martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა საფრთხეებია ინტერნეტში ბავშვებისათვის

ფსიქოლოგების, ექიმებისა  და სოციოლოგების რჩევები მშობლებს ინტერნეტთან დაკავშირებით

შესავალი

ბოლო ხანებში გახშირებულმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რა სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს ინტერნეტთან ბავშვის უყურადღებოდ დატოვება.

გთავაზობთ უმთავრესი საფრთხეებისა და რჩევების ჩამონათვალს, რისი ცოდნაც თანამედროვე ეპოქაში არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ყველა იმ მშობლისთვის, ვისაც სურს, რომ მისი შვილი სულიერად და ხორციელად ჯანმრთელი გაიზარდოს.

ტექსტის შედგენისას გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ექიმების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ჟურნალისტების, კომპიუტერული ფირმების, მთავრობების, ინტერნეტის მკვლევრებისა და მშობლების ნაშრომები, განცხადებები და წერილები.

1. რა მატერიალური საფრთხეები არსებობს ინტერნეტის მოხმარებისას?

ინტერნეტის მოხმარებას თან ახლავს შემდეგი სახის საფრთხეები: ზნეობრივი, ფიზიკური და მატერიალური. ზნეობრივ და ფიზიკურ საფრთხეებზე ქვემოთ გვექნება საუბარი. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არსებობს საშიშროება, რომ ე.წ. ჰაკერებმა ისარგებლონ ინტერნეტის საფრთხეების შესახებ ჩვენი უცოდინრობით, ე.წ. ფიშინგის საშუალებით შემოაღწიონ ჩვენს კომპიუტერში, ტელეფონში, მოიპოვონ სხვადასხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია და ჩვენს საზიანოდ გამოიყენონ, ან გაიგონ ინტერნეტ-ბანკის პაროლები, რითიც მოახერხებენ ჩვენი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას. არსებობს აგრეთვე ისეთი „ვირუსები“, რომლებსაც შეუძლიათ კომპიუტერში წაგვიშალონ ჩვენთვის ძვირფასი ინფორმაცია ან თვითონ მყარი დისკიც დააზიანონ. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, არ შევიდეთ საეჭვო ინტერნეტ-გვერდებზე, არ გადავიდეთ უცნობების მიერ ფოსტით ან ფეისბუკით გამოგზავნილ ინტერნეტ-მისამართებზე, არ გავხსნათ უცნობების მიერ გამოგზავნილი წერილები, განსაკუთრებით კი ამ წერილების თანმხლები ფაილები (რადგან მათ მოყვება ხოლმე ჯაშუში პროგრამები, ე.წ. ტროიანები), არ დავაყენოთ უცნობი, არალიცენზირებული პროგრამები, არ დავუჯეროთ ვებ-გვერდებზე (საიტებზე) გამოჩენილ შეტყობინებებს ან ფოსტით მიღებულ წერილებს, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ რაიმე სახის ინფორმაციას (ინტერნეტ-ბანკის ან ფეისბუკის პაროლს, ტელეფონის ნომერს, სახლის მისამართს, პირადობის მოწმობის ნომერს...) ან რომელიმე ვებ-გვერდზე შესვლას, თითქოსდა იმისთვის, რომ რაღაც ჯილდო მოვიგეთ ან თანხას გვჩუქნიან და ა.შ. ეს ყველაფერი სატყუარებია ჩვენთვის ზიანის მიყენების მიზნით. უნდა ვერიდოთ ფეისბუკში და მით უმეტეს ინტერნეტ-ბანკში შესვლას უცხო კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან, რადგან იქ დარჩება ჩვენი პაროლი, რომელიც შესაძლოა ვინმემ ამოიკითხოს და ჩვენს საზიანოდ გამოიყენოს. კომპიუტერში აუცილებლად უნდა გვქონდეს დაინსტალირებული ლიცენზირებული „ანტივირუსი“, რომელიც მუდმივად განახლდება (არსებობს კარგი უფასო „ანტივირუსები“). ყველა საჭირო დოკუმენტი კომპიუტერის გარდა უნდა ჩავიწერეთ CD, DVD დისკებზე, „USB ფლეშ მეხსიერებაზე“ ან გარე „ვინჩესტერზე“.

ფეისბუკის გვერდზე არ განათავსოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ვინმემ ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს (სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამსახურის დასახელება ან მისამართი, დღის განაწესი, ბავშვის სასწავლებლის იდენტიფიკაცია და ა.შ.). ეს ეხება ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით არასრულწლოვანებს. დაარწმუნეთ ბავშვები, რომ ფეისბუკის (ან სხვა სოციალური ქსელის) მეგობრებში უცნობი ადამიანები არ დაიმატონ, არ შეავსონ არანაირი კითხვარები და დღიურები, არ ჩაერთონ თამაშებში, არ დაურეკონ, არ გაუგზავნონ მოკლეტექსტური შეტყობინება (SMS), არ გააგებინონ მობილურის ან სახლის ტელეფონის ნომერი უცნობებს (ანუ ინტერნეტით გაცნობილებს); გააფრთხილეთ, რომ სასწრაფოდ გაცნობონ, თუკი ვინმე ინტერნეტში დაემუქრა, შეურაცხყოფა მიაყენა, საეჭვო კითხვები დაუსვა, რაიმე დავალება მისცა, შეხვედრა სთხოვა და ა.შ.

2. რა საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ინტერნეტით სარგებლობა

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სოციალური ქსელები (ფეისბუკი, ინსტაგრამი, იუთუბი, ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე და ა.შ.), მაგრამ მანამდე, ვიდრე ის სოციალურ ქსელში ჩაერთვება, როგორც წესი, უკვე მეტ-ნაკლებად ინტერნეტ-დამოკიდებულია. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დამოკიდებულება 2-3 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მშობლები იმისათვის, რომ ბავშვებისგან დაისვენონ, მათ გასართობად ტელეფონს აძლევენ. ხშირად ეს გართობა საათობით გრძელდება. ბავშვები ამ დროს ელექტრომაგნიტურ დასხივებასაც იღებენ, მხედველობასაც იზიანებენ და ინტერნეტზე დამოკიდებულებიც ხდებიან (ჯერ საბავშვო თამაშები და მულტფილმები, მერე ფეისბუკი, ვიდეორგოლები, ქსელური თამაშები, აზარტული თამაშები და ა.შ.).

ინტერნეტის ბერძენი მკვლევარი ათანასე კოლიოფუტისი წერს: „ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე, სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს გარკვეული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს... დამოკიდებულება ჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის მოქმედება, რომელიც მიმართულია სიხარულის გრძნობის მიღწევისკენ და რაიმე ფსიქოლოგიური ტვირთისგან განთავისუფლებისკენ, მისი კონტროლიდან გამოდის. ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედებისა და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს, მიუხედავად მისი ზემოქმედების უარყოფითი შედეგისა“.

