ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 3
აღსარება
4. ვისთან უნდა ვთქვათ აღსარება?
აღსარება ქრისტიანმა უნდა თქვას მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან ან მღვდელთან. სასურველია, ყველა ქრისტიანს ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, რომელსაც პერიოდულად ჩააბარებს აღსარებას და მისგან მიიღებს რჩევებს და დალოცვას. მისივე კურთხევით შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოძღვრებთანაც მივიდეს აღსარებაზე. თუკი ყველა საქმიანობაში სასურველია ბრძენი და გამოცდილი მასწავლებელი, მით უმეტეს ყველაზე უმთავრესში – სულიერ ცხოვრებაში – სასურველია ბრძენი, გამოცდილი, მტკიცე რწმენის მქონე და ეკლესიის სწავლების ერთგული მოძღვარი. წმ. გრიგოლ პალამა გვარიგებს: „ეცადე, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე გყავდეს სულიერი მოძღვარი და უცხადებდე მას ყველა ცოდვას და გულისსიტყვას და იღებდე მისგან შენდობას და კურნებას, რამეთუ მათ მიცემული აქვთ შეკვრა და განხსნა სულებისა, და ყველაფერი, რაც მათ „შეჰკრან ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნან ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ. 18,18)“.[1] წმ. იოანე სინელი ამბობს: „ცდუნდნენ ისინი, ვინც საკუთარ თავზე დაამყარეს სასოება და მიიჩნიეს, რომ არ საჭიროებენ არანაირ მეგზურს; რამეთუ ეგვიპტიდან გამოსულებს მოძღვრად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომიდან გაქცეულებს – ანგელოზი“.[2] წმ. გრიგოლ ნოსელი კი ასე მოძღვრავს სამონაზვნო წესით მცხოვრებლებს: „რამდენადაც ჩვენს მიერ დასახული მიზანი (სულის განკურნება) აღემატება ყველა სხვა საქმიანობას, მით მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ... აქ განუსჯელობა თვით სულს ეხება და გვემუქრება საშიშროება, განვიცადოთ იმგვარი დანაკლისი, რომელიც რაიმე სიკეთეების დაკარგვა კი არაა, რომლებიც შეიძლება ისევ დაიბრუნო, არამედ საკუთარი თავის დაკარგვა და სულის დაღუპვა... ამგვარად, პირველ ყოვლისა იმისთვის უნდა ვიზრუნოთ, რომ ვიპოვოთ ამ გზაზე წინამძღოლი და კარგი მოძღვარი, რომ საკუთარი გამოუცდელობით გაუვალ ტევრებში არ ვიხეტიალოთ ჭეშმარიტ გზას აცდენილებმა“.[3]
[1] Святитель Григорий Палама. Десятословие по Христианскому Законоположению, гл.10, Добротолюбие, Т.5.
[2] წმ. იოანე სინელი, კიბე, თ.1, მუხ.7; ძვ. ქართ. მუხ.19.
[3] Св. Григорий Нисский, О девстве, гл.23.
შემდეგი
სარჩევი
|