სულთა საჰაერო სამფლობელო
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რომელ სფეროში შედის სული გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ეს ადამიანური ბუნების სრულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ; უნდა განვსაზღვროთ ადამიანის ბუნება დაცემამდე, დაცემის შემდგომი ცვლილებები და აგრეთვე – ადამიანის სულიერ არსებებთან კონტაქტში შესვლის უნარი.
ამ საკითხების ყველაზე უფრო ნათელი მართლმადიდებლური განხილვა ალბათ ეპისკოპოს ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) წიგნში შეიძლება მოვიძიოთ, საიდანაც უკვე მოვიყვანეთ ციტატები, როდესაც ანგელოზებზე მართლმადიდებლური სწავლების შესახებ ვსაუბრობდით (თხზ. კრებ. ტ. III.). ამ წიგნის ერთი თავი მეუფე ეგნატემ მიუძღვნა "სულთა გრძნობადი აღქმის" განხილვას, ანუ ადამიანებთან ანგელოზებისა და ეშმაკების გამოცხადებას.
ქვემოთ ამ თავის ციტირებას მოვახდენთ, სადაც წმიდა მამათა მართლმადიდებლური სწავლებაა გადმოცემული და რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი მამა ნათლად და ზუსტად გვაწვდის.
1. ადამიანის თავდაპირველი ბუნება
"ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ იცნობდა თავის ახლანდელ, უკვე ბუნებრივ ცოდვებს და ხორციელ გრძნობებს (მაკარი დიდის ქადაგებანი, სიტყვა 4). ადამიანის სხეულს გაცილებით უფრო ფაქიზი გრძნობები და შეუდარებლად თავისუფალი მოქმედება ჰქონდა. ადამიანს, ამგვარი სხეულით შემოსილსა და ასეთი გრძნობის ორგანოებით, სულთა გრძნობადი ხილვაც შეეძლო, რომელთა რიგსაც თავად მიეკუთვნება სულით და რომლებთან ურთიერთობის უნარიც შესწევდა; ადამიანს, წმიდა სულების მსგავსად, შეეძლო ღვთის შემეცნება და ღმერთთან ურთიერთობა. წმინდა სხეული მას არ აბრკოლებდა და არც სულთა სამყაროსაგან განაშორებდა. სხეულით მოსილ ადამიანს სამოთხეში ცხოვრების უნარი შესწევდა, სადაც ახლა მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ მკვიდრობა და ისიც მხოლოდ სულით, ხოლო წმინდანთა სხეულები აღდგომის შემდეგ შევლენ სასუფეველში და ეს სხეულები ცოდვით დაცემის დროს შეძენილ სიტლანქეს საფლავებში დატოვებენ; მაშინ ისინი სულიერნი შეიქნებიან, სულის მსგავსნი, მაკარი დიდის თქმით, (სიტყვა 6, თ. 13) და იმ თვისებებს წარმოაჩენენ, რომლებიც მათ შექმნის დროს მიეცათ.[1] ადამიანები მაშინ კვლავ შეუერთდებიან წმიდა სულების კრებულს და აღადგენენ მათთან ურთიერთობას. სულიერი სხეულის მაგალითს ვხედავთ უფალ იესო ქრისტეს სხეულში აღდგომის შემდეგ.
