martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ანგელოზებისა და ეშმაკების გამოცხადება სიკვდილის ჟამს


მომაკვდავს სიკვდილის ჟამს ჩვეულებრივ ორი ანგელოზი ხვდება. აი, როგორ აღწერს ამას ავტორი წიგნისა – "ბევრისთვის დაუჯერებელი...": "და როცა მან (მოხუცმა მომვლელმა) ეს სიტყვები წარმოთქვა ("სასუფეველი ცათა დაუმკვიდროს მას, საუკუნო განსვენება..."), ჩემ გვერდით ორი ანგელოზი გამოცხადდა. ერთში, რატომღაც, ჩემი მფარველი ანგელოზი შევიცანი, ხოლო მეორე უცნობი იყო" (მოგვიანებით ერთმა ღვთისმოსავმა მწირმა განუმარტა მას, რომ ის მეორე "შემხვედრი ანგელოზი" იყო). წმიდა თეოდორა, რომლის სიკვდილშემდგომი გზა "საზვერეებში" აღწერილია წმიდა ბასილი ახლის ცხოვრებაში (X ს. ხს. 26 მარტს), მოგვითხრობს: "როცა მთლად დავუძლურდი, მაშინ ჩემკენ მომავალი უფლის ორი ანგელოზი ვიხილე ლამაზი ჭაბუკების სახით: პირნათელნი, სიყვარულით მომზირალნი, სპეტაკ თოვლივით თეთრი თმებითა და ოქროსებრ გაბრწყინებულნი; ელვასავით ნათელი სამოსი ემოსათ და მკერდზე ჯვრის სახედ ოქროს სარტყელი ეკრათ". VI ს. გალიელი ეპისკოპოსი წმიდა სალვია სიკვდილის საკუთარ გამოცდილებას შემდეგნაირად აღწერს: "ოთხი დღის წინათ, როდესაც ჩემი სენაკი შეიძრა და მკვდარი მიხილეთ სარეცელზე, მაშინ ორი ანგელოზის მიერ ცაში ვიყავი ატაცებული" (წმიდა გრიგოლი ტურელი, "ფრანკების ისტორია" VII,1).

ამ ანგელოზებს მომაკვდავის სულის საიქიო ცხოვრების გზაზე გაცილება ევალებათ და არაფერია გაურკვეველი არც მათს საქციელში და არც მათს გარეგნობაში – მათ აქვთ ადამიანის გარეგნობა, ისინი მყარად ჩასჭიდებენ ხელს სულის "თხელ სხეულს" და მიჰყავთ. "ნათელმა ანგელოზებმა ხელში აიყვანეს იგი (სული)" (წმიდა თეოდორა); "ანგელოზებმა ამიყვანეს ხელში და გამიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოს კედლიდან..." ("ბევრისთვის დაუჯერებელი..."); წმიდა სალვიაც "ორმა ანგელოზმა აღიპყრა ხელთ" და სხვა მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.

ამიტომ არ შეიძლება მტკიცება, რომ ეს "მანათობელი არსება" თანამედროვე შემთხვევებიდან, რომელსაც არ აქვს გარეგნული ფორმა, რომელიც არსად არ მიაცილებს სულს, რომელიც საუბრობს მასთან და რომელიც განვლილი ცხოვრების "დაბრუნებულ კადრებს" უჩვენებს მომაკვდავს – საიქიო ცხოვრებაში თანმხლები ანგელოზია. ანგელოზად წარმოჩენილი ყოველი არსება, სინამდვილეში ანგელოზი არ არის, "რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა" (II კორ. 11,14). ამიტომ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არსებები, რომლებსაც ანგელოზის გარეგნობაც კი არ აქვთ – ანგელოზები არ არიან. ამდენად, თანამედროვე "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებებში ანგელოზებთან შეხვედრა, როგორც ჩანს, ყოველთვის საეჭვოა, რის განმარტებასაც ქვემოთ შევეცდებით.

