martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

ვ) სიყვარულის, სამართლისა და თავისუფალი ნების შესახებ

„მოწყალეთა“ მთავარი „არგუმენტი“ ა. ოსიპოვის მიერ ამგვარად გამოითქმის: „თუკი ღმერთი სიყვარულია, მაშ, ნუთუ შეეძლო არსებობა მიენიჭებინა იმ უსასრულოდ მრავალრიცხოვანი ადამიანისთვის, რომელთა შესახებაც იცოდა, რომ ისინი აირჩევენ ცოდვას და წავლენ დაუსრულებელ სატანჯველში?“117 როგორც მამათა სწავლებებიდან ვიცით, ბოროტის მიერ შთაგონებულ აზრებს, რომელთა შორისაა ეკლესიის სწავლებებთან დაკავშირებული ეჭვებიც, ლოცვითა და აღსარებით უნდა ვებრძოლოთ. თუკი ადამიანი არ შეებრძოლება ამ მაცდურ აზრებს, შეიძლება მწვალებლობის მქადაგებელიც გახდეს. ცხადია, როგორც ამ, ა. ოსიპოვის მიერ დასმულ, ასევე უამრავ სხვა კითხვაზე, რომლებიც სარწმუნოების დოგმატებთან დაკავშირებით ჩნდება, ადამიანის შეზღუდული გონებისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა შეუძლებელია, რადგან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?“ (რომ. 11, 33-34).

ქრისტიანობა გვასწავლის ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მტრის სიყვარულსაც, ამიტომაც ვლოცულობთ ყოველდღიურად: „აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი... წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისაჲთა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა...“ (ლოცვაჲ დილისაჲ). ამგვარად, უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ ყველასთვის სიკეთე უნდა გვსურდეს, ყველაზე დიდი სიკეთე კი ცხონებაა. გამოდის, რომ არ უნდა გვახარებდეს ვინმეს წარწყმედა, თუნდაც დიდი ცოდვილის. ჩვენ გვაწუხებს ის აზრი, თუ რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ და რა ელოდებათ იმ ჩვენს ახლობლებს, ვინც მოუნათლავად აღესრულა ან ცხოვრება არაქრისტიანულად გაატარა; რა ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ჭეშმარიტი ეკლესიის გარეშე ცხოვრობდა, ან ამჟამად ცხოვრობს. მაგრამ ერთია ჩვენი გრძნობები და სურვილები, სამყაროს ხედვა ჩვენეული, ადამიანური თვალსაწიერიდან, ხოლო სხვაა ღვთის „განკითხვანი და გზანი“. წმ. სილოანე ათონელი ამბობს: „ერთი მორჩილი ჩვენთან, ათონზე, (წმიდა) პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში მიეჩვია ღვთისადმი განუწყვეტელ ლოცვას მისი ცოდვების მიტევებისთვის. დაიწყო განსჯა ცათა სასუფევლის შესახებ და ფიქრობდა: „მე შესაძლოა ვცხონდე, თუკი მუდმივად გულმოდგინედ შევევედრები უფალს, რომ მომიტევოს ცოდვები, მაგრამ თუკი სამოთხეში ჩემს მშობლებს ვერ ვიხილავ, მათ გამო მწუხარებაში ვიქნები, რადგან მიყვარს ისინი. რაღანაირი სამოთხე იქნება ჩემთვის, თუკი იქ ჩემი ნათესავების გამო ვიდარდებ, რომლებიც შესაძლოა ჯოჯოხეთში არიან?“ ეს ცოდვილი მორჩილი ფიქრობდა ცათა სასუფეველზე: „როგორც მიწაზე დღესასწაული არაა სამხიარულო, თუკი არ არიან მშობლები ან ნათესავები, ასევე სამოთხეში, თუკი ვერ ვიხილავ ნათესავებს, ვინც მიყვარს, მწუხარებაში ვიქნები“. ასე ფიქრობდა ნახევარი წლის განმავლობაში. ერთ დღესაც, მწუხრის დროს, მორჩილმა თვალები აღაპყრო მაცხოვრის ხატის მიმართ და ხუთი სიტყვით ილოცა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, და ხატის ნაცვლად ცოცხალი მაცხოვარი იხილა. მორჩილის სული და ხორცი გამოუთქმელი სიტკბოებით აღივსო, სულმა სული წმიდით შეიცნო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და იგრძნო, თუ რა მოწყალეა უფალი, გამოუთქმელია მისი სიმშვიდე და მშვენიერება, და გულისხმაყო სულმა, რომ ღვთის სიყვარულის გამო ადამიანს არ ძალუძს ახსოვდეს ვინმე. მას შემდეგ მისი სული უფლის სიყვარულით იწვის“.118

ზოგჯერ ადამიანები ბრკოლდებიან, როდესაც წმიდა წერილში ან წმიდა მამებთან კითხულობენ, რომ ღმერთი მრისხანებს ცოდვილებზე, შურს იძიებს, სჯის და მარადიულ ცეცხლში გზავნის მათ და ა.შ. თუ კარგად დავუკვირდებით წმიდა წერილისა და წმიდა მამების სწავლებებს, დავინახავთ, რომ ღმერთს ჩვენზე მეტად უყვარს ნებისმიერი ცოდვილი და ჩვენზე მეტად სურს მათი ცხონება, ხოლო წარწყმედილთა მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი არის მათ მიერ თავისუფალი ნებით დამტკიცებული ბოროტი არჩევანი. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „ყველას, ვინც დაიცვა მისდამი სიყვარული, ის (ღმერთი) მიანიჭებს თავისთან ზიარებას. ღმერთთან ზიარება არის სიცოცხლე და ნათელი და ყველა იმ სიკეთეებით ტკბობა, რაც ღმერთს აქვს. ხოლო მათ, ვინც თავისი ნებით განეშორება მას, ის განიშორებს, რადგან თვითონ აირჩიეს ეს. ღვთისგან განშორება სიკვდილია და ნათლისგან დაშორება სიბნელეა; ღვთისგან გაუცხოება დაკარგვაა ყველა იმ სიკეთისა, რაც ღმერთს აქვს. ამიტომ ისინი, ვინც განდგომილებით დაკარგა ზემოთ ჩამოთვლილი, როგორც ყველა სიკეთის დამკარგველები, ყველანაირად იტანჯებიან, არა იმიტომ, რომ ღმერთმა ისინი წინასწარ დასაჯა, არამედ სასჯელი ატყდებათ ყველა სიკეთის დაკარგვის შედეგად. მაგრამ ღვთის სიკეთეები მარადიული და დაუსრულებელია, ამიტომ მათი დაკარგვა მარადიული და დაუსრულებელია; მსგავსად ხდება განუზომელ სინათლესთან მიმართებით. ვინც თავი დაიბრმავა ან სხვამ დააბრმავა, მუდმივად მოკლებულნი არიან სინათლის სიტკბოებას არა იმიტომ, რომ სინათლემ მიაყენა სიბრმავის ტანჯვა, არამედ თვითონ სიბრმავეს მოაქვს მათთვის უბედურება. ამიტომ ამბობდა უფალი: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არა დაისაჯოს“, ანუ არ განეშორება ღმერთს, რადგან ის რწმენის მიერ ღმერთთან ერთობაშია. „ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა“, ანუ ნებაყოფლობით თვითონ განიშორა თავი ღმერთისგან. „და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტს იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან“ (იოან. 3,19-21).119

 

წმ. იოანე ოქროპირი

ნუ მეტყვი: სადღაა სამართალი, თუკი ტანჯვას დასასრული არ ექნება? როდესაც ღმერთი რაიმეს აღასრულებს, დაემორჩილე მის განწესებებს და ნუ ცდილობ ისინი ადამიანურ მსჯელობებს დაუმორჩილო.120

 

„ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“ (მათ. 26,24). ... ვიღაც ისევ იტყვის: „თუკი უმჯობესი იყო, რომ ის არ დაბადებულიყო, რატომ დაუშვა ღმერთმა როგორც მისი, ასევე ყველა ბოროტის მოვლინება ქვეყნად?“ შენ უნდა გაგეკიცხა ბოროტები იმის გამო, რომ მათ საშუალება ჰქონდათ არ ყოფილიყვნენ ასეთები და ბოროტები გახდნენ; შენ კი ამის ნაცვლად მეტისმეტად იძიებ და იკვლევ ღვთის განგებულებას, თუმცაღა იცი, რომ არავინაა ბოროტი აუცილებლობის გამო. შენ იტყვი: „მხოლოდ კეთილნი უნდა დაბადებულიყვნენ, და აღარ იქნებოდა საჭირო არც გეენა, არც დასჯა, არც ტანჯვა, და თვით ბოროტებაც არ იქნებოდა; ბოროტნი ან არ უნდა დაბადებულიყვნენ, ანდა, თუ დაიბადებოდნენ, მაშინვე უნდა მომკვდარიყვნენ“. უპირველესად უნდა მიგითითო მოციქულის შემდეგ გამონათქვამზე: „აწ უკუე, ჰოი კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათვის ესრეთ შემქმენ მე?“ (რომ. 9,20).121

 

როგორ არ გეშინია კადნიერად ილაპარაკო ღმერთზე? როცა შენ ამბობ, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და არ სჯის, შენი ნათქვამით გამოდის, რომ თუკი დასჯის, ის აღარ იქნება კაცთმოყვარე. ვერ ხვდები, როგორ აზრებში გაგდებთ ეშმაკი?122

წმ. ბასილი დიდი

ღმერთი სახიერია, მაგრამ მართლმსაჯულიცაა. ხოლო მართლმსაჯულის თვისებაა ღირსების მიხედვით მიგება, როგორც დაწერილია: „კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა, ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უშჯულოებისათა“ (ფსალმ. 125,5). ღმერთი მოწყალეა, მაგრამ მსაჯულიცაა, რამეთუ ნათქვამია: „უყუარს წყალობაჲ და მშჯავრი“ (ფსალმ. 32,5). ამიტომაც ამბობს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე“ (ფსალმ. 100,1). ჩვენ გვისწავლია ვისთვისაა წყალობა, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათ. 5,7). ხედავ, როგორი განკითხვით იყენებს წყალობას? მსჯავრის გარეშე არ იწყალებს და წყალობის გარეშე არ განიკითხავს. რამეთუ: „მოწყალე არს უფალი და მართალ“ (ფსალმ. 114,5).123

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ყოვლადძლიერი ღმერთი შეეწევა მათ, ვისაც საკუთარი ნებით სურს წინ აღუდგეს ეშმაკს, და აძლევს მათ ბოროტების ძლევის ძალას. ხოლო მათ, ვისაც არ სურს შეეწინააღმდეგოს და შეებრძოლოს ეშმაკს, ღმერთი არ აიძულებს, რომ არ დაარღვიოს თავის ხატად შექმნილი ჩვენი გონიერი ბუნების თავისუფალი ნება და არ დაგვაქვეითოს პირუტყვის ხარისხში.124

წმ. თეოფანე დაყუდებული

თქვენ მუდმივად ღვთის მოწყალება გაქვთ მხედველობაში, ხოლო ღვთის სიმართლეს ივიწყებთ, – მაშინ როცა უფალი არის „მოწყალე და მართალ“ (ფსალმ. 114,5)... ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოდვილები სასჯელისა და ტანჯვის გარეშე, ცხადია, არ უნდა დარჩნენ, მაგრამ ეს ტანჯვა არ იქნება მარადიული: დაიტანჯებიან, დაიტანჯებიან განდგომილები, და მერე – სამოთხეში. ძალიან გვინდა ღმერთზე უფრო მოწყალენი გამოვჩნდეთ! მაგრამ ეს გამოგონებაც უსაფუძვლოა: ჯოჯოხეთი განწმენდის ადგილი არაა, არამედ სასჯელის, ტანჯვის, განწმენდის გარეშე.125

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

შენ გეეჭვება ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვის არსებობა? იმეორებ დღევანდელ მოდურ შეპასუხებას: „ეს არ შეესაბამება ისეთი კეთილი არსების ლმობიერებას, როგორიც ღმერთია“. ეჰ, ჩემო მეგობარო! ნუთუ შეუძლია ისეთ სუსტ, შეზღუდულ არსებას, როგორიც ადამიანია, თავისით იმსჯელოს ღმერთზე, უსაზღვრო, ყოველგვარ შემეცნებასა და მსჯელობაზე აღმატებულ არსებაზე, გამოიტანოს დასკვნები ღმერთზე საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე? მიატოვე შენი საკუთარი მსჯელობები და მთელი გულით ირწმუნე ყველაფერი, რასაც სახარება გვასწავლის. თვითონ მაცხოვარმა თქვა: „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46); სხვა ადგილას თქვა: „ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თვისნი“ (ლუკ. 15,23). მაცხოვარმა თქვა, რომ არის ჯოჯოხეთი, არის მარადიული ტანჯვა. შენი შეპასუხება რისთვისღაა!126

 

შემდეგი

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა