martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეფრემ ასურის სწავლებები

 

 

ენა იმას ქადაგებს და იმეორებს, რაც გულს უყვარს და რაზედაცაა მიმსჭვალული; ბაგეები ამხელენ ჩვენი გულის საიდუმლოებს.

 

მრავალსიტყვაობას ცოდვა მოსდევს ხოლმე, სიტყვაუხვობა სიბრძნის და ცოდნის ნაკლებობის მაჩვენებელია.

 

ვისაც დუმილი უყვარს, ის თვითონაც მშვიდადაა და მოყვასსაც არ აწყენინებს.

 

ბევრი ესაუბრე ღმერთს, ცოტა ელაპარაკე ადამიანებს.

 

ღვთის შიში ყველანაირ ცოდნას აღემატება, სადაც ის არაა, იქ ვერაფერს იპოვი სასიკეთოს.

 

ეცადეთ, ყოველი კეთილი საქმე ღვთის სადიდებლად აღასრულოთ და არა საკუთარი თავის სადიდებლად. ნუ ეძიებთ შექებას კაცთაგან და ნუ აღფრთოვანდებით იმ ქება-დიდებით. ღვთისაგან ელოდეთ ქებას და დიდებას.

 

თუკი ხედავ, რომ ადამიანი ამქვეყნად ძლიერ განდიდდა, ნუ გაიკვირვებ; იმისი გიკვირდეს, ვინც ქვეყნიური დიდება მოიძულა.

 

თუკი სათნოებაში წარმატებას მიაღწიე, ხოლო სიკეთის მოძულე (ეშმაკი) ზოგიერთ ადამიანს შენს შესავიწროვებლად აღძრავს, ნუ დაფრთხები და კაცობრივი შიშის გამო ნუ უღალატებ კეთილმსახურებას, რამეთუ „საშინელ არს შევრდომაჲ ხელთა ღმრთისა ცხოველისათა“ (ებრ. 10,31).

 

თუკი არ ცდუნდები, როდესაც გეპირფერებიან, მაშინ არ დამწუხრდები, როდესაც გაგლანძღავენ.

 

რაც არ უნდა აიმაღლოს კაცმა თავი ამპარტავნებით, მაინც იმ მიწაზე იდგება, რომლისგანაცაა შექმნილი, და მიწადვე მიიქცევა; ხოლო უფალი მდაბალთ აღამაღლებს.

 

სიმდაბლით უფრო მეტად სათნო-ეყოფა კაცი ღმერთს, ვიდრე მსხვერპლითა და შესაწირავით.

 

ვინც საკუთარი თავის განდიდებისთვის იღვწის, ის უპატიოებას იმზადებს, ხოლო ვინც მოყვასს სიმდაბლით ემსახურება, ის განდიდდება.

 

ნურავის გაკიცხავ, რამეთუ არ იცი თავად რა გელოდება.

 

კარგია, დაცემულს კი არ დავცინოთ, არამედ ფეხზე წამოვაყენოთ.

 

ვინც სხვების ლანძღვით ტკბება, ის ცხადად აჩვენებს, რომ თვითონვეა იმით დატყვევებული, რის გამოც სხვებს კიცხავს.

 

ნუ გეყვარება სხვათა დაცემის შესახებ მოსმენა, რომ შენი ცოდვის შესახებაც ყველამ არ შეიტყოს.

 

მოყვასის წარმატების გამო სიხარული სრულყოფილებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო წუხილი და უკმაყოფილება, როდესაც სხვას აქებენ, ავზნეობისა და მზაკვრული განწყობის ნიშანია.

 

იხსენი ძმა ცოდვისაგან და გიხსნის ღმერთი დღესა რისხვისასა.

 

გატეხე შენი პური და მიეცი გლახაკებს. შენ შენსას არ აძლევ; ღმერთმა იმიტომ მოგცა უხვად, რომ სხვებს გაუნაწილო.

 

სიყვარულის საქმეა – ერთმანეთს ღვთის შიში ვასწავლოთ.

 

უკეთური სული, როდესაც ეპირფერებიან, აღზვავდება, და როდესაც შეურაცხყოფენ – გამძვინვარდება; ხოლო კეთილ სულს არ უხარია, როდესაც ეპირფერებიან, და როდესაც შეურაცხყოფენ – არ აღშფოთდება.

 

შეიყვარე სიმდაბლე და არასოდეს ჩავარდები ეშმაკის ბადეში, რამეთუ სწრაფი ფრთებით აფრენილი ყოველთვის მტრის ბადეებზე ბევრად ზემოთ იქნები.

 

თუკი ცოდვით დაცემულს დაინახავ, ნუ გაახმაურებ მის ცოდვას, ნუ განიკითხავ, ნუ მოიძულებ მცოდველს, რომ შენც იმავე ცოდვით არ დაეცე; უმჯობესია ეს თქვა: მე მასზე უარესი ვარ. დღეს თუ მან შესცოდა, ხვალ მე შევცოდებ.

 

მართალსაც რომ ამბობდეს ვინმე სხვის სიავეზე, მისი სიმართლე სიცრუე იქნება. პირში ამხილე, ფარულად ნუ განგმირავ. უკუგდებულ იქნება შენი სიმართლე, თუკი მას ბოროტი განზრახვა შეეზავება.

 

ვისაც უყვარს ჭეშმარიტება, ის ჭეშმარიტად ქრისტეს მეგობარია, ხოლო სიცრუის მოყვარული – ეშმაკის მოწაფეა.

 

ნუ შეეჭიდები ნურც იმას, რაც ძალიან მაღალია, შენს ძალებზე აღმატებული, ნურც ყველაზე უმნიშვნელოს, რათა გაიზარდოს შენი ჯილდო. ნუ გაასუქებ საკუთარ სხეულს, რომ არ აღადგინოს ბრძოლა შენს წინააღმდეგ, ნუ მიაჩვევ მას ხორციელ სიამოვნებებს, რომ შენს სულს მძიმე ტვირთად არ დააწვეს და ქვესკნელში არ ჩაიყვანოს. თუკი სულის გულისთქმების შესრულებას მიეცემი, ის სწორი გზიდან გადაუხვევს, უფსკრულებისკენ წავა, იოლად შეიწყნარებს ყოველგვარ უწმინდურ გულისსიტყვას და აღარ დაიცავს უბიწოებას. და კვლავ, თუკი უზომოდ შეავიწროვებ სხეულს, ამ შემთხვევაშიც დამძიმდება სულის ტვირთი, დაეუფლება მას სიმხდალე და მოწყინება, ის შეიქნება ადვილად გაღიზიანებადი, გალობის, ლოცვის და მორჩილების მიმართ ზარმაცი. ამიტომაც, მშვენიერი ზომა და წონა იპყარი, მართე საკუთარი თავი.

 

თესე მოწყალება გლახაკთა ხელებში და ელოდე აღდგომას, მაშინ მიხვალ და მოიმკი სიხარულის მოსავალს.

 

ჭეშმარიტად, ისინი არიან ბრძენნი, მხნენი, მებრძოლნი, მდიდარნი, ვინც თავის გონებას ზეცისკენ მიმართავენ, მრისხანებით აღდგებიან სიამისმოყვარებისა და იმ გულისთქმების წინააღმდეგ, რომლებსაც ამჩნევენ საკუთარ თავში, ეწინააღმდეგებიან ცოდვის სჯულს, ემორჩილებიან ღვთის სჯულს და მისით ტკბებიან.

 

როგორც სიყვარულია ყველა სიკეთესა და ყველა სათნოებაზე აღმატებული, ასევე ყველა ცოდვაზე მძიმეა ძმის სიძულვილი.

 

სამოსელის ბრწყინვალებით კი ნუ მიიქცევ ყურადღებას, არამედ დაე კეთილი საქმეებით იბრწყინოს შენმა ნათელმა ყველას წინაშე, რათა იდიდებოდეს უფალი.

 

ნუ იტყვი: დღეს შევცოდებ და ხვალ მოვინანიებ. უმჯობესია დღეს მოვინანიოთ, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.

 

თუკი ხედავ შენს უამრავ საიდუმლო ცოდვას, ამან ცხონების მიმართ უზრუნველი არ უნდა გაგხადოს, რამეთუ უფალს შეუძლია განგწმიდოს და შენი სიშავე განასპეტაკოს. თუკი ცოდვამ ღრმად შემოაღწია შენში, როგორც საღებავმა ტალღაში, მაშინ, როგორც წინასწარმეტყველთან წერია, უფალი თოვლივით განგასპეტაკებს (ეს. 1,18). ცოდვილო, შენ მხოლოდ მიატოვე უსჯულოებანი შენნი, შეიმუსრე უწინდელი ცოდვების გამო, და ის წყალობით მიგიღებს. განაგდე შენი ძველი სიბილწენი და მიდი მასთან, ის შეგიწყნარებს.

 

ეცადე, შვილო, ყოველთვის გულმართალი და წრფელი იყო, ნუ გექნება გულში ერთი და ბაგეებზე მეორე, რამეთუ ეს მზაკვრობაა.

 

თუკი გამოგზავნილია მახვილი, შიმშილი, სნეულება, ან სიკვდილი, ან რაიმე სხვა, რაც სამწუხაროდ წარმოჩნდება, – ეს ყოველივე შესაგონებლად და გამოსასწორებლად მოივლინება ქვეყანაზე, რათა ადამიანებმა გონება კეთილმსახურებისკენ მიმართონ, რამეთუ ყოველ თაობას ესაჭიროება შეგონება უფლისმიერი მოხედვით.

 

დაე ნუ გაგვიტაცებენ ამასოფლის ოცნებები და შეხედულებები, არაფრით განსხვავდებიან ისინი აჩრდილისაგან. ბევრმა, როცა დაიძინა, მდიდარი იყო, და როცა წამოდგა, უკვე გლახაკი იყო; დღეს თავადია, და დილით აღესრულება. ნეტარ არიან, ვინც უფლისათვის ითმენს და მოუძაგებია ამასოფლის საცთურები, რამეთუ ისინი ნამდვილად დაიმკვიდრებენ სამუდამო დიდებას.

 

დავფიქრდეთ, ძმებო, რამეთუ „კაცი ამაოებასა მიემსგავსა“ (ფსალმ. 143, 4) ... „ვითარცა თივა არიან დღენი მისნი“ (ფსალმ. 102, 15), გაირბენენ დროის ერთ გაელვებაში, და ყველაფერი ჩავლილია. რატომ შფოთავ ამაოდ, კაცო? ცხელების ერთი კვეთება დაასრულებს შენს ცეკვა-თამაშს... იქ (ჯოჯოხეთში) დიდი მწუხარებით იტირებენ, კბილების ღრჭენით და საკუთარ სახეში ცემით, მეძავნი და მემრუშენი, მპარავნი, მკვლელნი, მკითხავები, მწამვლელები, გრძნეულები, თაღლითები, მამათმავლები, წულთმხრწნელები (პედოფილები), მტაცებლები, სისხლისმსმელები. ყველა ისინი და მათი მსგავსნი, ბოლომდე შეუნანებლად მცოდველები და ფართო გზით მავალნი, რომელიც მიდის წარსაწყმედელში, უეჭველია, იპოვიან იქ შესაფერის სამკვიდრებელს, რამეთუ შეუძლებელია აქაც იცეკვო ეშმაკებთან ერთად და იქაც იხარო ანგელოზებთან ერთად, როგორც თქვა უფალმა: „ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ“ იქ (ლუკ. 6,25). შეუძლებელია, ძმებო, ხან ქრისტიანი იყო, ხან წარმართად იქცე.

 

ყველაფერი ჩაივლის, ძმებო, მხოლოდ ჩვენი საქმეები იქნებიან ჩვენი გამცილებლები. ამიტომაც, მოიმზადეთ საგზალი მოგზაურობისთვის, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

 

შენიანებსაც და უცხოებსაც სიკეთე გაუკეთე, როგორც შეგიძლია, კეთილსაც და ბოროტსაც კეთილი სიტყვა უთხარი.

 

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.

 

ჰოი უსაზღვრო ძალა სიყვარულისა! არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი. ის თავია სათნოებათა. სიყვარული – ყველა სიკეთის მიზეზია, სიყვარული – სათნოებების მარილია, სიყვარული – სჯულის აღსასრულია. მან გარდამოიყვანა ზეციდან ჩვენთან ძე ღვთისა. სიყვარულით მოგვევლინა ყველა სიკეთე: შემუსვრილია სიკვდილი, დატყვევებულია ჯოჯოხეთი, აღმოწოდებულია ადამი. სიყვარულითაა შეკრებილი ერთი სამწყსო ანგელოზთაგან და კაცთაგან. სიყვარულითაა განღებული სამოთხის კარნი და აღთქმულია ჩვენთვის ცათა სასუფეველი. მან განაბრძნო მეთევზენი, მან განამტკიცა მოწამენი, მან გარდასცვალა უდაბნონი მონასტრებად, ფსალმუნთგალობით აღავსო მთანი და ქვაბულნი, მამებს და დედებს ვიწრო გზით სვლა ასწავლა. ჰოი ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი.

 

მაშინ, როგორც თქვა უფალმა, „განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა“ (მათ. 25,32-33). – ის ცხოვარნი, რომლებსაც აქვთ კეთილი ნაყოფი, რომლებმაც იციან მწყემსი, რომლებიც არიან აღბეჭდილნი (ნათლისღებით), რომლებმაც დაიცვეს ბეჭედი დაუზიანებლად, რომლებიც გაყვნენ დიდ მწყემსს, რომელმაც თქვა: „მომდევდით მე“, ცხოვარნი, რომლებმაც არ შებილწეს წმინდა სარწმუნოება მწვალებლური გმობებით; ამ ცხვრებს დაადგენს მარჯვენით მისა. ... მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომებს: „წადით ჩემგან ყოველნო წყეულნო ცეცხლსა გარესკნელსა. წადით ჩემგან მოძულეებო, უმოწყალონო, ძმათმოძულენო, ქრისტესმოძულენო. თქვენ არ იწყალებდით, და არ იქნებით შეწყალებულნი; თქვენ არ უსმენდით ჩემს წმიდა სახარებებს და ჩემს ნეტარ მოწაფეებს, და მე არ შევისმენ თქვენს ტირილს. თქვენ ქვეყნად ფუფუნებაში იყავით, ცხოვრებაში კეთილდღეობით ტკბებოდით. იქ ყოველდღიურად მოგიწოდებდით წმიდა წერილით, თქვენ კი გესმოდათ და დასცინოდით მკითხველებს. და აწ ვამბობ: „არა გიცნი თქუენ“. წადით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა გარესკნელსა და სამარადისოსა, რომელიც განმზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“. მაშინ წავლენ ისინი მარადიულ სატანჯველში, ხოლო მართალნი – მარადიულ ცხოვრებაში.

 

ღმერთი გვეტყვის ჩვენ: „თქვენთვის განვკაცდი, თქვენთვის ხილულად მიმოვიდოდი ქვეყანაზე, თქვენთვის ვიცემე, თქვენთვის თავს ვიდევ ყვრიმლის-ცემა, თქვენთვის ჯვარს-ვეცვი ძელზე ამაღლებული, თქვენთვის, მიწისაგანთათვის, ძმრის სმა თავს-ვიდევ, რათა თქვენ წმინდანი, ზეციურნი გამეხადეთ. ჩემი სასუფეველი მოგეცით, ყველას ძმები გიწოდეთ, მამას მივუძღვანე (თქვენი თავი), სული წმიდა გარდამოგივლინეთ. რაღა შემეძლო გამეკეთებინა ამაზე მეტი და არ გავაკეთე თქვენს საცხოვნებლად? არ მსურს ერთადერთი: ძალდატანება თავისუფალ ნებაზე, რომ ცხონება თქვენთვის აუცილებლობად არ იქცეს. თქვით, ცოდვილებო და ბუნებით მოკვდავნო, რა მოითმინეთ ჩემთვის, მეუფისთვის, თქვენთვის ვნებულისთვის?“ ამგვარად, განმზადებულია სასუფეველი და ცხოვრება, განსვენება და სიხარული, ასევე მარადიული ტანჯვა ბნელსა გარესკნელსა. წავიდეთ საითაც გვინდა, ყველაფერზე თავისუფლებაა მოცემული.

 

ნეტარ არიან წმინდანი და მართალნი! მათ ებრძანებათ შესვლა სიცოცხლეში, სიხარული და ნეტარება ღმერთთან მარადიულ სასუფეველში... მაგრამ ვაი ბოროტებსა და უსჯულოებს! ისინი თავიანთი საქმეების სასჯელად სატანასთან ერთად დაიტანჯებიან. ... ვინც მშივრებს თავის პურს არ უნაწილებდა, არ განუსვენებდა გაჭირვებით დატანჯულს, ის იღაღადებს ტანჯვით და არავინ გაიგონებს, არავინ განუსვენებს მას. ... ვისაც აქ ურცხვი ავხორცობისა და მრუშობის გულისთქმა განახურვებდა, ის სატანასთან ერთად მარადიულად დაიწვება გეენაში.

 

თავს ნუ მოვიტყუებთ, ძმანო! არის სამსჯავრო და მარადიული ტანჯვა, და ცეცხლი უშრეტი (მარკ. 9,43-44), და მატლი უკვდავი (მარკ. 9,46), და ბნელი გარესკნელი (მათ. 8,12), და ტარტაროზი (2 პეტრ. 2,4), და კბილთა ღრჭენა და ტირილი (ლუკ. 13,28), როგორც ამ ყოველივეს შესახებ გვახსენებს უფალი სახარებებში! ის არ ცრუობს: „ცანი და ქუეყანაჲ წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარხდენ“ (მათ. 24,35).

 

ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიაო, რამეთუ მეუფეთა მეუფემ შენ შორის დაიდგა საყდარი. შენი საძირკველი არასოდეს შეირყევა, რამეთუ უფალია შენი მცველი; და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები ვერ შემუსრავენ და ვერ შეასუსტებენ შენს სიმტკიცეს. ო, რა დიდებული და მშვენიერი ხარ შენ, სახლო ღმრთისაო!

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა