წმ. მამები საზვერეების შესახებ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
„როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას: რადგან ყოველი საზვერე მის ცოდვას წარმოაჩენს... რადგან სულის ყოველი ვნება და ყოველი ცოდვა მეზვერეთა და მტანჯველთა მისთა აღრაცხული აქვთ“.
წმიდა კირილემდე და მის შემდგომაც მრავალი წმიდა მამა საუბრობს ან იხსენიებს საზვერეებს. ზემოხსენებულ საეკლესიო დოგმატიკის ისტორიკოსს მრავალი მათგანის ციტატა მოჰყავს და დაასკვნის: „საზვერეებზე სწავლების ასეთი გამუდმებული და ყოველმხრივი გავრცელება ეკლესიაში (განსაკუთრებით კი მეოთხე საუკუნის მოძღვრებს შორის) უცილობლად მოწმობს, რომ მათ იგი წინა საუკუნეების მამათაგან გადმოეცათ და მოციქულთა გადმოცემაზეა დაფუძნებული“ (მიტროპოლიტი მაკარი მოსკოველი, „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“, ტ. 2, გვ. 535).
წმ. მაკარი დიდი
„როდესაც კაცის სული სხეულიდან გამოდის, მაშინ დიდი საიდუმლო აღესრულება. თუკი იგი ცოდვასაა დამონებული, მაშინ მასთან მიიჭრებიან დემონები, დაცემული ანგელოზები, ბნელი ძალები და მიიტაცებენ სულს თავის სამფლობელოში. ეს უცნაურად არ უნდა მივიჩნიოთ და არ უნდა გაგვაკვირვოს. თუკი ადამიანი ვიდრე ამქვეყნად ცხოვრობდა, მათ ემონებოდა და მათ მონად იქცა, მით უმეტეს, როცა ტოვებს ამ ქვეყანას, მათ ტყვეობაში ექცევა. ასევე, პირიქით, უმჯობესი მდგომარეობის მიმართებით უნდა გულისხმავყოთ: უფლის წმიდა მონებთან ახლაც (იგულისხმება სიცოცხლეში) ანგელოზები დგანან, მათ წმიდა სულები იფარავენ და გარს ევლებიან. ხოლო როცა სხეულიდან გავლენ, ანგელოზები მიიქვამენ მათ სულებს, თავის სამყოფელში წაიყვანენ, სიწმიდის ქვეყანაში, და უფალთან წარადგენენ“ (სიტყვა 22).
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
„ვინ არ შეშინდება (ჩემსავით ცოდვების უწმინდურობით შებილწულთაგან) წმიდა ანგელოზთა გამოჩენით, რომლებიც ღვთის ბრძანებით ძალით, მრისხანებით, ნების საწინააღმდეგოდ გამოაგდებენ სხეულიდან მას, ვისაც ამ ცხოვრებიდან გასვლა განეჩინა. ვინ არ შეუშინდება უწყალო და სასტიკ ეშმაკებთან შეხვედრას, ვინც თავის ბოროტ საქმეებს აცნობიერებს“.
ხარკოვის მთავარეპ. მაკარი, დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ. 2, გვ. 407.
