martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

სიზმრებისათვის

 

კაცთა სულების შესაშფოთებლად და დასაზიანებლად ეშმაკები სიზმრებს იყენებენ, ასევე თვითონ გამოუცდელი მონაზვნებიც ვნებენ საკუთარ თავს, როცა თავიანთ სიზმრებს ყურადღებით ეკიდებიან: ამიტომ აუცილებელია განვსაზღვროთ სიზმრის მნიშვნელობა ადამიანში, რომლის ბუნება ჯერ არაა განახლებული სული წმიდის მიერ.

მძინარე ადამიანის მდგომარეობა ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ის მთლიანად მოსვენებულია. მოსვენების ეს მდგომარეობა იმდენად სრულია, რომ ამ დროს კაცი კარგავს საკუთარი არსებობის შეგრძნებას და თავდავიწყებას ეძლევა. ძილის დროს წყდება ყოველგვარი მოქმედება, რაც შრომასთანაა დაკავშირებული და რაც გონებისა და ნების კარნახით, გაცნობიერებულად ხდება: რჩება ის მოქმედება, რომელიც აუცილებელია არსებობისათვის და რომელიც მისგან განუყოფელია. სხეულში სისხლი განაგრძობს მოძრაობას, კუჭი საჭმელს გადაამუშავებს, ფილტვები სუნთქვას აღასრულებენ, კანი ოფლიანდება, სულში კვლავაც იშვებიან აზრები, ოცნებები და გრძნობები, მაგრამ არა ნებისა და გონების, არამედ არაცნობიერი, ბუნების მოქმედებით მართული. ასეთი ოცნებებისგან, რომლებსაც დამახასიათებელი აზროვნება და შეგრძნებები ახლავს, ითხზვება სწორედ სიზმარი. იგი ხშირად უცნაურია, რადგან არ განეკუთვნება ადამიანის შეგნებული და ნებსითი მსჯელობისა თუ ოცნებების რიგს, არამედ თვითნებურად იშვება ბუნებითი კანონისა და მოთხოვნის თანახმად. სიზმარი ზოგჯერ ნებსითი განსჯის და ოცნებების ბუნდოვან ანაბეჭდს ატარებს, ზოგჯერ კი ზნეობრივი განწყობის შედეგია. ამგვარად, თავისთავად სიზმარს შეუძლებელია და არც უნდა ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა. ამიტომაც სასაცილო და სრულიად ალოგიკურია მავანთა მცდელობა, სიზმრისეულ აბდაუბდაში საკუთარი ან სხვების მომავალი განჭვრიტოს ან რაღაც სხვა მნიშვნელობა დაინახოს. როგორ შეიძლება არსებობდეს ის, რის არსებობასაც არავითარი მიზეზი არ გააჩნია?

ეშმაკები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენს სულებთან მოახლოება სიფხიზლეში, იგივე შესაძლებლობას ჩვენი ძილის დროსაც ინარჩუნებენ. ძილის დროს, ურევენ რა ჩვენს ოცნებას საკუთარ გამონაგონს, ისინი ცოდვით განგვცდიან. ამასთან, როცა ამჩნევენ, რომ ყურადღებას ვიჩენთ სიზმრებისადმი, ცდილობენ ისინი უფრო საინტერესონი გახადონ, ჩვენში კი უფრო მეტი ყურადღება აღძრან ამ აბდაუბდის მიმართ და ნელ-ნელა მათდამი ნდობა ჩაგვინერგონ. ასეთი ნდობა ყოველთვის საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენასთანაა შეერთებული, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა კი ჩვენს შინაგან ხედვას აყალბებს, რის გამოც მთელი ჩვენი მოღვაწეობა არასწორ ხასიათს იძენს – ეშმაკებსაც სწორედ ეს უნდათ. მათ, ვისაც ამგვარი ცრუ წარმოდგენა განსაკუთრებით განვითარებული აქვს, ეშმაკები ნათლის ანგელოზების, მოწამეებისა და ღირსების, მეტიც, ღვთისმშობლისა და თვით ქრისტეს სახით ეცხადებიან, აქებენ მათ მოღვაწეობას, ზეციურ გვირგვინებს უქადიან და ამით საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისა და ამპარტავნების უკიდურეს სიმაღლეზე აჰყავთ – ასეთი სიმაღლე კი სწორედ დამღუპველი უფსკრულია. უნდა ვიცოდეთ და კიდევ ერთხელ ვიცოდეთ, რომ ჩვენს მდგომარეობაში, რომელიც სული წმიდის მადლის მიერ არ განახლებულა, არავითარი სხვა სიზმრების ნახვა არ შეგვიძლია, გარდა საკუთარი სულის ნაბოდვარისა და ეშმაკების მზაკვრობით შეთხზულისა. როგორც სიფხიზლეში ხდება, როცა ჩვენში განუწყვეტლივ იშვება დაცემული ბუნების კუთვნილი ან ეშმაკებისაგან მოტანილი გულისსიტყვები და ოცნებები, ისევეა ძილშიც – საკუთარი დაცემული ბუნებისა და ეშმაკების მიერ შეთხზული ოცნებები გველანდება. როდესაც გვღვიძავს, ნუგეშს გვცემს ჩვენი ცოდვების შეგნების, სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროს გახსენებისაგან შობილი ლმობიერება – მხოლოდ ეს აზრები ჩნდება ღვთის მადლის მოქმედებით, რომელიც ჩვენში მკვიდრობს და წმინდა ნათლისღებითაა დანერგული, და ეს აზრები მოაქვთ აგრეთვე ღვთის ანგელოზებს ჩვენი სინანულის კვალდაკვალ. ასევე ხდება სიზმარშიც, თუმცა ძალიან იშვიათად და უკიდურესი აუცილებლობის დროს, როცა ღვთის ანგელოზები ან ჩვენს გარდაცვალებას, ან ჯოჯოხეთის ტანჯვას, ან სიკვდილის წინა თუ სიკვდილის შემდგომ სამსჯავროს წარმოგვიდგენენ. ასეთ სიზმრებს ღვთის შიშის, ლმობიერების, საკუთარი თავის გლოვისაკენ მივყავართ. მაგრამ ამგვარი სიზმრები ძალიან იშვიათად, ღვთის განსაკუთრებული და გამოუცნობი განგებულებით ეძლევა მოღვაწეს ან ზოგჯერ აშკარა და სასტიკ ბოროტმოქმედსაც კი. ძალიან იშვიათად – არა იმიტომ, რომ ღმერთი ძუნწად გასცემს თავის მადლს – არა! არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ საერთო წესის გვერდის ავლით შეგვემთხვევა, საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას გვიქმნის და ძირს უთხრის სიმდაბლეს, ჩვენი ცხონების აუცილებელ პირობას. ნება ღვთისა, რომლის ასრულებაშიც მდგომარეობს კაცის ცხონება, წმინდა წერილში იმდენად ნათლად, გარკვევით და დაწვრილებით არის ასახული, რომ კაცთა ცხონებისათვის ხელის შეწყობა საერთო წესის გადახვევის გზით ზედმეტი და უსარგებლო ხდება. მას, ვინც მკვდრის აღდგინება და თავის ძმებთან მისი გაგზავნა ითხოვა, რათა მათთვის ფართო გზიდან ვიწროზე გადასვლა ჩაეგონებინა, ასეთი პასუხი გასცეს: ,,ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტყველნი, მათი ისმინედ”, – ხოლო როცა მან მიუგო: ,,არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ”, – მაშინ ესმა პასუხად: – ,,უკუეთუ მოსესი და წინაჲსწარმეტყველთა არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ” (ლკ. 16. 29-31). გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ბევრი, ვინც ძილში საზვერეთა, საშინელი სამსჯავროსა და მომავალი ცხოვრების სხვა საშინელებების ხილვის ღირსი გახდა, ამ ხილვამ ხანმოკლე დროით კი შეაძრწუნა, მაგრამ მერე გაფანტულობამ სძლია, ყველაფერი დაავიწყდა და კვლავ უზრუნველ ცხოვრებას მიეცა. და პირიქით: ვისაც არავითარი ხილვა არ ჰქონია, მაგრამ გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო სჯულს, თანდათან ღვთის შიშით განიმსჭვალა, სულიერ წარმატებას მიაღწია, წინასწარ ეუწყა ცხონება და ამ უწყებისგან შობილი სიხარულით გადავიდა მწუხარებათა ამქვეყნიური სარბიელიდან საუკუნო ნეტარებაში.

აი, რას ამბობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი მონაზვნების სიზმრებში ეშმაკთა მონაწილეობის შესახებ: ,,როცა უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთის სიყვარულის სახელით უცხოობას ვარჩევთ, მაშინ ეშმაკები ცდილობენ სიზმრებით შეგვაშფოთონ და გვიჩვენებენ ჩვენს ნათესავებს, რომლებიც თითქოს ტირიან, კვდებიან ან ჩვენს გამო საპყრობილეში ხვდებიან. ვისაც სიზმრებისა სჯერა, იმ კაცს ჰგავს, თავის აჩრდილს რომ დასდევს დასაჭერად. ცუდმედიდობის ეშმაკები ძილში წინასწარმეტყველებად წარმოგვიდგებიან, თავიანთი მზაკვრობის მეშვეობით იგებენ მომავალ საქმეებს და გვაუწყებენ, რათა გაგვიკვირდეს, წინასწარმცნობელობის ნიჭით მიმადლებული გვეგონოს თავი და ამპარტავნებაში ჩავვარდეთ. ვინც ეშმაკისას ირწმუნებს, მას იგი წინასწარმეტყველად გაუხდება, ხოლო ვინც ეშმაკს არაფრად აგდებს, მისთვის მხოლოდ მატყუარად რჩება. ეშმაკი სულია და ხედავს ყველაფერს, რაც ჰაერის სივრცეში ხდება, მერე კი მიდის და უყვება უგუნურს. ეშმაკებმა სინამდვილეში არ იციან, რა მოხდება მომავალში – ასე რომ იყოს, გრძნეულებსაც შეეძლებოდათ ჩვენთვის სიკვდილის წინასწარმეტყველება. ეშმაკები ნათლის ანგელოზებად და მოწამეებად იცვლიან სახეს, წარმოგვიდგენენ, თითქოს მათთან გვქონდეს ურთიერთობა, ხოლო როცა ვიღვიძებთ, სიხარულით და სიამაყით ვივსებით. დაე სწორედ ეს იყოს შენთვის საცთურის (ეშმაკის ხიბლის) ნიშანი, რადგან ჭეშმარიტად წმინდა ანგელოზები სატანჯველს, სასჯელს, სულის ხორცთან გაყრას გვიჩვენებენ და, როცა ვიღვიძებთ, შეძრწუნებულნი, შეშინებულნი და მჭმუნვარენი ვართ ხოლმე. თუ ძილში ვერწმუნებით ეშმაკებს, ისინი სიფხიზლეშიც სათამაშოდ გაგვიხდიან. ვისაც სიზმრებისა სჯერა, ის სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვინც არავითარ სიზმარს არ ენდობა, ის ჭეშმარიტად ბრძენია. გჯეროდეს მხოლოდ იმ სიზმრებისა, რომლებიც სასჯელსა და სატანჯველს გიჩვენებენ, ხოლო თუ სასოწარკვეთილებაში ვარდები, ასეთი სიზმრებიც ეშმაკისგანაა” (კიბე, თავი 3).

ღირსი კასიანე რომაელი მოგვითხრობს ერთ მესოპოტამიელ მონაზონზე: იგი განმარტოებულ ცხოვრებას ატარებდა და მკაცრ მარხვას ინახავდა, მაგრამ ეშმაკისაგან მოვლენილმა სიზმრებმა დაღუპეს. ეშმაკებმა შენიშნეს, რომ იგი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სულიერ წინსვლას და ძირითადად ხორციელი მოღვაწეობით იყო დაკავებული, თანაც ამ მოღვაწეობას, შესაბამისად კი საკუთარ თავსაც, მეტად ფასეულად თვლიდა. მაშინ ეშმაკებმა დაიწყეს მონაზვნისთვის ისეთი სიზმრების მოვლინება, რომლებიც, მათი მზაკვრობის გამო, ზედმიწევნით ზუსტად ცხადდებოდა. როცა მონაზონი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შეუძლია სრულიად ენდოს თავის სიზმრებსაც და საკუთარ თავსაც, ეშმაკებმა სიზმარში წარმოუდგინეს, თითქოს იუდეველები ზეციური ნეტარებით ტკბებიან, ქრისტიანები კი ჯოჯოხეთის დილეგებში იტანჯებიან. ამასთან, ეშმაკმა – ცხადია, ანგელოზის ან ძველი აღთქმის რომელიმე მართლის სახით გამოცხადებულმა – ურჩია მონაზონს, იუდეველობა მიეღო, რათა ზეციური ნეტარება დაემკვიდრებინა, რაც ამ მონაზონმა უყოყმანოდ შეასრულა კიდეც[1]. ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, საკმარისია იმისათვის, რათა განვუმარტოთ ჩვენს საყვარელ ძმებს – თანამედროვე მონაზვნებს – თუ რაოდენ დიდი უგუნურებაა სიზმრებისათვის ყურადღების მიქცევა და, მით უფრო, მათი ნდობა, და რა საშინელი ვნება შეიძლება მიაყენოს ასეთმა ნდობამ მათ სულებს. სიზმრებისათვის ყურადღების მიქცევა სულში უეჭველად შობს მათდამი ნდობას: ამიტომაც მკაცრად იკრძალება თვით ყურადღება.

სული წმიდის მიერ განახლებული ბუნება სრულიად სხვა კანონებით იმართება, ვიდრე დაცემული და თავის დაცემაში ჩარჩენილი ბუნება. განახლებული ადამიანის წარმმართველი სული წმიდაა. ,,მათზე გამობრწყინდა მადლი სულისა წმიდისა” – ამბობს ღირსი მაკარი დიდი, – ,,და მათი გონების სიღრმეში დაიმკვიდრა, რამეთუ თავად უფალი სულია”[2]. ძილშიც და ღვიძილშიც ისინი უფალთან მყოფობენ, ცოდვების, მიწიერი და ხორციელი გულისსიტყვებისა და ოცნებების გარეშე. გულისსიტყვები და ოცნებები ძილის დროს გონებისა და ნების მიერ არ იმართება და, თუ სხვა ადამიანებში ბუნების მოთხოვნილებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ, წმინდანებში სული წმიდა წინამძღვრობს და ასეთი ადამიანების სიზმრებს სულიერი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მართალ იოსებს ძილში ემცნო ღვთის განკაცების საიდუმლო, ძილში ებრძანა ეგვიპტეში გაქცევაც და იქიდან დაბრუნებაც (იხ. მთ. 1-2 თავები). ღვთისაგან მოვლენილი სიზმრები საკუთარ თავში შეუვალ სარწმუნოობას შეიცავენ. ეს სარწმუნოობა ნათელია ღვთის წმინდანებისათვის, მაგრამ მიუწვდომელია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვნებებთან ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება.

 

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

               

[1] ღირსი კასიანე რომაელი, სიტყვა განსჯისათვის.

[2] ღირსი მაკარი დიდი, სულიერი საუბრები, ეპისტოლე და სიტყვები. სიტყვა 7, თავი 12.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა