ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 6
მარხვა
2. მარხვების დროს გარკვეული სახის საკვებისაგან ხანგრძლივი თავშეკავება ხომ არ აზიანებს ჯანმრთელობას?
მარხვა, თუ სწორად იქნება დაცული, ჯანმრთელობას აუმჯობესებს; მაგრამ თუ ადამიანი მარხვაში მიირთმევს ზედმეტ ტკბილეულს და ცომეულს, შემწვარ-მოხრაკულს, ზედმეტად ცხარე და მლაშე საკვებს, ზედმეტ ყავას, სპირტიან სასმელებს, კოკა-კოლას, ფანტას, ე.წ. ჩიფსებს და სხვა არაჯანსაღ საკვებს, შიმშილის შემდეგ გაძღომამდე ჭამს, – ასეთი „მარხვა“ დააზიანებს როგორც ხორციელ, ისე სულიერ ჯანმრთელობას. წმ. ათანასე დიდი გვასწავლის: „ხედავ, რას შვრება მარხვა? ჰკურნავს სნეულებებს, აშრობს სინოტივეს, აძევებს დემონებს, სპობს ბოროტ აზრებს, გულს განსწმენდს“.[1] აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მარხვაში, ასევე ნებისმიერ ღვაწლში საჭიროა განსჯა, ზომიერება და, რაც მთავარია, მოძღვრის რჩევა-დარიგება. როგორც წმ. კასიანე რომაელი ამბობს: „მთელი ძალითა და მონდომებით უნდა ვეცადოთ სიმდაბლის მეშვეობით განკითხვის (განსჯის, გულისხმისყოფის) ნიჭი მოვიპოვოთ, რომელსაც ძალუძს ორივე მხრივ დაგვიცვას ზედმეტობისგან. როგორც მამები ამბობენ, უკიდურესობანი ერთი მხრიდანაც საშიშია და მეორედანაც – ზედმეტი მარხვაც და მუცლის გადავსებაც, ზედმეტი მღვიძარებაც და ხანგრძლივი ძილიც, ასევე სხვა ზედმეტობები. ჩვენ ისეთებიც ვიცით, რომლებიც ნაყროვანებამ ვერ დაამარცხა, მაგრამ უზომო მარხვამ დასცა და შემდეგ ნაყროვანებაში ჩავარდნენ სისუსტის გამო, რომელიც ზედმეტმა მარხვამ გამოიწვია“.[2]
[1] Св. Афанасий Великий, О девстве.
[2] Преподобный Иоанн Кассиан римлянин, Писания, собеседование 2, "О рассуждении", гл.16. стр.199, М.1892.
შემდეგი
სარჩევი
|