ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
1. რა დანიშნულება აქვს ლოცვას?
ლოცვა არის მიმართვა ღვთისადმი ან ანგელოზებისა და წმინდანებისადმი. ლოცვა არის ადამიანის უმთავრესი სულიერი საქმიანობა; ლოცვის უმაღლეს საფეხურზე ადამიანი იმყოფება ნეტარების მდგომარეობაში, ღმერთთან სულიერ სიახლოვეში. გულმოდგინე ლოცვის დროს ადამიანი შინაგანად წყდება მატერიალურ სამყაროს, უახლოვდება ღმერთს, განიწმინდება, სულიერად იკურნება და ძლიერდება; ჩვეულებრივ, ლოცვისას ადამიანი უფალს (ან ანგელოზებს და წმინდანებს) ადიდებს, მადლობს, ან შეწევნას სთხოვს. არსებობს ლოცვა ბაგეებით, გონებით, გულით. ღირსი იუსტინე პოპოვიჩი გვასწავლის: „ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღვთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვეცა სახარებისეული მცნება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5,17)“.[1] ეკლესიის მნათობი, წმიდა იოანე ოქროპირი ლოცვის შესახებ ამბობს სიტყვებს, რომლების სიმართლე მრავალ ქრისტიანს გამოუცდია: „ეშმაკმა კარგად იცის, როგორი დიდი სიკეთეა ლოცვა, ამიტომ გამალებით თავს ესხმის მლოცველებს“.[2]
[1] Преподобный Иустин Попович. На Богочеловеческом пути. СПб., 1999. стр. 182.
[2] Настольная книга священнослужителя, М. 1998, Т. 6, стр. 415. гл. Молитва.
შემდეგი
სარჩევი
|