martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი პირველი

რას ამბობენ თანამედროვე „მოწყალენი“

როგორ ახერხებენ მარადიული ტანჯვის უარმყოფელი (ანდა ეჭვების ბურუსში გამხვევი) „მოწყალენი“ თავისი მცდარი აზრების გავრცელებას? განა ეკლესიაში საყოველთაოდ არაა ცნობილი აშკარა ჭეშმარიტება: საშინელი სამსჯავროს შემდეგ როგორც ცხონებულთა („ცხოვართა“) ნეტარების, ასევე წარწყმედილთა („თიკანთა“) ტანჯვის დაუსრულებლობის შესახებ? სამწუხაროდ, ყველა მწვალებლობის გავრცელების მიზეზი ეკლესიის წევრთა არასაკმარისი სარწმუნოებრივი განათლებაა. წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: „იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი, დამცველი, მფარველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა – არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენს შორის; ეს იმიტომ, რომ როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარი არ შეაჩერებს მას, რადგან ვერაფრით შეძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც არ შეაჩერა სიცრუე?! – არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა არმცოდნე ჭეშმარიტებისა მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე“.5

„მოწყალეთაგან“ ძირითადად ამგვარი (ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო) „არგუმენტები“ შეიძლება მოვისმინოთ: ორიგენეს მოძღვრება არ დაუგმია მეხუთე მსოფლიო კრებას; ორიგენეს მოძღვრება შეიძლება დაიგმო მეხუთე მსოფლიო კრებაზე, მაგრამ წმ. გრიგოლ ნოსელის მოძღვრება არ დაგმობილა, რომელიც სულაც არაა ორიგენესეული მწვალებლობა; წმიდა მამების ნაწილი აღიარებს „აპოკატასტასისს“; წმიდა წერილის ციტატებს ამ საკითხზე პედაგოგიური დანიშნულება აქვს; ღვთის სიყვარულთან შეუთავსებელია მარადიული ტანჯვა; წმიდა წერილი და წმიდა მამები ხან ტანჯვის მარადიულობაზე საუბრობენ, ხან მის დასრულებაზე, რადგან მარადისობის საიდუმლო ადამიანისთვის დაფარულია; და ა.შ.

განვიხილოთ ამ ცრუმოძღვრების ყველაზე ავტორიტეტული გამავრცელებლების ნააზრევი და შევადაროთ ის წმიდა მამების სწავლებას.

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი წიგნში „სარწმუნოების საიდუმლო“ წერს: „ლიტურგიულ ტექსტებში, კერძოდ დიდი შაბათის კანონში, ჩვენ ვხვდებით მინიშნებას იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთის მეუფება მასში მყოფებზე არაა მარადიული... ეს სიტყვები ეხმიანება წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ისტორიის ბოლოს, გრძელი საუკუნებრივი პერიოდების შემდეგ ჯოჯოხეთი და სიკვდილი საბოლოოდ გაუქმდება ქრისტეს მიერ და „არაფერი დარჩება სიკეთის გარდა“. გრიგოლ ნოსელს ეთანხმება ღირსი ისააკ ასური, რომელიც წერდა იმის შესახებ, რომ „ადამიანთა უმეტესობა შევა ცათა სასუფეველში გეენის გამოუცდელად“; რაც შეეხება მათ, ვინც გეენაში აღმოჩნდება, მათთვისაც ტანჯვა არ იქნება მარადიული6“.7

იმავე წიგნში: „ეკლესიამ ორიგენიზმი უარყო, თუმცა არ უარყო ყველა ადამიანის ცხონების ის იმედი და საყოველთაო ცხონების შესაძლებლობის რწმენა, რომელიც ამოზრდილია ეკლესიის ლიტურგიული და მისტიური გამოცდილებიდან. ეს სასოება და რწმენა არეკლილია ზოგიერთი მამის ნაწერებში, რომელთა შორის, უკვე მოხსენიებული გრიგოლ ნოსელისა და ისააკ ასურის გარდა, უნდა ჩაითვალოს ასევე ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, რომელიც თვლიდა, რომ „მართალია ყველას არ ძალუძს უვნებელობის მიღწევა, მაგრამ ყველას ცხონება და ღმერთთან შერიგება არაა შეუძლებელი“.8

წიგნში „ღირსი ისააკ ასურის სულიერი სამყარო“: „თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად ისააკი ეყრდნობა თეოდორე მოფსუესტელის სწავლებას იმის შესახებ, რომ მომავალ საუკუნეში ტანჯვა არაა დაუსრულებელი, ასევე დიოდორე ტარსელის აზრებს, რომელიც თვლიდა, რომ ცოდვილთა ტანჯვა გეენაში ხანმოკლეა, ხოლო იქიდან განთავისუფლების შემდეგ მათი ნეტარება – მარადიული“.9

იმავე წიგნში: „რაც შეეხება კონსტანტინოპოლის 543 წლის კრებას და მეხუთე მსოფლიო კრებას, რომლებზედაც დაგმობილ იქნა ორიგენიზმი, ძალიან საგულისხმოა, რომ მართალია, გრიგოლ ნოსელის სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ კარგად იყო ცნობილი ორივე კრების მამებისთვის, ის არ გააიგივეს ორიგენიზმთან. კრებების მამები აცნობიერებდნენ, რომ არსებობს საყოველთაო ცხონების მწვალებლური გაგება (ორიგენიზმისეული აპოკატასტასისი, დაკავშირებული სულთა წინასწარ არსებობის იდეასთან), მაგრამ არსებობს მისი მართლმადიდებლური გაგებაც, დაფუძნებული 1 კორ. 15,24-28-ზე“.10

ვიდრე „მოწყალეთა“ „არგუმენტების“ დეტალურ განხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ, ისევე როგორც ზოგადად მწვალებლობების გამავრცელებლებს სჩვევიათ, ამ შემთხვევაშიც მთავარი „იარაღებია“ წმიდა წერილისა და წმიდა მამების ნაწერების ტენდენციური განმარტება, ასევე ციტატების კონტექსტის გარეშე მოტანა და შემოკლება იმ მიზნით, რომ მკითხველმა წმიდა მამის აზრი სხვაგვარად გაიგოს. აქ ერთ თვალსაჩინო მაგალითს განვიხილავ. პროფ. ა. ოსიპოვის წიგნში „დროდან მარადისობაში. სულის სიკვდილშემდგომი ცხოვრება“ (თავი: „ქრისტე – მაცხოვარი ყოველთა კაცთა“) მოტანილია წმ. ირინეოს ლიონელის ციტატა ამგვარად: «Христос пришел не ради тех только, которые уверовали в Него, но для всех вообще людей, которые ... желали видеть Христа и слышать Его голос. Посему всех таковых Он во втором пришествии Своем прежде воздвигнет ... воскресит и поставит в Свое Царство».11 სრული ტექსტი კი ასეთია: Ибо Христос пришел не ради тех только, которые во времена Тиверия кесаря уверовали в Него, и Отец оказал Свое помышление не ради ныне только живущих людей, но для всех вообще людей, которые от начала в своем поколении по силе боялись и любили Бога и праведно и благочестиво вели себя в отношении к ближним и желали видеть Христа и слышать Его голос. Посему, всех таковых Он во втором пришествии Своем прежде воздвигнет от сна и как их, так и прочих, имеющих судиться, воскресит и поставит в Свое царство.12 ხაზგასმული სიტყვები გამოტოვებულია, თანაც ისე, რომ მთავარი (პირველი) შემოკლება აღნიშნულიც არაა, რაც ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. აქვე აღსანიშნავია, რომ ტექსტის ბოლო ნაწილის რუსული თარგმანი არასწორია და წმიდა მამის მიერ გადმოცემულ აზრს ცვლის. ლათინურიდან ზუსტი თარგმანი ასეთია: „აქედან გამომდინარე ყველა ამგვარს (ქრისტე) მეორედ მოსვლისას ჯერ ძილიდან გამოიყვანს და აღადგენს, როგორც მათ, ასევე დანარჩენებს, ვინც განისჯება, და თავის სამეუფოში დაამკვიდრებს“.13

ლიტურგიულ ტექსტებში საუბარია იესო ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთისა და სიკვდილის შემუსვრაზე იმ მნიშვნელობით, რომ ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნილნი არიან მართალთა სულები. „აპოკატასტასისზე“ იქ საუბარი არაა, ისევე როგორც წმ. იოანე სინელის ციტატაში, რომლის აზრი შემდეგია: ნებისმიერი ადამიანი ვერ მიაღწევს უვნებელობას, მაგრამ ცხონება ყველასთვის შესაძლებელია. (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანი: „ყოველთავე უვნებელ-ყოფაჲ შეუძლებელ არს, ხოლო ყოველთა ცხორებაჲ და ღმრთისა სათნო-ყოფაჲ არა შეუძლებელ არს“14).

„მოწყალენი“ იშველიებენ ხოლმე წმ. იოანე სინელის სხვა ციტატასაც: „ყოველთა, რომელთა ენებოს და ეძიებდენ ღმერთსა, ეპოების მათ. რამეთუ იგი არს ყოველთა ღმერთი და ყოველთა ცხორებაჲ – ურწმუნოთა და მორწმუნეთაჲ, მართალთა და ცოდვილთაჲ, უვნებელთა და ვნებულთაჲ... რამეთუ არა არს შეცვალებაჲ მის თანა, არცა თუალღებაჲ წინაშე ღმრთისა“.15 მიუკერძოებელი მკითხველისთვის ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამ ციტატასაც არაფერი აკავშირებს „აპოკატასტასისთან“. თუ წმიდა მამის სიტყვებს: „იგი არს ყოველთა ღმერთი და ყოველთა ცხორებაჲ – ურწმუნოთა და მორწმუნეთაჲ, მართალთა და ცოდვილთაჲ“, „მოწყალეთა“ მსგავსად გავიგებთ, თითქოს ღმერთი განურჩევლად ყველას აცხოვნებს, გამოვა, რომ ეკლესიის უდიდესი მამა წიგნის დასაწყისში უარყოფდა იმას, რისთვისაც ამხელა შრომა გასწია და ასეთი ძვირფასი ნაშრომი დაგვიტოვა სწორედ სამუდამო წარწყმედისგან გადასარჩენად.

წმიდა იოანე, სხვა წმიდა მამებთან თანხმობით, მრავალგზის იმეორებს, რომ ერთ-ერთი მთავარი საშუალება ცოდვებთან საბრძოლველად არის სიკვდილისა და სამუდამო სატანჯველის ხსოვნა, და აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სამუდამო ტანჯვის შესახებ ეკლესიის სწავლების ეჭვქვეშ დაყენება ცოდვას უხსნის გზას. სინამდვილეში „მოწყალეთა“ მიერ მოხმობილი წმ. იოანეს სიტყვები იმას გვეუბნება, რომ ღმერთს განურჩევლად ყველა ადამიანის ცხონება სურს და ყველას აქვს ცხონების შესაძლებლობა, გამონაკლისის გარეშე. ეს რომ ნამდვილად ასეა, ცხადად ჩანს ამ წმიდა მამის სხვა ციტატებიდანაც: „ყველა, განსაკუთრებით დაცემულნი, უნდა გაფრთხილდნენ, რომ გულში უღმერთო ორიგენეს საცდური არ შეუშვან; რამეთუ მისი ბილწი სწავლება, რომელიც ღმერთის კაცთმოყვარებას წარმოგვიდგენს, მეტად სასიამოვნოა გემოთმოყვარეთათვის“.16 (წმ. ეფთვიმეს თარგმანი: „ვეკრძალნეთ ყოველნი და უფროჲს ხოლო – დაცემულნი, რაჲთა არა დაემკვიდროს გულთა ჩუენთა უღმრთოჲსა ოროგინეს სენი, რამეთუ ღმრთისა კაცთმოყუარებასა წინაჰყოფს ბილწი იგი, და შესაწყნარებელ იქმნების გემოჲსმოყუარეთა და უდებთა მიერ“17). სრულიად შეუძლებელია, რომ წმიდა მამა ერთ მუხლში მწვალებლობას ქადაგებდეს, მეორეში კი მას ბილწ სწავლებას უწოდებდეს და ყველას მოუწოდებდეს მისგან თავის დაცვას. „უღმრთოჲსა ოროგინეს სენი“, რომელიც „ღმრთისა კაცთმოყუარებასა წინაჰყოფს“, ცხადია, საუკუნო ტანჯვის დასრულების შესახებ ცრუმოძღვრებაა, რომელიც აკავშირებს ძველ და ახალ „აპოკატასტასისს“.

სხვა ადგილას წმ. იოანე ამხელს მეოთხე საუკუნის ორიგენიზმის მთავარ იდეოლოგს, ევაგრე პონტოელს. მართალია, საუბარია ასკეტურ საკითხზე, მაგრამ კარგად ჩანს წმ. იოანეს დამოკიდებულება ევაგრეს სხვა მცდარი ნააზრევის მიმართაც: „ჰგონებდა უბადრუკი და საწყალობელი ევაგრე, ვითარმედ უბრძნეს ბრძენთა არს სიტყვითა და გულისხმისყოფითა, არამედ სცთა უგულისხმოჲ იგი, და უგუნურთა უუგუნურეს იპოვა მრავალთა ზედა საქმეთა...“.18

სახარება ძალიან გასაგებად ასწავლის იმასაც, რომ ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს ცხონების შესაძლებლობას, და იმასაც, რომ „ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“ (მათ. 7,13-14). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: „‘მრავალ არიან ჩინებულნი’ (მათ. 22,14), ანუ ღმერთი მოუწოდებს მრავალთ, უფრო ზუსტად, ყველას, მაგრამ ‘მცირედ – რჩეულნი’ – ცოტანი არიან, ვინც ცხონდებიან და ღვთის რჩეულობის ღირსნი გახდებიან“.19

რაც შეეხება ციტატებს, რომლებსაც წმიდა ისააკ ასურს მიაწერენ, მღვდელმონაზონმა (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონ ალფეევმა თარგმნა და გამოსცა ძველი ასურული ხელნაწერის ტექსტი. მკვლევართა ნაწილი ამ ხელნაწერში შემავალ სწავლებებს წმ. ისააკ ასურს მიაკუთვნებს. ეს არის მწვალებლური აზრების შემცველი სწავლებები, რომლის ავტორისთვის (ან ავტორებისთვის), როგორც ზემოთ მოტანილი ციტატიდანაც ჩანს, ავტორიტეტები არიან მწვალებელთა წინამძღოლი – თეოდორე მოფსუესტელი და მისი მასწავლებელი დიოდორე ტარსელი. თეოდორეცა და მისი მწვალებლური სწავლებებიც მეხუთე მსოფლიო კრებამ ანათემას გადასცა. წიგნში კი თეოდორე მოფსუესტელის ავტორიტეტი ასეა შეფასებული: „ჩვენ არ უარვყოფთ მის სიტყვებს – ნუ იყოფინ! პირიქით, მას ვიღებთ როგორც ერთ-ერთ მოციქულს, და ყველა, ვინც მის სიტყვებს ეწინააღმდეგება, ვისაც შემოაქვს დავა მისი განმარტებების გამო ან ეჭვობს მის თხზულებებთან მიმართებით, – ასეთს ჩვენ ვთვლით საეკლესიო ერთობისათვის უცხოდ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მცოდველად“.20 როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს ხელნაწერი სავარაუდოდ ერთ ავტორს არ ეკუთვნის; სწავლებათა ტექსტები დროთა განმავლობაში შესწორებებს განიცდიდნენ (შესაძლოა მწვალებლური აზრები შემდეგაა ჩამატებული); ისინი ეკლესიის მიერ მიღებული ბერძნულად თარგმნილი სწავლებებისგან განსხვავდებიან ესქატოლოგიურ მოძღვრებაში და ეგზეგეტურ მეთოდებში, წინააღმდეგობაა ასევე ამ ხელნაწერში შემავალ სწავლებებს შორის.21

საუკუნეების წინ წმ. ისააკ ასურის სწავლებების ასურულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელებმა, როგორც ჩანს, ხსენებული ახლად აღმოჩენილი ტექსტების თარგმნა ეკლესიისთვის საზიანო საქმედ მიიჩნიეს, თუმცა მიტროპოლიტი ილარიონი სხვა შეხედულებას გამოხატავს. წმ. ისააკ ასურის სწავლებებისადმი მიძღვნილი წიგნის ბოლოსიტყვაობაში ის წერს: „ისააკ ასურის სიტყვა იმ ადამიანებისადმია მიმართული, ვისაც არ ეშინია, ღვთის სიყვარულს პირისპირ შეხვდეს. ეს შეხვედრა შეიძლება მტკივნეული იყოს მათთვის, ვისაც არა აქვს „მოწყალე გული“ მოყვასთან მიმართებით, ვინც შურითა და ეჭვიანობითაა შეპყრობილი, ვინც საკუთარ თავზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე სხვებზე. ის ადამიანი, ვინც გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ თვითონ ცხონდება, სხვები კი წარწყმდებიან, ვერ შეძლებს ადეკვატურად გაიგოს ისააკის სიტყვა ყოვლადმოწყალე ღმერთის მიერ ყველა ადამიანის ცხონების შესახებ“.22 სამწუხაროა, მაგრამ ამ სიტყვებიდან ის აზრი გამოდის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების სრული კრებული ან შურიანი და ეგოისტი ადამიანების ერთობა ყოფილა, ანდა სხვა რამე სწამდათ და სხვას ქადაგებდნენ.

როდესაც წმიდა მამები მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდნენ, მათთვის პირველ ადგილზე იდგა საყოველთაოდ აღიარებულ ეკლესიის სწავლებასთან სრული თანხმობა და მორწმუნეთათვის სულიერი სარგებლობის მოტანა ამ სწავლებასთან ზიარებით. ნებისმიერ შემთხვევაში სწავლება ფასდებოდა არა მხოლოდ მისი ავტორის წმინდანობითა და სახელმოხვეჭილობით, არამედ აუცილებლად ექცეოდა ყურადღება იმას, შეესაბამებოდა თუ არა ეს სწავლება ეკლესიის მამათა საერთო აზრს. მაგალითად, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელმა წმ. გრიგოლ ნოსელისა და წმ. გრიგოლ დიდის სწავლებების თარგმნისას გამოტოვა ან შეასწორა ის ადგილები, სადაც ეკლესიის სწავლებასთან შეუსაბამო აზრები შენიშნა. ნეტარმა იერონიმემ ორიგენეს და მისი ერთ-ერთი დამცველის სამხილებლად ლათინურად თარგმნა ორიგენეს თხზულება, რომელიც მწვალებლურ აზრებს შეიცავდა. ამის შესახებ მან ამგვარი რამ დაწერა: „იმისათვის, რომ ვინმემ გადათარგმნილის გულშემატკივრად არ ჩამთვალოს, თარგმანის უხერხულობა შესავალით შემოვზღუდე და ვაჩვენე, რა არ უნდა დაიჯეროს მკითხველმა“.23 ასე რომ, წმ. ისააკ ასურის ავტორიტეტის მოშველიებით მწვალებლური აზრების გავრცელება სარწმუნოებრივი სწავლების ავტორიტეტულობის მართლმადიდებლურ გაგებასთან სრულიად შეუსაბამოა.

 მიტროპოლიტი კალისტოს უეარი სტატიაში „ცხონების გაგება მართლმადიდებლურ ტრადიციაში“ წერს: „ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს. ნუთუ გვჯერა, რომ ღვთის განზრახვა წარუმატებელი იქნება? თუ ჩვენ უნდა ვსასოებდეთ საბოლოო აპოკატასტასისს – ყოველივეს „აღდგენას“, რომელშიაც ყველა გონიერი ქმნილება (ეშმაკის ჩათვლით) ცხონდება? სწორედ ამგვარ სწავლებას საყოველთაო ცხონების შესახებ იცავდა ორიგენე. ამის გამო მსჯავრდებულ ჰყო იგი მეხუთე მსოფლიო კრებამ. წმ. გრიგოლ ნოსელიც ასევე გამოხატავდა ეშმაკის საბოლოო ცხონების იმედს, მაგრამ ამას უფრო ფრთხილად აკეთებდა და ამიტომაც არ იქნა მსჯავრდებული. ამიტომ მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტასისზე“ (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს“.24 ამ ციტატაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დაყენებული და შეფარულად პასუხიცაა გაცემული: თუკი ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს, ასეც მოხდება, და ამიტომ: „მართლმადიდებლობაში სწავლება „აპოკატასტასისზე“ (თავშეკავებული ვარიანტით) კანონიერ ადგილს იკავებს“. მაგრამ წმიდა მამები ასე არ ასწავლიან. აქ წარმოგვიდგება თავისუფალი არსებების თავისუფალი ნების საიდუმლო, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. მიტროპოლიტ კალისტოსის კითხვას დიდი ხნის წინ უპასუხა წმ. იოანე ოქროპირმა: „რატომ ვერ ცხონდება ყველა, თუკი მას (ღმერთს) ყველას ცხონება სურს? – იმიტომ, რომ ყველას ნება არ ეთანხმება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს“.25

პროფესორი ალექსეი ოსიპოვი წიგნში „დროდან მარადისობაში. სულის სიკვდილშემდგომი ცხოვრება“ წერს: „ჯოჯოხეთზე ქრისტეს სრული გამარჯვების ამ ზეიმისა და მთელი სამყაროს ცხონების შესახებ გადაჭრითაა ნათქვამი ცნობილ სააღდგომო სიტყვაში: „ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკუდილისაგან, რამეთუ განმათავისუფლნა ჩუენ სიკუდილმან მაცხოვრისამან და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყუნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა“. ამ სიტყვის კონტექსტი აშკარაა: არა მხოლოდ მართალთათვის, არამედ ვნებებისგან დატანჯული ცოდვილებისთვისაც მოვლენილია ხსნა მარადიული სულიერი სიკვდილისაგან მომავალი საყოველთაო აღდგომისას“.26

იქვე: „გამოცხადების (Откровения) ბრძნული ორაზროვნება (двойственность) ადამიანის ცხოვრების ამ მთავარ საკითხში (მარადიული ცხონება-წარწყმედის საკითხი – მთარგმნ. შენ.) მართლმადიდებელ ეკლესიას ხსნის მძიმე ბრალდების ბეჭედს, თითქოსდა ის უპირობოდ ასწავლიდეს მთელი კაცობრიობის (მცირე გამონაკლისით) მარადიულ წარწყმედას“.27

იგივე ავტორი წიგნში „ღმერთი“: „წმიდა წერილი და ეკლესიის წმიდა გარდამოცემა მისი წმიდა მამებისა და მოძღვრების სახით ამ კითხვაზე, როგორც უკვე აღნიშნულია, ორგვარად პასუხობენ: ერთი მხრივ ხდება დამტკიცება, რომ მარადიულ ცხოვრებას მთელი სრულყოფილებით მიიღებენ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მართლად მცხოვრებნი, ხოლო ყველა მისი ცოდვილი წევრი და ყველა არამართლმადიდებელი მუდმივად დაიტანჯება; მეორე მხრივ – ქრისტეს მსხვერპლის წყალობით ყველა ადამიანი გაივლის ჩადენილი ცოდვებისა და ამოუძირკვავი ვნებების შესაბამის მტკივნეულ მკურნალობას (და არა შურისგებას) და ასევე დაიმკვიდრებს მარადიულ ცხოვრებას. საღვთისმეტყველო ლიტერატურაში, რომელშიც ეს თემა განიხილება, ჩვეულებრივ, ციტირებულია წმიდა წერილის და წმიდა მამების ის ტექსტები, სადაც საუბარია ჯოჯოხეთის მარადიულობაზე და არაა ნახსენები მრავალრიცხოვანი საწინააღმდეგო მოწმობები. ცხადია, ამას მხოლოდ გაკვირვების გამოწვევა შეუძლია. ძირითადი კითხვა, რომელიც პირველი თვალსაზრისის წინაშე დაისმის: თუკი ღმერთი სიყვარულია, მაშ, ნუთუ შეეძლო არსებობა მიენიჭებინა იმ უსასრულოდ მრავალრიცხოვანი ადამიანისთვის, რომელთა შესახებაც იცოდა, რომ ისინი აირჩევენ ცოდვას და წავლენ დაუსრულებელ ტანჯვაში? განა ასეთი დაშვებით არ ირყევა ძირითადი ქრისტიანული ჭეშმარიტება ღმერთი-სიყვარულის შესახებ?“28

იმავე წიგნში: „მართლმადიდებლობა, როგორც სიყვარულის რელიგია, ახსენებს ადამიანს: „მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თითოეულისა საქმენი განშიშულდენ“ (დილის ლოცვა). ამიტომ, სანამ გვიან არაა, სანამ არის დრო, მოგვიწოდებს იგი, მთელი ძალა მოიკრიბე, ადამიანო, იმისთვის, რომ აქ სინდისით იცხოვრო, აქ განიბანო სინანულით, და ამგვარად იქ გადაურჩე მძიმე, მაგრამ არა მარადიულ ტანჯვას. წმ. ისააკ ასური გვაფრთხილებს: „სულიერად ვიფხიზლოთ, საყვარელნო, და შევიგნოთ, რომ მართალია გეენა შემოსაზღვრულია, მაგრამ მეტად საშინელია მასში ყოფნის გემო და ტანჯვის ხარისხი ჩვენი შემეცნების მიღმაა“.29 აღსანიშნავია, რომ ციტატა ისააკ ასურის სახელით მოტანილია მიტრ. ილარიონ ალფეევის მიერ გამოცემული მწვალებლობათა შემცველი წიგნიდან.

რუსეთის ეკლესიის სინოდის საღვთისმეტყველო კომისიის დასკვნით უკმაყოფილო ა. ოსიპოვმა საპასუხო წერილი დაწერა, სადაც ოდნავ შერბილებულად იმეორებს თავის ცრუმოძღვრებებს. ამ წერილში ასეთ აზრსაც ვკითხულობთ: „იმის მტკიცებით, რომ „აზრი ჯოჯოხეთის ტანჯვათა დასრულების შესახებ... ვერ პოულობს საფუძველს წმიდა წერილში“, „დასკვნის“ ავტორები ავტორიტეტულად აცხადებენ, რომ სამუდამოდ დაიღუპება ყველა არაქრისტიანი, ყველა არამართლმადიდებელი, ყველა ცოდვილი (неправедный) მართლმადიდებელი (დღეს დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანია, მართლმადიდებელი – დაახლოებით 250 მილიონი, რომელთაგან ეკლესიური დაახლოებით 10 %. და რამდენია მართალი (праведник) მათ შორის?). ანუ, ფაქტიურად, (აცხადებენ) მთელი კაცობრიობის წარწყმედის შესახებ! როგორი რეზონანსი და როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ განცხადებას ქრისტიანობის ქადაგებისთვის და ეკლესიის მისიონერული საქმიანობისთვის?“30 პროფ. ა. ოსიპოვის ლოგიკით გამოდის, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი სარწმუნოების აღსარება კაცობრიობის „პროგრესული“ ნაწილის ჰუმანისტურ-ეკუმენისტურ შეხედულებებს უნდა შეუსაბამოს, მაგრამ ჩვენთვის ყველა პროფესორზე აღმატებული ავტორიტეტი, წმ. ათანასე დიდი გვეუბნება: „ღმერთს უნდა ვემსახუროთ და არა დროებას“.31 ხატმბრძოლებიც იშველიებდნენ „არგუმენტს“, რომ ხატების თაყვანისცემის გამო მაჰმადიანები და იუდეველები ბრკოლდებიანო, მაგრამ, ცხადია, ეკლესია ვერ გაიზიარებს ვერანაირ „არგუმენტს“ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა