martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე კრონშტადტელი

სულიერი ცხოვრების შესახებ, დღიურებიდან

ნაწილი მეორე

თუკი მე ვინმეს უგულებელვყოფ, მძულს, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უსჯულოდ აღვიმაღლებ, უსჯულოდ, ანუ ხორციელად მიყვარს. ჩვენი გული მუდმივად გვაცდუნებს, ფარულად აღგვამაღლებს, მოყვასთ კი შეურაცხყოფს. საჭიროა მუდმივად თვალწინ გვქონდეს ჩვენი ურიცხვი ცოდვები, რათა საკუთარ თავს განვიკითხავდეთ, როგორც სულიერად მკვდარს. მაშინ დრო აღარ გვექნება სხვისი შეცოდებების შესამჩნევად და მათ გამო მოყვასის განსაკითხად, ანდა მოსაძულებლად. მაშინ მათ პატივისცემით მოვეპყრობით, რამეთუ გულისხმავყოფთ, რომ ისინი ბევრ რამეში ჩვენზე შეუდარებლად უკეთესნი არიან.

 

გიყვარდეს კაცთა მიერი მხილება, სამართლიანიცა და უსამართლოც, რათა აქ გამოსწორდე და არ იქნე მხილებული საშინელ სამსჯავროზე მთელი ქვეყნიერების წინაშე, ყველა ანგელოზისა და ადამიანის წინაშე. ჰოი, მოუთმენელი შიში და სირცხვილი შენს საშინელ სამსჯავროზე, უფალო!

 

როგორც გლახაკნი და ტანჯულნი გვაიძულებნ თანაგრძნობას, ასევე ჩვენც, ჩვენის მხრივ ვაიძულოთ საკუთარი თავი მოწყალების გასაღებად. სანამ ჟამი არს ვაიძულებდეთ თავს სიკეთის კეთებისათვის, ისევე, როგორც ცოდვა გვაიძულებს განუწყვეტლად, რომ მუდმივად ვცოდოთ და ღმერთი განვარისხოთ, რომ ჩვენ საკუთარი თავისთვის განვამზადოთ გეენის ცეცხლის საკვები, რომელიც აქვე იწყება მცირე-მცირედ ჩვენს გულებში და წინასწარ გვიჩვენებს მარადიულ ცეცხლს, რომელშიაც საუკუნო ტირილი და კბილთა ღრჭენაა. „სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათ. 11,12). და მტერსაც იძულების გზით სურს გეენაში წარიტაცოს და ჩაითრიოს ყველა გაუფრთხილებელი, ურწმუნო და შეუნანებელი და აქაურ სიკეთეებზე შეყვარებული.

 

იმისთვის, რომ გამოსცადო თავი, გიყვარს თუ არა მოყვასი სახარების თანახმად, ყურადღება მიაქციე შენს თავს იმ დროს, როცა ადამიანები გჩაგრავენ, გლანძღავენ, დაგცინიან, ანდა არ მოგაგებენ ჯეროვან, საზოგადოებაში მიღებულ პატივს, ან როცა ხელქვეითები სცოდავენ მსახურებასთან მიმართებით და დაუდევრები არიან. თუკი შენ ამ დროს მშვიდად ხარ, არ აღივსები მტრობის, სიძულვილის, მოუთმენლობის სულით, თუკი განაგრძობ ამ ხალხის სიყვარულს ისევე, როგორც უწინ, წყენამდე, დაუდევრობამდე, მაშ გყვარებია მოყვასი სახარების თანახმად, ხოლო თუკი ღიზიანდები, ბრაზობ, შეძრწუნდები, მაშინ – არ გყვარებია. „უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა?“ (ლუკ. 6,32).

 

ქრისტიანი აქვე, მიწაზე უნდა მიეჩვიოს ზეციური ცხოვრებით ცხოვრებას: მარხვით, უპოვარებით, ლოცვით, სიყვარულით, სიმშვიდით, უბოროტობით, მოთმინებით, მხნეობით, გულმოწყალებით. როგორ უმძიმს სიკვდილის ჟამს კაცს, რომელსაც ამ ცხოვრებაში კერპად ჰქონდა ფული ან საჭმელ-სასმელი, ანდა მიწიერი პატივი! ახლა ეს ყოველივე მას ვერაფერში დაეხმარება, არადა მისი გული მაგრადაა მათზე მიჯაჭვული, ხოლო ჭეშმარიტი განძი, მისთვის ცხოვრების მიმნიჭებელი, ანუ სიკეთე, არ გააჩნია. ამრიგად, იმისთვის რომ ადვილი იყოს სიკვდილი, – სიკვდილით კი ყველანი მოვკვდებით, – არაფერი უნდა შევიყვაროთ ქვეყანაზე. „ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა ამათ, კმა-ვიყოფდეთ ჩუენ“ (1 ტიმ. 6,8).

 

გახსოვდეს სიყვარული (უფალი იესო ქრისტე - მთარგმნ. შენ.), რომელმაც დასდო თავისი სიცოცხლე კაცთათვის. შენც ნუ დაინანებ თვით შენს სიცოცხლეს ძმისთვის და უწყალოდ ჯვარს აცვი შენი ხორციელი კაცი, რომელსაც არ სურს ძმისთვის მსხვერპლის გაღება.

 

იმისთვის, რომ ქრისტიანმა ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და მასში სრულიად არ ჩაქრეს სულიერი ცხოვრება, აუცილებელია მისთვის პირადი და საზოგადო ლოცვა, აუცილებელია ტაძარში ღვთისმსახურებაზე დასწრება რწმენით, გულისხმისყოფით, გულმოდგინებით, ისევე როგორც აუცილებელია კანდელში ზეთის ჩამატება, რომ ენთოს და არ ჩაქრეს. ხოლო ვინაიდან გულწრფელი, მხურვალე ლოცვა თავშეკავებისას აღევლინება, ამიტომ ჩვენში ქრისტიანული ცხოვრების, ანუ სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის სიმხურვალის შესანარჩუნებლად, საჭიროა თავშეკავება და მარხვა. ისე სწრაფად არაფერი აქრობს ჩვენში რწმენის სულს, როგორც თავშეუკავებლობა, გემოთმოყვარება და ნაყროვანება და გაფანტული, თავაშვებული ცხოვრება. მე ვქრები, სულიერად ვკვდები, როდესაც მთელი კვირა არ ვმსახურებ ტაძარში, და ავინთები, ვცოცხლდები სულით და გულით, როდესაც ვმსახურობ, ვაიძულებ თავს ლოცვისთვის, არა ფორმალური, არამედ ნამდვილი, სულიერი, გულწრფელი, მგზებარე ლოცვისთვის. მაგრამ რამდენი უხორცო მტრის დამარცხება ხდება საჭირო მაშინ! რამდენი მათი მზაკვრობისა და ვერაგობის დაძლევა! თეატრიც აქრობს რწმენასა და ქრისტიანულ ცხოვრებას, ასწავლის გაფანტულობას, მზაკვრობას (ანუ ამქვეყნად ცხოვრებაში გაწაფულობას), მასხარაობას; ის ზრდის ამა სოფლის მოხერხებულ შვილებს, მაგრამ არა ნათლის შვილებს. თეატრი – ქრისტიანული ცხოვრების მოწინააღმდეგეა, ის ამა სოფლის სულის ნაშიერია და არა – ღვთის სულისა. ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები არ დადიან თეატრში.

 

ყოველი საშუალებით განერიდე შემთხვევებს, მიზეზებს, სიტყვებს – მტრობის მასაზრდოებლებს; და ყოველი შემთხვევით, მიზეზით ისარგებლე წრფელი და წმინდა სიყვარულის გამოსავლენად. პირველ შემთხვევაში თანდათანობით ამოიძირკვება სულის მტრული განწყობა, მეორე შემთხვევაში – საზრდოობს და მტკიცდება სიყვარული. ერთი წუთითაც არ იქონიო გაბოროტებული გული, ყოველთვის მოსიყვარულე იყავი ყველას მიმართ, დაამარცხე შენი განწყობა სიყვარულით, ყოველივეს მომთმენით და ყოველივეს მძლეველით, – გაექეცი სიჯიუტეს, თავნებობას და მოყვასის წინააღმდეგობას, ნუ დაიჟინებ შენსას, რომ შენი ბოროტი კაპრიზი აღასრულო, რომ განზრახ ავნო ვინმეს.

