ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
14. როგორ უნდა შეხედოს ქრისტიანმა სიზმრების ასრულებას, ხილვებს, ჩვენს დროში გაძლიერებულ ინტერესს სასწაულების მიმართ?
სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანი ენდობა და ინტერესით ეკიდება სიზმრებს, ჩვენებებს, „სასწაულებს“ და „სასწაულთმოქმედებს“. წმ. მამები გვასწავლიან, რომ სიზმრებს, ხილვებს თუ „გამოცხადებებს“ საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ბოროტი სულების საცდურებს წარმოადგენენ, – გამოუცდელთა ხიბლში ჩასაგდებად. წმ. იოანე სინელი ამბობს: „ვინც ეშმაკს უჯერებს, მათთვის ის ხშირად წინასწარმეტყველი ხდება, ხოლო ვინც უგულებელყოფს, მათ წინაშე ყოველთვის მტყუანია. როგორც სული, ის ხედავს რაც საჰაერო სივრცეში ხდება, და როცა შენიშნავს, მაგალითად, რომ ვინმე კვდება, ის წინასწარ აუწყებს სიზმარში უგუნურებს. ეშმაკებმა წინასწარმცნობელობით არაფერი იციან მომავლის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ექიმებსაც შეუძლიათ გვაუწყონ სიკვდილი... ვისაც სიზმრების სჯერა, ის სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც მათდამი არავითარი რწმენა არა აქვს, ის კეთილმსახურია“.[1] ასევე, არ უნდა გავეკაროთ „ექსტრასენსებს“, „წინასწარმეტყველებს“ და „ნათელმხილველებს“. წმ. მამათა ცხოვრებებში უამრავი მაგალითია, როგორ „წინასწარმეტყველებდნენ“ და „სასწაულთმოქმედებდნენ“ ეშმაკის მიერ მოხიბლული ქრისტიანები; დღეს მათი რაოდენობა ცოდვის გამრავლების გამო გაცილებით მეტია, ვიდრე უწინ, ამასთანავე ბევრი მათგანი თავს ეკლესიურ ადამიანადაც აცხადებს და ზოგჯერ მოძღვრებიც შეჰყავთ შეცდომაში. საცდური ნიაღვარივით მოედინება ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტის საშუალებით; პოპულარული წამყვანები ერთნაირი განწყობით საუბრობენ როგორც ქრისტიანობაზე, ისე ასტროლოგიაზე, „უცხოპლანეტელებზე“, „ექსტრასენსებზე“; ჟურნალებში მღვდლების და ჯადოქრების საუბრები გვერდიგვერდაა დაბეჭდილი... ეს ყველაფერი რწმენის ზედაპირულობის, წმიდა მამათა სწავლების უცოდინრობის და ცოდვის ვერხედვის შედეგია.
[1] წმ. იოანე სინელი, კიბე, თ. 3, მუხ. 27-28. ძვ. ქართ. თარგმ. მუხ. 54-60.
შემდეგი
სარჩევი
|