევდნენ მათ სულებს.
მამა არსენი ბავშვებს დროის შესაბამისად ასწავლიდა. მან შემოიღო განსაკუთრებული სასულიერო სავარჯიშოები ბავშვებისათვის, რათა აღეზარდა ისინი ვაჟკაცებად და ამასთანავე დაეცხრო ვნებები.
იგი ხშირად იძულებული ხდებოდა გაეგდო სკოლიდან მოუსვენარი მოზარდები, რომლებსაც იარაღი დაჰქონდათ და არ უჯერებდნენ მას. აი რატომ არ შეეძლო სკოლაში გოგონების მიღება და ჩვეულებრივ ამბობდა ხოლმე: "დაე, გოგონებმა სახლში ისწავლონ".
ანასტასი ლევიდისმა, რომელმაც არ იცოდა ყოველივე ზემოთქმული, სამწუხაროდ უსამართლოდ დაწერა მამა არსენზე, რომ იგი თავიდან იშორებდა მასწავლებლებს და ა.შ. ხელნაწერში "კაბადოკიელთა კულტურული და ინტელექტუალური განვითარების შესახებ" ის წერდა: "მღვდელმონაზონი მამა არსენი, რომელიც ამჟამად ცოცხალია, თავის მშობლიურ დასახლებაზე მზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მან მოინახულა სხვადასხვა რაიონი და შეკრიბა შესაწირი, ამის შემდეგ აღადგინა ტაძარი. საკუთარი სურვილისამებრ ასწავლის დასახლების ბავშვებს, თუმცა თავისი ტემპერამენტისა და სიმკაცრის გამო ხშირად რიცხავს მათ და არ აძლევს მოსვენებას უცხო მხრიდან მოწვეულ მასწავლებლებს; მაგრამ სარწმუნოებაში იგი უმწიკვლოა".
ყოველივე იმას, რაც თავად მამა არსენს ახასიათებდა: – მართლმადიდებლობის სიმტკიცე, კეთილმსახურება და რწმენის სრულყოფილება – იგი თავის მოსწავლეებს გადასცემდა. ასწავლიდა აგრეთვე "იესოს ლოცვას": "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". ასევე შემდეგ ლოცვას: "სახელითა ქრისტესითა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა". ხოლო თუ მოსწავლეები ცუდ რამეს ჩაიდენდნენ ან უსიამოვნება შეემთხვეოდათ, ასწავლიდა, რომ ეთქვათ: "ღმერთო ჩემო, ცოდვა ჩავიდინე". მან ასწავლა ბავშვებს ძაფზე ვაზის ლერწის ნაჭრების აცმა, მძივების მსგავსად, რათა დაეთვალათ თავისი ლოცვები ან მეტანიები, რომლებიც ყოველ მათგანს კანონად ენიშნებოდა. ამგვარად იგი ბავშვთა გონებას განუწყვეტელი ლოცვით განწმედდა.
მოხუცი ადამიანები იმისათვის მიდიოდნენ ჰაჯიეფენდისთან, რომ რჩევა ეკითხათ და მისი დარიგება მოესმინათ. ზამთარში მოხუცები მის სახლში იკრიბებოდნენ. მამა არსენი პირველ რიგში ბუხარს ანთებდა, ხოლო შემდეგ მოუთხრობდა მათ სახარებისეულ იგავს, ან იმ დღის წმინდანის ცხოვრებას, ან რაიმეს ძველი აღთქმიდან. შემდეგ მოხუცები მიდიოდნენ სახლში ან მეზობლებთან, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მოსმენილს ზღაპრების ნაცვლად უამბობდნენ ბავშვებს. ამგვარად ყოველი მათგანი სულიერ სარგებელს იღებდა.
მრავალი სახარებისეული იგავი თარგმნა მამა არსენმა ფარასულ დიალექტზე, იმისათვის, რომ ფარასიოტებს გაეგოთ სახარება. ტაძარში იგი ჯერ ბერძნულად, შემდეგ ფარასულად და ბოლოს თურქულად კითხულობდა სახარებას.
ფარასიოტები და გარშემო მყოფი დასახლებების მაცხოვრებლები დიდ პატივს მიაგებდნენ ჰაჯიეფენდის. გამონაკლისს მხოლოდ ზოგიერთი ლოთი და უსაქმური წარმოადგენდა, რომელთა უქმად ყოფნაც აუტანელი იყო წმიდა მამისთვის. ისინი ყოველთვის იარაღით დადიოდნენ და ღვინოს ეტანებოდნენ, რაც სერიოზულ არეულობებს და ჩხუბებს იწვევდა, ხშირად დაშავებულთათვის სამედიცინო დახმარებაც ხდებოდა საჭირო. თუმცა არც ფარასასა და არც მთელ ოლქში არ მოიძებნებოდა ექიმი თავად მამა არსენის გარდა, რომელიც მასწავლებელიც იყო და სულისა და ხორცის მკურნალიც. ის, რა თქმა უნდა, არ იძლეოდა სამედიცინო რეკომენდაციებს, მხოლოდ შესაბამის ლოცვებს კითხულობდა და სნეულნი იკურნებოდნენ. როდესაც ვინმეს არ შეეძლო მის სენაკში მისვლა, რადგან მძიმედ იყო სნეული, ან ძალიან შორს იმყოფებოდა, მაშინ ჰაჯიეფენდის ავადმყოფის ტანსაცმლის ნაჭერს უგზავნიდნენ, რათა მას ამ ნაჭერზე ლოცვა წაეკითხა (რასაც მამა არსენი აკეთებდა კიდეც). ამის შემდეგ ნაჭერს უბრუნებდნენ პატრონს, ავადმყოფი ატარებდა მას რწმენითა და მოწიწებით და იკურნებოდა. ძალიან ხშირად მამა არსენი სნეულთა სანუგეშოდ უგზავნიდა ქაღალდის ნაჭერზე დაწერილ ლოცვებს და ისინიც ავგაროზის მსგავსად ატარებდნენ მას.
ვინაიდან სნეულება მრავალგვარი იყო, ზოგჯერ მამა არსენი ლოცვანში ვერ პოულობდა შესაბამის ლოცვას, ამ შემთხვევაში იგი ფსალმუნებს კითხულობდა. სახარებას მეტად სერიოზული შემთხვევების დროს უკითხავდა, მაგალითად სიბრმავის, სიყრუის, დამბლისა და ეშმაკეულობის შემთხვევებში. თუ მამა არსენი ისეთ ავადმყოფს ხვდებოდა, რომელსაც სხეულთან ერთად სულიც ჰქონდა დასნეულებული, ის მაშინვე არ ჰკურნავდა მას, არამედ სთხოვდა მოსვლას რამდენიმეჯერ, რადგან თავდაპირველად კურნავდა სულიერად, შემდეგ, ბოლო ლოცვის წაკითხვის დროს, ხორციელადაც.
მამა არსენი ფულს არასოდეს იღებდა, არც კი ეხებოდა მას. ჩვეულებრივ ის ამბობდა ხოლმე: "ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება". ერთხელ ჰაჯიეფენდის ლოცვის წასაკითხად ცახირუდისიდან ახალგათხოვილი თურქი ქალი მოუყვანეს. იგი ეშმაკს შეეპყრო, ამიტომ ჯაჭვით ჰყავდათ შეკრული. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებაში იმყოფებოდა, მაგრამ საცოდავი ქალის ნათესავები ევედრებოდნენ ეკლესიის მსახურთ, რომ როგორმე მიეღო ისინი, რადგან იმის მიუხედავად, რომ შეპყრობილი დაბმული ჰყავდათ, მის დამშვიდებას მაინც ვერ ახერხებდნენ. მამა არსენმა მიიღო ისინი და უბრძანა ქალის გათავისუფლება ჯაჭვებისგან. როგორც კი ის გაათავისუფლეს, მივარდა მამა არსენს და ფეხზე უკბინა. მას ხელში სახარება ეჭირა, სნეულისთვის უნდა წაეკითხა, მაგრამ არ გადაუშლია და მხოლოდ მსუბუქად დაჰკრა ქალს თავზე სამჯერ. ეშმაკმა მაშინვე დასტოვა სნეული, ქალი ატირდა და მოწიწებით ემთხვია მამა არსენის ნაკბენ ფეხს. ქალის მამაც მის ფეხებთან დაემხო და ევედრებოდა, რომ მიეღო მისგან ფულით სავსე ქისა, ეუბნებოდა: "აიღე, ეს ყველაფერი შენია, შენ ხომ ჩემი ქალიშვილი გადაარჩინე". მამა არსენმა წამოაყენა ის და უთხრა: "შენი ფული შენთვის დაიტოვე, ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება". ის საჩუქრებსაც კი არ იღებდა.
ერთმა თურქმა მამა არსენს საჩუქრებით დატვირთული ორი ვირი მოუყვანა, რადგან მისმა უნაყოფო ცოლმა შვა ორი შვილი, იმ ავგაროზის წყალობით, რომელიც ჰაჯიეფენდიმ გაუგზავნა. მამა არსენმა მკაცრად გაკიცხა თურქი: "განა თქვენს დასახლებაში არ არიან გაჭირვებული ადამიანები? რატომ მომიტანე ეს? იმისათვის, რომ მადლობა გითხრა? საჩუქრებს არ ვაგროვებ".
ტაძარში იყო საგანგებოდ გამოყოფილი ადგილი, სადაც მსურველებს ფულის შეწირვა შეეძლოთ ღარიბებისთვის, ხოლო ღარიბები მიდიოდნენ და იღებდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც ესაჭიროებოდათ. მეტის აღების ეშინოდათ, რათა უფალს არ დაესაჯა.
