ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 3
აღსარება
9. რომელი ცოდვებია განსაკუთრებით გავრცელებული თანამედროვე ქრისტიანებში?
თუკი დღევანდელ ქრისტიანებს ჩვენს ქრისტიან წინაპრებთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში (რომლის უდიდესი ნაწილი თავს ქრისტიანად მიიჩნევს) დამკვიდრებულია შემგუებლური დამოკიდებულება ისეთი მძიმე ცოდვების მიმართ, რომლებიც ძველად ჩვენს სამშობლოში არასოდეს ყოფილა შეწყნარებული. ამ ცოდვების არასრული ჩამონათვალი ასეთია: ქრისტიანული მრწამსისა და ზნეობის საწინააღმდეგო იდეების პროპაგანდა, აბორტი და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, სიძვა-მრუშობა (ფეხს იკიდებს ბავშვებშიც), გამომწვევად, უსირცხვილოდ ჩაცმა (რასაც დიდი სულიერი ზიანი მოაქვს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვისაც და ამგვარად ჩაცმული სამარცხვინო ქრისტიანისთვისაც), ბილწ, ვნებიან, მკრეხელურ, ქრისტიანისთვის ყოვლად შეუფერებელ სანახაობებში მონაწილეობა ან მათი ყურება (ტელევიზიით, ინტერნეტით), დროის გაფლანგვა იმ სანახაობებზე, რომლების გმირები უზნეო და ხშირად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი, ათასგვარი სულიერი სიბილწის გამავრცელებელი მსახიობები, მუსიკოსები, ჟურნალისტები ან სპორტსმენები არიან (რომლებსაც ხშირად თაყვანისცემის ობიექტებად და კერპებადაც მოიხსენებენ, რაც ქრისტიანისთვის უაღრესად სამარცხვინოა), უზნეო და ანტიქრისტიანული შინაარსის წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით გართობა, ნარკომანია და ლოთობა, ფუფუნებისადმი ლტოლვა გაჭირვებულთა უგულებელყოფით, მკრეხელური ხუმრობა, საშინელი ბილწსიტყვაობა, აზარტული თამაშები (რაც ხშირად ქონების სრული განიავებით და თვითმკვლელობითაც მთავრდება. როგორც ფსიქიატრები ამბობენ, აზარტომანია უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე ნარკომანია. ეს დაავადებაც, როგორც სხვა მრავალი ვნება, თავიდან მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობით და გართობის სურვილით იწყება და შემდეგ პიროვნების სულიერ განადგურებას იწვევს), ასტროლოგიით (და მკითხაობის სხვა სახეობებით) გატაცება, ინდო-ჩინურური წარმოშობის გონებრივ-ფიზიკური ვარჯიშები (რაც სინამდვილეში ქრისტიანობის საწინააღმდეგო მსოფლმხედველობას ეფუძნება და ამპარტავნების ვნების აღზევებას და ბოროტ სულებთაან დაახლოებას ემსახურება), ე.წ. ბიოდენებით და სხვა არაქრისტიანული მეთოდებით მკურნალობა, სისასტიკე და შეუწყნარებლობა და დაუნდობლობა თანამოძმეთა მიმართ, რაც არცთუ იშვიათად ფიზიკური დაზიანებით და მკვლელობითაც მთავრდება, მოყვასის დაჩაგვრა და მოტყუება მისი ქონების დაუფლების მიზნით და ა.შ.
ქრისტიანებს შორის ცოდვების ასეთი გავრცელების მიზეზი რწმენის სისუსტეა, რის შესახებაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში საუბრობდა წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე: „სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედებს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს. მკვდარი სარწმუნოება ის არის, რომელიც გულში არ მუშაობს, ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა ვერ შეაგონებს და ვერ აქმნევინებს; ერთი სიტყვით, საქმით არ გამოსჩნდება. ზოგიერთს ქრისტიანე კაცს რომ შეხედავ, ვერაფრით ვერ შეატყობ, აქვს თუ არა სარწმუნოება. საყდარშიც დადის, პირჯვარსაც იწერს, მაგრამ საქმე და ყოფა-ქცევა მისი არ აცხადებს მისსა სარწმუნოებასა; გული ცივი აქვს, ცოდვას არ ერიდება, ღვთის ნებაზედ არ დადის, არამედ თავის ბოროტს სურვილებს ასრულებს; ზოგიერთი მოუნათლავი თათარიც კი სჯობია მას ყოფა-ქცევით. არა ესრედ იქცევა ის კაცი, რომელს აქვს გულში ცხოველი სარწმუნოება! გული მისი არის მხურვალე ყოველს კეთილს საქმეზე; ფრთხილად გაარჩევს ცოდვასა და მადლსა და სხვა კაცშიაც რომ ნახავს რომელსამე კეთილს საქმეს, უხარია; არავის არ ატყუებს, არავის არ აჭირვებს, არამედ არის ყოველს კაცთან ლმობიერი და მოწყალე. ვევედროთ, ძმანო ღმერთსა, რომ მან გააცოცხლოს ჩვენს გულში სასოება და სარწმუნოება. ამინ“.[1]
[1] წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი, სიტყვა სოფელს სვირის ეკლესიასა შინა, ტ.1, გვ. 494,.
შემდეგი
სარჩევი
|