ტროპარი:
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყვენ მოწაფენი აღთქუმითა მით სულისა წმიდისაჲთა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი:
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
|
„და აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20)
... გარნა ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ“, არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღსრულდნენ თავის დროზედ; გარნა უფალი იტყვის: „მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება, მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: „მამა ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“. გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: „მე თქვენთანა ვარ“, მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობელ შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედა, არ გიყვარს იგი და მისთვის არ იცი მისი დაახლოება.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
|