წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
ჩვევების შესახებ
ჩვევებს, როგორც ბუნებრივ თვისებებს, აქვთ ძალა: უფალ იესო ქრისტეს მიმდევარს ჰმართებს, დააგროვოს კარგი ჩვევები და განერიდოს ცუდს.
ყმაწვილო! იყავი კეთილგონიერი და წინდახედული, შენი სიჭაბუკის წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიაპყარ კარგი ჩვევების შეძენას: სიმწიფისა და მოხუცებულობის ასაკში გაიხარებ სიჭაბუკისას ადვილად შეძენილი სიმდიდრით.
ნუ ჩათვლი ნაკლებმნიშვნელოვნად საკუთარი სურვილის, თუნდაც გარეგნულად ყველაზე უმნიშვნელოს, შესრულებას: სურვილის ყოველი შესრულება სულზე უეჭველად ახდენს გავლენას, რაც ზოგჯერ შეიძლება ძალზე ძლიერი იყოს და დამღუპველი ჩვევის დასაბამი გახდეს.
იცოდა ბანქოს მოთამაშემ, როცა პირველად ბანქოს ქაღალდს შეეხო, რომ თამაში ვნებად ექცეოდა? უწყოდა ლოთობის სენით შეპყრობილმა, როცა პირველ სირჩას სვამდა, რომ თვითმკვლელობას იწყებდა? მე ასე ვუწოდებ სულისა და ხორცის დამღუპველ ამ სავალალო ჩვევას.
თვალის ერთი გაუფრთხილებელი შევლება არცთუ იშვიათად აჩენს იარას გულზე; რამდენიმე განმეორებით შეხედვა ისე აღრმავებს ამ ჭრილობას, რომ მისი განკურნება ძლივს ხერხდება მრავალწლიანი ლოცვით, ღვაწლითა და გლოვით.
აღმზრდელნო და მოძღვარნო! ასწავლეთ ყმაწვილებს კარგი ჩვევები, განარიდეთ ისინი მანკიერ ჩვევებს, როგორც უდიდეს უბედურებას.
მანკიერი ჩვევები დადებულ ბორკილებს ჰგავს: ისინი ართმევენ კაცს ზნეობრივ თავისუფლებას, ძალით აკავებენ ვნებათა აყროლებულ ჭაობში. ადამიანის დასაღუპავად ერთი მანკიერი ჩვევაც საკმარისია – ის მუდამ გაუღებს სულში შესაღწევ კარს ყველა ცოდვასა და ვნებას.
შეეჩვიე, იყო მოკრძალებული: საერთოდ ნუ დაუშვებ, გაკადნიერდე, იმის ნებაც კი არ მისცე საკუთარ თავს, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე შეეხო მოყვასს; და მოკრძალებულობის ჩვევა იოლად შეგათვისებინებს დიდ სათნოებას – უბიწოებას. მოყვასნი, შეიგრძნობენ რა შენში დამკვიდრებულ წინდს კრძალულებისა, აღარ გაკადნიერდებიან შენთან და მოწიწებით აღივსებიან, როგორც სიწმინდის კეთილსურნელების წინაშე.
ისე არაფერი არყევს უბიწოებას, როგორც მოკრძალების წესის უარმყოფელი ჩვევა კადნიერი, თავისუფალი მოქცევისა.
შეეჩვიე, თავშეკავებით მიიღო საკვები: ამით სხეულს შესძენ სიჯანსაღესა და სიმტკიცეს, ხოლო გონებას – განსაკუთრებულ მღვიძარებას, რაც ესოდენ საჭიროა გადარჩენისთვის და ძალზე სასარგებლოა ყოფით პრაქტიკაში.
ღორმუცელობა სხვა არაფერია, თუ არა ცუდი ჩვევა, უგუნური, დაუკმაყოფილებელი დაკმაყოფილება ბუნებრივი სურვილისა, რაც მისმა ბოროტად გამოყენებამ დააზიანა.
შეეჩვიე მწირ საკვებს – ვინც ამას მიაღწია, მათთვის იგი ყველაზე დახვეწილ კერძებზე გემრიელია. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად უფრო ჯანსაღია ასეთი საზრდო.
რა თავისუფლებასა და ზნეობრივ ძალას ანიჭებს ადამიანს მწირ საკვებთან შეჩვევა, რაც გარეგნულად ესოდენ უმნიშვნელო და მიწიერი ჩანს! ამ დროს კაცს სჭირდება უმცირესი მარაგი სუფრისთვის, ძალზე ცოტა დრო და ფუსფუსი მის მოსამზადებლად. თუ უბრალო საკვებს მიჩვეული ღარიბია, მას არ ამძიმებს თავისი სიდუხჭირე.
მძიმეა გადასვლა მდიდრული და დახვეწილი სუფრიდან ღარიბულ საკვებზე! მრავალმა, ვისაც ასეთი გადასვლა გარემოებამ აიძულა, დაკარგა ჯანმრთელობა, ზნეობრივადაც კი შეირყა. ამ უბედურებიდან მათ დაიცავდა კეთილგონიერი და დროული ჩვევა მოკრძალებული კვებისა.
მისთვის, ვისაც სურს, თავი მიუძღვნას ქრისტეს, მწირი კვება, შეიძლება ითქვას, ფასდაუდებელია თავისი შედეგებით: იგი იძლევა საცხოვრებლად ყველაზე განმარტოებული ადგილის არჩევის საშუალებას, შესაძლებელს ხდის, ადამიანი მთლიანად მიეცეს ღმერთზე ფიქრსა და ლოცვას, მისთვის არასაჭიროდ აქცევს სხვებთან ხშირ ურთიერთობას, რითაც ჩამოაშორებს გართობის ყოველ მიზეზს.
ყველა წმინდანი ძალზე ზრუნავდა არა მხოლოდ ზომიერად კვების, არამედ მწირი საკვების მიღების ჩვევის შესაძენად. პეტრე მოციქულის ყოველდღიური საკვები სპილენძის რამდენიმე მონეტა ღირდა.
საშინელია ლოთობა! ეს არის ვნება, სენი, რომელიც ჩვევისგან ბუნებრივი თვისების ძალას იძენს და სხეულში [დალევის] სურვილისადმი შემწყნარებლობით აღწევს.
ქრისტეს მსახურს ჰმართებს თავდაცვა არა მხოლოდ ლოთობის, არამედ ღვინის ჭარბი სმისგანაც, რაც ხორცს განახურვებს და პირუტყვულ სურვილებს აღძრავს. "ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფ. 5, 18), – გვითხრა მოციქულმა. დასაშვებია ძალზე ცოტა ღვინის სმა; ვისაც არ შეუძლია ამის დაცვა, უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვის მასზე.
პიმენ დიდმა გვითხრა: "მოღვაწეს ყველაზე მეტად ფხიზელი გონება ესაჭიროება" (ღირსსახსოვარი ამბები ამბა პიმენის შესახებ, თ. 135). ღვინო უკარგავს ადამიანს უნარს, შეინარჩუნოს ფხიზელი გონება. როდესაც მოღვაწეს ღვინო მოერევა, მაშინ მიადგებიან მტრები მის მოდუნებულ და დაბინდულ გონებას, რომელსაც აღარ შეეძლება მათთან ბრძოლა. ღვინის ზემოქმედებით შებორკილი იგი მიექანება ცოდვის უფსკრულში! წამიერად იღუპება ნაყოფი ხანგრძლივი ღვაწლისა, რადგან სულიწმიდა პირს იბრუნებს ცოდვით შებილწულისგან. აი, რატომ თქვა ღირსმა ესაიამ, ეგვიპტელმა განდეგილმა, რომ ღვინის მოყვარული ვერასდროს გახდება სულიერ ნიჭთა ღირსი (სიტყვა 17; თ. 2, 8). ადამიანში ამ ნიჭთა დასამკვიდრებლად საჭიროა მუდმივი სიწმინდე, რაც მხოლოდ მოუკლებელი სიფხიზლით არის შესაძლებელი.
ვერცხლისმოყვარება, სიფიცხე, ქედმაღლობა, თავხედობა – ავთვისებიანი სნეულებებია სულისა, რომელთაც ბადებს დაცემული ბუნების მანკიერი მისწრაფებებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. ეს ვნებები ძლიერდება, მწიფდება, იქცევა ჩვევად და იმონებს ადამიანს.
ამ კანონს მისდევს ხორციელი გულისთქმაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივია დაცემული ადამიანისათვის. ნეტარია ის ჭაბუკი, რომელიც ამოიცნობს ხორციელი მოქმედების პირველივე გამოვლინებას, მიხვდება, რომ გულისთქმას არ უნდა აჰყვეს, რომ საჭიროა მისი მოთოკვა საღვთო რჯულითა და კეთილგონიერებით. გულისთქმა – მისი პირველი მოთხოვნებისთანავე მოთოკილი – ადვილად ემორჩილება გონებას, მისი მოთხოვნებიც სუსტდება და ემსგავსება ჯაჭვით შებორკილ ტყვეს. დაკმაყოფილებული გულისთქმა აძლიერებს მოთხოვნებს. გულისთქმა, რომელსაც გონება გადასცემს იმის უფლებას, რომ ხანგრძლივად იბატონოს ადამიანზე და მუდმივად დაკმაყოფილდეს, უკვე მტარვალივით მბრძანებლობს სულზეც და სხეულზეც – ღუპავს ხორცსაც და სულსაც.
საერთოდ, ადამიანში ყველა ვნება ვითარდება მათდამი მოდუნების გამო; მოდუნების გახშირება მიდრეკილებას ჩვევად აქცევს, ჩვევა კი ვნებას ადამიანის მოძალადე მმართველად ხდის. "გეშინოდეს ბოროტი ჩვევებისა მეტად, ვიდრე ეშმაკებისა", – გვითხრა ისააკ ასურმა (სიტყვა 89).
როგორც კი ჩვენზე იმოქმედებს ცოდვითი სურვილი ან ლტოლვა, მას უარი უნდა ვუთხრათ. მეორედ იგი გამოვლინდება უფრო სუსტად, ბოლოს კი საერთოდ ჩაცხრება. მაგრამ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი სულ უფრო მეტ უფლებას მოიპოვებს წადილზე და ყოველ ჯერზე ახალი ძალით იმოქმედებს, ბოლოს კი წარმოშობს ჩვევას.
შეცოდებანი, რომელთა ჩადენასაც მივეჩვიეთ, მსუბუქი გვეჩვენება, რაოდენ მძიმენიც უნდა იყვნენ ისინი. ახალი შეცოდება აძრწუნებს სულს და მის ჩადენას იგი დიდხანს ვერ ბედავს.
ვნებები ბოროტი ჩვევებია, სათნოებანი – კეთილი. აქ საუბარია ვნებებსა და სათნოებებზე, რომლებიც ადამიანმა შეიძინა და შეითვისა თავისი საქმიანობისა და ცხოვრების წესის საშუალებით. ზოგჯერ მამათა ნაწერებში ვნებებად იწოდება ჩვენში დაცემის შედეგად გაჩენილი დაზიანების თვისებები, ცოდვის სხვადასხვა სახე, რაც საერთოა ყველა ადამიანისათვის. ჩვენ ამ ვნებებით ვიბადებით. სათნოებებად კი იწოდება ბუნებრივი, კეთილი თვისებები ადამიანისა. ასეთი ვნებები და ასეთი სათნოებანი საერთოდ არ ტოვებენ მნიშვნელოვან კვალს ადამიანზე. ასეთ ბეჭედს ტოვებს ნებით შეთვისებული მიდრეკილება – მისი მოთხოვნების მუდმივი შესრულება და ხშირი დაკმაყოფილება.
ქრისტეს მსახური შეძლებისამებრ უნდა იყოს თავისუფალი ცუდი ჩვევებისაგან, რათა მათ ხელი არ შეუშალონ ქრისტესკენ სვლაში. ქრისტიანი უნდა განეშოროს ჩვევებს, არა მხოლოდ უშუალოდ ცოდვითს, არამედ ყველას, რომელთაც ცოდვისკენ მივყავართ, მაგალითად, ფუფუნების, ნებივრობის, გაფანტულობის ჩვევებს.
ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ჩვევა გვიბორკავს ფეხებს და გვტოვებს მიწაზე მაშინ, როცა ზეცაში უნდა ვიყოთ.
ყმაწვილო! გაგიმეორებ მაცხონებელ რჩევას: სანამ ზნეობრივად ხარ თავისუფალი, ერიდე ბოროტ ჩვევებს, როგორც ბორკილებსა და დილეგს. შეიძინე კეთილი ჩვევები, რაც დაიცავს, დაამკვიდრებს და დაბეჭდავს შენს ზნეობრივ თავისუფლებას.
თუ ვინმე ზრდასრულ ასაკში განეწყობა ქრისტეს სამსახურად და, საუბედუროდ, უკვე შეძენილი აქვს ბევრი მანკიერი ჩვევა ან ფუფუნებისა და ნებივრობისკენ მიდრეკილება, რომლებიც, ჩვეულებრივ, სულს ადუნებენ, ასეთი კაცი არ უნდა მიეცეს მოწყინებასა და სულმოკლეობას. მას ჰმართებს, ახოვნად ჩაებას ბოროტ ჩვევებთან ბრძოლაში, რომლებზე გამარჯვებაც ღვთის შეწევნით არის შესაძლებელი.
გაბედულ მონდომებას, ქრისტეს მადლით ჯვარგადასახულსა და განმტკიცებულს, ხელეწიფება ყველაზე მოუდრეკელი ჩვევების დაძლევა.
ჩვევა თავიდან სასტიკად ეწინააღმდეგება მას, ვისაც მისი უღლის გადაგდება სურს, და თავს უძლეველად აჩვენებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მუდმივი ბრძოლა, მისდამი თითოეული დაუმორჩილებლობა სულ უფრო ასუსტებს მას.
თუ ბრძოლის დროს რაიმე მოულოდნელ გარემოებათა გამო დამარცხდები, ნუ შეშფოთდები, ხელს ნუ დაგრევს უიმედობა – ისევ დაიწყე ბრძოლა. ადამიანს მანკიერ ჩვევათა დასათრგუნად მოღვაწეობა ღვთის წინაშე მოწამეობად შეერაცხება და ამ ბრძოლაში გამარჯვებული, როგორც ქრისტეს რჯულისთვის მოღვაწე, დაიდგამს აღმსარებლის გვირგვინს.
გულმოწყალე და ყოვლისშემძლე უფალი მიიღებს ყოველ მასთან მისულს, გამოგვიწვდის მარჯვენას, რათა შეეწიოს ჩვენს უძლურებას. და ამიტომაც, თუნდაც ბოროტი ჩვევებით, როგორც ჯაჭვებით, იყო შეკრული, სასოს ნუ წარიკვეთ, რომ ვერ განთავისუფლდები. შეიჭერ უხილავ ომში, იბრძოლე მხნედ და მუდამ დიდსულოვნად დაითმინე საკუთარი მარცხი. ზოგჯერ ღმერთი ჩვენი თავის ანაბარა გვტოვებს, რათა გამოცდილებით შევიცნოთ, რაოდენ უსუსურნი ვართ მარტონი, და ამის გაგებით განუხრელად მივენდოთ ღმერთს, რომელსაც ერთადერთს შეუძლია იყოს მძლეველი ცოდვისა მათში, რომელთაც საკუთარ თავში ცოდვის დამარცხების ხილვა ჭეშმარიტად სწადიათ. ამინ.
თარგმნა ნინო ბელთაძემ
|