მაშინ, ხომ არ შეიძლება, რომ "მანათობელი არსებები" სინამდვილეში "ნათლის ანგელოზის" სახით შენიღბული ეშმაკები იყვნენ, რომლებიც ადამიანის საცდუნებლად მოდიან მისი სულის სხეულიდან გაყრის ჟამს? დოქტორმა მუდიმ ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ", "ფიქრები") და სხვა მკვლევრებმა დასვეს ეს საკითხი, მაგრამ მხოლოდ ამის შესაძლებლობის უარსაყოფად, რადგან, მათი აზრით, ხსენებული მოვლენები ადამიანებზე "კეთილ" ზემოქმედებას ახდენს. ცხადია, რომ ამ მკვლევართა შეხედულებები "ბოროტებაზე" უკიდურესად მიამიტურია. დოქტორ მუდის მიაჩნია, რომ "სატანა, ალბათ, ქვეშევრდომებს სიძულვილისა და ნგრევისკენ მოუწოდებს" ("სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ") და ჩანს, რომ მუდი სრულიად არ იცნობს ქრისტიანულ ლიტერატურას, სადაც ეშმაკების საცდურთა ნამდვილი ბუნებაა აღწერილი და ეს საცდურები თავიანთ მსხვერპლს მუდამ მიეწოდება როგორც რაღაც "კარგი და კეთილი".

რას გვასწავლის მართლმადიდებლური მოძღვრება სიკვდილის ჟამის ეშმაკთა საცდურებზე?

წმიდა ბასილი დიდი ფსალმუნის ამ სიტყვებს: "მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ" (ფს. 7,2-3) შემდეგნაირად განმარტავს: "ვფიქრობ, რომ ღვთის მხნე მოღვაწეებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდნენ უხილავ მტერს და ყველა მის დევნას იცილებდნენ, ცხოვრების აღსასრულს გამოსცდის ამა ქვეყნის მთავარი და შეიპყრობს მათ, თუ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს ან ცოდვისა თუ სხვა რამ კვალს შენიშნავს; მაგრამ თუ ჯანსაღსა და უმწიკვლოს იხილავს, მაშინ ღვთის მოღვაწენი, როგორც უძლეველნი და თავისუფალნი, უფალ იესო ქრისტეს მიერ განისვენებენ. ამიტომ ლოცულობს წინასწარმეტყველი მომავალსა და აწინდელ ცხოვრებაზეც და ამბობს, რომ აქ – "მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე", ხოლო იქ, განსაცდელის დროს: "ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი". და თვით უფალიც ამასვე ბრძანებს: "აწ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემთანა პოვოს არარაჲ" (იოან. 14,30) (ტ. 1, გვ. 104).

და მართლაც, მარტო ქრისტიან მოღვაწეებს როდი ეკვეთებათ სიკვდილის ჟამს დემონთა საცდურები. წმიდა იოანე ოქროპირი "მათეს სახარების განმარტებაში" აღწერს, თუ რა ემართებათ ჩვეულებრივ ცოდვილებს სიკვდილის ჟამს: "მრავალნი ჟამსა მას ხილვათა საშინელთა ხედვენ და პირთა შესაძრწუნებელთა, რომელნი არაოდეს ეხილნიან, ვიდრეღა შიშისა მისგან და ზარისა შეშფოთნიან და საშინელად მიმოიხედვიან, რაჟამს სული გვამსა შინა იმალვინ და განსლვად არა ჰნებავნ ხორცთაგან, და ხილვასა მას მოსრულთა ანგელოზთასა ვერ თავს-იდებს. რამეთუ ვიხილნით თუ კაცნი მრისხანენი და მახვილ-წდულნი, შევშინდით; ვითარ არამცა შევშინდით და შევძრწუნდით, ოდეს ვიხილნეთ ანგელოზნი ძალითა სასტიკითა მოსრულნი ჩუენ ზედა, რაჟამს-იგი განიყვანებოდის სული ჩუენი იძულებით ჩუენგან და გოდებდეს ფრიად, უსარგებლოდ და ცუდად" ("თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", წ. III, გვ. 80).

მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებებში სიკვდილის მომენტში მსგავსი ხილვების შესახებ მრავალი ამბავია მოთხრობილი, რომლის მიზანიც, ჩვეულებრივ, ისაა, რომ მომაკვდავი შეშინდეს და საკუთარ ცხოვრებაზე იზრუნოს. წმიდა გრიგოლი თავის "საუბრებში" გვიამბობს, მაგალითად, ერთ მდიდარზე, რომელიც მრავალი ვნების მონა იყო. მან "სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თავის წინაშე მდგომი საძაგელი სულები დაინახა, რომლებიც რისხვით ემუქრებოდნენ ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩაყვანით... მთელი ოჯახი გარს ეხვია ტირილითა და გოდებით. მართალია, ისინი ვერ ხედავდნენ იქ მყოფ ბოროტ სულებს და მათ საშინელ შემოტევებს, მაგრამ მათ შეეძლოთ ეთქვათ ავადმყოფის საკუთარი განაცხადით – მისი ფერდაკარგული სახიდან და აკანკალებული სხეულიდან, რომ იქ ბოროტი სულები იმყოფებოდნენ. ამ საშინელი სანახაობისგან სასიკვდილოდ ზარგან­ხდილი ავადმყოფი ლოგინში წრიალებდა და ქანცგაწყვეტილმა და სასოწარკვეთილმა დაიყვირა: "დილამდე მადროვეთ, გათენებამდე მაინც მოიცადეთ!" – აქ შეწყდა მისი სიცოცხლე" (IV, 40). წმიდა გრიგოლი სხვა მსგავს შემთხვევებსაც გვიამბობს, ასევე ბედა თავის წიგნში – "ინგლისის ეკლესიისა და ერის ისტორია" (წგ. V, თავ. 13,15). მსგავსი შემთხვევები XIX საუკუნის ამერიკაშიც კი არ წარმოადგენდა იშვიათობას: ახლახან დასტამბული ანთოლოგია XIX საუკუნის მოუნანიებელ ცოდვილთა სიკვდილის ჟამის ხილვებს შეიცავს, რომლებიც ამგვარადაა დასათაურებული: "ამომიყვანეთ ცეცხლიდან!", "მიხსენით, შეპყრობილი ვარ!", "მე ჯოჯოხეთში მივდივარ!" და "ეშმაკი მოდის, ჩემი სულის ჯოჯოხეთში წასაყვანად" ("მარადისობის ხმები", ნიუ-იორკი, 1973 წ.).

დოქტორი მუდი ამგვარს არაფერს იუწყება: მომაკვდავთა ყველა გამოცდილება (თვითმკვლელობის საყურადღებო გამონაკლისის გარდა), არსებითად, სასიამოვნოა მის წიგნში, ეს იქნება ქრისტიანებისა თუ არაქრისტიანების, რელიგიურ თუ არარელიგიურ ადამიანთა გამოცდილება; მეორე მხრივ, დოქტორებს ოსისსა და ჰარალდსონს თავიანთ გამოკვლევებში ამ გამოცდილებებისგან დიდად განსხვავებული რამ არ აღმოუჩენიათ.

ამ მეცნიერებმა ამერიკული შემთხვევების გამოკვლევაშიც იგივე შენიშნეს, რაც დოქტორმა მუდიმ: რომ მიღმეთის მკვიდრთა გამოცხადება აღიქმება, როგორც დადებითი რამ, რომ ავადმყოფი სიკვდილს კარგი განწყობით იღებს, რომ ეს სასიამოვნო გამოცხადებაა და სულიერ აღმაფრენასა და სიმშვიდეს იწვევს და ხშირად სიკვდილის წინ ტკივილის გრძნობასაც სპობს. ინდური შემთხვევების გამოკვლევებში კი გამოცხადებების მხილველ ავადმყოფთა არანაკლებ ერთი მესამედისა შიშს, ტანჯვასა და წუხილს განიცდიდა "იამდუტების" (ინდუსთა სიკვდილის მაცნეები) ან სხვა არსებების გამოცხადების შემდეგ; ეს ინდოელები უძალიანდებიან მიღმეთის წარმომადგენლებს ან მათგან თავის დაღწევას ცდილობენ. ერთხელ ერთი კანტორის მოხელე სიკვდილის დროს ასე ამბობდა: "ვიღაც დგას იქ საზიდარით! ეს ალბათ იამდუტია და ვიღაცას თან წაიყვანს. იგი მაღიზიანებს და მეუბნება, რომ ჩემი წაყვანა უნდა!.. გემუდარებით, ხელი ჩამჭიდეთ, არ მინდა წასვლა". მომაკვდავს ტკივილები მოეძალა და გარდაიცვალა. ერთმა მომაკვდავმა ინდოელმა კი, უეცრად წამოიძახა: "აი, ისიც". საავადმყოფოს ოთახი პირველ სართულზე იყო. გარეთ, შენობის კედელთან დიდი ხე იდგა, რომლის ტოტებზეც ბევრი ყვავი იჯდა. როგორც კი ავადმყოფს ეს ჩვენება მოევლინა, უეცრად ყველა ყვავმა დიდი ხმაურით დატოვა ხე, თითქოს იარაღი გაესროლა ვინმეს. ამან გაგვაკვირვა და ოთახის ღია კარიდან გარეთ გავცვივდით, მაგრამ იქ ისეთი არაფერი შეგვინიშნავს, რასაც ყვავების დაფრთხობა შეეძლო. ჩვეულებრივ, ეს ყვავები ძალიან მშვიდობიანნი იყვნენ და ამიტომ ყველა იქ მყოფს დაგვამახსოვრდა, რომ ისინი სწორედ მაშინ გაფრინდნენ დიდი ხმაურით, როცა ავადმყოფს ჩვენება ჰქონდა, – თითქოს მათაც იგრძნეს რაღაც საზარელი. სწორედ ამ დროს ავადმყოფმა გონება დაკარგა და რამდენიმე წუთში სული დალია. ზოგიერთ "იამდუტს" საშინელი გარეგნობა აქვს და მომაკვდავში კიდევ უფრო დიდ შიშს იწვევს. დოქტორების ოსისისა და ჰარალდსონის გამოკვლევებში ყველაზე დიდი სხვაობა ამერიკულ და ინდურ სიკვდილის გამოცდილებებს შორისაა, მაგრამ ავტორები ამის ახსნას არ იძლევიან. ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ არ არის თითქმის არასოდეს თანამედროვე ამერიკულ გამოცდილებებში ერთი ელემენტი – შიში, რომელიც გამოწვეულია საშინელი იმქვეყნიური მოვლენებით და რომელიც საერთოა როგორც ქრისტიანობის წარსული გამოცდილებებისთვის, ასევე თანამედროვე ინდური გამოცდილებისთვის?

ჩვენთვის აუცილებელი არ არის მომაკვდავთა ხილვების ბუნების ზუსტი განსაზღვრება. უკვე ვნახეთ, რომ მომაკვდავთა ხილვები რამდენადმე იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ელის ან რის სახილველადაა იგი მზად. ამიტომ გასული საუკუნეების ქრისტიანები, რომლებსაც ჯოჯოხეთის არსებობის ცოცხალი რწმენა ჰქონდათ და ცხოვრების აღსასრულს საკუთარი სინდისი ამხილებდათ, სიკვდილის წინ ხშირად ეშმაკებს ხედავდნენ.

თანამედროვე ინდუსები, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რომ უფრო "პრიმიტიულები" არიან თავიანთი სარწმუნოებითა და ცნობიერებით, ვიდრე ამერიკელები, სიკვდილის ჟამს ხშირად იმ არსებებს ხედავენ, რაც საიქიო ცხოვრებაზე მათში არსებულ რელიგიურ შიშს შეესატყვისება; ხოლო თანამედროვე ამერი­კელები, თავიანთი "განათლებული" შეხედულებებით, ხედავენ ჩვენებებს, რომლებიც მათი კომფორტული ცხოვრებისა და რწმენის შესაბამისია და რომელიც არ მოიცავს ჯოჯოხეთის რეალურ შიშსა თუ ეშმაკთა არსებობის რწმენას.

სინამდვილეში, ეშმაკები თვითონ სთავაზობენ განსაცდელ ადამიანს იმგვარ საცდურებს, როგორიც მათ სულიერ ცნობიერებასა და მოლოდინს შეეფერება. ეშმაკები საზარელი სახით შეიძლება მოევლინონ მათ, ვისაც ჯოჯოხეთის შიში აქვთ, რათა ეს ადამიანები სასოწარკვეთაში გარდაიცვალონ! ვისაც ჯოჯოხეთის არსებობის არ სჯერა (ან პროტესტანტებს, რომლებსაც სწამთ, რომ მათი ხსნა "საიმედოა" და ამის გამო ჯოჯოხეთის არ ეშინიათ) ბუნებრივია, რომ ეშმაკები მათ სხვა საცდურს სთავაზობენ და ასე ცხადად არ ააშკარავებენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს. უკვე საკმარისად ტანჯულ ქრისტიან მოღვაწეს კი ეშმაკი უკვე საცდუნებლად მოევლინება და არა – შესაშინებლად.

ამის კარგი მაგალითია სიკვდილის ჟამს წმიდა მოწამე მავრას (III ს.) გამოცდა ეშმაკებისაგან. როდესაც წმიდა მავრა და მისი ქმარი, წმიდა ტიმოთე, ჯვარზე იყვნენ გაკრულნი ათი დღის განმავლობაში, ეშმაკი განსცდიდა წმიდა მავრას. ამ წმინდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია, თუ როგორ უამბობდა ჯვარზე გაკრული წმიდა მავრა მასთან ერთად ჯვარცმულ მოწამე ტიმოთეს თავის განსაცდელზე: "მხნედ იყავ, ძმაო, და განაგდე ძილი; იღვიძებდე და გულისხმაჰყავი, თუ რა ვიხილე: სულიერი აღტაცების მდგომარეობაში ვიყავი და მეჩვენა, რომ ჩემს წინ ადამიანი იდგა და ხელთ ეპყრა რძითა და თაფლით სავსე სასმისი. მან მითხრა: – აიღე და შესვი ეს სასმისი; მაგრამ მე ვკითხე: – ვინა ხარ? მიპასუხა: – უფლის ანგელოზი. მაშინ მივუგე: – ვილოცოთ უფლისა მიმართ. მითხრა: შენთან იმისთვის მოვედი, რომ წამება შეგიმსუბუქო. ვხედავდი, რომ ძალიან გშიოდა და გწყუროდა, რადგან აქამდე ლუკმა არ მიგიღია. კვლავ ვკითხე: – ვინ აღგძრა შენ ჩემს მოწყალებად? და რა შენი საქმეა ჩემი მოთმინება და მარხვა? განა არ იცი, რომ ღმერთს ადამიანისთვის შეუძლებლის აღსრულებაც შეუძლია? ლოცვა აღვავლინე და დავინახე, რომ იმ ადამიანს პირი დასავლეთით მიექცია. ამით მივხვდი, რომ ეს იყო სატანის ხიბლი და ჯვარზე ჩვენი ცდუნება უნდოდა. მერე უეცრად ის ჩვენება გაქრა. შემდეგ სხვა ადამიანი მოვიდა და მომეჩვენა, რომ რძისა და თაფლის მდინარესთან მიმიყვანა და მითხრა: – შესვი. მაგრამ მე ვუპასუხე: – აკი გითხარი, რომ არც წყალს და არც სხვა რამ მიწიერ სასმელს არ მივიღებ, სანამ უფალ იესო ქრისტესთვის სიკვდილის სასმისს არ შევსვამ, რომელსაც იგი თავად განმიზავებს ცხონებითა და მარადიული ცხოვრების უკვდავებით. ამას რომ ვეუბნებოდი, ის მდინარიდან სვამდა და უცებ გაქრა ისიც და მასთან ერთად მდინარეც" ("ცხოვრება წმიდა მოწამე ტიმოთესი და მავრასი". 3 მაისი). წმიდა მოწამე მავრას მესამე გამოცხადებაზე, როდესაც მას ნამდვილად ანგელოზი გამოეცხადა, ქვემოთ ვისაუბრებთ, მაგრამ აქედანაც უკვე ცხადია, თუ რაგვარი სიფრთხილე მართებს ქრისტიანს სიკვდილის ჟამს მოვლენილი "გამოცხადებებისადმი".

მაშასადამე, სიკვდილის ჟამი – ეს ჭეშმარიტად ეშმაკთაგან განცდის ჟამია, და ის "სულიერი გამოცდილება", რომელსაც ამ დროს ადამიანები იღებენ (თუნდაც გვეგონოს, რომ ეს "სიკვდილის შემდეგ" ხდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), იმავე ქრისტიანული საზომით უნდა შეფასდეს, როგორითაც სხვა ნებისმიერი "სულიერი გამოცდილება". ანალოგიურად, "სულები" რომლებიც ამ დროს შეიძლება შეგვხვდნენ, ყოველმხრივ უნდა შემოწმდნენ, რაზეც მოციქული იოანე ამბობს: "... გამოიცადენით სულნი, თუკი ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაჲსწარ­მეტყუელნი განსრულ არიან სოფლად" (იოან. 4,1).

თანამედროვე "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებათა ზოგიერთმა კრიტიკოსმა უკვე აღნიშნა მსგავსება "მანათობელ არსებებს", "წინამძღოლ სულებსა" და მედიუმური სპირიტიზმის "მეგობარ სულებს" შორის. ამიტომ მოკლედ განვიხილოთ სპირიტისტული სწავლების ის ნაწილი, სადაც "მანათობელ არსებებსა" და მათს ამბებზეა საუბარი. ერთი კლასიკური ცნობა სპირიტიზმზე (ჯონ არტურ კილი, "სპირიტიზმი, მისი ისტორია, მოვლენები და სწავლება", ნიუ-იორკი, 1919 წ.) მიუთითებს, რომ სპირიტისტული "სწავლება ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის შეესატყვისება მაღალ მორალურ ნორმებს; იგი რწმენასთან მიმართებაში ყოველთვის ათეისტურია, მუდამ მოკრძალებული, მაგრამ არცთუ დიდად დაინტერესებულია იმ ინტელექტუალური წვრილმანებით, რომლებიც ეკლესიის მამებს აინტერესებდათ". წიგნში შემდეგ აღნიშნულია, რომ სპირიტისტული სწავლების "გასაღებსა" და "ცენტრალურ დოქტრინას" სიყვარული წარმოადგენს, და რომ სპირიტისტები სულებისგან "დიდ ცოდნას იძენენ", რომელიც მათ მისიონერულ საქმიანობას ავალებს, რათა გაავრცელონ "ცოდნა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ნამდვილად არსებობს" და "სრულყოფილი" სულები "პიროვნულ" შეზღუდვას კარგავენ და უფრო "მოქმედნი" ხდებიან, ვიდრე პიროვნებები და მეტად ივსებიან "სინათლით". მართლაცდა, სპირიტისტები თავიანთ ჰიმნებში პირდაპირ მოუხმობენ "მანათობელ არსებას": "სინათლის მაცნე წარმოაგზავნე შუაღამისას, გულის თვალთა ასახილველად".

ყველაფერი ესეც საკმარისია "მანათობელ არსებაზე" დასაეჭვებლად, რომელიც იმგვარ ადამიანებს ეცხადება, რომლებისთვისაც უცნობია ეშმაკთა ბუნება და მზაკვრობა. ჩვენს ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს დოქტორ მუდის ნათქვამი, რომ ზოგიერთი ამ არსებებს აღწერს, როგორც "შესაქცევ პიროვნებას იუმორის გრძნობით", რომელიც მომაკვდავებს "ართობს" და "ამხიარულებს". ამგვარი არსება თავისი "სიყვარულითა" და "თანაგრძნობით", სინამდვილეში, საოცრად ჰგავს სეანსების ტრივიალურ და ხშირად კეთილ "სულებს", რომლებიც უეჭველად ეშმაკები არიან (თუკი თვით სეანსები ნათაღლითევი არ არის).

ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ზოგიერთი საერთოდ უარყოფს ყოველგვარ ცნობას "სიკვდილის შემდგომ" გამოცდილებაზე, როგორც ეშმაკის სიცრუეს. ევანგელისტი პროტესტანტების მიერ დაწერილ ერთ წიგნში ამტკიცებენ, რომ: "სიცოცხლისა და სიკვდილის მთელ ამ სიცრუეში ახალი და გამოუცდელი საშიშროება არსებობს. ჩვენი რწმენით, კლინიკურ გამოცდილებათა ბუნდოვანი რწმენაც კი სერიოზულ გართულებებს იწვევს ადამიანებში, ვისაც ბიბლია სწამს. არაერთმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა სრულიად ირწმუნა, რომ "მანათობელი არსება" სხვა არავინაა, თუ არა იესო ქრისტე და, სამწუხაროდ, ამ ადამიანთა გასულელება იოლია" (ჯონ უელდონი და ზოლა ევიტი, "არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?", 1977 წ.). "სიკვდილ­შემდგომ" გამოცდილებათა ზოგიერთი მკვლევარი ოკულტიზმითაა დაინტერესებული და მედიუმებთანაც კი აქვს კონტაქტი – ამ უეჭველ ფაქტზე ხსენებული წიგნის ავტორები არა მარტო მიუთითებენ, არამედ რიგი ღირსშესანიშნავი პარალელის ციტირებასაც ახდენენ თანამედროვე "სიკვდილშემდგომ" გამოც­დილებას, მედიუმებსა და ახლო წარსულის ოკულტისტებს შორის.

ამ დაკვირვებებში, რა თქმა უნდა, ბევრი სიმართლეა საიქიო ცხოვრებაზე. სრული ქრისტიანული სწავლების გარეშე, სამწუხაროდ, ყველაზე კეთილმზრახველი "ბიბლიის მორწმუნეებიც" კი ცდებიან, როდესაც დემონთა ცრუ გამოცდილებასთან ერთად სულის სიკვდილის შემდგომ ნამდვილ გამოცდილებასაც უარყოფენ და, როგორც ვნახეთ, ამ ადამიანებს თავად შეუძლიათ ირწმუნონ ცრუ "სიკვდილშემდგომი" გამოცდილება.

დოქტორები ოსისი და ჰარალდსონი, რომლებსაც "მედიუმებთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილება ჰქონდათ", მომაკვდავისა და სპირიტიზმის გამოცდილებებს შორის ზოგიერთ მსგავსებას აღნიშნავდნენ, მაგრამ ისინი ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან "თვალშისაცემ სხვაობასაც": "მიწიერის მსგავსი ცხოვრების გაგრძელების ნაცვლად (რომელსაც მედიუმები აღწერენ), სიკვდილგანცდილნი არსებობის და მოქმედების სრულიად ახალი ტიპის გარემოში ხვდებიან" ("სიკვდილის ჟამს" გვ. 200). სინამდვილეში, "სიკვდილშემდგომი" გამოცდილების სამყარო ჩვეულებრივი მედიუმიზმისა და სპირიტიზმის სამყაროსგან მთლად არ განსხვავდება; და მაინც, ეს ის სამყაროა, სადაც ეშმაკთა საცდურებია და სადაც არა მარტო შესაძლებელია ეს საცდურები, არამედ აუცილებლად უნდა ველოდეთ მათ – განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც მოწმე ვხდებით სულ უფრო ახალ-ახალი სულიერი საცდურებისა და ვხედავთ თვით "სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათ. 24,24). ამიტომ ჩვენ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს "მანათობელი არსებებისადმი", რომლებიც თითქოსდა სიკვდილის მომენტში ცხადდებიან. ისინი ძალიან გვანან "ნათლის ანგელოზად" წარმომდგარ ეშმაკებს, რომლებსაც არა მარტო თავად მომაკვდავის ცდუნება სურთ, არამედ იმათიც, ვისაც ისინი შემდეგ უამბობენ გადახდენილ ისტორიას, თუკი ამქვეყნად მობრუნდებიან (რომლის შესაძლებლობაც, რა თქმა უნდა, ეშმაკებმა კარგად უწყიან).

საბოლოოდ, ჩვენი მსჯელობა ამ და სხვა "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებაზე მაინც მათგან მომდინარე სწავლებას უნდა ეყრდნობოდეს და სულ ერთია ამას სიკვდილის მომენტში დანახული "სულიერი არსებები" გადმოსცემენ, თუ უბრალოდ ამ მოვლენაში იგულისხმება ან გამომდინარეობს მისგან.

ზოგიერთი იმათგანი, ვინც "მოკვდა" და კვლავ დაბრუნდა, ჩვეულებრივ ისინი, ვინც ძალიან რელიგიური იყო ან შემდეგ გახდა ასეთი, "მანათობელ არსებას" აიგივებენ არა ანგელოზთან, არამედ ქრისტეს უხილავ მყოფობასთან. ამ ადამიანებში ამგვარი გამოცდილება ხშირად სხვა მოვლენას უკავშირდება, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, შესაძლოა ერთი შეხედვით ყველაზე იდუმალად წარმოჩნდება იმ მოვლენათაგან, რომლებიც თანამედროვე სიკვდილშემდგომ გამოცდილებებში გვხვდება – ესაა "ზეცის" ხილვა.

თარგმნა მარიამ ნიაურმა

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „სული გარდაცვალების შემდეგ“.

 

ამავე თემაზე:

წმ. მამები საზვერეების შესახებ

მამათა სწავლებები სიკვდილის შესახებ

მოვიდა ვინმე იქიდან?

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა