ღვინო და ქრისტიანული მოღვაწეობა
ნუ აიძულებ შენს ძმას, დათრობამდე სვას ღვინო, თუნდაც წლების მანძილზე სვამდეს მას, რამეთუ გემის აგებას დიდი დრო სჭირდება, მისი დამსხვრევა კი ერთ წამში, ერთი დარტყმით ხდება. (წმ. ეფრემ ასური)
ღვინო რაც შეიძლება ნაკლები დალიე. რაც უფრო მცირე რაოდენობით მივიღებთ მას, მით მეტად გაიზრდება მისი კეთილმოქმედება. (წმ. ნილოს სინელი)
სამ პატარა ჭიქაზე მეტ ღვინოს, თუნდაც დაგაძალონ, ნუ დალევ. და ნუ დაარღვევ ამ წესს თვით მეგობრების ხათრითაც კი. (წმ. აბბა ესაია)
ღვინო სითხეა და გარკვეულწილად გავლენას ახდენს მისი დამლევის საქციელზე, ამჟღავნებს ადამიანის ზნე-ჩვეულებებს. თავად ღვინო ახალს არაფერს ქმნის, მხოლოდ დაფარულს ააშკარავებს. ხალხის დასანახავად წარმოაჩენს ადამიანის თვისებებს და თვალსაჩინოს ხდის მის შინაგან, ფარულ ხასიათს. (ღირსი ისიდორე პელუსიელი)
ამქვეყნიური სიამეებით თავაშვებული ტკბობა ნაკადულივით იღვრება ღვინისგან, და დამათრობელ სასმელთან ერთად ჩვენში ავხორცული ვნება შემოდის. (წმ. ბასილი დიდი)
ღვინო ცეცხლივით ეკიდება განელებულ ვნებას; ხოლო ყოველი ნივთი, ცეცხლში შეკეთებული, აძლიერებს მის ალს. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
ერთხელ წმ. ანტონის მთაზე შესაწირავი მოიტანეს, რომელშიც ერთი პატარა ბოცა ღვინოც აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ბერმა ღვინო ჩამოასხა და ჭიქით აბბა სისოის მიაწოდა. აბბამ გამოართვა და დალია. შემდეგ მეორე ჭიქაც გამოართვა და დალია. ბერმა მესამეც მიაწოდა. მაგრამ აბბამ აღარ გამოართვა. "იკმარე, ძმაო, – თქვა მან, – ან იქნებ დაგავიწყდა, რომ ეშმაკი არსებობს?" (თემატური პატერიკი)
და რა არის დღესასწაულის აღნიშვნა, თუ არა ის, რომ, ნივთიერი საგნებისა და ყოველივე ამსოფლიურისგან განშორებულნი, მთელი გულით მივეჯაჭვოთ ღმერთს? წინააღმდეგ შემთხვევაში რაღა ვთქვათ იმ ადამიანებზე, უდაბნოებში, მთებში და გამოქვაბულებში რომ ცხოვრობენ? ნუთუ ისინი დღესასწაულს არ აღნიშნავენ? პირიქით, ისინი დიდებულად და ღვთივშვენიერად აღნიშნავენ მას თავიანთ მდუმარებაში, და აღნიშნავენ მათზე უკეთ, ვინც მდიდრული ტრაპეზით, შვებითა და განცხრომით ხვდება დღესასწაულს და ამით საკუთარ თავს აცთუნებს. ასეთებზე ამბობს წმინდა წერილი: "იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ხორცნი თქუენნი, ვითარცა დღედ დაკლვისა" (იაკ. 5,5); რამეთუ ისინი, ასეთი ადამიანები, დასაკლავად განმზადებულ ღორებს ემსგავსებიან, "რომელთაჲ ღმერთი მუცელ არს და დიდებაჲ სირცხვილსა შინა მათსა" (ფილიპ. 3,19). ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მათზე უკეთ ვიდღესასწაულოთ, თუკი ყურადღებით ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს და, ჩვენი წოდების შესაბამისად, იესო ქრისტეს ღირსეული აღმსარებლები გავხდებით. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
ნუ დალევ ღვინოს დათრობამდე, თუ არ გინდა, რომ შენი გული მთელი სიშმაგით მიეცეს ხორციელ ტკბობას. (წმ. ეფრემ ასური)
ღვინით გამოწვეული სიმხურვალე, როდესაც ის სხეულს უერთდება, ცეცხლის ალივით ეკიდება მტრის მიერ ნასროლ განხურვებულ ისრებს. ღვინო აბნელებს გონებას და ფუტკრის ნაყარის მსგავსად განამრავლებს ვნებებსა და ავხორცობას. (წმ. ბასილი დიდი)
ღვინო თავისი ბუნებით ძალიან შორსაა უბიწოებისგან. იგი აღაგზნებს ადამიანს და იწვევს მასში ხორციელ ტკბობას. (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი)
როგორც ალყაშემორტყმულ ქალაქს მოიცავს მტრის თავდასხმისას მღელვარება და შფოთი, ზუსტად ასევე ემართება სულს, როდესაც მას სიმთვრალე და გემოთმოყვარეობა ესხმიან თავს... გინდა ჩამოგითვალო, რამდენ ადამიანს მიაყენა ვნება გემოთმოყვარეობამ? ნოე დათვრა და გაშიშვლდა: გაიხსენე, რამხელა ბოროტება მოჰყვა ამას შედეგად (დაბ. IX, 21-29); ესავმა თავშეუკავებლობის გამო თავისი პირმშოობა გაყიდა და საკუთარი ძმის მკვლელობა განიზრახა (დაბ. XXV, 31-34); ისრაელი ერი "დასხდა ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად", ამიტომაც ითქვა მათდა მიმართ: "შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე, ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი" (II სჯულ. VI, 12-13). ვინც გემოთმოყვარეობასაა დამონებული, ის მეტად სახიფათო გზას ადგას. (წმ. იოანე ოქროპირი)
ყველაზე მეტად კი მონაზონი ქალებთან შეხვედრასა და ღვინის სმას უნდა მოერიდოს, რამეთუ "ღვინომან და დედათა განაყენნიან გონიერნი გონებათა" (ზირ. 19,2). (წმ. ბასილი დიდი)
ჭაბუკო! გაექეცი ღვინოს, როგორც გველს. თუ ძმების სიყვარულით ცოტას კიდეც დალევ, უფრთხილდი, ზედმეტი არ მოგივიდეს. თუნდაც მასპინძელმა დაგაფიცოს და მუხლიც მოგიდრიკოს, – ნუ მიაქცევ ამ ფიცს ყურადღებას: ხშირად ეშმაკი ჩაგვაგონებს ხოლმე, რომ ახალგაზრდებს ღვინო დავაძალოთ. კარგად იცის მზაკვარმა, რომ ღვინო და ქალები მონაზონს ღმერთისგან განაშორებენ. (პატერიკი)
...ხოლო თუ ვინმე დაგაძალებს, უთხარი: მოციქული ამბობს: "ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფეს. 5,18); მამები კი ამბობენ: "ვევედრებით ყველას, ვისაც ცხონება უნდა და ვისაც სურს სინანულით შეუვრდეს ღმერთს, თავი შეიკავონ უზომო ღვინის სმისგან, რომელიც შობს ყველანაირ ვნებას". (წმ. ბარსანოფი დიდი)
ყურს ნუ დაუგდებ თავმოთნე ადამიანების რჩევებს, რომლებმაც საკუთარი თავი მუცლისა და ხორციელი ვნებების მონად აქციეს. (წმ. ეფრემ ასური)
მე მინახავს ეშმაკისაგან მოკიცხული მოხუცი მღვდლები, რომლებიც სხვის მორჩილებაში მყოფ ჭაბუკებს ფიცით და ჯვარის წერით აიძულებდნენ სიყვარულის ტრაპეზზე ღვინისა და სხვადასხვაგვარი საჭმელის მიღებას. თუკი ეს მღვდლები ღვთისმოშიშ მოღვაწეებად არიან აღიარებული, მათი ჯვარის წერის (კურთხევის) გამო შეგვიძლია მცირედ გავხსნათ ჩვენი წესი; ხოლო თუკი ისინი უდებნი არიან, ნურად შეგვირაცხიეს ეს ჯვარის წერა, – მით უფრო, თუ ჯერ კიდევ ვიძლევით ხორციელი აღძრვისაგან. (წმ. იოანე კიბისაღმწერელი)
მოერიდეთ ღვინოს... ღვინის სმა სავსებით შეუფერებელია მონაზვნებისთვის, და, მით უფრო, მონაზონი დედებისთვის. ვინც ამ რჩევას ყურს არ ათხოვებს, ის ადვილად გაებმება დემონის მიერ დაგებულ მახეში. (მიტერიკონი)
ერთხელ ნეტარ სარას ერთი მონაზონი ეწვია და თან სანოვაგე და ღვინო მოუტანა. თავდაპირველად მან თაყვანი სცა ნეტარ დედას, შემდეგ კი თავისი მოსაკითხი გადასცა. ნეტარმა ყველაფერი გამოართვა ღვინის გარდა. "წაიღე ჩემგან ეს სულის წარსაწყმედელი", – თქვა მან. შემდეგ სტუმარს შეხედა და განაგრძო: "როგორ კადნიერდები, ასეთი ახალგაზრდა, შეეხო ღვინოს, ან, თუნდაც, მისი სურნელი იყნოსო? ნუთუ არ იცი, რომ ღვინისგან ივნეს ნოემ და ლოთმა?" "დედოფალო ჩემო, – უპასუხა მონაზონმა, – როცა ღვინოს არ ვსვამ, მუცელი მამძიმებს". ნეტარმა კვლავ მიუგო: "თუ მუცელი არ დაგამძიმებს და არ აგტკივდება, თუ შენი სხეული არ გამოიფიტება და გამომშრალ ხეს არ დაემსგავსება, როგორღა დაიმკვიდრებს შენს სულში სული წმიდის მადლი? გეშინოდეს ღმერთის! როგორ ბედავ, ასეთი ახალგაზრდა, ღვინის დალევას?! აი უკვე ორმოცდაცხრამეტი წელიწადია, რაც ამ სენაკში ვცხოვრობ, და, ღვთის მადლით, არასოდეს გავკარებივარ ღვინოს. თუმცა პირველ ხანებში დემონი ყველანაირ ძალას ხმარობდა, ჩემი კეთილი განზრახვა რომ ჩაეხშო და ღვინის სმაზე დავეთანხმებინე. რას აღარ აკეთებდა, თქმაც კი მიძნელდება. ჯერ სამწლიანი სნეულება მომივლინა, მერე კიდევ უამრავ ხერხს მიმართა ჩემს საცთუნებლად. მაგრამ, ყველა ამ სიძნელისა და უძლურების მიუხედავად, ღვთის შეწევნით დავამარცხე ჩემი გულისთქმა. დაფიქრდი, ვინც აქ ღვთის გულისათვის ყველანაირ ხორციელ შეჭირვებას და განსაცდელს არ დაითმენს, როგორღა შეიწყალებს მას განკითხვის დღეს სახიერი მეუფე?" მონაზონმა თაყვანი სცა ღირს დედას და თქვა: "დედოფალო ჩემო, აჰა, შენ წინაშე სიტყვას ვაძლევ ღმერთს, რომ ამიერიდან აღარასოდეს გავეკარები ღვინოს, თუნდაც სიკვდილის საფრთხე მემუქრებოდეს, ოღონდაც მომიხსენე შენს ლოცვებში". ნეტარი დედა ფეხზე წამოდგა, ლოცვა თქვა და მონაზონი მშვიდობით გაისტუმრა. (მიტერიკონი)
ვინ შეიძლება იყოს მთვრალზე უფრო საძულველი? მას მონები დასცინიან, მტრები აბუჩად იგდებენ, მასზე მეგობრები მწუხარებენ და იგი ყოველგვარი გაკიცხვის ღირსია; ის უფრო მეტად პირუტყვს ჰგავს, ვიდრე ადამიანს, რამეთუ ზედმეტად გაძღომა ლომს, დათვს და ვეფხვს ახასიათებს იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ გონიერი სული. თუმცაღა ეს ცხოველებიც კი, როდესაც ზომაზე მეტს შეჭამენ, მთელ თავიანთ სხეულს ვნებენ. ჩვენ რაღა დაგვემართება? ღმერთმა პატარა სტომაქი იმიტომ მოგვცა და იმიტომაც დაგვიდგინა მცირედი საკვების მიღება, რომ სულზე ზრუნვას მიგვაჩვიოს. (წმ. იოანე ოქროპირი)
როდესაც ჩვენი გონება სიმთვრალის ტალღებს დაჰყვება, მაშინ მას არამარტო დემონების მიერ ძილში დახატული სურათები აღუძრავენ ვნებებს, არამედ თვითონაც გამოსახავს საკუთარ არეალში ლამაზ, თვალწარმტაც სახეებს და, მგზნებარე ოცნებებს აყოლილი, ისეთ ტკბობას ეძლევა, თითქოსდა ცოცხალ არსებებს ჭვრეტდეს; რამეთუ სხეულის მგრძნობიარე ნაწილები, ღვინის სიმხურვალით რომ აღენთება, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს გონებაზე, და გონებაც იძულებული ხდება ავხორცი წარმოსახვებით ტკბობას მიეცეს. ამიტომაც ზომიერების დაცვა გვმართებს, რათა თავიდან ავიცილოთ ზომის გარდასვლით გამოწვეული ეს ზემოქმედება; მაშინ გონებას გამოეცლება ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მას ოცნებებს აღუძრავს, იგი თავისუფლდება წარმოსახვებისგან და, რაც მთავარია, აღარ განიცდის ავხორც ტკბობას. (ნეტარი დიადოქე)
ყველა მორწმუნე ერისკაცისთვის დღეს ხორცის აღების დღეა. მაგრამ რას ვხედავთ? ისინი ყოველგვარი თავშეკავების გარეშე ეძლევიან განცხრომას ღვინის სმითა და ხორცის ჭამით, სხვადასხვა თამაშითა და გასართობებით, "რომლისა არა ჯერ არს სიტყვად და თქმად"; თუმცაღა მართებდათ ზომიერად, ღმრთისადმი მადლობის შეწირვით ჭამა და მომზადება უფრო მკაცრი თავშეკავებისთვის. ისინი კი, დემონის მიერ შთაგონებულნი, სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. მაგრამ თქვენ გეტყვით: მონაზონი აზრითაც კი არ უნდა მიიქცეს მათკენ, არც უნდა ისურვოს ის, რაც მათთვის სასურველია და რაც ყოველგვარ კიცხევასა და სიძულვილს იმსახურებს. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
"და ღვინოჲ ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 103,15). ღვინო სამკურნალოა და ერთგვარ ნუგეშსაც გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუკი მას ზომიერად ვსვამთ, სხეულის საჭიროების შესაბამისად; ხოლო საჭიროების გარეშე მიღებულს, მას შეიძლება ეწოდოს მრუში, უძღები და შემაგინებელი, რამეთუ "უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე" (იგავ. 20,1). ასე რომ, თუ ზღვარს გადახვალ და ზომაზე მეტს დალევ, ღვინო შხამად გადაგექცევა. (წმ. ისიდორე პელუსიელი)
თავშეკავება სმაში – ეს ნიშნავს, ვფლობდეთ საკუთარ თავს და არ დავდიოდეთ წვეულებებზე, არ განვიცდიდეთ ტკბობას ღვინის სასიამოვნო გემოს ხილვით, არ ვსვამდეთ ღვინოს საჭიროების გარეშე, არ გამოვედევნოთ სხვადასხვაგვარ სასმელებს, არ ვეძებდეთ სიამოვნებას ხელოვნურად დამზადებული ნაზავების სმაში; ზომიერად ვსვათ არა მხოლოდ ღვინო, არამედ, თუკი ეს შესაძლებელია, წყალიც. (წმ. ეფრემ ასური)
წყალი შესანიშნავი სასმელია, იგი არ ამღვრევს აზრებს, ხოლო ერთი ჭიქა ღვინო აბნელებს ჩვენს გონებას. (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი)
საკუთარ თავზე განუწყვეტელი თვალყურის დევნების გარეშე ადამიანი ვერც ერთ სათნოებას ვერ მოიპოვებს. (აბბა აგათონი)
საზრდელის მიღებაშიც და ღვინის სმაშიც ზომიერების დაცვა გვმართებს. ღვინო დავლიოთ მცირედი ნუგეშინისცემისთვის – ისიც მხოლოდ დღესასწაულებზე, ან ავადმყოფობის დროს, ან როცა ძალიან დამქანცველ სამუშაოს ვასრულებთ, ან კიდევ თუ სადმე შორ გზაზე გვიწევს წასვლა; დანარჩენ დროს კი მხოლოდ ერთ ჭიქას უნდა დავჯერდეთ, უკიდურეს შემთხვევაში – ორს, რამეთუ კარგად ვიცით, რა წერია ამის შესახებ პატერიკში. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
"და ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფ. 5,18).
ამ ბედკრულ წუთისოფელში, ბუნებრივია, სიხარულსა და განცხრომას ეძებდეს ადამიანი, რამეთუ მას არ ძალუძს დაივიწყოს, რომ იგი სამოთხისთვისაა შექმნილი. ეძებს და პოულობს ყველა თავისებურად. ყოველ ერს და ყოველ ადამიანს თავისი ნუგეში და თავშესაქცევი აქვს. ღვინო ყველა სხვა სტიქიაზე მეტად ამხიარულებს ადამიანს; მაგრამ როგორც ხორციელი და გრძნობადი, იგი სიხარულსაც ხორციელს იწვევს. ქრისტიანისთვის, რომელიც სულისაგანაა შობილი და მისივე სამკვიდრებელს წარმოადგენს, რომლის ცხოვრებაც "დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა", ასეთი სახის სიხარული სავსებით შეუფერებელია. მისთვის დამახასიათებელია სული წმიდისმიერი სიხარული; და მოციქულიც ამასვე ურჩევს ეფესელებს – განეშორონ პირველს და ეძიონ მეორე...
"არამედ აღივსენით სულითა". "როგორც ორი უფლის მონობაა შეუძლებელი, – ღმერთის და მამონასი (მათე 6,24), ასევე შეუძლებელია, ერთდროულად ღვინითაც აღვივსოთ და სულითაც" (იერონიმე). ამიტომაც, "როდესაც მოციქულმა ეს ვნებისმომტანი სიმთვრალე უკუაგდო, მისი ადგილი სულიერ თრობას დაუთმო" (თეოდორიტე)...
როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხორციელი და სულიერი ადამიანების ნუგეშები! ისინი ღვინით, ესენი კი სული წმიდით აღივსებიან; მათში ღვინო ხორციელ სიხარულს აღმოაცენებს, ამათში კი სული წმიდა სულიერ, საღმრთო სიხარულს ბადებს; მათ ღვინო ყველანაირი ავხორცობის ჩადენისკენ უბიძგებს, ამათ კი სული წმიდა ღმრთის ქება-დიდებასა და ყოველგვარ სიკეთეს შთააგონებს. ნუგეშინისმცემელო, სული ჭეშმარიტებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორისაც!
... ასეთ დროს ქრისტიანი რაღაც უჩვეულოს განიცდის – რაღაც ჩუმ, ღრმა, უტკბილეს სიხარულს, რომელიც ზოგჯერ სულიერ აღმაფრენაში გადადის. აი, სულიერი თრობაც!
ამგვარ თრობას მოციქული ღვინით თრობის საპირისპიროდ გვირჩევს და სულით აღვსებას უწოდებს მას. აი, ეს ეძიეთ, ამბობს, იმას კი ნუ ეძებთ. ასე რომ, ბრძანება – "აღივსენით სულითა" იმაზე მიგვითითებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ საშუალება მივცეთ სული წმიდას, გამოავლინოს საკუთარი თავი და თვალსაჩინოდ შევიგრძნოთ ჩვენს გულში მისი მოქმედება. (წმ. თეოფანე დაყუდებული)
მამათა ცხოვრებაში გვხვდება მოთხრობა ერთ ეგვიპტელ მეუდაბნოეზე, რომელსაც ეშმაკი დაჰპირდა, რომ საერთოდ აღარ გატანჯავდა ცდუნებებით, თუ ჩაიდენდა სამ ცოდვათაგან ერთ-ერთს: მკვლელობას, სიძვას ან მემთვრალეობას. "ჩაიდინე რომელიმე მათგანი, – ეუბნებოდა ეშმაკი, – მოკალი კაცი, ან ერთხელ დათვერი, ან სიძვას დაემონე; სამაგიეროდ შემდგომში მშვიდად იქნები, მომავალში მე საერთოდ აღარ მოგივლენ საცდურს". მეუდაბნოემ ყური მიუგდო ეშმაკს და თავისთვის გაიფიქრა: "კაცთაკვლა საშინელებაა, რამეთუ თავისთავად უდიდესი ბოროტებაა და როგორც საღმრთო, ისე საერო სამსჯავროთი სასიკვდილო სასჯელს იმსახურებს. სიძვა სამარცხვინოა, რადგან უნდა დაღუპო აქამდე დაცული სისუფთავე სხეულისა, დასანანია და საძაგელი, შერყვნა იგი აქამდე შენთვის უცხო სიბილწით. ერთხელ დათრობა, მგონი, დიდი ცოდვა არ უნდა იყოს, რამეთუ ადამიანი მალევე ფხიზლდება ძილში. ასე რომ, წავალ, დავთვრები, რათა ეშმაკმა აღარ გამტანჯოს და მშვიდად ვიცხოვრო უდაბნოში".
და აი, აიღო თავისი ხელით გაკეთებული ნივთები, წავიდა ქალაქში, გაყიდა, შევიდა დუქანში და გამოთვრა. ეშმაკის მანქანებით მოხდა ისე, რომ ვიღაც ურცხვ და მემრუშე დედაკაცთან გააბა საუბარი, მოიხიბლა და სიძვის ცოდვით დაეცა. ამ დროს მოვიდა დედაკაცის ქმარი, ცოლთან მიუსწრო და ცემა დაუწყო. მეუდაბნოე გონს მოეგო, შეებრძოლა, მოერია და მოკლა.
ამრიგად, იმ მეუდაბნოემ დაიწყო ლოთობით, დაეცა სიძვით და მოკლა კაცი. რა ცოდვებისაც ეშინოდა და ეზიზღებოდა ფხიზელს, ისინი თამამად ჩაიდინა მთვრალმა და ამით წყალს გაატანა თავისი მრავალწლიანი შრომა... (წმ. დიმიტრი როსტოველი)
|