ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
2. რომელი ყოველდღიური ლოცვებია დადგენილი ეკლესიაში ერისკაცებისთვის?
საზოგადო წესით ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ერისკაცები დღის განმავლობაში კითხულობენ დილის და საღამოს ლოცვებს (ადგილობრივი ეკლესიების ლოცვანებს შორის არის გარკვეული განსხვავებები); დამატებით, ეპისკოპოსის ან მოძღვრის კურთხევით, შესაძლებელია ფსალმუნების, პარაკლისების, დაუჯდომლების ან სხვა ლოცვების კითხვა; ზიარების წინ ვკითხულობთ ზიარების ლოცვებს, ზიარების შემდეგ – სამადლობელ ლოცვებს. ლოცვებს ვამბობთ ჭამის წინ და შემდეგ, სასურველია ლოცვა სწავლის ან საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ, სახლიდან გასვლისას, მართლმადიდებლური ტაძრის, სამლოცველოს, ხატის ან ჯვრის დანახვისას; აუცილებელია ლოცვა რაიმე საფრთხის ან განსაცდელის ჟამს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლისთვის მუდმივად მადლობის შეწირვა, ჭირშიც და ლხინშიც. როგორც ყველა საქმეში, ასევე ყველაზე მთავარ სულიერ საქმეში – ლოცვით ღვაწლში გვესაჭიროება მოძღვრის ლოცვა-კურთხევა, რადგან საშიშია როგორც ულოცველობა, ასევე თვითნებობით ზედმეტი ლოცვითი კანონების ტვირთვა, – ყველაფერში საჭიროა ლოცვა-კურთხევა და ზომიერება. ღირსი ანტონი ოპტინელი ამბობს: „არანაირი აღთქმები და კანონები არ დაუწესოთ საკუთარ თავს სულიერი მოძღვრის ნებართვის გარეშე, რომლის რჩევით აღსრულებული ერთი მეტანია უფრო დიდ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ათასი – თვითნებურად განწესებული“.[1]
[1] Советы Оптинских старцев христианам, живущим в миру.
შემდეგი
სარჩევი
|