ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
10. ვინ და როგორ უნდა ილოცოს იესოს ლოცვით?
ქრისტიანები (ეკლესიის დაარსებიდან მოყოლებული) მთელი დღის განმავლობაში ლოცულობენ მოკლე ლოცვებით; ძველად ეს შეიძლება ყოფილიყო ფსალმუნის მუხლი, მეზვერის ლოცვა (ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.), ან სხვა რომელიმე მოკლე ლოცვა. შემდგომ საყოველთაოდ დამკვიდრდა იესოს ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი“. წმ. იოანე ოქროპირი ასე გვმოძღვრავს: „სადაც არ უნდა იყო, ილოცე, შენ ღვთის ტაძარი ხარ“.[1] წმ. იოანე კრონშტადტელი კი ამგვარად ამბობს: „მე ვლოცულობ, გამუდმებით ვლოცულობ. არც კი მესმის, როგორ შეიძლება გაატარო დრო ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად, ლოცვა სულის სუნთქვაა“.[2] ვისაც აქვს მოძღვრის ლოცვა-კურთხევა, ლოცულობენ მთელი დღის განმავლობაში – სხვადახვა საქმიანობის, სიარულის, ჭამის დროს, ასევე დილა-საღამოს ლოცვებთან ერთად სკვნილზე. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ... როდესაც ვსხედვართ ხელსაქმისთვის, როდესაც დავდივარ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ გონებით და აღვასრულებდეთ გონებით ლოცვას, ღვთისათვის სათნოს, ჭეშმარიტ ლოცვას. სხეულით ვიმსახუროთ, ხოლო სულით ვილოცოთ“.[3]
როგორც წმიდა მამები ამბობენ, იესოს ლოცვის დროს არაფერი არ უნდა წარმოვიდგინოთ, გონება უნდა მივაპყროთ ლოცვის სიტყვებს და ვილოცოთ აუჩქარებლად. თუკი ლოცვის დროს რაღაც სულიერი შეგრძნებები გაჩნდა (ანდა რაიმე ჩვენება ან სინათლე), არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება და არ ვიოცნებოთ მაღალი სულიერი მდგომარეობის მიღწევაზე. არასწორ ლოცვას და ზოგადად არასწორ, განუსჯელ და საკუთარ თავს მინდობილ ღვაწლს ადამიანი მიჰყავს სულიერი ცდუნებისკენ, ე.წ. ხიბლისკენ. ერთ-ერთ ასეთ სავალალო შემთხვევას თვასლაჩინოდ გადმოგვცემს წმ. ისააკ ასური: „ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღვთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი“.[4]
[1] Настольная книга священнослужителя, М. 1998, Т. 6, стр. 455. гл. Молитва Иисусова.
[2] Ответы о. Иоанна Кронштадского на вопросы о духовной жизни. Калуга, 1999. стр. 188.
[3] Умное делание. О молитве Иисусовой. стр. 44. Изд. Валаамского монастиря, 1936.
[4] წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55. ეპისტოლე ღირსი სვიმეონ საკვირველთმოქმედის მიმართ.
შემდეგი
სარჩევი
|