წმ. ათანასე დიდი
აღდგა ოდესმე (წმ. ანტონი) და ილოცვიდა ცხრა ჟამს და აგრძნა თავისა თვისისაი, რამეთუ აღიტაცა გონებითა, და საკვირველ ესე იყო: მდგომარე ხედვიდა თავსა თვისსა, ვითარცა გუამსა გარეშე იპოვა, და ვითარცა ზე ჰაერთა წინა-ვინმე-უძღოდეს მას. და მერმე იხილნა მწარენი და ფიცხელნი ჰაერთა ზედამდგომარენი, და უნდა დაბრკოლებაი მისი, რაითამცა გარე არა წარხდა მათ, ხოლო რომელნი-იგი წინა-უძღოდეს მას, შეჰრისხნეს მათ. ესენი სიტყუასა მოჰხდიდეს მათ, ნუმცა უკუე თანამდებ რაიმე იყოს მათა. უნდა მათ სიტყვისა ყოფაი შობითგან მისით. აყენებდეს ანტონის წინამძღუარნი იგი და ეტყოდეს მათ, რამეთუ შობითგანნი იგი (ცოდვები) უფალმან ახოცნა, ხოლო ვინაითგან მონაზონ იქმნა და აღუთქუა ღმერთსა, ჯერ-არს სიტყვის-ყოფაი. მაშინ შეასმენდეს და ვერარაი ამხილეს... და მოიხსენა (ანტონიმ), რამეთუ ესე არს, რომელი თქუა მოციქულმან, ვითარმედ მთავრისა მისთვის ხელმწიფებისა ჰაერთაისა, რამეთუ: ამას ზედა აქუს მტერისა მის ხელმწიფებაი ბრძოლად და განცდად და დაბრკოლებად თანა-წარმავალთა. ამისთვისცა უფროისღა ამცნებდა: აღიღეთ თქუენ საჭურველი ღმრთისაი, რაითა შემძლებელ იქმნნეთ წინა-აღდგომად დღესა მას ბოროტსა, რაითა არა აქუნდეს სიტყუად ჩუენდა ბოროტი მტერსა და ჰრცხუენეს.
წმ. ანტონი დიდის ცხოვრება, მამათა ცხორებანი, გვ. 40, თბ. 1975.
წმ. ისაია განდეგილი
„ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან“ (სიტყვა 5,22); „როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში“
სიტყვა 17.
წმიდა ისიქი იერუსალიმელი ხუცესი
„მოატანს ჩვენი სიკვდილის ჟამიც, მოვა იგი და ვერსად წავუვალთ. და ნეტავ მაშინ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც უნდა შემოგვეყაროს, ჩვენში მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი სამართლიანი მხილება“
სიტყვა 17.
წმიდა გრიგოლი დიოლოღოსი
„ღრმად უნდა დავუფიქრდეთ, თუ რა საზარელი იქნება სიკვდილის ჟამი, როგორ შეძრწუნდება სული, როგორ გაიხსენებს ყველა ბოროტებას და ძრწოლა ექნება მსაჯულისა. მაშინ ბოროტი სულები მიცვალებულებს წარმოუდგენენ ყველა ცოდვას, რომელზეც თავად უბიძგებდნენ, რათა შემდეგ ეწამებინათ თავიანთი თანამონაწილე ადამიანის სული. მაგრამ მხოლოდ ცოდვილ სულებზე რატომ ვსაუბრობ, როდესაც ბოროტი სულები რჩეულ გარდაცვლილებსაც ეცხადებიან და მათშიც ეძიებენ სათავისოს, თუკი რამ ჩაუდენიათ? ადამიანთა შორის მხოლოდ ერთი იყო, ვინც უწინარეს თავის ტანჯვისა უშიშრად სთქვა: „არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა ჰპოვოს არარაჲ“ (იოვან. 14,30).
სიტყვა სახარებაზე, 39. ლუკა 19,42-47; ეპისკოპოსი ეგნატე, ტ. 2. გვ. 278.
წმ. ეფრემ ასური
„როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი... ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო... და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა სოფლისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ესენი არიან – ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, მეზვერეები, ცოდვების აღმრიცხველნი; ისინი გზაზე ხვდებიან ადამიანებს და აღურიცხავენ ახალგაზრდობასა თუ ხანდაზმულობაში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რომელნიც სიტყვით, საქმით ან ფიქრით აღასრულეს. დიდი შიში და ძრწოლა შეუდგება იქ უბადრუკ სულს. აუწერელ ტანჯვას განიცდის იგი იქ, გარშემორტყმული აურაცხელი მტრებით, რომლებიც ცილს დასწამებენ, რათა ზეცად აღსვლასა და სასუფევლის დამკვიდრებაში დააბრკოლონ ადამიანის სული, მაგრამ წმიდა ანგელოზები აღიპყრობენ და განარიდებენ მათ“.
წმიდა ეფრემ ასური, თხზ. კრებ. მოსკოვი, 1882 წ., ტ.3, გვ. 383-385.
* * *
ეპისკოპოსი ეგნატე არ იცნობდა იმ მრავალრიცხოვან ადრეულ, დასავლურ მართლმადიდებლურ წყაროებს, რომლებშიც მრავლად მოიპოვება საზვერეების აღწერა და რომლებიც არ იყო ნათარგმნი ბერძნულ ან რუსულ ენებზე. როგორც ჩანს, სახელწოდება „საზვერეები“ აღმოსავლური წყაროებით შემოიფარგლება, მაგრამ დასავლეთის წყაროებში აღწერილი „რეალობა“ მას შეესატყვისება.
წმ. კოლუმბანი
წმიდა კოლუმბანმა შოტლანდიაში იონას კუნძულზე მონასტერი დააარსა (597 წ.). თავისი სიცოცხლის მანძილზე მან მრავალგზის იხილა ჰაერში დემონთა ბრძოლა მიცვალებულთა სულებისათვის. ამის შესახებ წმიდა ადამნანი მოგვითხრობს (704 წ.) მის მიერ აღწერილ წმინდანის ცხოვრებაში, რომელთაგან ერთ-ერთი შემთხვევა გადმოგვცემს შემდეგს:
ერთხელ წმიდა კოლუმბანმა მოუხმო თავის მონაზვნებს და უთხრა: „შევეწიოთ ლოცვით აბბატ კომგელის მონაზვნებს, რომლებიც ახლა ტბაში იხრჩობიან, რადგან ამ წუთას ისინი ჰაერში ბოროტ ძალებს ებრძვიან, რომლებსაც მათთან ერთად დასახრჩობად განწირული უცხოელის სულის შეპყრობა სურთ“. ლოცვის შემდეგ წმიდა კოლუმბანმა თქვა: „მადლობდით ქრისტეს, რადგან აწ წმიდა ანგელოზები შეეწიენ ამ წმიდა სულებს და ის უცხოელი დემონებისგან გამოიხსნეს“.
წმ. ბონიფაცი
– ანგლო-საქსონელი „გერმანელთა მოციქული“ ერთ-ერთ თავის წერილში გადმოგვცემს ამბავს, რომელიც თავად მოისმინა უინლოკში იმ ბერისგან, რომელიც მოკვდა და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ მობრუნდა ამქვეყნად. სხეულიდან გასვლის შემდეგ ეს ბერი „ისეთმა ბრწყინვალე ანგელოზებმა წაიყვანეს, რომ მათი მზერაც კი არ შეეძლო...“. „ზემოთ, ჰაერში ამიყვანესო“... თქვა მან და შემდეგ მოჰყვა, რომ სხეულს გარეთ მისი ყოფნის დროს იმდენად ბევრმა სულმა დატოვა თავისი სხეული და იქ მოგროვდა, სადაც თვითონ იყო, რომ ბერს მოეჩვენა, თითქოს ისინი დედამიწის მთელ მოსახლეობას აღემატებოდნენ. მან თქვა აგრეთვე, რომ იქ ბოროტი სულების ხროვა იყო და ზეციურ ანგელოზთა დიდებული დასი და, რომ ბოროტ სულებსა და წმიდა ანგელოზებს შორის გაცხარებული დავა იყო სხეულიდან გასული სულებისთვის, რომლებსაც დემონები ბრალს სდებდნენ და ამძიმებდნენ მათ ცოდვებს, ხოლო ანგელოზები უმსუბუქებდნენ სულებს ცოდვების ტვირთს და ასახელებდნენ მათი ცოდვების შემამსუბუქებელ გარემოებებს.
ბერს ესმოდა, როგორ კიოდა მის წინააღმდეგ ყოველი ცოდვა, ბავშვობიდან მის მიერ აღსრულებული, რომელიც მას აღსარებაში არ ეთქვა, ან დაავიწყდა, ან ცოდვად არ შერაცხა. ყოველი ცოდვა თავის ხმით ყვიროდა და ადანაშაულებდა მას... ყველაფერი, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაუდენია და აღსარებაში არ უთქვამს ან რაც მას ცოდვად არ მიაჩნდა – ახლა ეს ყველაფერი საზარელი სიტყვებით მის წინააღმდეგ ყვიროდა. ბოროტი სულებიც ამგვარადვე აღურიცხავდნენ, უსაბუთებდნენ ცოდვებს, ბრალს სდებდნენ და მისგან ჩადენილი ცუდი საქმეების დროსა და ადგილსაც უსახელებდნენ... და აი, კაცთა მოდგმის ამ ოდინდელმა მტრებმა თავი მოუყარეს და ჩამოუთვალეს ბერს ყველა მისი ცოდვა, ბრალი დასდეს და მასზე თავიანთი უცილობელი ძალაუფლება გამოაცხადეს. „მეორე მხრივ კი, – თქვა ბერმა – პატარა, უბადრუკი სათნოებანი, რომელნიც უმნიშვნელო და არასაკმარისი მქონდა, – ჩემს სასარგებლოდ მეტყველებდნენ... და ეს ანგელოზები თავიანთი უსაზღვრო სიყვარულით მიცავდნენ და მეწეოდნენ; ხოლო სათნოებანი, ძალიან გაზრდილნი, გაცილებით დიდად და მშვენივრად მეჩვენებოდნენ, ვინემ ოდესმე შემეძლო აღმესრულებინა ჩემი საკუთარი ძალით.
წიგნიდან: მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი, „სული გარდაცვალების შემდეგ“, თბ. 2006
ღირსი თეოგნოსტი
„გამოუთქმელია იმ სულის ნეტარება, რომელიც შორდება თავის სხეულს მას შემდეგ, რაც წინასწარ ეუწყა თავისი ცხონების შესახებ. ის განიძარცვავს სხეულს, როგორც სამოსს, იმის მტკიცე რწმენით, რომ მიიღებს იმას, რაც უკვე მიიღო წინდობით. მწუხარების გარეშე ტოვებს სხეულს, მშვიდად გამოდის მისგან და მიდის ზეციდან მასთან წარმოგზავნილ ანგელოზთან, ნათელთან და მშვიდთან. ამ ანგელოზის თანხლებით ის წინააღმდეგობის გარეშე გაივლის საჰაერო სივრცეს, ისე რომ მზაკვარი სულები ოდნავაც ვერ შეაშფოთებენ; სიხარულითა და შემართებით ამაღლდება, ღმერთს მადლობით უღაღადებს, და ბოლოს თავის შემოქმედს თაყვანის საცემად მიეახლება. იქ გამოითქმის მის შესახებ განჩინება, რომელიც ბრძანებს მიიყვანონ იგი იმათთან, ვინც მისი თანასწორია სათნოებით, რათა მათთან ერთად იმყოფებოდეს საყოველთაო აღდგომამდე“.
* * *
„ყოველთვის ემზადე აღსასრულისთვის, განაგდებდე ყოველგვარ შიშს; მუდმივად ემზადე, რომ შეძლო საჰაერო სივრცის გავლა, რომ გაექცე ბოროტ სულებს, შეხვიდე თამამად და უშიშრად ზეციურ სფეროებში, შეერთო ანგელოზთა დასებს, შეემატო ყველა რჩეულისა და მართლისგან შემდგარ გუნდს, იხილო ღმერთი, რამდენადაც მისაწვდომია ეს ხილვა“.
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ზადონელი დაყუდებული გიორგი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თითქმის ჩვენი თანადროულია: ზადონის მონასტრის არქიმანდრიტი ბარსანუფი სამი დღე-ღამის განმავლობაში აგონიაში იყო. ამ დროს ის სულით საჰაერო საზვერეებში იმყოფებოდა, განიკითხებოდა ბავშვობიდან ჩადენილი ყველა ცოდვისათვის, და ესმა ხმა ღვთისა: ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მღვდელმოწამისა მოკიოზისა და ანდრია სტრატილატისა, მიეტევება ცოდვები და ეძლევა დრო სინანულისთვის.
***
ვოლოგდის მიმდებარედ არის დიდი სოფელი, კუბენსკოე, სადაც რამდენიმე სამრევლო ტაძარია. ერთ-ერთი ტაძრის მღვდელი დასნეულდა და აღსასრულს რომ მიუახლოვდა, თავისი სარეცელის გარშემო დემონები დაინახა, რომლებიც მისი სულის წასაყვანად და ჯოჯოხეთში ჩასაგდებად ემზადებოდნენ. ამ დროს სამი ანგელოზი გამოჩნდა. ერთი მათგანი სარეცელთან დადგა და დაიწყო დავა მღვდლის სულის გამო საშინელ დემონთან, რომელსაც გახსნილი წიგნი ეჭირა; ამ წიგნში მღვდლის ყველა ცოდვა იყო ჩაწერილი. ამ დროს მოვიდა სხვა მღვდელი, რომ ძმა იმ ქვეყნად გაეცილებინა. დაიწყო აღსარება; სნეულს შეშინებული მზერა წიგნზე ჰქონდა მიპყრობილი და თავგანწირვით წარმოთქვამდა თავის ცოდვებს, თითქოს განაგდებდა საკუთარი თავიდან, – და რას ხედავს? ხედავს ცხადად, რომ როგორც კი წარმოთქვამს რომელიმე ცოდვას, ეს ცოდვა იმ წიგნში ქრება და ჩანაწერის ნაცვლად ცარიელი ადგილი რჩება. ამგვარად, აღსარებით მან ყველა ცოდვა აღხოცა საეშმაკო წიგნიდან და მიიღო რა კურნება, ცხოვრების დარჩენილი დღეები სინანულში გაატარა და ახლობლებს, მათი სარგებლობისთვის, უყვებოდა ხილვის შესახებ, რომელიც სასწაულებრივი განკურნებით აღიბეჭდა.
სწავლებები აღებულია წმ. ეპისკოპოს ეგნატეს წიგნიდან „სიტყვა სიკვდილზე“.
ღირსი აბბა დოროთე
„...ამისთვისცა ვესავ ღმერთსა, ვითარმედ ადრე მოვიხვნეთ, რომელთაცა მოველით სულიერთა ფიცართა, რათა უძღოდენ უცდომელად ყოველთა, რომელნი შეუდგენ მათ, და რათა იყვნენ სწავლანი იგი, ვითარცა კიბე აღმყვანებელი ზეცისა ბჭეთა... და რათა დაუყენებელად წარვიდენ იგინი, სწავლითა შენითა, სულთა მათგან უკეთურთა და სოფლის მპყრობელთა ბნელისათა და მთავართა ჰაერისათა“.
„კიბე“, იოანე რაითელის ეპისტოლე იოანე სინელის მიმართ.
წმიდა იოანე სინელი
(კიბის-აღმწერელი)
ამათ სიტყვათა მიმართ რომელთამე მიცვალებადთა მათგანთა თქვიან, ვითარმედ: „კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩვენ ნადირად კბილთა მათთა“; და სხვამან თქვის: „კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობა მისი ჩემგან“; და სხვამან თქვის სალმობით: „განცდა-მეა სული ჩვენი ღვარსა მას დაუდგრომელსა, სულთა მათ ჰაერისათა?“ რამეთუ ჯერეთ არა მინდობილ არნ, არამედ მოელინ თუ რაჲ ყოფად არს განსაკითხავსა მას შინა; და სხვამან ამის უმწარესიცა თქვის, ვითარმედ: „ვაჲ სულისა მის, რომელმან არა დაიცვა აღთქმა თვისი უბიწოდ, ამას ჟამსა სცნას, თუ რაჲ განმზადებულ არს მისდა“. („კიბე“ 5,15)
ვისმინოთ, ძმანო, საქმე სარგებელი სულისაჲ და მომყვანებელი ლმობიერებად და სინანულად: იყო უკუე აქა ბერი ვინმე სახელით სტეფანე, რომელსა აქუნდა ცხოვრებაჲ მეუდაბნოებისა და დაყუდებისაჲ, და დაეყვნეს მონოზონებასა შინა მრავალნი წელნი, და შემკობილ იყო მარხვითა და ცრემლითა, და სხვითა მრავლითა ქუელის საქმითა სავსე იყო. და იყო სენაკი მისი მთასა სინასა, საყოფელსა წმიდისა და ღმრთის მხილველისა ელია წინაჲსწარმეტყუელისასა მთასა მას წმიდასა; ხოლო გულმან უთქუა მას სინანულსა უაღრესსა და უზესთაესსა, და წარვიდა საყოფელსა მძოვართასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების სიდი, რომელ არს ჭირი, რომელი ჰშორავს მონასტერსა სინისასა სამეოცდაათითა მილიონითა, ადგილსა რომელსა არა არს ყოვლადვე ნუგეშინის-საცემელი, არცა გზაჲ კაცთაჲყოვლადვე; და იყო მუნ იწროებით, ცრემლითა და სინანულითა ფიცხელითა. ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა, მოვიდა რაჲ იგი დიდად სიბერედ, კუალად იქცა თვისსავე სენაკსა ამას წმიდასა მთასა სინასა, სადა-იგი ესხნეს ორნი მოწაფენი პალესტინელნი, ღმრთის-მოშიშნი ფრიად, რომელნი იმარხვიდეს თავთა მათთა სიწმიდით.
ხოლო დაყვნა რაჲ ბერმან მუნ მცირედნი დღენი, დასნეულდა, რომელსაცა შინა შეისუენა. ხოლო უწინარეს გარდაცვალებისა მისისა, დღითა ერთითა აღტაცებულ იქმნა გონებაჲ მისი, და თუალნი მისნი ეხილნეს, და ხედვიდა იგი მარჯუენით და მარცხენით ცხედრისა მის, და რომელნი სხდეს მუნ, ესმოდა ზრახვაჲ მისი, რამეთუ ვითარმცა ვიეთგანმე განისჯებოდა; ოდესმე თქუის: „მართლ, გარნა ამისთვის ვტიროდი და ვმსახურებდ“. და კუალად თქუის, რამეთუ: „არა მართალსა იტყვით, არამედ სტყუით ჩემ ზედა“. და ოდესმე თქუის: „ჰე, ჭეშმარიტად, ჰე, მართალსა იტყვით, და ამისთვის არარაჲ მაქუს, რაჲმცა მოგიგე, გარნა წყალობაჲ ღმრთისაჲ მაქუს შემწედ ჩემდა“.
და იყო ხილვაჲ საშინელი და შესაძრწუნებელი, სასჯელი შეუნდობელი და უხილავი, და უსაშინელეს ესე არს, რომელ რაჲ არა ექმნა, მასცა სწამებდეს. ეჰა საკვირველი, რამეთუ დაყუდებული იგი და განშორებული იტყოდა რომელთამე ცთომათა მისთა ზედა, ვითარმედ: „ამას ზედა არარაჲ მაქუს, რაჲმცა მოგიგე“, – რომელსა დაეყო მონოზონებასა შინა ორმეოცი წელი და აქუნდა ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
ვაიმე, ვაიმე, საყუარელნო, სადა იყო მაშინ სიტყუაჲ ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რაჲთამცა ეთქუა მათდა, ვითარმედ: „რომელსაცა ზედა გპოვო, განგიკითხო შენ, – თქუა უფალმან“. ჭეშარიტად ვერარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათვის-მე? ჰოი ძმანო, დიდებაჲ მხოლოსა მას, რომელმან უწყის.
და ვიეთმე მითხრეს, უწყის უფალმან, ვითარმედ თვისითა ხელითა მისცემდა საზრდელსა ვეფხთა და ლომთა და აფთართა უდაბნოსა გარე, და ესევითარითა განკითხვითა განეშორა ხორცთაგან. და თუ რაჲ იქმნა სასჯელი მისი, ანუ ვითარი განჩინებაჲ გამოვიდა მის ზედა, ანუ რაჲ იქმნა აღსასრული განკითხვისაჲ მის, არა საცნაურ იყო.
„კიბე“, თავი 7, გლოვისათვის. საქ. ეკლესიის კალენდარი, 1987 წ.
წმიდა თეოდორე სტუდიელი
ეჰა, ეჰა, ძმანო საყუარელნო, ვითარ საშინელ არს საიდუმლოჲ სიკუდილისაჲ და ვითარ თანაგვაძს მარადის განცდაჲ და გულისხმის-ყოფაჲ და შიში და გოდებაჲ, ვითარმედ კნინღა და ჩუენცა უეჭუელად აღვესრულნეთ. მივხედნეთ და განვიცადოთ გონებითა, თუ ვითარ იქმნას განყოფაჲ სულისაჲ უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩუენთაგან, გინა თუ ანგელოსთა ღმრთისათა მოსვლაჲ; და ნუმცა არს სათქუმელ, ვითარმედ – ეშმაკთაცა, რამეთუ დამონებულთა და დანთქმულთა ვნებათა მიერ ესეცა ბოროტი წარეკიდოს, და მერმე ვიხილნეთ ხატნი იგი საშინელნი და გვესმას ხმაჲ იგი საზარელი, ვითარმედ: „გამოვედ, სულო, და მოვედ და მიეც სიტყუაჲ საქმეთა შენთათვის, რომელნი-იგი ცხოვრებასა ამას შინა ჰქმენ“. ვითარსა ტკივილსა, ანუ ვითარსა სალმობასა ჰგონებთ განყოფასა მას სულისასა? მაშინ დიდნი შემწენი არიან კეთილნი საქმენი და დაუსჯელი გონებაჲ და მომდრეკელ და დამატკბობელ წარმყუანებელთა მათ; მაშინ მორჩილებაჲ განცხადნეს და სიმდაბლე შეწყნარებულ იქმნას და ცრემლთა მოწყალე ჰყონ მსაჯული იგი. მრავალმოწყალებაჲ მძლე ექმნას ეშმაკთა, და ყოველსა საქმესა შინა მოთმინებაჲ ხელისაღმპყრობელ ექმნას, და ცუდნი, სირცხვილეულნი და უქმნი წარვიდენ წინააღმდგომნი, ხოლო განმზადებულნი იგი წარვიდენ სიხარულით ანგელოსთა თანა ქრისტეს მიმართ მაცხოვრისა. მაშინ შიში ბოროტი ეწიოს სულსა, უკეთუ ცოდვისა მიერ იპოვოს შეპყრობილ, რამეთუ ერეოდენ მას უკეთურნი ეშმაკნი და მათთანავე შთაიყვანონ საწყალობელი იგი სიღრმედ ჯოჯოხეთისად და წყუდიადად და ტარტაროსად სატანჯუელისა. და მიერითგან რაჲმეღა იყოს სარგებელი სულისა მის?
ნუ საწუთოსა ამას სიტკბოებასა მისდევთ და საუკუნოჲსა მისთვის უზრუნველ ხართ, რამეთუ მოვიდეს, შვილნო ჩემნო, მოვიდეს და არა ჰყოვნოს, რომელსა იგი ეგულვების განყოფაჲ სულისაჲ ხორცთაგან – საშინელი ანგელოსი! მოვიდეს ჟამი სნეულებისაჲ, მოიწიოს ჟამი ხურვებისაჲ და მოვიდეს ჟამი სულთა აღმოსლვისაჲ! შესაძრწუნებელ არს ესე ყოველი და საშინელ, და ესოდენ საშინელ არს, ვიდრეღა ვერ დაუთმობთ, და მოვკუდებით და მერმე, შემდგომად განყოფისა, რაჲ-მე იქმნას, რაჟამს ანგელოსნი მოვიდენ, ანუ რომელმან კერძომან ჰსძლოს წარყუანებად ჩუენდა – ანგელოსთა-მე გუნდმან, ანუ ეშმაკთამან? უეჭუელად, რომელნიცა შევიყვარენით, მათცა მეყსეულად შემიტკბნენ ჩუენ. უკუეთუ სიწმიდე და მორჩილებაჲ და სიმდაბლე და სხუანი სათნოებანი შევიყუარენით, საცნაურ არს, ვითარმედ – ანგელოსთა. ხოლო უკუეთუ ცუდად მზუაობრობაჲ და კადნიერებაჲ, და ცილობაჲ, და სიცილი, და განცხრომაჲ, და ამპარტავნებაჲ, უეჭველ არს, ვითარმედ – ეშმაკთა, რამეთუ ვნებანი ეშმაკ არიან, ვითარცა სათნოებანი – ანგელოს. ვინმე უკუე ჰსძლოს, ანუ ვინ წარიყვანოს სული ჩუენი? შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ. და ზოგად ყოველთავე შეიწყნარენით სათნოებანი, რაჲთა წმიდათა ანგელოსთა წარმიყუანნენ ჩუენ და მათ ჰსძლონ. ნუ ვჰყოფთ ნებასა ეშმაკთასა, რაჲთა იგინი მძლე გვექმნენ და წარგვიყვანნეს ჩუენ, და უბადრუკებაჲ და ვაებაჲ დაუსრულებელი მოიწიოს ჩუენ ზედა.
ქადაგებანი, „მარხვანი“
წმ. სვიმეონ სალოსის ცხოვრება
წმიდა სვიმეონის ლოცვა გარდაცვლილი დედის სულისათვის
„უფალო, რომელმან შეიწირე შესაწირავი აბრაჰამისი და მსხუერპლი იგი იეფთაესი და შესაწირავი აბელისი არა უგულებელს-ჰყავ და სამოელის მიერ ანა წინაწარმეტყველად გამოაჩინე, შენვე, უფალო, ჩემ მიერ, მონისა შენისა, შეივედრე სული დედისა ჩემისა კურთხეულისაი... აწ გევედრები, მეუფეო, მოუვლინე მას ანგელოზი მშვიდობისაი, რომელმან დაიცვეს სული მისი სულთაგან არაწმიდათა და მხეცთა მათგან, რომელნი არიან ჰაერთა ზე, რომელთა არა აქუს წყალობაი და ისწრაფიან, რაითა შთანთქნენ ყოველნი, რომელნი თანა-წარჰვიდოდიან...“
წმიდა სვიმეონ სალოსის ანდერძი
„...და უწყოდე (იოანე), რამეთუ შენცა ადრე წარჰყავ ღმერთსა ამიერ სოფლით. არამედ რავდენ შეუძლო, მოსწრაფე იყავ სულისა თვისისა ცხორებასა, რაითა შეუძლო განრინებად ყოველთაგან საფრხეთა მტერისათა, რომელნი არიან ჰაერთა ზე. ხოლო უფალი მეწამების, რამეთუ დიდსა ზრუნვასა შინა ვარ, ვიდრემდის განვვლე იგინი და განვაგდო ჩემგან ურვაი მათი, რამეთუ ესე არს დღე იგი ჭირისაი, რომელსა მოციქული იტყვის...
(მამათა ცხორებანი, გვ. 310, თბ. 1975)
წმიდა შიო მღვიმელის ცხოვრება
ხოლო მოძღურისა მისისა იოანესთვის ვიტყოდით. ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი იოანე დაბერდა ქუაბსა მას შინა და აღასრულა სრბაი თვისი მრავლითა ღუაწლითა და იწყო მოკლებად და მოუწოდა მოწაფეთა რომელთამე და თათს (თადეოზს), რომელი იყოფებოდა ქუეშე მთასა მას და ელია დიაკონსა და ჰრქუა: შვილნო, ჟამი აღსასრულისა ჩემისა მოწევნულ არს და მივალ უფლისა ჩემისა და ფრიად მეშინის ჰაერის მცველთაგან, რამეთუ საზარელ არიან, დააყენებენ სულსა, რათა არა აღვიდენ სასუფეველად, და ამას თქუენცა მოელოდეთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და აწვე განაკრძალენით თავნი თქუენნი და ჩემთვის ილოცევდით და ვინმცა გვიხსნნა ხელთაგან მათთა, გარნა ღმერთმან, რომელმან მოავლინა ძე თვისი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და მან განმათავისუფლნა სიკუდილისაგან და ყოვლისა საეშმაკოისა ვნებისა, გარნა იგინი ოდენ, რომელნი მხურვალითა გულითა შეუდგენ და სიწმიდით ჰმსახურებდენ მას. და ამისთვის გევედრები, რათა სიწმიდით და სიმართლით ვიქცეოდით.
ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, გვ. 34, თბ. 1928
ამავე თემაზე:
მამათა სწავლებები სიკვდილის შესახებ
ანგელოზებისა და ეშმაკების გამოცხადება სიკვდილის ჟამს
სულთა საჰაერო სამფლობელო