martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ოკულტიზმიდან მოსულთა შესახებ

 

 ამ ბოლო ხანებში ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ეკლესიაში მოსვლა იწყეს არა მხოლოდ გუშინდელმა ათეისტებმა, არამედ მათაც, ვინც წინათ ოკულტიზმით იყო გატაცებული.

XIX საუკუნის ბოლოს ქრისტიანული რეგიონები სხვადასხვა ოკულტური და მაგიური სწავლებების ექსპანსიის ქვეშ მოექცა, რომელთა უმეტესობაც აღმოსავლური წარმოშობისა გახლდათ. ეს სწავლებები ტალახის ნიაღვარივით დაატყდა თავს ინდოეთის მთებიდან დასავლეთს და ამ ქრისტიანულ ქვეყნების მიწაწყლის მახრჩობელა ჭაობად ქცევას შეუდგა.

ოკულტურმა სწავლებებმა შესაფერისი ნიადაგი პირველ რიგში ინტელიგენციაში ჰპოვა, მის იმ ნაწილში, რომელიც პოზიტივიზმის შეზღუდულობასა და უსუსურობაში დარწმუნებული, შემეცნების სხვა გზებს ეძებდა. ეკლესიის შესახებ ეს ადამიანები წინასწარ ჩამოყალიბებული და ტენდენციური შეხედულებისა იყვნენ. ეკლესიის უნივერსალიზმს ისინი მდარე რელიგიურ მოთხოვნილებად თვლიდნენ, ეკლესიის ცხოვრებაში ჩართვა კი უბრალო ხალხში, ბრბოში ათქვეფად მიაჩნდათ, რომელსაც, ჩვეულებრივ, ზემოდან დაჰყურებდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ეკლესია და ინტელიგენციისათვის ჩვეული ელიტარიზმი ერთმანეთს ვერ ეწყობოდა. ამასთან, ეკლესია მოითხოვს მორჩილებას, იერარქიისადმი დაქვემდებარებასა და დისციპლინირებულ ცხოვრებას: ლოცვას, საეკლესიო წესების შესრულებას, მარხვას. მოითხოვს, აგრეთვე, დისციპლინირებულ აზროვნებას – საკუთარი გონების დაქვემდებარებას გამოცხადებისადმი. ინტელიგენცია კი განსაკუთრებით ვერ ელევა თავის ე.წ. ინტელექტუალურ თავისუფლებას, ვერ ელევა ემპირიული, ვნებებით აღსავსე ადამიანის თავისუფლებას, თავისუფლებას შემოქმედებისა, რაც მისთვის თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენს. ყოველივე ეს იწვევს ერთგვარ დაპირისპირებას ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის.

ეკლესია ადამიანისაგან ვნებებთან ბრძოლასა და შინაგან განწმენდას მოითხოვს, ვნებები კი, განსაკუთრებით ამპარტავნება, ინტელიგენციის სტიქიაა – ის ამით ცხოვრობს.

ეკლესიისაგან განსხვავებით, ოკულტური სწავლებები სრულ თავისუფლებას აძლევს შემოქმედებით ფანტაზიას და არა თუ არ ზღუდავს ადამიანურ ვნებებს, არამედ მათ სულიერი ენერგეტიკის წყაროდაც კი მიიჩნევს – ადამიანს, უბრალოდ, მათი ტრანსფორმირება უნდა შეეძლოს. ხოლო როზენკროიცერთა, რაჯნიშისა და ბუდისტური ტანტრას სისტემები ყველაზე დაცემულ ეროტიზმსაც კი იყენებს ბოროტისა და კეთილის დემონური შემეცნებისა და თვით ტრანსცენდენტური ექსტაზისათვის. ამ სწავლებებში არაფერი ზღუდავს ადამიანის გულებში დაბუდებულ ვნებებს. ისინი მშვიდობით განაგრძობენ თანაცხოვრებას დეკლარირებული, ოკულტური „ასკეტიზმის” გვერდით, მედიტაციებითა და რიტუალური როკვით რომ იფარგლება, აგრეთვე გარეგნულად ეფექტური, ზედაპირული ინტელექტუალიზმით. რაჯნიშისა თუ შტაინერის რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანს „საიდუმლო სიბრძნეში” განდობილის განცდა უჩნდება ისე, რომ სავარძლიდან წამოდგომაც კი არ სჭირდება და ფიქრობს, რომ ამ „სიბრძნეს” დაუფლებული ყოველივეს შეძლებს, რასაც მოისურვებს, ხოლო რაში მდგომარეობს თავად ეს „სიბრძნე”, თვითონაც არ ესმის. ოკულტისტთა თავი და წინამძღოლი – დემონი თავს „კოსმიური იერარქიის", „მიწიერი ღმერთისა” და სხვა სახელების საფარქვეშ მალავს. თუმცა ხანდახან იგი არც ოკულტური ლიტერატურის ფურცლებზე გამოჩენაზე ამბობს უარს და ჭკუის მასწავლებლად გვევლინება – ზნეობრივ სენტენციებს ისვრის და დოგმატიზმის კრიტიკას ეწევა „სიყვარულის სახელით”. მაგრამ ოკულტიზმში არსებობს დოგმატი – საიდუმლო დოგმატი, რომელიც მაშინათვე არ უცხადდება ადამიანს. ეს დოგმატია: „სიკეთე არის ბოროტება, ბოროტება არის სიკეთე; ღმერთი არის დემონი, დემონი კი ღმერთი”. შემთხვევით არ დაურქმევია სატანისტ ბოდლერს საკუთარი ლექსების კრებულისათვის „ბოროტების ყვავილები”. თუმცა ოკულტიზმი შედარებით იშვიათად გვიჩვენებს თავის ნამდვილ, ე.წ. შიშველ სახეს, ისე, როგორც დემონი – ბროქენის მთაზე. უფრო ხშირად კი „წითელქუდას” ზღაპრის მგელივით შემპარავად, ალერსიანად გვესაუბრება, მაგრამ გვესაუბრება რაზე? – ახალ, რაფინირებულ ქრისტიანობაზე, „ელიტარულ” სულიერებაზე, რელიგიათა სინთეზსა და კიდევ იმაზე, რომ თურმე თეთრი მაგია სიკეთის ძალაა, რომელიც შავ მაგიას უპირისპირდება.

უნდა ითქვას, რომ მრავალმა, ოკულტიზმის ანკესზე წამოგებულმა, მისი სატანური სახისა და მკვდარი ლუციფერული ნათლის დანახვის შემდეგ, დაღუპვისაკენ რომ მიაქანებს ადამიანს, მიატოვა ოკულტიზმი, კავშირი გაწყვიტა მასთან და მართლმადიდებელ ეკლესიაში იწყო კურნებისა და ხსნის ძიება. მაგრამ ოკულტისტური საქმიანობით გატაცება, განსაკუთრებით, თუ იგი პრაქტიკულ მაგიასთან იყო წილნაყარი, უკვალოდ არ ქრება. შეუძლებელია ჯოჯოხეთიდან ისე გამოსვლა, მისმა ცეცხლმა რომ არ დაგწვას.

არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება, არც დემონური ძალა არსებობს, მადლის დაძლევა რომ შეეძლოს, იმ ძალისა, რომელიც დაცემულს აღადგენს და სნეულს კურნავს, სიცოცხლეს უბრუნებს მომაკვდავს და დამსხვრეულის განახლება ხელეწიფება, ძალისა, რომელსაც გამრუდებულის გამართვა, დაკარგულის დაბრუნება და ნაკლულევანების შევსება შეუძლია, შეუძლია დამახინჯებულისა და დანგრეულის აღორძინება. ეკლესიის ცხოვრებაში ჩართული ყოფილი ოკულტისტიც შესაძლოა მოღვაწე გახდეს, მაგრამ ჩვენ გვსურს გავაფრთხილოთ ეს ადამიანები, რომ მათ განსაკუთრებული განსაცდელები ელით წინ, რომ ოკულტიზმით გატაცების შედეგები, და ის მიდრეკილებები, რომლებიც ამ სულიერი ჯოჯოხეთიდან გამოჰყოლია ადამიანს, კიდევ დიდხანს გააწვალებენ მას, ძველი ჭრილობებივით, ყრუდ რომ გტკივა და გაწვალებს.

 პირველი განსაცდელი – ეს სულიერი ამპარტავნება გახლავთ, იმდენად დახვეწილი, რომ თავად ამ ადამიანისთვისაც კი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ის შესაძლოა გარეგნულ სიმდაბლესაც კი იყოს ამოფარებული – გარეგნული სიმდაბლის ქვეშაც კი იმალებოდეს ბალახებში დამალული გველივით. ამ დროს აუცილებელია ხანგრძლივი ძალისხმევა და, რაც მთავარია, აუცილებელია სულიერი ხელმძღვანელი, სულის ეს ჩირქოვანი წყლული რომ გაიხსნას და განუწყვეტლივ არ წამლავდეს სისხლს. მაგრამ, სამწუხაროდ, ოკულტიზმიდან მოსულ ადამიანს ნაკლებადა აქვს მორჩილების უნარი. და კიდეც რომ ჰყავდეს ხელმძღვანელი, გარეგნულად კიდეც რომ ემორჩილებოდეს მას, იგი შინაგანად მაინც არ განეშორება საკუთარი მოჩვენებითი უპირატესობის გამუდმებულ განცდას და საკუთარ აზრსაც ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად მიიჩნევს. ამიტომ მასა და მის სულიერ მოძღვარს შორის ფაქიზი შეუვალი კედელია აღმართული. წმინდა მამათა ნაწერებიდან იგი ისეთებს არჩევს, რომლებშიც უმაღლესი სულიერი მდგომარეობებია აღწერილი და რომლებიც თითქოსდა ზეცად აღიყვანენ’’ მას, ხოლო ის წიგნები, პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებიან, ბავშვის საკვებად და ელემენტარულ ანა-ბანად მიაჩნია, რომელთა „გამეორებასაც” თვითონ აღარ საჭიროებს. ასეთ ადამიანებს გნოსტიკოსთა წრეებში შექმნილი აპოკრიფული სახარებები იტაცებს, თავის გასამართლებლად კი ამბობენ, რომ თითქოს ეკლესიის მიერ უარყოფილი ეს წიგნები ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავს და ეხმარება მათ კანონიკურ სახარებათა უკეთ გაგებაში. ამ უკანასკნელთაგანაც ისინი იოანეს სახარებას გამოჰყოფენ და იქამდეც კი მიდიან, რომ მას დანარჩენ სახარებებს უპირისპირებენ. სასულიერო ლიტერატურის კითხვისას ეს ადამიანები სულიერი მოვლენების სქემატიზაციისა და ამ მოვლენათა ინტელექტუალური მოდელირებისაკენ მიისწრაფიან და ავიწყდებათ, რომ ადამიანის სული და სულიერი სამყარო ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე ნებისმიერი სისტემა. ზოგიერთი მათგანი ვლადიმერ სოლოვიოვითა და მამა პავლე ფლორენსკითაა გატაცებული. აქაც ისევ იმ შინაგან პროვოკაციასთან გვაქვს საქმე – იმის სურვილთან, რომ სულიერი სამყარო ფილოსოფიურ სქემაში იქნეს წარმოდგენილი, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა აბსტრაქციით შეიცვალოს და სულის ცხოვრებას ინტელექტუალიზმი შეენაცვლოს. წაკითხული წიგნების საფუძველზე ყოფილი ოკულტისტები მისტიკურ გამოცდილებასა და რელიგიურ ინტუიციაზე საუბრობენ, თუმცა კიმათი ეს სიტყვიერი ინტუიტივიზმიც ისევ და ისევ ის რაციონალიზმია.

დემონთან ერთობის კოშმარის ზემოქმედებით, ოკულტიზმით გატაცებისას რომ განუცდიათ ამ ადამიანებს, მათი სინანული თავიდან მხურვალეა, ხოლო აღსარება – დეტალური. მაგრამ შიშზე დაფუძნებული სიმხურვალე ხანმოკლეა. ის უფრო ეშმაკისაგან გაქცევასა ჰგავს, მაგრამ გაქცევას არა ღმერთისკენ, არამედ იმ კედლისაკენ, რომლის მიღმაც დაცულნი იქნებიან ეშმაკისაგან. მაგრამ სინანული თანდათან ნელდება, ზოგჯერ კი იქამდე დადის, რომ ადამიანი მხოლოდ აფიქსირებს საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას და გულის სიღრმეში კიდეც ამაყობს თავისი აღსარების სიღრმით.

ოკულტიზმის მეშვეობით ეშმაკი პირველ რიგში ადამიანის გულს აზიანებს. ამიტომაც ოკულტისტი შეიძლება იმ კაცს შევადაროთ, რომელსაც ამპუტირებული გულის სანაცვლოდ რაღაც მექანიზმი აქვს ჩადგმული. მისგან რაღაც აუხსნელი სიცივე მოდის, რასაც შესაძლოა კარგად უთავსდებოდეს ვნებებით გამოწვეული ემოციები და აფექტები, რადგანაც ვნებები თავისთავად სულიერი სითბო კი არა, სამშვინველის ნამწვებია. შეიძლება ითქვას, რომ ოკულტისტის მოქცევა მისი გულის რეანიმაციას ნიშნავს, რაც ძალიან ნელა მიმდინარეობს. ადამიანს ოკულტიზმისგან პირდაპირ წყევლად აწევს ღმერთის ძიება გონებით და არა გულით. მას, ვინც ოკულტიზმით იყო გატაცებული, ეკლესიაში ღმრთისმსახურებისას ლოცვა უჭირს, განსაკუთრებით კი თავისი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში, ეჩვენება, რომ რაღაც უხილავი ძალა აწვალებს და ტაძრიდან ერეკება, მხრები უმძიმდება, თავბრუ ესხმის, თითქმის არ ესმის, რა ხდება გარშემო და ისეთი განცდა ეუფლება, რომ ცოტაც და გონებას დაკარგავს. ღვთისმსახურების დასრულებისას კი თითქოსდა კვლავ უბრუნდება სიცოცხლე.

ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი, რომელიც თან სდევს ადამიანს ოკულტიზმით გატაცების შედეგად, ლოცვის მედიტაციად ქცევაა. ამ შემთხვევაში სულის დიალოგს ღმერთთან მონოლოგი ენაცვლება და ამ მონოლოგში ღმერთი მხოლოდ მოდულირებს, ხოლო ლოცვის სუბიექტადაც და ობიექტადაც თავად ადამიანი რჩება. ლოცვა მისთვის რაღაც დამოუკიდებელი და ავტონომიური ძალაა, რომელიც ლოცვის ტექსტშია ფორმულირებული და რომელიც მლოცველის მიერ დასახული მიზნის განსახორციელებლადაა მიმართული. მოქმედ და აღმასრულებელ ფაქტორად მიჩნეულია არა ღმრთეებრივი სიყვარულის მიერ მონიჭებული საღმრთო მადლი, არამედ ლოცვის სიტყვებში განხორციელებული ენერგია თავად ადამიანის სულისა. ეს ტრავმა ძნელად კურნებადია – ლოცვიდან ამოვარდნილია ცოცხალი ღმერთი და ადამიანი მარტოოდენ აფიქსირებს თავის მდგომარეობას. მაშინაც კი, როცა ლოცვა ღმერთისკენაა მიმართული, იგი რაღაც კოსმიურ თუ მეტაფიზიკურ ენერგიად რჩება და არა პიროვნულ ღმერთად. ამ ადამიანებისთვის, ჩვეულებრივ, უცხოა ქრისტე, როგორც ღმერთკაცის პიროვნება. ისინი უფრო სული წმიდაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არა პიროვნებაზე, არამედ რაღაც ძალა აქვთ მხედველობაში. ასეთი ადამიანები ხშირად არიან მიდრეკილნი პარაფსიქოლოგიის, სოფიოლოგიისა თუ ე.წ. იმიასლავსტვოსადმი, ანუ სწავლებებისადმი, რომლებიც რელიგიის მატერიალიზაციას ეწევიან. აქვე უნდა ვახსენოთ კაბალაც, რომელიც, მიუხედავად თავისი მისტიკური შინაარსისა, საკმაოდ რაციონალისტური სისტემაა, რადგანაც სიტყვათა ეტიმოლოგიებზეა აგებული. ყოფილი ოკულტისტები შინაგანად სისტემებისა და მშრალი სქემების შედგენისაკენ მიილტვიან, თითქოს მიზნად დაუსახავთ, რომ გლობუსში ჩატიონ დედამიწის სფერო, რათა შემდეგ მისი ხელში დაჭერა შეძლონ.

ამგვარად, ჩვენი აზრით, ოკულტიზმის წყევლა არის ცოცხალი ქრისტეს განცდის ხანგრძლივი დროით დაკარგვა. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიურად მოქცევის შემდეგ განსაკუთრებული, ზოგჯერ მოულოდნელი და უცნაური განსაცდელის ქვეშ ექცევიან არა მხოლოდ პრაქტიკული მაგიით გატაცებული ადამიანები, არამედ ყველა, ვინც ოკულტიზმით და ინდო-ჩინური მისტიკით იყო დაინტერესებული, დემონი თითქოს სჯის მათ, როგორც ბატონი – გაქცეულ მონას. ამ განსაცდელებმა შესაძლოა ავადმყოფობის მსგავსი ფიზიკური ტანჯვის სახით იჩინოს თავი. ხანდახან ადამიანი სხეულის რაღაცნაირ, დაღლილობის მსგავს დაძაბუნებას გრძნობს, სულიერ წუხილს, როცა კაცს სიკვდილი სურს და ისეთ მდგომარეობაში ვარდება, შეშლილობის ზღვარს რომ აღწევს, თითქოს რაღაც უცხო ძალა შემოჭრილა სულში და იქ ყველაფერს თავის ნებაზე ატრიალებსო. ზოგჯერ კაცი ფიზიკურ ტკივილსაც კი განიცდის, თითქოს უხილავი ბრჭყალები უკაწრავენ შიგნიდან მთელ სხეულს, ანდა მოულოდნელ დარტყმებს იღებს უხილავი არსებებისგან. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები რაღაც უცნაურ სიტუაციებში ვარდებიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მათ სიცოცხლეს, ხან კი რაღაც დემონური ინტენსიობის ვნებების მოზღვავებას გრძნობენ, ხანაც პათოლოგიური ლტოლვა უჩნდებათ ფიზიკური და სულიერი სიბინძურისადმი. ზოგჯერ მათ მოსვენებას არ აძლევს ღვთისმგმობელი აზრები, თითქოს თავად ეშმაკი ჩასჩურჩულებს ყურშიო.... ყოველივე ეს უნდა მოითმინოს და გადაიტანოს ადამიანმა. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან საკუთარი სულის დამდაბლება და სულიერი მამის ანაფორის ქვეშ თავის შეფარებაა, იმგვარად, როგორც პატარა, უმწეო კენგურუ ეჭიდება დედის ბეწვს, ეკიდება და ეკრობა მას.

ამ დროს აუცილებელია, რომ ადამიანი იმის საწინააღმდეგოდ იქცეოდეს, რასაც მას ოკულტისტური წიგნები ასწავლიდნენ: არ შეიძლება საკუთარ გონებასა და წიგნებიდან მიღებულ, პირადი გამოცდილებით (ღვაწლით) შეუმოწმებელ ცოდნაზე დაყრდნობა. არამედ საჭიროა, რომ კაცი სულიერი მოძღვრის მორჩილებით ცხოვრობდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილი სიბრძნე გამოცდილებას ეყრდნობა, გამოცდილება – საკუთარი თავის უარყოფის ღვაწლს, ხოლო საკუთარი თავის უარყოფა მორჩილებით მოიგება. სატანას მისივე იარაღით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ იმით, რომელიც მან დაკარგა. მან კი სიმდაბლე, სინანული და მორჩილება დაკარგა. მოღვაწეობა და, მით უმეტეს, ინტელექტუალიზმი, რომელსაც საფუძვლად არ უდევს სიმდაბლე – ეს სატანის ორთაბრძოლაში გამოწვევაა მისივე იარაღით. ამგვარ ბრძოლაში გარდაუვალია დამარცხება.

 ახლა კვლავ ტაძარში ერთობლივი ლოცვის საკითხს დავუბრუნდეთ. ასეთი ადამიანი ღვთისმსახურებისადმი თავის სიცივეს ხშირად იმით ამართლებს, რომ თითქოს იგი სახლში უფრო მშვიდად და ყურადღებით ლოცულობს. მაგრამ ეს თავის მოტყუებაა. სინამდვილეში იგი ზედმეტადაფასებს საკუთარ ინდივიდუალურ ნახევრად ლოცვას – ნახევრად მედიტაციას. საეკლესიო მსახურებაზე დასწრება სულიერი ერთობის, სიყვარულისა და სიმდაბლის გამოვლინებაა, ამ დროს ადამიანს უფრო მეტად თავისი სულიერი ძმების ლოცვის იმედი აქვს, ვიდრე საკუთარისა. და ეკლესიის ლოცვაც, ერთობლივი ლოცვა ზეციური და მიწიერი ეკლესიებისა, იქცევა ლოცვად პირადად მისთვის. სწორედ ამის ეშინია და სწორედ ეს არ სურს ეშმაკს.

ოკულტიზმიდან ეკლესიაში ახალმოსულთ დემონი თავდაპირველად რაღაც ველური ვნებებით ტანჯავს. ისე, რომ მათი მონანიება ხშირად ერიდებათ კიდეც საკუთარი სულიერი მოძღვრის წინაშე და სხვა, უცნობ მღვდლებს დაეძებენ. შემდეგ, დემონი ადამიანებს აბოროტებს, მათ წინააღმდეგ განაწყობს და, როგორც მხედართმთავარი, ახალ-ახალ განსაცდელს უსაფრებს მათ. მტერი ასეთ ადამიანს ათასგვარ ბრწყინვალე და გამჭრიახ აზრს აწვდის რელიგიისა და ზოგჯერ ფილოსოფიის შესახებაც კი. და ამ ფეიერვერკით აღტაცებულ ადამიანსაც ქრისტიანობის დიდი მქადაგებელი და აპოლოგეტი ჰგონია თავი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა იგი შინაგანი ლოცვის სწავლას იწყებს. აქ ის კვლავ თავის ჩვეულ, ოღონდ ახალი შინაარსით დატვირთულ ინტელექტუალიზმს უბრუნდება. შემდეგ კი, მოჩვენებითი „მასწავლებლობის” გამო ლოცვას წყდება და საკუთარი უღირსების განცდასაც, ანუ სინანულსაც კარგავს. ასეთ ადამიანს უყვარს სარწმუნოების ირგვლივ კამათი. ამ კამათშიც მრავლისმეტყველებს და ერთსა და იმავეს იმეორებს, თითქოსდა ეშინია, რომ სხვაგვარად მისი „ბრწყინვალე” აზრები შესაძლოა მსმენელს გონებაში არ ჩაებეჭდოს. წინააღმდეგობა ანდა უყურადღებობა მსმენელის მხრიდან მას აღიზიანებს და აბრაზებს და მაშინაც კი, როცა ამ გაღიზიანებისა და ბრაზის დამალვას ახერხებს, გულში თვლის, რომ ოპონენტებმა უსამართლოდ გაანაწყენეს.

ზოგჯერ ეს ხალხი გარეგნული მართლმადიდებლობის პოზიციიდან ლაპარაკობს, ისე, გეგონებათ, თავგამოდებული მართლმადიდებლები არიანო, მაგრამ ამ ლაპარაკში შინაგანი მართლმადიდებლობა – სიყვარული არ არის, ამიტომ მათი სიტყვებიდან რაღაც სიცივე და სისასტიკეც კი მოდის. და თუ ადამიანი დაჰყვა ამ საცთურს, უჩნდება განცდა, რომ რაღაც არარსებულ ქრისტიანულ „ელიტას” ეკუთვნის, ანუ კვლავ ამპარტავნებაზე დაფუძნებულ ოკულტისტურ რჩეულობის განცდას უბრუნდება.

იმ განსაცდელთაგან, რომლებსაც შესაძლოა სულიერ გზაზე შეხვდეს ოკულტიზმიდან მოსული კაცი, უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: ეშმაკი ცდილობს დაარწმუნოს იგი, რომ მასთან ბრძოლაში დამარცხდა და ახლა სიახლოვეს მიკარებასაც ვეღარ უბედავს, იმის მსგავსად, წმინდა კვიპრიანეს რომ ვერ უბედავდა მიკარებას დემონი. ამ დროს ეშმაკი მხოლოდ დროებით იხევს უკან და იმის ილუზიას უქმნის ადამიანს, რომ იგი უკვე თავისუფალია ვნებებისაგან. ზოგჯერ კაცი იმდენად დარწმუნებულია თავის სულიერ ძალებში, რომ ეშმაკეულთათვის კვეთებულის წაკითხვასაც კისრულობს, ეშმაკი კი ისე იქცევა, თითქოს მისი ლოცვა, წმინდანთა ლოცვის მსგავსად, ცეცხლივით წვავდეს, ჩუმად ქირქილებს, ეშმაკეულის პირით კი ყვირის, რომ ტოვებს თავის მსხვერპლს. მოტყუებული ადამიანი უჯერებს დემონს, სულიერ სიბრმავემდე მიდის და იმ ბინძურ მთხრებლში ვარდება, რომელიც დემონმა გაუთხარა, ანდა თავად ხდება ეშმაკეული.

არის კიდევ განსაცდელი, რომელშიც უმთავრესად შემოქმედებითი ბუნების ადამიანები ვარდებიან. ეს განსაცდელი ცრუ მისტიკა გახლავთ. ადამიანს არ სურს ეკლესიის მიერ მითითებული გზით სიარული. ეს გზა მისთვის გრძელი და მოსაწყენია. მას სურს, რომ „ფრთები შეისხას” და სწრაფად მისწვდეს სულიერ სიმაღლეებს. აქ კვლავ ოკულტიზმის ძველი სული ტრიალებს: „მე სხვა ვარ, ყველა იმისაგან გამორჩეული, ვინც ჩემს გარშემოა. მე შემიძლია ის, რაც სხვას არ ძალუძს". დემონიც ნათლის ანგელოზად აჩვენებს მას თავს და უჩვეულო სულიერ განცდებს ანიჭებს – ანგარიშმიუცემელი სიხარულით აღაგზნებს და ცრუ მისტიკურ განცდებში ხვევს. როგორც ნარკოტიკს, ისე ეჯაჭვება ადამიანი ამ მდგომარეობას და სიცოცხლე ვეღარ წარმოუდგენია მის გარეშე, მადლის მოქმედებად მიიჩნევს მას და თუ ღვთის სასწაულმა და ეკლესიის ლოცვამ არ იხსნა, ვერ ასცდება სულიერ ცთუნებას, იმას, რასაც ღმერთშემოსილი მამები ხიბლს უწოდებენ. ამიტომ გულმხურვალედ ვურჩევთ ჩვენს სულიერ ძმებს, რომლებიც ოკულტური წრეებიდან მოსულან ეკლესიაში, პირველ რიგში სულიერი წინამძღვარი მოძებნონ და გული გადაუშალონ. ეს უკვე პირველი აქტი იქნება სიმდაბლისა, რის შემდეგაც უფალი სულიერ წინამძღვარს საჭირო სიტყვას მიჰმადლებს. საღმრთო მადლს შეუძლია ფეხზე დააყენოს ყველაზე დაცემული ცოდვილი, თუკი იგი გულწრფელად შეინანებს, შეუძლია განკურნოს და ცოდვათა შენდობა მიანიჭოს. მაგრამ ოკულტიზმით გატაცება, ეს დემონური ცოდვა კვალს მაინც ტოვებს, როგორც წინაგანწყობას, როგორც მიდრეკილებას რეციდივებისაკენ. ამიტომ ასეთი ადამიანები სულ მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ. კვლავ ვიმეორებთ – აუცილებელია ყოველგვარი აზრის მოშორება, რომელიც მათ საკუთარი „ინტელექტუალური ელიტარობის” განცდას უღვივებს. პლატონი უდიდესი ფილოსოფოსი იყო, იოანე ღვთისმეტყველი კი უბრალო მეთევზე, მაგრამ პლატონის „დიალოგებიც” კი მტვრის ნამცეცებია იოანეს სახარების ნათლისა და ცეცხლოვანების წინაშე.

 გახსოვდეთ, რომ ეშმაკის დამარცხება არ ძალუძს ადამიანის გონებას და არც მის ძალას, ეშმაკის დამარცხება მხოლოდ საღმრთო მადლითაა შესაძლებელი.

თარგმნა ნანა წერეთელმა  (მონაზონი ნინო †)

 

 

 

მსგავსი სტატიები:

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა