martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

შემკობა, სამოსი, მოდა – ძველი და თანამედროვე მამების შეფასებით

 

გსურს გამოიყურებოდე მშვენივრად და ღირსეულად? იკმარე ის სახე, რაც შემოქმედმა მოგცა. რატომ ჰკიდებ ოქროს, თითქოსდა შესწორება შეგქონდეს ღვთის ხატებაში? გინდა ღირსეულად ჩანდე? შეიმოსე გულმოწყალება, კაცთმოყვარება, უბიწოება, სიმდაბლე. ეს ყოველივე ოქროზე ძვირფასია. ეს ყოველივე მშვენიერს უფრო ღირსეულად აქცევს, ხოლო უშნოს – კეთილშესახედავად.

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), წმ. პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპ. განმარტება, საუბ.10.

 

მშვენიერება სხეულში არაა, სხეულის მშვენიერება დამოკიდებულია იმ გამოსახულებაზე და ფერზე, რომელსაც სული აღბეჭდავს სხეულის ბუნებაში. ამგვარად, სული შეიყვარე, რომელიც სხეულს ასეთ მშვენიერებას ანიჭებს... თუკი სული ხარობს, სახესაც ამხიარულებს, ხოლო თუ მწუხარეა, ფერს აკარგვინებს და მჭმუნვარებით მოსავს. თუკი მუდმივად სიხარულშია, სხეულიც დალხენილია, ხოლო თუ მწუხარე და მგლოვიარეა, სხეულიც სუსტდება და უშნოვდება. თუ განრისხდება, სახესაც საშინელ შეხედულებას მისცემს; თუ დამშვიდდება, სახეც სასიამოვნოდ გამოიყურება. თუ შურისგანაა შეპყრობილი, სახეც უფერული და გალეულია; თუკი სიყვარულითაა აღვსილი, სახესაც განსაკუთრებულ სანდომიანობას ანიჭებს. ამგვარად, მრავალ ქალს, რომელთაც გარეგნული სილამაზე არ გააჩნიათ, სულისგან ეძლევათ სასიამოვნო შესახედაობა; სხვები კი, პირიქით, გარეგანი სილამაზით შემკობილნი, ჩრდილავენ ამ სილამაზეს, რადგან სულიერი მიმზიდველობა არ გააჩნიათ... ჭეშმარიტად, არაფერია კეთილ სულზე უფრო მშვენიერი და სასურველი.  

წმ. იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, საუბ.34.

 

როგორ არ შეძრწუნდები, როდესაც მღვდლების წინაშე იდრეკ თავს – ამ სასირცხვილოს, რომელზეც სხვადასხვაგვარი ნიღბები ჩნდება? როგორ არ აკანკალდება ეს ხელები, რომლებითაც ხატავდი შენს სატირალ სილამაზეს, რომლებსაც შემდეგ გაიწვდი საიდუმლო საზრდელისკენ (ზიარებისკენ)? მოწამეებთანაც, როცა ხალხი მათ მოსახსენებლად, ძვირფასი სისხლის პატივსაცემად, მაქებარ დასებად იკრიბება, შენ მრავალთა მაცდუნებელი სახით ჩნდები, ბაზრის მასხარასავით, რომელიც ბრბოს იზიდავს ქალაქში.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.), „На женщинъ, которыя любять наряды“.

 

რატომ გიყვარს მორთვა ასე კადნიერებით? მოუსმინე, რას ამბობს მოციქული: „სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე“ (2ტიმ. 2,22). ნუთუ არ იცი, როგორ მტერს ებრძვი? ნუთუ არ იცი, რა მძიმეა, იყო მახე სხვა სულისთვის? როგორ არ უფიქრდები, როგორ სიდამპლეს და ხრწნილებას დაიმკვიდრებენ ამგვარ საქმეთა მოქმედნი? მსურს გაცნობო, რომ თუკი გარეგანი კაცი მორთულია, ხოლო სულის საცხოვრებელი შებილწულია, მისი სილამაზე არ დააყოვნებს დაზიანებას. ხოლო თუკი სულიერ მშვენიერებას მოიპოვებ, მაშინ ამ მშვენიერებიდან და ამ ნათლიდან რაღაც გადაიღვრება გარეგან კაცზეც, და ამგვარი მშვენიერება მუდმივი იქნება.

წმ. ეფრემ ასური (IV ს.), „В подражание притчам“.

 

ბევრნი ფიქრობენ, რომ არაფერს ნიშნავს, ცნობისმოყვარეობით უყურო სხვის სილამაზეს, მაგრამ ამისგან იშვება მრუშობა და არეულობა სახლებში.

წმ. ისიდორე პელუსიელი (IV-V ს.), წერილები, ნაწ.3, წ.149.

 

ესაია, სული წმიდით აღვსილი, ამხელს სიონის ქალწულებს, მოოქროვილი და მოვერცხლილი სამოსით ცდუნებულებს, აყვედრებს დამღუპველი სიმდიდრით ავსებულებს და სოფლიური გასართობებისა და მხიარულობების გამო ღვთისგან განშორებულებს. ამბობს: „ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერხთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერხებითა თანად მომღერალნი. და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა... და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა. და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა, და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა... და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა... და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ვიაკინთისა თანამოქსოილსა... და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათვის შენთა“ (ეს. 3,16-23). აი ამაში ადანაშაულებს, ამას აღნიშნავს ღმერთი, აუწყებს, რომ აქედან წარმოიშობა ქალწულთა გარყვნა და განშორება ჭეშმარიტი და ღვთაებრივი მოკაზმულობისგან. ამაღლებულნი დაეცნენ. მოკაზმულობით თავმომწონენი სიმყრალემ და სიბილწემ დაფარა.

განა ღვთის ნებაა – ყურებს იარები გაუკეთო და ამით დატანჯო უმანკო სიყმაწვილე, სოფლიურ ბოროტებასთან უზიარებელი, რომ შემდეგ გახვრეტილ ნაჭდევებზე ძვირფასი, მძიმე თვლები დაჰკიდო, რომლებიც თუ წონით არა, მათში გადახდილი ფულითაა მძიმე. ეს ყოველივე შეცოდებულმა და ღვთისგან განდგომილმა ანგელოზებმა გამოიგონეს, როდესაც თავისი ზეციური სამყოფელი დატოვეს და ძირს დაეცნენ. მათ, თავისი წამხდარი ბუნებისგან აღძრულებმა, ასწავლეს წარბების გაშავება, ლოყებზე ყალბი სიწითლის წასმა, თმების შეღებვა მათთვის არაბუნებრივ ფერად, სახისა და თავის ნაკვთების გადასხვაფერება.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი (III ს.), „Об одежде девственниц“.

 

ვადგენთ, რომ არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ შეიმოსოს, არც დედაკაცმა – სამამაკაცო. (VI მს.კრ. კან. 62).

 

ვინც სხეულის გამშვენებისთვის ზრუნავს, მას არ სცალია სულიერზე იზრუნოს; რამეთუ რითიცაა დაკავებული მავანის გონება, მისთვის ცდილობს, მას ეძიებს, მასზე ხარჯავს დროს. „სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“ (მათ. 6,21).

წმ. ტიხონ ზადონელი (XVIII ს.), „Об истинном христианстве“, თ. 4.

 

საღმრთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ იყვნენ  მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა. გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანსა სამკაულსა უმეტესად პატივს-სცემს იგი და ეძიებს, ვიდრე შინაგანსა ღირსებასა; მაშასადამე არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურთიერთ შორის კავშირი: ერთი ნაკლულევანება მოიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვის, რათა მოაწონოს თვისი პირი-სახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი. „მორცხვედ და ღირსებით შემკობად“ ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ (1864) წელსა.

 

რა იქნება ჩვენს თავს იმ საუკუნეში, როცა ყველაფერი, რაც ამ სოფელში გვაცდუნებდა – სიმდიდრეც, პატივიც, საჭმელ-სასმელიც, სამოსიც, მშვენივრად გაწყობილი სახლ-კარიც, და ყველა მიმზიდველი ნივთი, – ვამბობ, რა იქნება, როცა ეს ყველაფერი დაგვტოვებს, როცა ეს ყველაფერი აღმოჩნდება ჩვენთვის სიზმრად და როცა მოგვეთხოვება რწმენისა და სათნოების საქმეები, თავშეკავების, სიწმინდის, სიმშვიდის, სიმდაბლის, მოწყალების, მოთმინების, მორჩილების და სხვა საქმეები?

წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX ს.), „Моя жизнь во Христе“.

 

ქრისტიანებო! უმჯობესია სხეულის ათასობით სამკაულს გამოვეთხოვოთ, ვიდრე ყოვლისმხედველს (უფალს) წარუდგინოთ უმცირესი ლაქა სულში და სინდისში. თუნდაც ძონძებით ვიყოთ შემოსილნი, ოღონდაც ის სამეფო სამოსელი შევინარჩუნოთ, რომლის შესახებ დაწერილია: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალატ. 3,27). ამინ.

წმ. მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი (XIX ს.), „ქრისტიანის სამოსის შესახებ“.

 

ნუ მიბაძავთ მოდას! ის ადამიანებს მოკრძალების დაკარგვას აიძულებს. მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავი უნდა შეიმკოს არა თმების წნულებით, არა სამოსით, არამედ სიმდაბლით, სიმშვიდით და მორცხვობით. ამიტომაც დედებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი ქალიშვილები სახლშიაც კი მოკრძალებით იცვამდნენ, ხოლო ტაძარში, და მით უფრო მონასტერში, განსაკუთრებით მოკრძალებული სამოსით დადიოდნენ, რომ არავინ დააბრკოლონ და უფალი არ განარისხონ.

სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო (†1980 წ.), „Советы и наставления“.

 

თუკი ქრისტიანებისთვის ტანსაცმლის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ დაიცვას საცდურისაგან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები, ახალი მოდები უპირატესად ამის საწინააღმდეგო მიზანს ისახავენ: ყურადღება მიაქციონ ადამიანის სხეულს და გამოიწვიონ ავხორცული გრძნობა. ისინი, ვინც ნახევრადშიშვლები დადიან და ამასთანავე ირწმუნებიან, რომ არ გრძნობენ ვნებას, თავს იტყუებენ. ისინი ჰგვანან მთვრალს, რომელიც ირწმუნება, რომ ფხიზელია – ეს მიწა ირწევა მის ფეხქვეშ. როდესაც ჩლუნგდება სირცხვილის გრძნობა, შორდება მადლი, ვნება ხდება განუწყვეტელი მდგომარეობა კაცისა და ის უკვე ვეღარ ხედავს მას (ვნებას), როგორც თევზი ვერ ხედავს წყალს, რომელშიც დაცურავს.

ხატებზე ანგელოზები თეთრ, გრძელ სამოსელში არიან გამოსახულნი, ხოლო დემონი – შიშველი, ნახშირივით შავი, რაც მადლის სრულ დაკარგვას ნიშნავს. განსაკუთრებით დაუშვებელია ნახევრადშიშველი დგომა ტაძარში, ღვთის წინაშე ...

... უბიწოება არის ყოვლისმომცველი მცნება. ის უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და გამოვლინდეს გარეგანში. ქრისტიანი უბიწო უნდა იყოს ხალხის წინაშეც და მარტო ყოფნის დროსაც. უბიწოების გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, ხოლო მადლის გარეშე – სიხარული ამ ქვეყანაზე და მარადიული ცხოვრება ზეცაში.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), „სამოსლისა და უბიწოების შესახებ“.

 

ამბობდა ღირსი იოანე კიბის აღმწერელი: „კეთილი ღმერთი იმითაც ავლენს ჩვენდამი დიდ ზრუნვას, რომ მდედრობითი სქესის ურცხვობას სირცხვილით აკავებს, როგორც ერთგვარი აღვირით; რამეთუ ქალები თვითონ რომ მირბოდნენ კაცებთან, ვერ ცხონდებოდა ვერცერთი ხორციელი“ (კიბე, 15,72). ჰოი, წმიდაო იოანე! ჩვენ, საწყლებმა, მივაღწიეთ იმ დროებას, როცა მრავალი ქალი, ბორგნეული ცხენების მსგავსად, წყვეტს სირცხვილის აღვირს, და ზნეობისა და წესიერების შესახებ ყველა პატიოსანი შეხედულების დამთრგუნველი, სიძვის სულით შეპყრობილი, თითქმის გაშიშვლებული დანავარდობს ხალხმრავალი ქალაქების ქუჩებში, სოფლების მტვრიან გზებზე, არ ერიდებათ კაცების და მოზარდების ვნებიანი, გულისთქმით განხურვებული მზერისა. უკვე მრავალი ახალგაზრდა თუ ხნიერი ქალბატონი, მეტისმეტად გამომწვევად ჩაცმული, არა თუ არ წითლდება ხალხის ამგვარი ყურადღების გამო, არამედ ცდილობს თავისი სხეულისკენ უცხო მზერები მიიზიდოს და ყველა ხერხით აღძრას მათში მოურიდებლობა. ისინი ყველაზე ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ეს არ გამოსდით...

... რამდენია დღეს ისეთი, ვინც შეგნებულად თუ თავისი დანაშაულის ნაკლებ გაცნობიერებით მონაწილეობს ამ „ბაბილონის სახმილის“ გაჩაღებაში! მაგრამ ნუთუ არ ვიცით, რა დამღუპველია მოყვასისთვის საცდურის დადება? ნუთუ არ გვახსოვს უფლის სიტყვები: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა, გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქვილის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა“ (მარკ. 9,42); ასევე: „ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18,7). ვაი შენც, დედაკაცო, როცა უკრძალველად შემოსილხარ და მამაკაცთა საზოგადოებაში მიდიხარ! და თავს ნუ მოიტყუებ: როცა ამგვარად იქცევი – სხეულს იშიშვლებ, ან შემოტკეცილ სამოსს იცვამ, რომ შენი ტანის ხიბლები წარმოაჩინო, – აქ უცილობლად იმალება სიძვის ვნება, ლტოლვა იმისკენ, რომ მამაკაცთა გულებში ავხორცული გულისთქმა აღძრა, ანუ სწორედ ის „საცდური“, რომლისათვის „ვაი“ შენდა.

შესაძლოა აქ არაა ცხადი მიზანი ვინმეს ცოდვაში ჩაგდებისა, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამცირებს. თუნდაც იდუმალი, ჩვენს მიერ არც მთლად გაცნობიერებული ავხორცობა, მაინც შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულს, ხოლო როცა იგი ჩვენს გარეგნულ საქციელში გამოვლინდება, უკვე საცდურად იქცევა, მოყვასის დამაბრკოლებელ მიზეზად, შხამად, რომელიც ჩვენს გარშემომყოფ ადამიანთა სულებს განგმირავს, და ამიტომ ის აღარაა მცირე ცოდვა. უფალმა თქვა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5,28). გამოდის, რომ შეიძლება ითქვას: დედაკაცო, შენ სახლიდან გამოხვედი ეროტიკულად მიმზიდველ სამოსში, ქალაქში ნახევრად შიშველი დადიოდი, დღეს მრავალს უჩვენე შენი სხეულის სილამაზე, მრავალი მზერა დაატკბე შენი გარეგნობის საამურობით. მაშ იცოდე, რომ ამ დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და „ვაი“ შენდა, რამეთუ შენს მიერ დღეს ქუჩებში „საცდური“ დადიოდა.

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), „ბაბილონის სახმილში“.

 

სადამდე დაეცნენ ადამიანები! გამომიგზავნეს ერთი პატარძლის ფოტო, ლოცვის თხოვნით, რომ მისი ქორწინება ბედნიერი ყოფილიყო. მისი საქორწინო კაბა მეტისმეტად უხამსი იყო. ასე ჩაცმა ნიშნავს უპატივცემულო დამოკიდებულებას საიდუმლოს მიმართ, ეკლესიის წმიდა გარემოს მიმართ. სულიერი ადამიანებიც არ უფიქრდებიან, სხვებს რაღა უნდა მოსთხოვო? ამიტომ ვამბობ, რომ თუკი მონასტრებიც აღარ იქნება შემაკავებელი ძალა, მაშინ სხვა ვერანაირი მუხრუჭი ვერ მოიძებნება. დღეს ადამიანები მოუთოკავნი არიან, მუხრუჭები არ გააჩნიათ.

ბერი პაისი მთაწმინდელი (†1994 წ.), ტ.1, ნაწ.3, თ.5.

 

ერთხელ მამა პორფირის წმ. კონსტანტინეს ტაძრის (ომონიაზე) სიახლოვეს მოუწია გავლა და ტაძარში შევიდა ხატების მოსალოცად. ტაძრიდან რომ გამოვიდა, მასთან ცოლ-ქმარი მივიდა გოგონასთან ერთად. მეუღლეებმა ჰკითხეს, ხომ არ დაუთმობდა მათ ერთ წუთს. მამა პორფირიმ მიუგო, რომ ის ამ ტაძრის მღვდელმსახური არ იყო. არა უშავს, – მიუგეს მათ, – ჩვენ მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმა გვინდოდა. ეს ხომ არ იქნება ძალიან დამამძიმებელი?

ჩვენ გვყავს ქალიშვილი, – წამოიწყო საუბარი ქმარმა, – და ჩემმა ცოლმა დაიჟინა, რომ ბავშვმა შარვალი უნდა ჩაიცვას. მე არ ვეთანხმები და არ მსურს, რომ მან შარვლით იაროს. ჩვენი შეხედულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამგვარად, გადავწყვიტეთ მივიდეთ მღვდელთან, ნებისმიერ მღვდელთან, მოვუყვეთ ჩვენი კამათის შესახებ და ისე გადავწყვიტოთ, როგორც ის გვეტყვის.

მამა პორფირიმ მაშინვე უთხრა, რომ ეს უბრალო საკითხი არაა. შემდეგ აუხსნა, რომ პასუხის მოძებნა შეიძლება წმიდა წერილში და ეკლესიის წმიდა კანონებში. პასუხს თვით ბუნებაც გვკარნახობს, რადგან ქალის ბუნება განსხვავდება კაცის ბუნებისაგან, როგორც სულიერად, ისე ხორციელადაც. ეს განსხვავება სამოსითაც აღინიშნება. ბერმა აგრეთვე ურჩია, წაეკითხათ „მეორე სჯულისა“ (22,5), სადაც წერია, რომ მამაკაცებს ეკრძალებათ დედაკაცის სამოსის ჩაცმა, ხოლო დედაკაცებს – მამაკაცისა.

მამა პორფირიმ აუხსნა მათ, რომ კაცის ტანსაცმლით სიარული ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ქალის ბუნებაზე და ძალიან ხშირად ქალი იწყებს კაცივით მოქცევას. ბუნებრივია, გადახრა ხდება მაშინაც, როდესაც ყმაწვილები ან კაცები ქალის ტანსაცმელს ატარებენ.

ბერი კიდევ დიდხანს საუბრობდა. ის შეეხო ამ საკითხის ყველა ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ ასპექტს, იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეიძლება ქალისთვის კაცის სამოსით სიარული, ხოლო კაცისთვის – ქალის სამოსით. ცოლ-ქმარი დაეთანხმა მამა პორფირის სიტყვებს და დიდი სარგებელი მიიღეს ამ თითქოსდა შემთხვევითი, მაგრამ საკვირველი შეხვედრით.

წიგნიდან: Старец Порфирий Кавсокаливит, Цветослов советов. Афон, 2008.

 

 

  

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა