martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

2001 წელს გამოიცა ზაურ ქოქრაშვილის წიგნი, რომლის სათაურია "ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ". ეს წიგნი ასტროლოგიის ერთ-ერთი სახელმძღვანელოა. თავისთავად იგი ვერავის გააკვირვებდა, რადგან ბოლო დროს წიგნის ბაზარი გადავსებულია ოკულტური, მათ შორის ასტროლოგიური ლიტერატურით. საქმე ის გახლავთ, რომ ავტორს სურს ასტროლოგიას დასაყრდენი მოუძებნოს ქრისტიანთა ყველაზე წმიდა წიგნში – ბიბლიაში; მას სურს დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობამ ასტროლოგიას უნდა შეხედოს როგორც თავის შემადგენელ ნაწილს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მასში მოკავშირე უნდა დაინახოს. არც ეს გახლავთ სიახლე. შუა საუკუნეების ალქიმიკოს-ჰერმეტისტები, ოკულტური კავშირებისა და ორდენების წარმომადგენლები – ილუმინატები და როზენკროიცერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ბიბლიაში ასტროლოგიის სასარგებლო მოწმობების არსებობა და მისი ქრისტიანთა ყოფაში დამკვიდრების აუცილებლობა. ანთროპოსოფიული სკოლების პროგრამებში შეტანილია მეცადინეობები ასტროლოგიაში. როზენკროიცერთა ორდენის მაგისტრი რუდოლფ შტაინერი ასტროლოგიის საშუალებით ბიბლიის წარმართულ ინტერპრეტირებას ცდილობდა. მისთვის ქრისტე მზის ცენტრალური ნაწილის სულია.

ბიბლიაში მოხსენიებულია ასტროლოგიური მკითხაობანი, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რისი მინიჭებაც სურთ მათთვის თანამედროვე ასტროლოგებს. ბიბლია კრძალავს მკითხაობას, სულთა გამოძახებას, ვარსკვლავების თაყვანისცემას და ა.შ. მოსეს სჯულით მისნები და გრძნეულები სიკვდილით ისჯებოდნენ (ლევიტ. 20, 27).

ეკლესიამ თავიდანვე დაგმო ასტროლოგია, როგორც წარმართობის რეციდივი. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ნაშრომებში ვხვდებით ასტროლოგიის მხილებას ორი კუთხიდან: პირველი – ასტროლოგია არის სიცრუე, და მეორე – ასტროლოგია დემონთა თაყვანისცემის სახეა. ეს ორი თეზისი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან დემონი მხოლოდ ვარაუდობს მომავალს, სინამდვილეში კი არ იცის იგი. ბასილი დიდი აღნიშნავდა, რომ ერთსა და იმავე დროს დაბადებული ადამიანების ცხოვრება სხვადასხვაგვარად ეწყობა. მაგალითად, ტყუპებს შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდეთ, ხოლო ჩაძირულ გემში დაღუპული ადამიანები სხვადასხვა ვარსკვლავების ქვეშ იყვნენ დაბადებულნი.

ასტროლოგია ასწავლის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე არ არის, რომ იგი ვარსკვლავების განლაგებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ წერენ როგორც ძველი კორინთელი გნოსტიკოსები, ასევე თანამედროვე ოკულტისტები, მაგ. რუდოლფ შტაინერი. ასტროლოგიას შემოაქვს ბედისწერის ცნება, რომელიც დამახასიათებელია წარმართული ცრურწმენისათვის და მიუღებელია ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ქრისტიანობა არ ცნობს ბედისწერას, რომელიც მართავს სამყაროს და ყოველ ადამიანს; ჩვენი სარწმუნოება აღიარებს ღვთის განგებას, რომელიც არ თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას.

წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი ტაძრები. უფალმა უბრძანა აბრაამს დაეტოვებინა ეს ქალაქი, რომელშიც წარმართული სული იყო გამეფებული, და ოჯახთან ერთად ჩრდილოეთით – პალესტინაში წასულიყო.

ისტორიამ მრავალი მაგალითი შემოგვინახა იმისა, რომ ასტროლოგთა მკითხაობაზე დაყრდნობით იწყებდნენ ომებს, რომლებიც წარმატების ნაცვლად მარცხით მთავრდებოდა. მაგალითად, თეოდოსი დიდის მეფობისას ერთ-ერთმა ოლქის მმართველმა ირწმუნა ასტროლოგთა მკითხაობა და აჯანყება მოაწყო სამეფო ხელისუფლების დასაპყრობად, მაგრამ დამარცხებულ იქნა იმპერატორის მხედრობის მიერ. ალყაში მოხვედრილმა მმართველმა უკანასკნელი ბრძანება გასცა: ალყაშემორტყმული ქალაქის კედლებზე მისი მაცთუნებელი ასტროლოგები ჩამოეკიდათ. ფაშისტური პარტიის ლიდერებმაც შემოიკრიბეს ასტროლოგები და ტიბეტელი ოკულტისტები "აგარტის" სექტიდან. მათი დახმარებით მუშავდებოდა პოლიტიკური გეგმები. ჰიტლერი "ზებუნებრივი ძალებისაგან" მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვდა საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებას. ჰიტლერისა და მისი თანაშემწეების გარშემო მყოფი ასტროლოგები უკვალოდ გაქრნენ, ხოლო ტიბეტელმა ოკულტისტებმა ბერლინის დაცემის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

ზოგიერთებს სურთ ასტროლოგია მეცნიერებად წარმოგვიდგინონ, მაგრამ მეცნიერების მსგავსად მისი ექსპერიმენტით დასაბუთება შეუძლებელია. მომავლის გამოცნობის შანსი ყველაზე ცნობილ ასტროლოგს ისეთივე აქვს, როგორც ბოშას, რომელიც კლიენტის ხელისგულს ათვალიერებს. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. ამიტომაც ასტროლოგიით საქმიანობა ისევეა აკრძალული ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების მიერ, როგორც წარმართობა, როგორც ნებისმიერი სახის მკითხაობა და ჯადოქრობა. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი, ამ კოსმიურ სულებს დემონებს უწოდებდა და კოსმოსის გლობალური დემონიზაციის შესახებ ასწავლიდა.

საჭიროა ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ასტრონომია და ასტროლოგია. ასტრონომია მეცნიერებაა ვარსკვლავების, მათი მოძრაობის, დედამიწასთან მიმართების და ა.შ. შესახებ. ძველი ასტრონომები ზეცას 12 ნაწილად ყოფდნენ, მაგრამ რადგანაც ძველი ადამიანების გონება სიმბოლური აზროვნებისკენ იყო მიმართული, ამიტომ ისინი ცის სფეროს ზოდიაქოს ნიშნებით გამოსახავდნენ (ზოდიაქო ბერძნული სიტყვაა და ქართულად ცოცხალ არსებას ნიშნავს). ამიტომაც გამოისახებოდა ზოგიერთი კალენდარი ზოდიაქოს ნიშნებით. ამასთანავე, ვარსკვლავიერი კალენდარი უფრო მეტად შეესაბამებოდა ზოდიაქოს ნიშნებს, ვიდრე მზის კალენდარი. ზეცის ალეგორიული გამოსახვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ასტროლოგიასთან, მით უმეტეს, რომ თვით ზოდიაქოს ნიშნებს ძალიან პირობითი და აბსტრაქტული ხასიათი აქვთ – ეს ვარსკვლავთა ჯგუფებს შორის გავლებული პირობითი ხაზებია (რომლებსაც ასოციაციური წარმოსახვით ავლებს ადამიანის თვალი) და არა ობიექტური რეალობა.

ბატონი ქოქრაშვილი თავის წიგნს იწყებს მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ასტროლოგიური ტრაქტატის ტექსტით, რომელსაც იგი "ქართულ ფენომენს" უწოდებს. წიგნის 38-ე გვერდზე ვკითხულობთ: "ქართველთა მართლმადიდებელ ეკლესიას შესაწყნარებლად მიაჩნდა ასტროლოგია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტრაქტატი მოთავსებულია ისეთ კრებულში (ხელნაწერი A-65), სადაც სხვადასხვა სახის სასულიერო თხზულებებია შესული, როგორიცაა "წინამძღუარი" ანასტასი სინელისა, თომა იერუსალიმელი პატრიარქის "წმ. სარწმუნოებისათვის", ნიკიტა სტითატის "სიტყუანი განსაქიქებელნი მგმობრისა მის წვალებისა სომეხთაისა...". ბატონი ზაურის მოსაზრების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ყოველთვის ამხილებდნენ საზოგადოებაში გავრცელებულ მანკიერებებს – ცრურწმენა იქნებოდა ეს თუ უზნეო ცხოვრების წესი. წარმართული და მწვალებლური სწავლებების განქიქება კი მათი შესწავლის გარეშე შეუძლებელია, თუმცა ეს საქმე მხოლოდ მტკიცე რწმენისა და წმინდა ცხოვრების ადამიანებს ევალებოდათ. შესაძლოა ეს ასტროლოგიური ტრაქტატიც ამ საჭიროებისათვის ინახებოდა რომელიმე მონასტერში ან სასულიერო აკადემიაში. ისიც შესაძლებელია, რომ იგი რომელიმე დიდებულს ეკუთვნოდა, რომელიც თავს ეკლესიის წევრად თვლიდა და იმავდროულად ასტროლოგიითაც იყო გატაცებული. იმაზე, რომ XII ს.-ის საქართველოში მტკიცე მართლმადიდებელთა გვერდით სარწმუნოებაში მერყევი საერო და სასულიერო პირებიც ცხოვრობდნენ, ცხადად მეტყველებს რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა და სხვა ისტორიული წყაროები.

ბატონი ქოქრაშვილი წერს "ქართული ასტროლოგიური კალენდრის" შესახებ, რომელიც თითქოს ძველი ხელნაწერების თანახმად ჩვენი წელთაღრიცხვის VIII-X საუკუნეებამდე არსებობდა, ხოლო ზოგიერთი ისტორიული წყაროებით 1921 წლამდეც კი. სინამდვილეში ავტორი იმოწმებს არა კალენდარს, არამედ თვეთა სახელწოდებებს, რომელთაგან ზოგიერთი წარმართულ ეპოქას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ იულიუსის კალენდარში მოხდა თვეთა სახელწოდებების გარკვეული ცვლილება, მაგრამ ამის გამო იგი სხვა კალენდარულ სისტემად არ გადაქცეულა. ბატონი ქოქრაშვილი არ აზუსტებს, რომელი ასტროლოგიური კალენდარი აქვს მხედველობაში, რადგან ასეთი კალენდარი არც არსებულა. კალენდრის შედგენა ხდებოდა ასტრონომიული დაკვირვებების საფუძველზე. რაც შეეხება ასტროლოგიას, იგი პარაზიტირებდა სხვადასხვა სისტემის – ვარსკვლავიერ, მზის და მთვარის კალენდრებზე.

ძველ ქართულ კალენდარს ზოგიერთი მკვლევარი ძველირანული მზის კალენდრის ტიპს მიაკუთვნებს, სხვები – ალექსანდრიული მზე-ვარსკვლავიერი სტაბილური კალენდრის ტიპს. ბატონი ქოქრაშვილის წიგნის მიხედვით კი, ეს განსაკუთრებული კალენდარი ყოფილა, ასტროლოგების მიერ მხოლოდ ასტროლოგიური მიზნებისთვის შედგენილი.

წიგნის ავტორს მოჰყავს ფანტასტიკური ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ თურმე ქართველი დიდებულები ვერძის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ შვილებს მონაზვნებად ამწესებდნენ. მონაზვნობას ადამიანი საკუთარი ნებით ირჩევს, შინაგანი მოწოდების მიხედვით, ხოლო ბავშვები მონასტერში შეიძლება განათლების მისაღებად გაეგზავნათ. მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთი წმიდანი არასოდეს ყოფილა გატაცებული ასტროლოგიით, მაშინ როდესაც, ბატონი ქოქრაშვილის კონცეფციის თანახმად, მათ ხელიდან არ უნდა გაეშვათ ასეთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საკუთარი "სულიერი" განსწავლულობა გაეფართოებინათ.

რაც შეეხება წიგნის ავტორის მიერ ნახსენებ ძვირფას ქვებს, მათ ოკულტურ თვისებებზე ბიბლიაში არაფერი წერია, იქ მათ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. ბიბლიურ სიმბოლიკაში 12 ქვა მღვდელმთავრის შესამოსელზე ისრაელის თორმეტ ტომს აღნიშნავდა, ხოლო ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული ზეციური იერუსალიმის 12 ბჭე – 12 მოციქულს. მხოლოდ კაბალისტურ წიგნებში და ალქიმიურ-ოკულტურ ლიტერატურაში ჩნდება ვერსიები ამ ქვების მისტიკურ თვისებებსა და ასტროლოგიასთან კავშირზე.

ქვებით მკურნალობა (ლითოთერაპია) მედიცინისა და ფარმაკოლოგიის ნაწილია. წამლების დაახლოებით 40% დამზადებულია მინერალური ნივთიერებების საფუძველზე. ქვებისა და ლითონების უშუალო შეხება ადამიანის ორგანიზმთან იწვევს მასზე გარკვეულ ზემოქმედებას. მაგალითად, ოქრო ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას, ვერცხლი იმუნურ სისტემას ააქტიურებს, ქარვა ფარისებურ ჯირკვალს კურნავს და ა.შ. ქრისტიანობა არ ცნობს ქვების მაგიურ ძალას, რომელსაც ადამიანის ბედზე გავლენის მოხდენა შეეძლებოდა. წიგნის ავტორი ბატონი ქოქრაშვილი კი ერთმანეთში ურევს მედიცინასა და ოკულტიზმს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის პარაზიტი გახდეს.

ავტორს სურს თავისი წიგნი ძველი ქრისტიანული ტრადიციების გაცოცხლებად წარმოგვიდგინოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქრისტიანობის საფარველ ქვეშ წარმართობის რეანიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ასეთ საქმიანობას ეწეოდნენ ბიომე, პარაცელსუსი, კალიოსტრო, სან-ჟერმენი, შტაინერი და სხვები. ამიტომაც ბატონი ქოქრაშვილის წიგნს ჩვენ ვთვლით ბიბლიური სწავლების დაუშვებელ პროფანაციად, იმ ბრძოლის ერთ-ერთ გამოძახილად, რომელსაც თანამედროვე ოკულტიზმი ქრისტიანობის წინააღმდეგ აწარმოებს.

ადამიანი, ეკლესიის მამათა სწავლებით, ხილული სამყაროს წარმომადგენელია. მისი სხეული მოიცავს ყველა კოსმიურ ელემენტს, ხოლო მის ენერგეტიკულ აგებულებაში კოსმიური რიტმები აირეკლება. ამის გამო კოსმოსი გარკვეულ ბიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. მაგალითად, მეცნიერებამ იცის ადამიანის ორგანიზმზე მზის ქარიშხლების ზემოქმედების შესახებ, მთვარის ზემოქმედების შესახებ სისხლის მიმოქცევაზე, ჭრილობების შეხორცებაზე და ა.შ. არსებობს დაკვირვებები მზის რადიაციასა და ეპიდემიურ დაავადებებს შორის კავშირზე. შესაძლოა ვარსკვლავები ადამიანის ნერვულ სისტემაზე ახდენენ ზეგავლენას, თუმცაღა ძნელია ამის ექსპერიმენტული შემოწმება. მაგრამ ეს ყოველივე მედიცინის სფეროს მიეკუთვნება და არა ასტროლოგიას.

უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ასტროლოგიაში ორი მიმართულებაა. ერთი მათგანი ბაბილონურ ასტროლოგიას მიეკუთვნება. მასში ადამიანის ცხოვრების რუკა დაფუძნებულია ვარსკვლავიერ სიტუაციაზე ბავშვის ჩასახვის მომენტში. მაგრამ ამ მომენტის დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ეს პრინციპი შეცვლილია ბავშვის შობის დროზე დაფუძნებული პრინციპით. ეს მეთოდი ვერ ეთანხმება ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, რომლის მიხედვითაც ემბრიონსა და ნაყოფს ჯერ კიდევ შობამდე აქვთ სული. დაბადება სულაც არ წარმოადგენს ბავშვის ორგანიზმის ფორმაციის ძირითად ეტაპს. ის მხოლოდ ახალ გარემოსთან ურთიერთქმედების დასაწყისია. როდესაც ასტროლოგებს ახსენებენ, რომ ტყუპების ბედი არ ემთხვევა ერთმანეთს, ისინი პასუხად ამბობენ, რომ მათ შობას შორის რაღაც ინტერვალი იყო. მაგრამ იგივე ასტროლოგები თავისი ცხრილების შედგენისას მხოლოდ ბავშვის დაბადების თარიღით კმაყოფილდებიან. პრესაში ერთ კურიოზულ შემთხვევაზე წერდნენ: ცნობილ ასტროლოგს წარუდგინეს ყველა მონაცემი, რომლებიც ერთ-ერთი ადამიანის შობასთან იყო დაკავშირებული. ასტროლოგმა შეისწავლა ეს მონაცემები და განაცხადა, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, რომელსაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. სინამდვილეში კი მონაცემები ერთ-ერთი ქვეყნის დიდად პატივცემულ პრეზიდენტს ეკუთვნოდა. ჩვეულებრივ, ასტროლოგები კატეგორიულ უარს ამბობენ ამგვარ ცდებზე და გაურკვეველი და ორაზროვანი პროგნოზების გამოთქმას ამჯობინებენ.

თეორიული ასტროლოგია V მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი (VI ს.), ხოლო პრაქტიკული – კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე (XIII ს.), რომელმაც ვარსკვლავთმრიცხველობის გამო ეკლესიიდან განკვეთა აგრიკა. ეს კრებები გამოხატავს ეკლესიის, წმ. მამების სწავლებას, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას ეყრდნობა.

ასტროლოგიის მიმდევარი წარმართი ხდება, ის ღმერთს იმ კოსმოსით ცვლის, რომელშიც ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია.

ყოველივე ზემოთ თქმულს შემიძლია დავუმატო, რომ ბატონი ქოქრაშვილის წიგნში თვითნებურადაა აღრეული ასტრონომია და ასტროლოგია, მედიცინა და ალქიმია და ა.შ. ამას გარდა ავტორი უგულებელყოფს ძველი და შუა საუკუნეების ტრაქტატების სიმბოლურ ენას და ამის გამო თვითნებურ მიდგომას იჩენს ასტრონომიული სიმბოლიკის ახსნის დროს. როგორც კი ძველ ტექსტებში ზოდიაქოს ნიშნებს შეხვდება, იწყებს უსაფუძვლო მტკიცებას, რომ ასტროლოგიურ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, როდესაც, სინამდვილეში, ზოდიაქოს ნიშნები (ან მათი სახელწოდებები) ცის სფეროს ნაწილებს აღნიშნავენ. როგორც ვთქვით, უძველესი დროიდან ცა ასტრონომების მიერ 12 ნაწილად იყო დაყოფილი. ეგვიპტელები და ბაბილონელები კალენდარს გამოსახავდნენ არა მხოლოდ არითმეტიკული რიცხვებით, არამედ გეომეტრიული ფიგურებითა და ნახატებითაც. ჩვეულებრივ, ანბანის შესასწავლ ძველ წიგნებში, ასოების უფრო იოლად დასამახსოვრებლად, ანბანს სხვადასხვაგვარი საგნებისა და ფიგურების სახით გამოსახავდნენ, ამგვარად მყარდებოდა ასოციაციური კავშირი აბსტრაქტულ ნიშანსა და გრაფიკულ გამოსახულებას შორის. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი აღნიშნავს დედამიწიდან, როგორც წარმოსახვითი ცენტრიდან დანახულ ცის თაღს. ზოგჯერ ამ ნიშნებს ძველ კალენდარულ რუკებზე გამოსახავდნენ.

სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ქრისტე და ანგელოზები ზოდიაქოს ნიშნებით გამოსახულ ცის სფეროს ფონზე, და არა ქრისტე და ზოდიაქოს ნიშნები მათი შესაბამისი მოციქულებით, როგორც ამას წიგნის ავტორი გვიმტკიცებს. არცთუ იშვიათად ტაძრების გუმბათები გარედან და შიგნიდან ვარსკვლავების გამოსახულებით იყო მოხატული, იმის ნიშნად, რომ ეკლესია მოიცავს ცასა და დედამიწას. ხოლო წიგნის ავტორს სურს ეს ფრესკა თავისი კონცეფციის დასამტკიცებლად გამოიყენოს – თითქოს მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები საქართველოში არა მხოლოდ თავად მისდევდნენ ასტროლოგიას, არამედ მის პროპაგანდასაც კი ეწეოდნენ საპატრიარქო ტაძრის იკონოგრაფიის მეშვეობით.

ზოდიაქოს ნიშნების ქრისტიანულ ტაძარში გამოსახვა არაფერს ნიშნავს ასტროლოგიის სასარგებლოდ. ამ ფაქტზე, როგორც "ქრისტიანული ასტროლოგიის" მოწმობაზე მინიშნება, დაუშვებელი სპეკულანტობაა. სვეტიცხოველს ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე აღმოსავლეთის პატრიარქთა წარმომადგენლები, ზოგჯერ თვით პატრიარქებიც, ასევე რუსეთის ელჩობები, რომლებშიც სასულიერო პირებიც შედიოდნენ. მათ დაწვრილებითი ჩანაწერები დატოვეს თავიანთ მოგზაურობასა და მომლოცველობაზე. საპატრიარქო ტაძარში ასტროლოგიური გამოსახულებები რომ ყოფილიყო, რაღა თქმა უნდა, ეს მათ მხედველობიდან არ გამორჩებოდათ და სერიოზული ყურადღების საგანი გახდებოდა.

ავტორს წიგნის იმ თავში, რომელსაც "მეფე დავით IV–აღმაშენებელი" ჰქვია, სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდანი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე ასტროლოგიას მისდევდა. ამის დასამტკიცებლად ავტორს ორი მოწმობა მოაქვს, პირველი – მეფე დავითს ობსერვატორია დაუარსებია (ბატონი ზაური, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ ობსერვატორიებს ასტროლოგიური დანიშნულებით აშენებენ). მეორე – მეფე დავითის მიერ დაწერილ სინანულის კანონში – "გალობანი სინანულისანი" ავტორმა ამოიკითხა სიტყვები: "ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ, განყრაჲ, სუე და ბედი და შობის დღე". აქედან იგი ასკვნის: "მეფე მეტად განსწავლული ყოფილა, ღვთისმეტყველებასთან ერთად საერო მეცნიერებები ჰქონია შეთვისებული, განსაკუთრებით ასტროლოგია". ამ შემთხვევაში ავტორი, როგორც ჩანს, შეგნებულად ცდილობს მკითხველის შეცდენას. ძნელი დასაჯერებელია ბატონი ზაური ვერ ხვდებოდეს "გალობანი სინანულისანის" შინაარსს. ამ კანონში მტკიცე მართლმადიდებელი მეფე ჩამოთვლის ძირითად მძიმე ცოდვებს და შემოქმედისაგან შენდობას ითხოვს. ამ კანონს ისეთივე სტრუქტურა აქვს, როგორც დიდ მარხვაში საკითხავ ანდრია კრიტელის სინანულის კანონს. ასტროლოგიით გატაცება დავით მეფის მიერ ცოდვად რომ არის აღიარებული, ამას იოლად მივხვდებით, თუკი ავტორის მიერ ტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას კონტექსტში წავიკითხავთ: "ისრაელისა მეფეთა ვბაძევდ, გარნა უშჯულოთა, და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ და ძალთა ცისათა თაყუანის-ცემისა. ზენაჲსა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ, განყრაჲ, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ". ასე რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან ძნელად სარწმუნო უმეცრებასთან, ან შეგნებულ ტყუილთან.

წიგნის თავში "სამყაროს აგებულების გეო-ჰელიოცენტრული სისტემა შოთა რუსთაველის "ვეფხისტაოსანში", ავტორი პროფესორ გ. თევზაძის ნაშრომზე დაყრდნობით სრულიად მოულოდნელ დასკვნას აკეთებს XII საუკუნის საქართველოში ასტროლოგიური აზროვნების მაღალი დონის შესახებ. არადა აღნიშნულ ნაშრომში საუბარია სამყაროს გეო-ჰელიოცენტრულ სისტემაზე და იქ ასტროლოგია საერთოდ არ არის ნახსენები.

იმ თავში, რომელიც თბილისის ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მოხატულობას ეხება, ავტორი საუბრობს ტაძრის ძველ მოხატულობაზე და მოჰყავს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სიტყვები: "ქაშვეთის ეკლესიის გუმბათის თორმეტ სარკმელს შორის მოხატული იყო თორმეტივე ეტლი – (ზოდიაქო), რომელთა ქვევით ეწერა მათი შესაბამისი თვეების სახელები და მათ ქვემოთ მოხატული იყო თვით თორმეტივე მოციქული..." როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოდიაქოს ნიშნები ცის სიმბოლოებია, ხოლო მოციქულები იმ მოძღვრების მქადაგებლები არიან, რომელიც ადამიანის სულს ზეცად აღამაღლებს. ცის ნაწილებთან მოციქულებს არანაირი კავშირი არა აქვთ. აქვე უნდა გავიმეოროთ, რომ ქრისტიანობის დაუძინებელი მტრები – ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ცდილობენ ქრისტიანობა წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად წარმოგვიდგინონ. ისინი ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, თითქოს ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა.

იმის დასამტკიცებლად, რომ მეფე ვახტანგ VI ასტროლოგიის მიმდევარი იყო, წიგნის ავტორს მოჰყავს ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, რომლებშიც ბატონი ზაურის მტკიცებით არის ცნობები ასტროლოგიის შესახებ. ავტორს შევახსენებთ, რომ ვახტანგ VI-ის დროს არის გამოცემული ინდური იგავ-არაკების კრებული, მაგრამ აქედან ვერ დავასკვნით, რომ მეფე ვახტანგი ინდუისტი ან ბუდისტი იყო. ავტორის მხრიდან ვოლუნტარიზმია ის, რომ იგი მიუთითებს ასტროლაბზე, რომელიც ვახტანგ VI-მ შეუკვეთა. ასტროლაბი ხელსაწყოა, რომელიც ძველი დროიდან გამოიყენება ასტრონომიაში, წიგნში კი იგი ვახტანგ VI-ის "ასტროლოგიური აზროვნების" დასამტკიცებელ საბუთადაა წარმოდგენილი. ვახტანგ VI მართლაც რომ ყოფილიყო გატაცებული ასტროლოგიით, ამით ასტროლოგია ვერ გამართლდება, რადგან ღვთაებრივი ჭეშმარიტება ადამიანურ ცდომილებებზე მაღლა დგას. ცდომილებები ყოველ დროში არსებობდა, ჭეშმარიტი მოძღვრება კი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა და იგი დღესაც ისეთივეა, როგორიც ათასი წლის წინ იყო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვახტანგ მეფე მართლმადიდებლობის ერთგულების მაგალითად არ გამოდგება, რადგან მან პოლიტიკური მიზნებით მუსლიმანობა აღიარა და შესაძლოა მუსლიმანთა ცრურწმენების გავლენაც განიცადა.

წიგნის ბოლოს ავტორმა დაბეჭდა მოციქულთა ძველი მინიატურები, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ მას; მაგრამ ზუსტად მოციქულთა გამოსახულებების ზემოთ დაბეჭდილია ზოდიაქოს ნიშნები იმგვარად, თითქოს ნიშანი და მინიატურა ერთი ფურცლიდან იყოს გადმობეჭდილი და ერთ მთლიანობას წარმოადგენდეს. ამის გამო მკითხველი შეიძლება შეცდეს და ჩათვალოს, რომ ეს ერთი ხელნაწერის ფოტოა და არა თვითონ ავტორის მიერ დამონტაჟებული კომპოზიცია.

დღეს სხვადასხვაგვარი ოკულტური სექტები და ინდოჩინური წარმოშობის სწავლებები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქრისტიანობა პალესტინიდან კი არ მოვიდა, არამედ ტიბეტიდან, და რომ ისინი მოწოდებულნი არიან ქრისტიანთაგან დავიწყებული "ჭეშმარიტი" ქრისტიანობის აღსადგენად. ალბათ ბატონ ქოქრაშვილსაც სურს აღადგინოს "ასტროლოგიური ქრისტიანობა", ანუ ძველი ოკულტიზმი.

 

მსგავსი წერილები:

წმ. მამები მკითხაობისა და ცრურწმენების შესახებ

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა