ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
2. რამდენნაირი ნათლისღება არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში?
ეკლესიის სწავლებით არსებობს ორგვარი მაცხოვნებელი ნათლისღება: პირველი – წყლითა და სულიწმიდით, ანუ ჩვეულებრივი ნათლისღების საიდუმლო; მეორე – ე.წ. სისხლით ნათლობა, ანუ მოწამებრივი სიკვდილი. ასეთ შემთხვევაში მოწამე, რომელიც არ იყო მონათლული, ინათლება სისხლით და სულიწმიდით, წყლით ნათლობის გარეშე. წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს: „რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლისღებისა დაიპყრან სასუფეველი; რამეთუ, რაჟამს იხსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ“.[1]
[1] წმ. კირილე იერუსალიმელი, „ნათლისღებისათვის“, სინური მრავალთავი, გვ. 87, თბ. 1959.
შემდეგი
სარჩევი
|