ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 6
მარხვა
4. რომელი მარხვებია დაწესებული წლის განმავლობაში?
წლის განმავლობაში დაწესებულია შემდეგი მარხვები: დიდი მარხვა (შენდობის კვირიაკიდან (კვირიაკე – კვირა დღე) აღდგომამდე), შობის მარხვა (28 ნოემბრიდან (ახ.სტ.) შობამდე), პეტრე-პავლობის მარხვა (ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან პეტრე-პავლობამდე), მიძინების მარხვა (14 აგვისტოდან (ახ.სტ.) მიძინებამდე), ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა (მთელი წლის განმავლობაში, როცა არ ემთხვევა შობა, ნათლისღება და მსგეფსი), წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე (11 სექტემბერი ახ.სტ.), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი ახ.სტ.) და ნათლისღების წინა დღე. ყველიერი მართალია მარხვაა ხორცით, მაგრამ ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევს ყველანაირი საკვებით, ხორცის გარდა, ამიტომ მარხვად არ იწოდება (იხ. „მცირე სჯულისკანონი“, კან. 16). მარხვის სიმკაცრე დამოკიდებულია მმარხველის სულიერ სიმტკიცეზე, ხორციელ შესაძლებლობებზე და ცხოვრების პირობებზე (სამსახური, ოჯახი, მოგზაურობა). ზოგადად ყველაზე მკაცრი მარხვებია – დიდი ანუ აღდგომის წინა მარხვა, ოთხშაბათ-პარასკევი და მიძინების მარხვა. ამ მარხვებში ტიპიკონით თევზეულის მიღება დაშვებულია მხოლოდ დიდ დღესასწაულებში (დიდ მარხვაში ხარებას, ლაზარეს შაბათს (ხსნილია ხიზილალით) და ბზობას; მიძინების მარხვაში – ფერისცვალების დღესასწაულზე; ოთხშაბათ-პარასკევს – თუ დაემთხვა დიდი დღესასწაული ან მსგეფსი). წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულზე, ჯვართამაღლებას და ნათლისღების წინა დღეს დასაშვებია ზეთიანი საკვების მიღება, თევზი არაა დაშვებული. მარხვის შემსუბუქება ან გამკაცრება დამოკიდებულია ეპისკოპოსის ან მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე. მარხვის წესებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები სხვადასხვა ტიპიკონებს შორის, ასევე იცვლებოდა მარხვის წესი საუკუნეების განმავლობაში. როდესაც საღვთისმსახურო წიგნებში მითითებულია, რომ დიდ მარხვაში შაბათ-კვირას არ უნდა ვიმარხულოთო, ეს ნიშნავს შემდეგს: ძველად ქრისტიანები დიდ მარხვაში მეცხრე ჟამამდე (დაახლ. ჩვენი დღის 3 საათი) არ ჭამდნენ საჭმელს და შემდეგ მხოლოდ უზეთო საკვებს იღებდნენ. შაბათ-კვირას დაშვებული იყო წირვის შემდეგ სამარხვო საკვების მიღება ზეთით და ღვინით; ამის გამო, (რადგან მარხვა შემსუბუქებული იყო), ასე იწოდებოდა, რომ შაბათ-კვირას არ მარხულობდნენ. წმ. ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილ „მცირე სჯულისკანონში“ ვკითხულობთ: „ხოლო თქუენ, მორწმუნენო, ხუთთა მათ დღეთა შვიდეულისათა ხელ-გეწიფების მარხვად და უმეტესად ოთხშაბათსა და პარასკევსა, რამეთუ ოთხშაბათსა უფლისათვის ბოროტი იგი განზრახვაჲ იქმნა ჰურიათაჲ და პარასკევსა ჯუარს ეცუა უფალი, ამისთვის განწესებულ არს ორთა მათ დღეთა მარხვაჲ. ხოლო შაბათსა ნუ იმარხავთ, რამეთუ დღე არს დაბადებისა ხსენებაჲ, და კვირიაკესა ყოველსა დღესასწაულობდით, რამეთუ დღე არს ქრისტეს აღდგომისაჲ. ერთსა ხოლო შაბათსა ჯერ-არს მარხვაჲ, დაფლვისა მის უფლისა (ანუ დიდ შაბათს). (კან. 18).[1]
[1] „მცირე სჯულისკანონი“, თბილისი, 1972.
შემდეგი
სარჩევი
|