ფეისბუკზე დამოკიდებულება იმდენად საყოველთაო მოვლენად იქცა, რომ უკვე არსებობს სხვადასხვა ტესტები მის დასადგენად და სიმძიმის გასაზომად (პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, კიმბერლი იანგის ტესტი; ბერგენის (ნორვეგია) სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ შემუშავებული ფეისბუკ-დამოკიდებულების გასაზომი სპეციალური სკალა და სხვ.). ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაიხსნა საავადმყოფო ინტერნეტ-დამოკიდებულთა სამკურნალოდ. მკურნალობა იწყება იმით, რომ ავადმყოფებს 3 დღე-ღამის განმავლობაში ეკრძალებათ კომპიუტერისა და ტელეფონის მოხმარება. ვაშინგტონის შტატის დასახლება ფოლ სიტიში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელშიც ინტერნეტზე დამოკიდებულ ბავშვებს მკურნალობენ სპეციალური პროგრამით „რესტარტი“. ჩინეთში არსებობს სამხედრო ტიპის ცენტრები, სადაც თერაპევტები, ფსიქოლოგები და მწვრთნელები ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებს ფიზიკური ვარჯიშებით, მკაცრი რეჟიმით და საუბრებით მკურნალობენ.

გამოკვლევების მიხედვით ჩანს, რომ ფეისბუკ-დამოკიდებულების მთავარი გამომწვევი მიზეზებია ზედმეტი თავისუფალი დრო, დეპრესიული განწყობა, პოპულარობის წყურვილი და ცნობისმოყვარეობა. პოპულარობის წყურვილი ძირითადად გამოხატულებას ჰპოვებს საკუთარი (ან ოჯახის წევრების) ფოტოებისა და „სტატუსების“ აფიშირებაში „მოწონებებისა“ და კომპლიმენტების მოლოდინით.

საფრთხეები, რომლებზეც მკვლევრები საუბრობენ, ემუქრება როგორც უფროსებს (ინტერნეტ-მეგობრებთან ურთიერთობის შედეგად ზოგჯერ საკმაოდ მყარი ოჯახებიც ინგრევა), ასევე ბავშვებს, თუმცა ბავშვი ბევრად მეტ ზიანს იღებს გარკვეული მიზეზების გამო. ფიზიკური და სულიერი საფრთხეებიდან ასახელებენ:

ა) მხედველობის დაზიანება მონიტორიდან მომავალი, თვალისთვის არაბუნებრივი ნათების გამო, რაც შეიძლება საათობით, განუწყვეტლივ გრძელდებოდეს (თავდაცვა: არ ვუყუროთ მონიტორს ახლო მანძილიდან ან სიბნელეში; დროდადრო თვალი მოვაშოროთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანს და შორს გავიხედოთ, შევარჩიოთ კარგი ხარისხის ეკრანი).

ბ) ელექტრო-მაგნიტური დასხივება – საფრთხე იზრდება, როცა უკაბელო ინტერნეტის როუტერი ადამიანისგან ახლო მანძილზეა მოთავსებული, როდესაც ვსარგებლობთ ძველებური (CRT) მონიტორით, ან მობილური ტელეფონი თავთან ახლოს გვიკავია. ზოგადად, რაც უფრო ახლოს ვართ გამოსხივების წყაროსთან (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, როუტერი, ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი), მით მეტ გამოსხივებას ვიღებთ. ექიმები ამბობენ, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობისას მცირეწლოვან ბავშვებში მაღალია ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი, რადგან მათი თავის ქალა სუსტია და გამოსხივებას ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს. (თავდაცვა: ვაკონტროლოთ კომპიუტერთან ყოფნის დრო; ინტერნეტში შევიდეთ კომპიუტერით და არა ტელეფონით, თუ არ არის ამის აუცილებლობა; სახლში არ გამოვიყენოთ უკაბელო ინტერნეტი; თუ მაინც გამოვიყენებთ, როუტერი მაქსიმალურად შორს მოვათავსოთ ადამიანებისგან, განსაკუთრებით ბავშვებისგან და როცა არ ვიყენებთ, გამოვრთოთ; მობილური ტელეფონით საუბრისას ტელეფონი ყურზე არ მივიდოთ, რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებაც დიდად ამცირებს გამოსხივების მოქმედებას; მობილური ტელეფონი ვატაროთ ჩანთით ან ქამარზე მისამაგრებელი ტელეფონის ჩასადებით, ძილის დროს ჩვენგან მაქსიმალურად მოშორებით დავდოთ).

გ) კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული უმოძრაობის შედეგად ორგანიზმს ემუქრება ხერხემლის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარება ან გართულება, კვების რეჟიმის დარღვევა, სიმსუქნე (უნდა განვსაზღვროთ დრო, რომელიც კომპიუტერთან უნდა გავატაროთ; პერიოდულად ავდგეთ და გავიაროთ ან ვივარჯიშოთ).

დ) ნერვული სისტემის გამოფიტვა, მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, ძილის დარღვევა, დაღლილობა, დეპრესია (თავდაცვა ბავშვებისთვის: კომპიუტერთან ყოფნა მხოლოდ წინასწარ დაწესებული ხანმოკლე დროის განმავლობაში, რეალური თამაშები და წიგნების კითხვა, უფროსების დახმარება საოჯახო საქმეებში, სპორტი, ბუნებაში სეირნობა).

ე) როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, უკონტროლო, მრავალფეროვანი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ინტერნეტში შეზღუდვები არის მხოლოდ ფიქტიური, ფაქტიურად კი უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე; მას არ შეუძლია დაახარისხოს ეს ინფორმაცია და ამიტომ ყველაფერს ისრუტავს, რაც ნელ-ნელა მას ფსიქიკას უზიანებს.

ვ) ძალიან იოლია ბავშვი ინტერნეტით აზარტულ თამაშებში ჩაებას, რაც მას სერიოზულ ფსიქიკურ ზიანს მოუტანს, მის ოჯახს კი მატერიალურ ზარალს. ზოგჯერ ასეთი თამაშები დიდი ტრაგედიებითაც მთავრდება...

საფრთხის შემცველი მხოლოდ აზარტული თამაშები არ გახლავთ. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ჟურნალში (2015 წლის იანვრის ნომერი) გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვების ზედმეტი გატაცება კომპიუტერული თამაშებით იწვევს დეპრესიის, შფოთიანობის და სოციალური ფობიების განვითარებას, სწავლაში ჩამორჩენას, მხედველობის გაუარესებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სტრესებს, დევიანტურ ქცევას, ზნეობრივი ნორმების წალეკვას. ბავშვთა ფსიქიატრი ა. მაზური წერს: „ფაქტია, რომ კომპიუტერული „დამოკიდებულების“ მდგომარეობა ახდენს ბავშვის დეზადაპტაციას, „აგდებს“ ცხოვრებიდან, თანაც სრულად „აგდებს“, რადგან ბავშვს აღარ რჩება (კომპიუტერული) თამაშის გარდა სხვა ინტერესები. თამაში დომინანტი ხდება, როგორც ნარკომანებისთვის ნარკოტიკი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერული „დამოკიდებულება“ ნარკომანიის სახეობაა. ... როდესაც ნარკომანი ნარკოტიკის გარეშეა, ჩვეულებრივ, იწყება „ლომკა“. გარდა ამისა, კომპიუტერთან დიდხანს დროის გატარება, ისევე როგორც ნარკომანია, იწვევს ფსიქიკის გამოხატულ ასტენიზაციას. ბავშვის ფსიქიკას უკვე აღარ შეუძლია იმ დატვირთვების გადატანა, რომელთა გადატანაც ადრე შეეძლო. აქედან ადვილად ჩნდება „დამოკიდებულებაც“ და ცხადია ფაკულტატური სიმპტომებიც: გაღიზიანება, უძილობა, განწყობის მერყეობა, აგრესიულობა, იმპულსურობა, მომატებული დაღლილობა“.

ერთ-ერთი პიროვნება, ადრე ვირტუალური თამაშით გატაცებული, ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიის კომენტარში წერს: „...რეალობა უფრო საშინელია. მე თვითონ ვთამაშობდი (...)-ს და საინტერესო ის არის, რომ თამაშის დასრულებისთანავე რაღაცნაირი ტვინის გამოთიშვა მემართებოდა (თამაშის მთავარი აზრია, მოკლა ყველა, ვინც ამოცანის შესრულებაში ხელს გიშლის, ანდა ისე, გართობისთვის). თამაშის შემდეგ თავი ორთქლის ქვაბივით მქონდა... არ ვიცი სხვები როგორ, მაგრამ მე რამდენიმე დღე გადაბმულად თამაშის შემდეგ ვხდებოდი აგრესიული, გაბოროტებული, გაღიზიანებული, სულ ადვილად შემეძლო ხელი მეკრა ცოლისთვის, თუკი წინ დამხვდებოდა, ბავშვთან მეჩხუბა, მოთმინებაზე, ურთიერთგაგებაზე და სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და ა.შ. ეს ყოველივე მატულობდა. ამგვარად, მალე გავაცნობიერე, რომ თამაშიდან ქცევის პროექცია რეალურ ცხოვრებაში გადამქონდა, ოჯახში და სამსახურში. მაგრამ მე ჯანმრთელი, ზრდასრული კაცი ვარ, შემიძლია ყველაფერი გავაცნობიერო და გავაანალიზო, დასკვნა გავაკეთო და სწორი ნაბიჯი გადავდგა – საერთოდ შევწყვიტო თამაში. ბავშვს კი რისი გაკეთება შეუძლია? მას ხომ ძალიან აინტერესებს თამაში! თუკი ჩემი ფსიქიკა რამდენიმე დღეში მრუდდებოდა, მაშ ბავშვს რას დამართებს ერთი-ორი წლის განმავლობაში გამუდმებული თამაშები?!“

ზ) ე.წ. კიბერბულინგი – მიზანმიმართული დევნა ინტერნეტში ერთი ან რამდენიმე შეთანხმებული პირის მიერ – მსხვერპლის დამცირება, ცილისწამება, შანტაჟი, დაშინება. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით ბავშვების დაახლოებით 30 % ყოფილა კიბერბულინგის მსხვერპლი ან მოძალადე (თავდაცვა: ბავშვმა ინტერნეტში არ უნდა გააბას ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან; მის მიმართ დაწყებული დევნის შესახებ უნდა აცნობოს მშობელს და დაბლოკოს ყველა ის საშუალება, რითიც ხდება მასზე შეტევის განხორციელება; მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და უნდა გაარკვიონ, რა გახდა ბავშვის უხასიათობის, უძილობის, დათრგუნვილობის, სწავლაში ჩამორჩენის, შეშინების მიზეზი).

თ) არსებობს დიდი საფრთხე, რომ ბავშვს ინტერნეტთან ურთიერთობამ ყველაზე ძნელად გამოსასწორებელი ზიანი ზნეობრივი მხრიდან მიაყენოს. საშიშია არა მხოლოდ პორნოგრაფია, ძალადობის სცენები და აზარტული თამაშები, არამედ ფორუმები, „ჩათები“, ბევრი მუსიკალური „კლიპი“ და მულტფილმიც კი საფრთხის შემცველია. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმ მულტფილმების შინაარსი, რასაც მათი შვილები უყურებენ, რადგან ბოლო დროის პოპულარულ მულტფილმებში მომრავლებულია ძალადობა, შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა, ბოროტება მომხიბლავადაა წარმოდგენილი; გმირები, რომლებსაც შემდეგ ბავშვები ბაძავენ, ხშირად უზნეო პიროვნებები არიან, ბავშვისთვის დამაზიანებელია მათი საუბრები, ქცევა, გარეგნობა. ბავშვები ხშირად ბაძავენ იმას, რასაც ხედავენ და ისმენენ, ზოგჯერ თავს აიგივებენ მულტფილმების პერსონაჟებთან. სიდნეის მაკუირის უნივერსიტეტის დოქტორის ვეინ ფერბერტონის თქმით არსებობს ასობით გამოკვლევა, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ მულტფილმებიდან მომდინარე სისასტიკის ზემოქმედება ბავშვის აზროვნებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ზოგჯერ ბავშვები მულტფილმების გავლენით ერთმანეთს ფიზიკურ ზიანსაც აყენებენ. ექიმები თანამედროვე გამოკვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სამ წლამდე ბავშვებმა მულტფილმებს საერთოდ არ უნდა უყურონ, რადგან ამას მათი გონებრივი განვითარებისთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს.

მშობლების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ მაშინაც კი, როცა მათი შვილები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში (იუთუბი) უყურებენ ვიდეოსიუჟეტებს ბუნებაზე, რელიგიაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე, როგორც წესი, შეთავაზებებს შორის ჩნდება ფანჯარა, რომელიც მაყურებელს უხამს, განსაკუთრებით ბავშვისთვის შეუფერებელ ვიდეორგოლს სთავაზობს, ზოგჯერ წარწერით 18+, თითქოს გაფრთხილების მიზნით, რომ არასრულწლოვანებმა არ უყურონ, რეალურად კი ეს უფრო რეკლამის როლს თამაშობს. ზოგადად, ინტერნეტში ძალიან ცოტაა ისეთი პოპულარული გვერდები, რომლებიც არ ავრცელებენ ვნებების აღმძვრელ, უზნეო, სულის დამაზიანებელ ინფორმაციას ტექსტების, ფოტოების და ვიდეოების სახით. ვებ-გვერდების დიდი ნაწილი შექმნილია რეკლამების მიზიდვისთვის. რაც მეტი რეკლამა განთავსდება, მით მეტია საიტის მფლობელთა შემოსავალი. რეკლამების გამავრცელებლები კი ისეთ ვებ-გვერდებს ეძებენ, რომლებსაც მეტი მნახველი ჰყავთ. მნახველების მოზიდვაზეა გათვლილი უხამსი ფოტოები, ვიდეოები და ისტორიები, ჭორები, სენსაციური ამბები, მდარე, ზედაპირული, საეჭვო მასალები სხვადასხვა თემატიკაზე. სამწუხაროდ არათუ ბავშვებს, ხშირად უფროსებსაც უჭირთ ინტერნეტის ხრიკების გარჩევა და ნაყალბევი ინფორმაციის გამოცნობა. ეს განსაკუთრებით საშიშია, როდესაც საქმე სამედიცინო სფეროს ეხება, სხვადასხვა „გამოცდილ“ რეცეპტებს, ახლად აღმოჩენილ მკურნალობის მეთოდებს, დიეტებს, „სენსაციურ წამლებს“ და ა.შ.

ათანასე კოლიოფუტისი წერს: „საერთაშორისო კვლევების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 74,4% პასუხობს, რომ ნებისმიერ სასურველ დროს შეუძლიათ ინტერნეტში შესვლა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ხოლო 9,7% კითხვარში აღიარებს (არა მშობლებთან), რომ თავს დასხმიან პედოფილები – „ჩათში“, ელ. ფოსტაში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, პორნოგრაფიასთან პირველი შეხების საშუალო ასაკად ითვლება 11 წელი. პორნოგრაფიის ყველაზე მეტი მოხმარება ხდება 12-17 წლის ასაკში, ამასთანავე ასი ათასი ინტერნეტსაიტი მომხმარებელს სთავაზობს ბავშვთა პორნოგრაფიის დიდ რაოდენობას. 15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ არაერთხელ უნახავთ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები. ბავშვების 90% 8-16 წლის ასაკში უყურებდა პორნოგრაფიულ ფილმებს იმ დროს, როცა როცა სასკოლო დავალებებს ასრულებდა. პორნოგრაფიული შინაარსის საიტების დათვალიერების გარდა ბავშვები ხშირად სწავლობენ აზარტულ თამაშებს, უჩნდებათ მიდრეკილება ნარკოტიკების მოხმარებისკენ, მონაწილეობენ საშიშ თამაშებში და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მიდიან. ასევე უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქსელური თამაშები, რომლებშიც ძალადობის სიმრავლეა; ამ თამაშების გავლენით იშვება სიძულვილი, სადიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა. გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა მოქმედება. ახალგაზრდები შედიან გარკვეულ საიტებზე, ყიდულობენ სხვადასხვა საქონელს შესაბამის მაღაზიებში, ეცნობიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და გარყვნილ ადამიანებს“.

არსებობს იმის მაგალითებიც, როდესაც მოზარდებს სოციალური ქსელების საშუალებით ითრევენ სექტები, ტერორისტული ან კრიმინალური ჯგუფები.

(თავდაცვა: მშობელი რაღაც დონემდე უნდა ერკვეოდეს ინტერნეტის შესაძლებლობებში, საფრთხეებში და უნდა აუხსნას ბავშვს, როგორ დაიცვას თავი, რას მოერიდოს; მუდმივად უნდა აკონტროლოს, რას ნახულობს ბავშვი, ვისთან აქვს ურთიერთობა; არ მისცეს მცირეწლოვანს ისეთი ტელეფონი (სმარტფონი), რომლითაც ის ინტერნეტში შესვლას შეძლებს. კომპიუტერისგან განსხვავებით, ბავშვი სმარტფონის საშუალებით ყოველგვარი კონტროლის გარეშე შევა ინტერნეტში სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა. ბავშვები ხშირად ამას გაკვეთილებზეც ახერხებენ).

3. რა ხდება სოციალურ ქსელებში?

ფეისბუკში, როგორც წესი, ბავშვებს მრავალი მეგობარი ჰყავთ, რომელთა გარკვეულ ნაწილს (შეიძლება უმეტესობას) ისინი არ იცნობენ. ხშირად მეგობრების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. ამათგან ზოგი ასაკით ბევრად უფროსია და არავინ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ უმეგობრდებიან უცნობ ბავშვებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რა მიზნები ამოძრავებთ. ზოგჯერ ისინი ანონიმური, სხვა სახელსა და ფოტოებს ამოფარებული პირები არიან. მათ შეუძლიათ მიმოწერა ჰქონდეთ ბავშვთან ისე, რომ ამ მიმოწერას ვერავინ ნახავს, შეუძლიათ კომენტარებში განათავსონ უხამსი ფოტოები და ვიდეოები და ა.შ. ბავშვს მოუწევს ყველაფრის ნახვა, რასაც მისი ფეისბუკ-მეგობრები გააზიარებენ, მოიწონებენ, დაწერენ. აქ სხვადასხვა საფრთხე იმალება. ფსიქოლოგები, ექიმები, სოციოლოგები ძირითადად შემდეგ საფრთხეებზე მიგვითითებენ:

ბრიტანელი ბიოლოგი და ფსიქოლოგი ერიკ სიგმანი ამბობს, რომ სოციალური ქსელები ნეგატიურად მოქმედებს მოზარდი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, სისხლძარღვებზე და აზროვნებაზე. ხანგრძლივ პერსპექტივაში იზრდება რისკი, რომ განვითარდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, აზროვნების დაქვეითება, სიმსივნე. მეცნიერი წერს, რომ ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესები სხვადასხვაგვარად ვითარდება, როდესაც ის უმეტესად მარტოობაშია, როდესაც უმეტესად რეალურ ურთიერთობებშია, როდესაც უმეტესად ვირტუალურ სამყაროშია.