გაჭირვებულ ოჯახებს მამა არსენი ხშირად გადასცემდა ხოლმე სეფისკვერებს შეუმჩნევლად, საღამოობით, თავისი მედავითნის, პროდრომოსის მეშვეობით. ის უსაქმურებს არასოდეს არაფერს აძლევდა. ერთხელ თავაშვებულმა ლოთმა სეფისკვერი მოსთხოვა მამა არსენს. სენაკში მყოფმა წმიდა მამამ მისცა მას ქერის კვერი და უთხრა: "აი, მე რას ვჭამ". უსაქმური არ იღებდა კვერს და სეფისკვერს მოითხოვდა. მაშინ მამა არსენმა მკაცრად უთხრა: "გრცხვენოდეს, ორმოცდახუთი წლის ძალ-ღონით სავსე კაცი ხარ და მთელი დღე არაფერს აკეთებ, ბოროტ გულისსიტყვებს ემონები, ლოთობ და მათხოვრობ". შემდეგ მან მედავითნე პროდრომოსს უბრძანა: "წადი ტაძარში, აიღე სამი ან ოთხი სეფისკვერი, ჩადი მდინარესთან და თუ ეს უქნარა ჩამოვა შენთან, მიეცი"; ხოლო უსაქმურს უთხრა: "ჩადი მდინარესთან და მიიღე სეფისკვერი. თევზი დაიჭირე, ის იქ ბევრია".
სამწუხაროდ უსაქმურმა არ ისურვა ამით თავის დაღლა, უფრო მეტიც, გაემართა დასახლებაში და ყვიროდა: "ეს ჰაჯიეფენდი ნამდვილი წუწურაქია. თავად არ ჭამს სეფისკვერს და ინახავს იქამდე, სანამ მატლი არ გაუჩნდება. შემდეგ პროდრომოსს აგზავნის და ის მდინარეში ყრის ტომრებით და არ არიგებს".
მამა არსენს უხაროდა, როდესაც ადამიანები დაუმსახურებლად ადანაშაულებდნენ; ეს ძალიან ეხმარებოდა მას. იგი ხშირად განგებ იქცეოდა უცნაურად, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქებას. მიუხედავად ამისა, მთელი პროვინციის ხალხი – ქრისტიანები და თურქებიც კი მას წმინდანად მიიჩნევდნენ.
დ. ლუკოპულოსს, თავის ნაშრომში: "ხალხის რწმენა ფარასაში", მოჰყავს ელისაბედ კოსკერიდუს შემდეგი მონათხრობი: "ჩვენს დასახლებაში იყო შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გახდა მასწავლებელი და შემდგომ მღვდელი... ის ყოველთვის მღვიძარებდა და ლოცულობდა... ყოველთვის მარხულობდა... წმიდა კაცი იყო და მის ლოცვას ქვის გაპობა შეეძლო. თუ ვინმე ავადმყოფობდა, ის მის გვერდით დგებოდა, აღასრულებდა მეტანიებს და შემწეობას სთხოვდა ღმერთს... მას ერქვა ჰაჯი ეფენდი".
სხვათა მიმართ ლმობიერი და მოწყალე მამა არსენი მეტად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. თავისი დიდი სიყვარულის გამო ის აღასრულებდა მეტანიებს და მარხულობდა იმათ ნაცვლადაც, ვისაც თავად არ შეეძლო ამის გაკეთება.
როგორც სულიერი მამა, ის არ ადებდა ეპიტიმიებს ადამიანებს, არამედ ცდილობდა მათ მიყვანას ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როდესაც ისინი სულიერი მოშურნეობით თავად მოითხოვდნენ რაიმე სულიერ სავარჯიშოს, საქველმოქმედო სამუშაოს, ან კურთხევას ნებისმიერ კეთილ საქმეზე, რომლის შესასრულებლადაც მზად იყვნენ.
როდესაც მამა არსენი ეშმაკების მიერ შეპყრობილ ან დადამბლავებულ პატარა ბავშვს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამაში მშობლები იყვნენ დამნაშავენი, ბავშვის განკურნების შემდეგ ეპიტიმიას მშობლებს ადებდა. ერთხელ ჰაჯიეფენდის დამბლადაცემული ბავშვი მოუყვანეს. მან წაიკითხა მისთვის ლოცვები და მას შემდეგ რაც ბავშვი განკურნა, ეპიტიმია დაადო მშობლებს, რადგან ღვთის მადლით შეიტყო, რომ ბავშვი მათი მიზეზით იყო ავად.
ერთხელ მამა არსენს ავი სულით შეპყრობილი ბავშვი მოუყვანეს სინასოსიდან. როგორც კი მან შეკრულ ბავშვს შეხედა, მაშინვე უბრძანა მშობლებს მისი გათავისუფლება, მაგრამ მათ ეშინოდათ. მამა არსენმა ისევ გაიმეორა: "სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ბავშვი". მაშინ დატანჯული ბავშვის მშობლებმა უთხრეს: "თქვენი კურთხევით ჰაჯიეფენდი, მაგრამ ბავშვი შეშლილია და უბედურებას შეგვამთხვევს, ჩვენ დიდი წვალებით შევკარით ის". მამა არსენმა უპასუხა: "გაათავისუფლეთ, ნუ გეშინიათ". როგორც კი ბავშვი გაათავისუფლეს, ის ეშმაკმა დატოვა, იგი განიკურნა, ჩუმად, კრავის მსგავსად მივიდა მამა არსენთან და დაჯდა მის გვერდით. ამის შემდეგ მამა არსენმა ბიჭის მშობლებს სასჯელად 40 დღიანი მარხვის შენახვა უბრძანა, მსგავსად დიდმარხვისა, რადგან მიხვდა, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ, როგორც იმაში, რომ ბავშვი შეპყრობილი დაიბადა, ასევე იმაშიც, რომ ულმობლად ექცეოდნენ უდანაშაულოს (იმისათვის, რომ როგორმე შეეკავებინათ და ფიზიკურად დაესუსტებინათ, ისინი შვილს მშიერს ტოვებდნენ).
ჩვეულებრივ, ავადმყოფები მამა არსენის სახლში მიჰყავდათ, რომელიც სიძველისგან ნებისმიერ დროს შეიძლება დანგრეულიყო. სახლის გვერდით იდგა მისი მომცრო სენაკი, მიწის იატაკით. სენაკის კუთხეში ორი მოკლე, დახვეული გადასაფარებელი იდო, რომლებსაც ის დასვენების დროს შლიდა, ერთს ქვეშაგებად იყენებდა და მეორეს ზემოდან იფარებდა (როგორ ეძინა მას და რამდენი, ქრისტეს სიყვარულით, მხოლოდ უფალმა იცის, რომელიც მიაგებს კიდეც). სენაკის აღმოსავლეთ ნაწილში იყო თარო და მასზე კანკელი, მრავალი ხატით, რომელთა წინაშეც ჩაუქრობლად ენთო კანდელი. კანკელის ქვემოთ ეფინა ცხვრის ტყავი, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა ან სწავლობდა. მას ჰქონდა კიდევ ერთი თარო, რომელზეც წიგნები ეწყო: ძველი და ახალი აღთქმა, წმინდანთა ცხოვრებები და აგრეთვე მონათხრობები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ (ღვთისმშობლის მიმართ იგი დიდ მოწიწებას განიცდიდა).
მიუხედავად იმისა, რომ მისი სენაკი ერში მდებარეობდა, მამა არსენი ამა სოფლისგან განშორებულ ცხოვრებასაც ახერხებდა. ამაში, მის წმიდა საქმეებთან ერთად, ისიც უწყობდა ხელს, რომ ორ დღეს განმარტოებით ლოცვაში ატარებდა თავის სენაკში. ეს დღეები სულიერად ყველაზე ნაყოფიერი იყო, რადგან სხვა დღეების შრომას აკურთხებდნენ, ხოლო მამა არსენის ღვაწლის კურთხეული ნაყოფი ჩვენ გვკვებავს დღევანდლამდე.
სხვა სულიერ გმირობებთან ერთად მას წესად ჰქონდა ოთხშაბათობითა და პარასკეობით სენაკში დაყუდებულიყო სულიერი მოღვაწეობისა და ლოცვისათვის. ამ დღეებში მამა არსენის შემცვლელი მისი სენაკის ზღურბლი იყო.
თუ ავადმყოფი მოდიოდა შორიდან, რაკი არ იცოდა მისი დაყუდების კანონის შესახებ, კარზე აკაკუნებდა. მამა არსენი აღებდა კარს, მაგრამ არაფერს ამბობდა. ნიშნების მეშვეობით იგებდა დაავადების შესახებ, პოულობდა შესაბამის ლოცვას, კითხულობდა მას და სნეული იკურნებოდა. მაგრამ სხვა შემთხვევებში, როდესაც ხალხი კარზე აკაკუნებდა, ის არ პასუხობდა. უეჭველია, მამა არსენი ამ დროს სულიერი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოვლენები გვიჩვენებენ, რომ იმ დღეებში, როდესაც წმიდა მამა დაყუდებაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, იმის გარდა, რომ ღვთაებრივი ძალები გადმოდიოდა მასზე, ის თავადაც აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში.
ფარასიოტებმა იცოდნენ ეს და არ აწუხებდნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მხოლოდ სნეულები მოდიოდნენ მის სენაკთან, იღებდნენ მიწას ზღურბლთან, მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ და იკურნებოდნენ. ერთი ფარასელი ქალი, რომელმაც ამგვარად განკურნა თავისი დაკრუნჩხული ხელი, ამბობდა: "იქ, საიდანაც ჩამოვედით, არ ვიცოდით, რა არის ექიმი. ჩვეულებრივ, ჩვენ ჰაჯიეფენდისთან მივრბოდით ხოლმე დახმარებისათვის. მხოლოდ საბერძნეთში შევიტყვე ექიმების არსებობის შესახებ, მაგრამ როდესაც ამაზე ადგილობრივ ხალხს ვუამბობ, ისინი არ მიჯერებენ".
