ცოდვა და სასჯელი (ნაწ. 1)
ეკლესიაში ყოველი მძიმე ცოდვისათვის დადგენილია გარკვეული სასჯელი, ანუ ეპიტიმია, რაც ძირითადად გულისხმობს მორწმუნის განყენებას ზიარებიდან, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საზოგადო ლოცვიდან, აგრეთვე დამატებით ღვაწლს (გაძლიერებული ლოცვა, მარხვა, მეტანიები და სხვ.); სასულიერო პირებისთვის – მღვდელმოქმედების დროებით ან სამუდამო აკრძალვას, ზოგჯერ კი ზიარების აკრძალვასაც. სასჯელის მთავარი დანიშნულებაა – ადამიანმა შეიგრძნოს ცოდვის სიმძიმე და სინანულში ჩავარდეს, ცოდვა აღარ გაიმეოროს, სულიერად განიკურნოს. ეს ეხება არა ყოველდღიურ, არამედ მძიმე, ე. წ. სასიკვდილო ცოდვებს, ანუ ისეთ ცოდვებს, რომლებიც სულს მძიმე, სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს.
დღეს ადამიანთა სულიერი სისუსტისა და საცდურთა სიმრავლის გამო, როგორც წესი, ეპიტიმიები შემსუბუქებულია იმასთან შედარებით, რაც ეკლესიამ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვების გამო დღეს ისე მკაცრად აღარ სჯიან, ცოდვას თავისი დამღუპველი ზემოქმედება არ დაუკარგავს და დღესაც ისევე მიაქანებს თავის ტყვეებს სამუდამო სატანჯველში, როგორც საუკუნეების წინათ. ამიტომ ყოველი ქრისტიანისთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რომელია სასიკვდილო ცოდვები, რათა განერიდოს მათ. რაც უფრო დიდია ცოდვის დამღუპველი ზემოქმედება ადამიანის სულზე, მით უფრო მძიმე სასჯელია დაწესებული მისი ჩამდენისთვის. ახლა ვნახოთ, თუ რას გვასწავლის წმიდა წერილი და დიდი სჯულისკანონი ცოდვების შესახებ.
1. სარწმუნოების უარყოფა, ღვთის გმობა, კერპთა თაყვანისცემა, მკრეხელობა
წმიდა წერილი
„რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა (მათ. 10,33).
„ყოველმან რომელმან უარ-ყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა“ (1 იოან. 2,3).
„ნუ სცთებით... კერპთმსახურთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9).
„რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ, და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ. ვერ ხელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ხელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა“ (1 კორ. 10,20-21).
დიდი სჯულისკანონი
ვინც ქრისტეს უარყოფს და მიატოვებს ხსნის საიდუმლოს, იგი უნდა შეუდგეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეტირილს და ვალდებულია თქვას აღსარება. მხოლოდ ცხოვრებიდან გასვლის ჟამს უნდა გახდეს იგი სიწმინდეთა ზიარების ღირსი ღვთის კაცთმოყვარეობის წყალობით (წმ. ბასილი დიდის კან. 73).
...სულის სიტყვიერი ანუ გონიერი ნაწილის მიერ ჩადენილი ცოდვა მამათაგან მიჩნეულია ყველაზე უფრო მძიმედ და უმაღლესი, უსასტიკესი და ხანგრძლივი სასჯელის ღირსად. მაგალითად, თუ ვინმე ქრისტეს სარწმუნოებას უარყოფს და ებრაულ სარწმუნოებას, კერპთმსახურებას, მანიქეველობას ან სხვა ამათ მსგავს უღმერთოებას და ბოროტებას შეუერთდება თავისი სურვილით და საკუთარი ნებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ შერცხვება და მოინანიებს, სინანულის დროდ ჰქონდეს მთელი მისი სიცოცხლე. იგი არასოდეს იქნება ღირსი, საიდუმლო ლოცვის დროს ერთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს, არამედ უნდა ილოცოს მარტომ, ხოლო სიწმინდის ზიარება მისთვის საერთოდ აკრძალულია. მხოლოდ სიკვდილის წინ უნდა გახდეს ღირსი სიწმინდის ზიარებისა. თუ უიმედობის მიუხედავად, მაინც მოხდეს ისე, რომ არ მოკვდეს და დაუბრუნდეს სიცოცხლეს, ისევ იმავე სასჯელით იცხოვროს და იყოს უზიარებელი სიწმინდის საიდუმლოთაგან, სანამ არ დაუდგება ბოლო წუთები.
რაც შეეხება სატანჯველითა და ცემით საშინლად წამებულებს, ისინი განსაზღვრული დროით უნდა იქნენ განკანონებული წმიდა მამებისაგან კაცთმოყვარეობით, რადგან სულისაგან კი არ შეემთხვათ დაცემა, არამედ ხორციელი უძლურებისაგან: მათ ვერ გაუძლეს და სიმხნით წინ ვერ აღუდგნენ ტანჯვას. იძულებითა და უნებლიეთ სჯულის მოღალატემ მოქცევის შემდეგ უნდა შეასრულოს ის კანონი, რომელიც სიძვისაგან დაცემულისათვის განკუთვნილ სასჯელს ითვალისწინებს (წმ. გრიგოლ ნოსელის კან. 2).
ისინი, რომელთაც გადაიხადეს ვერცხლი, რათა ტანჯვა-წამებისაგან შეუშფოთებლად გადარჩენილიყვნენ, არ არიან დამნაშავენი: მათ გაიღეს ფულადი ხარჯი და დანაკარგი, რათა სული არ წარეწყმიდათ, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ ანგარებისმოყვარეობის გამო, თუმცა კი სმენიათ უფლისაგან: „რა სარგებლობას ნახავს ადამიანი, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თუკი სულს დაკარგავს“ (მათე 16. 26) ანუ წარწყმედს? და კიდევ: „ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“ (ლუკა 16,13). ისინი მდევართა წინაშე ღვთის მსახურებად გამოჩნდნენ და ვერცხლის სიძულვილითა და არაფრად ჩაგდებით აღასრულეს ნათქვამი, რომ „კაცის სულის ხსნა არის სიმდიდრე მისი“ (იგავი. 13, 8). მოციქულთა საქმეშიაც ვკითხულობთ, თუ როგორ გაათავისუფლეს ფულით თესალონიკეში პავლესა და შილას ნაცვლად ქალაქისთავთა წინაშე ძალით მიყვანილები. ურწმუნო ურიებმა ქრისტეს სახელისთვის ისინი სასტიკად სცემეს, შემდგომ აღაშფოთეს ხალხი და ქალაქისთავები. ნათქვამია, რომ საკმარისად ბევრი ფული მიიღეს იასონისგან და სხვებისაგან, და გაუშვეს ისინი. „ხოლო ძმებმა მყის, იმ ღამესვე გაგზავნეს პავლე და შილა ბერიაში“ (საქმე 17, 9-10) (წმ. პეტრე ალექსანდრიელის კან. 12).
ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმინდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისათვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმინდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვს სიწმინდეთა გარდა თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმინდეთმკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით (კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების კან. 10).
2. მწვალებლობა და სარწმუნოებრივი ზიარება მწვალებლებთან
წმიდა წერილი
„ყოველივე რომელი გარდაჰხდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს“ (2 იოან. 1,9).
„მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“ (ტიტ. 3,10).
დიდი სჯულისკანონი
თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს (მოციქულთა კან. 42).
თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს (მოციქულთა კან. 65).
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო, ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს (მოციქულთა კან. 70).
თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წარმართულ ტაძარში ან ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს (მოციქულთა კან. 71).
მართლმადიდებელმა მამაკაცმა მწვალებელი დედაკაცი არ უნდა შეირთოს, არც მწვალებელ მამაკაცს უნდა შეეუღლოს მართლმადიდებელი დედაკაცი. თუ მოხდეს ასეთი რამ, ვისგანაც არ უნდა იყოს ოდესმე ჩადენილი, უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ეს ჩვენი დადგენილება, უზიარებელ იქნეს (VI მსოფლიო კრების კან. 72).
3. წირვა-ლოცვის, მარხვის უგულებელყოფა, მომთვრალეობა (ლოთობა)
წმიდა წერილი
„იღვიძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“ (მათ. 26,41).
„ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (იოან. 6, 53-54).
„ხოლო ესე ნათესავი (ბოროტი სულები – მთარგმ. შენ.) არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მათ. 17,21).
„არცა მომთრვალეთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9).
დიდი სჯულისკანონი
თუ ვინმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელოების სხვა წარმომადგენელი, ან ერისკაცი, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და ამ სამი შვიდეულის (კვირის) განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, ზიარების უფლება არ მიეცეს (VI მსოფლიო კრების კან. 80).
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, კერძოდიაკონმა, წიგნისმკითხველმა, ან მგალობელმა წმინდა ორმოცი ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხოს, განიკვეთოს, თუ ხორციელი უძლურებით არ იყოს შეპყრობილი. თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს (მოციქულთა კან. 69).
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ჭამოს სისხლიანი ხორცი, მხეცის მოკლული, ან დამხრჩვალი, განიკვეთოს, რადგან ეს რჯულმა განდევნა. თუ ერისკაცი იქნება ამის ჩამდენი, უზიარებლობით დაისაჯოს (შდრ. საქმე 15, 29) (მოციქულთა კან. 63).
ერისკაცთა და სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა ამიერიდან შვება-თამაშსა და ლოთობას. ხოლო ვინც ჩაიდენს ამას, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – უზიარებელ იყოს (VI მსოფლიო კრების კან. 50).
4. მკვლელობა, თვითმკვლელობა, გინება
წმიდა წერილი
„გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა. ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძვირ რაჲმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათ. 5, 21-24).
„და კაცის-მკლველთა... ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე“ (გამოცხ. 21,8).
„არცა... მაგინებელთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,10).
დიდი სჯულისკანონი
ვინც განზრახ მოკლას კაცი და ამის შემდეგ მოინანიოს, ოცი წელი ნუღარ ეზიარება ღვთის სიწმინდეს.
უნებლიე კაცისმკვლელი ათი წელი არ უნდა ეზიაროს სიწმინდეს (ბასილი დიდის კან. 57).
თუ ვინმემ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს თავის მოყვასს, იგი კაცისმკვლელია, სულერთია თვითონ დაჭრა პირველმა, თუ საპასუხოდ მიაყენა ჭრილობა შურისძიების მიზნით (ბასილი დიდის კან. 43).
ბრძოლის დროს ჩადენილი მკვლელობები ჩვენს მამებს არ მიაჩნიათ მკვლელობად, რადგანაც, როგორც მე მგონია, მათ შეუნდობენ, როგორც მოღვაწეებს სიწმინდისა და კეთილი მსახურებისათვის. მაგრამ იქნებ უკეთესია, ვურჩიოთ მათ, როგორც ხელით არაწმინდებმა, სამი წლით თავი შეიკავონ საოდუმლოთა ზიარებისაგან (ბასილი დიდის კან. 13).
ხშირად ქალები ჯადოქრობითა და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უბნელებს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისთვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამათთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელნი არიან და მათთან ერთად იგივე ბრალი ედება მიმღებსა და მომხმარებელს მათგან მომზადებული საწამლავისა. ესენიც იმდენადვე არიან დამნაშავენი (ბასილი დიდის კან. 8).
გაგრძელება
ამავე თემაზე:
მეცნიერებათა მეცნიერება
საუბრები ათონელ ბერებთან
|