2. ადამიანის ცოდვით დაცემა
დაცემით ადამიანის ხორციც შეიცვალა და სულიც. პირდაპირი გაგებით – დაცემა იმავდროულად მათი სიკვდილიც იყო; ხოლო ხილული და ჩვენგან სიკვდილად წოდებული, სინამდვილეში, მხოლოდ სულის სხეულთან გაყრაა, რომლებიც მკვდრები იყვნენ ადრევე, რადგან განშორდა მათ ჭეშმარიტი სიცოცხლე – ღმერთი. მარადიული სიკვდილით ჩვენ უკვე მკვდრად ვიბადებით! ვერ ვგრძნობთ, რომ მკვდრები ვართ, როგორადაც მკვდრები ვერ გრძნობენ სიკვდილს, მკვდრებისთვის საზოგადო თვისებით! ჩვენი სხეულის სნეულებანი, მატერიალური სამყაროს სხვადასხვა ნივთიერების საზიანო გავლენისადმი დაქვემდებარება, სიუხეშე – ცოდვით დაცემის შედეგია. დაცემის შემდეგ ჩვენი სხეული ცხოველთა სხეულების რანგში შევიდა; იგი თავისი დაცემული ბუნების ცხოვრებით არსებობს. სხეული სულის დილეგი და სამარეა. მძაფრ გამოთქმებს ვიყენებთ, მაგრამ ჯეროვნად ესენიც ვერ გამოხატავენ სულიერი სიმაღლიდან ჩვენი სხეულის ხორციელ ყოფამდე დაცემას. გულმოდგინე სინანულით გვმართებს თავის განწმედა და რაღაც დონით მაინც უნდა განვიცადოთ თავისუფლება და სულიერი მდგომარეობის სიმაღლე, რომ ჩვენი სხეულის გასაჭირი, მისი სიკვდილი გავაცნობიეროთ, რომელიც ღვთისგან განდგომით შეგვემთხვა. სიკვდილის ამ მდგომარეობაში ჩვენი სხეულის გრძნობებს, უკიდურესი სიუხეშისა და სიტლანქის გამო, სულებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ; ისინი მათ ვერ ხედავენ, არ ესმით მათი და ვერც შეიგრძნობენ.
ამგვარად, დაჩლუნგებული ცულიც აღარ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ, თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და თუ მაინც ამჟღავნებენ თავს, ისიც იმისთვის, რომ ჩვენზე ბატონობა განიმტკიცონ. ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ დაცემის შედეგად წმიდა ანგელოზებთან ურთიერთობა ჩვენთვის უჩვეულო გახდა და რომ ამავე მიზეზით შევითვისეთ დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობა, რომელთა რიგსაც სულით მივეკუთვნებით; უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვასა და დაცემაში მყოფ ადამიანებთან გრძნობადი სახით გამოცხადებულები დემონები არიან და არა – წმიდა ანგელოზები. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "ბიწიანი სული წმიდა სასუფეველში და წმინდანთა სულებთან ერთობაში ვერ შედის" (სიტყვა 74). წმიდა ანგელოზები მხოლოდ წმიდა ადამიანებს ეცხადებიან, რომლებმაც წმიდა ცხოვრებით აღადგინეს ღმერთთან და მათთან ურთიერთობა.[2]
3. კონტაქტი დაცემულ სულებთან
დემონები, მარჯვედ ცდუნების მიზნით, ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ნათლის ანგელოზების სახით ევლინებიან და ზოგჯერ იმასაც ცდილობენ, ადამიანად მოაჩვენონ თავი. ეშმაკები ხანდახან მომავალსაც კი წინასწარმეტყველებენ და ზოგჯერ საიდუმლოებსაც ხსნიან, მაგრამ მათი ნდობა არაფრით არ შეიძლება. მათ ჭეშმარიტება სიცრუეში აქვთ არეული. ჭეშმარიტებას დროდადრო იყენებენ ადამიანთა უკეთ ცდუნების მიზნით. წმიდა მოციქულმა პავლემ თქვა: "ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი" (2 კორ. 11,14-15)" (ეპისკოპოსი ეგნატე, თხზ. კრებ. ტ. III, გვ. 7-9).
