ტროპარი:
შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა ჰმსახურებდეს, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთათ, უფალო, დიდებაჲ შენდა. |
|
კონდაკი:
ქალწული დღეს არსებათ-უზეშთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელისა შესწირავს, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი. |
გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, ღმრთისმშობელო, რამეთუ უფალი და ღმერთი იესუ ქრისტე შევ, რომელმან ახოცნა ცოდვანი კაცთანი და აღიხუნა იგინი ჩუენგან და შემშჭუალნა იგინი ჯუარსა; რომელმან შეწირა თავი თვისი მსხუერპლად ღმრთისა ცოდვათა ჩუენთათვის და გუაცხოვნნა ჩუენ; რომელი გუექმნა ჩუენ პურ ცხორებისა; რომელმან მომწყდარნი სიყმილითა განაძღნა; წყარო ცხორებისა, რომელმან წყურიელნი გამოზარდნა; უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელის ამპყრობელი, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელი, მაშურალთა განმსუენებელი, ცოდვილთა მწყალობელი.
გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რამეთუ ესრეთი უფალი, სულგრძელი და ტკბილი, გვიშევ ჩუენ! გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ იხარებენ და იქადიან დედანი; რამეთუ ევა ძელისაგან გამოხდა სამოთხით, ხოლო შენგან ძელი თაყუანის-იცემების ყოვლისა ნათესავისაგან; შენგან ეშმაკსა ჰრცხუენა, ჯოჯოხეთი დაეცა, სიკუდილი განქარდა, საცთური განიდევნა.
იხარებდინ წმიდაჲ და მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიაჲ! იხარებდით და მხიარულ იყვენით ქრისტიანენი, რომელთა წმიდად და ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ დაიმარხეთ!
წმ. ეპიფანე კვიპრელი, სინური მრავალთავი
|
დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკულავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზე იგი სიმართლისაჲ მიუწდომელად დაიტია. და ნუ ეძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი; რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.
წმ. ათანასე დიდი, სინური მრავალთავი
... ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა და ყოველივე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ და ყოველივე ძალითა მაღლისაჲთა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანნა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაჲ ყრმაჲ იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყუანის-სცეს მას. რაჲ იხილეს მუნ განსაკვირვებელი, რაჲ იხილეს უცხოჲ ანუ დიდებული კაცობრივთა გულისსიტყუათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდებაჲ შობილისა მის განაკვირვებდა სულთა მათთა? ამისთვისცა არა თუ თაყუანის-სცეს ოდენ, ვითარცა იტყვის მახარებელი, არამედ აღაღესცა საუნჯეთა მათთა და მოართუეს ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. რამეთუ არა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს, არამედ ღმერთსა ხორცშესხმულსა და მეუფესა ყოველთა არსთასა. ამისთვისცა მოართუეს გუნდრუკი, ვითარცა ღმერთსა, ოქროჲ, ვითარცა მეუფესა, მური, ვითარცა ჩუენთვის განკაცებულსა, რომელსა ეგულებოდა სიკუდილისა გემოჲსა ხილვად და სამ დღე საფლავსა დადებად, რამეთუ ამისი სახე იყო მური იგი. ესე ყოველი მადლმან საღმრთომან გულისხმაუყო მათ, რომელმანცა ვარსკულავი წინამძღურად მისცა. და მო-რაჲ-ვიდეს, არარაჲ პოეს დიდებაჲ და სიმდიდრე კაცობრივი, არამედ ბაგაჲ და სავანე უნდოჲ და დედაჲ სიგლახაკესა შინა. ხოლო მადლი შობილისაჲ მის მიუთხრობელ იყო და სიმდიდრე იგი სულიერი უაღრეს ყოველთა ბუნებათა, ვითარცა იტყვის წინაწარმეტყუელი: "დაფარნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ქუეყანაჲ". ამან მადლმან აღავსნა გულნი იგი მათ მოგუთანი და და განაბრძნნა გონებანი მათნი; ამისთვისცა არა გარეშესა მას ხედვიდეს სიგლახაკესა, არცა ვითარცა კაცსა გულისხმა-ჰყოფდეს ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს და მაცხოარსა ყოველთასა. და შეწირეს ძღუენი არა მიმსგავსებული სიზრქესა მას ჰურიათასა – მსხუერპლები ცხოართა და ზუარაკთაჲ, არამედ მახლობელი გონიერებასა მას ეკლესიისასა: ოქროჲ, მური და გუნდრუკი, სახედ გულისხმისყოფისა, მორჩილებისა და სიყუარულისა.
წმ. იოანე ოქროპირი, „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“
|