ჰაჯიეფენდის სენაკი ტანჯულთა მთელ ტკივილს იტევდა.
ჩვეულებრივ, სენაკში წმიდა მამა მხრებზე მოსხმულ ტომარას ატარებდა. ბევრი ფარასიოტი სთხოვდა მის მოხსნას, რადგან მასთან ოფიციალური პირებიც მოდიოდნენ, მაგრამ ის არ უსმენდა არავის და პასუხობდა: "მე არ შემიძლია ამ ტომრის მოხსნა, რადგან დედაჩემის საჩუქარია". როგორც ჩანს, აქაც რაღაც საიდუმლო ჰქონდა მამა არსენს. შესაძლოა, ის ძაძასა და ნაცარში ლოცულობდა (მათე 11.21, ლუკა 10,13), რადგან, ჩვეულებრივ, მისი კანკელის ქვეშ ნაცარი იყო მიმობნეული, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად მისი მედავითნე, ფარულად ათვალიერებდა კეთილი ცნობისმოყვარეობის გამო.
ამგვარად, კეთილი გლახაკის მსგავსად, ზურგზე ტომარა მოსხმული, ღვთისაკენ ხელებაპყრობილი მამა არსენი ყოველთვის ღვთის მადლით იყო აღსავსე და მას თავის სულიერ შვილებსაც მოუკლებლად უბოძებდა.
მამა არსენის სენაკი ყოველთვის დალაგებული იყო, რადგან მისთვის პატარა ტაძრის დანიშნულება ჰქონდა. საცეცხლურის გაღვივების წინ ის მასში დარჩენილ ნაცარს სენაკის ნაპირას ყრიდა ხოლმე. ზოგჯერ დასნეულებული თურქები, რომლებიც თავს უღირსად თვლიდნენ, რომ ჰაჯიეფენდის ლოცვები წაეკითხა მათთვის, ითხოვდნენ მისი საცეცხლურიდან გადმოყრილ კერიის ნაპირზე მობნეულ ნაცარს, მას წყალში ხსნიდნენ, სვამდნენ და იკურნებოდნენ.
მოსალოდნელი იყო, რომ იმ სასწაულების გამო, რომელთაც მამა არსენი აღასრულებდა ღვთის მადლით, ხალხი მას წმინდანის საკადრის პატივს მიაგებდა. ის მართლაც წმინდანი იყო. ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენს რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმიდე, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქება-დიდებას. გაამპარტავნების საფრთხე მას ნაკლებად ემუქრებოდა, მაგრამ კაცთამიერი ქება-დიდება თავისთავად გახდებოდა საკმარისი ჯილდო მისი ღვაწლისათვის ამ ამაო ცხოვრებაში. ამგვარ პირობებში მის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა დროდადრო ქრისტესთვის სალოსის სახის მიღება და თავის მოჩვენება სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ის უცნაურად უნდა მოქცეულიყო, რასაც აკეთებდა კიდეც. იმისათვის, რომ არ ჩაეთვალათ მშვიდად, ის თავს აჩვენებდა გაღიზიანებულად; რომ არ ჩაეთვალათ მმარხველად, თავს აჩვენებდა გაუმაძღრად; თუ ვინმე ეუბნებოდა: "შენ წმინდანი ხარ", მამა არსენი პასუხობდა: "შენი ოჯახი სულაც არ არის ოჯახი". როდესაც მისგან ესოდენ დამამცირებელი სიტყვები ესმოდა, დამწუხრებული ადამიანი აღარ უწოდებდა მას წმინდანს და ამბობდა: ის წმინდანი იქნებოდა, ღირსეულად რომ იქცეოდეს.
ხშირად, როდესაც მამა არსენი ცდილობდა გაღიზიანებულად მოეჩვენებინა თავი, ეს მაინცდამაინც ოსტატურად არ გამოსდიოდა, რადგან მის თვალებში ღიმილი გამოსჭვიოდა, თუმცა სიტყვებით ის მაინც ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები იმაში, რომ ცოდვილი კაცია და უამრავი ვნება აქვს. ის ამბობდა ხოლმე: "აი, ხომ ხედავთ, რა ადამიანი ვარ, და თქვენ კი რას ფიქრობთ? რანაირი წმინდანი ვარ?" განსაკუთრებით მკაცრად და უცნაურად იგი ქალთა მიმართ იქცეოდა, რადგან ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თავგამოდებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მასზე ზრუნვაში. ამიტომ, როდესაც რომელიმე მათგანს მოჰქონდა მისთვის საჭმელი, ის უკმეხად ეუბნებოდა, რომ ეს მისთვის ძალიან ცოტაა, და არ იღებდა. ზოგჯერ ის უხეშად ამბობდა, რომ საჭმელი ცუდად არის მომზადებული, და აგდებდა მის მომტანს. ქალები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, რითი ესიამოვნებინათ მისთვის. თითქმის ყველა მიიჩნევდა ჰაჯიეფენდის საკმაოდ უცნაურ და ამავდროულად წმიდა ადამიანად.
ერთხელ ფარასელმა ქალმა საკვებით სავსე ქოთანი გაუგზავნა მას. როდესაც მამა არსენმა დაინახა ბავშვი, რომელსაც ქოთანი მოჰქონდა, იკითხა: "რა არის ეს?" – "საჭმელი, – უპასუხა ბავშვმა, – დედამ მიბრძანა შენთვის მომეტანა". მამა არსენმა თავი პირქუშად მოაჩვენა და უთხრა ბავშვს: "რა არის ერთი ქოთანი? შვიდი ასეთი ქოთანიც კი არ გამაძღობს". როდესაც ბავშვმა ისევ მოუტანა საჭმელი, ამჯერად დიდ ქვაბში, ჰაჯიეფენდიმ ასწია სახურავი, თითქოს იმისთვის, რომ ენახა რამდენად კარგად მოამზადეს კერძი, შემდეგ ცხვირი შეიჭმუხნა და თქვა: "ფუ! ასეთი საჭმელი შეგიძლია უკან წაიღო და დედაშენთან ერთად შეჭამო".
ამგვარად, მამა არსენი, რომელიც მეტად თავმდაბალი იყო, მიმართავდა სალოსობას, რათა დაეფარა თავისი სიწმიდე, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და განეგრძო სამონაზვნო ღვაწლი. მისი საქციელი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის არ იყო ადვილი ასახსნელი.
მამა არსენის ჩვეული საკვები ქერის კვერები იყო, რომლებსაც იგი ტაფაზე აცხობდა ხოლმე, აი რატომ ეძახდა მას ზოგიერთი ფარასიოტი "არპაჩის", რაც თურქულად ქერის მჭამელს ნიშნავს. ის თვეში ერთხელ აცხობდა კვერებს და შემდგომ საჭიროებისდა მიხედვით ალბობდა მათ. ზოგჯერ მამა არსენი ხარშავდა უმბას (იმ მცენარის მსგავსია, რომლითაც იკვებებიან გველები), მჟაუნას, გარეულ ხახვს, ხოლო დროდადრო ამზადებდა რომელიმე ფაფას. ზოგჯერ ის ჭამდა ყველა სხვა სახის საკვებსაც, მაგრამ მაშინ მთელი წლით უარს ამბობდა ყოველგვარ სახსნილო საკვებზე, მაგალითად თევზზე, ან რძის ნაწარმზე. ხორცს, რა თქმა უნდა, არ ჭამდა, მაგრამ თუ როდესმე სუფრაზე მიართმევდნენ, იმისთვის, რომ ხალხი არ დაემწუხრებინა და არ შეეწუხებინა, შეჭამდა ხოლმე ცოტაოდენს იმ შემთხვევაში, თუ არ იყო მარხვის დღე. ფარასიოტები ყოველთვის ცდილობდნენ მიერთმიათ მისთვის რაიმე სხვა, რადგან იცოდნენ, რომ შემდგომ, სენაკში ყოფნისას, იგი მკაცრად შეიზღუდავდა თავს, მაგალითად, წყალს არ დალევდა, რათა ამგვარად გაეძლიერებინა თავშეკავება, იმ მცირედი ხორცის სამაგიეროდ, რომელიც შეჭამა კაცთმოყვარეობის გამო. მისი გონიერი ასკეტიზმი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით სხვებისადმი და თავდაჭერილობით საკუთარ თავთან მიმართებაში. როგორც არ უნდა ეცადა მამა არსენს, დაეფარა თავისი ღვაწლი, ეს არ იყო ადვილი, რადგან ხალხი მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა მის გვერდით. მარხვების დროს და აგრეთვე ოთხშაბათს, პარასკევს და ორშაბათს, რომელიც მიძღვნილია ანგელოზებისადმი, ის წყალსაც კი არ სვამდა მზის ჩასვლამდე.
მამა არსენის ლოცვითი წესი ამგვარი იყო: ყოველ დიდ დღესასწაულზე იგი აღასრულებდა ღამისთევის მსახურებას, რომელსაც იწყებდა მზის ჩასვლისას და განაგრძობდა მზის ამოსვლამდე. ჩვეულებრივ, ის აღასრულებდა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ან წმიდა იოანე ოქროპირის სამლოცველოში მხოლოდ მედავითნე პროდრომოსთან ერთად, მაგრამ თუ სამლოცველოში მიმავალთ ხვდებოდათ რომელიმე სნეული, მაშინ თან მიჰყავდათ ხოლმე ღამისთევის მსახურებაზე. როგორც კი სამლოცველოში მივიდოდნენ, მამა არსენი ავადმყოფს მაშინვე კურნავდა, რათა მასაც შესძლებოდა ღვთის დიდება. ერთხელ, როდესაც მამა არსენი მედავითნესთან ერთად წმიდა იოანე ოქროპირის სამლოცველოსაკენ გაემართა, მას მუნჯი ქალი შეხვდა, რომელიც სხვა მხლებლებთან ერთად ტაძარში წაიყვანა. მამა არსენმა წაიკითხა მისთვის სახარება და მუნჯი მაშინვე ალაპარაკდა. ყველამ ადიდა უფალი.
სხვა დღეებში მამა არსენი მსახურობდა ჩვეულებრივად, თავის სენაკში, ან წმიდა მოწამეთა – ბარაქისეს და იონას სახელობის ტაძარში. იგი ღვთისმსახურებას საღამოს 9 საათზე (საერო დროით) იწყებდა და ასრულებდა დილის 3 საათზე, რის შემდეგაც 2-3 საათით ისვენებდა. ხშირად კვირის ჩვეულებრივ დღეებში მამა არსენი მიემართებოდა ხოლმე უახლოესი სამლოცველოებისაკენ და მცირე დასვენების შემდეგ ლიტურგიას აღასრულებდა. მწუხრის ლოცვა, ჩვეულებისამებრ, ასევე აღესრულებოდა წმიდა მოწამეთა ტაძარში.
ერთხელ მამა არსენი მწუხრის ლოცვის აღსასრულებლად წავიდა. როგორც კი ტაძრის კარი გააღო, მაშინვე დაინახა ქალი გასხივოსნებული სახით, რომელიც ტაძრიდან გამოდიოდა. ის გაუჩინარდა მამა არსენისა და მის თანმხლებ ადამიანთა თვალწინ (სოლომონ კოსკერიდისიც იყო მათ შორის). ჰაჯიეფენდიმ თქვა, რომ ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო.
როდესაც მამა არსენი ღამისთევის ლოცვაზე მიდიოდა ხოლმე, რომელიც ჩვეულებრივ შორეულ სამლოცველოში აღესრულებოდა, იგი არასოდეს მგზავრობდა სახედრით ან ცხენით, არამედ ყოველთვის მიდიოდა ფეხით და შემდგომ მთელი მსახურების განმავლობაშიც ფეხზე იდგა. მედავითნე ხშირად სთავაზობდა მას სახედრით მგზავრობას, რომელიც თან მიჰყავდა ხოლმე, როდესაც მოშორებით მდებარე სამლოცველოში მიდიოდა, მაგრამ მამა არსენი არასოდეს თანხმდებოდა, რადგან მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში წესად ჰქონდა – არ დამჯდარიყო ცხოველზე, მიუხედავად შორი გზისა. მაშინაც კი, როდესაც იგი იერუსალიმში მიემგზავრებოდა, სადაც ხუთჯერ იყო ნამყოფი, ხუთი დღე მიდიოდა ფეხით მერსინამდე, ხოლო შემდგომ გემზე ადიოდა. მამა არსენის არაჩვეულებრივი შემბრალებლობა არ აძლევდა მას ცხოველთა დატვირთვისა და საკუთარი თავის დასვენების უფლებას. უფრო მეტიც, იგი არა მხოლოდ ფეხით, არამედ ფეხშიშველი დადიოდა ხოლმე. ჩვეულებისამებრ, როდესაც მას ხალხი ხვდებოდა, ის დროებით იცვამდა ფეხზე, ხოლო განშორების შემდეგ ისევ ტომარაში დებდა ფეხსაცმელს.
ერთხელ, როდესაც მამა არსენი ადანის გავლით მიდიოდა იერუსალიმში, იგი გაჩერდა ფარასელი ქალის, ჰაჯი-ქრისტინეს სახლში. გრძელი გზისა და ფეხშველა სიარულის გამო ფეხები გაუსივდა და არ ჩაეტია ფეხსაცმელში. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა (ხუთდღიანი მგზავრობის შემდეგ), ის დაწვა არა ლოგინზე, არამედ იატაკზე. მისი წასვლის შემდეგ სახლის მეპატრონეები თავად მიხვდნენ ამას, რადგან დაინახეს, რომ ქვეშაგები იყო სრულიად სუფთა და განზრახ ხელით დაჭმუჭნული, რაც მან იმისთვის მოიმოქმედა, რომ დიასახლისს გახარებოდა (იმით, რომ მამა არსენმა დაისვენა), და ამასთანავე დაეფარა თავისი ღვაწლი.
კეთილმსახური და სულით მებრძოლი ადამიანები უფრო ხშირად მაინც ხვდებოდნენ მამა არსენის ღვაწლის შესახებ.
სხვა დროს, როდესაც მამა არსენმა მედავითნესთან ერთად ხანგრძლივად იმოგზაურა შესაწირის შესაკრებად და ფეხები გაუსივდა, პროდრომოსი შეევედრა, რომ ცოტა ხნით მაინც შემჯდარიყო სახედარზე, მაგრამ მისი დარწმუნება შეუძლებელი იყო. აი, რა უთხრა წმინდანმა პროდრომოსს: "შენ შეჯექი მასზე და ჩემს გამო ნუ წუხდები. ღმერთმა ცხოველები მოგვცა იმისათვის, რომ მათ შეამსუბუქონ ადამიანის ტვირთი. მე ნუ მიყურებ, მონაზონი ვარ. ქრისტე ყოველთვის ფეხით მგზავრობდა და მხოლოდ ერთხელ შეჯდა სახედარზე – ბზობის კვირას, რადგან მას ამგვარად უნდა აღესრულებინა. განა შემიძლია მე, სახედარზე უარესს, დავჯდე მასზე?"
მამა არსენის მდაბალი გული ღვთისა და ადამიანების სიყვარულით იყო სავსე, ამგვარი სიყვარულის სისავსე იღვრებოდა ცხოველებზეც. მას უყვარდა ისინი საკუთარ თავზე მეტად და ამჯობინებდა დაღლილიყო თავად, ვიდრე ისინი შეეწუხებინა.
რამდენად თანამგრძნობიც იყო მამა არსენი ცხოველების მიმართაც კი, იმდენად ცდილობდა იგი თავი მოეჩვენებინა მკაცრად ქალებთან ურთიერთობაში, რათა მათ არ განედიდებინათ ის. ამით იგი ჭრილობას აყენებდა თავის გულისხმიერ გულს, მაგრამ არ შეეძლო მოქცეულიყო სხვაგვარად. ის ცდილობდა საპირისპირო შთაბეჭდილება მოეხდინა, როდესაც თავს აჩვენებდა მკაცრად, მრისხანედ, უცნაურად. მის ამგვარ გასაკვირ უცნაურობებზე ორ შემთხვევას მოვყვები.
ერთხელ ქალმა დაინახა, თუ როგორ აცხობდა მამა არსენი ტაფაზე ქერის კვერებს. მას შეეცოდა იგი და დაჟინებით დაუწყო თხოვნა, ნება დაერთო, რომ დახმარებოდა. მამა არსენმა უთხრა: "ახლა წადი, ხოლო ერთი თვის შემდეგ, როდესაც კვლავ იქნება საჭირო, მოდი და მე ფქვილს მოგცემ იმისთვის, რომ კვერები სახლში გამომიცხო".
ერთი თვის შემდეგ ქალი მამა არსენის სენაკში მივიდა ფქვილის წასაღებად. მამა არსენმა აიღო ტომარა და მკვახედ თქვა: "თავად დათვალე რამდენ მუჭს გაძლევ, მერე რომ არ შემეკამათო". ქალმა დაიწყო თვლა, ერთი მუჭი, ორი, სამი და ასე შემდეგ. "მომიტანე იმდენივე კვერი, რამდენი მუჭი ფქვილიც აიღე. იყავი ყურადღებით. გახსოვდეს, ჩემი ფქვილიდან მწიკვიც არ მოიპარო". საწყალმა ქალმა აიღო ფქვილი და შეშინებული წავიდა, მას ეჭვიც არ ჰქონია მამა არსენის გეგმის შესახებ. როდესაც ქალმა გამოაცხო კვერები და მიუტანა მამა არსენს, მან შეხედა და მაშინვე თქვა: "ხომ არ მოიპარე ჩემი ფქვილის ნაწილი"? "არა" – უპასუხა ქალმა. როდესაც მამა არსენმა გადათვალა კვერები და გამოვიდა, რომ რიცხვი ემთხვევა, უთხრა ქალს: "რას ელოდები? ნაკლებია, თანაც დამწვარი, აჯობებს თავად გამოვაცხო".
ერთმა ქალმა დაინახა, რომ მამა არსენს დოქებით წყალი მოაქვს და სთხოვა, თავად მოეტანა მისთვის წყალი, რამდენიც საჭირო იქნებოდა. იმისათვის, რომ თავი დაეხსნა მისი დაჟინებული თხოვნისგან, მამა არსენმა უთხრა: "მე მინდა, რომ ვინმემ მიზიდოს წყალი მთელი დღის განმავლობაში, მზის ჩასვლამდე. შეგიძლია ამის გაკეთება?" ქალმა უპასუხა: "მომიტევე, ამდენი ხანი ზიდვა არ შემიძლია, მე ხომ საოჯახო მეურნეობა და პატარა ბავშვები მაბარია". მაშინ მამა არსენმა უთხრა: "დაბრუნდი შენს ბავშვებთან, რომ მათ არ იტირონ, მე კი სხვაგვარად არ მაწყობს". ქალის მეზობელმა გაიგო ამ ამბის შესახებ, თავისი პატარა ბავშვი სხვა ქალთან დატოვა და სიხარულით წავიდა იმისათვის, რომ ეზიდა წყალი ჰაჯიეფენდისთვის. მამა არსენს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მიეცა მისთვის დოქი და ეთქვა: "ზიდე წყალი და ეზოში, ქვებზე დაღვარე". როდესაც საწყალმა ქალმა ეს რამდენიმეჯერ გააკეთა, იგი გულისსიტყვებმა შეაჩერეს, მივიდა მამა არსენთან და უთხრა: "ჰაჯიეფენდი, მომიტევე, მაგრამ ვხედავ, რომ დავიღალე და უშედეგოდ ვხარჯავ ჩემს დროს. ჩემი ძვირფასი ერთადერთი შვილი სხვის ხელში დავტოვე, შენ რომ დაგხმარებოდი, შენ კი მიბრძანე, რომ წყალი ქვებზე დამესხა". მაშინ მამა არსენმა უთხრა: "მე მჭირდება ეს წყალი ქვების დასარბილებლად. თუ არ შეგიძლია მისი ზიდვა, მაშინ სახლში წადი და წაიყვანე შენი შვილი, რომელიც უცხო ხალხს დაუტოვე, რამეთუ არაა სწორი, რომ საწყალმა ბავშვმა იტიროს".
შემთხვევით პროდრომოსი მთელი სცენის მოწმე გახდა და უთხრა მამა არსენს: "მომიტევე, ჰაჯიეფენდი, მიეცი ქალებს უფლება, რომ იზრუნონ შენთვის, ეს ხომ სიხარულს ანიჭებს მათ". მამა არსენმა უპასუხა: "მისმინე, პროდრომოს, მე რომ მინდოდეს ჩემთვის ქალები ზრუნავდნენ, მაშინ ცოლიანი მღვდელი გავხდებოდი და ჩემი მეუღლე დაკავდებოდა ამით. მონაზონი, რომელზეც ქალები ზრუნავენ, არ არის მონაზონი".
ამგვარად, თავისი ბრძნული სიგიჟით მამა არსენი თავს იფარავდა ღვთისმოსავი ქალებისაგან, რომელთაც მისთვის ზრუნვა სურდათ.
მამა არსენი ხედავდა, თუ როგორ აღფრთოვანდებოდა ხოლმე ხალხი ყოველი მისი სასწაულის შემდეგ და ხშირად ამბობდა გაღიზიანებული: "თქვენ რა გგონიათ, წმინდანი ვარ? მეც ცოდვილი ვარ და თქვენზე უარესი, ნუთუ ვერ ხედავთ როგორ ვბრაზდები? თუ თქვენ ხედავთ აღსრულებულ სასწაულებს, მათ ქრისტე აღასრულებს, მე მხოლოდ ხელებს აღვაპყრობ და მას ვევედრები".
მრავალი ადამიანი, ვისაც დაუნახავს მამა არსენი ზეცისკენ ხელაპყრობილი, რომელიც უფალს ლოცვით უხმობდა და წარმოთქვამდა: "ღმერთო ჩემო!", – ამბობდა: "ამ დროს მისი გული თითქოს შორდებოდა სხეულს, და მეჩვენებოდა, თითქოს ის ქრისტეს ფეხებს ეხვევა და არ გაუშვებს მანამ, სანამ იგი არ აღასრულებს იმას, რისთვისაც ევედრება".
მიუხედავად იმისა, რომ მამა არსენი ყოველთვის ცდილობდა დაეფარა თავისი წმინდანობა, მასში დამკვიდრებული უფლის მადლი განუწყვეტლივ ამჟღავნებდა მის სიწმიდეს, დიდ მანძილზეც კი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი[8] მამა არსენს მოწიწებით ეპყრობოდა, ხშირად სწერდა მას თხოვნას, რომ ელოცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის. ჰაჯიეფენდი უხმობდა პროდრომოსს და ისინი აღასრულებდნენ ღამისთევის მსახურებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ან იოანე ოქროპირის სამლოცველოში.
ერთხელ, წმიდა ხარლამპის[9] ხსენების დღეს, – მოგვითხრობდა პროდრომოსი, – ჩვენ მივედით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოში (რომელიც კლდეზე იდგა) ღამისთევის მსახურების აღსასრულებლად. როდესაც მივედით "აქებდითზე", ჰაჯიეფენდი გამოვიდა საკურთხევლიდან, რათა ერთად გვეგალობა, და როდესაც ჩვენ ვგალობდით ერთ კლიროსზე, უცებ საპირისპირო კლიროსზე თეთრთმიანი მოხუცი დავინახე, რომელიც მოხრილი იყო და კვერთხს ეყრდნობოდა. მე ავთრთოლდი მოკრძალებული შიშით. როდესაც ჰაჯიეფენდიმ შენიშნა, რომ მე ვკანკალებ, მკითხა: "გაცივდი?" მე მივუგე: "არა" და მივუთითე ჭაღარა მოხუცზე, ჩვენს მოპირდაპირე მხარეს. ჰაჯიეფენდი სრულიად არ შეშფოთებულა და უთხრა მას თურქულად: "მობრძანდით, ერთად ვიგალობოთ".
თეთრთმიანმა მოხუცმა არ უპასუხა, მხოლოდ ნიშანი მოგვცა, რომ ჩვენ თავად გაგვეგრძელებინა. მე აღარ ჩამიხედავს წიგნში, არამედ ფარულად განვაგრძობდი მოხუცისკენ ყურებას, ჩემი გონება მისკენ იყო მიმართული, ამიტომაც ტექსტი გამომრჩა და მოხუცი იძულებული გახდა წასულიყო. როდესაც იგი გვტოვებდა, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ მიეფარა თვალს ემბაზში, რომელშიც ნაკურთხი წყალი ესხა, და წყალი მთელ ტაძარს მოესხურა. ჰაჯიეფენდიმ თქვა, რომ ეს იყო წმიდა ხარლამპი. ჩვენ დავასრულეთ საღვთო ლიტურგია და დავბრუნდით დასახლებაში, სადაც მე ვყვებოდი თუ რა მოხდა, რის შემდეგაც ბევრი ფარასიოტი გაიქცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოსაკენ და დიდი მოწიწებით დაიწყო ნაკურთხი წყლის შეგროვება, რომელიც წმიდა სასწაულით მოსხურებული იყო მთელ ტაძარში.
ამ სასწაულის შემდეგ ჰაჯიეფენდიმ 40 დღე დაჰყო განმარტოებით თავის სენაკში და თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დასახლების მაცხოვრებლები მიიჩნევდნენ, რომ იგი მართლაც შეუძლოდ იყო, ხოლო ზოგიერთი ამბობდა, შეშინებულია მომხდარითო.
მამა არსენს არაერთხელ შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ იგი ყოველთვის უარს ამბობდა და იმიზეზებდა იმას, რომ გულფიცხი ხასიათი აქვს, ხოლო მათ, ვინც მშვენივრად იცოდა, რომ იგი მშვიდია, უხსნიდა ხოლმე: "მე არ შემიძლია გავხდე ეპისკოპოსი, რადგან ამპარტავნების მეშინია. რაც უფრო მაღალია მთები, მით უფრო დიდი ჭექა-ქუხილის ღრუბლები იყრის თავს მათზე". იერუსალიმელ პატრიარქსაც სურდა მისი ეპისკოპოსობა და სთხოვა მის ძმას, ვლასის, რომ მამა არსენი ამ ხარისხის მიღებაზე დაეთანხმებინა, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა. მან ამჯობინა თავის მხრებზე ეტარებინა ტილოს ნაჭრის ღარიბული მოსასხამი, რომელიც ფარავდა მის მდაბალ სულში დამკვიდრებულ ღვთის სასუფეველს, ვიდრე – მდიდრული და მეფური საეპისკოპოსო ბისონი.
ვინაიდან არ სურდა პატრიარქის დამწუხრება, იგი დათანხმდა გამხდარიყო უფლის საფლავის ეგზარხოსი, რათა დახმარება გაეწია მომლოცველთათვის. აგრეთვე გახდა თავისი ოლქის ეგზარხოსი, რათა არ დაემწუხრებინა კესარიელიეპისკოპოსი, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელსაც პატივს სცემდა.
სათნოება, როგორც ხედავთ, შეუძლებელია დაიფაროს, როგორც მზე არ დაიფარება საცერით, სინათლის სხივები მაინც გააღწევს მასში. ამგვარადვე მოხდა წმიდა მამა არსენთანაც, – რანაირად არ ცდილობდა დამალვას, მაგრამ მისი სათნოებანი ცნობილი გახდა ხალხისთვის. მისი ცხოვრების მრავალი სასწაული და მოვლენა მოწმობს მის წმინდანობაზე. უხუცესი ფარასიოტების დიდი ნაწილი უკვე განისვენებს, მაგრამ ჯერ კიდევ არც ისე ცოტა დარჩა ცოცხალი მათგან, ვინც მრავალი მოვლენის თვითმხილველი იყო, რომელიც ამ წიგნის ბოლო ნაწილშია აღწერილი.
უფლის მიერ კურთხეული ადამიანი, ჰაჯიეფენდი, გარდა ყველა სხვა ნიჭისა, წინასწარმცნობელობითაც იყო დაჯილდოებული. გადასახლებამდე მრავალი წლით ადრე ეცნობა მას უფლის მიერ, რომ ფარასიოტები საბერძნეთში გაემგზავრებოდნენ და ხშირად უმეორებდა მათ, ფული არ გაეფლანგათ და შეეგროვებინათ გადასახლებისათვის. მოსახლეობის გაცვლამდე ერთი წლით ადრე მასთან მივიდა ქალი და უთხრა: "მომიტევე, ჰაჯიეფენდი, გავიგე, რომ წელს გადასახლებას გვიპირებენ". მამა არსენმა უპასუხა: "არ იდარდო, განაგრძე შენი საქმეების კეთება, ჯერ კიდევ ერთი წელია გამგზავრებამდე".
როდესაც წელიწადი გავიდა, მოვიდა სასტიკი ცნობა იმის შესახებ, რომ ყველა ბერძენი სასწრაფოდ უნდა მომზადებულიყო გასამგზავრებლად. გადასახლება მეტად სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ მოწყალე მამა არსენი ცდილობდა ნუგეში ეცა ხალხისთვის და ეუბნებოდა, რომ ისინი ბრუნდებიან სამშობლოში, საბერძნეთში. ყველა ფარასიოტმა მაშინვე დაიწყო მომზადება, ისევე როგორც თავად მამა არსენმაც.
უპირველეს ყოვლისა მამა არსენმა მონათლა ყველა მოუნათლავი ბავშვი, მათ შორის დასახლების მამასახლისის ვაჟიშვილი. და აქ მოხდა შემდეგი: ბავშვის მშობლებს სურდათ დაერქმიათ მისთვის პაპის სახელი ხრისტოსი, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა, რამეთუ მისთვის თავისი სახელის დარქმევა სურდა. მან უთხრა მშობლებს: "სწორეა, რომ თქვენ გინდათ დატოვოთ ვინმე, ვინც წავა პაპის გზით, მაგრამ მეც ხომ მინდა, დავტოვო მონაზონი, რომელიც ჩემი გზით ივლის?" ის შეუტრიალდა ნათლიას (ნათლია ქალი იყო) და უთხრა: "შენ თქვი: არსენი". მართლაც, ამ ბიჭს პატარაობიდანვე სურდა გამხდარიყო მონაზონი და გახდა კიდეც:[11] ან მამა არსენის ლოცვამ იმოქმედა, ან მან წინასწარ განჭვრიტა ეს. ერთიც და მეორეც მამა არსენის წმინდანობაზე მეტყველებს.
ბავშვების მონათვლის შემდეგ მამა არსენი მთელი კვირის განმავლობაში აფლობდა მიწაში წმიდა ჭურჭელს, რომ თურქებს არ წაებილწათ, – ნაწილს მოწამეთა, – ბარაქისეს და იონას სამლოცველოში, ხოლო ნაწილს – სასაფლაოზე. მათი თან წაღების საშუალება არ იყო, რადგან ცხოველებზე ჩვილი ბავშვები (ორ-ორი თითო აკვანში) და ღრმად მოხუცებულები მოათავსეს, აგრეთვე პროდუქტები და შორი გზისთვის ყველა აუცილებელი საგანი.
კეთილი მამა არსენი თავისი შვილების მგზავრობისათვის მოსამზადებლად ზრუნავდა, ხოლო შვილები თავის მხრივ, სიყვარულის გამო ცდილობდნენ როგორმე მაინც შეემსუბუქებინათ მისთვის ეს მძიმე გადასახლება. ის რომ არ გადაღლილიყო, მათ შეურჩიეს თვინიერი სახედარი, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა მამა არსენის დათანხმება, რომ ამხედრებულს ემგზავრა. მაშინ დასახლების საბჭომ გადაწყვიტა გამოეყო სამი კეთილმსახური ჭაბუკი მის გასაცილებლად: მოსე კოგლანიდისი, ხუტისის ვაჟიშვილი, სოლომონ კოსკერიდისი და სარანტის ცოპურიდისი, – თუმცა მამა არსენი არ საჭიროებდა ადამიანთა მფარველობას, რამეთუ სულით ძლიერი იყო და დაჯილდოებული საღვთო ძალებით, რაც გზაში მომხდარითაც გაცხადდა.
გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამასთანავე თურქები დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ და გამოასახლეს ხალხი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების დღესასწაული (ძველი სტილით 15 აგვისტო) აღნიშნულ იქნა ახიავუდესის პირველ დასახლებაში (იახ-იალიში), სადაც ისინი გზად შეჩერდნენ.
მამა არსენი, როგორც კეთილი მოძღვარი, თავის განდევნილ მრევლთან ერთად იმყოფებოდა. მართალია ეს იყო მოსახლეობის გაცვლა, მაგრამ თურქები, როგორც ყოველთვის, ბოროტი ბზიკების მსგავსად იქცეოდნენ.
ახიავუდესიდან მამა არსენი ფეხით დაბრუნდა ფარასაში და წინ და უკან, საერთო ჯამში სამოცი კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ წმიდა ბარაქისეს და იონას სახელობის ტრაპეზზე დარჩენილი იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები წამოეღო. მან არ გაიყოლა თავისი თანამგზავრები, რომ არ გადაეღალა ისინი. შემდეგ ისევ დაბრუნდა თავის სამწყსოსთან, რომელიც მღელვარებით ელოდა.
ახიავუდესში თურქეთის ხელისუფლებამ გამოყო ჟანდარმი მამა არსენის დასაცავად და ნიგდიში უსაფრთხოდ გადასაყვანად. როდესაც ისინი მიდიოდნენ ენეხილიდან ულაგაცში, შეხვდნენ ცხენზე ამხედრებულ თურქს, რომელმაც უთხრა ჟანდარმს: "რაში გჭირდება შენ ის (იგი გულისხმობდა მამა არსენს), რატომ არ დააგდე სადმე, რათა ბოლო მოგეღო მისთვის?" ერთ-ერთი თანმხლები ჭაბუკი შეშინდა, რომ მამა არსენს რაიმეს დაუშავებდნენ და ურჩია ეთქვა თურქებისათვის, რომ ის ოფიციალური პირია და მათ ფრთხილად ყოფნა მართებთ. მამა არსენმა მიუგო: "არ ღირს, განვაგრძოთ გზა". მათ განაგრძეს თავისი გზა. თურქს ოცი მეტრიც არ გაევლო, რომ ის, მოსე კოგლანიდისის სიტყვით, ცხენიდან ჩამოვარდა. ამის დანახვაზე ჟანდარმმა უთხრა მამა არსენს: "შენ წმინდანი ხარ!" იმ წუთიდან პოლიციელს თავი მეტად ღირსეულად ეჭირა. მამა არსენმა მოგვიანებით უთხრა შვილებს: "ის ჩამოვარდა ცხენიდან მანამდე, სანამ შევრისხავდი".
ნიგდიში მამა არსენს ელოდნენ არა მხოლოდ ფარასიოტები, არამედ ქალაქის ბევრი სნეული მაცხოვრებელიც, რომლებსაც მისი შეწევნით განკურნება სურდათ და შეიტყვეს, რომ ის იქ გაივლიდა. მათ შორის იყო მდიდარი კაცის ქალიშვილი, ეშმაკის მიერ შეპყრობილი. როდესაც მამა არსენმა დაინახა ადამიანები, რომლებიც ცნობისმოყვარეობის გამო მოსდევდნენ ეშმაკეულს, რომელიც ამაზრზენად იქცეოდა, ყველა განზე გაყარა და უთხრა მამას, ქალიშვილი მომდევნო დღეს მოეყვანა. იგი ასეც მოიქცა. როდესაც მამა არსენმა წაიკითხა სახარება ქალიშვილისათვის, ეშმაკი მაშინვე გამოვიდა მისგან და ის გამოჯანმრთელდა. მადლიერების ნიშნად მამამ ამოიღო ქისა და ევედრებოდა მამა არსენს მის აღებას, მაგრამ წმინდანი არასგზით არ დათანხმდა. მამა დაჟინებით ითხოვდა იმის შიშით, რომ თუ მამა არსენი ფულს არ აიღებდა, მისი ქალიშვილი ისევ დასნეულდებოდა. მისი სიჯიუტის შემხედვარემ, მამა არსენმა ამოალაგა საფულის შიგთავსი მიწაზე და თქვა: "თუ შენ არ გინდა, რომ შენი ქალიშვილი ისევ დაავადდეს, მაშინ საკუთარი ხელით დაურიგე ყოველივე ეს ღარიბებს". მამამ სიხარულით დაარიგა ფული.
როდესაც ფარასიოტებმა დაინახეს, რომ ხუთდღიანი დამტანჯველი სიარულის შემდეგ მამა არსენი, საკუთარი ჩვეულებისამებრ, კვლავ ფეხით სიარულს აპირებს, მიუხედავად ოთხმოცდასამი წლის ასაკისა, ძალით დასვეს ურემზე, რათა მისი კურთხევა არ მოკლებოდათ. მიუხედავად დამქანცველი გზისა, უფალთან ერთობაში მყოფი მამა არსენი განუწყვეტლივ აფრქვევდა საღვთო მადლს და ამიტომ მის გარშემო მყოფნი გრძნობდნენ ღმერთის მფარველობას. ჰაჯიეფენდი ნუგეშს სცემდა მათ შემდგომაც, რადგან მას უნდა მოემზადებინა ხალხი იმისათვის, რომ სიმდაბლით მიეღოთ მოსალოდნელი განშორება ერთმანეთთან და მამა არსენის გადასვლა სხვა სამყაროში. ის ახსენებდა მათ იმას, რის შესახებაც ლაპარაკობდა ჯერ კიდევ მშობლიურ დასახლებაში: "როდესაც ჩვენ ჩავალთ საბერძნეთში, დასახლების მაცხოვრებლები მიმოიფანტებიან ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ეს იქნება ნამდვილი არეულობა". იგი არაერთხელ იმეორებდა ამ სიტყვებსაც: "როდესაც ჩვენ მივაღწევთ საბერძნეთამდე, მე ვიცოცხლებ მხოლოდ ორმოცი დღე და გარდავიცვლები კუნძულზე".
მისი წმიდა პიროვნება განაგრძობდა მადლისა და ნუგეშის ფრქვევას გემზეც. მისი სახე ფერით მწიფე კომშს ჰგავდა და ასკეტური ნათლით ბრწყინავდა. ის თითქმის უხორცო გახდა, ზეადამიანური სულიერი ბრძოლებისა და დიდი ღვაწლის შედეგად, რასაც ასრულებდა იგი ქრისტეს და სამწყსოს სიყვარულის გამო, რომელსაც იგი, როგორც კეთილი მოძღვარი, ხელმძღვანელობდა ორმოცდათხუთმეტი წლის მანძილზე.
წლების განმავლობაში მამა არსენი, დაუღალავი და მოწყალე მოღვაწე ქრისტეს ვენახში, ყველაზე მეტად დააუძლურა არა იმდენად თავად სამუშაომ, რამდენადაც გულმოდგინე მეთვალყურეობამ ვენახზე, რადგან ფარასა განლაგებული იყო საკმაოდ მოშორებულ ადგილზე და გარშემო იყვნენ გარეული ნადირები, – ჩეტელერები, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ შეეღწიათ ამ ვენახში და გაენადგურებინათ იგი. ხედავდა რა მის დიდ წუხილს სამწყსოზე, მოწყალე უფალმა ამოიღო მთელი ვენახი და წაიყვანა მევენახესთან ერთად. ვაზი გადარგა მან თავის დიდებულ ვენახში – საბერძნეთში, ხოლო მევენახე წაიყვანა თავისთან, რათა მისთვის მოსვენება მიეცა.
გემზე ყოველი ოჯახი ყურძნის პატარა მტევანს ჰგავდა და მოსიყვარულე მამა არსენი მათზე დიდი სიყვარულით ზრუნავდა. როცა ხედავდა, რომ შიოდათ, მაგრამ არ ჭამდნენ შემოთავაზებულ სახსნილო საკვებს, რომელიც მომზადებული იყო ქონზე, ამბობდა: "ნუ წუხართ მარხვის შენახვაზე ამჟამად, მიირთვით ყველაფერი, რასაც სამზარეულოში ამზადებენ. როდესაც დაბინავდებით თქვენს ადგილებზე, მაშინ შეგიძლიათ იმარხულოთ". ის იღებდა ქერის კვერს და უერთდებოდა მათ შემდეგი სიტყვებით: "ნუ მიყურებთ, მე ხომ მონაზონი ვარ".
მრავალი განსაცდელის შემდეგ გემი საბერძნეთში ჩავიდა და მიადგა წმიდა გიორგის სახელობის ნავმისადგომს პირეაში. როგორც კი მათ საბერძნეთის მიწაზე დადგეს ფეხი, სიხარულით იდღესასწაულეს დიდებული დღე – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, 1924 წლის 14 სექტემბერი (ძველი სტილით, რომელსაც ისინი მისდევდნენ სამშობლოში). სამი კვირა გაატარეს მათ წმიდა გიორგის ნავსადგურში ეკლიანი მავთულის მიღმა, შემდეგ კი წავიდნენ კუნძულ კორფუზე, სადაც ისინი დროებით განთავსდნენ კორფუს ციხე-სიმაგრეში.
იქ მოწყალე მამა არსენი დასნეულდა. ფარასიოტები მეტად შეშფოთდნენ ამით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწვინეს ქალაქის საავადმყოფოში. მამა არსენს არ უნდოდა განშორება მათთან და ცრემლით ეხვეწებოდა: "ნება მომეცით თქვენს გვერდით მოვკვდე". მაგრამ სიყვარულის გამო ისინი არ უსმენდნენ და იმედოვნებდნენ, რომ იგი საავადმყოფოში გამომჯობინდებოდა მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ და კვლავ მათთან ერთად იქნებოდა, თუმცა მამა არსენი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა: "საბერძნეთში მე მხოლოდ ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლები კუნძულზე".
წმიდა არსენმა კორფუს ციხე-სიმაგრეში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა და ორჯერ აღასრულა ლიტურგია წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. შემდეგ კიდევ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში, სადაც მის სანახავად შეშფოთებული ფარასიოტები მიდიოდნენ ხოლმე. ერთხელ სანახავად მისულმა პროდრომოსმა ჰაჯიეფენდის ტანისამოსი სთხოვა გასარეცხად. მამა არსენმა მიუგო: "რად უნდა გარეცხვა, ხვალ თუ არა ზეგ ის მიწაში წავა". პროდრომოსმა ვერ გაუგო მას და ისევ უთხრა: "მომეცი, მე გავრეცხავ, შენ ხომ სნეული და მოხუცი ხარ". მამა არსენმა უპასუხა: "ნუთუ რახან მოვხუცდი, მონაზონი აღარ ვარ?" – ის ნამდვილი მონაზონი იყო. იმ დღეს პროდრომოსმა მასზე ტილი დაინახა და იმის გამო, რომ გვერდზე სხვა ხალხი იყო, შეუმჩნევლად აიყვანა მოსაკლავად. ჰაჯიეფენდიმ ხმამაღლა იყვირა: "არა! არ მოკლა საცოდავი არსება". გამოართვა მას ტილი, ჩაიდო თავის ტანისამოსში და თქვა: "გაანებეთ თავი, მანაც შეჭამოს ცოტაოდენი ხორცი, რადგანაც შესაძლებლობა აქვს იყოს ჩემს გვერდით. ნუთუ მხოლოდ მატლებმა უნდა შეჭამონ მთელი ჩემი სხეული?" შემდგომ მან თვალი შეავლო მნახველებს და თქვა: "სულზე, სულზე იზრუნეთ მეტად და ნაკლებად ხორცზე, რომელიც მიწაში წავა და მატლთა ნადავლი გახდება". – ეს იყო მისი უკანასკნელი სწავლება ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაზე.
როდესაც ყველა წავიდა და მხოლოდ პროდრომოსი დარჩა, მამა არსენმა უთხრა მას: "მომიახლოვდი, პროდრომოს, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რამეთუ ზეგ სხვა სამყაროში მივდივარ. გუშინ შუადღით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ამის შესახებ. მან მიჩვენა მთელი წმიდა მთა[12] და მე დავინახე მონასტრები, სადაც ყოველთვის მივისწრაფოდი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ღირსი იქ მოხვედრისა. არც კი ვიცი, რა მოგიყვე პროდრომოს! რამდენი მონასტერი დგას წმიდა მთაზე! რა დიდებული ტაძრები! რა საუცხოოა". ამის შემდეგ უთხრა: "არ დამწუხრდე, როდესაც შვიდი დღის შემდეგ შენი ცოლი, კირიაკია, განისვენებს. ცამეტი დღის შემდეგ გარდაიცვლება სტეფანე კარამურატიდისის ცოლი, ალმალუ". მართლაც ასე მოხდა.
როდესაც გავიდა ორი დღე და დადგა "ზეგ", უფლის ერთგული მონა, მამა არსენი, ნაზიარები გაემგზავრა ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ქრისტეს გვერდით. იმ წუთებში მასთან არავინ იყო ფარასიოტთაგან. მას არ უნდოდა, რომ ვინმე დარჩენილიყო მის გვერდით, რათა არ მომწყდარიყო განუწყვეტელი ლოცვისგან.
ასეთი იყო მამა არსენი!
ერთი, პატარა, მხოლოდ ღმერთის მფარველობის მქონე!
ერთი, დიდი, ერთგული მხოლოდ ღვთისა და მისი ხატებისა!
ერთი, სიცოცხლის დასასრულამდე მხოლოდ უფალთან მყოფი!
როდესაც ღვთისმოსავი მედავითნე კვლავ მივიდა მამა არსენის სანახავად, მან კურთხევა უკვე მისი წმიდა ნაწილებისაგან აიღო. მან იხილა მამა არსენი, რომელსაც მარჯვენა ხელით მკერდთან მიკრული ჰქონდა ფასდაუდებელი განძი – იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები.
უპოვარმა მამა არსენმა არ დატოვა არანაირი მატერიალური ფასეულობა, მხოლოდ რამდენიმე ძველი წიგნი. როდესაც ფარასიოტებმა გაიგეს, რომ მამა არსენმა განისვენა, ისინი მეტად დამწუხრდნენ, თუმცა კი მან მოამზადა ისინი ამისთვის. ბევრი მათგანი შეიკრიბა და მოაწყვეს საზეიმო დაკრძალვა, რომელშიც მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელიც მონაწილეობდა.
მამა არსენი დაკრძალეს კორფუს სასაფლაოზე, იმ ადგილას, სადაც მღვდლებს კრძალავდნენ. მისმა სულიერმა შვილებმა დადგეს საფლავზე მარმარილოს ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია მისი სახელი.
მამა არსენი გარდაიცვალა 1924 წლის 10 ნოემბერს (ახალი სტილით) ოთხმოცდასამი წლის ასაკში.
კურთხეული მამა არსენი, "აღმოსავლეთის ვარსკვლავი" დაეშვა საბერძნეთში და დაუტოვა მას თავისი წმიდა ნაწილები.
იმისათვის, რომ შეიძლებოდეს წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა მამა არსენი, ჩემს მოვალეობად ვთვლი აღვწერო მისი გარეგნობა.
მამა არსენი იყო სიმაღლით 180 სანტიმეტრი, ძლიერი, მაგრამ გამხდარი დიდი ღვაწლისგან. მისი ხელები იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდობაში ოთხი კაციც ვერ ერეოდა. მას ჰქონდა ძალიან ხშირი და საკმაოდ ღია ფერის თმა (როცა ძალიან ახალგაზრდა იყო), გრძელი და ხშირი წვერი, ბუჩქივით გამოწეული წარბები და ღია შუბლი. თვალები ჰქონდა ცისფერი და დიდი, ხოლო სახე მოგრძო, ლოყები ჩავარდნილი და წვერით დაფარული. თვალების ქვეშ წამოწეული იყო მწიფე კომშის ფერი გაშუქებული ყვრიმალები, როგორც მომითხრობდნენ. ბავშვობიდანვე იგი თავის ასაკზე უფროსს ჰგავდა, ამიტომ მოწიფულ ასაკში ყველა მოხუცად მიიჩნევდა.
მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც განისვენა მამა არსენმა. მოწიწების გამო ვერავინ ბედავდა მისი საფლავის გახსნას. შეხვედრისას ღვთისმოსავი ფარასიოტები ეკითხებოდნენ ერთმანეთს: "იქნებ ჰაჯიეფენდი გამოგეცხადათ ვინმეს?" (რათა გაეხსნათ საფლავი). ისინი ვარაუდობდნენ, რომ მისი წმიდა ნაწილები უხრწნელი იქნებოდა. ამიტომ, როდესაც ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ მისი საფლავი გახსნეს და იქ ნაცვლად უხრწნელი სხეულისა, წმიდა ძვლები აღმოჩნდა, ბევრი ცდუნდა. ამბობდნენ: "თუ ჰაჯიეფენდი, რომელიც ასეთი მოღვაწე იყო და აღასრულებდა ამდენ სასწაულს, ვერ გახდა წმინდანი, მაშინ წმინდანი ვერავინ გახდება".
ზოგიერთი მეტად კეთილმსახური და გულუბრყვილო ფარასიოტისათვის ბუნებრივი იყო ამგვარად ფიქრი, რადგან მამა არსენის ცხოვრება იყო წმიდა და მუდმივად აცხადებდა საღვთო მადლს სასწაულთმოქმედების სახით, მსგავსად სულიერი ენერგიის წყაროსი, რომელიც მოქმედებდა საყოველთაო და უდიდესი საღვთო სიყვარულით არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ თურქების, ყოველი მორწმუნისა და ურწმუნოს მიმართ.
მისი სასწაულთმოქმედება დამოწმებულია ერთი ფარასაში დაბადებული ქალის, ამჟამად "იეღოვას მოწმის" მიერ (ცხოვრობს პანგეოში). მან მოგვითხრო მამა არსენის იმ რამოდენიმე სასწაულზე, რომლებიც მის თვალწინ აღსრულდა.
პანგეოში, პალეოხორის დასახლებაში, სოლომონ კოსკერიდისმა, ერთ-ერთმა იმ ჭაბუკთაგანმა, რომლებიც თან ახლდნენ მამა არსენს გადასახლების დროს, მოგვითხრო: "როდესაც ჰაჯიეფენდისთან მიჰყავდათ სნეული, რომ მას წაეკითხა ლოცვები, ის ლოცვების წაკითხვის შემდეგ მთელი ორასი პროცენტით იკურნებოდა. ფარასაში არ გვყავდა ექიმი, ჩვენი ექიმი ჰაჯიეფენდი იყო, სწორედ ის გვკურნავდა ლოცვებით, რომლებსაც ჩვენთვის კითხულობდა. ფარასიოტების გარდა მოდიოდნენ უახლოესი დასახლებებიდან და ქალაქებიდანაც, მოდიოდნენ ავადმყოფები ნევსეხირიდან (ნეაპოლისი), ურგუპიდან (პროკოპი), სინასოსიდან და სხვა ადგილებიდან".
მამა არსენის სულიერი ღვაწლი დიდია და ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვჩერდებოდი ახალ თვითმხილველთან (ფარასიდან), მემატებოდა ახალი ჩანაწერებიანი რვეული. მისი სულიერი მოღვაწეობა ერთი და ორი დღით კი არ ამოიწურებოდა, არამედ მთელი ორმოცდათხუთმეტი წელი გრძელდებოდა, ფარასაში მისი მოძღვრობის განმავლობაში. ის კითხულობდა ლოცვებს სნეულთათვის და ისინი ქრისტეს მადლით იკურნებოდნენ.
ჩემი უკანასკნელი ვიზიტის დროს დრამის დასახლებებში ჩემი გული შეშფოთდა და მე ავენთე ფარასაში წასვლის სურვილით. 1972 წლის 29 ოქტომბერს, დიდი სირთულეების მიუხედავად უფალმა მაღირსა (და მე ვმადლობ მას ამისთვის), მომენახულებინა ფარასა, ათონის სტავრონიკიტას მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ბასილისთან ერთად.
როდესაც კესარიაში ჩავედით, მოუთმენლად დავიწყეთ ფარასის ძებნა რუკაზე, მაგრამ სამწუხაროდ ის იქ არ აღმოჩნდა. ერთმა თურქმა, რომელსაც დავეკითხეთ, მოგვითხრო შემდეგი: "მე დიდი ხანია, რაც მსმენია ფარასაზე, რომ ძველად, როდესაც იქ ცხოვრობდნენ ქრისტიანები, ეს იყო კარგად მოვლილი დიდი დასახლება. მაგრამ როდესაც ქრისტიანები წავიდნენ, საბერძნეთიდან ჩამოსულმა თურქებმა გააჩანაგეს სახლები და მიატოვეს დასახლება. იქ, ფარასაში, როდესაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ, იყო წმიდა მღვდელი; მასთან მიჰყავდათ ავადმყოფები, ის ლოცულობდა მათთვის და ისინი იკურნებოდნენ. მისი სენაკი სამკურნალო იყო".
ჩვენ რაღაც მაინც გავარკვიეთ და მომდევნო დღეს წავედით იახ-იალიში (აღიავუდესში), რომელიც მდებარეობს ასი კილომეტრით სამხრეთით კესარიიდან. სანამ მამა ბასილი უთანხმდებოდა ჯიპის თაობაზე, ჩვენი მოგზაურობის გასაგრძელებლად, ორმა მოხუცმა თურქმა, რომლებიც იქვე სურსათის ჯიხურთან ისხდნენ, ჩამოჯდომა მთხოვეს და დამიწყეს გამოკითხვა: საიდან ვარ, საით მივდივარ, მღვდელი ხომ არ ვარ. ორი სიტყვით მოვუთხრე ჩემი მოგზაურობის შესახებ. მაშინ ერთმა მოხუცმა მითხრა: "იქ, ფარასაში იყო აზიზ პაპა (წმიდა მღვდელი), მას ერქვა ჰაჯიეფენდი, ხალხს მიჰყავდა მასთან ავადმყოფები ყოველი მხრიდან, ხოლო იგი კითხულობდა მათთვის ლოცვებს და ისინი იკურნებოდნენ. მეც მიმიყვანეს მასთან, რადგან თავი მქონდა მოღრეცილი, მან წაიკითხა ჩემთვის ლოცვა და გამოვჯანმრთელდი". მოხუცმა დამანახა, თუ როგორ იყო მისი თავი შეტრიალებული მხრებისკენ და როგორ გასწორდა.
ამასობაში მამა ბასილი მოვიდა და ჩვენ კესარიიდან სამხრეთით განვაგრძეთ გზა. როდესაც კიდევ ოცდაათი კილომეტრი გავიარეთ, ჩავედით ფარასაში (მთლიანად ასოცდაათი კილომეტრი გავიარეთ).
ფარასა ზუსტად იმ მდგომარეობაში იყო, როგორიც კესარიაში მყოფმა თურქმა აგვიწერა. ოთხასოთხმოცი ქრისტიანული ოჯახის ნაცვლად, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა იქ და 1924 წელს წამოვიდა, მხოლოდ სამოცდაათი თურქული ოჯახიღა ცხოვრობდა ნანგრევებს შორის. ტაძარი მეჩეთად იყო გადაკეთებული, მასში მიწისქვეშა თავშესაფარი აღმოაჩინეს. ყველა თურქი იმ ადამიანთაგანი იყო, რომლებიც მოსახლეობის გაცვლის შედეგად ჩამოვიდნენ. ფარასის ძველი მაცხოვრებლებიდან მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა ცოცხალი – ერთი თურქული ოჯახიდან. ერთ-ერთი მათგანისგან, რომელსაც ფარასული დიალექტი ახსოვდა, ვცდილობდი გამეგო, თუ სად იყო მამა არსენის სენაკი.
ამ შორეულ გზას, ფარასიდან კესარიამდე (ორასსამოცი კილომეტრი წინ და უკან) წმიდა მამა არსენი ფეხით წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ გადიოდა, როდესაც ეგზარხოსის მოვალეობას ასრულებდა.
და როგორ არ ინებებდა მოწყალე უფალი, რომ დაესაჩუქრებინა იგი უხვად სასწაულთმოქმედების მადლით.
თარგმნა თეა იაკობაშვილმა
გაგრძელება
სმირნა (თურქ. – იზმირი) – ერთერთი უმსხვილესი საპორტო ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. XIX საუკუნეში იქ ცხოვრობდა 200 ათასი ბერძენი. ქალაქში იყო სასულიერო სემინარია და მრავალი ქრისტიანული კულტურული დაწესებულება.
ოსმანური იმპერია ხელს უშლიდა განათლების სისტემის განვითარებას თავის ქვეშევრდომ ბერძენთა შორის.
[3] 1878-79 წლების წარმატებული რუსულ-თურქული ომის შემდეგ, რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებაში შეიტანა მუხლები, რომლებიც მართლმადიდებელი ბერძენი მოსახლეობის მფარველობას ითვალისწინებდა.
[4] ბერძნულ ეკლესიაში აღსარების მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ მღვდელს, რომელიც ამისათვის მიიღებს ეპისკოპოსის კურთხევას.
სხეულის უხრწნელებაში აქ ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც უხრწნელება განსაკუთრებული ცოდვილი ცხოვრების მოწმობაა.
[6] იგულისხმება ძველი ბერძნული ლიტურგიული ენა, რომელიც მეტად განსხვავდება XIX საუკუნის ბოლოს არსებული სალაპარაკო ბერძნული ენისგან.
უცნობია, თუ რომელ პატრიარქზეა საუბარი, რადგან იმ პერიოდში, 1878-დან 1923 წლამდე კონსტანტინოპოლის კათედრა ეკავათ: იოაკიმ III-ს, იოაკიმ IV-ს, დიონისე V-ს, ნეოფიტე VIII-ს, ანთიმოზ VII-ს, კონსტანტინე V-ს, გერმანე V-ს და მელეტი IV-ს.
[9] წმ. მოწამე ხარლამპი მაგნეზიელის ხსენება აღინიშნება 10 თებერვალს (ძვ.სტ.).
კაბადოკიის ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობდა ქალაქ კესარიაში.
საუბარია წიგნის ავტორზე – მომავალ მონაზონ პაისი მთაწმიდელზე (ათონელზე).
[12] წმიდა მთა – ათონის მთა.