"ყველა ადამიანისთვის საზოგადო წესია, რომ არაფრით არ ენდოს სულებს, როდესაც ისინი გრძნობადი სახით ევლინებიან; რომ მათთან არ ისაუბროს და არავითარი ყურადღება არ მიაქციოს. სულთა გამოცხადება ადამიანმა უდიდეს და სახიფათო საცდურად უნდა ჩათვალოს. ამგვარ განსაცდელში ღმერთს უნდა მივაპყროთ გული და გონება, ვილოცოთ შეწყალებისა და განსაცდელისგან ხსნისათვის. უდიდესი უგუნურებაა ცნობისმოყვარეობით და მათგან რაიმეს შეტყობის მიზნით სულების ხილვის სურვილი. ამგვარი სურვილი უგუნურებაცაა და მართლმადიდებელი ეკლესიის ზნეობრივი და სამოღვაწეო გადმოცემების სრული უვიცობაც.
სულთა შეცნობა სრულიად სხვაგვარად მოიხვეჭება, ვიდრე ეს გამოუცდელ და გაუფრთხილებელ მჩხრეკელს ჰგონია. გამოუცდელისთვის სულებთან აშკარა ურთიერთობა უდიდესი უბედურებაა ან უბედურების წყაროა.
დაბადების წიგნის ღვთივსულიერი მწერალი ამბობს, რომ ადამიანს პირველი დაცემისას ჯერ კიდევ სასუფევლიდან განდევნამდე დაადო უფალმა სასჯელი: "და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (დაბ. 3,20). წმიდა მამათა განმარტებით (წმიდა იოანე დამასკელი "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წგ. 3. თ. 1) "სამოსელნი ტყავისანი" ნიშნავს ჩვენს უხეშ სხეულს, რომელიც დაცემისას შეიცვალა და დაკარგა პირვანდელი სიფაქიზე და სულიერება, ხოლო შეიძინა აწინდელი სიტლანქე და სიუხეშე. სხეულის ცვლილების მიზეზი თუმცა კი დაცემა იყო, მაგრამ ეს ცვლილება ყოვლადძლიერი შემოქმედის გავლენით, ჩვენდამი მისი გამოუთქმელი წყალობითა და მოწყალებით აღესრულა. სხვათა შორის, ჩვენი სხეულის ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის სასარგებლო შედეგებს შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ სხეულის გაუხეშების დაშვების შედეგად ჩვენ იმ სულების გრძნობადი ხილვა არ შეგვიძლია, რომელთა ტყვეობაშიც ჩავცვივდით. ღვთიურმა სიბრძნემ და მოწყალებამ დადო ზღუდე სამოთხიდან დედამიწაზე გამოდევნილ ადამიანებსა და ზეციდან მიწაზე დაცემულ სულებს შორის – ადამიანის სხეულის მატერიის სიუხეშე. ასე მიჯნავენ მიწიერი მთავარნი ბოროტმოქმედებს ადამიანთა საზოგადოებისგან, რათა თვითნებურად არ ავნონ ამ საზოგადოებას და სხვა ადამიანები არ გარყვნან (წმიდა იოანე კასიანე, საუბარი 8, თ. 12). დაცემული სულები ცოდვილი აზრებისა და განცდების მიწოდებით მოქმედებენ ადამიანებზე; სულთა გრძნობად ხილვას ცოტა ვინმე თუ აღწევს კაცთაგან "(ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 11-12).
სულთა სამყაროსაგან სხეულით გამიჯნული და შემოზღუდული სული თანდათან სრულყოფს საკუთარ თავს საღვთო სჯულის სწავლით ანუ ქრისტიანობის შესწავლით და ბოროტისა და კეთილის გარჩევის უნარს იძენს. მაშინ მას სულთა სულიერი ხედვის ნიჭი ეძლევა და თუ ეს ხედვა ღვთის განგების შესაბამისი აღმოჩნდება, მაშინ მას სულთა გრძნობადი ხედვაც მიენიჭება, რადგან მისთვის ხიბლიც და საცდურიც უკვე ნაკლებსაშიში იქნება, ცოდნა და გამოცდილება კი – სასარგებლო. ხილული სიკვდილის დროს, სულისა და სხეულის გაყრისას, ჩვენ კვლავ სულთა საზოგადოებაში შევდივართ. აქედან ცხადი ხდება, რომ სულთა სამყაროში კეთილად შესვლისთვის აუცილებელია საღვთო მცნებებით დღენიადაგ საკუთარი თავის სრულყოფა, და რომ სწორედ ამ სრულყოფისთვის მოგვეცა ჩვენ გარკვეული დრო, რომელსაც ღმერთი განუწესებს ყოველ ადამიანს მიწაზე სამოგზაუროდ და ამ მოგზაურობას ჰქვია ამქვეყნიური ცხოვრება.
4. გრძნობათა გახსნა
ადამიანი გრძნობათა რამდენადმე ცვლილებით სულთა ხედვის უნარს იძენს, რაც მისთვის შეუმჩნევლად და გაუგებრად ხდება. იგი საკუთარ თავს ამჩნევს, რომ უეცრად იმის ხედვას იწყებს, რასაც უწინ ვერ ხედავდა და რასაც სხვები ვერ ხედავენ; იმის სმენას იწყებს, რაც ადრე არ ესმოდა. გრძნობათა ამგვარი ცვლილების განმცდელისთვის ეს მეტად მარტივი და ბუნებრივია, თუმცა კი მისთვისაც და სხვებისთვისაც ამოუხსნელია, ხოლო გამოუცდელისთვის უჩვეულო და გაუგებარია. ყველასათვის ცნობილია, მაგალითად, რომ ადამიანებს ძილის უნარი აქვთ, მაგრამ როგორი მოვლენაა ძილი, როგორ გადავდივართ შეუმჩნევლად ფხიზელი მდგომარეობიდან ძილისა და თავდავიწყების მდგომარეობაში – ჩვენთვის საიდუმლოდ რჩება. გრძნობათა ცვლილებას, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობით კავშირში შედის უხილავი სამყაროს არსებებთან, წმიდა წერილში გრძნობათა განხუმა (გაღება, გახსნა) ეწოდება. "და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისაჲ მდგომარე წინაშე ვირსა და მახვილი ხდილი ხელთა შინა მისთა" (რიცხვთა 22,31). მტრით შემოჯარულმა წინასწარმეტყველმა ელისემ თავისი შეშინებული მსახურის დასამშვიდებლად ილოცა და თქვა: "უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა" (IV მეფეთა 6, 17-18) (იხ. აგრეთვე ლუკ. 24,16-31).
წმიდა წერილის ეს მუხლები ცხადყოფენ, რომ სხეულის გრძნობები ერთგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და – ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია, რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები – დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრნენ და არ დაგვღუპონ. ეს ღონისძიება მით უფრო აუცილებელია, რომ ცოდვით დაცემით ჩვენ ბოროტი სულების გარემოცვაში, მათს ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვენში შემოჭრის გზა რომ არა აქვთ, ისინი გარედან გვახსენებენ თავს და ნაირგვარი ცოდვილი აზრები თუ ოცნებები შემოაქვთ რითაც გულუბრყვილო სულს თავისთან ურთიერთობისთვის იზიდავენ. დაუშვებელია, რომ ადამიანმა ღვთის განგებულება უარყოს და ღვთის დაშვებით და არა ღვთის ნებით, საკუთარი ძალებით გახსნას თავისი გრძნობები და სულებთან ხილულ ურთიერთობაში შევიდეს; მაგრამ ასეც ხდება. ცხადია, რომ საკუთარი ძალებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება ურთიერთობის მიღწევა. წმიდა ანგელოზებისთვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელი, ღვთისთვის არასათნო საქმეებში მონაწილეობა. რა ხიბლავთ ადამიანებს სულებთან გახსნილ ურთიერთობაში? დაუფიქრებელი და ქრისტიანული ღვაწლის უცოდინარი ადამიანები ცნობისმოყვარეობით იხიბლებიან; მათ არ სწამთ, არ იციან და არ ესმით, რომ ამგვარი ურთიერთობით შესაძლოა დიდად ავნონ საკუთარ თავს" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 13-14).
"მცდარია ის აზრი, რომ სულების გრძნობადი ხილვა განსაკუთრებული მნიშვნელობის რამეს შეიცავს. გრძნობადი ხილვა სულიერების გარეშე, სულიერებაზე საჭირო ცოდნას არ იძლევა, არამედ იძლევა მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას და ადვილად შესაძლებელია – ყველაზე მცდარი შეხედულებებიც წარმოშვას. პატივმოყვარეობით შეპყრობილებს კი სწორედ ასე ემართებათ. სულების სულიერ ხილვას მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღწევენ, ხოლო სულთა გრძნობადი ხედვის უნარი, მეტწილად, ყველაზე უზნეო ცხოვრების ადამიანებს აქვთ... ხოლო მცირედს თუ ეცხადებიან სულები, ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო. ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი არ გაიკიცხება, მაგრამ მსგავს, მეტად საშიშ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მან დიდი გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს. ჩვენს დროში მრავალი ადამიანი აძლევს თავს უფლებას, ურთიერთობა დაამყაროს სულებთან მაგნეტიზმისა და სპირიტიზმის საშუალებით; მათ დაცემული სულები, ჩვეულებრივ, ნათლის ანგელოზების სახით ეცხადებიან, სხვადასხვა საინტერესო ზღაპრით ხიბლავენ და ტყუილ-მართალს ურევენ – ყოველთვის უკიდურეს სულიერ და გონებრივ აშლილობას შეამთხვევენ" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 19).
"ამიტომ თავზე წარმოდგენას ნურავინ შეიქმნის, როდესაც გრძნობადად სულებს და თვით ანგელოზებსაც კი იხილავს; ეს ჩვენება ცალკე, თავისთავად, მისი მნახველის ღირსებას სრულებით არ მოწმობს: ეს არა მარტო უზნეო ადამიანებს, არამედ თვით უტყვ ცხოველებსაც კი შეუძლიათ" (რიცხვთა 22,23;) (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 21).
5. სულებთან კონტაქტის საშიშროება
"გრძნობადი თვალით სულების ხილვას ყოველთვის მოაქვს დიდი ან მცირე ზიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სულიერი ხედვა არა აქვთ. აქ, დედამიწაზე, ჭეშმარიტების სახეები სიცრუის სახეებთანაა აღრეული (წმიდა ისააკ ასური, სიტყვა 2), როგორც ქვეყანაში, რომელშიც სიკეთე ბოროტებასთან არის არეული, ანუ ქვეყანაში, რომელიც დაცემულ ანგელოზთა და დაცემულ კაცთა განდევნის ადგილია" (ეპ. ეგნატე, გვ. 23).
"სულების გრძნობადად მხილველი ადვილად შეიძლება შეცდეს თავის საზიანოდ და დასაღუპად. ხოლო თუ იგი, სულთა ხილვისას, მათდამი ნდობას ან გულუბრყვილობას გამოიჩენს, მაშინ უთუოდ ცდუნდება, უსათუოდ მოიხიბლება, გამოუცდელისთვის ამოუხსნელი ხიბლის ბეჭდით აღიბეჭდება – საკუთარ სულში საშინელი ზიანის ბეჭდით; ამასთანავე, ხშირად ისპობა გამოსწორებისა და ხსნის საშუალებაც. ეს ბევრს, ძალიან ბევრს ემართება. ამგვარად არა მარტო წარმართებს მოსვლიათ, რომელთა ქურუმებიც, მეტწილად, დემონებთან იყვნენ კავშირში, და არა მხოლოდ ქრისტიანულ საიდუმლოებებში გაუთვითცნობიერებელი მრავალი ქრისტიანი ცდუნებულა მსგავსად და გარკვეულ გარემოებათა გამო სულებთან ურთიერთობაში შესულა, არამედ მრავალი მოღვაწე და მონაზონიც ცდუნებულა, ვისაც სულიერი ხედვა არ ჰქონდა მოხვეჭილი და გრძნობადად იხილა სულები.
სულიერ სამყაროში სწორი, კანონიერი შესვლა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული მოღვაწეობით მოიხვეჭება. ყველა სხვა საშუალება უკანონოა და უარსაყოფი, რამდენადაც უჯერო და დამღუპველია. ქრისტეს ჭეშმარიტ მოღვაწეებს ღმერთი თავად წარმართავს სულთა ხილვაში, მაშინ ჭეშმარიტებას განეშორება მოჩვენებითი ჭეშმარიტება. და როცა ღმერთი წარმართავს, მაშინ ენიჭება მოღვაწეს სულთა სულიერი ხილვა, რომლითაც ზუსტად და ზედმიწევნით მჟღავნდება მის წინაშე სულთა თვისებები. მხოლოდ ამის შემდეგ ენიჭება ზოგიერთ მოღვაწეს სულთა გრძნობადად ხილვა, რომლითაც სულიერი ხედვით მოპოვებული სულთა შემეცნების სრულყოფა ხდება" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 24).
6. ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა
მეუფე ეგნატეს წმიდა ანტონის ცხოვრებიდან მოჰყავს პრაქტიკული რჩევები ქრისტიანი მოღვაწეებისთვის, მასზედ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი სულთა გრძნობად აღქმასთან მიმართებაში (წმიდა ანტონის ცხოვრება, რომელიც წმიდა ათანასემ აღწერა, ერთხელ უკვე მოვიხსენიეთ, როგორც ჩვენი ცოდნის ძირითადი წყარო ეშმაკთა საქმიანობის შესახებ). წმიდა ანტონის რჩევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის, ვისაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება სურს ჩვენს დროში, როდესაც სულთა გრძნობადი აღქმა ბევრად უფრო გავრცელებულია (რომლის მიზეზთა ახსნასაც ქვემოთ შევეცდებით). წმიდა ანტონი გვასწავლის:
"ხოლო თქვენი უსაფრთხოებისთვის უნდა უწყოდეთ შემდეგი: როცა რაიმე ჩვენება წარმოგიდგება, არ შეშინდე, არამედ როგორიც არ უნდა იყოს ეს ხილვა, პირველ ყოვლისა, მხნედ ჰკითხე: ვინა ხარ შენ და საიდან? და თუ ეს წმინდანთა გამოცხადება იქნება, მაშინ ისინი დაგამშვიდებენ და შიში სიხარულით შეგეცვლება. ხოლო თუ გამოცხადება ეშმაკთაგანაა, შენს სულში სიმტკიცეს რომ წააწყდებიან – უმალ შეყოყმანდებიან, რადგან კითხვა: "ვინა ხარ შენ და საიდან" სულის შეუპოვრობაზე მიანიშნებს. ისუ ნავემ ამგვარი კითხვა რომ დასვა (ისუ ნავ. 5,13), ჭეშმარიტებაში დარწმუნდა, ხოლო დანიელს – მტერი ვერ დაემალა (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 43-44).
ეპისკოპოსი ეგნატე გვიამბობს, რომ ერთხელ კინაღამ წმიდა სვიმეონ მესვეტეც კი აცდუნა ეშმაკმა, როდესაც მას ანგელოზის სახით გამოეცხადა ცეცხლოვან ეტლზე ამხედრებული (წმინდანთა ცხოვრება, 1 სექტ.). მეუფე ეგნატე თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს აფრთხილებს, რომ "თუკი წმინდანებსაც კი ცდუნების ამგვარი საშიშროება ემუქრებოდათ მაცდური სულებისგან, მაშინ ჩვენთვის ეს საფრთხე უფრო საზარელია; თუკი წმინდანებიც კი ყოველთვის ვერ ცნობდნენ დემონებს, რომლებიც წმინდანების და თვით ქრისტეს სახითაც კი ევლინებოდნენ მათ, მაშინ ჩვენს თავზე როგორღა უნდა ვიფიქროთ, რომ შეუცდომლად ვიცნობთ მათ? სულებისგან ხსნის მხოლოდ ერთი საშუალება არის ის, რომ გადაჭრით უარვყოთ ჩვენებები და მათთან ურთიერთობა; ამგვარი ჩვენებებისა და ურთიერთობებისთვის ჩვენი უძლურება უნდა ვაღიაროთ.
ქრისტიანული მოღვაწეობის წმიდა მოძღვრები... ღვთისმოსავ ქრისტიანებს უანდერძებენ, რომ არავითარ სახეს თუ ჩვენებას არ ენდონ; თუკი ისინი უეცრად წარმოუდგებიან, არ გააბან მათთან საუბარი და არავითარი ყურადღება არ მიაქციონ. წმიდა მამები მცნებად გვიწესებენ, რომ ამგვარი ჩვენებების დროს პირჯვრის გადაწერით მოვიზღუდოთ თავი, თვალი ავარიდოთ და საკუთარი უღირსების მტკიცე შეგნებითა და წმიდა სულების ხილვის უძლურების აღიარებით ვილოცოთ ღვთისადმი, რათა უფალმა დაგვიფაროს ყოველგვარი ტანჯვისა და ცდუნებისაგან, რომელსაც ცბიერად გვიწყობს ბოროტი სული, რომელიც ადამიანთა მიმართ უკურნებელი სიძულვილითა და შურით არის დასნეულებული" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 45-46).
შემდგომ ეპისკოპოს ეგნატეს ღირსი გრიგოლ სინაელის ციტატა მოჰყავს: "არასგზით არ მიიღო, თუკი გრძნობით ან გონებით რაიმეს იხილავ შენში ან შენ გარეთ. თუნდაც ქრისტეს, ანგელოზის ან წმინდანის სახე იხილო, ან თუ გონებაში წარმოგესახოს სინათლე – არ ენდო: რადგან გონებას თავადაც ახასიათებს ბუნებრივად მეოცნებეობა და იგი მარჯვედ ქმნის სახეებს სურვილისამებრ, რაც იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც მკაცრი ყურადღებით არ ეკიდებიან საკუთარ თავს, რითაც ისინი თავადვე ზიანდებიან..." (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 47-49).
დასკვნა
ეპისკოპოსი ეგნატე გვასწავლის: "სულთა სამყაროში სწორად შესვლის ერთადერთი გზა – ქრისტიანული მოღვაწეობაა" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 53).
"თავის დროზე, რომელიც მხოლოდ ღმერთმა განაწესა და რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩვენ უეჭველად შევალთ სულთა სამყაროში. ეს დრო ყველა ჩვენგანისთვის ახლოა! დაე, ყოვლადმოწყალე ღმერთმა მოგვმადლოს ჩვენ მიწიერი ცხოვრების იმგვარად აღსრულება, რომ ამქვეყნადვე გავწყვიტოთ დაცემულ სულებთან კავშირი და წმიდა სულებთან დავამყაროთ ურთიერთობა, რათა სხეულთან განშორების ჟამს წმიდა სულთა თანა შევირაცხოთ და არა – განდევნილ სულებთან" (ეპისკოპოსი ეგნატე, გვ. 67).
ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის ეს ასი წლის წინანდელი სწავლება, სრულიად შესაძლებელი იყო ჩვენს დროშიც დაწერილიყო – იმდენად ზუსტად გადმოგვცემს იგი დღევანდელ სულიერ განსაცდელებს, როდესაც "აღქმის კარი" (ამ დარგში ერთ-ერთი ექსპერიმენტატორის, ოლდოს ჰაქსლის მიერ გავრცელებულ ფრაზას ვიყენებთ) ისე ფართოდ გაიღო, როგორზეც ეპისკოპოს ეგნატეს დროს არც კი ოცნებობდნენ.
ეს სიტყვები კომენტარს არ საჭიროებს. გულისხმიერმა მკითხველმა ალბათ უკვე შეუსაბამა იგი "სიკვდილშემდგომ" მდგომარეობებს, რომელთაც ჩვენ ამ ფურცლებზე აღვწერთ და მიხვდა, თუ რაოდენ სახიფათოა ადამიანის სულისთვის ეს გამოცდილებები. ვისთვისაც ცნობილია ეს მართლმადიდებლური სწავლება, არ შეიძლება, შიშითა და ძრწოლით არ უყურებდეს იმ დაუდევრობას, რომლითაც თანამედროვე "ქრისტიანები" მინდობიან ხილვებსა და მოჩვენებებს, რაც ახლა სულ უფრო გავრცელდა. ამ მინდობის მიზეზი ნათელია: რომაულმა კათოლიციზმმა და პროტესტანტობამ, რომლებიც მრავალი საუკუნეა მართლმადიდებლურ სწავლებას და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მოსწყდნენ, სულთა სამყაროს ნათლად გარჩევის ყოველგვარი უნარი დაკარგეს. მათთვის სრულიად უცხო გახდა ყველაზე არსებითი ქრისტიანული თვისება – საკუთარი "კეთილი" აზრებისა და გრძნობებისადმი უნდობლობა. შედეგად – "სულიერი" გამოცდილებები და ჩვენებები დღეს უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მთელი ქრისტიანული ეპოქის რომელიმე სხვა პერიოდში, ხოლო ამ ფაქტის ასახსნელად გულუბრყვილო კაცობრიობა მზადაა, რომ სულიერი სასწაულების "ახალი ეპოქის" ან "სულიწმიდის ახალი მოფენის" თეორია მიიღოს.
კაცობრიობა სულიერად იმდენად გაღატაკდა, რომ მართალია თავს "ქრისტიანულ საზოგადოებად" მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკისეულ "სასწაულთა" საუკუნისთვის ემზადება. სწორედ ეს არის უკანასკნელი ჟამის მოახლოების ნიშანი (გამოცხ. 16,14).
უნდა დავამატოთ, რომ თვით მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას თეორიულად ფლობენ, იშვიათად აცნობიერებენ ამას და ხშირად არამართლმადიდებლებივით ადვილად ცდუნდებიან. დადგა დრო, რომ ეს სწავლება იმათ დაიბრუნონ, ვისაც იგი წარმოშობით ეკუთვნის.
ვინც ამჟამად თავის "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებებს აღწერენ, აჩვენებენ, რომ ისევე ენდობიან თავიანთ გამოცდილებას, როგორც წარსულში – ნებისმიერი თავგზაარეული ადამიანი; ამ საკითხზე არსებულ მთელ თანამედროვე ლიტერატურაში ძალიან ცოტაა შემთხვევა, როცა სერიოზულად ისმის კითხვა – ხომ არ შეიძლებოდა, რომ განცდილის თუნდაც ნაწილი ეშმაკისაგან ყოფილიყო? მართლმადიდებელი მკითხველი, რაღა თქმა უნდა, დასვამს ამ კითხვას და ამ შემთხვევების ახსნას მართლმადიდებელი მამებისა და წმინდანების სულიერი სწავლების შუქზე შეეცდება.
ახლა გავაგრძელოთ და ვნახოთ, კონკრეტულად მაინც რა ემართება სულს, როცა იგი სიკვდილის შემდეგ სხეულს ტოვებს და სულთა სამყაროში შედის.
თარგმნა მარიამ ნიაურმა
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზის წიგნიდან „სული გარდაცვალების შემდეგ“.
[2] მაგრამ, იშვიათ შემთხვევაში, ღვთის განსაკუთრებული განზრახვით, წმიდა ანგელოზები ცოდვილებსა და ცხოველებსაც კი ევლინებიან, როგორც ამას ქვემოთ შენიშნავს ეპისკოპოსი ეგნატე.
|