ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
11. რა ლიტერატურა უნდა იკითხოს ქრისტიანმა?
მორწმუნე ადამიანს სულიერ წინსვლაში ძალიან ეხმარება სასულიერო სწავლებების კითხვა და მოსმენა. ყველაზე უმთავრესია ახალი აღთქმის წიგნები. წმ. მამების სწავლებები და ცხოვრებები უნდა ვიკითხოთ მოძღვრის რჩევით, რადგან ეს ლიტერატურა შერჩეული უნდა იქნეს ცხოვრების წესისა და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით. სხვა სწავლებები ესაჭიროება ერისკაცს, სხვა მონაზონს, სხვა უსწავლელ მოხუცს და ა.შ. მათთვის, ვინც რწმენაში მყარად არ დგას, ძალიან საშიშია მწვალებლური და საეჭვო მრწამსის ავტორთა წიგნების კითხვა, ამის შედეგად ბევრს შეერყა რწმენა და დაშორდა ეკლესიას. ასევე საფრთხილოა განდეგილი მამების სამოღვაწეო სწავლებათა კითხვა ერისკაცთათვის, მათი ლოცვის წესის, მარხვის და ზოგადად მკაცრი მოღვაწეობის მიბაძვა; ამან შეიძლება რელიგიურ მეოცნებეობას ან ხიბლის მდგომარეობის წარმოშობას შეუწყოს ხელი.
წმ. გრიგოლ პალამა საგულისხმო სიტყვებს ამბობს ადამიანური სიბრძნისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულების შესახებ: „ბოროტი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის მზაკვრულად განგვაშოროს სიკეთისაგან, ქსოვს ჯადოებს ჩვენი სულებისთვის და თითქმის განუხსნელად კრავს მათ ხუნდებით, რომლებიც სასურველია სულელებისთვის; შთააგონებს დაინახონ ამ [ამქვეყნიურ] ცოდნაში დიდი სიღრმე და სიფართოვე, როგორც სხვებს ანახებს სიმდიდრეს ან ნაძრახ დიდებასა და ხორციელ სიტკბოებას, რომ მათ დევნაში დაიხარჯოს მთელი სიცოცხლე და ვერ შევძლოთ მაგრად მივეკრათ სულის განმწმენდელ მეცნიერებას, რომლის დასაწყისია შიში ღვთისა, რომელიც შობს განუწყვეტელ ლმობიერ ლოცვას ღვთისადმი და სახარებისეული მცნებების დაცვას, რასაც მოჰყვება ღმერთთან შერიგება, როცა შიში სიყვარულად გადაიქცევა, და ლოცვის მტანჯველობა, სიტკბოებად ქცეული, აღმოაცენებს განათლების ყვავილს, რომლისგანაც ნელსურნელებასავით, ამ ყვავილის მატარებელზე რომ იღვრება, მოდის ღვთის საიდუმლოთა შეცნობა. აი ჭეშმარიტი მეცნიერება და შეცნობა; და მისი საწყისის, ანუ ღვთის შიშის, დატევნასაც კი ვერავინ შეძლებს იმათგან, ვისაც ვნებიანად უყვარს ამაო ფილოსოფია, ვინც გახლართული და თავბრუდახვეულია მისი ხვეულებითა და თეორიებით. რადგანაც, როგორ შევა სულში შიში ღვთისა, ან შესული როგორ გაჩერდება, როცა ის (სული) წინასწარ დაკავებულია, მოჯადოებულია და თითქოს დავიწროებულია ყოველგვარი მრავალსახოვანი მსჯელობებით, თუკი ყველა მათგანს არ გამოეთხოვება და თავს ღმერთს არ მიუძღვნის და მის მიმართ სიყვარულით არ აღივსება მცნების თანახმად? ტყუილად არაა ღვთის სიბრძნისა და ჭვრეტის დასაბამი შიში ღვთისა: ის ვერ ეგუება უცხო ღმერთებს, იხსნის სულს ყოველგვარი სიბილწისაგან და თითქოს მოასწორებს მას ლოცვით, ჰყოფს მას საწერი დაფასავით, რომელიც ვარგისია სულის (სული წმიდის) ნიჭების აღსაბეჭდად“.[1]
[1] Св. Григорий Палама, Триады в защиту священнобезмолвствующих, Триада 1, ч. 1, гл. 7, стр. 14, М. 1995.
შემდეგი
სარჩევი
|