კოლაელ ყრმათა წამება
კოლას ხევში, მდინარე მტკვრის სათავესთან იყო ერთი დიდი სოფელი. ამ სოფლის მკვიდრთა უმრავლესობა წარმართი იყო, ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს. მხოლოდ მცირედი მათგანი იყო ქრისტიანი – ჭეშმარიტი ღვთის მსახური.
ქრისტიანთა და წარმართთა შვილები, როგორც საერთოდ ბავშვებს სჩვევიათ, ყოველ დღე ერთად იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. შებინდებისას, როცა სოფლის მღვდელი მწუხრის ზარებს ჩამოჰკრავდა, მართლმორწმუნე ყრმები წესისამებრ ეკლესიაში მიდიოდნენ სალოცავად, წარმართთა შვილები კი, რიცხვით ცხრანი, უკან მიჰყვებოდნენ მათ, რადგანაც ისინი მეტად შეთვისებულნი იყვნენ ქრისტიან ბავშვებთან და უყვარდათ იმათი რჯულიც. მაგრამ, როდესაც ეკლესიის კარს მიადგებოდნენ, ქრისტიანები მათ შიგნით არ უშვებდნენ და ასე ეუბნებოდნენ:
თქვენ კერპთმსახურთა შვილები ხართ და ღვთის სახლში თქვენი შემოსვლა უმართებულოაო!
ცხრა ყრმაც წამოვიდოდა შინ გულდამწყდარი და დარცხვენილი. ამგვარად განმეორდა ბევრჯერ. ერთხელაც ყრმებმა ძალით სცადეს ეკლესიაში შესვლა. მაშინ ქრისტიანებმა უთხრეს მათ: თუკი ეკლესიაში შემოსვლა გინდათ, ირწმუნეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათელ იღეთ მისი სახელით, ეზიარეთ მის წმინდა საიდუმლოს და ჩვენ შემოგვიერთდითო.
ცხრა ყრმამ სიხარულით მიიღო რჩევა. მათ გადაწყვიტეს მონათლულიყვნენ. მაშინ ქრისტიანებმა ამ ამბის საცნობებლად სოფლის მღვდელს მიაშურეს, რომელიც ღირსი და პატიოსანი ადამიანი იყო და წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა მღვდელმა მოისმინა ყრმათა გადაწყვეტილების შესახებ, მას გაახსენდა სიტყვები სახარებიდან: „ვინც არ დაუტევებს მამასა თვისსა და დედასა თვისსა, დებს და ძმებს, ცოლსა და შვილებს, და არ აიღებს თავის ჯვარს, და არ გამომყვება მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“.
მაშინ, ერთ ღამეს წავიდა მღვდელი მდინარის სათავისაკენ, მას თან ახლდა ცხრა ყრმა და მრევლი. ეს ხდებოდა ზამთრის ყინვიან ღამეში, რადგან დღისით მღვდელი ვერ გაბედავდა ბავშვების მონათვლას წარმართთა შიშით. და აკი უფალმა იესო ქრისტემაც ღამით იღო ნათელი იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან.
მდინარის წყალი ყინულივით ცივი იყო, მაგრამ როცა ყრმები წყალში ჩავიდნენ და მღვდელმა ნათელ სცა მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, და ამბობდა – „სული წმიდაჲ გარდამოხდა, ვითარცა ტრედი, ზედა იორდანესა, რაჟამს ქრისტე ნათელს იღებდა, ანგელოსნი თანა უდგეს, ამას გალობასა იტყოდეს: ალილუია, ალილუია“, – ამ დროს მდინარეში წყალი მეყსეულად გათბა. ღვთის ბრძანებით ანგელოზებმა სპეტაკი შესამოსლები ჩამოიტანეს ზეციდან და სხვებისთვის უხილავად ამ სამოსით შემოსეს ახლად ნათელღებული ყრმები, რომელთაც ნათლიებად ის ქრისტიანი ბავშვები დაუდგნენ, მათთან ერთად რომ თამაშობდნენ ყოველ ცისმარ დღეს. მონათლული ყრმები შინ, თავიანთ მშობლებთან აღარ დაბრუნებულან, ქრისტიანებთან დარჩნენ და მათთან ერთად ცხოვრობდნენ.