ფეისბუკ-დამოკიდებულება უტოლდება ნარკომანებისა და ლოთების დამოკიდებულ მდგომარეობას;

სარგებლობენ რა ბავშვების გამოუცდელობით, ასევე იმით, რომ სოციალურ ქსელებში ადვილია პიროვნების შენიღბვა, სექს-მანიაკები ნადირობენ მათზე სოციალური ქსელის საშუალებით;

დაინტერესებული პირი სოციალური ქსელის საშუალებით ადვილად მოიპოვებს ინფორმაციას გაუფრთხილებელ ბავშვზეც და მის ოჯახზეც, რაც შესაძლოა კრიმინალური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ასეთი რამ შეემთხვა ცნობილი კომპიუტერული კომპანიის მფლობელის, ევგენი კასპერსკის შვილს. 20 წლის ბიჭმა სოციალურ ქსელში გაავრცელა დაწვრილებითი ინფორმაცია თავისი სამსახურის შესახებ, რასაც მისი გატაცება მოჰყვა გამოსასყიდის მიღების მიზნით. როგორც თანამედროვე გამოკვლევები გვიჩვენებს, 10-დან 17 წლამდე ინტერნეტის მომხმარებელი ბავშვების 51% არ იცის ინტერნეტში არსებული საშიშროებების შესახებ. 44 % პოტენციური რისკის ზონაშია (ავრცელებს პირად ინფორმაციას), 24 % უკვე იყო სარისკო სიტუაციაში (წავიდა ვირტუალურ ნაცნობთან შესახვედრად). 15-17 წლისებში ეს მაჩვენებელი 60 %-ს აღწევს. მშობელთა 81 % დარწმუნებულია, რომ მათი შვილი იტყვის, თუკი ვირტუალურ ნაცნობთან შეხვედრას დააპირებს, მაგრამ ბავშვების 75 %, ვინც ასეთ შეხვედრაზე მიდის, უმალავს მშობლებს ამის შესახებ.

როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელში, მას ვეღარ უყალიბდება ნორმალურად ის თვისებები, რაც რეალურ ცხოვრებისეულ ურთიერთობებს მოაქვს, ხდება ჩაკეტილი, დათრგუნვილი, დეპრესიისკენ მიდრეკილი. არსებობს ტერმინი „ფეისბუკის დეპრესია“; მისი მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ ბავშვები ფეისბუკში თავისუფლად ნახულობენ ისეთ სცენებს (ხშირად გვიან ღამით), რომლებიც მათ დიდ ემოციურ დარტყმას აყენებს, შედეგად ერღვევათ ძილის ნორმალური რეჟიმი, რასაც მოსდევს ნერვული სისტემის გამოფიტვა და ფსიქიკის მოშლა. ძილის დარღვევას ასევე ხელს უწყობს კომპიუტერის მონიტორიდან, სმარტფონიდან, პლანშეტიდან მომავალი მკვეთრი ნათება. ამას გარდა ძალადობის, სადიზმის, გარყვნილების სცენები ვიდეორგოლებიდან, ფოტოებიდან, თამაშებიდან, მიმოწერა უზნეო ინტერნეტ მეგობრებთან ბავშვებს უბიძგებს გულცივობისკენ, შეუბრალებლობისკენ, სისასტიკისკენ, სხვადასხვა ცოდვებისკენ.

თუ ბავშვი მიჯაჭვულია ფეისბუკზე, ის კარგავს სწავლის, წიგნის კითხვის, თამაშის, რეალური ურთიერთობის სურვილს, თითქოს ჰიპნოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ყურადღება უდუნდება, გონება ეფანტება. იმათ წინააღმდეგ, ვინც სოციალურ ქსელებში მხოლოდ დადებითს ხედავს, ერთ-ერთი მშობელი ინტერნეტში სტატიის კომენტარში წერს:

„სოციალური ქსელები წააგავს მორევს, რომელიც პირველ რიგში მოზარდებს ითრევს... მე ჩემს 13 წლის ქალიშვილში რეალურ ცვლილებებს ვხედავ მას შემდეგ, რაც ის სოციალური ქსელების მუდმივი მომხმარებელი გახდა. პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული ბავშვი ძალიან გაზარმაცდა, მას აღარ აინტერესებს სუფთა ჰაერზე სეირნობა, მეგობრებთან შეხვედრა, სპორტი და ა.შ. ეგვიპტეში ყოფნისასაც კი, ჩემი შვებულების დროს, ზღვაზე ბანაობის ნაცვლად ის სასტუმროსკენ გარბოდა ინტერნეტში შესასვლელად.

უკვე აღარ არსებობს სწრაფვა ხელოვნებისკენ, შინაური საქმეებისკენ, უფროსების დახმარებისკენ. სოციალურ ქსელებამდე კი ცხოვრების ყველა რეალური ინტერესი მის სულთან ახლოს იყო.

ჩვენ არ ვიცით, ვისთან აქვს მას ასეთი აქტიური მიმოწერა, სმარტფონს ხელიდან არ უშვებს არც დღისით და არც ღამით... სადაა გარანტია, რომ მასთან არა აქვთ მიმოწერა, მაგალითად, პედოფილებს ან ვინ იცის, ვის? მიმოწერის ნახვის საშუალება არა მაქვს, ყველაფერს პაროლი ადევს!

მთელი საახალწლო არდადეგები ბავშვმა სახლში გაატარა. ამ დღეებში გავთიშე უკაბელო ინტერნეტი, რასაც დიდი წყენა მოჰყვა, მან აღარ იცის, რა აკეთოს... ჩემი შვილი დაბნეულია... სხვათა შორის, წიგნების კითხვაზე საერთოდ უარს ამბობს...

თქვენ კი ამბობთ, რა არის ამაში ცუდიო?“

ავსტრალიის მთავრობამ ინტერნეტში გამოაქვეყნა მიმართვა მშობლებისადმი, სადაც ჩამოთვლილია სოციალური ქსელებიდან მომდინარე საფრთხეები. ამ ჩამონათვალში არის მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში ბავშვები ხშირად პაროლებით ესაუბრებიან ერთმანეთს, რათა მშობლებმა ვერ გაიგონ საუბრის შინაარსი. შემდეგ ჩამოთვლილია ძირითადი პაროლები და მათი მნიშვნელობები. ეს პაროლები რამდენიმე ასოსგან შედგება და ძირითადად გარყვნილების სხვადასხვა სახეს აღნიშნავს.

როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, მსგავსი სიტუაციაა ქართული ფეისბუკის გარკვეულ ჯგუფებშიც. მშობლების უმეტესობას წარმოდგენაც არა აქვს, რომ მათი შვილების გვერდებზე განთავსებული მასალის დიდ ნაწილს შეიძლება მხოლოდ შერჩეული მეგობრები ხედავდნენ, რომ შეიძლება ბავშვები სხვა, ანონიმური სახელებით გაწევრიანებულები იყვნენ საეჭვო ფეისბუკ-ჯგუფებში; ქართულენოვან ფეისბუკში მრავალი პირადი გვერდი და საერთო დახურული ჯგუფი ეწევა მოზარდებში გარყვნილების, ნარკომანიის, აზარტული თამაშების, მაგიის, სუიციდის პროპაგანდას. მშობლებმა არც ის იციან, რომ უცხოელი პედოფილები (ძირითადად არაბული ქვეყნებიდან) ცდილობენ მიმოწერა გააბან ქართველ ბავშვებთან.

სოციალური ქსელები ძალიან ნოყიერი გარემოა ყველა ასაკისა და ყველანაირი არაჯანსაღი მიდრეკილების „ლიდერებისთვის“, რომლებსაც აქვთ იმის გამოცდილება და უნარები, რომ ადვილად მოაქციონ თავისი გავლენის ქვეშ სოციალურ ქსელებში უყურადღებოდ მიტოვებული წესიერი, გულუბრყვილო, ბოროტების გამოუცდელი ბავშვები, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს და უკვე არაერთხელ მოჰყვა.

4. სოციალური ქსელები და სუიციდი

დღეს ბევრს საუბრობენ ერთი თამაშის შესახებ, რომელიც პირველად რუსეთის სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომლის საშუალებითაც მრავალ მოზარდს მოუსწრაფეს სიცოცხლე. როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, ამ თამაშმა უკვე სხვა ქვეყნებამდეც მიაღწია. თუმცა პრობლემა მხოლოდ ამ თამაშით არ ამოიწურება. საკითხში კარგად გარკვეული სპეციალისტების თქმით, სოციალურ ქსელებში არსებობს ჯგუფები, სადაც ხდება მოზარდების ფსიქოლოგიური შესწავლა და დამუშავება. ზემოქმედებას ცდილობენ რამდენიმე მიმართულებით: ბავშვებს შესავსებად უგზავნიან მათი ასაკისთვის შეუფერებელ კითხვარებს, აჩვევენ ბილწსიტყვაობას, უზიარებენ გამრყვნელ, სადისტურ და მკრეხელურ – სარწმუნოების, ზნეობისა და ეკლესიურობის შეურაცხმყოფელ წერილებს, ფოტოებსა და ვიდეოებს, აგრეთვე ე.წ. სტატუსებს, რომლებიც ნერგავენ დეპრესიულ განწყობას, მაგალითად: „აქ მხოლოდ წუთიერი სიყვარული იციან, ყველა გღალატობს“, „ამ ცხოვრებაში ბედნიერებას ვერ იპოვი“; „აქ მხოლოდ მკვდრები არიან დაფასებული“ და ა.შ. ასევე ვრცელდება იმ ბავშვების ფოტოები და ვიდეოები, ვინც თავი მოიკლა, ისინი გმირებად გამოჰყავთ, ენატრებათ, ერთი სული აქვთ როდის ნახავენ... ვრცელდება თვითმკვლელობის ვიდეოები: როგორ ხტებიან სახლის სახურავებიდან, ხიდებიდან, დასერილი ხელების ფოტოები... პირად მიმოწერაში ბავშვის განწყობის გასაგებად და სხვა მიზნითაც წერენ, რომ ცხოვრება აღარ შეუძლიათ და გადაწყვიტეს თავის მოკვლა. შემდეგ, სავარაუდოდ, მოქმედებენ ბავშვის პასუხის შესაბამისად. ამ ყოველივეს უკან შეიძლება იდგნენ როგორც დამოუკიდებლად მოქმედი მანიაკები, ასევე (უფრო სავარაუდოა) რომელიმე სექტის ან სუბკულტურის წარმომადგენლები.

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სუსტი ფსიქიკის მოზარდები ვიდეოებით, დეპრესიული ფოტოებით, სიმღერებით და სპეციალური „სტატუსებით“ უფრო ადვილად შეიძლება წააქეზონ სუიციდისკენ, ვიდრე აშკარა სიტყვიერი მოწოდებით. ამგვარი ფსიქოლოგიური მანიპულაციებით დამუშავებული ბავშვისთვის ფეისბუკ-მეგობრისგან მიყენებული წყენა, ცილისწამება იქნება ეს, ღალატი თუ სხვა რამ, რაც შეიძლება ხელოვნურად იქნეს პროვოცირებული, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ ბავშვმა გამოუსწორებელი ნაბიჯი გადადგას.

ზოგიერთი ფსიქოლოგი ამბობს, რომ როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ვირტუალურ რეალობაში, მის ცნობიერებაში იშლება ზღვარი რეალურსა და ვირტუალურს შორის. როდესაც ვირტუალურ სივრცეში – ინტერნეტში მომხიბლავადაა მიწოდებული რაიმე ქმედება: სუიციდი, სადიზმი, ნარკოტიკის მოხმარება, გარყვნილება და ა.შ., სუსტი ფსიქიკის ბავშვმა შეიძლება ეს ყოველივე რეალურ ცხოვრებაში ადვილად გაიმეოროს. სუიციდის შემთხვევაში სულ უბრალო მიზეზი – ცუდი ნიშანი სკოლაში, მასწავლებლის ან მშობლის შენიშვნა, დასჯა, ნივთის დაკარგვა, კონფლიქტი რეალურ ან ვირტუალურ მეგობრებთან, შეყვარებულის მიერ მიტოვება და ა.შ. შეიძლება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდეს დამღუპველი ნაბიჯის გადასადგმელად.

5. რა შეუძლია მშობელს?

პირველ რიგში, მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვი იყოს მაქსიმალურად დაკავებული: სწავლით, სპორტით, წიგნის კითხვით, შრომით, მეგობრებთან, ნათესავებთან რეალური ურთიერთობით. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ვერ შედიოდეს ინტერნეტში მშობლის კონტროლის გარეშე. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მშობელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს, თუ რას აკეთებს ბავშვი ინტერნეტში. ყველაზე სასურველია, თუ ბავშვს ექნება ისეთი ტელეფონი, რომლითაც მხოლოდ დარეკვას და მესიჯების გაგზავნას შეძლებს, ინტერნეტში კი ვერ შევა. ლიმესოს (კვიპროსი) მიტროპოლიტი ათანასე მშობლებს ურჩევს: „კომპიუტერი დადეთ იმ ადგილას, სადაც შეძლებთ შეამოწმოთ, რამდენ ხანს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან და რას ნახულობს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ საკუთარ თავს საზღვრები დაუწესოს. პირველ ყოვლისა, ჩვენ მათ დრო უნდა დავუთმოთ, უნდა ვესაუბროთ, რომ ყველაფერი გვითხრან, გაგვიზიარონ რაც აწუხებთ, ჰქონდეთ ჩვენი ნდობა. დაკავდით ბავშვებით და თავს ნუ გაიმართლებთ იმით, რომ არ გცალიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება დრო, როცა უკვე გვიან იქნება, და დამნაშავე ინტერნეტი კი არა, თქვენ იქნებით“.

ინტერნეტში იმ ბავშვებისთვის, ვინც არ არის გაწევრიანებული ფეისბუკში, ყველაზე დიდი საშიშროებაა შეუფერებელი ვიდეოები, ფორუმები და გამიზნულად უზნეობის გამავრცელებელი ვებ-გვერდები. ამ ყოველივესთან შეხება ემუქრება ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს, მით უმეტეს ბავშვს, რადგან ის გონებრივადაც და ფსიქოლოგიურადაც სუსტია ზრდასრულებთან შედარებით. მას აკლია მავნებელისა და სასარგებლოს, ტყუილისა და სიმართლის, პატიოსნისა და თაღლითის გარჩევის გამოცდილება; უჭირს ასევე ემოციებისა და ვნებების მოთოკვა. ამიტომ მშობელმა ბავშვი რეალური საქმიანობით უნდა დატვირთოს, რომ დრო აღარ რჩებოდეს ინტერნეტში მავნებელი გართობისათვის, ამავე დროს მუდმივად უნდა აკონტროლოს რას აკეთებს ბავშვი კომპიუტერში. კომპიუტერის მოხმარებას სმარტფონთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მშობელს ადვილად შეუძლია პაროლი დაადოს მას, რათა ბავშვმა მისი ნებართვის გარეშე ვერ ჩართოს. აგრეთვე ყოველთვის შეძლებს შეამოწმოს, რომელ გვერდებზე შედიოდა ბავშვი ან რა ვიდეოებს ნახულობდა. ამაში გარკვევა, სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეიძლება კომპიუტერის ანბანის მცოდნე ადამიანის დახმარებით.

რაც შეეხება ფეისბუკს, ინსტაგრამს და სხვა სოციალურ ქსელებს, ყველაზე უკეთესი და მეტისმეტად სასურველია, ბავშვი სრულწლოვანებამდე მათ საერთოდ არ გაეკაროს. თუ მშობელი ამას ვერ მიაღწევს, მაშინ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვის გვერდის პაროლი, რომ შეეძლოს შემოწმება, ვინ უმეგობრდება მის შვილს, რა იწერება, რა ფოტოები ან ვიდეოები იდება მის გვერდზე, ვისთან აქვს ფეისბუკით პირადი მიმოწერა. უკეთესია, ბავშვმა ისარგებლოს მშობლის ფეისბუკ-გვერდით, თუკი ამის საჭიროება იქნება. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ უამრავი საფრთხისა და იმის მიუხედავადაც, რომ თვითონ ფეისბუკის ადმინისტრაცია (ისევე როგორც იუთუბი) უკრძალავს 13 წლამდე ბავშვებს მასში გაწევრიანებას, ხოლო 18 წლამდელებს შეზღუდვებს უწესებს, მრავალი პედაგოგი მოწაფეებს ფეისბუკით აძლევს დავალებებს, ანუ უბიძგებს კანონი დაარღვიონ, მოატყუონ ფეისბუკის მმართველები და შექმნან საკუთარი ფეისბუკ-გვერდი ან ჯგუფი.

გარდა პირადი გვერდისა, ფეისბუკში უამრავი საერთო ჯგუფია, რომლებში გაწევრიანებაც ხშირად დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ხშირად ამ ჯგუფებში ბავშვები გაწევრიანდებიან ხოლმე ყალბი გვერდებით, რომ მშობლებს და ახლობლებს დაუმალონ თავიანთი საქმიანობა ვირტუალურ სივრცეში. ძირითადად სწორედ ასეთ ჯგუფებში ხდება მოზარდების მიდრეკა სუიციდისკენ და სხვა მძიმე ცოდვებისკენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფეისბუკის მუდმივ მომხმარებელ ბავშვებს თავიანთი ფეისბუკ-ტერმინები აქვთ და ზოგიერთები საიდუმლო დათქმული ნიშნებით ესაუბრებიან ერთმანეთს – ისე, რომ უცხო ადამიანი ვერ მიხვდება, რაზე საუბრობენ. ბავშვი თუ მოინდომებს, უმეტეს შემთხვევაში ადვილად შეძლებს მშობლის მოტყუებას, რადგან, როგორც წესი, ისინი მშობლებზე ბევრად უკეთესად ერკვევიან ინტერნეტის და ფეისბუკის საიდუმლოებებში. ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალია, ბავშვს არ ჰქონდეს სმარტფონი, არ რჩებოდეს ზედმეტი დრო და მშობელი სიყვარულით ასწავლიდეს მას კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მუდმივად მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს მასთან, რათა ბავშვი არ გამოვიდეს მისი გავლენიდან, არ მოექცეს უზნეო ადამიანების ზემოქმედების ქვეშ და მშობლებისგან ფარულად სულისა და ხორცის დამღუპველ ვირტუალურ ცხოვრებაში არ ჩაეფლოს. ერთ-ერთი ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია ასეთ რჩევებს იძლევა:

„ესაუბრეთ ბავშვებს... აუხსენით, რომ ინტერნეტში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ცრუობდეს და ის პიროვნება არ იყოს, რომლადაც თავს წარმოაჩენს. ბავშვები დამოუკიდებლად, უფროსების გარეშე, არასოდეს არ უნდა შეხვდნენ ინტერნეტის მეგობრებს, რომლებსაც არ იცნობენ რეალურ ცხოვრებაში.

ასწავლეთ ბავშვებს, გაარჩიონ ინტერნეტში სიმართლე და სიცრუე. საჭიროა ავუხსნათ მათ, რომ ინტერნეტით მიღებულ მასალებს კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რადგან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

წინასწარ დაადგინეთ საინფორმაციო საშუალებებთან (ინტერნეტი, ტელევიზორი) ყოფნის დროის ლიმიტი. კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია 5-10 წუთიანი შესვენებები, ფიზიკური დაძაბულობის და თვალების დატვირთვის მოსახსნელად.

სკოლამდელმა ბავშვმა კომპიუტერთან დღეში 15-20 წუთზე მეტი არ უნდა გაატაროს“.

თუ მშობელი (ან ნათესავი, მეგობარი) შენიშნავს, რომ ბავშვის (ან მისი ფეისბუკ-მეგობრების) გვერდზე გამოჩნდა დეპრესიული შინაარსის „სტატუსები“, იმ ბავშვების ფოტოები, ვიდეოები ან გამონათქვამები, ვინც ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა, ზოგადად, ამ თემატიკასთან დაკავშირებული მასალა (დასერილი ხელების ფოტოები, სახურავიდან, ხიდიდან გადახტომის სცენები, დასისხლიანებული სახე, სხეული, სიმღერები სუიციდის თემატიკაზე), ანდა თუ ბავშვმა თვითდაზიანება მიიყენა (მაგ. ხელი დაისერა), უმიზეზოდ ავლენს აგრესიას, მარტოობას ესწრაფვის, ცუდად სძინავს, შეშინებულია... სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ბავშვის დასახმარებლად, რადგან ეს ყოველივე ცუდი ნიშნებია: ბავშვი ან დეპრესიაშია, ან ვიღაც (შესაძლოა გარკვეული ჯგუფი) მასზე ინტერნეტით ძალიან საშიშ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილე, ბავშვთან სიყვარულით საუბარი და სპეციალისტების დახმარება, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ აკრძალვას (ტელეფონის წართმევა, ინტერნეტის გათიშვა) გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა. როდესაც სუიციდის რისკი მაღალია, არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება.

ყველა მშობელმა, ვისაც სურს, სულიერად და ხორციელად ჯანმრთელი შვილები ჰყავდეს, უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ რეალობაში მოზარდებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ინტერნეტში უკონტროლოდ დროის გატარება. დიდი რაოდენობის გაუფილტრავი ინფორმაციის ზემოქმედება გახლავთ ეკლესიისგან მოზარდების მასიური ჩამოშორების ერთ-ერთი (შეიძლება მთავარი) მიზეზიც. ნურც ერთი მშობელი თავს ნუ მოიტყუებს იმით, რომ მისი წესიერი შვილი ინტერნეტში – უკონტროლო ინფორმაციის ოკეანეში – მარტო დარჩენილი, ამ ოკეანის ყველა ზვიგენსა და ვეშაპს გაუმკლავდება, არ დაზარალდება არც სულიერად და არც ხორციელად, და იქიდან მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს.

ბოლოს კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის, მაიკროსოფტის რჩევებს გავეცნოთ.

(გამოკრებილია კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ გავრცელებული სტატიიდან: „ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში“).

„დამნაშავეები ბავშვებთან კონტაქტში შედიან ძირითადად „ჩათებში“, მესენჯერებით (პროგრამები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მყისიერი მიმოწერა, ინფორმაციის გადაგზავნა, აუდიო და ვიდეო კავშირი – შემდგ. შენ.), ელექტრონული ფოსტით ან ფორუმებში. (ეს რჩევები გამოქვეყნდა 2006 წ. მას შემდეგ ყველაზე საშიში საცდურები მოდის სოციალური ქსელებიდან: ფეისბუკი, ინსტაგრამი, ვკონტაქტე და სხვ. – შემდგ. შენ.).

ყურადღებით იყავით ინტერნეტ-დამოკიდებულების სიმპტომების მიმართ. იგი იმაში გამოიხატება, რომ ბავშვები იმდენად ამჯობინებენ ინტერნეტში ცხოვრებას, რომ ფაქტობრივად უარს ამბობენ თავიანთ რეალურ ცხოვრებაზე, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ვირტუალურ რეალობაში. ინტერნეტ-დამოკიდებული ბავშვი უმეტესად ჩუმი და გულჩათხრობილია, მას ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება ინტერნეტში, უჭირს იქიდან გამოსვლა; თუკი რამოდენიმე დღით მას დააშორებენ ინტერნეტისგან, ჩავარდება დეპრესიაში ან გაღიზიანებული იქნება.

ესაუბრეთ მოზარდებს მათი ინტერნეტ მეგობრების შესახებ და იმაზე, თუ რითი არიან ისინი დაკავებული. ჰკითხეთ იმათ შესახებ, ვისთანაც ბავშვები ურთიერთობენ მესენჯერებით, და დარწმუნდით, რომ ისინი ნაცნობი ადამიანები არიან.

წესად გაიხადეთ, გაეცნოთ იმ ვებ-გვერდებს (საიტებს), რომლებსაც თქვენი ბავშვები სტუმრობენ. დარწმუნდით, რომ ისინი არ სტუმრობენ შეურაცხმყოფელი შინაარსის საიტებს, არ აქვეყნებენ პირად ინფორმაციას ან თავის ფოტოებს.

მკაცრად მოითხოვეთ, რომ მოზარდები არასოდეს დათანხმდნენ ინტერნეტის მეგობრებთან შეხვედრაზე თქვენი მონაწილეობის გარეშე. შეახსენეთ ხოლმე რა საშიშროებები მოსდევს ამას.

მკაცრად მოითხოვეთ, რომ მოზარდებმა შეგატყობინონ, თუკი რაიმე ან ვინმე ინტერნეტში აშინებს ან ემუქრება მათ. აუხსენით, რომ მათდამი მუქარა ეხება მთელ ოჯახს. იყავით მშვიდად და შეახსენეთ ბავშვებს, რომ რაკი თქვენ გაცნობეს, უკვე საფრთხე აღარ ელოდებათ. დაეხმარეთ ბავშვებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში“.

 

კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ მომზადებული ინტერნეტით სარგებლობის საოჯახო წესების ნიმუში:

 

„მე პირობას ვიძლევი:

შევეკითხო მშობლებს ინტერნეტით სარგებლობის წესების შესახებ: სად შემიძლია შევიდე, რა შემიძლია გავაკეთო და რამდენი ხანი მაქვს ინტერნეტში ყოფნის უფლება.

მშობლების ნებართვის გარეშე არასოდეს მივცე ვინმეს პირადი ინფორმაცია: სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, საკრედიტო ბარათების ნომერი ან ჩემი სკოლის დასახელება და მისამართი.

ყოველთვის სასწრაფოდ ვაცნობო მშობლებს, თუკი ინტერნეტში ვნახავ ან მივიღებ რაიმეს, რაც ჩემთვის შემაშფოთებელი ან მუქარის შემცველია; აქ შედის ელექტრონული ფოსტით მიღებული წერილები, საიტები ან ჩვეულებრივი ფოსტით მიღებული ამანათი, გამოგზავნილი ინტერნეტის მეგობრებისგან.

არასოდეს დავეთანხმო შეხვედრაზე ინტერნეტში გაცნობილ ადამიანს მშობლების ნებართვის გარეშე.

მშობლების ნებართვის გარეშე არ გავგზავნო ჩემი ან ოჯახის წევრების ფოტოები ინტერნეტით ან ჩვეულებრივი ფოსტით.

ჩემი მშობლების გარდა არასოდეს არავის არ მივცე ინტერნეტის პაროლები (თვით საუკეთესო მეგობრებსაც).

ინტერნეტში მოვიქცე წესიერად და არაფერი გავაკეთო ისეთი, რაც გაანაწყენებს ან განარისხებს სხვა ადამიანებს ან ეწინააღმდეგება კანონს.

არასოდეს გადმოვტვირთავ, არ დავაყენებ და არ გადმოვაკოპირებ დისკიდან ან ინტერნეტიდან რაიმეს ნებართვის გარეშე.

მშობლების ნებართვის გარეშე არაფერს გავაკეთებ ინტერნეტში ისეთს, რასაც თანხის გადახდა სჭირდება“.

© 2006, კორპორაცია მაიკროსოფტი

 

შეადგინა ვლადიმერ (ლადო) წამალაშვილმა

 

იხილეთ ამავე თემაზე:

წმ. მამები ბავშვების აღზრდის შესახებ

უბოროტო ყრმების თანამედროვე განსაცდელები

ბერი პორფირი კავსოკალიველი – შვილების აღზრდისა და ახალგაზრდა თაობის შესახებ

ნიკოლოზ პესტოვი – ბავშვების აღზრდა მართლმადიდებლურად

წმ. ბერი სილუანი თავისუფლების შესახებ

მოზარდთა ინტერნეტ-დამოკიდებულება. სტატისტიკური მონაცემები

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა