martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

მოწყალების შესახებ, რომ იგი უნდა დაითესოს და რაც მეტს დათესავ, მით მეტს მოიმკი

 

"რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს" (2 კორ. 9,6). ასე ადარებს წმინდა მოციქული მოწყალებას დათესვას, რითაც სურს, განგვაწყოს, გავცეთ უხვად ისე ხალისითა და ხელგაშლილად, რომ თითოეულ ჩვენგანზე შეიძლებოდეს თქმა ფსალმუნის სიტყვებისა, რაც მართალს ეხება: "განაბნია და მისცა იგი გლახაკთა" (2 კორ. 9,9).

ამ სიტყვების ოდნავ ზემოთ მოციქული სწერდა კორინთელებს: "მსახურებისა მისთვის წმიდათაჲსა (ანუ გაჭირვებაში მყოფი ქრისტიანებისათვის შემწეობის გაღება) ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა, რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენი (2 კორ. 9, 1-2). იმავეს თქმა შეიძლება ყველას მიმართაც, ვინც მოწყალებას გასცემს. ღარიბთა დახმარების აუცილებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია – მას ყველა აცნობიერებს, თითოეულში შინაგანად არსებობს გაჭირვებულთა მეოხი და ღატაკებმაც იციან, რომ მოწყალების გაღება ყველას მოვალეობა და გულის მოთხოვნილებაა, ამიტომაც მიმართავენ თამამად ყველას, ისინი დარწმუნებულნი არიან, შეძლებულნი უარს არ ეტყვიან დახმარებაზე და თავიანთი ქონებიდან რაღაცას უწილადებენ.

რა გვაკლია ხშირად? – გვაკლია კეთილგანწყობა, რაც უნდა გამოარჩევდეს და ამით უნდა იყოს გარემოცული მოწყალების გაღება. გაიღებენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც საჭიროა; გაიღებენ, მაგრამ ზოგჯერ უხალისოდ, გულის კანკალით, თითქოს თავად უჭირდეთ და არ ჰქონდეთ, ანუ გასცემენ ძუნწად და არა კეთილი გულით. ნეტავ, რატომ გვიჭირს ხელის გაწოდება და რატომ გვეკუმშება გული? – მცდარი მსჯელობის გამო, რაც მართალ გზას აცდენს ჩვენს გულს მოწყალების გაღების ჟამს. მოწყალების თხოვნისთანავე გული მის გაცემას ესწრაფვის და მყისვე განსაზღვრავს ქველმოქმედების რაოდენობასა და ფორმას; მაგრამ იმავდროულად მოდის მტერიც, ჩათესავს ბოროტ აზრებს და აფუჭებს მთელ საქმეს. ამრიგად, ყველა არ გასცემს მოწყალებას, თუნდაც გული ამას ეუბნებოდეს. – თავადაც ბევრი რამ გჭირდება, რას გარგებს მოწყალება,ჩაგვაგონებს მტერი. ჩვენც ვუჯერებთ მას და მოწყალებას ძუნწად, თანაც უხალისოდ გავცემთ.

ჩვენი გულის სწორად წარმართვისთვის და მოწყალების გაცემისას მოძალებული ბოროტი აზრების განმდევნელი ძალის შესაძენად მოციქული გვარწმუნებს, მოწყალებას შევხედოთ, მხოლოდ და მხოლოდ როგორც თესვას: როგორც მთესველი აბნევს თესლს უხვად და ხალისით, ჩვენც ისეთივე ხელგაშლილობითა და სიხარულით გავცემთ მოწყალებას, თუკი დავრწმუნდებით, რომ მისი გაღებით მხოლოდ ვთესავთ და მეტი არაფერი.

