martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

ე) არის თუ არა წინააღმდეგობა მამათა სწავლებებში?

„მოწყალენი“ ამბობენ, რომ წმიდა მამები ზოგჯერ ტანჯვის მარადიულობაზე საუბრობენ, ზოგჯერ კი მის სასრულობაზე, და ისეთ მამებსაც კი სწამებენ ცილს, რომლებიც თავიანთ სწავლებებში სრულიად ცხადად და გულმოდგინედ ამხელდნენ ამ ცდომილებას. როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ წმინდანები ხან მწვალებლობას ქადაგებდნენ, ხან კი ამას სატანურ, დამღუპველ, ცოდვისკენ მიმდრეკ აზრს უწოდებდნენ? სინამდვილეში ვხედავთ, რომ ტენდენციური ახსნა-განმარტებებით ხდება ეკლესიის სწავლების უცოდინართა ცდუნება, რომლებიც განსწავლული, მაგრამ შეცდომილი „ავტორიტეტების“ მჭევრმეტყველებით იხიბლებიან და სიცრუეს იჯერებენ. 

„მოწყალენი“ ხშირად ახსენებენ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვას, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე იკითხება, სადაც ნათქვამია: „...ჯოჯოხეთი განქარდა, მოიკლა, დაიმხო... სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ...“; ასევე დიდი შაბათის კანონის მეექვსე გალობის სიტყვებს: „მეუფებდა ჯოჯოხეთი პირველ ნათესავსა ზედა ჩუენსა, არამედ არა დაადგრა...“. ამ და მსგავსი ციტატებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა აღარ იქნება. არადა, ადვილი მისახვედრია, რომ ეს და ამგვარი ციტატები ეკლესიის სწავლებას კი არ უნდა დავუპირისპიროთ, არამედ უნდა განვმარტოთ წმიდა წერილისა და წმიდა მამების სწავლებების მოხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიტყვებს განუსჯელად მივიღებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯოჯოხეთი და მასში ტანჯვა უკვე აღარ არსებობს და ყველა გარდაცვლილი ნეტარებაში მიდის, რასაც „მოწყალენიც“ არ ამბობენ. ასეთი აზრი წმიდა წერილს აშკარად ეწინააღმდეგება. წმ. იოანე მახარებლის გამოცხადებაში ვკითხულობთ: „და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა... და ვიხილენ მკუდარნი მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნენ მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა... და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყუნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თვისთა. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. და რომელი არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20, 11-15). თვითონ წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში გარკვევით საუბრობს ამ საკითხზე: „მხოლოდ აწინდელი ცხოვრებაა მოღვაწეობის ჟამი, ხოლო სიკვდილის შემდეგ – სამსჯავრო და სასჯელი. „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ“ (ფსალმ. 6,6)? რითი შეიმუსრნენ „ბჭენი რვალისანი“ და დაიმსხვრნენ „მოქლონნი რკინისანი“ (ფსალმ. 106,16)? ქრისტეს სხეულით. მაშინ პირველად გამოჩნდა უკვდავი სხეული და სიკვდილის მეუფება შემუსრა. თუმცა ეს მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ მის მიერ სიკვდილის ძალაა შემუსვრილი და არა იმას, რომ მის მოსვლამდე აღსრულებულთა ცოდვებია აღხოცილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მან გეენიდან ყველა მანამდე მომკვდარი გაათავისუფლა, რატომღა თქვა: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ“ (მათ. 11,24)? ამით მიანიშნა, რომ ისინიც, თუმცაღა ნაკლებად, მაგრამ დაისჯებიან“.88

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა მამებთან არის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც კონტექსტის გარეშე შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ე.წ. „აპოკატასტასისის“ დამადასტურებული, მაგრამ, თუ მიუკერძოებლად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ არც ერთი მათგანი არ საუბრობს საშინელი სამსჯავროს შემდეგ წარწყმედილთა ტანჯვის დასრულების შესახებ, თუ არ ჩავთვლით წმ. გრიგოლ ნოსელის ნაწერებში არსებულ გამონათქვამებს. მაგალითად, „მოწყალეები“ ხშირად იმოწმებენ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამს ოცდამეცხრამეტე სიტყვიდან: „ესენი უკუე ჰნებავს თუ, ჩუენსა გზასა და ქრისტესსა, ხოლო ესე თუ არა, თვისსა ვიდოდედ. ნუუკუე და, მუნ ნათელ-იღონ ცეცხლითა დასასრულისა ნათლისღებითა, უსატკივარესითა და უგანგრძობილესითა, რომელი თივებრ შეშჭამს ნივთსა და განჰლევს ყოვლისა სიბოროტისა სისუბუქესა“ (წმ. ეფრემ მცირის თარგმანი).89 თითქოსდა აქ იგულისხმებოდეს ცოდვილთა ტანჯვის დასრულება. თუმცა, როდესაც ძნელად გულისხმისსაყოფელ გამონათქვამთან გვაქვს საქმე, სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანთ, უნდა გავარკვიოთ ავტორის შეხედულება სხვა სწავლებებიდან გამომდინარე. ადვილი სანახავია, რომ წმ. გრიგოლი არაერთგზის პირდაპირ და ცხადად საუბრობს ცოდვილთა ტანჯვის დაუსრულებლობაზე; მეტიც, მეორმოცე სიტყვაში ამავე ცეცხლზე ამბობს: „მერმე ამათსა უსაშინელესი (ცეცხლი), რომელი-იგი დაუძინებელსა მატლსა თანადაწესებულ არს, არა დაშრეტადსა, არამედ ბოროტთა თანა საუკუნო ყოფადსა. რამეთუ ესე ყოველნი უჩინომყოფელისა ძალისანი არიან, ნუუკუე და აქაცა მისი უკაცთმოყუარესობაჲ იხილვების ღირსებითითა მტანჯველობითა“ (წმ. ეფრემ მცირის თარგმანი)“;90 „და კუალად ამათსა უსაშინელესი იგი (ცეცხლი), რომელი მატლსა მას თანა უძილოსა შეყოფილ არს, რომელი არა ოდეს დაშრტების, არამედ საუკუნო არს ცოდვილთათვის. რამეთუ ესე ყოველი ძალისა მის განმხრწნელისაჲ არს, დაღაცათუ ესეცა სახე არს კაცთმოყუარებაჲ მისისაჲ და ღირსი მისისა სახიერებისაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანი).91

როგორც ცნობილია, წმ. ეფთვიმე, როდესაც საჭიროდ თვლიდა, თარგმნიდა არა სიტყვასიტყვით, არამედ განმარტებითად, რომ მკითხველისთვის გაეადვილებინა აზრის სწორად გაგება. ზემოთ მოყვანილი გამონათქვამიც (ოცდამეცხრამეტე სიტყვიდან) მან ამგვარად თარგმნა: „ესენი უკუე ენების თუ, გზასა ამას ჩუენსა და ქრისტესსა ვიდოდინ და კეთილად წარემართოს, უკუეთუ არა ჰნებავს, თვისსა გზასა ვიდოდინ. მერმესა მას სამსჯავროსა ნათელ-იღონ ცეცხლითა, სასტიკითა მით და უშრეტითა, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: ბზე იგი დაიწუას ცეცხლითა უშრეტითა“.92 გარდა ამისა, წმ. იოანე დამასკელი გარკვევით საუბრობს სწორედ ამავე ნათლისღების შესახებ და გვიხსნის წმ. გრიგოლის გამონათქვამში არსებულ ძნელად გულისხმისსაყოფელ სიტყვებს: „მერვე (ნათლისღება) – დასასრულისა იგი, არა საცხორებელი, არამედ უკეთურებისა ვიდრემე მომსპობელი, რამეთუ არღარა მოქალაქობენ ცოდვაჲ და უკეთურებაჲ, ხოლო მტანჯველი – დაუსრულებელად“.93

ასეთივე მდგომარეობაა სხვა არაერთ გამონათქვამთან დაკავშირებით, რომლებსაც „მოწყალენი“ იმოწმებენ თავისი ცრუმოძღვრების დასამტკიცებლად. ვნახოთ, სინამდვილეში რას ქადაგებდნენ და როგორ ამხელდნენ ნეოორიგენისტულ სიცრუეს „მოწყალეთა“ მიერ შეურაცხყოფილი მამები.

წმ. ათანასე დიდი

იმავე წმიდა წერილიდან შეიტყობ ქრისტეს დიდებული და ჭეშმარიტად ღვთაებრივი მეორედ მოსვლის შესახებაც, როცა ქრისტე მოვა არა შეურაცხყოფილი, არამედ თავისი დიდებით, არა სიმდაბლით, არამედ მისთვის თვისობრივი დიდებით, მოვა არა ვნებისთვის, არამედ რათა საბოლოოდ მიაგოს ყველას თავის ჯვრის ნაყოფი, აღდგომა და უხრწნელება. და უკვე ის კი არ განისჯება, არამედ თვითონ განსჯის ყველას, „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5,10), თავისი იმ მოსვლის დროს, რომელშიაც კეთილთათვის გამზადებულია ცათა სასუფეველი, ხოლო ბოროტის მოქმედთათვის – საუკუნო ცეცხლი და ბნელი გარესკნელი.94

 

„ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუა სიტყუაჲ ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათ. 12,31-32).

აქ ჯეროვანია მოვიყვანოთ მოციქულის სიტყვები: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3,6). რამეთუ თუკი საღმრთო წერილში ბევრ რაიმეს სიტყვასიტყვით გავიგებთ, უსჯულო გმობაში ჩავვარდებით. ასეთია ზემოთ მოყვანილი უფლის ნათქვამიც. თუკი ამ ნათქვამს პირდაპირი აზრით მივიღებთ, არა მხოლოდ უსჯულო აზრებამდე მივალთ, არამედ იმასაც აღმოვაჩენთ, რომ უფალი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. რადგან, თუკი „რომელმან თქუა სიტყუაჲ ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას“, მაშინ რატომ თქვა თვითონ ძემ: „რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა“ (ლუკ. 12,9)? და კვლავ, თუკი: „ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა“, რატომ ვაგებთ პასუხს უქმი სიტყვის გამოც (მათ. 12,36)? რატომაა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5,22)? რატომ ამბობს პავლეც: „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, ...არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, ...არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10)? და თუკი ეს ყოველივე ასეა, მითხარი, რატომაა: „ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა“? და კვლავ, თუკი ეს უკანასკნელი სიმართლეა, მაშ რაღატომაა დადანაშაულებული საცოდავი ორიგენე, რომელიც ქადაგებდა, რომ ტანჯვა დასრულდება და ღმერთი ყველა ცოდვას მიუტევებს ადამიანებსაც და ეშმაკებსაც? და კიდევ, თუკი სული წმიდის გმობა მიუტევებელია, რისთვის კიცხავს ეკლესია ნოვატს, რომელიც სინანულს უარყოფდა? ... მათ, ვინც გმობს სული წმიდას, ანუ გმობს ქრისტეს ღვთაებრიობას და ამბობს, რომ: „ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა“ (ლუკ. 11,15), მათ „არა მიეტეოს არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“. საჭიროა იმის შენიშვნა, რომ ქრისტეს არ უთქვამს: არ მიეტევება მას, ვინც გმობდა და მოინანია, არამედ – მგმობელს, ანუ მას, ვინც გმობაში რჩება. რამეთუ ჯეროვანი სინანული განხსნის ყველა ცოდვას ... სული წმიდის გმობა არის ურწმუნოება და მიტევების მისაღებად არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ირწმუნო; და უღმერთობისა და ურწმუნოების ცოდვა არ მიეტევება არც აქ, არც მომავალ საუკუნეში.95

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.96

 

ჩვენ (მწყემსებს), როდესაც იმ საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ დავკარგავთ ნეტარი და უკვდავი სულის ცხონებას, რომელიც ან სამუდამოდ დაისჯება ბიწიერების გამო, ან განდიდდება სათნოების გამო; როგორი მოღვაწეობა გველის და როგორი ცოდნა გვჭირდება, რომ სხვებსაც კარგად ვუმკურნალოთ და თავიც განვიკურნოთ, რომ გამოვასწოროთ ცხოვრების წესი და თიხა (ხორცი, სხეული) სულს დავუმორჩილოთ.97

წმ. იოანე ოქროპირი

ქრისტემ გამოგვიცხადა ჩვენ, რომ ამ ცეცხლს არა აქვს დასასრული: „მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკ. 9,46). ვხედავ, რომ ძრწით ამის გამგონე; მაგრამ რა ვქნათ? ღმერთი ბრძანებს, გამუდმებით ვაუწყებდეთ ამას. ამბობს: „მიუთხრენ ერსა ჩემსა“ (ეს. 58,1). ჩვენ დადგენილი ვართ სიტყვით მსახურებისთვის, ამიტომ საჭიროა მსმენელებს უსიამოვნოც ვუთხრათ; თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ საჭიროა.98

 

თუკი ვიტყვი, რომ „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44); თუკი ვიტყვი, რომ წავლენ მარადიულ ცეცხლში; თუკი მივუთითებ მდიდარზე, რომელიც უკვე დაისაჯა, – თქვენ იტყვით, რომ ეს მხოლოდ მუქარაა. რით დაგარწმუნოთ? ჭეშმარიტად, ეს სატანური აზრია, რომელიც ამაო ალერსით უზრუნველობაში აგდებს! ...წარღვნამდელი ადამიანებიც მრავალ ამისთანას ამბობდნენ, და ასი წლის განმავლობაში, როცა კიდობანი შენდებოდა, ხეები იკვრებოდა და მართალი (ნოე) ქადაგებდა, არავინ მოიძებნა ისეთი, ვინც ირწმუნებდა. მაგრამ რადგან მათ არ დაიჯერეს სიტყვიერი მუქარა, საქმით განიცადეს სასჯელი. ასევე დაგვემართება ჩვენც, თუკი არ ვირწმუნებთ. ამიტომაც ადარებს უფალი თავის (მეორედ) მოსვლას ნოეს დღეებს: იმის მსგავსად, როგორც იმ წარღვნისა არ სჯეროდათ ზოგიერთებს, დღესაც მრავალს არ სჯერა გეენის წარღვნისა.99

 

როდესაც დადგება განსაზღვრული დღე, დაიდგმება საყდარი, დაჯდება მსაჯული, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას (დან. 7,10) და მოგვეთხოვება პასუხი ჩვენი საქმეებისთვის. მაშინ ვეღარავინ გამოითხოვს ჩვენთვის შეწყალებას... ცოდვილები აუცილებლად დაექვემდებარებიან მარადიულ სასჯელს, მართალნი კი ჯილდოებს ეღირსებიან. ხოლო ის, რომ არც ერთს და არც მეორეს დასასრული არ ექნება, გამოგვიცხადა ქრისტემ, როდესაც თქვა, რომ როგორც ცხოვრება იქნება საუკუნო, ასევე სასჯელიც იქნება საუკუნო. როდესაც მან შეაქო მარჯვნივ მდგომნი და დასაჯა მარცხნივ მდგომნი, დაამატა: „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46).100

 

იმასთან დაკავშირებით, რომ გეენა დროებითი არაა, მოისმინე, რას ამბობს აქ პავლე იმ ხალხზე, ვინც არ იცის ღმერთი და ვისაც არ სწამს სახარება: „საშჯელი მოეხადოს, მომსრველი საუკუნოჲ“ (2 თესალ. 1,9).101

წმ. ეფრემ ასური

ნეტარ არიან წმიდანი და მართალნი! მათ ებრძანებათ შესვლა სიცოცხლეში, სიხარული და ნეტარება ღმერთთან მარადიულ სასუფეველში... მაგრამ ვაი ბოროტებსა და უსჯულოებს! ისინი თავიანთი საქმეების სასჯელად სატანასთან ერთად დაიტანჯებიან.

... ვინც მშივრებს თავის პურს არ უნაწილებდა, არ განუსვენებდა გაჭირვებით დატანჯულს, ის იღაღადებს ტანჯვით და არავინ გაიგონებს, არავინ განუსვენებს მას.

... ვისაც აქ ურცხვი სიძვა-მრუშობის გულისთქმა განახურვებდა, ის სატანასთან ერთად მარადიულად დაიწვება გეენაში.102

 

 „რომელთა-იგი საშჯელი მოეხადოს“, თანაც არა დროებითი, – რადგან ის საუკუნე არ იქნება დროებითი, – არამედ „მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა“ ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც მათგან გაკიცხვა მოითმინა და შეურაცხყოფა განიცადა... როდის დაემართებათ ეს ცოდვილებს? „რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკვირველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა“ (2 თესალ. 1, 9-10), ანუ როდესაც მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან ცათა შინა და მორწმუნენი თავიან საკვირველ ჯილდოს მიიღებენ.103

 

თავს ნუ მოვიტყუებთ, ძმანო! არის სამსჯავრო და მარადიული ტანჯვა, და ცეცხლი უშრეტი (მარკ. 9,43-44), და მატლი უკვდავი (მარკ. 9,46), და ბნელი გარესკნელი (მათ. 8,12), და ტარტაროზი (2 პეტრ. 2,4), და კბილთა ღრჭენა და ტირილი (ლუკ. 13,28), როგორც ამ ყოველივეს შესახებ გვახსენებს უფალი სახარებებში! ის არ ცრუობს: „ცანი და ქუეყანაჲ წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარხდენ“ (მათ. 24,35).104

წმ. ეპიფანე კვიპრელი

ამ ჩვენს წმიდა დედა ეკლესიას სწამს... რომ მკვდრეთით აღდგომა, მარადიული სასჯელი, ცათა სასუფეველი, მართალთა განსვენება... ეს ყოველივე ჭეშმარიტია – ესაა ნაქადაგები და დამტკიცებული და არის რწმენის საგანი, რამეთუ ერთნი აღდგებიან მარადიულ ცხოვრებაში, სხვები – მარადიულ სასჯელში, თანახმად სახარებაში დაწერილისა.105

წმ. ამფილოქე იკონიელი

როდესაც ეშმაკის შთაგონებების აღსრულებას დაიწყებ, მაშინ დამწუხრდი, შეიმუსრე, იტირე, რადგან მარადიული ცეცხლისკენ მიისწრაფვი.106

წმ. იოანე სინელი

ნუცა, რაჟამს წყალსა შენსა შესუმიდე, დაივიწყებ წყურილსა ალისა მის საუკუნოჲსასა, და უეჭუელად აიძულო ბუნებაჲ შენი.107

 

ხსენებაჲ ცეცხლისა მის საუკუნოჲსაჲ მარადის დაწვებოდენ და აღდგებოდენ შენ თანა, და ვეროდეს გეუფლოს შენ დახსნილობაჲ ჟამსა ლოცვისასა.108

 

ვნებასა უეჭუელად ანუ შესწორებული მისდა სინანული უხმს, ანუ საუკუნოჲსა სატანჯველისა თანამდებ არს.109

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

და აღასრულებს ის (ღმერთი) შურისგებას თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ. თავისი წმიდა ანგელოზების მიერ მართლებს და ცოდვილებს განაცალკევებს ერთმანეთისგან, ანუ, მოკლედ რომ ითქვას, ხორცს მიდევნებულებს განყოფს იმათგან, ვინც ღვთის სულს მიჰყვება. და როგორც საღვთო სიტყვათა ჭეშმარიტება აცხადებს, ღმერთი მიაგებს მართალ მისაგებელს უსასრულოდ და დაუსრულებლად ყველას, მათი განვლილი ცხოვრების ღირსების შესაბამისად.110

 

ჰოი საშინელი, დაუსრულებელი სირცხვილი, რომელიც მელოდება, თუკი არ შევიცვლები და არ გავთავისუფლდები მრავალი ჩემი ბიწისგან! ჰოი როგორი ტირილი, როგორი მწარე ცრემლი და კბილთა ღრჭენა მომელის, თუკი გვიან მაინც არ გამოვფხიზლდები, არ ჩამოვიბერტყავ დაუდევრობის ღრმა ძილს და არ განვიძარცვავ ცოდვის ჭუჭყიან სამოსს! სინათლის ნაცვლად – სიბნელე, სიხარულის ნაცვლად – ტანჯვა, განსვენების ნაცვლად – სასჯელი და სივიწროვე მომიცავს მე. რაღაა უფრო საშინელი და დამთრგუნველი, რის შესახებ მხოლოდ საუბარიც მტკივნეულია (და რამდენად უფრო მტკივნეულია განცდა! შეგვიწყალე ჩვენ, ჰოი, იესო ქრისტე, და გვიხსენ ამ სატანჯველისგან): განეშორო ღმერთს და მის წმიდა მხედრობას, და სამარადისოდ შეუერთდე ეშმაკსა და მის უწმინდურ დემონებს – თანაც არავითარი იმედი არ არსებობს ამ საშინელებისგან განთავისუფლებისა... და ყოველგვარ სატანჯველზე უფრო მტანჯველი და საშინელია სამუდამო ერთობა მათთან, ვისაც სძულს და მოძულებულია (რომ აღარაფერი ვთქვათ სატანჯველებზე) და განშორება მისგან, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ...

რაკიღა ჭეშმარიტად გვწამს, რომ მომავალში ეს ყოველივე აღსრულდება, ნუ ვიქნებით უზრუნველნი, არამედ მთელი ძალითა და მონდომებით, ვიდრე დრო გვაქვს, გავექცეთ სოფლის საცდურებსა და სოფლისმპყრობელს (ეშმაკს). სოფელი ხომ მიდის და ყველაფერი, რაც მასშია, იღუპება. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად დადგება ჟამი, როდესაც საშინელი საყვირი გაუგონარ ხმას გამოსცემს და ყველაფერი მიწიერი დაიშლება, დაკარგავს აწ ხილულ მშვენიერებას, ხილული სამყარო წავა, დასრულდება, და გაცხადდება აწ დაფარული სულიერი სამყარო, რომელიც თვალს, ყურსა და გონებას სრულიად უცნობ საიდუმლოებს წარმოუდგენს.111

 

უფრო საშინელია, ამბობს წმ. გრიგოლი (ღვთისმეტყველი), ის ცეცხლი, რომელიც დაუძინებელ მატლთან ერთად მოქმედებს და არ ქრება, არამედ მარადის იწვის ბოროტთათვის... მათ, ვინც თავს არ იმკობს კეთილი საქმეებით... მათ ეს ალი მუდმივად ნთქავს და დაუსრულებლად ტანჯავს ცეცხლზე უფრო საშინლად.112

წმ. ისააკ ასური

„გადაურჩე გეენას – ნიშნავს შეხვიდე სასუფეველში, ისევე როგორც სასუფევლის დაკარგვა ნიშნავს გეენაში შესვლას. წმიდა წერილს ჩვენთვის სამი საყოფელის შესახებ არ უთქვამს, არამედ რას ამბობს? „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა... და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა და თიკანნი – მარცხენით“ (მათ. 25,31,33). სამი გუნდი არ დაუსახელებია, არამედ ორი – ერთი მარჯვენით, მეორე მარცხენით. გაყო მათი სხვადასხვა საყოფელთა საზღვრები: „და წარვიდენ ესენი“ – ანუ ცოდვილები – „სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46)“.113

 

ამქვეყნად ცხოვრება ამის მსგავსია: ცხრილში დახაზული ასოებიდან წერენ მხოლოდ ზოგიერთ ასოს; ვისაც როდის მოესურვება, უმატებს მათ, ან აკლებს და ცვლის ასოებს. ხოლო მომავალი ცხოვრება ჰგავს სუფთა გრაგნილზე დაწერილ, სამეფო ბეჭდით დაბეჭდილ ხელნაწერს, რომელსაც არც ემატება რაიმე და არც აკლდება. ამიტომ, ვიდრე ცვლილებებში ვართ, ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, და ვიდრე გვაქვს ძალაუფლება საკუთარი ცხოვრების ხელნაწერზე, რომელსაც საკუთარი ხელით ვწერთ, შევეცადოთ, მასში ჩამატებები გავაკეთოთ კეთილი ცხოვრებით, ამოვშალოთ განვლილი ცხოვრების ნაკლოვანებები. რამეთუ ვიდრე ამქვეყნად ვართ, ღმერთი არ ბეჭდავს არც კარგს და არც ცუდს, განსვლის ჟამამდე, როდესაც სრულდება საქმე ჩვენს სამშობლოში და სხვა ქვეყანაში გადავდივართ.114

წმ. სილოანე ათონელი

ცოდოა ის ხალხი, ვინც არ იცის ღმერთი. ისინი ვერ ხედავენ მარადიულ ნათელს და სიკვდილის შემდეგ მარადიულ სიბნელეში მიდიან.115

 

დიდება უფალს, რომ სინანული მოგვანიჭა, სინანულით ყველანი ვცხონდებით, გამონაკლისის გარეშე, – ვერ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც არ სურს სინანული. ამაში ვხედავ მათ სასოწარკვეთილებას და ბევრს ვტირივარ, მებრალებიან.116

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა