ათანასე კოლიოფუტისი
მოზარდთა ინტერნეტ-დამოკიდებულება. სტატისტიკური მონაცემები
ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს განსაზღვრული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს.
ინტერნეტ-დამოკიდებულებასთან მიმართებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სპეციალისტთა კვლევები ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, მაგრამ ამ ტერმინის სახელწოდებასთან, დიაგნოსტიკის კრიტერიუმებსა და მეთოდებთან დაკავშირებით თანხმობა ჯერაც არაა მიღწეული. არსებობს ტერმინთა წყება, რომლებიც ინტერნეტის არაზომიერ გამოყენებასთანაა დაკავშირებული: ინტერნეტთან შეჩვევის აღმოცენება, ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება, ინტერნეტის პრობლემური მოხმარება, ინტერნეტ-დამოკიდებულება.
თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რა სახელწოდება გამოიყენება ინტერნეტზე მიჩვევის ფენომენის აღწერისთვის, ადამიანის ინტერნეტზე დამოკიდებულების არსებობა ეჭვს არ იწვევს. დამოკიდებულება არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის მოქმედება, რომელიც მიმართულია სიხარულის გრძნობის მისაღწევად და რაიმე ფსიქოლოგიური ტვირთისგან გასათავისუფლებლად, მისი კონტროლიდან გამოდის. ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედებისა და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს, მიუხედავად მისი მოქმედების უარყოფითი შედეგისა.
კონტროლის ამგვარი დაკარგვა, რომელიც ინტერნეტ-დამოკიდებულებაში ჩავარდნილ ადამიანს ემართება, უდავოა. ბოლო გამოკვლევების სტატისტიკური მონაცემების შესწავლით, და ასევე იმ თანამედროვე სოციალური რეალობის გახსენებით, რომელშიაც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, ვრწმუნდებით, რომ თანამედროვე საბერძნეთში ინტერნეტის გამოყენება შეეზარდა მოზარდთა ყოველდღიურ ცხოვრებას და კოლოსალური მასშტაბები მიიღო. ნათქვამის სამართლიანობაში რომ დავრწმუნდეთ, მოვიყვანთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის სტატისტიკურ მონაცემებს. კვლევამ აჩვენა, რომ ოთხიდან ერთი მოზარდი ((24,3 %), სულ ცოტა დღეში სამ საათს ატარებს კომპიუტერთან და ინტერნეტთან, ხოლო დასვენების დღეებში ეს პროცენტი თითქმის ორმაგდება და აღწევს 41%.
საშუალო და მაღალი კლასის მოწაფეები დიდ დროს უთმობენ ინტერნეტიდან მუსიკისა და ფოტოების ჩამოტვირთვას, თამაშებს და სოციალურ ქსელებში (ფეისბუქი, ტვიტერი და ა.შ.) მეგობრებთან ურთიერთობას. პროცენტები ასაკის მიხედვით იზრდება: 11 წელი – 14,1%, 13 წელი – 25,8%, 15 წელი 33,7%. შედეგები სქესის მიხედვითაც განსხვავდება: ბიჭები – 26,8%, გოგონები – 21,9%. 2006-დან 2010 წლამდე იმ მოზარდების რიცხვი, რომლებიც კომპიუტერთან ყოველდღიურად სულ ცოტა სამ საათს ატარებენ, ოთხჯერ გაიზარდა (5,7%-დან 21,7%-მდე).
გარდა ამისა, სულ ცოტა ექვსიდან ერთი თხუთმეტი წლის მოზარდი ავლენს ინტერნეტ-დამოკიდებულების ნიშნებს. მოზარდთა 5,5%, განსაკუთრებით ბიჭები, ავლენენ კომპიუტერული თამაშების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებს. ხუთიდან სამი, თხუთმეტი წლის მოწაფეთაგან, (59,4%) ინტერნეტში იმაზე მეტ დროს ატარებს, ვიდრე თავიდან გეგმავს. ხუთიდან ორი (42,3%) აღიარებს, რომ მუდმივად ინტერნეტზე ფიქრობს; სამიდან ერთი (30,8%) ინტერნეტს იყენებს თავისი პრობლემებიდან გასაქცევად და ნეგატიური ემოციებისგან თავდასაღწევად (როგორებიცაა: უიმედობა, დანაშაულის გრძნობა, სტრესი, დეპრესია და სხვ.).
ამას გარდა, ოთხიდან ერთი მოზარდი ( 25,4%) გრძნობს, რომ კმაყოფილების მისაღწევად კომპიუტერთან სულ უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს. მოზარდთაგან ანალოგიური პროცენტი ატყუებს თავის ოჯახს ან სხვა ვინმეს, რომ დამალოს კომპიუტერთან გატარებული დროის რაოდენობა. ხუთიდან ერთი მოზარდი ( 19,7%) აღიარებს, რომ უძლურია გააკონტროლოს, შეზღუდოს ან შეაჩეროს ინტერნეტის გამოყენება, ხოლო ექვსიდან ერთმა (16,8%) ინტერნეტის ზღვარგადასული მოხმარების გამო საშიშროების ქვეშ დააყენა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი (ახლობლებთან ურთიერთობა, სამსახური, სწავლა). ყველაფერი, რაც ითქვა, მტკიცდება უკანასკნელი გამოკვლევით – „უსაფრთხო ინტერნეტი 2008“ საბერძნეთისთვის, რომლის მიხედვით ათიდან სამი ბერძენი მშობელი არ იმყოფება ბავშვების გვერდით, როდესაც ისინი „სხედან“ ინტერნეტში, ხოლო ბერძენ მშობელთაგან 35% არანაირად არ ზღუდავს ბავშვების მიერ ინტერნეტის მოხმარებას.
ათი მშობლიდან მხოლოდ ერთი კრძალავს მუსიკის, ფილმების და თამაშების ჩამოტვირთვას. სხვა საერთაშორისო გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 74,4% პასუხობს, რომ ნებისმიერ სასურველ დროს შეუძლიათ ინტერნეტში შესვლა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ხოლო 9,7% კითხვარში აღიარებს (არა მშობლებთან), რომ თავს დასხმიან პედოფილები – ჩათში, ფოსტაში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოკვლევების მიხედვით, პორნოგრაფიასთან პირველი შეხების საშუალო ასაკად ითვლება 11 წელი. პორნოგრაფიის ყველაზე მეტი მოხმარება ხდება 12-17 წლის ასაკში, ამასთანავე ასი ათასი ინტერნეტ საიტი სთავაზობს ბავშვთა პორნოგრაფიის დიდ რაოდენობას.
15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ არაერთხელ უნახავთ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები. ბავშვების 90% 8-16 წლის ასაკში უყურებდა პორნოგრაფიულ ფილმებს, როცა სასკოლო დავალებებს ასრულებდნენ. პორნოგრაფიული შინაარსის საიტების დათვალიერების გარდა ბავშვები ხშირად სწავლობენ აზარტულ თამაშებს, მიიდრიკებიან ნარკოტიკების მოხმარებისკენ, მონაწილეობენ საშიშ თამაშებში და თვითმკვლელობამდეც მიდიან. ასევე უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს ქსელური თამაშები, რომლებშიც ძალადობის სიმრავლეა, რომლებიც ავითარებენ სიძულვილს, სადიზმს და სიკვდილისკენ ლტოლვას.
გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა მოქმედება. ახალგაზრდა ადამიანები შედიან გარკვეულ საიტებზე, ყიდულობენ სხვადასხვა საქონელს შესაბამის მაღაზიებში, ეცნობიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და გარყვნილ ადამიანებს.
ყველა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს იმ დროის ხანგრძლივობის ზრდას, რომელსაც ინტერნეტთან ატარებს ბერძნების 55%, ანუ 5.100.000 საბერძნეთის მაცხოვრებელი. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით ბერძნებს პირველი ადგილი უკავიათ ინტერნეტში დროის გატარებაში. საშუალო სტატისტიკური ბერძენი ინტერნეტში კვირაში 17,1 საათს ატარებს, ანუ ინტერნეტს უფრო მეტ დროს უძღვნის, ვიდრე ტელევიზორს (16,9 საათი). ეს 2,3 საათით მეტია ევროკავშირის საშუალო რიცხვთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მიაღწევს 5 მილიარდ ადამიანს, ამავე დროს მომავალ სამ წელიწადში ყველა მობილური ტელეფონი გახდება სმარტფონი.
მოტანილი მონაცემების საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდობის ინტერნეტზე დამოკიდებულებას მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანი მოაქვს. მოზარდების მიერ ინტერნეტის არაზომიერი და უკონტროლო მოხმარების აქტიური შესწავლა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მოცემული პრობლემის მიმართ თერაპიული მიდგომა არაა მხოლოდ ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიკური დაავადებების სხვა სპეციალისტების საქმე.
გამოქვეყნდა საიტზე pemptousia.ru
ამავე თემაზე:
ფსიქოლოგების, ექიმებისა და ინტერნეტის მკვლევართა რჩევები მშობლებს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით
წმ. მამები ბავშვების აღზრდის შესახებ
უბოროტო ყრმების თანამედროვე განსაცდელები
ბერი პორფირი კავსოკალიველი – შვილების აღზრდისა და ახალგაზრდა თაობის შესახებ
ნიკოლოზ პესტოვი – ბავშვების აღზრდა მართლმადიდებლურად
|