გარკვეული ხანი გავიდა და წარმართი მშობლები მიხვდნენ, რაც მოხდა. ისინი ძალიან განრისხდნენ, მივიდნენ და თავიანთი შვილები ძალით წამოიყვანეს ქრისტიანთა სახლებიდან. ცემით, ჩხუბითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს შინ. უმოწყალო გვემით დააწყლულეს მათი პატარა სხეულები. ყრმები კი მხოლოდ ამას ეუბნებოდნენ თავიანთ მშობლებს: ჩვენ ქრისტიანები ვართ და არ გვმართებს კერპთათვის შეწირული საჭმელ-სასმელის მიღებაო.
შვიდი დღე გაატარეს ყრმებმა ისე, რომ არაფრის გემო არ უხილავთ, არამედ ასაზრდოებდა მათ სული წმიდა, რომელიც ნათლისღებისას შეიმოსეს. მაშინ მშობლებმა სხვა ხერხს მიმართეს: მათ თავიანთი შვილების ცდუნება ფერადი ტანსაცმლით, სათამაშოებით და სხვა რამეებით სცადეს. ყრმები კი მათ დაპირებებზე მხოლოდ და მხოლოდ იმეორებდნენ:
ჩვენ ქრისტიანები ვართ და თქვენგან არაფერი გვინდა, მხოლოდ გაგვიშვით, რომ ქრისტიანებთან წავიდეთ.
– როცა მშობლებმა ნახეს, რომ ვერ შეარყევდნენ ყრმების მტკიცე რწმენას, მაშინ თავიანთ მთავარს მიმართეს, რომელიც ასევე წარმართი იყო, და აუწყეს მომხდარის შესახებ. მთავარმა მათ უთხრა:
– შვილები თქვენი არიან და უფლება გაქვთ, როგორც გინდათ, ისე მოექცეთ.
ამაზე მშობლებმა მიუგეს: გვიბრძანე და წამოდი ჩვენთან ერთად და ქვით ჩავქოლოთ ისინი, რომ მათი მიბაძვით სხვებიც არ გაქრისტიანდნენო.
მღვდელსაც არანაკლები ჭირი დაადგა მათგან. წარმართებმა გააპარტახეს მისი სახლ-კარი, წაართვეს თუ რამ ებადა და ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს; ცოტა დააკლდა, რომ თავის ოჯახთან ერთად საერთოდ სოფლიდან არ გააძევეს.
ამის შემდეგ დანიშნეს დღე ტანჯვისათვის. დანიშნულ დღეს გამოვიდა მთავარი და მას თან მიჰყვა ურიცხვი ხალხი. ისინი მივიდნენ მდინარის სათავესთან, სადაც ადრე ნათელ იღეს ყრმებმა. ამოთხარეს ღრმა ორმო. მშობლებმა მიიყვანეს და ამ ორმოში ჩაყარეს წმინდა ყრმები, რომელთაგან ყველაზე უფროსი ცხრა წლის იყო და ყველაზე უმცროსი – შვიდის. მათ სხვა არაფერი იცოდნენ, თუ რა ეთქვათ და მხოლოდ ამას იმეორებდნენ: ჩვენ ქრისტიანები ვართ და მისთვის ვივნებით და მოვკვდებით, რომლის მიმართაც ნათელ ვიღეთო.
მაშინ უღმერთო მშობლებმა ქვებით თავები გაუჭეჭყეს მათ. გველებმა და იქედნეებმა, ასპიტებმა და ველურმა მხეცებმაც კი იციან შვილების სიყვარული, ხოლო ამ ურჯულოებმა არ შეიბრალეს საკუთარი ნაშობნი.
შეკრებილმა ხალხმაც ქვები დააყარა მოწამეებს, ვიდრე ორმო არ ამოივსო და წმინდა ცხედრები ქვებით არ დაიფარა. ბოლოს ამოთხრილი მიწაც ზედ მიაყარეს მათ. ამგვარად, ყრმების წამების ადგილი მათთვის სამარხადაც იქცა.
და აღსრულდა სახარების სიტყვები: „მისცეს ძმამან ძმაჲ სიკვდიდ, და მამამან შვილი, და აღდგენ მამა-დედანი შვილთა მათთა ზდა და მოჰკლვიდენ მათ“.
და სრულ იქმნა მათი წამება და შეირაცხნენ ისინი პირველ მოწამეებთან ერთად და იხარებენ მათთანა ცათა სასუფეველში გვირგვინით შემკულნი წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომელსაც შვენის დიდება და პატივი და თაყვანის ცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თარგმნა მარიამ ნიკოლაძემ