როცა მთესველი თესლს ფანტავს დასათესად, საერთოდ არ ფიქრობს, რომ ამით თავს იღარიბებს, ქონებას ანიავებს და საკუთარ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას ისპობს. პირიქით, იგი იმედოვნებს, რომ გამდიდრდება, გაიფართოვებს იმის შეძენის შესაძლებლობებს, რაც სჭირდება. ასე იქნება მოწყალების გაღების დროსაც, თუკი შენში არ შემოუშვებ აზრს, რომ მონეტის ხელიდან გაშვების ან ნივთის გაცემის დროს რაღაც დაგაკლდება. შენ კი არ ანიავებ, არამედ აგროვებ; კი არ ამცირებ, ამრავლებ; კი არ გასცემ, იძენ.

მთესველი, როდესაც იგი თესლს მიწაში ყრის, აზრადაც არ გაივლებს, რომ მას ამაოდ, ფუჭად, უსარგებლოდ ფანტავს. პირიქით, იგი დარწმუნებულია, რომ მიწა არათუ შეინარჩუნებს მისთვის მიბარებულ თესლს, არამედ მათგან 100, 60 ან 30-ჯერ მეტ მოსავალსაც დაუბრუნებს. ამრიგად, უხვად დათესე მოწყალება და გჯეროდეს, რომ ღატაკთა ხელი ყველაზე ერთგული მცველია შენი ქონებისა და ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი, რომელში ჩათესილი შენი ქველმოქმედების წვრილი თესლი თავის დროზე უხვად მოგცემს ნაყოფს.

მთესველმა რამდენიც უნდა დათესოს, არ შეწუხდება და არ იდარდებს, პირიქით, რაც მეტს დათესავს, მით იმედიანად და მხიარულად არის. შენც მით მეტად გაიხარე და იხალისე, რაც უფრო უხვად გაიღებ მოწყალებას და რაც მეტ ადამიანს დაეხმარები. საზღაურის მიმგები ღმერთი ოდესმე გაგიყვანს ქველმოქმედებით გამდიდრებულ, დათესილ და მოსავლიან ველზე შენი ცხოვრებისა და გულს გაგიხარებს შენი სიმართლით მომკილი უხვი მოსავლის ჩვენებით!

რა თქმა უნდა, ძნელია, გავითავისოთ აზრი, მით უფრო გულით ვირწმუნოთ, რომ მოწყალების გაღებით, რაიმეს მოკლებით ჩვენ ვმდიდრდებით და დახარჯვით ვიძენთ. ამ წუთისოფელში ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ ეს მუდამ ასეა მარადისობაში. უფალმა – უძლურებათა ჩვენთა შემწყნარებელმა – ეს არაერთხელ გამოგვიცხადა ქველმოქმედი ადამიანების მიერ თავიანთ ცხოვრებაში აღსრულებული საქმეებით. გაიხსენეთ წმინდა ფილარეტ მოწყალის ცხოვრება. რა გულმოდგინედ, ხელგაშლილად და მოთმინებით თესავდა იგი მოწყალებას! რა უხვი ნაყოფი გამოიღო ფილარეტის ნათესმა, როდესაც მისი შვილიშვილი მარიამი მეფის ცოლი გახდა. ფილარეტზე ჯერ კიდევ სააქაოდ აღსრულდა მოციქულის სიტყვები: "რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს!" აი კიდევ მაგალითი! ვინმე ჭაბუკი კლიმენტი, მიუხედავად თავისი აღმზრდელი დედაკაცის მწირი შესაძლებლობებისა, უხვად ურიგებდა პურს გაჭირვებულებს და მის სახლში არასოდეს გამოლეულა ხორბლის ფქვილი. წმინდა თეოდოსი პალესტინელის სავანე შიმშილისა და გვალვის დროს აჭმევდა პურს იმ არემარეში ყველა მცხოვრებსა და მომსვლელს, ბეღელი კი მუდამ სავსე ხვდებოდათ, მაშინაც კი, როცა იქ ერთი მარცვალიც აღარ ეგულებოდათ. რამ გაუმრავლა მუჭა ფქვილი და მცირეოდენი ზეთი ქვრივს, რომელმაც ელია წინასწარმეტყველს უმასპინძლა?! – მისმა გულმოწყალებამ. რატომ იზრდებოდა და არ ილეოდა აბრაამის, იობისა და ტობის ქონება? – იმიტომ, რომ ისინი მოწყალებას გასცემდნენ. რატომ შემორჩნენ დღევანდლამდე გვარები, რომლებიც უხსოვარი დროიდან თაობიდან თაობამდე კეთილდღეობით ცხოვრობენ? – იმიტომ, რომ ისინი მარტო საკუთარი თავისთვის არ არსებობენ, მათ თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ, რომ რაც აბადიათ ყველა გაჭირვებულს გაუნაწილონ. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მხოლოდ მოწყალების გამცემნი დაადგებიან გზას ღვთისა, რომელიც თავისი განგებულებით ერთს ამდიდრებს, მეორეს სიღარიბეში ტოვებს და სურს, რომ ერთთა სიუხვემ შეავსოს მეორეთა ნაკლულევანება, რადგან, როგორც მოციქული გვასწავლის, იყოს თანასწორობა (იხ. 2 კორ. 8,14).

მაგრამ მოწყალების ნაყოფს უფალი მუდამ არ გვივლენს წარმავალ ცხოვრებაში და ამაზე სასოებით მიმსჭვალვა არ შეიძლება. მოციქული გვასწავლის: "უკუეთუ ამა ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა ვართ" (1 კორ. 15,19). რაც შეეხება მომავალს – კაცისთვის არ არსებობს ზეცაში მშვიდი სავანის დამკვიდრების უფრო საიმედო გზა, ვიდრე მოწყალების გაცემა. დათესე აქ და უცილობლად მოიმკი იქ. უფალი გვეუბნება: "ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა (ლუკ. 16,9), ანუ მოწყალებას გასცემთ და უეჭველად შეიძენთ საუკუნო სამყოფელს. სააქაო მოწყალების ეს წონასწორობა მარადიულ მოწყალებასთან იმდენად მყისიერია და უშუალო, რომ ყოველი მოწყალება მაშინვე ჰპოვებს გამოძახილს მარადისობაში. მაგალითად, ხაბაზი პეტრე – გულქვა – არასდროს გასცემდა მოწყალებას. ერთხელ, როცა ვიღაც ღატაკმა მეტად მოაბეზრა თავი, პეტრემ მისი თავიდან მოშორება მოისურვა და უკმაყოფილოდ გადაუგდო პური. იმავე ღამეს დაესიზმრა, თითქოს სამსჯავროზე იდგა და მის საქმეებს წონიდნენ: სასწორის ერთ ჯამზე მისი ყველა ცუდი საქმე იდო, მეორეზე – მხოლოდ ერთი პური, რომელიც ცდილობდა პეტრეს ცოდვების გადაწონას, მაგრამ ვერ ახერხებდა. პეტრეს მოესმა: წადი, პეტრე, და ღატაკთა ხელით უფრო მეტი პური გამოგზავნე აქ, რათა მათ შეძლონ შენი ცუდი საქმეების გადაწონა. ხედავთ, რა მალე ჰპოვა გამოძახილი ზეცაში ხაბაზის საქმემ? მეორე მსგავსი შემთხვევა მოხდა ალექსანდრიაში, სადაც ცხოვრობდა ერთი ქველმოქმედი. მას ჰყავდა მდიდარი ნაცნობი, რომელიც ღატაკთა თხოვნას არად აგდებდა. ქველმოქმედი ამაზე წუხდა და აი რა მოიფიქრა, რათა იგი მოწყალების გაღებით შეძენილი კურთხევის თანამონაწილედ ექცია. მივიდა მასთან და უთხრა: ძალიან ძვირფასი ნივთები იყიდება ერთობ იაფად, მაგრამ ფული არ მაქვს, მასესხე, ვიყიდი და ნაყიდს შენ გაჩვენებ – თუ მოგეწონება, შენთვის დაიტოვე, თუ არა და მე წავიღებ, ფულს კი დაგიბრუნებ. მდიდარი სიხარულით დათანხმდა და დიდძალი ფულიც მისცა. ქველმოქმედმა მიღებული თანხით დაიწყო ღატაკთა შენახვა: შეკრიბა სნეულნი, ობოლნი და ყველა მოასვენა.

გავიდა დრო და მდიდარმა ნავაჭრი მოჰკითხა ქველმოქმედს, მან კი ორ-სამჯერ სიტყვა ბანზე აუგდო, აუხსნა, რომ ჯერ ვერ მოახერხა ყიდვა; რომ თან არ მოუტანია ან ჯერ არ დაუხარისხებია ნივთები, ბოლოს კი უთხრა: მოდი და გაჩვენებო და თავის [საქველმოქმედო] სახლში მიიყვანა. მოატარა ოთახები, სადაც იყვნენ მოსავლელი ადამიანები და მათ ძვირფასი ქვები უწოდა. – აი მარგალიტები, აი ზურმუხტები, აი იაგუნდები, ამბობდა ქველმოქმედი. როდესაც ყველაფერი დაათვალიერეს, იგი მიუბრუნდა თავის ძუნწ ნაცნობს და ჰკითხა, მოეწონა თუ არა ნაყიდი. ამ უკანასკნელმა, დაბნეულმა და იმედგაცრუებულმა, თქმა არაფრის ისურვა და არც შეეძლო. – რატომ ბრაზობ და გწყინს,შეეკითხა ქველმოქმედი, – ხომ გითხარი, თუ ძვირფასეულობა არ მოგეწონებოდა, მათ მე დავიტოვებდი, ფულს კი გადაგიხდიდი. აი, ხელწერილი! ოღონდ, შენც დამიწერე საბუთი, რომ დამითმობ ყველაფერს, რაც უფალმა განგიმზადა, თუ ამ ყოველივეს შენთვის დაიტოვებდი. მდიდარმა, ოღონდ ფული შეენარჩუნებინა, სიხარულით გამოართვა მას ხელწერილი, დაუწერა თავისიც და სახლში გაეშურა.

ღამით სიზმარი ნახა: დაატარებენ მას ზეციურ სავანეებში და ეუბნებიან, რომ ეს სავანე ამას და ამას ეკუთვნის, ის – იმას; ბოლოს მიიყვანეს ერთ-ერთ ისეთ უნათლეს სავანეში, რომ იქიდან გამოსვლა აღარ უნდოდა. ვიღაცამ შენიშნა, რომ ეს სავანე ეკუთვნოდა... და მისი სახელი ახსენა. ამის გამგონემ სიხარულით თავი დაკარგა, მაგრამ მაშინვე მოესმა სხვა ხმა: არა, ახლა მაგისი აღარ არის. მან ეს სავანე მიჰყიდა ამა და ამ კაცს... და ქველმოქმედი დაასახელა. აი, ხელწერილიც. ეს კაცი კი შეხედვის ღირსიც არ არის, გააგდეთ აქედან. მისცვივდნენ მსახურები და გამოაგდეს.

მდიდარმა, გაიღვიძა თუ არა, თავის ნაცნობ ქველმოქმედთან კაცი გაგზავნა... უამბო ყველაფერი, მისგანვე დარწმუნდა, რომ უფალი დაუბრუნებდა ნაჩვენებ სავანეს, გაანადგურა ხელწერილი და თავის შემაგონებელ ქველმოქმედთან ერთად მოწყალების გაცემას მიჰყო ხელი. ხედავთ, ზეცაში რა სწრაფად ჰპოვებენ გამოძახილს საქველმოქმედო და არასაქველმოქმედო საქმენი, სწორედ ჩვენი ხვედრის მარადიული განგების წესით.

ეს იმიტომ, რომ მოწყალება არის ღვთისთვის ყველაზე ძვირფასი და მისი საყდრისთვის მახლობელი უდიდესი სათნოება. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩამოთვლის მრავალ სათნოებას და მაღალ შეფასებას აძლევს თითოეულ მათგანს, მაგრამ დასძენს, რომ მათ ყველას აღემატება სიყვარული, ხოლო სიყვარულის საქმეთაგან უაღმატებულესია ქმედითი თანაგრძნობა და გაჭირვებულთა დახმარება. საშინელი სამსჯავროს აღწერისას რატომ ახსენებს უფალი მხოლოდ ამ სათნოების შესრულება-არშესრულებას? არა იმიტომ, რომ დანარჩენებს ფასი არა აქვს. ამით ნათქვამია, რომ თუ მოწყალება არსებობს, არსებობს სხვა ყველა სათნოებაც, და თუკი ის არ არსებობს, სხვა სათნოებებს გაუჭირდებათ გულში ადგილის დამკვიდრება. ის არის ყოველთა დედოფალი, ნაცვალი და წარმომადგენელი ღვთაებისა ამქვეყნად. ყოველგვარი ქველმოქმედება კიდევ იმიტომ ჰპოვებს ზეცაში გამოძახილს უმალვე, რომ უფალს თავად, საკუთარი ხელებით ნებავს მისი უშუალოდ მიღება. "ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმასა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25,40). შენ მშიერი დააპურე, უფალი კი გეუბნება, რომ თავად მას მიეცი საზრდო; შენ შიშველი შემოსე, უფალი კი გეუბნება, რომ თავად მას ჩააცვი; შენ სნეული მოინახულე, უფალი კი გეუბნება, რომ თავად მასთან მიხვედი; გაჭირვებულთათვის გაწეულ ყოველგვარ ქველმოქმედებას უფალი მისდამი გაწეულ ქველმოქმედებად მიიჩნევს. ასე ამოწმებს ამას თავისი ღვთაებრივი სიტყვით და ასე განუცხადებს მთელ სამყაროს თავის სამსჯავროზე! უფალმა სააქაოშიც ეს არაერთხელ აუწყა თავის ერთგულთ. მაგალითად, ჭაბუკს, რომელმაც მისგან მოწყალების მიმღები ღატაკის ზურგს უკან მდგომი მაცხოვარი იხილა; ან იმ კეთილისმყოფელს, რომელმაც გზად შემხვედრ, სიცივისაგან აკანკალებულ ღატაკს თავისი ზედა სამოსი მისცა; შემდგომ კი გამოეცხადა უფალი – შემოსილი ამ სამოსით, რომელიც ანათებდა, ბრწყინავდა.

დაე, განაცხოველოს ამან თქვენი მოშურნეობა, მოწყალების გამღებნო! რომელი ხელიც მიიღებს, იგივე ხელი მოგაგებთ საზღაურს. მაგრამ ეს ის ხელია, რომელიც ძუნწად არ მოგაგებთ, თუკი თქვენი ხელები არ იძუნწებენ გაცემის დროს. უფალმა გვითხრა: მივდივარ, რათა თქვენ განგიმზადოთ ადგილი. უხვად აუვსეთ ხელი უფალს იმით, რითაც იგი განგიმზადებთ სავანეს, და რაც მეტს გაიღებთ, მით ნათელი, ფართო და გამშვენებული სავანე გექნებათ.

ყოველივე თქმულით მსურდა, თქვენამდე მომეტანა აზრი, რომ მოწყალების გაღებით ჩვენ ვთესავთ – დასკვნა კი თავად გამოიტანეთ. დათესეთ უხვად, რათა უხვი მოსავალი მოიმკოთ; რადგან თუ ძუნწად დათესავთ, მოსავალსაც მწირს მიიღებთ. დაე, უფალი შეგვეწიოს ჩვენ ყველას, ასე განვეწყოთ გულით და ასე ვიმოქმედოთ, რათა გვერდი არ აგვიარონ ღვთის დიდმა აღთქმებმა, რაც მოწყალების გულუხვად და სიხარულით გამღებთ ამჟამად და მით უფრო სამომავლოდ მიეცათ. ამინ.

 

22 სექტემბერი, 1865 წ. მე-18 კვირა სულთმოფენობიდან

თარგმნა ნინო ბელთაძემ

 

 

მსგავსი წერილი:

ეპისკოპოსი ილია მინიატისი – როგორ უნდა გავცეთ მოწყალება

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა