ცოდვის წარმომავლობისა
და ვნებებისათვის
ღმრთის მცნების ანუ ღმრთის ნების დარღვევით პირველმა ადამიანებმა სჯული დაარღვიეს და უსჯულოებაში შეაბიჯეს, რამეთუ „ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ“ (1იოან. 3,4). სჯული ღმრთისა – სიკეთე, სიკეთის მსახურება, სიკეთეში ცხოვრება – ეშმაკის სჯულით შეიცვალა – ბოროტებით, ბოროტების მსახურებით, ბოროტებაში ცხოვრებით. ღმრთის მცნება სჯულია, რადგან იგი გამოხატავს სახიერი და ყოვლადსახიერი ღმრთის ნებას; ამ მცნების დარღვევა ცოდვაა და ღმრთის სჯულის დარღვევას, უსჯულოებას წარმოადგენს. პირველი ადამიანები ღმრთისადმი ურჩობით, რაც ეშმაკის ნების აღსრულებაში გამოვლინდა, საკუთარი ნებით განვარდნენ ღმრთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს, ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს... „დაე, ნურავინ იფიქრებს, – აცხადებს ნეტარი ავგუსტინე, – რომ პირველი ადამიანების ცოდვა მცირე და მსუბუქია იმიტომ, რომ ხის ნაყოფის ჭამაში მდგომარეობს, და თანაც ნაყოფი არ იყო ცუდი და მავნებელი, არამედ მხოლოდ აკრძალული. მცნება მორჩილებას ითხოვდა, ისეთ სათნოებას, რომელიც გონიერი არსებებისთვის ყველა სათნოების დედა და დამცველია“.
წმ. იუსტინე პოპოვიჩი
ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის დაუმორჩილებლობა ღმრთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, – ამბობს ნეტარი ავგუსტინე, – ამ საქმეში თავისმოყვარებას რომ არ ემოქმედა“. „ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. – ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება. ამიტომაც მან დასაწყისშივე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ აღმოეფხვრა ჩვენში ეს ვნება. ამპარტავნების გამო გავხდით მოკვდავნი, მწუხარებასა და ჭმუნვაში ვცხოვრობთ. ამისთვის მიედინება ჩვენი ცხოვრება ტანჯვასა და უძლურებაში, განუწყვეტელი შრომით არის დამძიმებული. პირველი ადამიანი ცოდვაში ამპარტავნებამ ჩააგდო, რადგან ღმერთის თანასწორობა მოისურვა“.
წმ. იუსტინე
როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სული წმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.
წმ. იოანე ოქროპირი
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს“ (რომ. 6,23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა – სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თავად განიმზადა სიკვდილი ღმრთისაგან განშორებით, თანახმად საღმრთო წერილისა: „რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ" (ფსალმ. 72,27).
წმ. ბასილი დიდი
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შეიბილწეს გული: მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3,8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს მიეცა. ამგვარად, ჩვენს პირველმშობლებს დაუბნელდათ თვალი, რომლითაც ღმერთს ჭვრეტდნენ, რამეთუ ცოდვა, როგორც საბურველი, გადაეკრა გულს, რომელიც მაშინ ჭვრეტს ღმერთს, როდესაც უმანკო და წმინდაა (მათ. 5,8).
წმ. იუსტინე პოპოვიჩი
პირველქმნილი ცოდვის წინაპრებიდან შთამომავლობაზე გადაცემის გზა თავისი არსით შეუვალი იდუმალებითაა მოცული. „არაფერია უფრო ცნობილი, ვიდრე ეკლესიის სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, – ამბობს ნეტარი ავგუსტინე, – მაგრამ არაფერია უფრო იდუმალი შემეცნებისთვის“.
წმ. იუსტინე პოპოვიჩი
სიკვდილი – ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამამთავრისგან ბუნებრივად მოედინება ცოდვითა და სიკვდილით სნეული შთამომავლობა (შდრ. რომ. 5,12; 1 კორ. 15,22). როგორც ადამის, ისე მისი შთამომავლების სიკვდილი ორგვარია – ხორციელი და სულიერი. ხორციელია სიკვდილი, როდესაც სხეული დაკარგავს მის განმაცხოველებელ სულს, ხოლო სულიერი, როდესაც სული კარგავს ღმრთის მადლს, მაცოცხლებელს ამაღლებული, სულიერი, ღმრთის სათნო ცხოვრებით; წინასწარმეტყველის სიტყვებით: „სული მცოდველი იგი მოკუდეს“ (ეზეკ. 18,4).
წმ. იუსტინე პოპოვიჩი
ღმერთი ჩვენთვის განკაცდა და გაგვათავისუფლა მტრის (ეშმაკის) მონობისაგან. ძალა შეუმუსრა, სიმტკიცე დაუსუსტა, მისი ტყვეობისაგან გამოგვიხსნა და თუკი ჩვენვე არ მოვინდომებთ ცოდვას, ვერავინ გვაიძულებს მის ჩადენას. რამეთუ ღმერთმა წმიდა ნათლისღებით ყოველი ცოდვისაგან განგვწმინდა და მოგვცა ძალაუფლება „დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა“ (ლუკ. 10, 19). სახიერმა ღმერთმა იცოდა, რომ ნათლისღების შემდგომ კვლავ ცოდვებში ჩავვარდებოდით, როგორც თქმულია წმიდა წერილში: „მიდრეკილ არს გული კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა სიჭაბუკითგან მისით“ (დაბ. 8,21); ამიტომ, თავისი სახიერებისამებრ წმიდა მცნებები მოგვცა, რომ თუკი მოვისურვებთ, მცნებების საშუალებით შევძლოთ განწმენდა როგორც ცოდვებისაგან, ისე ვნებებისაგანაც. ცოდვა და ვნება განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვნებებია: გულისწყრომა, მზვაობრობა, გემოთმოყვარება, სიძულვილი, ბოროტი გულისთქმა და სხვა ამგვარნი; ხოლო ცოდვაა ვნების საქმით აღსრულება, ანუ, როცა კაცი სხეულით ჩაიდენს იმას, რისკენაც უბიძგებს ვნება. მრავალნი არიან, რომელთაც ვნებები აქვთ, მაგრამ საქმით არ აღასრულებენ მათ.
წმ. აბბა დოროთე
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღმრთაებრივ ბუნებასთან, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღმრთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამის შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღმრთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს.
წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი
ჩვენი ქრისტიანული რწმენის ნაყოფი სულის სიჯანსაღეა. ღმერთი იმისთვის განკაცდა, რომ სულს მისი მეშვეობით სიჯანსაღის მიღება შეძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვისაც ჯანსაღი სული არა აქვს, ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ნამდვილი ქრისტიანი. ხოლო სული ღმრთაებრივი ძალითა და მადლის ნათლით ჯანსაღდება, რომელიც ქრისტეს მიერ რწმენისთვის მოგვენიჭება.
წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი
ვის არა სწამს ძე ღმრთისა? – არა მხოლოდ იმას, ვინც განცხადებულად, გადაწყვეტილად უარყოფს მას, არამედ იმასაც, ვინც ქრისტიანად იწოდება და ცოდვიან ცხოვრებას ეწევა, ხორციელ სიამოვნებებს დაეძებს. ძე ღმრთისა არ სწამს იმას, ვისთვისაც ღმერთი მუცელია; ვისთვისაც ღმერთი ოქრო და ვერცხლია; ვისთვისაც ამქვეყნიური დიდებაა ღმერთი; ვინც ღმრთისადმი მტრულად განწყობილ მიწიერ სიბრძნეს საღმრთო პატივს მიაგებს.
... სახარების რწმენა ცოცხალი უნდა იყოს; უნდა გვწამდეს გულითა და გონებით, რწმენა ბაგეებით უნდა ვაღიაროთ, ცხოვრებით უნდა გამოვხატოთ და დავამტკიცოთ. „მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა“ (იაკ. 2,18), ეუბნება მოციქული მას, ვინც მხოლოდ შიშველი რწმენით, ღმრთის არსებობის შიშველი ცოდნით იქადის.
... „სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს“ (რომ. 10,17): უსმინე სახარებას და მის განმმარტებელ წმინდა მამებს; ყურადღებით უსმინე და თანდათანობით ცოცხალი რწმენა დაიმკვიდრებს შენში, რომელიც სახარების მცნებათა აღსრულებას მოგთხოვს და ამ აღსრულებისთვის უეჭველი ცხონების იმედით დაგაჯილდოებს. იგი მიწაზე ქრისტეს მიმდევრად გაქცევს, ხოლო ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრედ. ამინ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თქვა ბერმა: ყოველი კეთილი საქმის ძირი ჭეშმარიტებაა და ყოველი ბოროტების ძირი ტყუილია; ყოვლითურთ სიკვდილია იგი, რამეთუ ეშმაკისაგან არის შობილი.
პატერიკი
თქვა მამა ესაიამ: ეს სამი ბოროტი ვნება – მომხვეჭელობა, პატივი და განსვენება, – სიკვდილამდე ებრძვის კაცს; გვევალება, რომ მარადჟამს მზად ვიყოთ მათთან ბრძოლისა და წინააღმდეგობისათვის.
პატერიკი
ჰკითხა ძმამ ბერს: როგორაა მამაო, რომ ბრძოლა (სულიერი) არა მაქვს და თავს მოსვენებულად და უბრძოლველად ვგრძნობ? ბერმა მიუგო: შვილო, შენ იმ ქალაქს ჰგავხარ, რომლის ჭიშკრები ღიაა და მტრები უბრძოლველად შედიან და გამოდიან. თუ კარს მაგრად დახშავ და მტრებს – ბოროტ გულისსიტყვებს (აზრებს) – არ შეუშვებ, მაშინ მათ გარეთ მდგომარედ და შენს წინააღმდეგ მებრძოლად იხილავ.
პატერიკი
უთხრა ბერმა ძმას: ეშმაკი მტერია, შენ კი სახლი ხარ. მტერი შეუჩერებლად ყრის სახლში ყოველგვარ უწმინდურობას; შენ არ დაიზარო და მისი შემოყრილი იმწამსვე გარეთ გაყარე. თუკი დაიზარებ და მაშინვე არ გაყრი, შენი სახლი ნაგვითა და უწმინდურობით აივსება და ვეღარ გაასუფთავებ. პირველივე, რასაც ეშმაკი შემოგიგდებს, განაგდე და ასე დაიცავ სახლს წმინდად ქრისტეს მადლით.
პატერიკი
ვნებები სულის სნეულებებია, რომლებიც მას ღმრთისაგან განაშორებენ.
წმ. აბბა ესაია
ვნებები, თუკი მათ თავისუფლება მიეცემათ, მოქმედებენ, იზრდებიან, ძლიერდებიან სულში, მოიცავენ და დაიპყრობენ მას, ღმრთისაგან განაშორებენ. ვნებები ის მძიმე ტვირთია, რომელიც ადამს აკრძალული ნაყოფის ჭამის შემდეგ დააწვა. ეს ვნებები მოკლა ჯვარზე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ... ეს ის ძველი კაცია, რომლის განძარცვა გვიბრძანა მოციქულმა ქრისტიანებს.
წმ. აბბა ესაია
ცოდვაში დაყოვნებით ანუ ცოდვის მრავალჯერ გამეორებით ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი, ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი, განკითხვისა და სხვა უსჯულოებებისადმი. ეს მიდრეკილება ანუ ჩვეულება ისეთი ძლიერია, რომ თითქოს ადამიანის მეორე ბუნებად იქცევა... რადგან ვნებიანი მიდრეკილება გულში ღრმად იდგამს ფესვებს. რაც უფრო მეტად სცოდავს ადამიანი რაიმე ცოდვით და ყოვნდება მასში, მით მეტად ღრმავდება ვნება მის გულში. რაც უფრო იზრდება ხე, მით უფრო იდგამს ფესვებს მიწაში, ასევე, რაც უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში.
წმ. ტიხონ ზადონელი
ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული საძაგელი ბომონის მსგავსია, რომელშიც ამ კერპებს მსხვერპლს სწირავენ, – რადგან ცოდვა გულში ცხოვრობს. ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნაცვლად საკუთარ ნებასა და მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად, რამდენჯერაც დათანხმდება ცოდვილი ცოდვაზე, რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენჯერ უარყოფს გულით ქრისტეს; და რამდენჯერაც ცოდვას საქმით აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს ამ კერპს.
წმ. ტიხონ ზადონელი
გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისაგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება – ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან.
წმ. ნილოს სინელი
ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, ვერ ცხონდები, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა (გონებაში ადამიანის უნებურად გაელვებული სხვადასხვა საძაგელი აზრები – ღმერთის, სიწმიდის შეურაცხმყოფელი), რამეთუ ამ მეორის მიზეზი და ფესვი ის პირველია.
წმ. იოანე სინელი
სულის ბოროტებათა დასაბამი საკუთარი თავის სიყვარულია, რაც საკუთარი სხეულის სიყვარულს ნიშნავს.
წმ. აბბა თალასე
ეშმაკს არ მიესვლება სულში, როდესაც იგი არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. მაშინ ის ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება, ეშმაკი დაინახავს, თამამად მიუახლოვდება და იწყებს მასში ბატონობას. სულს უმთავრესად ორი მთავარი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება.
წმ. თეოფანე დაყუდებული
ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება. ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა, განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.
წმ. ბარსანუფი დიდი
ნაყოფის გამოღების დასაბამი ყვავილია, ხოლო მოღვაწეობა საზრდელის ზომიერად მიღებით იწყება.
წმ. ნილოს სინელი
ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.
წმ. ნილოს სინელი
|