გინების შესახებ
რა დიდს სიხარულს იგრძნობდა, საყვარელნო, ის მუნჯი, რომელიც განჰკურნა იესომ, განსდევნა რა მისგან ბოროტი სული, როგორც მოთხრობილია დღევანდელს სახარებაში. ჩვენ შორის არ არიან მუნჯები; ღვთის მადლით და წყალობით, ჩვენ ყველას გვაქვს ნიჭი ლაპარაკისა. მაგრამ როგორ ბოროტად ხმარობენ ხოლმე მრავალნი ჩვენგანი ამ ნიჭს? ვინ ხმარობს ბოროტად ლაპარაკის ნიჭს? პირველად ყოვლისა, ბოროტად ხმარობს ამ ნიჭს ის, ვინც იგინება და ილანძღება, ვინც წარმოსთქვამს ხოლმე სალანძღველ, საგინებელ, დამპალ სიტყვებს. ჩვენს ერში ძალიან არის გავრცელებული სალანძღავ-საგინებელ სიტყვათა ხმარება და საუბედურო კიდევ ის არის, რომ არ ერიდებიან არც ადგილს, არც დროს, ასე რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ველურ ხალხზე უარესნი ვართ. რა დროსაც გინდა გაიაროთ და საცა უნდა მიხვიდეთ, – უქმეა თუ საქმის დღე, სადაც კი შეკრებილია რამდენიმე კაცი, თუ მათ გზა არ აუქციეთ, უეჭველია თქვენ გაიგონებთ ლანძღვა-გინებას. თვითონ მშობლებიც ხშირად შვილებთან სახლში ან მის გარეთ არა თუ თვითონ იგინებ-ილანძღებიან, ასწავლიან ხოლმე კიდეც პატარებს გინებას, ასე რომ პატარა შვილები ხშირად არ ჩამოუვარდებიან მშობლებს გინებაში. საზოგადოდ, საგინებელი სიტყვები, ნამეტნავად უბრალო ხალხს, მიაჩნია აუცილებელად საჭიროდ ყოველ-გვარს ლაპარაკის დროს, ხუმრობაშიც და დარბაისლურ საუბარშიც, მეგობრებშიც, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. რა არის ამისი მიზეზი?
ამის მიზეზი არის უწმიდურობა გულისა; არა აქვს კაცს გული წმიდა, აყროლებული და დამპალია იგი ცოდვათაგან, სავსეა ყოველივე უწმიდური, არაწმიდა ზრახვით და აი, სწორედ ამიტომ ბოროტი სიტყვა ამ კაცის პირიდან ამოდის თავის თავად, ხან-და-ხან მის უნებლიეთ, როგორც უწმიდურებით სავსე ორმოდან ამოდის მყრალი სუნი და უწმიდურობა და გარემო ჰფენს ცუდს სუნს.
მიაქციეთ ამას ყურადღება, საყვარელნო, სიტყვის ნიჭი მოგვცა ჩვენ ღმერთმა, გვასწავლა მხოლოდ კეთილი. მაშ, საიდან არის სასირცხვილო და ცუდი სიტყვა? ეშმაკისაგან! აი, ვისს სიტყვებს იმეორებ შენ ლანძღვა-გინების დროს. მაშ, მისი მოწაფე ყოფილხარ შენ და არა ქრისტესი.
ისიც იცოდე, ძმაო, რომ ღმერთი, რომელმაც შენ გაგაჩინა, არის ღმერთი ყველგან მყოფი, ყოვლის მცოდნე, ის ხედავს ყოველსავე, რასაც ჩვენ ვიქმთ და ვამბობთ. ამიტომ, როცა იგინები და ილანძღები, ნუ გვარწმუნებ, რომ შენა გრწამს ღმერთი; შენ რომ ღმერთი გრწამდეს, არც იკადრებდი ლანძღვა-გინებას, ისევე როგორც არ იკადრებდი ქვეყნიურის ხელმწიფის წინაშე რაიმე ცუდს სიტყვას.
შენი ლოცვა რაღასა ჰგავს? რას იტყოდი შენ, რომ კარგად და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მოგიტანონ ჭუჭყიანის ჭურჭლით და გაჭამონ ჭუჭყიანის კოვზით! როგორის ენით და პირით ლოცულობ შენ, თუ არა ისევე აყროლებულით, როგორც აყროლებულია თვით საგინებელი სიტყვა? და იმედიც კი გაქვს, რომ ღმერთი გისმენს? ან მაგინებელის პირით მოდიხარ შენ ეკლესიაში სხვებთან ერთად საზიარებლად? განა ეს ღვთისა და სიწმიდის შეურაცხყოფა არ არის?
რისთვის იქმ ყოველსავე ამას? რა გაჭირება გადგია, რომ იგინები, ან რა სიამოვნებას და სარგებლობას ხედავ მასში? ქურდი ქურდობს გაჭირვებისა გამო, მეძავი სცოდავს ხორციელის სიამოვნებისათვის, თუმცა ეს სიამოვნება სავსეა ცოდვითის სიმწარით, – მაგინებელი რიღასთვის სცოდავს? ჭეშმარიტად, მაგინებელნი უგუნური მცოდველები არიან. მაგინებელი კაცის გულში იმკვიდრებს ეშმაკი, ღვთისმშობელი ართმევს მას საფარველს, ის განშორებულია და უცხოა ცათა სასუფევლისათვის.
გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს. „ყოველი სიტყვა უშვერი პირით თქვენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად სახმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ“, ბრძანებს წმ. მოციქული. ამინ.
სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძმობა, 1913 წ.
|