წმ. მამები სულიერი მოძღვრისა და რჩევის შესახებ
წმ. იოანე ოქროპირი
უფალი გიგზავნის თავის მოსაგებელს არა მისი მსახურების (სასულიერო პირების) ღირსების ან სისუსტის შესაბამისად, არამედ შენი განწყობის მიხედვით.
მღვდელი შეიძლება უღირსი იყოს, მაგრამ ღმერთი თუ ხედავს, რომ შენ მისდამი მოწიწებიდან გამომდინარე პატივს სცემ უღირსს (მღვდელს), თავად მოგაგებს ჯილდოს.
მღვდელი არა მხოლოდ წმინდა უნდა იყოს, როგორც ასეთი დიდებული მსახურების ღირსქმნილი, არამედ ძალიან კეთილგონიერი და მრავალმხრივ გამოცდილი; ყველაფერი ცხოვრებისეული მათზე ნაკლებად არ უნდა იცოდეს, ვინც ერში ტრიალებს, და თავისუფალი უნდა იყოს ყველაფრისგან უფრო მეტად, ვიდრე მთაში მცხოვრები მონაზვნები. ის უნდა იყოს მრავალმხრივი, რადგან ურთიერთობა ექნება კაცებთან, რომელთაც ჰყავთ ცოლები, ზრდიან შვილებს, ჰყავთ მსახურები, გარშემორტყმულნი არიან დიდი სიმდიდრით, ასრულებენ საზოგადო საქმეებს და აქვთ ძალაუფლება; ვამბობ – მრავალმხრივი, მაგრამ არა მზაკვარი, არა პირფერი, არა ფარისეველი, არამედ აღვსილი დიდი თავისუფლებითა და გამბედაობით, ამავდროულად, შემძლე სარგებლიანად დათმობისა, როდესაც საქმე მოითხოვს.
მწყემსს (სასულიერო პირს) უნდა გააჩნდეს დიდი კეთილგონიერება და მრავალი თვალი, რომ ყველა მხრიდან დააკვირდეს სულის მდგომარეობას. მრავალნი სასტიკნი ხდებიან და ცხონების იმედს კარგავენ, რადგან არ შეუძლიათ მკაცრი მკურნალობის გადატანა; ამის საპირისპიროდ არსებობენ ისეთნიც, რომლებიც, თუკი ცოდვების შესაბამის სასჯელს არ მიიღებენ, უზრუნველობას ეძლევიან, უფრო უარესნი ხდებიან და უფრო მეტად სცოდავენ. ამგვარად, მღვდლის ვალია – ამგვარი არაფერი დატოვოს გამოუკვლეველი, არამედ ყველაფრის საფუძვლიანად გამოძიებით გამოიყენოს შესაბამისი ზომები თავის მხრივ, რომ მისი მონდომება ამაო არ აღმოჩნდეს.
წმ. გრიგოლ ნოსელი
რამდენადაც ჩვენს მიერ დასახული მიზანი (სულის ცხონება) აღემატება ყველა სხვა საქმიანობას, მით მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ; აქ განუსჯელობა თვით სულს ეხება და გვემუქრება საშიშროება, განვიცადოთ იმგვარი დანაკლისი, რომელიც რაიმე სიკეთეების დაკარგვა კი არაა, არამედ თავის დაღუპვა... ამგვარად, პირველ ყოვლისა იმისთვის უნდა ვიზრუნოთ, რომ ვიპოვოთ ამ გზაზე წინამძღოლი და კარგი მოძღვარი, რათა საკუთარი გამოუცდელობით არ წავიდეთ რაიმე ახალი გაუვალი და ჭეშმარიტებას აცდენილი გზით.
წმ. კასიანე რომაელი
როგორი სათნოა ღვთისთვის ეს განწესება (იგულისხმევა მოძღვრისთვის რჩევის კითხვა), შეიძლება დავინახოთ წმიდა წერილიდან, განსაკუთრებით წმიდა სამოელის ისტორიიდან. ის დედამ სიყრმიდანვე ღმერთს მიუძღვნა, და ღმერთთან საუბრის ღირსი რომ გახდა, არ დაუჯერა თავის გულისსიტყვას, არამედ ღვთისგან ორგზის მოწოდებული მიიჩქარის მოძღვარ ილიასთან და მისგან იღებს დამოძღვრას და წესს, თუ როგორ უნდა უპასუხოს ღმერთს. ამგვარად, ღმერთმა ინება, რომ მისთვის, ვინც თავისთან საუბრის ღირსი გახადა, ეხელმძღვანელა მოძღვრის სწავლა-დარიგებით, რომ ამით სიმდაბლისკენ წაეყვანა.
როგორც ბნელი სოროდან სინათლეზე ამოყვანილი გველი ცდილობს გაქცევას და მიმალვას, ასევე ბოროტი აზრები, როცა გამჟღავნდებიან გულახდილი აღსარებით, ცდილობენ ადამიანისგან გაქცევას.
წმ. ბარსანოფი დიდი
თუკი ადამიანი არ ჰკითხავს მამებს რჩევას იმ საქმის შესახებ, რომელიც კეთილი ჩანს, ამას ცუდი შედეგები მოყვება, და ეს ადამიანი არღვევს მცნებას, რომელიც ამბობს: „განუზრახველად ნურას იქმ“ (ზირაქ. 32,21), და კიდევ: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32,7). და ვერსად იპოვი, რომ (წმიდა) წერილი ვინმეს უბრძანებდეს რაიმეს გაკეთებას საკუთარ თავზე მინდობით. რჩევის უკითხველობა ამპარტავნების მანიშნებელია, და ასეთი კაცი ღვთის მტერი აღმოჩნდება, რამეთუ ღმერთი „ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იგავ. 3,34). (ამის შემდეგ) ვინღა იქნება მდაბალი, თუ არა მხოლოდ ის, ვინც ქედს იხრის სულიერი მამების წინაშე და იღებს მათ რჩევას, ღვთის შიშით.
ვინც ფიქრობს რაიმე სიკეთის გაკეთებას საკუთარი ნებით და არ ეკითხება მოძღვრებს, ის არ მისდევს სჯულს და არაფერი გაუკეთებია სჯულისმიერი. ხოლო ვინც მოქმედებს შეკითხვით, ის ასრულებს სჯულსა და წინასწარმეტყველებს; რამეთუ შეკითხვა სიმდაბლის ნიშანია და ასეთი კაცი ბაძავს ქრისტეს, რომელმაც დაიმდაბლა თავი თვისი და ხატი მონისა მიიღო (ფილიპ. 2,7-8). რჩევის გარეშე მცხოვრები კაცი თავის მტერია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განუზრახველად ნურას იქმ“ (ზირაქ. 32,21); და იოანე მოკლე ამბობს: „თუ დაინახავ თავისი ნებით ზეცად აღმავალ კაცს, დაიჭირე ფეხით და ძირს ჩამოაგდე“. უმჯობესია სიმდაბლით შეკითხვა, ვიდრე საკუთარი ნებით სვლა, რადგან იმას, ვისაც ეკითხებიან, თვით უფალი ასწავლის შემკითხველის სიმდაბლისა და მართალი გულის გამო.
წმ. ბასილი დიდი
თუკი გვიბრძანებენ რაიმეს, რაც უფლის მცნებას ეთანხმება, აუცილებელია მივიღოთ იგი გულმოდგინებით, როგორც ღვთის ნება. როცა ვინმე უფლის მცნების საწინააღმდეგო რამეს გვიბრძანებს, რაც არღვევს ან ამრუდებს მას (მცნებას), მაშინ დროულია ვთქვათ: „მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ“ (საქმე 5,29).
ღირსი ისაია ეგვიპტელი
შეკითხვამდე ევედრე ღმერთს, რომ მოწყალე-გექმნას და ჩააგონოს მოძღვრებს, რომ შენთვის სასარგებლო რჩევები მოგცენ. მაშინ აღასრულე რწმენით ყველაფერი, რასაც მოძღვრები გეტყვიან, და ღმერთი დაგამშვიდებს.
ღირსი აბბა დოროთე
არაფერს მოაქვს კაცთათვის ისეთი სარგებელი, როგორც საკუთარი ნების მოკვეთას, და, ჭეშმარიტად, ამით ადამიანი უფრო მეტად წარემატება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სათნოებით.
ზოგიერთები ამბობენ: ამისგან ეცემა კაცი ან იმისგან; ხოლო მე... არ ვიცი სხვა დაცემა იმის გარდა, როცა კაცი საკუთარ თავს მიჰყვება. დაინახე დაცემული – იცოდე, რომ ის თავის თავს გაჰყვა. არაფერია ამაზე საშიში, არაფერია ამაზე დამღუპველი.
არ არსებობს მათზე უფრო საწყალი და დაღუპვასთან მიახლოებული ადამიანი, ვისაც საღვთო გზაზე მოძღვარი არ გააჩნია. რამეთუ რას ნიშნავს თქმული: „რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცვივეს ვითარცა ფურცელი“ (იგავ. 11,4)? ფურცელი თავიდან ყოველთვის მწვანე, ცოცხალი და ლამაზია, ხოლო შემდეგ თანდათან ჭკნება, ეცემა და ბოლოს ფეხით ითელება. ასევე კაცი, რომელსაც არ ჰყავს წინამძღოლი, თავიდან გულმოდგინეა მარხვაში, მღვიძარებაში, დაყუდებაში, მორჩილებაში და სხვა სათნოებებში; შემდეგ მისი გულმოდგინება ნელ-ნელა ცივდება, და იგი, რაკი არ ჰყავს არავინ, ვინც დამოძღვრავდა, შეეწეოდა და აღაგზნებდა მის გულმოდგინებას, – უგრძნობლად ხმება, ეცემა და ბოლოს მტერთა (ეშმაკთა) მონა ხდება, რომლებიც იმას დამართებენ, რაც მოესურვებათ.
საკუთარი ნების მოკვეთა სისხლისღვრაა, და ამის მისაღწევად ადამიანმა სიკვდილამდე უნდა იღვაწოს.
მანამდე, ვიდრე სასარგებლოს შესახებ შემკითხველი მოქმედებას დაიწყებს (მიცემული რჩევის მიხედვით), მანამდე, ვიდრე მტერი (ეშმაკი) მიხვდება, შეასრულებს ის (შემკითხველი) მოსმენილს თუ არ შეასრულებს, მტერს სძულს უკვე თვითონ ის, რომ შეეკითხო ვინმეს და მოისმინო რაიმე სასარგებლო; თვითონ ხმა, თვითონ ბგერა ამგვარი სიტყვებისა სძულს მას და პირს იბრუნებს (მათგან). და იცით რატომ? მან იცის, რომ მისი ბოროტმოქმედება გამჟღავნდება იმწამს, როგორც კი დაიწყებენ შეკითხვას და საუბარს სასარგებლოს შესახებ. და მას ისე არაფერი სძულს და ისე არაფრის ეშინია, როგორც თავის გამოაშკარავებისა, რადგან მაშინ ვეღარ შეძლებს საკუთარ ნებაზე მზაკვრულ მოქმედებას.
წმ. იოანე სინელი
ცდუნდნენ ისინი, ვინც საკუთარ თავზე დაამყარეს სასოება და მიიჩნიეს, რომ არ საჭიროებენ არანაირ მეგზურს; რამეთუ ეგვიპტიდან გამოსულებს მოძღვრად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომიდან გაქცეულებს – ანგელოზი.
უფალი, ბრმათა განმაბრძნობელი, მორჩილთა თვალებს განანათლებს, რათა იხილონ მოძღვრის სათნოებები, და დააბნელებს მათ, რომ ვერ იხილონ მისი ნაკლოვანებები, ხოლო სიკეთის მოძულე ამის საპირისპიროს აკეთებს.
ვინც (სულიერ) მამას ხან უჯერებს და ხან არა, ის იმ კაცის მსგავსია, რომელიც თავის სნეულ თვალს ერთხანს სამკურნალო მალამოს ადებს, სხვა დროს – კირს.
როგორც ფრთების ქვეშ გამთბარი კვერცხები ცოცხლდებიან, ასევე გულისსიტყვები (აზრები), სულიერი მამისგან დაფარულნი, საქმეებად იქცევიან.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ნუ შეიწყნარებ შენი (სულიერი) მამის გაკიცხვას და ნუ წააქეზებ მას, ვინც შენს მოძღვარს შეურაცხყოფს, რათა არ განრისხდეს უფალი შენს საქმეებზე და არ აღგხოცოს ცოცხალთა მიწიდან.
წმ. გრიგოლ პალამა
ეცადე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე გყავდეს სულიერი მოძღვარი და უცხადებდე მას ყველა ცოდვას და გულისსიტყვას და იღებდე მისგან შენდობას და კურნებას, რამეთუ მათ მიცემული აქვთ შეკვრა და განხსნა სულებისა, და ყველაფერი, რაც მათ „შეჰკრან ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნან ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ. 18,18).
ღირსი ანტონი ოპტინელი
აღთქმები და კანონები არ დაუწესოთ საკუთარ თავს სულიერი მოძღვრის ნებართვის გარეშე, რომლის რჩევით აღსრულებული ერთი მეტანია უფრო დიდ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ათასი – თვითნებურად განწესებული.
ღირსი სილუან ათონელი
მორჩილება მხოლოდ მონაზვნებს კი არ სჭირდება, არამედ ყოველ ადამიანს. თვითონ უფალიც მორჩილი იყო. ამაყები და თვითრჯულები არ აძლევენ საშუალებას მადლს, რომ მათში დამკვიდრდეს, ამიტომაც არასოდეს აქვთ სულიერი სიმშვიდე, ხოლო მორჩილის სულში ადვილად შედის სული წმიდის მადლი და სიხარულსა და განსვენებას ანიჭებს.
|