სინდისის შესახებ
ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მის ბუნებაში ჩაბეჭდა ცნობა შჯულისა – სინდისი. ადამიანს ეს სჯული რომ დაეცვა... შემდგომ აუცილებელი აღარ გახდებოდა სხვა, დაწერილი სჯულის მოცემა. (წმ. კასიანე რომაელი; აბბა სერენი 53,319)
ხედავ, რომ სინდისი არ იძლევა თანხმობას ცოდვილ გულისსიტყვებზე, არამედ იმწამსვე ამხილებს მათ, რამეთუ ის არ ცრუობს, – მხილებით მოწმობს, რომ იმეტყველებს ღვთის წინაშე სამსჯავროს დღეს. (წმ. მაკარი დიდი)
თუკი არ მოვისურვებთ სინდისის მორჩილებას, ის დადუმდება და მიგვატოვებს; და ჩვენი მტრების ხელში ჩავვარდებით, რომლებიც აღარ დაგვინდობენ...
ვინც თრგუნავს სინდისს, ის გულიდან სათნოებებს განდევნის. (ღირსი აბბა ისაია)
განკურნებას რომ დაეძებ, სინდისზე იზრუნე – გააკეთე, რასაც ის გეუბნება. (ღირსი მარკოზ მოღვაწე)
ყურადღებით იყავი სინდისის მიმართ, რომ ის შენი მცველი იყოს და ყოველ ჯერზე გიჩვენებდეს შენს დაცემას.
ცოდვა ძირს დასცემს სინდისს, ხოლო სინანული კვერთხია მისთვის. (წმ. ეფრემ ასური)
ღმერთმა ისე მოაწყო, რომ სინდისი დროის გარკვეული შუალედებით გვამხილებდეს, რადგან ეს მხილებები ძლიერ ულმობელია და ცოდვილს ნებისმიერ მახვილზე უფრო მეტად სწყლავენ.
ცოდვის ჩადენისას, და მანამდეც, და ჩადენის შემდეგაც ჩვენი სინდისი მკაცრი მამხილებელია. (წმ. იოანე ოქროპირი)
ყურადღებით უნდა ვიყოთ – სინდისმა თავი ხომ არ დაანება ჩვენს მხილებას, არა ჩვენი სიწმინდის გამო, არამედ თითქოსდა გადაღლისაგან. (წმ. იოანე კიბის აღმწერელი)
ღმერთი განგარიდებს ცოდვებისაგან და სინდისში გეძახის: ადამიანო, დაბრუნდი! „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 36,27). და რასაც სინდისში გეუბნება, იმასვე ამბობს თავის წმიდა სიტყვაში (წმიდა წერილში). უცდომელი სინდისი და ღვთის სიტყვა ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს... მაგალითად, სინდისი გამხელს ქურდობის გამო – გამხელს ამისთვის ღვთის სიტყვაც; გაქებს სინდისი მოწყალების გამო, რომელიც შენი მოყვასისთვის აღასრულე, – გაქებს ღვთის სიტყვაც: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი“ (მათე 5,7). ამიტომაც, თუკი სინდისი რაიმესგან გვაშორებს და გვაკავებს, – ეს ღვთის ხმაა, ჩვენში მღაღადებელი, ბოროტებისგან განმაშორებელი და შემაკავებელი! (წმ. ტიხონ ზადონელი)
ამჟამად ჩვენს ხელშია, ან მივაძინოთ სინდისი, ანდა საშუალება მივცეთ – ანათებდეს და განგვანათლებდეს, თუკი დავემორჩილებით მას. რადგან, როცა ჩვენი სინდისი გვიბრძანებს რაიმეს გაკეთებას, ხოლო ჩვენ უგულებელვყოფთ ამას, მაშინ ჩვენ ვაძინებთ სინდისს და მას აღარ შეუძლია ჩვენთვის ცხადი იყოს, მასზე მყოფი სიმძიმის გამო. თუკი სანათი ფარდის უკან ანთია, ყველაფერი ძნელად გასარჩევი ხდება... ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ვეღარ ვიგებთ რას გვეუბნება სინდისი... სინდისი – ღვთაებრივი რამ არის... ის ყოველთვის შეგვახსენებს სასარგებლოს, ჩვენ კი ვერ ვგრძნობთ ამას, თუკი უგულებელვყოფთ და ვთრგუნავთ სინდისს. (ღირსი აბბა დოროთე)
გაფრთხილდით ძმებო, რომ მცირეც არ უგულებელყოთ, გაფრთხილდით – არ უგულებელყოთ ის, როგორც მცირე და უმნიშვნელო; ის არაა მცირე, რადგან მის მიერ ცუდი ჩვეულება წარმოიშობა. ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, ვიზრუნოთ მსუბუქზე, სანამ ის მსუბუქია, – რომ არ დამძიმდეს, – რადგან სათნოებებიცა და ცოდვებიც მცირედით იწყება... ამიტომაც გვამცნო უფალმა სინდისის დაცვა, თითქოსდა თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით შეგვაგონებს: შეხედე, რას ჩადიხარ, საწყალობელო! გონს მოდი, „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა...“ შემდეგ გვიჩვენებს ამ მცნების დაუცველობის სამწუხარო შედეგებს: „ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე“. და შემდეგ რა იქნება? – „ამენ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი“ (მათე 5,25-26). რადგან სინდისი ყველაფერში გვამხილებს და გვიჩვენებს, რა უნდა ვაკეთოთ; და ის განგვიკითხავს მომავალ საუკუნეში. ამიტომაცაა ნათქვამი: „ნუუკუე მიგცეს მსაჯულსა“... (წმ. იოანე კიბის აღმწერელი)
საჭიროა შეწევნა – ითხოვე. ვითხოვე, – ამბობ, – არ მომეცა. მაშ სხვებს როგორ მიეცემა? უფალთან არ არის მიკერძოება, რომ ერთს მისცეს, მეორეს კი არა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ის მზადაა ყველას მიანიჭოს, რადგან დიდადმოწყალეა. თუკი ვინმეს არ მიანიჭებს, მიზეზი მასში კი არაა, არამედ – მთხოვნელში. ამ მიზეზებს შორის შესაძლოა ისეთებიც იყოს, რომელთა გამოცნობას ჩვენ ვერ შევძლებთ. მაგრამ არის გასაგები მიზეზები, რომლებსაც ყველა თვითონვე ხედავს. ერთ-ერთ მათგანს, შესაძლოა უმთავრესს, წმიდა იოანე უწოდებს განცხადებულების (გაბედულების, კადნიერების) უქონლობას, ხოლო ამის მიზეზად ასახელებს გულის, ანუ სინდისის გმობას (მხილებას, განკითხვას). ის (მოციქული იოანე) გვეუბნება: „საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ. და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ“ (1 იოან. 3, 21-22). ამ სიტყვებს ვერაფერს მიუმატებ. ყველაფერი თავისთავად ცხადია... (წმ. თეოფანე დაყუდებული)
|