წმ. მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი
გზა ბედნიერებისკენ
არაფერია წმინდა გულზე უფრო სასურველი, რადგან ასეთი გული ღვთის საყდარი ხდება. არის კი რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე საყდარი ღვთისა? რა თქმა უნდა, არა. მათ შესახებ, ვისაც წმინდა გული აქვს, უფალი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.“ (2 კორ. 6,16). ამგვარად, ვინაა ასეთ ხალხზე უფრო ბედნიერი? და რომელი სიკეთე აკლიათ მათ? განა სული წმიდის ყველა ნიჭი მათ ნეტარ სულებში არ არის? რაღა შეიძლება აკლდეთ მათ? არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი! რადგან მათ გულში იმყოფება უდიდესი სიკეთე – თავად ღმერთი!
რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს – უცხო ქვეყნებში და მოგზაურობებში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებში და სიტკბოებებში, სიამოვნებებში, სიუხვესა და უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება...
ძმებო და დებო! ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობების, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსეს თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა...
სამწუხაროდ, ვინც საკუთარი გული უყურადღებოდ მიატოვა, მან ყველა სიკეთე დაკარგა და მრავალ სიავეს ეწია; განაგდო სიხარული და აივსო სიმწარით, მწუხარებითა და სულიერი სივიწროვით; განაგდო მშვიდობა და შეიძინა დათრგუნვილობა, მოუსვენრობა და ძრწოლა; განაგდო სიყვარული და შეიძინა სიძულვილი; და საბოლოოდ, განაგდო სული წმიდის ყველა ნიჭი და ნაყოფი, რომლებიც ნათლობისას შეიძინა, და დაუახლოვდა ყველა ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს საცოდავად და დაწყევლილად აქცევენ.
ძმებო და დებო! ყოვლადმოწყალე ღმერთს ჩვენთვის, ყველასთვის ბედნიერება სურს, ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. ამისთვის მან თავისი წმიდა ეკლესია დააარსა, რათა მან განგვწინდოს ცოდვებისაგან, რათა გვაკურთხოს, შეგვარიგოს ღმერთთან და მოგვანიჭოს ზეციური კურთხევა.
ეკლესია ყოველთვის მზადაა იმისთვის, რომ გულში ჩაგვიკრას. მივისწრაფოთ მისკენ ყველამ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი. მივისწრაფოთ – და ეკლესია იტვირთავს ჩვენი ტვირთის სიმძიმეს, გვიბოძებს ღვთის წინაშე კადნიერებას და აავსებს ჩვენს გულებს ბედნიერებითა და ნეტარებით.