 

ოჰ, ყურადღება რომ მიგვექცია ჩვენი ცოდვების ან ჩვენი კეთილი საქმეების შედეგებისთვის! როგორ გავფრთხილდებოდით მაშინ, ცოდვას გავექცეოდით, და როგორი მოშურნეები ვიქნებოდით სიკეთისათვის. რამეთუ მაშინ ცხადად დავინახავდით, რომ ყოველი ცოდვა, დროულად არ აღმოფხვრილი, ჩვეულებით განმტკიცებული, ღრმად უშვებს თავის ფესვებს კაცის გულში და ზოგჯერ სიკვდილამდე აძრწუნებს, სწყლავს და სტანჯავს, იღვიძებს, ასე ვთქვათ, და ცოცხლდება მასში ყოველი შემთხვევისას, რომელიც ოდესღაც ჩადენილ ცოდვას ახსენებს, და ამგვარად ბილწავს მის აზრს, გრძნობას და სინდისს. ცრემლთა ღრუბლებია საჭირო ცოდვის დაძველებული ჭუჭყის ჩამოსარეცხად – ისეთი მიმწებვარე და მწველია იგი! პირიქით, ყოველი კეთილი საქმე, ოდესმე გულწრფელად, უანგაროდ აღსრულებული, ანდა გამეორებით ჩვევაში გადასული, ახარებს ჩვენს გულს, შეადგენს ჩვენი ცხოვრების სიხარულს იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ მთლად ტყუილად არ გაგვივლია ჩვენი ცოდვებით სავსე ცხოვრება, რომ ადამიანებს ვგავართ და არა მხეცებს, რომ ჩვენც ღვთის ხატად ვართ შექმნილი, და ჩვენში არის ღვთაებრივი ნათლისა და სიყვარულის ნაპერწკალი, რომ ღვთის პირუთვნელი სიმართლის სასწორზე ზოგიერთი კეთილი საქმე მაინც იქნება საპირწონე ჩვენი ცუდი საქმეებისა.

 

ვნება ფიცხელია, მღელვარეა, დაუფიქრებელია, ავია, სწრაფია, ამიტომაც ადამიანი ვნებით, მაგ. მრისხანებით, მრავალ დაუფიქრებელს, არასწორს, გამოგონილს, ბოროტს ამბობს, რასაც სიმშვიდისას არ იტყოდა. ამიტომ, როცა იცი გამოცდილებით ასეთი თვისება ვნებებისა, ჯერ ერთი, შენც ნურაფერს იტყვი, როცა შეძრწუნებული და გაბრაზებული ხარ, და აპატიე გაფიცხებულ და გაღიზიანებულ ადამიანებს, როცა ისინი აფრქვევენ ლანძღვასა და საყვედურებს, უსამართლოსა თუ სამართლიანს.

 

ადამიანის აზრებს უკიდურესად დიდი ზემოქმედება აქვთ მისი გულისა და მოქმედებების განწყობაზე. ამიტომ, იმისათვის, რომ გული იყოს წმინდა, კეთილი, მშვიდი, ხოლო ნების განწყობა კეთილი და ღვთისსათნო, უნდა განვწმენდდეთ ჩვენს აზრებს ლოცვით, წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნაწერების კითხვით, მიწიერი სიამოვნებების ხრწნადობასა, მსწრაფლწარმავალობასა და გაქრობაზე ფიქრით.

 

ყველა მწუხარება, ტანჯვა, დანაკარგი, სნეულება დაშვებულია ღვთისაგან იმისთვის, რომ გულიდან განდევნოს მაცდუნებელი ცოდვა და დანერგოს ჭეშმარიტი სათნოება, – რათა მოგვანიჭოს იმის გამოცდილებითი ცნობა, რომ ცოდვა არის ცრუ, თავხედი, უგუნური, მტარვალი, სიკვდილშემოსილი, და ჩაგვაგონოს მისი მოძაგება; და მოგვანიჭოს გამოცდილებითი ცნობა იმისი, რომ სათნოება ჭეშმარიტია, მშვიდია, ბრძენია, მშვიდად ბატონობს ადამიანებზე, განმაცოცხლებელია. ამიტომაც ყველა გაჭირვებას მოვითმენ დიდსულოვნად, მადლიერებით უფლისადმი, რომელიც არის სულთა ჩვენთა მკურნალი, ჩვენი უკაცთმოყვარესი მაცხოვარი.

 

ლოცვას ხშირად იმას ეძახიან, რაც სულაც არ არის ლოცვა: მივიდა ტაძარში, იდგა, შეხედა ხატებს, ანდა უფრო ადრე ხალხს, მათ სახეებს, სამოსს, – ამბობს: ვილოცე; იდგა სახლში ხატის წინ, აქნია თავი, ჩაილაპარაკა დაზეპირებული სიტყვები გააზრებისა და თანაგრძნობის გარეშე, – ამბობს: ვილოცე, თუმცა აზრითა და გულით სულაც არ ულოცია, სხვაგან იყო, სხვა პიროვნებებთან და სხვა საგნებთან, და არა – ღმერთთან.

 

ეცადე ყველაფერი მოიმოქმედო უხორცო მტრის სურვილის საწინააღმდეგოდ. ის გიბიძგებს ამპარტავნებისკენ, თავის ქებისკენ და ძმის განკითხვისკენ, – შენ მიწამდე და ნაცრამდე დამდაბლდი, რაც შეიძლება მკაცრად განიკითხე საკუთარი თავი, ხოლო ძმა გულში შეაქე. თუკი შენი ძმა მტრის ზემოქმედების შედეგად ამპარტავნულად და სიბრაზით გექცევა, შენ სიმდაბლითა და სიყვარულით მოექეცი. თუკი მტერი სიძუნწისკენ გიბიძგებს, შენ გულუხვი და კეთილისმოსურნე იყავი. ასე მოიქეცი ყველა მსგავს შემთხვევაში და ღვთის დიდი მადლის ღირსი გახდები, შენი საკუთარი გულის თვალებით იხილავ მას. ამბობ: არ მაქვს შინაგანი ძალა ამგვარად მოქცევისათვის, მტერი ძლიერია. სთხოვე ყოველ ჟამს ყოვლადძლიერს და ის შეგეწევა.

 

ჯერ კიდევ ვერ ისწავლე მოყვასის სიყვარული. შენ ადამიანთა ცუდ დამოკიდებულებას შენს მიმართ პასუხობ ცუდი დამოკიდებულებით. პირიქით მოიქეცი: სხვების ცუდ დამოკიდებულებას გულითადი კეთილგანწყობითა და სიყვარულით უპასუხე; რაც უფრო მეტად დაინახავ უსიყვარულობას შენს მიმართ, მით მეტად შეიყვარე. უსიყვარულობა სნეულებაა, სნეული კი უფრო მეტად უნდა გებრალელებოდეს, მეტი ზრუნვა, მეტი სიყვარული უნდა გამოიჩინო მის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ ის სნეულია. ნუთუ არ იცი, რომ უხორცო მტერი ყველას ებრძვის მზაკვრულად, ყველას ასნებოვნებს სიძულვილის შხამით? არც შენ ხარ განრიდებული მის მზაკვრობას. ნუ ემსახურები მას, მტრობის სულს, არამედ მთელი გულმოდგინებით ემსახურე სიყვარულის ღმერთს. გახსოვდეს, რომ ღმერთი სიტყვა შენი ძმებისთვის მოკვდა.

 

ნურავის მიმართ, ნურაფრის გამო ნუ ჩაიდებ გულში წყენას, ნურავის მოიძაგებ ნურცერთი მიზეზით. „ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ“ (1 პეტ. 4,8).

 

ნუ შეჭამ გაძღომამდე, ნუ გაძღები ძილით, იშრომე გულმოდგინედ, ილოცე მთელი გულით.

 

თქვენ, ვინც ასე ძლიერ გაურბიხართ ამ ცხოვრებაში ხორცის ტანჯვას და სულის მწუხარებებს, ვინც ასე უფრთხილდებით სხეულს და ელოლიავებით სულს, – რატომ არ ზრუნავთ მარადიული ცეცხლისგან გადასარჩენად, რომელიც ათასჯერ უფრო მძვინვარეა, ვიდრე მიწიერი ცეცხლი? რატომ არ ცდილობთ გაექცეთ მარადიულ მწუხარებას? საცოდავებო, მოიქეცით. აუტანელი იქნება, უცილობლად!

 

საჭიროა, რომ ჩვენს გულებში წარუშლელად იყოს ამოტვიფრული სიტყვები: „შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 19,19), და რათა ეს სიტყვები მუდმივად ხელმძღვანელობდნენ ჩვენს გულს მოყვასთან შეხვედრისას, სადაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა იყოს: როცა ის მოვა ჩვენთან, ან ჩვენ მივალთ მასთან, რაიმე საქმე უნდა შევასრულოთ მისთვის, რაიმე უნდა მივცეთ, როცა ვესაუბრებით. ამგვარად, ატარე გულით სიტყვები: შეიყვარე, ვითარცა თავი თვისი, და მუდმივად აწარმოე გონებრივი ბრძოლა ჩვენი უფლის ამ ცოცხალი სიტყვების დასაცავად. აიძულე თავი ურთიერთ სიყვარულისთვის, შეგნებულად შეაშფოთე, შეაწუხე, სტანჯე შიგნით ჩამალული თავისმოყვარებისა და ღვარძლის მატლი, ჯვარს აცვი, დაამარცხე „სიმტკიცითა ძლიერებისა“ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა (ეფეს. 6,10).

 

ამაოა ჩვენი ცხოვრება, ანუ ამაოდ, ფუჭად, ცუდად იკარგებიან ჩვენი ცხოვრების დღეები მარადისობისთვის, სულ მიწიერისთვის, ამსოფლიურისთვის ვზრუნავთ, მარადიულზე ნაკლებად ვფიქრობთ. მომავალ საშინელ სამსჯავროს, მომავალ ტანჯვასა და მომავალ ნეტარებას, რომელთაც არა აქვთ დასასრული, არ წარმოვისახავთ. ჩვენ ყველანი რაღაც სულიერ ნისლში ვცხოვრობთ; ხორცმა და ხორციელმა ვნებებმა ყველას სძლიეს; სული დათრგუნულია, ჩახშობილია, მიმხრჩვალია. მაგრამ „აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაჲთა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ (ვნების შვიდეულის ტროპარი).

 

ზოგჯერ შენზე უმცროსი ადამიანები, ანაც შენი სწორნი, ან უფროსნი, გადაკვრით გარიგებენ, შენ კი ვერ ითმენ ამას და წყენა გიჩნდება დამრიგებლების მიმართ. საჭიროა მოთმენა და სიყვარულით მოსმენა ყოველივე სასარგებლოსი, ვისგანაც გინდა იყოს. ჩვენი თავისმოყვარება ფარავს ჩვენგან ჩვენს ნაკლოვანებებს, სხვები კი მათ უკეთ ხედავენ და შენიშვნას გვაძლევენ. გახსოვდეს, რომ ჩვენ „ვართ ურთიერთარს ასოებ“ (ეფეს 4,25) და ვალდებულნი ვართ ერთმანეთი გამოვასწოროთ. თუკი ვერ ითმენ დარიგებას და დამრიგებელზე ბრაზდები, ჩანს, რომ ამპარტავანი ხარ, გამოდის, რომ შენში ნამდვილად ყოფილა ის ნაკლოვანება, რის გამოსწორებასაც გადაკვრით შეგაგონებენ.

 

თუკი სიმდაბლის მოპოვება გსურს, ჩათვალე, რომ ღირსი ხარ სხვებმა მოგიძულონ და გლანძღონ, და ნუ გაღიზიანდები, ნუ განაწყენდები მათზე, ვისაც სძულხარ და გლანძღავენ, ან სიცრუით გკიცხავენ. იტყოდე: იყოს ნება შენი, მამაო წმიდაო! გაიხსენი უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვა: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თვისისა; ... უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა“ (იოან. 13,16; 15,18). თუკი ყველაზე მართალი და ყოვლადსახიერი მოიძულა სოფელმა, რა გასაკვირია, თუკი შენ, ცოდვილსა და ბოროტს, სხვები გძულობენ?

 

რყვნიან, ასუსტებენ და ამღვრევენ სულს ამსოფლიური ამაოების სახილველები, რომელთაც ჩვენ სრული კმაყოფილებითა და გულის თანაგრძნობით ვუყურებდით; გვართმევენ გულის სიწმინდესა და ღვთის წინაშე კადნიერებას. ამიტომაც კარგია, არ ვიაროთ თეატრებში, არ დავესწროთ საერო, მხიარულ, ბრწყინვალე შეკრებებს, არ ვიხილოთ თავბრუდამხვევი ცეკვები, არ ვუყუროთ სოფლიურ სანახაობებს, ამასოფლის მრავალფეროვან ამაოებას რომ წარმოგვიდგენენ. კარგია, გული მუდმივად ღმერთს მივაჯაჭვოთ; სოფელში კი იმდენი სატყუარაა, რომ თვალი ვერასდროს გაძღება მათი ცქერით.

დასაწყისი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა