martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი

 

„რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი“.

   წმ. პეტრე დამასკელი[1]

 

ცრუმოძღვრებები და მათ შორის ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული ნეოწარმართული სწავლებები საფრთხეს წარმოადგენენ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც არ იციან ან ცუდად იციან ქრისტიანობა. არსებობენ მორწმუნე ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ამავდროულად სულიერი სარგებელი მიიღო ისეთი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან, როგორებიცაა იოგა, ბუდიზმი,  თეოსოფია, ანთროპოსოფია... ან იმკურნალო ექსტრასენსებთან, რჩევა ჰკითხო ე.წ. ნათელმხილველებს, ასტროლოგებს და ა.შ.

წმიდა წერილი ნათლად გვიცხადებს, რომ ღმერთი მორწმუნეთაგან ითხოვს წრფელ სარწმუნოებას, ერთგულებას, წარმართთა რელიგიებისა და ცრუღმერთების უარყოფას; ღვთის სიტყვა არ განასხვავებს კარგ და ცუდ წარმართობას, ეზოთერულ და ეგზოთერულ წარმართობას.

წმიდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნის მერვე თავში აღწერილია ამგვარი ხილვა: წინასწარმეტყველს უფალი აჩვენებს, რომ იერუსალიმის ტაძარში კერპია მოთავსებული, ტაძრის გალავნის საიდუმლო ოთახების კედლები მოხატულია არაწმინდა ცხოველებისა და კერპების გამოსახულებებით, ხოლო ებრაელი ერის წარჩინებულნი წმიდა ტაძრის ტერიტორიაზე ფარულად თაყვანს სცემენ კერპებს. უფალი ამბობს, რომ ამ ცოდვის გამო აღარ შეისმენს მათ ლოცვებს: „...და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ხმითა დიდითა ყურთა ჩემთა, და არა შევისმინო მათი“ (ეზეკ. 8,18). წმიდა ილია წინასწარმეტყველი ასე მიმართავდა სულიერ ორგულობაში ჩავარდნილ, ბაალის თაყვანისმცემელ თანამემამულეებს: „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას, და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა“ (3 მეფ. 18,21). ახალ აღთქმაში იმავე სენით შეპყრობილთ წმიდა პავლე მოციქული ამხილებს: „ვერ ხელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ხელ-ეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა“ (1 კორ. 10,21). როგორც ვხედავთ, კაცთა მოდგმის მტერი ყოველთვის ცდილობდა მართლმორწმუნეთა ცდუნებას, ღვთისადმი სასოებაში ეჭვის ჩათესვას, უცხო რელიგიებისა და ცრუ ღმერთების განდიდებას,  საღვთო სიბრძნის დამცირებას და თავისი „საიდუმლო სიბრძნის“ მომხიბლავ ფერებში წარმოჩენას; და ჭეშმარიტი ღმერთის არაჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი უწინაც და დღესაც მიწიერი კეთილდღეობის, განდიდების, საიდუმლო სიბრძნის დაუფლების სურვილით შეპყრობილნი იწყნარებენ ცრუ ღმერთებს, ცრუ სწავლებებს, ცრუ წინასწარმეტყველებს, ცრუ მკურნალებს...

ქრისტეს ეკლესიის პირველ მტერთაგანნი, თითქოსდა საიდუმლო სიბრძნეს დაუფლებული გნოსტიკოსები ცდილობდნენ „უნივერსალური“ მოძღვრების შექმნას, რომლის მიზანი სინამდვილეში სახარების დამახინჯება და ქრისტიანობის წარმართობით ჩანაცვლება იყო. მათ განსაქიქებლად დაწერილ ვრცელ ნაშრომში მეორე საუკუნის მოღვაწე, წმიდა ირინეოს ლიონელი ასე ამხილებს ჭეშმარიტებისა და სიცრუის შერევის მსურველთ: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭეშმარიტებაა და სიცრუე არ არის მასთან... მოციქულებიც, ჭეშმარიტების მოწაფეები, უცხო არიან ყოველგვარი სიცრუისაგან, რამეთუ სიცრუე ვერ უერთდება ჭეშმარიტებას, როგორც სიბნელე სინათლეს, არამედ ერთის ყოფნა გამორიცხავს მეორეს“.[2]

* * *

ბოლო საუკუნეებში სააშკარაოზე გამოსულ სწავლებებს, რომლებიც წარმართული მეთოდებით საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავის მიმდევრებს, ზოგადად ოკულტიზმს (ლათ. okkultus – საიდუმლო, დაფარული) უწოდებენ; დაახლოებით იგივე შინაარსს ატარებს ტერმინი ეზოთერიზმი (ბერძნ. ἐσωτερικός – შინაგანი).  კონკრეტული ავტორების  გარდა ოკულტიზმის ღია პოპულარიზაცია მოახდინეს ისეთმა ცნობილმა მიმდინარეობებმა, როგორებიცაა: თეოსოფია და ანთროპოსოფია.  ოკულტისტების თქმით, თანამედროვე ოკულტიზმის წინაპრები არიან: გერმეტიზმი, მაგია, ალქიმია, ასტროლოგია, სპირიტიზმი, იოგა, კაბალა...

მიუხედავად გარეგნული განსხვავებებისა, ოკულტურ მოძღვრებათა საშუალებით მაცდური სული ცდილობს მთავარი ბოროტება – ამპარტავნება – სათნოებად წარმოადგინოს; ზოგადად ბოროტება და ცოდვა – ნეიტრალურ, ილუზორულ ან დროებით მოვლენად, რასაც მარადიული შედეგი არ მოჰყვება; წარმართული და მწვალებლური ზღაპრები – საიდუმლო სიბრძნედ; დემონებთან დაახლოების მეთოდები – სულიერ ცხოვრებად. ოკულტიზმის ორი მთავარი დამახასიათებელი თვისება – სიცრუე და ამპარტავნება – თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი ამ საცთურის ერთ-ერთი თანამედროვე მქადაგებლის, კარლ ბრანდლერ ბრახტის სიტყვებში: „სწავლების ბოლოს ის (იგულისხმება ოკულტისტი) უკვე ისეთი ძალების მფლობელი იქნება, რომ სწორი გამოყენების შედეგად დაცული იქნება ყოველგვარი უბედურების, ავადმყოფობისა და ტანჯვისაგან. მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არც თუ ისე უსუსურია, არამედ უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისაგან თავს დაიცავს, დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარაფერს ავნებს“[3] ... „მასწავლებლის მნიშვნელობა – უსაზღვროა. მისი ცოდნა სწვდება ყველაფრის შინაგან, დაფარულ ბუნებას და სწორად მსჯელობს ყოველივეზე, რაც არსებობს, უარსებია და იარსებებს კიდეც, რომელიც დამოკიდებული არ არის დროსა და სივრცეზე. მასწავლებელი, რომელმაც ამგვარ ზნეობრივ სიმაღლეს მიაღწია, რა თქმა უნდა აღარ განიცდის ახალ განსხეულებას. მის მორჩილებაშია მატერია და ამიტომაც შეუძლია თავისი სხეულის სიცოცხლის უნარი გაახანგრძლივოს იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვება, ასევე შეუძლია მიატოვოს ეს სხეული მაშინ, როცა კი მოისურვებს და ამისთვის მას სრულიადაც არ სჭირდება სიკვდილი სხვა ადამიანებივით. მისი სული – ყოველთვის თავისუფალია, რადგან დაამარცხა თვით სიკვდილიც კი“.[4]

ამგვარი მომხიბლავი სიტყვები აცდუნებენ სულიერად გაუნათლებელი ადამიანის გონებას, კლავენ სულში ღვთისადმი სასოებას, აღვივებენ ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურებისკენ მიუძღვიან (რასაც იგი სიკვდილამდე შეიძლება ვერც მიხვდეს). ეს სწავლებები ნერგავენ აზრს, თითქოს რელიგიებში არსებობს დაფარული, ეზოთერული (შინაგანი) სიბრძნე და ჭეშმარიტება ყველა რელიგიაზე აღმატებულია; მათი სწავლებით, ადამიანს საკუთარი ძალისხმევით (თუკი საიდუმლო სიბრძნეში განისწავლება) შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას, ვინაიდან იგი თვითონ არის (შინაგანი არსებით) ღმერთის ნაწილი. ასეთი აზრები ახლობელი და იოლად მისაღებია მათთვის, ვინც სულის სიღრმეში სიცრუისა და ამპარტავნებისკენ მიიდრიკა და როგორც ბრძენი ისუ ზირაქი ამბობს, „შემოქმედისა მისისაგან განდრკა გული მისი“ (ზირ. 10,14). და რადგანაც ასეთი სულიერი განწყობილება სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს, ჩვენს თვალწინ ხდება შენიღბული, ქრისტიანთა საცდუნებლად მორთულ-მოკაზმული წარმართობის აყვავება და ქრისტიანობის გაყალბება. ყოველივე ამაში არც არაფერია უცნაური და საკვირველი, ყველაფერი იმგვარად ხდება, როგორც წმიდა წერილი და წმიდა მამები გვასწავლიან. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე წმიდა ეფრემ ასური ასე აღწერდა მომავალს: „...ხოლო მე გეტყვი თქუენ საყუარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამად-ჟამად შეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტეანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, და განქარდეს სარწმუნოებაჲ, მოოხრდენ ეკლესიანი, დაირღუენ საკურთხეველნი, შემცირდენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარული მრავალთაჲ. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყუასა ღმრთისასა და არა ჰპოვებდენ, რამეთუ დაძუელდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუ ვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და ჰმოძღურიდეს, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინენ და ზღაპრებასა მიექცნენ“.[5]

როგორც წმიდა ეკლესია გვასწავლის, ჭეშმარიტ სიბრძნეს საფუძვლად ღვთის შიში უდევს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (ფსალმ. 110,10); სულიერი ცხოვრების დიდი მასწავლებელი წმიდა ისააკ ასური ასე აღწერს სიბრძნისაკენ მიმავალ გზას: „გულისხმისყოფა იგი ბუნებითი არს განყოფა კეთილისა ბოროტისაგან, რომელი დაუნერგავს ღმერთსა ჩუენ შორის (იგულისხმება სინდისი); იგი შობს ჩუენ შორის სარწმუნოებასა, და სარწმუნოება შობს შიშსა ღმრთისასა, და შიში ღმრთისა გვაიძულებს ჩუენ სინანულად, და მერმე მიეცემის კაცსა გულისხმის-ყოფა იგი სულიერი, რომელი-იგი არს მეცნიერება საიდუმლოთა“.[6] ეს საიდუმლოთა მეცნიერება ანუ საღვთო სიბრძნე სინანულით განსპეტაკებულებს ღვთისაგან ენიჭება და მას ვერ მისწვდებიან ისინი, ვინც საკუთარი ნებით აქცია ზურგი ჭეშმარიტებას (რომელიც ასე შეგვაგონებს: „...ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათე 11,29), და შეუდგნენ სიცრუის მამას, რომელიც იქადის: „...ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათა დავდგა საყდარი ჩემი... და ვიყო მსგავს მაღლისა“ (ესაია 14;13,14).

ამპარტავნებამ, გველისგან „საიდუმლოდ“ ჩაჩურჩულებული საშუალებით განდიდების სურვილმა დასცა პირველი ადამიანები და დღესაც იგივე „საიდუმლო“ გზებით ეძებენ სრულყოფილების მიღწევას იმავე გველის მიერ ცდუნებულები. ამიტომაც წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ სამოთხისეულ აკრძალულ ხილზე ნათქვამი სიტყვები ზუსტად ეხმიანება დღევანდელ „საიდუმლო“ სწავლებებს: „...არს იგი მსგავს წამალთა მათ მაკუდინებელთა, რომელნი შეიზავებიან თაფლითა, და არიან იგინი სახილავად კეთილ და ტკბილ არნ გემოჲსხილვითა, და საგონებელ არნ იგი, ვითარმედ კეთილ არს, და არნ იგი წარსაწყმედელ მათა, რომელნი მიეახლნიან მას“.[7]

* * *

დღეს გავრცელებულ ოკულტისტურ მოძღვრებათაგან განვიხილოთ ანთროპოსოფია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის გარიჟრაჟზე გავრცელდა საქართველოში, განსაკუთრებით ე.წ. ინტელიგენციის იმ ნაწილში, რომელსაც არც ქრისტიანობა ესმოდა ჯეროვნად და ვერც კომუნისტური იდეოლოგიით იკმაყოფილებდა სულიერ მოთხოვნილებას. შემდეგ იგი ფარულად, როგორც რაღაც ელიტარული სიბრძნე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რუდოლფ შტაინერის სწავლებებით მოხიბლულები, რომლებიც ამავდროულად თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, თავიანთი სულიერი ავტორიტეტის კვალდაკვალ ამგვარად მსჯელობენ: მართლმადიდებლობა აღმსარებლობაა, ხოლო ანთროპოსოფია – სულიერი მეცნიერება, ამიტომ შეუძლებელია ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ; პირიქით, ანთროპოსოფია დაეხმარება ადამიანს თავისი აღმსარებლობის უკეთ შეცნობაში.

სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს არასწორად ესმის ქრისტიანობის არსი. რუდოლფ შტაინერი, ანთროპოსოფიის ფუძემდებელი, თავის წიგნებში აყალიბებს მსოფლმხედველობას, რომელიც წარმოადგენს ანთროპოსოფების „სულიერი ცხოვრების“ ორიენტირს; ამავე დროს შტაინერის მიერ გამოთქმული შეხედულებები ძირეულად განსხვავდებიან ქრისტიანული მოძღვრების არსისაგან, რომელიც ქრისტიანთა ცხოვრების საფუძველია. წარმართობას მრავალი ქრისტიანი მოძღვარი იცნობდა, მაგრამ ისინი არ ასწავლიდნენ იმას, რასაც შტაინერი და მისი მიმდევრები საიდუმლო ცოდნად, „ეზოთერულ ქრისტიანობად“ ასაღებენ; პირიქით, წმიდა მამები ამგვარ მოძღვრებებს ქრისტეს მიერ ნაქადაგები ნათელი სწავლებით ებრძოდნენ, რომელიც სამწუხაროდ შტაინერმა (ისევე როგორც მისმა წინამორბედმა გნოსტიკოსებმა) ვერ გაიგო, თუმცა თავი ქრისტიანობის შემმეცნებლად მოჰქონდა.

ანთროპოსოფიის, ისევე როგორც ნებისმიერი ცრუმოძღვრების საღად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტების ჯეროვნად შეცნობით. იმან, ვისაც ქრისტიანობა სწადია, უნდა უარყოს საკუთარი გონებიდან ან საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან მომდინარე საეჭვო სიბრძნე და წრფელი გულით შეიწყნაროს ჭეშმარიტება; როგორც ბრძენი სოლომონ მეფე გვასწავლის: „იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები“ (იგავ. 3,5).

ქრისტიანობის შეცნობა რომ მხოლოდ ქრისტიანული წიგნების კითხვითა და საეკლესიო წესების გარეგნული აღსრულებით არ მიიღწევა, ამაში მრავალი განსწავლული მოღვაწისა და ასკეტის სამწუხარო აღსასრული გვარწმუნებს. ის, ვინც, სიმონ მოგვის მსგავსად, ქრისტიანობისაგან წარმავალ კეთილდღეობას მოელის, ვისი გულიც უფლის წინაშე წრფელი არ არის, ვისაც გულის სიღრმეში ცხოვრების მთავარ მიზნად სულის ცხონება არ დაუსახავს, მას ვერც ცოდნის დაგროვება, ვერც გარეგნულად ეკლესიური ცხოვრება და ვერც მკაცრი მოღვაწეობა ღმერთთან ვერ მიიყვანს. ქრისტეს მკვლელ მწიგნობრებს ბიბლიის ზედმიწევნით შესწავლამ და სჯულის წესების დაცვამ სულიერი სარგებელი ვერ მოუტანა, ამპარტავნებამ მათ სულიერი ხედვა დაუბნელა და არ მიაკარა მათ გულსა და გონებას წმიდა წერილის ნათელი, კაცთა საცხოვნებლად დაწერილი სიტყვები მათ იმგვარად გაიგეს, როგორც ვნებებმა უკარნახეს.

ყველა მართლმორწმუნეს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ უფალ იესო ქრისტეს მიერ დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესია წმიდაა და უცდომელი, თუმცა მისი ამქვეყნიური წევრები, რომლებიც სიკვდილამდე სულიერ ბრძოლაში იმყოფებიან, არ არიან დაზღვეულნი ცდომილებისაგან. ეკლესია წმიდაა, რადგან იგი ერთობაშია სიწმიდის წყაროსთან – წმიდა სამებასთან, რომელიც თავისი მადლით განწმედს და განაბრძნობს ცოდვებთან მებრძოლ ეკლესიის წევრებს. უფალი თავის ნებას, თავის ღვთაებრივ სიბრძნეს სული წმიდის მიერ განბრძნობილ კაცთა მიერ გვიცხადებს. იგი ასე ეუბნება წმიდა მოციქულებს: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს“ (ლუკა 10,16). პავლე მოციქული კი გვასწავლის: „და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ – წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ – მოძღუარნი...“ (1 კორ. 12,28).

* * *

ნათლობის საიდუმლოში ადამიანი აღიარებს თავის ერთგულებას უფლისა და მისი ეკლესიის მიმართ (მრწამს... ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია); წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება ღმერთზე და ყოველივეზე, რაც აუცილებელია მართლმორწმუნეთა სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის. როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15); ეს ჭეშმარიტება განცხადებულია ძველსა და ახალ აღთქმაში, წმიდა კრებების დადგენილებებში, ღვთისმსახურებაში, წმიდა მამათა თხზულებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში.

შეიძლება თუ არა, რომ არსებობდეს სხვა საკრებულო, ან ვინმე უცხო (არამართლმადიდებელი) „ბრძენი“, მფლობელი წმიდა ეკლესიაში დავანებულ სიბრძნეზე უფრო აღმატებული სულიერი სიბრძნისა?   არ შეიძლებაო, ამბობს წმიდა წერილი, ამბობენ წმიდა მამები. უფალი ამბობს: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14,6). ამ სიტყვებიდან ცხადია, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს სწავლების ერთგულნი ადგანან ჭეშმარიტების გზას.   წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: „ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (1 ტიმ. 3,15) გვიცხადებენ, რომ ჭეშმარიტი მოძღვრება ჭეშმარიტი ღმერთის – იესო ქრისტეს ეკლესიაშია დაცული. კართაგენის ეპისკოპოსი, წმიდა მოწამე კვიპრიანე ასე მოძღვრავდა თავის მრევლს მესამე საუკუნეში: „როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღვთის სიტყვის შენებური განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცთომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“.[8]

როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესიის სწავლება წმიდაა და უცთომელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიის მოძღვარი არ შეიძლება ცდებოდეს, ან ვისაც ეკლესია წმინდანად შერაცხავს, მის სწავლებებში ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია. ყველა ადამიანი სიკვდილის წუთამდე სულიერ ბრძოლაში იმყოფება და ამიტომ ნებისმიერ საეკლესიო-იერარქიულ სიმაღლეზე მყოფი ქრისტიანი შეიძლება შეცდეს, წმიდა მამათა სწავლებებშიც ზოგჯერ გვხვდება არასწორი აზრები. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთელი ქალაქებისა და ქვეყნების სამღვდელოებისა და მრევლის უმეტესი ნაწილი მცდარი სწავლების მიმდევარი გამხდარა. იყო პერიოდები, როდესაც სიცრუესა და ძალადობასთან ბრძოლაში რამოდენიმე ღვთივკურთხეულ ადამიანს (რომელთაც შეჰყურებდა სიმართლის მოყვარე ერი) თავგანწირული ძალისხმევით და ღვთივმონიჭებული სიბრძნით დაუცავს ჭეშმარიტი სწავლება სიცრუის შემოტევისაგან; ასეთები იყვნენ წმიდა ათანასე დიდი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა თეოდორე სტუდიელი, წმიდა მარკოზ ეფესელი და მათი ერთგული სულიერი ძმები.

უფალმა აღგვითქვა, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში წმიდა ეკლესია არ დამარცხდება (მათე 16,18; 24,31; 28,20; მარკ. 13,30). და თუკი იქნება ეკლესია, იქნება მისი წმიდა მოძღვრებაც, რადგან ამქვეყნად ეკლესიას მისი მოძღვრებით მცხოვრები ადამიანები შეადგენენ, ისინი ღვთის შეწევნით განასხვავებენ ჭეშმარიტებას სიცრუისაგან და მომავალ თაობებს უმწიკვლოდ გადასცემენ მაცხოვნებელ სიბრძნეს.

ქრისტიანობა იესო ქრისტეს რწმენას, ერთგულებასა და მიმდევრობას ნიშნავს, ეს კი იესო ქრისტეს სწავლების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ქრისტეს სწავლება ანუ ერთადერთი ჭეშმარიტი მეცნიერება მოცემული გვაქვს წმიდა წიგნებში, რომლებიც გადმოგვეცა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმიდა მამათაგან. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი სულიერი სიბრძნე მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, იგი წმიდაა და ურყევი, მის სიმტკიცეს ვერასოდეს შეარყევს დემონთა მიერ მოხიბლული, ამპარტავნებით გონებადაბინდული „მოძღვრების“ ზღაპრობანი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: „არცა ვის ხელეწიფების, მეფესა გინა მღვდელთმოძღუარსა, ახლისა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი, ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების“.[9] თუკი ვინმე, ეკლესიის წევრთაგანი ისე გაკადნიერდება, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა სისხლით დაბეჭდილ ჭეშმარიტ სწავლებას არად ჩააგდებს, დაამცირებს და უპირატესობას საკუთარ ნააზრევს ან სხვა მისთვის უფრო ავტორიტეტულ გარეშე მოძღვარს მიანიჭებს, მაშინ მისი ყოველი ღვაწლი ამაო იქნება. იგივე მამა ამბობს: „უკუეთუ კნინოდენი (მცირეოდენი) შეემთხვიოს ნაკლულევანებაჲ და განდრეკილებაჲ (გადახრა, განშორება) სარწმუნოებისაჲ, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი“.[10]

* * *

ამპარტავნებით დაცემული ანგელოზები (ეშმაკები) უძლურნი არიან ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე და თავიანთ მზაკვრობას ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის შესაცდენად მიმართავენ, რათა ისიც უფლის წინააღმდგომი და თავისი მსგავსი გახადონ; ისინი ზოგს აშკარა ბოროტებას შთააგონებენ, სხვებს კი თაფლით შეზავებულ საწამლავს სთავაზობენ, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ცალკეული ადამიანის სული, სინდისი, გონება. თუკი სულიერი ცხოვრებით დაინტერესებული, ამპარტავნებით სნეული კაცი არ გადაწყვეტს მთელი გულით შეუდგს ქრისტეს, უარყოს თავი, უარყოს თავისი მცდარი შეხედულებები, აზრები, გრძნობები, თუკი საშველად ერთადერთ ნამდვილ მშველელს – ჩვენთვის განკაცებულ ღმერთს არ მოუხმობს და მის მიერ ნამცნებ გზას არ დაადგება, მაშინ ვერასოდეს იგრძნობს თავის ნამდვილ დაცემას, ვერ იგრძნობს, რომ მისი „ნათელი“ სულიერი აღმოჩენები მხოლოდ ხიბლია და მისი „სულიერი ძალების“ აღზევება მარადიული უძლურების საწინდარია; ცდუნებული კაცი მიუწვდომელ საიდუმლოთა მიწვდომას ლამობს და მისი „სულიერი მასწავლებლები“ მომხიბლავ „ბრძნულ აზრებს“ შთააგონებენ, „ზებუნებრივ უნარებს“ ანიჭებენ, და ისიც, მაღალ მწვერვალებს მიდევნებული, სატანური შეწევნით აღჭურვილი, თავს განსაკუთრებულ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ სამწუხაროდ, თავადაც იღუპება და ხშირად სხვებსაც გზას უბნევს; როგორც წმიდა სახარება გვასწავლის „ბრმაჲ ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათე 15,14).

წმიდა მამები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ სარწმუნოების საკითხებში ზედმეტი ცნობისმოყვარეობისაგან. წმ. ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილ „წინამძღვარში“ ვკითხულობთ: „აწ უკუე ყოველივე მოცემული ჩვენდა სწავლაჲ სჯულისა მიერ და წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა მიერ და მახარებელთა, შეგვიწყნარებიეს და უწყით და გვრწამს, და უმეტესსა მათ მიერ ქადაგებულისასა არას ვეძიებთ, რამეთუ ღმერთი სახიერ არს და მომნიჭებელ ყოვლისავე კეთილისა და არავისთვის შურს კეთილი ყოველივე, რამეთუ უხვი არს და უშურველ წყალობითა და ქველისმოქმედ მოწყალებითა, ყოველივე უწყის და თვითოეულისა უმჯობესსა განაგებს, ამისთვის რომელი ჯერ იყო და უმჯობეს ჩუენდა ცნობად, გუაუწყა, და რომელი ვერ ძალ-გუედვა თავს-დებად, დაგვიფარა“.[11] წმ. იოანე სინელი კი ამგვარად გვაფრთხილებს: „არა საბრალობელ ვიქმნეთ, საყვარელნო, ჟამსა სიკვდილისასა, ვითარმედ არა ვქმენით სასწაულნი და არა ღმრთისვმეტყველებდით და არა ვიყვენით უხილავთა მხილველნი, არამედ სიტყვა მიცემად გვიც ღმრთისა, თუ რად არა მარადის ვიგლოვდით“ (კიბე 7,91); „არათუ უცთომელ არს სამოსლითა ცურვა, და არა მშვიდობა არს ვნებულისა ღმრთისმეტყველება“ (კიბე 27,15).

 

* * *

რუსი თავადის ქალი, ელენე ბლავატსკაია იყო ერთ-ერთი დამაარსებელი თეოსოფიური საზოგადოებისა (1875 წ.), რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული „ეზოთერული სიბრძნის“ მოპოვება და სულიერ წყვდიადში მყოფი ადამიანებისათვის მიწოდება. საზოგადოების გერმანულ სექციას ხელმძღვანელობდა რუდოლფ შტაინერი, რომელმაც 1913 წელს კონფლიქტის გამო მიატოვა თეოსოფები და მალევე დააარსა ანთროპოსოფიული საზოგადოება, რომლის ცენტრი იმყოფება შვეიცარიაში, ქალაქ დორნახში. ანთროპოსოფიის (ე.წ. „სულიერი მეცნიერების“) მიზნები ძირითადად ემთხვევა თეოსოფიისას; იგი საზრდოობს ინდუიზმით, ბუდიზმით, წარმართული მისტერიებით, მაზდეანობით, გნოსტიციზმით, მანიქეველობით, ევროპული ოკულტიზმითა და შტაინერის მიერ დამახინჯებული ქრისტიანული სწავლებით.

ანთროპოსოფია თავის სამსახურს სთავაზობს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მაგრამ მისი უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს კაცობრიობის „სულიერ წინსვლას“. დაინტერესებულ მოსწავლეს ეს მოძღვრება შეასწავლის იმ მეთოდებსა და ცხოვრების წესს, რომელთა დახმარებით იგი გახდება „ნათელმხილველი“, „ხელდასხმული“, „საიდუმლო სიბრძნესთან“ ზიარებული.

როგორ ხსნის დოქტორი რუდოლფ შტაინერი (როგორც მისი მიმდევრები უწოდებენ) ეზოთერული სიბრძნის წარმოშობას? მისი მოძღვრების მიხედვით კაცობრიობის განვითარების გარკვეულ პერიოდებში „ღვთაებრივი არსებები“ ჩასახლდებოდნენ ხოლმე ადამიანის სხეულში და ასწავლიდნენ ხალხს ზეციურ სიბრძნეს; წარმართულ მისტერიებში აღსაზრდელებს (ნეოფიტებს) თვით ზეციური არსებები ამზადებდნენ სულიერი ხედვის მისაღწევად, რათა თვალახელილებს შესძლებოდათ ხალხის სულიერი წინამძღოლობა. ამგვარად მოპოვებული „საიდუმლო სიბრძნე“ ინახებოდა რელიგიებში, გასაიდუმლოებულ სკოლებში. ანთროპოსოფების აზრით ქრისტიანობაშიც ყოფილა დამარხული ეს იდუმალი სიბრძნე, რომელიც შინაგან ანუ ეზოთერულ ქრისტიანობად იწოდება, უბრალო მოკვდავნი კი მხოლოდ გარეგნულ (ეგზოთერულ) ქრისტიანობას იცნობენ.

რა აზრისაა წმიდა ეკლესია წარმართობაში დამარხულ „სიბრძნეზე“? მართლმადიდებელი სარწმუნოების თანახმად (რომელიც ეფუძნება წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას) უფალი გამორჩეულ, ღვთისმოყვარე კაცთა მიერ შეაგონებდა ადამის შთამომავალთ და ცოდვისაგან განშორებას ამცნებდა; ერების წარმოშობის შემდეგ უფალმა გამოირჩია ებრაელი ერი, რომელიც ინახავდა ღვთაებრივ სიბრძნეს, გადასცემდა მომავალ თაობებს და წარმართნიც ებრაელთაგან ეცნობოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. ებრაელი წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ ღვთისაგან გამოცხადებით მიღებულ სწავლებას, რომელიც იწერებოდა და ასე იქმნებოდა წმიდა წერილი – ჭეშმარიტი, ღვთაებრივი სიბრძნის წიგნი. როდესაც ჭეშმარიტებისმოყვარე ებრაელი ერის შვილები განიწმიდებოდნენ უფლის მცნებების აღსრულებით, ლოცვით, მარხვით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მაშინ ეშმაკისაგან ცთუნებული წარმართები იბილწებოდნენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემით, უზნეო ცხოვრებით, მაგიური რიტუალებით. ხშირად მათი სიბილწე ებრაელებსაც გადაედებოდათ ხოლმე. წარმართთა სულიერი წინამძღვრები, ქურუმები ასრულებდნენ ბილწ მსახურებას და მისი მეშვეობით დაცემულ სულებთან ამყარებდნენ ურთიერთობას. ეშმაკებისგან „განბრძნობილნი“ და მათი შეწევნით აღჭურვილნი, მაგიური სასწაულების დახმარებით იღწვოდნენ გაბრიყვებული ხალხის სატანის სამწყსოში მისათვლელად. მათი შეგონებებით სწირავდა საცოდავი ხალხი ჩვილ ბავშვებს უსულო კერპებს, მონაწილეობდნენ უზნეო ორგიებში, მკითხაობდნენ, ცხოვრებას წარმართავდნენ ათასგვარი ცრურწმენების შესაბამისად და ა.შ.

ანთროპოსოფები არ იშურებენ საქებარ სიტყვებს წარმართული მისტერიებისადმი, მაგრამ ქრისტიანისათვის ცხადია, რომ ნეოფიტის ხელდასხმა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტ ძალებთან უახლოეს სულიერ კავშირში შესვლა. თუმცაღა ეს კაცთმოძულე უხილავი სულები ხშირად ადამიანის მეგობარ არსებებად ასაღებენ თავს და თავისი წარმოუდგენელი მზაკვრობითა და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით არა მხოლოდ სულიერ წყვდიადში მყოფ წარმართებს, არამედ ზოგჯერ ქრისტიან ასკეტებსაც კი აცდუნებდნენ. ამის ნათელი მაგალითი მოტანილია წმ. ისააკ ასურის სწავლებებში: „ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი“ (სამოღვაწეო სწავლანი, თ. 55). ძველ პატერიკში კი ასეთ ამბავს ვკითხულობთ: „ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა“.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები სწავლობდნენ გარეშე სიბრძნესაც, მაგრამ ამას დიდი სიფრთხილით სჩადიოდნენ: ისინი პირველ რიგში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სიბრძნეს ითვისებდნენ და შემდეგ, თუკი გააჩნდათ საამისო ნიჭი და, რაც მთავარია, კურთხევა, ამა სოფლის ბრძენთა ენასაც სწავლობდნენ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „მსწრაფლ ხოლო დაისწავა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავა, და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა, ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავლა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ „გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა“.[12]

* * *

მას შემდეგ, რაც განკაცდა ძე ღმრთისა და საკუთარი სისხლით დააფუძნა წმიდა ეკლესია – „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15), ყოველი მაძიებელი ჰპოვებს მასში სულის საზრდოს, პასუხს ყველაფერზე, რაც ცხონების საქმეში შეეწევა. მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღვთივშთაგონებელი ხელოვნება (საეკლესიო მხატვრობა, არქიტექტურა, გალობა) და სარწმუნოებრივი ცხოვრების წესი (საეკლესიო საიდუმლოები, მცნებები, მოძღვრება სწორ სულიერ ცხოვრებაზე); თუ ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიასთან არაა შეთვისებული, მისით არ საზრდოობს, იგი სულიერად მოკვდება, როგორც ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი კვდება. წმიდა ირინეოს ლიონელი გვასწავლის: „სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა, როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ასე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია“.[13]

ეკლესიაში არ არსებობს და არც არასოდეს არსებულა ეზოთერული, ელიტარული, საიდუმლო სწავლებანი; არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლება და იგი ნათლად, გარკვევით არის გადმოცემული მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. თუკი ქრისტიანები რაიმეს ფარავდნენ – მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფთაგან, გარკვეული მიზეზებით, და ამას არაფერი აქვს საერთო ოკულტისტთა ეზოთერიზმთან. ადრე ეკლესიის გარეთ მდგომ ადამიანებს არ აუწყებდნენ ქრისტიანობის იმ სწავლებებს, რომელთა მისაღებად გარკვეული სულიერი მზადყოფნაა საჭირო. წმიდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: „ყოველი საიდუმლო, რომელსაც ეკლესია გაუწყებს შენ, კათაკმევლობის გამსრულებელს, არ გაენდობა წარმართს; არ გადაეცემა საიდუმლო სწავლება მამაზე, ძეზე და სული წმიდაზე; თვით კათაკმევლებსაც არ ველაპარაკებით საიდუმლოების შესახებ პირდაპირ, ხშირად ბევრ რამეს შეფარვით ვამბობთ. განსწავლული მორწმუნენი გულისხმაჰყოფენ, უცოდინრებს კი არაფერი დაუშავდებათ“.[14]

ეკლესიის წევრთათვის არსებობს ერთი, საერთო სიბრძნე, ერთი ღვთისმეტყველება, რომელშიც არაფერია საიდუმლო და აკრძალული. მართალია, განსხვავებულ სულიერ სიმაღლეზე მყოფი მორწმუნენი წმიდა წერილში სხვადასხვა სიღრმეებს გულისხმაჰყოფენ, მაგრამ მათ მიერ მიღებული ცოდნა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის სწავლებას, და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ცხადია, რომ ეს ცთომილებაა, რომელიც ქრისტეს შეწევნით უნდა დავძლიოთ, ხოლო ვინც თავის უარყოფას ვერ შეძლებს, იგი ქრისტეს ვერ შეუდგება, მისი მოწაფე ვერ გახდება.

არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა ცოდნა არ არის აუცილებელი კაცის ცხონებისათვის, მათ შესახებ მამათა წიგნებში შეიძლება განსხვავებული აზრები შეგვხვდეს, რადგან მათზე არ უმსჯელია მსოფლიო ეკლესიას; ხოლო რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ, დოგმატურ სწავლებას, მისი აღიარება სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის, წმიდა ეკლესია ამ ღვთისგან ბოძებულ, ჭეშმარიტ სწავლებაზეა დაფუძნებული. შეუძლებელია ეკლესიის წევრთათვის არსებობდეს ისეთი საიდუმლო (ეზოთერული) ცოდნა, რომელიც განსხვავდება დოგმატური სწავლებისაგან. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტების გარჩევა სიცრუისაგან, შეუძლებელი იქნებოდა მართლმორწმუნეთა გამაერთიანებელი ერთი ღვთაებრივი სიბრძნის არსებობა. ამგვარი მიდგომა (როდესაც მოძღვრებას არ გააჩნია მყარი საფუძველი, გამოკვეთილი, ნათელი სახე) ახასიათებს დემონური სიცრუისა და სიბნელის სულით გაჟღენთილ მოძღვრებებს; ორპირობა და მერყეობა ქრისტიანობისათვის უცხოა. წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ და გონებისაგან კეთილისა გამომავალი მარტივ არს და ცხად და მარადის ერთსა ზედა ჰგიეს, ხოლო გულარძნილსა მას და ხელოვნებით თქუმულსა მრავალი თხზნილებაჲ აქუს და მრავალსახედ შეიცვალების და ჰქონან ურიცხუნი მოქცევანი, რამეთუ სათნოყოფად მსმენელთა იცვალებს ფერსა თვისსა“.[15] სიცრუის შემთვისებელი ადამიანის სახეს ნათლად წარმოაჩენს წმიდა ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომლებითაც იგი ქრისტიანობის ადრეულ მტრებს, თანამედროვე ოკულტისტთა სულიერ წინაპრებს, გნოსტიკოსებს ამხელდა: „როდესაც მწვალებლებს წმიდა წერილიდან ამხილებენ, მაშინ ისინი ადანაშაულებენ თვით წმიდა წიგნებს, თითქოს ისინი სცდებოდნენ, არ გააჩნდეთ ავტორიტეტი, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ; და ამბობენ, რომ ამ წიგნებიდან ჭეშმარიტება ვერ განეცხადება მათ, ვინც არ იცის გადმოცემა... როდესაც ჩვენ მათ კვლავ იმ გადმოცემაზე მივუთითებთ, რომელიც მოციქულებისაგან მოედინება და ეკლესიაში ინახება ხუცესთა მემკვიდრეობის საშუალებით, მაშინ ისინი გადმოცემას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ არა მარტო მღვდლებზე, არამედ მოციქულებზე ბრძენნიც არიან; და რომ მათ წმიდა ჭეშმარიტებას მიაკვლიეს“.[16]

* * *

სხვადასხვა წარმართულ მოძღვრებაში გვხვდება ერთმანეთის მსგავსი სწავლებები, რასაც ოკულტისტები ამ შეხედულებათა ჭეშმარიტების დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევენ. ამას გარდა, ისინი იშველიებენ ზოგიერთი ქრისტიანი ავტორის მიერ წარმართული მსოფლმხედველობის ზეგავლენით გამოთქმულ მოსაზრებებს (რომლებიც უარყოფილია ეკლესიის მიერ) და ირწმუნებიან – ის იდეები, რომლებიც წარმართთა სიბრძნეში მოიპოვება, ქრისტიანული ეზოთერიზმის მიერაც არის აღიარებულიო. მართლმორწმუნეთათვის ადვილი მისახვედრია, რომ დაცემულ ანგელოზებს შეუძლიათ შთააგონონ ერთნაირი აზრები დროითა და მანძილით დაცილებულ ადამიანებს; გარდა ამისა ყოველთვის არსებობდა კავშირი დიდი მანძილით დაცილებულ ქვეყნებს შორის, რაც შესაძლებელს ხდიდა მათ შორის სხვადასხვაგვარი ცოდნის გაზიარებას. რაც შეეხება ზოგიერთი ქრისტიანი მოღვაწის ნაწერებში მცდარი აზრების არსებობას, ისინი ეკლესიის სწავლებას არ წარმოადგენენ და ამგვარი პიროვნული ცთომილებები არ გამოდგება ოკულტისტთა იდეების გასამართლებლად.

წმიდა ეკლესიის უცთომელი (წმ. მამათა ერთობაში განცხადებული) გონება ყოველთვის ამხილებდა და ქრისტეს სხეულიდან განაშორებდა იმ ღვარძლს, იმ სნეულებას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ დაუღალავად თესავენ ღვთისმოყვარეთა დასაღუპად. წმიდა მოციქულებმა და მათმა მემკვიდრეებმა, უფლის მიერ განბრძნობილებმა და განმტკიცებულებმა, სიცოცხლეც არ დაზოგეს იმისათვის, რომ უმწიკვლოდ დაეცვათ და ჩვენამდე მოეტანათ მაცხოვრისაგან მიღებული ჭეშმარიტება, რადგან სიცრუესთან ზიარება (დოგმატებში იქნება თუ ცხოვრების წესში) განაშორებს კაცის სულს სიმართლისა და ნათლის წყაროს – წმიდა სამებას. უფალი ბრძანებს: „მე ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაჲ“ (იოანე 18,37). ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელნი ისმენენ ამ წმიდა ხმას და იმ სამწყსოს შეადგენენ, რომელსაც ანუგეშებს ჩვენი ცხონებისათვის ჯვარცმული მაცხოვარი: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი (ლუკა 12,32).

* * *

როგორ შეიძინა რუდოლფ შტაინერმა ის „საიდუმლო ცოდნა“, რომელიც მის წიგნებშია აღწერილი? ერთის მხრივ სხვა „მოძღვრებს“ დაესესხა, ხოლო მეორეს მხრივ თავად მოიპოვა „სულიერ სამყაროსთან“ ურთიერთობით. ასეთი „სულიერი“ გამოცდილება მართლმორწმუნეთათვის არ არის რაიმე ღირებულების მქონე, რადგანაც იგი წმიდა ეკლესიის გარეთ მდგომი, წარმართულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული „სულიერი ცხოვრების“ ნაყოფია.

თავის ლექციაში „ანთროპოსოფია და ქრისტაინობა“ შტაინერი აღწერს, რომ გარკვეული გონებრივი ვარჯის შემდეგ ადამიანის სული იძენს უნარს, განეშოროს სხეულს და იმოგზაუროს სულიერ სამყაროში, სადაც შეხვდება სულიერ არსებებს: „სულიერი გამოკვლევის პირველი საფეხურია მშვინვიერ-სულიერის გამოყოფა ფიზიკურ-სხეულებრივისაგან; მეორე საფეხური – შეერთება არსებებთან, რომლებიც გრძნობადი ქვეყნიერების მიღმა იმყოფებიან“.  თუკი ბოროტი ანგელოზები, რომელთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, სივერაგე და დაუნდობლობა ძნელი წარმოსადგენია გამოუცდელი კაცისათვის, თვით წმიდა ეკლესიის წიაღში მყოფ მოღვაწე ქრისტიანებსაც გამუდმებით უგებენ მახეს და რჩეულთაც აცდუნებენ, მაშ რა დღეში ჩააგდებენ წარმართულ „სიბრძნეს“ მინდობილ სულიერ სამყაროსთან მიახლოების მსურველს?!  ამაში ცხადად დავრწმუნდებით, თუ თვალს გადავავლებთ იმ „საიდუმლო სწავლებას“, რომელსაც ანთროპოსოფიის ფუძემდებელი ქადაგებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ოკულტიზმით, იოგათი, კუნგ-ფუთი გატაცებულები ხშირად ძალიან მალე გრძნობენ რაღაც იდუმალ ძალებს, იწყებენ „კურნებას“, დადიან „ასტრალურ მოგზაურობაში“, „წინასწარმეტყველებენ“ და ა.შ. ქრისტიანულ ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ახალბედა მოღვაწე იწყებს „სასწაულთმოქმედებას“, მაგრამ ქრისტიანობაში ამ ყველაფერს, ოკულტიზმისგან განსხვავებით ჰქვია არა ადამიანის სულიერი შესაძლებლობების გამოვლინება, არამედ სულიერი ხიბლის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ცდუნებულის მიერ ბოროტი სულის შენიღბული შთაგონებების მინდობით, ხოლო ე.წ. ზებუნებრივი უნარები ბეჯითად, მაგრამ არასწორად მოღვაწე ცდუნებულს ეძლევა დაცემული სულების მიერ, ცდუნებაში განსამტკიცებლად და სხვების საცდუნებლად. თუკი ბოროტი სული თავისი მზაკვრობით ახეხებს ძალაუფლების მოპოვებას გამოუცდელ და საკუთარ თავს მინდობილ მართლმადიდებელ მოღვაწეზე, ცხადია, მით უმეტეს, სულიერად სრულიად დაუცველი ოკულტისტები, რაც მეტს მოღვაწეობენ, მით მეტად ექცევიან დაცემული ანგელოზების გავლენის ქვეშ. წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული გვაფრთხილებს: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ჩვენებები – განხურვებული წარმოსახვის შედეგი, და არსებობს ჩვენებები – საეშმაკო ხიბლი. მადლისმიერი ჩვენებები ძალზე იშვიათია და ღვთის სულის მიერ სულიერი აღზრდისთვისაა მოცემული. ამგვარად, არსებობს ჩვენებები ღვთის სულისაგან, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო მათ გასარჩევად, რადგან ჩვენგან შორს არაა ბნელი ოსტატი, რომელმაც იცის ნათლის ანგელოზის სახის მიღება. და რამდენი იყო გაუფრთხილებელი, ვინც ჩვენებების მიმართ განურჩეველმა მინდობამ დაღუპა... ჭეშმარიტი სულიერი სრულყოფისაკენ მივყავართ მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რადგან გვანიჭებს ამაღორძინებელ, განმწმენდელ და სრულმყოფელ მადლს; ყველა სხვა რელიგია უმადლოა. მათში ადამიანი ისეთივე რჩება, როგორიც დაიბადა, ანუ დაზიანებული“ (წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ).

რუდოლფ შტაინერის წიგნში „იდუმალმეტყველების ნარკვევი“ ვკითხულობთ: „იდუმალმეტყველება სულაც არ ამბობს, რომ „მე“ არის ღმერთი, არამედ მხოლოდ იმას, რომ იგი და ღვთაება ერთი გვარისა და არსებისანი არიან... თუ აუცილებელია შედარების მოტანა, შეიძლება ითქვას: რა დამოკიდებულებაშიცაა წვეთი ზღვასთან, იმავე დამოკიდებულებაშია „მე“ ღმერთთან. ადამიანს ძალუძს ჰპოვოს თავის თავში ღვთაებრივი, რამეთუ თვით პირვანდელი მისი არსება აღებულია ღვთაებრივიდან“.[17] ამ სიტყვებში ცხადადაა წარმოჩენილი ერთერთი მნიშვნელოვანი დებულება, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე ოკულტიზმი, დასავლეთში პოპულარული ადვაიტა ვედანტაზე დაფუძნებული იოგა და მრავალი ახალ-წარმართული მოძღვრება. ამ სწავლების მიხედვით არ არსებობს არსებითი განსხვავება ადამიანსა და ღმერთს შორის, ადრე თუ გვიან პიროვნება გაქრება უპიროვნო ღმერთში, ისევე როგორც ზღვაში ჩავარდნილი წყლის წვეთი. ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით ადამიანური არსება (ანუ ბუნება) განსხვავება ღმერთის არსებისაგან. ადამიანი (ისევე როგორც მთელი სამყარო) ქმნილებაა, ხოლო ღმერთი – ერთადერთი შეუქმნელი, დაუსაბამო არსება, სამყაროს შემოქმედი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა... დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკვდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქუეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაჲსაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა“.[18] წმიდა იოანე ოქროპირი „დაბადების“ შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში ასე ამხელს შტაინერის სულიერ წინაპრებს: „ზოგი უგუნური... ბედავს იმის თქმას, რომ სული ღვთაებრივი ბუნებისაგან წარმოიშვა. ჰოი სიცოფე! ჰოი სიბორგილე! წარწყმედის რამდენი გზა გამოუჩინა ეშმაკმა იმას, ვისაც მისი მსახურება სურს“.[19] ქრისტიანული სწავლებით ადამიანი ვერასოდეს გახდება არსებით (ბუნებით) ღმერთი, თუმცა აქვს შესაძლებლობა ღვთის წყალობით სულიერად განიკურნოს, განიწმინდოს და მიუახლოვდეს შემოქმედს, რასაც წმიდა მამები მადლით განღმრთობას უწოდებენ.

შტაინერი იზიარებს წარმართობაში გავრცელებულ სწავლებას სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) შესახებ, რომელიც უარყოფს სახარების სწავლებას საყოველთაო აღდგომაზე, განკითხვაზე, მარადიულ სასუფეველსა და მარადიულ სატანჯველზე. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ღვთის სათნოდ მცხოვრები ადამიანის სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ნეტარებაში, სამოთხეში დაემკვიდრება, ხოლო ცოდვილი კაცის სული ჯოჯოხეთში დაიტანჯება. უფლის მეორედ მოსვლისას ადამიდან მოყოლებული ყველა მიცვალებული აღდგება მკვდრეთით, ცოცხლად დარჩენილებთან ერთად წარსდგება საშინელ სამსჯავროზე და სამუდამოდ დაიმკვიდრებს სასუფეველს ან სატანჯველს. წმიდა ეკლესიის სწავლებით ტანჯვაცა და ნეტარებაც მარადიული, დაუსრულებელი იქნება; ამ სწავლებას ამტკიცებს წმიდა წერილი და მრავალი წმიდა მამის მოწმობა. აი რას ამბობენ ამ საკითხზე ეკლესიის მოძღვრები: წმიდა ნიკოლოზ სერბი: „თქვენ მოისმინეთ ამის (რეინკარნაციის) შესახებ ოკულტისტთა შეკრებაზე და კითხულობთ, როგორ ეთანხმება ეს ქრისტეს სწავლებას? ეჰ, პატიოსანო ძმებო, უმჯობესი იქნებოდა არ წასულიყავით იმ შეკრებაზე, მისულიყავით ეკლესიაში და მოგესმინათ სახარება მდიდარსა და ლაზარეზე; იმის შესახებ, თუ როგორ მოკვდა საწყალი და სნეული გლახაკი, რომელსაც უფლის ბაგეები ლაზარედ მოიხსენებენ; ხოლო შემდეგ მოკვდა დიდებული მდიდარი, რომლის სახელს უფლის ბაგეები არც კი ახსენებენ. ლაზარეს სული ზეციური სიხარულის ღირსი შეიქნა, ხოლო უსახელო მდიდრის სული – ჯოჯოხეთური ტანჯვისა. ნუთუ ზეციურმა მცოდნემ, ჩვენმა მხსნელმა უფალმა, ამ იგავით ერთხელ და სამუდამოდ არ აღმოფხვრა არაკები სულთა გადასახლებაზე? ნუთუ მან, ყველა ზეციური და მიწიერი საიდუმლოს მოწმემ, არ დაამოწმა მთელი სიცხადით, რომ სულები გადადიან არა სხეულიდან სხეულში, არამედ პირდაპირ და სამუდამოდ გადადიან იმ სფეროში, რომელიც ამქვეყნიური საქმეებით დაიმსახურეს“.[20] წმიდა მაქსიმე აღმსარებელი: „რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ“;[21] წმიდა თეოდორე სტუდიელი – „და გუესმას მსაჯულისა მისგან და ღმრთისა და მეუფისა ყოველთასა საშინელი და მოუთმენელი ხმაჲ, ვითარმედ „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებელსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის“ (მათე 25,41)... და ესე არა მცირედ ჟამ, არცა ერთ წელ, არცა ას წელ, არცა ათას წელ, რამეთუ არცათუ არს დასასრული სატანჯველთა, ვითარ-იგი ჰგონებენ ოროგინეანნი, არამედ დაუსრულებელ არიან და სამარადისო განჩინებისაებრ უფლისა“;[22] წმიდა იოანე დამასკელი: „ამრიგად, აღვდგებით [მკვდრეთით] სულით და ხორცით შეერთებულნი, უხრწნელ-ქმნილნი და ხრწნილებისაგან განძარცულნი, და წარვდგებით ქრისტეს საშინელი საყდრის წინაშე. მაშინ სატანა და მისი ეშმაკები, ასევე მისი კაციც, ანუ ანტიქრისტე, უღმერთონი და ცოდვილნი [კაცნი] მიეცემიან საუკუნო ცეცხლს, არა ნივთიერს, როგორიც ჩვენ შორისაა, არამედ ისეთს, როგორიც მხოლოდ ღმერთმა უწყის. ხოლო კეთილის მოქმედნი განბრწყინდებიან ვითარცა მზე, ანგელოზებთან ერთად, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან, მხედველნი მისნი და თვითონაც ხილულნი მისგან, და დაუსრულებელ შვებას მოისთულებდენ მის მიერ“.[23]

ოკულტისტთა შორის არსებობს რეინკარნაციის თითქოსდა ერთგვარი მტკიცება, რომლის მიხედვით ჰიპნოზის ქვეშ და სხვა ოკულტური ექსპერიმენტების საშუალებით ზოგიერთი ადამიანი იხსენებს წარსულ ცხოვრებებს. ვინც იცნობს ქრისტიანულ სწავლებას ხიბლის შესახებ, მისთვის ცხადია, რომ უდიდესი მზაკვრობით აღვსილ სულიერ არსებებს ამგვარი ოცნებების ჩაგონება არ გაუჭირდებათ მათთვის, ვინც გულუბრყვილოდ ენდობა ოკულტისტთა არაკებს. სწორედ ამგვარ ცდუნებებს ეხმიანება დიდი ასკეტისა და ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: „თუკი განიხილავ, როგორია გარეშე ფილოსოფოსებისთვის აზრი მცნებისა „შეიცან თავი შენი“, აღმოაჩენ ბოროტმოძღვრების მორევს: აღიარებენ რა სულთა გადასახლებას, ისინი თვლიან, რომ ადამიანი მიაღწევს თავის შეცნობას და ამ მცნებას აღასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი შეიცნობს, როგორ სხეულთან იყო უწინ დაკავშირებული, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა და რას სწავლობდა. ხოლო ამას შეიტყობს, როცა მორჩილად მიენდობა ბოროტი სულის მზაკვრულ ჩაგონებებს“.[24]

შტაინერის ლექციებში ნახსენები ბუნების და კაცობრიობის შემოქმედი სულიერი არსებები, ზღაპრული ისტორიები ევოლუციაზე, დედამიწისა და პლანეტების წარმოშობაზე, ადამიანის აგებულებაზე სრულიად უცხო და მიუღებელია ქრისტიანობისათვის, ისინი ცხადი და ფარული წარმართობის კუთვნილებაა; ხოლო ჩვენ, ქრისტიანებს, როგორც წმ. ექვთიმეს „წინამძღვარში“ წერია: „არცა ხელ-გვეწიფების უკუე გარეშე მისსა, რომელი საღმრთოთა წერილთა ძუელისა და ახლისა სჯულისათა გუასწავეს და გუაუწყეს, უმეტესი რაჲმე თქუმად ანუ მოგონებად“.[25]

* * *

შტაინერის სწავლება სულიერი სრულყოფის გზების შესახებ წარმოადგენს დაცემულ სულებთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების ნათელ ფერებში გადმოცემის მცდელობას. იგი თავის მიმდევრებს აცნობს მედიტაციას, „მიცვალებულთა სულებთან“ საუბარს... მის ლექციებში შეხვდებით საუბრებს მოთმინებაზე, სიმდაბლეზე, სიკეთეზე, ვნებებთან ბრძოლაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველამ არ იცის, რომ სულიერი განწმედა და წინსვლა უფლის გარეშე შეუძლებელია, ხოლო მის შეწევნას როგორ მოითხოვს წრფელი გულით ის, ვისაც ღვთის სწავლება არ სჯერა, ვინც უფლის მიერ დაარსებულ ეკლესიას უარყოფს, ანდა გარეგნულად აღიარებს, მაგრამ ადამიანს (მაგ. შტაინერს ან სხვა ვინმეს) მასზე მაღლა აყენებს. ანთროპოსოფიის მიმდევარმა კიდეც რომ ითხოვოს უფლის შეწევნა, მისი ვედრება უძლური იქნება, რადგანაც წმიდა წერილის თანახმად, ორგული კაცის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. წმიდა ლოცვას ჭეშმარიტი რწმენა სჭირდება, ღმერთზე სწორი წარმოდგენა, შემუსრვილი გული, საკუთარი უმწეობის განცდა, სულის სიგლახაკე, ხოლო ყოველივე ამას ებრძვის სიამაყისა და სიცრუის სული, რომლითაც სუნთქავს შტაინერის ცრუმოძღვრება და ზოგადად ოკულტიზმი.

არსებობს სწავლებები, რომლებიც ქადაგებენ ასკეტიზმს, სიკეთისა და სიმართლის მსახურებას, მაგრამ საფუძვლად სატანური ამპარტავნება უდევთ. ამ ცოდვამ დასცა და ეშმაკებად აქცია ნათლის ანგელოზები, რომლებიც დაუღალავად შთააგონებენ ადამიანებს, რომ ისინი ღმერთის სწორნი არიან, და თუკი მოინდომებენ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწევენ. აი რას ამბობს ამ ცოდვაზე წმიდა იოანე ოქროპირი: „ყველა უდიდესი უბედურება, მთელი სამყაროს მაჭირვებელი, ამპარტავნებისაგან წარმოიშვა. ასევე ეშმაკიც, რომელიც უწინ არ იყო ასეთი, ეშმაკად ამპარტავნებამ აქცია, რაზედაც მიუთითებდა პავლე, როდესაც თქვა: „რაჲთა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (1 ტიმ. 3,6). აგრეთვე პირველი ადამიანი, ეშმაკის მიერ დამღუპველი იმედით ცთუნებული, დაეცა და მოკვდავი გახდი: მას ეგონა, რომ ღმერთი გახდებოდა, მაგრამ რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა“.[26] ეს ერთი ცოდვა (დასაბამი ყველა სულიერი სნეულებისა) საკმარისია ადამიანის დასაღუპად სხვა ცოდვების გარეშეც. ოკულტიზმით შთაგონებული სულიერი მოღვაწეობა მხოლოდ ამპარტავნების გაღვივებას ემსახურება, ხოლო ამ მოღვაწეობით შეძენილი ძალები (ან რაიმე არაჩვეულებრივი უნარები) ნიშანია დემონთა სამფლობელოსთან მჭიდრო კავშირის დამყარებისა. მართალია, ამპარტავნებისა და სულიერი ხიბლისგან შობილი ანთროპოსოფია სიბრძნის, სიკეთისა და სულიერი სინათლის მსახურებას იჩემებს, მაგრამ როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა“ (2 კორ. 11,14).

მხოლოდ სამოციქულო სწავლების შეურყვნელად დამცველ მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი დაფუძნებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლესა და სინანულზე. წმიდა წერილი ასე აღწერს სულიერი სრულყოფისაკენ მიმავალ გზას: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუნგან. მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ“ (იაკობი 4,6-10).

ქრისტიანი გრძნობს თავის უმწეობას, სულიერ სნეულებას, იცის რომ ყოვლისშემძლე შემოქმედის გარეშე განწირულია და სიკვდილის წუთამდე ითხოვს მისგან შემწეობას. მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები არ ეძიებენ საიდუმლო, ელიტარულ ცოდნასა და „ზებუნებრივ ძალებს“; მათი მიზანია სულის განწმენდა, განკურნება, ღვთის ნების ძიება და აღსრულება. თუკი რაიმე ნიჭებია საჭირო, უფალი თავად უბოძებს ღირსეულთ, ხოლო მართლმორწმუნენი ამგვარი პატივის ღირსად თავს არასოდეს მიიჩნევენ და ყოველ სასწაულს, გამოცხადებას, სულიერ განცდებსა და ხილვებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ქრისტესმიერი ცხოვრების გზა დაწვრილებით არის აღწერილი წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში; იქ ვერ ნახავთ ამპარტავანი გონების მაამებელ ზღაპრებს სულთა გადასახლებაზე, კარმაზე, ასტრალურ სიბრტყეებზე, ადამიანური ძალისხმევით შეძენილ ზეადამიანურ უნარებზე, აურებზე, ჩაკრებზე... წმიდა მამები გადმოგვეცემენ იმ ჭეშმარიტ მოძღვრებას, რომელიც თავად ჭეშმარიტებისაგან ეუწყათ; ისინი გვასწავლიან იმ ცხოვრებას, რომლის საფუძველია ღვთისა და მოყვასისათვის თავგანწირვა, საკუთარი ნების უარყოფა, სინანული, საკუთარი უღირსების ჭვრეტა, ყველაფერში თავის დადანაშაულება, მოუკლებელი გულშემუსვრილი ლოცვა, სიკვდილსა და საშინელ სამსჯავროზე ფიქრი, დამცირებისა და ხორციელი გაჭირვების სიმშვიდით ატანა, ყოველგვარი წყენის მიტევება, სიკეთისა და ნებისმიერი ღვაწლის ფარულად აღსრულება, საკვებსა და განსვენებაში თავშეკავება, ფუფუნებისგან განშორება... ასეთ მოღვაწეს ღმერთი სულიერად განჰკურნავს და მიანიჭებს ჭეშმარიტ სიმდაბლეს, რომელიც შეუმჩნევლად იშვება კაცის გულში, რომელმაც ათქმევინა წმიდა მამამთავარ აბრაამს „მე ვარ მიწაჲ და ნაცარ“ (დაბადება 18,27).

ქრისტიანობის საპირისპიროდ, ოკულტიზმის საფუძველი ადამიანური შესაძლებლობების განდიდება და საკუთარ თავზე დაყრდნობაა. დასავლეთისთვის ინდური ოკულტიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი, თანამედროვე რელიგიური სინკრეტიზმის (აღრევის) იდეოლოგი, სვამი ვივეკანანდა, ასე წარმოაჩენს თავის მრწამსს: „ვედანტა ამბობს, რომ არ არსებობს ღმერთი ადამიანის გარდა. ... ცოცხალი ღმერთი თქვენშია, თქვენ კი ეკლესიებს აშენებთ და გჯერათ ყოველგვარი წარმოსახვითი უაზრობისა. ერთადერთი თაყვანისსაცემი ღმერთი – ესაა ადამიანის სული და ადამიანის სხეული“.[27] ცნობილი ფსიქიატრი კარლ იუნგი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ინდო-ჩინური რელიგია და ფილოსოფია, წერდა: „შეუძლებელია რწმენით, მორალითა და ინტელექტუალური მანერით დარჩე კარგ ქრისტიანად და ამავდროულად სერიოზულად ვარჯიშობდე იოგაში“; „ჩვენთან ადამიანი უსასრულოდ პატარაა და ყველაფერს ღვთის მოწყალება წყვეტს, ხოლო აღმოსავლეთში თავად ადამიანია ღმერთი, საკუთარი თავის გადამრჩენელი“ (კ. იუნგი, „აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების ფსიქოლოგიის შესახებ“). ოკულტიზმით გატაცებულებს უჩნდებათ განსაკუთრებულობის გრძნობა, ბევრ მოვლენაში ამჩნევენ „საიდუმლო მოძღვრებით“ შეძენილი ცოდნის დადასტურებას, რადგან მათ სულიერ მეგზურებს (დაცემულ ანგელოზებს) დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი მიწიერ და მშვინვიერ სფეროში; ამიტომაც მეტად ძნელია ოკულტიზმის ხიბლიდან თავის დაღწევა.

 

* * *

შტაინერი თავის ლექციებში განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს ზარათუსტრას, რომლის მიერ ნაქადაგები რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) მხილებისათვის მრავალი ქრისტიანი ეწამა; მათ შორის – წმიდა დედოფალი შუშანიკი, წმიდა ევსტათი მცხეთელი, წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ანთროპოსოფიის ფუძემდებელი გულუხვად უძღვნის ქება-დიდებას ქრისტიანობის ვერაგ მტერს, წარმართობის დიდ ქომაგს, იმპერატორ იულიანე განდგომილს;[28] როგორც შტაინერი ამბობს, იულიანე მისტერიათა იდუმალ სიბრძნეს ყოფილა ნაზიარები და ამ „ბრძენკაცს“ დაუპირისპირდა „მშვინვიერი ხალხი“, ქრისტეს ეკლესიის წევრები; ხოლო მათ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, იულიანესეულ „სიბრძნესთან“ ზიარებას ტანჯვა-წამება, სიკვდილი და ქრისტესთან ზიარება არჩიეს.

წმიდა წერილის მიხედვით წარმართულ რელიგიებს შორის არსებითი განსხვავება არ არის: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ (ფსალმ. 95,5); „რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა. ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ“ (1 კორ. 10,20). როგორც ერთი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება მაცხოვრის მოსვლამდე, ასევე ერთი ჭეშმარიტების საქადაგებლად აკურთხა უფალმა მოციქულები: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16,15).

* * *

ანთროპოსოფიის რაობა ყველაზე ცხადად შტაინერის იმ ლექციებშია წარმოჩენილი, რომლებშიც იგი წმიდა წერილის განმარტებას ცდილობს. მისთვის იაჰვე (იეჰოვა) მთვარის ღმერთია, ამავე დროს იგი ქრისტეს აჩრდილიცაა: ქრისტეს მზის ღმერთად მიიჩნევს, იესოს – ადამიანად. აი რა „საიდუმლო სიბრძნეს“ მისწვდა „ნათელმხილველი“ მოძღვარი: „ვარსკვლავები ღმერთებისაგან მიტოვებული სხეულებია – მას შემდეგ, რაც მათმა განვითარებამ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია. მხოლოდ ქრისტემ არ დატოვა ამქვეყნიური სიკვდილის შემდეგ ასეთი ფიზიკური ვარსკვლავი... იგი გადადის ადამიანთა სულებთან ერთად იუპიტერის ყოფიერებაში, როგორც სული; ამაშია განსხვავება ქრისტესა და პლანეტების სხვა სულებს შორის“.[29] ერთ-ერთ ლექციაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც თორმეტი ბოდჰისატვას სულიერი წინამძღვარი. ეს ბოდჰისატვები დროდადრო ბუდას სახით ევლინებიან კაცობრიობას: „სამიათასი წლის შემდეგ გამოჩნდება მაიტრეია ბუდა და იგი ყველგან იქადაგებს იმას, რაც დღეს არ შეიძლება ითქვას განცხადებულად“.[30] შტაინერს „სულიერი სამყაროს“ ჭვრეტისას ეუწყა (როგორც თვითონვე ამბობს სახარების განმარტებებში და ლექციათა ციკლში – „მეხუთე სახარება“, „გოლგოთის მისტერია“),[31] რომ პალესტინაში ერთდროულად ცხოვრობდა ორი იესო, რომელთაგან ერთ-ერთში ჩასახლდა ზარათუსტრა; შემდეგ იგი რატომღაც მეორე იესოში გადასახლდა, რის შემდეგაც პირველი გარდაიცვალა. იორდანეზე ნათლისღებისას ზარათუსტრამ დატოვა იესოს სხეული და მასში მზის ღმერთი – ქრისტე ჩასახლდა (რომელიც ღმერთებმა ადამიანთა დასახმარებლად მოავლინეს). ამას გარდა, ამ ლექციებში აღწერილია მრავალი ისეთი მკრეხელობა, რომელთა გაცნობა აღარც არის საჭირო, იმდენად შემაძრწუნებლად მოქმედებენ ქრისტიანის სულზე. ამ ყველაფერს (რაც მხოლოდ დემონთა მიერ მოხიბლულ გონებას შეიძლება ეზმანებოდეს) ანთროპოსოფია უწოდებს სულიერ მეცნიერებას, რომელიც მიუწვდომელია მშვინვიერი, სულიერად გაუნათლებელი ხალხისათვის.

ზემოთ მოტანილი შტაინერისეული აზრები ქრისტიანული თვალსაზრისით ისეთი მკრეხელობაა, რომ კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს.

ქრისტიანისთვის მთავარი და გადამწყვეტია უკვდავი სული და ყველაფერი ის, რაც მის გადარჩენას წაადგება, ხოლო სხეულის სიჯანსაღე, განსწავლულობა და მატერიალური კეთილდღეობა მარადიულ ფასეულობას არ წარმოადგენს; ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნე განეშორება იმ მოძღვრებს და იმ წიგნებს, ვისთანაც რაიმე შეუსაბამობაა ქრისტეს სწავლებასთან, თუნდაც რომ ეს მოძღვრები ერთი შეხედვით წინასწარმცნობელებად, კურნების, სიბრძნის, სიმდიდრის და თუნდაც სულიერი შეწევნის მომცემლებად წარმოჩნდებოდნენ. აი ასე აფრთხილებდა ძველი აღთქმის პერეიოდში წარმართებით გარშემორტყმულ რჩეულ ერს უფალი: „უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყუელი ანუ ჩუენებისმხილველი, და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქვას: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, და თქუას: ვმსახურებდეთ მათ. ნუ ისმენთ სიტყუასა მას წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა. არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ხმისა მისისა ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით“ (2 სჯულ. 13,1–4). ახალ აღმთქმაში პავლე მოციქული გვაძლევს მსგავს გაფრთხილებას: „არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალატ. 1,7-8).

* * *

რუდოლფ შტაინერი თავისი შეხედულებების გასავრცელებლად სხვადასხვა საშუალებებს ეძებდა, თავის ლექციებში სულიერი საკითხების გარდა სამეცნიერო, საყოფაცხოვრებო და ხელოვნების სფეროებსაც სწვდებოდა, ცდილობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოხიბლვას თავისი „ფართო ერუდიციით“. მისი ოკულტური, ანტიქრისტიანული მოძღვრებებიდან იშვა ე.წ. ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა, „ვალდორფის პედაგოგიკა“, ფარმაცევტული კომპანია „ველედა“, პანტომიმის მაგვარი „ევრიტმია“. ანთროპოსოფიის მიმდევრები ამბობენ, რომ სასარგებლოა ამ „მეცნიერების“ მიერ დაგროვილი გამოცდილება პედაგოგიკაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებაში... ხოლო ჭეშმარიტ ქრისტიანს ურჩევნია მშიერი და სნეული იყოს ღმერთთან, ვიდრე მაძღარმა და ჯანმრთელმა სული საფრთხეში ჩაიგდოს; ხომ ამბობს უფალი: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა?“ (მათე 16,26). როგორ ამაღლდებიან სულიერად შტაინერის პედაგოგიკით „გონებაგახსნილი“ ბავშვები, როდესაც ეს გონება მკრეხელური სწავლებებით ექნებათ მოწამლული? თუ რა სიბრძნემდე და ნათელმხილველობამდე მიჰყავს ადამიანი ამპარტავნებაზე დაფუძნებულ მედიტაციებს და „სულიერ ვარჯიშებს“, კარგად ჩანს შტაინერის ლექციების განხილვისას. ჭეშმარიტი სულიერი ნათელი მხოლოდ მაცხოვრის მოძღვრებაშია – „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაჲ“ (იოანე 8,12). იესო ქრისტეს მიერ მონიჭებული ნათელი მოძღვრება არ არის ბნელში დაფარული, ყოველი გულწრფელი მაძიებელი ჰპოვებს მას წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში. ჭეშმარიტება მხოლოდ მათგანაა დაფარული, ვინც თავად უკეტავს მას გულის კარებს; როგორც უფალი გვასწავლის, ჭეშმარიტი სიბრძნის ნათელს ყველაზე უკეთ ბავშვურად წრფელი გულები გრძნობენ: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა“ (მათ. 11,25).

 

გიორგი მესხიშვილი

 

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1. Сочинения Епископа Игнатия Брянчанинова. т. 1. Джорданвилль, 1985. გვ. 155.

2. Ранные отцы Церкви, Брюсель, 1988, გვ. 634.

3. კარლ ბრანდლერ ბრახტი, ოკულტიზმი, თბ. 1991, გვ. 9.

4. იქვე, გვ. 302.

5. თ. იმნაიშვილი, საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, II, თბ. 1966, გვ. 45.

6. აბბა ისააკი ასურის სწავლანი, ხელნაწერი, თავი 34.

7. შატბერდის კრებული, „კაცისა შესაქმისათვის“, თბ. 1979, გვ. 103.

8. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები, II, თბ. 1990, გვ. 21.

9. იქვე, გვ. 38.

10. იქვე, გვ. 37.

11. „წინამძღვარი“, შედგენილი წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის მიერ, თბ. 2007, თავი 1.

12. ჩვენი საუნჯე, ტ. 1, თბ. 1960, გვ. 133.

13. Св. Ириней лионский, „Пять книг обличения и опровержения лжеименного знания“, М. 1871, გვ. 278.

14. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები, II, თბ. 1990, გვ. 91.

15. ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, თბ. 1983, გვ. 128.

16. Ранные отцы Церкви, Брюсель, 1988, გვ. 629.

17. Р. Штейнер, „Очерк тайноведения“, М. 1916, გვ. 49.

18. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, ტ. 1. თბ. 1918, გვ. 85.

19. Творения Св. Иоанна Злотоуста, Т. 4, СПБ. 1898, გვ. 103.

20. Святитель Николай Сербский. Душа Сербии. М. 2006.

21. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები, II, თბ. 1990, გვ. 38.

22. ტრიოდიონი, თბ. 1901, გვ. 290.

23. წმ. იოანე დამასკელი, „მართლმადიდებელი სარწმუნოების უცილობელი გადმოცემა“, თ. 100, აღდგომისათვის.

24. Святитель Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих, I.1.10.

25. „წინამძღვარი“, თავი 2.

26. Творения Св. Иоанна Злотоуста, Т. 4, СПБ. 1901, გვ. 150.

27. Swami Vivekananda, Practical vedanta, Part II.

28. რ. შტაინერი, „სამგვარი მზე და ქრისტეს აღდგომა“.

29. Р. Штейнер, „Чудеса мира...“ ლექცია 4.

30. იქვე, ლექცია 1.

31. Р. Штейнер, „Из исследования акаши...“ Дорнах, 1967.

 

მსგავსი სტატიები:

არქიმანდრიტი რაფაელი – ოკულტიზმიდან მოსულთა შესახებ

რატომ არის ქრისტიანისთვის მიუღებელი ე.წ. ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

ინდუიზმის შესახებ

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა