martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

სახარება ჭეშმარიტი და ყალბი მლოცველის შესახებ

 

ერთი კაცი ტყეში წავიდა ფიცრებისთვის ხის შესარჩევად. დაინახა გვერდიგვერდ მდგარი ორი ხე. ერთი მათგანი გლუვი და გამართული იყო, მაგრამ შიგნიდან დამპალი. მეორე გარეგნულად ხორკლიანი და შეუხედავი იყო, გული კი ჯანსაღი ჰქონდა. ამოიოხრა კაცმა და თავს უთხრა: "რად მინდა ეს გლუვი და მაღალი ხე, როცა დამპალია და ფიცრებისთვის არ გამოდგება? ის მეორე, მართალია ხორკლიანი და შეუხედავია, მაგრამ შიგნით ჯანსაღია; და თუკი მასზე ცოტა მეტს წავიმუშავებ, ჩემი სახლის ფიცრებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება". ბევრი აღარც უფიქრია და მეორე ხე აარჩია.

ასევე ღმერთი, თავისი სახლისთვის ორი კაციდან ირჩევს არა იმას, ვინც გარეგნულად მართალი ჩანს, არამედ იმას, ვისაც გული ღვთის სიმართლით აქვს აღვსებული.

არ არიან ღვთისათვის სათნო ამპარტავანნი, რომელთა თვალნი ზეცად იმზირებიან, ხოლო გულნი სავსე აქვთ მიწით; მისთვის სათნონი არიან მდაბალნი და მშვიდნი, რომელთა თვალნი მიწისკენ არიან დახრილნი, გულნი კი ზეცით აქვთ აღსავსე. კაცთა დამბადებელს უყვარს, რომ ადამიანები თავის ცოდვებს ჩამოთვლიდნენ მის წინაშე და არა კეთილ საქმეებს. ღმერთი მკურნალია, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის სასთუმალთან მოისწრაფის და გვეკითხება: "რა გაწუხებს?" ბრძენია ის კაცი, რომელიც მკურნალის მასთან ყოფნით ისარგებლებს და მოუყვება თავისი ყველა სნეულებისა და უძლურების შესახებ. უგნურია ის, ვინც დამალავს თავის სნეულებებს, სისუსტეებს და მკურნალის წინაშე სიჯანსაღით მოიწონებს თავს. თითქოსდა მკურნალი ადამიანებთან სიჯანსაღის გამო მიდიოდეს და არა სნეულების გამო! "ცოდვის ჩადენა ბოროტებაა, – ამბობს ბრძენი ოქროპირი, – მაგრამ აქ დახმარება შესაძლებელია; ხოლო შეცოდება და ამის დამალვა უდიდესი ბოროტებაა, რადგან აქ შველა შეუძლებელია".

ამიტომაც ვიყოთ ბრძენნი და ღვთის წინაშე ლოცვად რომ დავდგებით, ვიდგეთ, როგორც ყველაზე საუკეთესო და ყველაზე მოწყალე ექიმის წინაშე, რომელიც ზრუნვითა და სიყვარულით ეკითხება ყოველ ჩვენგანს: "რა გტკივა?" დაუყოვნებლივ მოვუყვეთ საკუთარი სნეულებების, ჭრილობების, ცოდვების შესახებ.

ამას გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში იგავით მეზვერესა და ფარისეველზე. სახარებაში ნათქვამია, რომ ეს იგავი უფალმა წარმოთქვა იმათ შესახებ, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ თავის სიმართლეში და სხვებს შეურაცხყოფდნენ. განა შენც იმათ არ ეკუთვნი, ვისაც უფალმა ამ იგავით მიმართა? ნუ კი აღშფოთდები, არამედ აღიარე შენი სნეულება, შეგრცხვეს მისი და მიიღე წამალი, რომელსაც ყველაზე საუკეთესო და ყველაზე მოწყალე მკურნალი გთავაზობს. ერთ საავადმყოფოში მრავალი სნეული იყო. ერთნი სიცხიანები იწვნენ და მოუთმენლად ელოდნენ ექიმის მოსვლას; სხვები სეირნობდნენ, თავს ჯანმრთელად თვლიდნენ და ექიმის დანახვა არ სურდათ. ერთ დილას ექიმი მოვიდა პაციენტების სანახავად. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი, რომელსაც სნეულთათვის გადასაცემი დაჰქონდა. ამ მეგობარმა დაინახა სიცხიანი ავადმყოფები და შეებრალა.

– არსებობს მათთვის წამალი? – ჰკითხა ექიმს. ექიმმა ყურში ჩასჩურჩულა:

– მათთვის, ვინც სიცხიანი წევს, წამალი არსებობს, ხოლო მოსეირნეებისთვის წამალი არ არის... ისინი განუკურნებელი სნეულებით არიან დაავადებულნი; შიგნიდან მთლად გამომპალნი არიან.

ექიმის მეგობარს ძალიან გაუკვირდა. გაუკვირდა ორი რამ: ადამიანთა სნეულებების საიდუმლო და ის, რომ კაცის თვალი სანდო არ ყოფილა.

ახლა კი წარმოიდგინე: ჩვენც ამ მსოფლიო საავადმყოფოში ვიმყოფებით სამკურნალოდ. სნეულება ყველას ერთი გვჭირს, მისი სახელია – სიცრუე. ეს სიტყვა ყველა ვნებას მოიცავს, ყველა მანკიერებას, ყველა ცოდვას – მოკლედ, ჩვენი სულის, გულისა და გონების ყველა სისუსტეს და მთელ დაუძლურებას. ზოგი ავადმყოფი ახლახანს დასნეულდა, სხვების სნეულება გაცხარებულია, მესამენი კი ჯანსაღდებიან. თუმცა ადამიანის ამ შინაგან სნეულებას ის თვისება აქვს, რომ მხოლოდ სიჯანსაღეს მიახლოებულებმა უწყიან, რა საშინელი ავადმყოფობა გადაიტანეს. ყველაზე მძიმედ სნეულები ყველაზე ნაკლებად გრძნობენ თავის სნეულებას. ხორციელი სნეულების დროსაც, მაღალი სიცხისას კაცი ვერც საკუთარ თავს აცნობიერებს და ვერც თავის ავადმყოფობას. გიჟიც არასოდეს იტყვის, რომ გიჟია. სიცრუის გზაზე ახლად შემდგართ გარკვეული დროის განმავლობაში რცხვენიათ თავისი სნეულებისა, მაგრამ ცოდვების გამეორებას სწრაფად მიჰყავს ისინი ცოდვიან ჩვეულებამდე, ხოლო ამ ჩვეულებას სიცრუით თრობამდე და ცდუნებამდე, როცა სული ვეღარც საკუთარ თავს აცნობიერებს და ვეღარც თავის სნეულებას. ახლა კი წარმოიდგინე, რომ საავადმყოფოში მოდის ექიმი და კითხულობს:

– რა გტკივა?

ისინი, ვინც ახალი დასნეულებულია, სირცხვილით ვერ გაბედავენ აღიარონ თავისი ავადმყოფობა და იტყვიან:

– არაფერი.

ისინი, ვისი სნეულებაც გაცხარებულია, განაწყენდებიან კიდეც ასეთი კითხვის გამო და არა მარტო იტყვიან:

– არაფერი გვაწუხებს! – არამედ თავის ქებასაც კი მოჰყვებიან საკუთარი სიჯანსაღით. და მხოლოდ სიჯანსაღეს მიახლოებულნი ამოიოხრებენ და ეტყვიან ექიმს:

– ყველაფერი გვტკივა, ყველაფერი! შეგვიწყალე და გვიშველე!

"თუკი გეშინია საკუთარი ცოდვების აღიარებისა, მაშინ მზერა ჯოჯოხეთის ალს მიაპყარი, რომლის ჩაქრობა მხოლოდ აღსარებას შეუძლია" (ტერტულიანე. სინანულის შესახებ).

ამგვარად, დაუფიქრდი ამ ყოველივეს, მოისმინე ქრისტეს იგავი და თავად განსაჯე, რამდენად გეხება შენ. თუკი გაკვირვებით იტყვი: "ეს იგავი მე არ მეხება", – ჩანს, დასაწყისში ყოფილხარ სნეულებისა, რომელსაც სიცრუე ეწოდება. თუ აღშფოთებით იტყვი: "მე მართალი ვარ, ეს იგავი კი ჩემს გარშემო მყოფ ცოდვილებს ეხება", – მაშინ შენი სნეულება გაცხარებული ყოფილა. ხოლო თუკი სინანულით მკერდში ხელს იცემ და ამბობ: "ჭეშმარიტად, სნეული ვარ და მკურნალი მჭირდება", – ეს ნიშნავს, რომ განკურნების გზას ადგახარ. ამ შემთხვევაში ნუ გეშინია – განიკურნები.

 "ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე". ორი კაცი, ორი ცოდვილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფარისეველი თავს ცოდვილად არ თვლიდა, მეზვერე – თვლიდა. ფარისეველი ეკუთვნოდა მაშინდელი საზოგადოების ყველაზე პატივცემულ ფენას, მეზვერე – ყველაზე მოძაგებულს.

"ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა". ფარისეველი დადგა ტაძრის წინა ნაწილში, საკურთხეველთან, თანახმად ფარისეველთა ჩვეულებისა – გააღწიონ წინა ადგილებისკენ. ის, რომ ფარისეველი მთლად წინ დადგა, ჩანს შემდგომი აღწერიდან, სადაც ნათქვამია, რომ მეზვერე მოშორებით იდგა. ისეთია ფარისევლის ამპარტავნება და საკუთარ სიმართლეში, ანუ სულიერ სიჯანსაღეში დარწმუნება, რომ ის პირველობას ეძებს არა მხოლოდ ხალხის, არამედ ღვთის წინაშეც, და ეძებს მას არა მარტო ლხინისა და შეკრებების, არამედ ლოცვის დროსაც. მხოლოდ ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ფარისეველი მძიმედაა დაავადებული სიცრუით და ფესვგამდგარია მასში.

რატომაა ნათქვამი: "ილოცვიდა თვისაგან"? და არა – ხმამაღლა? იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად ისმენს, თუ რას ეუბნეა გული, და არა ენა. ის, რასაც კაცი ფიქრობს და გრძნობს ლოცვისას, უფრო მნიშვნელოვანია ღმერთისთვის, ვიდრე ის, რასაც ენა წარმოთქვამს. ენამ შეიძლება მოიტყუოს, მაგრამ გული არ იტყუება, ის წარმოაჩენს კაცს ისეთად, როგორიც არის – შავი თუ თეთრი.

"ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი".

ამის თქმას ბედავს ცოდვილი კაცი ტაძარში, ღმერთის წინაშე! რა არის ტაძარი, თუ არა ადგილი, სადაც სნეული მკურნალს ხვდება. ცოდვით სნეულნი მოდიან, რომ აღუარონ თავისი სნეულება ღმერთს – მკურნალს, რომ შესთხოვონ წამალი და სიჯანსაღე მას, ვინც არის ადამიანთა ყველა მწუხარებისა და უძლურების ჭეშმარიტი მკურნალი და ყველა სიკეთის მომნიჭებელი. ნუთუ მიდიან ჯანმრთელნი საავადმყოფოში იმისთვის, რომ ექიმის წინაშე თავი მოიწონონ საკუთარი სიჯანსაღით? მაგრამ ეს ფარისეველი ტაძარში მივიდა, რათა დაეკვეხნა თავისი სიჯანსაღით, არა როგორც ჯანსაღი სულის მქონე კაცი, არამედ როგორც სიცრუით მძიმედ სნეული, რომელიც სნეულებისაგან ბოდავს და ვეღარ გრძნობს თავის სნეულებას. ერთხელ, როდესაც სულიერად დაავადებულთა საავადმყოფოში მივედი, ექიმმა მიმიყვანა გისოსებთან, რომელთა მიღმა იყო განსაკუთრებით მძიმე სულიერი ავადმყოფი.

– როგორ ხარ? – შევეკითხე მას. მაშინვე მომიგო:

– როგორ ვიქნები ამ გიჟებში?

ასევე ამბობს ფარისეველიც: "ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი". სინამდვილეში, ღმერთს რომ მადლობს, ფარისეველს არ სურს ღმერთის წყალობად ჩათვალოს ის, რომ არ არის ისეთი, როგორც სხვები. არა; სიტყვები: "ღმერთო, გმადლობ შენ", – მხოლოდ სიტყვის დართვაა, პირფერული შესავალი, მიმართვა ღვთისადმი, რომ მან ინებოს ფარისევლის ტრაბახის მოსმენა. იმ ყველაფრით, რაც მან წარმოთქვა, სულაც არ მადლობს ღმერთს; პირიქით, ის ღმერთს გმობს, რაკი გმობს ღვთის სხვა ქმნილებებს. ის ღმერთს არაფრისთვის არ მადლობს, რადგან ყველაფერი, რაც საკუთარი თავის შესახებ თქვა, აღნიშნა როგორც საკუთარი დამსახურებები, ღვთის შეწევნის გარეშე მოპოვებულნი. მას არ სურს იმის თქმა, რომ ის არაა მტაცებელი, მჩაგვრელი, მემრუშე და მეზვერე, რადგან ღმერთმა დაიფარა იგი თავისი ძალითა და წყალობით. არანაირად; მას მხოლოდ ამის თქმა სურს: ის თვითონ არის ისეთი განსაკუთრებული გვარისა და ფასეულობის ადამიანი, რომ მთელს მსოფლიოში არავინაა მისი სწორი. და იმის გარდა, რომ ის ასეთი განსაკუთრებული გვარისაა, თავადაც დაურთავს ძალისხმევას და მსხვერპლს სწირავს, რათა დარჩეს ამ არაჩვეულებრივ სიმაღლეზე, ყველა ადამიანზე მაღლა. სახელდობრ, ის კვირაში ორჯერ მარხულობს და თავისი შენაძენიდან მეათედს გასცემს. ოჰ, ცხონების როგორი იოლი გზა აირჩია ფარისეველმა, უფრო იოლი, ვიდრე წარწყმედის უიოლესი გზა! ყველა მცნებისგან, რომლებიც მოსეს საშუალებით ღმერთმა ხალხს მისცა, მან მხოლოდ ორი აირჩია, ყველაზე იოლები. მაგრამ სინამდვილეში ის ამ ორ მცნებასაც არ ასრულებს. ღმერთმა ეს ორი მცნება მოგვცა არა იმისთვის, რომ მას სჭირდება ხალხის მარხვა კვირაში ორი დღე და ათეულის შეწირვა. ღმერთს ეს სრულიად არ სჭირდება. მან ხალხს ეს და ყველა სხვა მცნება თვითმიზნად არ მისცა, არამედ იმისთვის, რომ ღვთის წინაშე სიმდაბლისა და ღვთის მორჩილების ნაყოფი მოიტანონ, ღვთისა და ადამიანის სიყვარულის ნაყოფი; ერთი სიტყვით, რათა გაათბონ, მოალბონ და გაანათლონ ადამიანის გული. ხოლო ფარისეველი ამ ორ მცნებას უმიზნოდ ასრულებს. ის მარხულობს და მეათედს სწირავს, მაგრამ სძულს ადამიანები, შეურაცხყოფს მათ და ამაყობს ღვთის წინაშე. ამგვარად, ის უნაყოფო ხის მსგავსი რჩება. ნაყოფი გულშია და არა მარხვაში; ნაყოფი არც მცნების აღსრულებაშია, ნაყოფი გულშია. ყველა მცნება და ყველა კანონი გულს ემსახურება: ათბობენ მას, ანათლებენ, რწყავენ, შემოზღუდავენ, მარგლავენ, თესავენ – ოღონდაც ნაყოფი აღმოცენდეს გულის ყანაზე, გაიზარდოს და დამწიფდეს. ყველა კეთილი საქმე საშუალებაა და არა მიზანი, მეთოდი და არა ნაყოფი. მიზანი გულშია და ნაყოფიც გულშია.

ამგვარად, ფარისეველმა თავისი ლოცვით ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა. მან გამოაჩინა არა საკუთარი სულის მშვენიერება, არამედ სიმახინჯე; თავისი სიჯანსაღე კი არ გამოაჩინა, არამედ – სნეულება. ქრისტეს სწორედ ამის წარმოჩენა სურდა თავისი იგავით, და არა მხოლოდ ამ ფარისეველში, არამედ ზოგადად ფარისეველთა დაჯგუფებაში, რომელიც მაშინ გაბატონებული იყო ისრაელის ხალხში. ასევე, ამ იგავით უფალს სურდა გამოეაშკარავებინა და ემხილებინა ქრისტიანთა ყველა თაობაში, აგრეთვე ჩვენშიც, ყალბი ღვთისმოსაობა და ცრუ ფარისევლობა. განა დღესაც არ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლების ზუსტად ისე ლოცულობენ ღვთის წინაშე, როგორც ეს ფარისეველი? ნუთუ ცოტანი არიან ისეთები, რომლებიც ლოცვას იწყებენ მეზობლების დადანაშაულებითა და გმობით, ხოლო ამთავრებენ თავის ქებით? ნუთუ მცირედნი არიან ისეთები, რომლებიც ღვთის წინაშე დგანან, როგორც გამსესხებელი მოვალის წინაშე? განა მრავალი თქვენგანი არ ამბობს: "ღმერთო, მე ვმარხულობ, დავდივარ ეკლესიაში, სახელმწიფოს გადასახადებს ვუხდი და ეკლესიას ფულს ვწირავ, მე ისეთი არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები, მტაცებლები და ფიცის გამტეხები, უღმერთოები და მემრუშეები, რომლებმაც მაწყენინეს. საით იყურები, ღმერთო? რატომ არ დახოცავ მათ, მე კი არ დამაჯილდოვებ ყველაფრისათვის, რასაც შენთვის ვაკეთებ? ნუთუ ვერ ხედავ, ღმერთო, ჩემი გულის სიწმინდეს და სულის სიჯანსაღეს?" მაგრამ იცოდე, რომ "არც ღმერთი მოგატყუებს და ვერც შენ მოატყუებ ღმერთს" (ღირსი მაქსიმეს გამონათქვამი, ხს. 11 ნოემბერს. აი მისი სხვა გამონათქვამებიც: "ყველა არ ლოცულობს, ვინც ჯვარს იწერს". ფარისეველი ისაა, ვინც "წვერით აბრაამია, ხოლო საქმით ქამი").

ასე ამბობენ ისინი, ხოლო ღმერთი უსმენს და სახლში ხელმოცარულებს უშვებს, ეუბნება: "როგორც ასეთებს, არ გიცნობთ თქვენ". და საშინელ სამსჯავროზე ეტყვის მათ: "არა გიცნი თქუენ". ღმერთი თავის მეგობრებს სცნობს არა ენის, არამედ გულის მიხედვით; და აფასებს ლეღვის ხეს არა ფოთლებით, არამედ ნაყოფით.

აი, როგორ უნდა ლოცულობდეს ჭეშმარიტი მლოცველი:

"ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას". – "შორს დგა!" ჭეშმარიტი მლოცველი წინ არ მიიწევს, ტაძრის წინა ნაწილში. რად სჭირდება ეს? ღმერთი ხედავს მას სტოვაში ისევე, როგორც საკურთხევლის სიახლოვეს. ჭეშმარიტი მლოცველი ყოველთვის ჭეშმარიტი მონანულია. "კაცის სინანული ღმერთისთვის დღესასწაულია", – ამბობს ღირსი ეფრემ ასური. "შორს დგა". ის გრძნობს თავის არარაობას ღვთის წინაშე და მთლიანად სიმდაბლითაა აღვსილი ღვთის დიდებულების წინაშე. იოანე ნათლისმცემელი, უდიდესი დედათაგან შობილთა შორის, შეუშინდა ქრისტესთან სიახლოვეს, ამბობდა, არა ვარო ღირსი მისი ფეხსაცმლის თასმის გახსნისა. ცოდვილი ქალი, ქრისტეს ფეხებს რომ ჰბანდა, თავისი ცრემლით დაალტობდა მათ. ამგვარად, ჭეშმარიტი მლოცველი დიდ სიმდაბლეშია და ხარობს, თუკი ღმერთი თუნდაც თავის ფეხებთან მიუშვებს.

 "არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად". რატომ არ იხედებოდა ზეცისკენ? თვალები – სულის სარკეა. თვალებში შეიძლება სულის ცოდვის წაკითხვა. ნუთუ ვერ ხედავთ ყოველდღიურად, ცოდვის ჩამდენი კაცი ხალხის წინაშე თვალებს დაბლა რომ ხრის? ცოდვილმა როგორ არ უნდა დახაროს თვალები უზენაესი ღმერთის წინაშე? ყოველი ცოდვა, კაცთა წინააღმდეგ ჩადენილი, ჩადენილია ღმერთის წინააღმდეგ; არ არსებობს ქვეყნად ისეთი ცოდვა, ღმერთის წინააღმდეგ რომ არ იყოს მიმართული. ჭეშმარიტი მლოცველი აცნობიერებს ამას და სიმდაბლის გარდა ის ღვთის წინაშე სირცხვილითაცაა აღვსილი. ამიტომაცაა ნათქვამი: "არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად". "იცემდა მკერდსა". რატომ ირტყამდა მკერდზე? რათა ამით გამოეჩინა, რომ სხეული მიზეზია კაცის მიერ ჩადენილი ცოდვისა. ხორციელ გულისთქმას კაცი ყველაზე მძიმე ცოდვებისკენ მიჰყავს. გემოთმოყვარება შობს ავხორცობას; ავხორცობა – მრისხანებას; მრისხანება – მკვლელობას. სხეულისთვის ზრუნვა ადამიანს ღვთისაგან განაშორებს, სულს აღარიბებს და კლავს საღვთო მოშურნეობას. ამიტომ სცემდა მეზვერე ლოცვისას თავის სხეულს, სცემდა თავისი ცოდვის, დამცირებისა და ღვთის წინაშე სირცხვილის მიზეზს. მაგრამ რატომ ირტყამდა მკერდზე და არა თავში ან ხელებზე? იმიტომ, რომ მკერდში გულია, ხოლო იგი წყაროა ცოდვისაც და სათნოებისაც. თვით უფალმა თქვა: "კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა" (მარკ. 7, 20-23). აი რატომ ირტყამდა მეზვერე გულზე.

ის ამბობდა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას". არ ჩამოთვლის თავის არც კეთილ, არც ბოროტ საქმეებს. ღმერთმა ყველაფერი იცის. და ღმერთი ითხოვს არა ჩამოთვლას, არამედ შემუსვრილ სინანულს ყველაფრის გამო. "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას". ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია. ღმერთო, შენ მკურნალი ხარ, მე კი – სნეული. მხოლოდ შენ შეგიძლია განკურნება, და მხოლოდ შენსკენ მოვილტვი. შენ მკურნალი ხარ და შენი წყალობა წამალია. ამ სიტყვებით: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას", მონანული თითქოს ამას ამბობს: "მკურნალო, მომეცი წამალი სნეულს! ქვეყნად არავის შეუძლია ჩემი განკურნება შენს გარდა, ღმერთო. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ (ფს. 50,6). ადამიანები, როგორი მართლებიც გინდა იყვნენ, ვერაფრით დამეხმარებიან, თუკი შენ არ დამეხმარები. ვერაფერი მიშველის: ვერც ჩემი მარხვა, ვერც მეათედის შეწირვა, ვერც ჩემი ყველა კეთილი საქმე, თუკი შენი წყალობა არ გადმოეღვრება ზეთივით ჩემს ჭრილობებს. კაცთამიერი ქება-დიდება ვერ კურნავს ჩემს ჭრილობებს, აწყლულებს მათ. შენ, შენ ერთადერთმა იცი ჩემი სნეულება; და მხოლოდ შენ გაქვს წამალი. არა აქვს აზრი სხვა ვინმესთან წასვლას, არა აქვს აზრი სხვა ვინმესთვის თხოვნას. თუკი შენ განმაგდებ, მთელი ქვეყნიერება ვერ შეძლებს ჩემს შეკავებას უფსკრულში ჩავარდნისაგან. შენ, მხოლოდ შენ ძალგიძს უფალო, თუკი ინებებ. ღმერთო, მაპატიე და მაცხოვნე! ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას".

რას ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამგვარ ლოცვაზე? "გეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი". ვის ეუბნება უფალი ამას? ყველა თგვენგანს, ვისაც გჯერათ, რომ მართლები ხართ. მეზვერე მიდის სახლში უფრო განმართლებული, ვიდრე ფარისეველი. თავისი ცოდვების თავმდაბალი აღმსარებელი სახლში უფრო განმართლებული მიდის, ვიდრე ქედმაღალი ბაქია. განმართლდა მორცხვი მონანული, და არა ურცხვი და თვითკმაყოფილი ამპარტავანი. მკურნალმა მოიღო მოწყალება და განკურნა სნეული, რომელიც სცნობდა თავის სნეულებას და წამალს ითხოვდა, მაგრამ ხელმოცარული გაუშვა ის, ვინც მკურნალთან იმისთვის მივიდა, რომ თავისი სიჯანსაღით ეტრაბახა. და ასრულებს უფალი თავის საკვირველ იგავს შემდეგი სწავლებით: "რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს". ვინ არის, რომელიც აღიმაღლებს თავს, და ვინ არის რომელიც დაიმდაბლებს თავს? საერთოდ, ვერავინ აიმაღლებს თავს ერთი იოტითაც კი, თუკი ღმერთი არ აღამაღლებს. აქ იგულისხმება ის, ვისაც ჰგონია, რომ თავს იმაღლებს, როცა მიისწრაფის პირველი ადგილისაკენ ხალხის წინაშეც და ღვთის წინაშეც; როცა თავს იქებს საკუთარი საქმეებით; როცა ამპარტავნებს ღმერთის წინაშე; როცა გმობითა და შეურაცხყოფით ამცირებს სხვა ადამიანებს, რომ ამგვარად თვითონ უფრო მნიშვნელოვან პიროვნებად წარმოჩნდეს. ყველა ამ საშუალებით, რომლებითაც ის თავის ამაღლებას ცდილობს, სინამდვილეში იმდაბლებს თავს. რადგან, რაც უფრო დიდი ჩანს იგი საკუთარ თვალში, და თუნდაც ხალხის თვალშიც, მით უფრო პატარა ხდება ღვთის თვალში. და ასეთს ღმერთი დაამდაბლებს, ოდესმე განაცდევინებს მას დამცირებას. "სანამ კაცი არ შეიძენს სიმდაბლეს, ვერ შეიძენს ჯილდოს საქმეებისთვის. ჯილდო მიეცემა სიმდაბლისთვის და არა საქმეებისთვის" (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 34). და ვინ არის, რომელიც თავს იმდაბლებს? არა ის, ვინც თავს აჩვენებს უფრო მცირედ, ვიდრე სინამდვილეშია, არამედ ის, ვინ ცოდვის მიერ მის დამცირებას ხედავს. ჭეშმარიტად, ადამიანი, რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს თავის იმაზე მეტად დამცირებას, ვიდრე ცოდვას ყავს დამცირებული. უფალი არც ითხოვს ჩვენგან სხვა დამცირებას, გარდა იმისა, რომ გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ ცოდვის მიერ ჩვენი დამცირება. ხოლო კაცისთვის, რომელიც აცნობიერებს და აღიარებს სისაძაგლეს, რომელშიაც ჩააგდო იგი ცოდვამ, შეუძლებელია უფრო ქვემოთ ჩასვლა. ცოდვას ყოველთვის შეუძლია ჩაგვიყვანოს ჩვენი დაცემის იმ სიღრმეზე დაბლა, რომლის დანახვაც ჩვენ შეგვიძლია. ღირსი მაკარი დიდი ამბობს: "მდაბალი არასოდეს დაეცემა. სად უნდა ჩავარდეს ის, ვინც ყველაზე დაბლაა. ქედმაღლობა დიდი დამცირებაა, ხოლო სიმდაბლე დიდი სიმაღლე, პატივი და ღირსებაა" (საუბარი 19).

ერთი სიტყვით: ამაღლდება ის, ვინც მეზვერესავით მოიქცევა. ფარისეველი განუკურნებელი ავადმყოფია, რომელიც ვერ ხედავს თავის სნეულებას; მეზვერე – ავადმყოფია, რომელიც იკურნება, რადგან დაინახა თავისი სნეულება, შეუვრდა მკურნალს და მიიღო წამალი. პირველი გლუვ და მაღალ ხეს ჰგავს, გამომპალი გულით, რომელიც სახლის პატრონს არაფერში გამოადგება; მეორე ჰგავს ხორკლიან და შეუხედავ ხეს, რომელსაც სახლის მეპატრონე ამუშავებს, აკეთებს მისგან ფიცრებს და შეაქვს სახლში.

დაე შეიწყალოს უფალმა ყველა მონანული ცოდვილი და განკურნოს ცოდვის სნეულებისაგან ყველა, ვინც ევედრება მას შიშითა და ძრწოლით, ადიდებს მას, როგორც მოწყალე მამას, მხოლოდშობილ ძეს და ყოვლადწმიდა სულს – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა